ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ოლივერ ვინჩესტერი – ლეგენდარული სათოფე ბრენდის ფუძემდებელი - #4(61), 2019
„ვინჩესტერი“ ველურ დასავლეთში ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღის განზოგადებული დასახელებაა. New Haven Arms Company-ს მფლობელი ვინჩესტერის კუთვნილი სახელით, თავდაპირველად სწორედ აშშ-ის დასავლეთის დამპყრობი მოკლელულიანი შაშხანები, კონკრეტულად კი, ბენჯამინ ჰენრის სამაგრიანი ვინჩესტერები იწარმოებოდა.
 
ბოსტონელი დურგლის კარიერული წინსვლა 

ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ამერიკელი მეწარმე ოლივერ ფიშერ ვინჩესტერი (Oliver Fisher Winchester) 1810 წლის 30 ნოემბერს ბოსტონში დაიბადა. მამის ადრეული სიკვდილის გამო მან ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. ოლივერი ჯერ სასოფლო-სამეურნეო ფერმებში, საბითუმო მაღაზიათა საწყობებში მუშაობდა. შემდეგ შეისწავლა და კარგად დაეუფლა დურგლის ხელობას. ბალტიმორში გადაბარგებისთანავე (1830) იგი სამშენებლო მასალების მომწოდებლად გადაკვალიფიცირდა. მოგვიანებით მან მამაკაცის პერანგების წარმოების პროცესი დააპატენტა და 1848 წლიდან, ნიუ ჰევენში საკუთარი სამკერვალო ფაბრიკა „ვინჩესტერი და დევისი“ შექმნა. 

ჭრა-კერვის ბიზნესში მიღწეულმა ფინანსურმა წარმატებებმა ვინჩესტერს 1857 წელს საშუალება მისცა ამერიკელი ჰორაციუს სმიტისა და დანიელ ვესონისგან კომპანია Volcanic Repeating Arms ეყიდა, რომელიც მაშინვე New Haven Arms Company გახდა. 1867 წლიდან კომპანიამ ახალი სახელი შეიძინა – „ვინჩესტერის თვითდამტენი იარაღი“. 

ვინჩესტერის წინამორბედები 

ოლივერ ვინჩესტერის ამერიკელმა წინამორბედებმა ჰორაციუს სმიტმა (Horace Smith) და დენიელ ვესონმა (Daniel B. Wesson) მრავალდამტენი პისტოლეტების მწარმოებელი პირველი საიარაღო კომპანია 1854 წლის 20 ივნისს დააფუძნეს. ისინი Volcanic-ის ტიპის, მრავალჯერადი პისტოლეტის გამოშვებას კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნორვიჩში შეუდგნენ. კომპანია ერთდროულად ორი სახეობის პისტოლეტს აწარმოებდა: პატარას – 4-დუიმიანი ლულითა და .30 კალიბრით (7,62 მმ) და უფრო სოლიდურს – 8-დუიმიანი ლულითა და .38 კალიბრით (9 მმ). ხანმოკლე არსებობის განმავლობაში ფირმამ ორივე ტიპის 1200-მდე პისტოლეტი დაამზადა. 1855 წლის აგვისტოში Smith & Wesson-ის პირველმა ფირმამ არსებობა შეწყვიტა. თუ გამოშვებული პისტოლეტების ტყვიის კონსტრუქციას დაუკვირდებით, არსებობის ასეთი პერიოდი სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. უმთავრესი სუსტი წერტილი ტყვია-წამლის შედგენილობა იყო – მასრა მეტწილად საფანტით იყო დატენილი. მართლაც, რისი მოლოდინი უნდა ყოფილიყო ტყვიისგან, რომლის გამომგდები მუხტი 6,5-გრამიან მასრაში მხოლოდ 0,42 გრამ დენთს უნდა გამოემუშავებინა? 

Volcanic-ის ტიპის იარაღში (პისტოლეტი და თოფი) ამ დროისთვის გამოყენებული იყო 1854 წლის 14 თებერვალს დაპატენტებული სფეროსებრი ჩამკეტი მექანიზმი. ამის შემდეგ იგი საკუთარი იარაღისთვის გამოიყენა და პირველად ფართო მასშტაბით გაავრცელა ბენჯამინ ჰენრიმ (Benjamin Tyler Henry). ასიათასიანი ტირაჟით კი, Volcanic-ის სფეროსებრი ჩამკეტი მექანიზმი დაინერგა 1866, 1873 და 1876 წლებში გამოშვებულ ვინჩესტერის მოკლელულიან შაშხანებში (ე.წ. კარაბინი). 

ამ მოკლე ისტორიაში ერთი კურიოზული მომენტი გაიპარა. ჩამკეტი მექანიზმი 1854 წლის პატენტში კი იყო აღწერილი, მაგრამ გამოგონების ფორმულით იგი არავის „გაუმყარებია“. ოლივერ ვინჩესტერს ძალიან გაუმართლა, რომ ეს ლაფსუსი იმ დროს ვერავინ შეამჩნია. 

სმიტის და ვესონის პირველმა ფირმამ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იარსება. თუმცა, მალევე შეიქმნა მეორე – 1855 წლის აგვისტოში, გაუქმებული ფირმის ნანგრევებზე Volcanic Repeating Arms Company-მ დაიწყო საქმიანობა. ახალდაარსებული ფირმის დამფუძნებლებს შორის შევიდნენ განუყოფელი სმიტი და ვესონი, თუმცა, აქ მთავარი ფიგურა აღმოჩნდა ყოფილი კვალიფიციური დურგალი, რომელიც შემდეგ გახდა ტექსტილის ფაბრიკის მეპატრონე, წარმატებული მეწარმე ოლივერ ფიშერ ვინჩესტერი. ფირმის დამფუძნებლებს შორის შევიდა აგრეთვე უილიამ ჰიკსი – სემუელ კოლტის ერთ-ერთი ნიჭიერი მექანიკოსი. 

სამეწარმეო საქმიანობას ფირმა 1855 წლის აგვისტოდან კონექტიკუტში, ოლივერ ვინჩესტერის მშობლიურ ქალაქ ნიუ ჰეივენში შეუდგა. ფირმამ საქმიანობა დაიწყო პისტოლეტ „ვოლკანიკის“ ორი მოდელის გამოშვებით, რომელთა შემუშავება ჯერ კიდევ წინა წლებში მოხდა. საქმიანობის პირველ წელს ფირმამ სულ დაახლოებით 600 ერთეული პისტოლეტი აწარმოა. მოგვიანებით, ოლივერ ვინჩესტერმა კომპანიონებისგან ფირმა გამოისყიდა (1857). 

სმიტმა განახლებულ ფირმაში წარმოების უფროსის რანგში კიდევ რამდენიმე კვირა იმუშავა და საბოლოოდ ცხენების ბიზნესს მიაშურა. მისი ადგილი ვესონმა დაიკავა, მაგრამ 1856 წლის თებერვალში ისიც შეელია Volcanic-ის სერიულ გამოშვებას. 

სმიტი და ვესონი კვლავ გაერთიანდნენ. მათ თვისობრივად ახალი ვაზნების შემუშავებას მიჰყვეს ხელი და რაც მთავარია, აქცენტი რევოლვერების გამოშვებაზე აიღეს. ამ ყველაფერს კი, საფუძვლად დაედო როლინ უაითის (Rollin White) პატენტი. იდეის ხორცშესხმა პარტნიორებს ჯერ კიდევ Volcanic-ის წარმოებისას სურდათ. მაშინ ისინი 1854 წლის 8 აგვისტოს დაპატენტებული გვერდითი აალების მქონე მცირეკალიბრიან ვაზნაზე აწყობილი იარაღის დამზადებას გეგმავდნენ. იმავე წლის 14 ნოემბრიდან როლინ უაითთან დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და პატენტმფლობელმა მათ საკუთარი პატენტით სარგებლობის უფლება დაუთმო. Volcanic-თან დაკავშირებული რიგი ტექნიკური და კომერციული საკითხების გადაჭრის შემდეგ, სმიტისა და ვესონის განუყრელი წყვილი მომავალში მათი რეპუტაციის ამამაღლებელი რევოლვერების გამოშვების სრულიად ახალ გზას შეუდგნენ. 

რევოლვერიდან შაშხანამდე 

ოლივერ ვინჩესტერი დაუღალავად აძლიერებდა საკუთარ New Haven Arms Company-ს და აგრძელებდა Volcanic-ის გამოშვებას, რომლის საფუძველზე საბოლოოდ მოხდა საქვეყნოდ ცნობილი თოფის წარმოებაზე გადასვლა. მართლაც, Volcanic-ის პისტოლეტი ვინჩესტერისა და სმიტი-ვესონის გზაგასაყარზე „დადებული თილისმა“ აღმოჩნდა. 

ვინჩესტერის შაშხანებს აქტიურად იყენებდნენ ჩრდილოელები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1861-1865 წლებში გაჩაღებული სამოქალაქო ომისას. ამ ომში გამოყენებული „ვინჩესტერები“ საქვეყნოდ ცნობილი „ვინჩესტერი-73“-ის წინამორბედნი იყვნენ. ოლივერ ვინჩესტერი საკუთარი მოდელების კონსტრუქციას რეგულარულად აუმჯობესებდა პატენტების ისეთი კომპანიებისგან შეძენით, როგორებიც იყო: „ამერიკული თვითდამტენი შაშხანები“, „სპენსერის თვითდამტენი შაშხანები“ და „დგუშის პრინციპზე მომუშავე ბენჯამინ ჰოთჩკისის თვითდამტენი შაშხანები“. 

1860 წელს ოლივერ ვინჩესტერმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა ახალი მჭიდიანი შაშხანა, რომელსაც მისი გამომგონებელი ბენჯამენ ჰენრის პატივსაცემად „ჰენრი“ დაარქვა. აშშ-ის სამოქალაქო ომისშემდგომი წლებიდან ფირმა „ვინჩესტერმა“ შაშხანების მასობრივი გამოშვება დაიწყო. მათგან ყველაზე ცნობილებია 1873 და 1894 წლებში გამოშვებული მოდელები. ეს უკანასკნელი მოდელი ფირმისთვის თვით ჯონ მოზეს ბრაუნინგმა – ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტიდან დაწყებული და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით დამთავრებული) უამრავი მოდელის ავტორმა შეიმუშავა. 

„ვინჩესტერი“ საკმაოდ ფართო სპექტრის მომხმარებლისთვის უშვებდა ცეცხლსასროლ პროდუქციას. მაგალითისთვის, კოვბოებისა და ცხენით გადაადგილებადი სხვა წარმომადგენლებისთვის ფირმა აწარმოებდა ე.წ. „საუნაგირე შაშხანებს“ (saddle ring carbines). ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს მქონე რგოლით შაშხანა საუნაგირე კავზე გამოედებოდა და მხედარს გადაადგილებაში ხელს არ უშლიდა. 

კიდევ ერთი მასობრივი კამპანია, სადაც „ვინჩესტერს“ საკმაოდ მასშტაბური გამოყენება ჰქონდა, პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) გახლდათ. მასში მონაწილე ამერიკელების გარდა, „ვინჩესტერები“ შეიარაღებაში ჰქონდათ სერბებს, ბრიტანელებს, რუსებს. ამ უკანასკნელთათვის ვინჩესტერის საიარაღო ქარხანა, სპეციალურად რუსუ¬ლი ვაზნებისთვის მოდიფიცირებულ 1895 წლის მოდელის შაშხანებს გზავნიდა. 

ჰენრის სამაგრიანი ვინჩესტერის მოკლელულიანი შაშხანები, როგორც რგოლური, ისე ცენტრალური აალების ვაზნებისთვის, სხვადასხვა კალიბრისა მზადდებოდა – დაწყებული შედარებით სუსტიდან .32-20 და .32-40 (7,62მმ) დამთავრებული ყველაზე მძლავრით .45-70 (11,43მმ). დღემდე პოპულარულია შემდეგი ზომის ვინჩესტერული ტყვია-წამალი: .30-30 (7,62მმ) და .38-40 (10მმ). 

არმიისთვის დაწუნებული "ვინჩესტერის" მოდელი 

როგორც წესი, სახელწოდება „ვინჩესტერი“ ძირითადად გულისხმობს მეტად პოპულარულ მოდელს, რომელიც 1866 წელს გამოუშვეს. პირველი სარეკლამო განცხადებები იუწყებოდა, რომ გამოცდილ მსროლელს შეეძლო იარაღის მჭიდი 15 წამში გაეხარჯა. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ აღნიშნულ შაშხანას სროლის მაღალი სისწრაფე ჰქონდა – დაახლოებით 60 გასროლა 1 წუთში. 

1860-ანი წლებიდან წრიული აალების ტყვია-წამალი შაშხანებში პრაქტიკულად აღარ გამოიყენებოდა. მას შემდეგ რაც ცენტრალური აალების ვაზნები გაჩნდა, გამოუშვეს „ვინჩესტერის“ ახალი შაშხანა – ლეგენდარული მოდელი 1873. აღნიშნულ მოდელს აქვს გაუმჯობესებული მექანიზმი, თითბერის ლულა კი ჩაანაცვლეს ფოლადით. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო ახალი ვაზნა .44-40 (11 მმ) კალიბრით. თუმცა, ახალმა მოდელმა და ვაზნამ ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ამერიკის შეერთებული შტატების საარტილერიო-ტექნიკურ სამსახურზე. მიზეზი ის გახლდათ, რომ ვაზნა საკმაოდ სუსტი იყო, არმიაში კი ბევრად მძლავრი იარაღი იყო საჭირო. სამოქალაქო ბაზარი კი, პირიქით, ახალ ვაზნებს ძალიან კეთილგანწყობით შეხვდა. მოგვიანებით, 1878 წელს ფირმა Colt’s Manufacturing Company-მ გამოუშვა თავისი Peacemaker-ების გარკვეული რაოდენობა და აგრეთვე ორმაგი მოქმედების სამხედრო პისტოლეტები, რომლებიც გათვლილი იყო .44-40 კალიბრის ვაზნებზე. ამ იარაღს უწოდეს FrontierSixShooter. 

ასე იყო თუ ისე, „ვინჩესტერის“ აღნიშნული მოდელის შაშხანები საბოლოოდ მაინც არ მიიღეს არმიის შეიარაღებაში, მაგრამ, ძალიან პოპულარული იყო სამოქალაქო საზოგადოებაში. ამერიკელები იარაღს აქტიურად გამოიყენებდნენ როგორც ნადირობისას, აგრეთვე ყიდულობდნენ როგორც თავდაცვის საშუალებას. ამიტომაც, აღნიშნული იარაღის გამოშვება მასობრივ წარმოებაში რჩებოდა 1919 წლამდე. 

ფილანტროპი ვინჩესტერის "უკვდავყოფა" 

ოლივერ ვინჩესტერი ცნობილი ფილანტროპიც იყო. იგი საქველმოქმედო შენატანებს სხვადასხვა უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი და სამეცნიერო ორგანიზაციების სალაროებში აკეთებდა. ვინჩესტერის განსაკუთრებულ მხარდაჭერას იღებდა იელის უნივერსიტეტი (ნიუ ჰევენში 1701 წელს კოლეჯად დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი). 

ვინჩესტერი აქტიური პოლიტიკოსიც (რესპუბლიკური პარტიის წევრი) გახლდათ. იგი 1864 წელს ნიუ ჰევენში აშშ-ის პრეზიდენტის კომისიონერი იყო, ხოლო 1866 წლის არჩევნების შედეგად ერთი წლით კონექტიკუტის შტატის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. 

როცა ოლივერ ვინჩესტერი გარდაიცვალა (1880 წლის 10 დეკემბერი), კომპანიაზე საკუთრების უფლება მის ვაჟზე – უილიამ ვირტზე (William Wirt Winchester) გადავიდა, რომელიც მომავალი წლის მარტში ტუბერკულიოზით დაიღუპა. ოლივერის მთლიანი ქონების (2019 წლის მდგომარეობით 530 მილიონი დოლარი და ჰოლდინგ Winchester Repeating Arms Company-ის 50%-ანი წილი, რაც მისთვის დღეში 26500 დოლარის მომტანი იყო) მემკვიდრე გახდა მისი რძალი სარა ლოკვუდ ვინჩესტერი (Sarah Lockwood Winchester). იგი მეუღლის გარდაცვალებისთანავე კალიფორნიის შტატში, კერძოდ კი სან ხოსეში გადასახლდა, სადაც ერთობ უცნაური არქიტექტურის ხის სასახლის მშენებლობას 20 წელი და მამამთილის დატოვებული მთელი ქონება შეალია. სახალხო თქმულების მიხედვით, მას სჯეროდა, რომ იგი დაწყევლილი იყო (სარა, 1866 წლის ზაფხულში 40 დღის ახალშობილის დისტროფიით დაღუპვას ამით ხსნიდა). ლეგენდის თანახმად, დაქვრივებულმა სარამ დახმარებისთვის მედიუმს მიმართა. სწორად მეუღლის „სულთან კომუნიკაციისას“ გაიგო საფრთხის შესახებ. საფრთხე კი შემდეგი იყო – სარას გარდაცვლილმა მეუღლემ გააგებინა, რომ ვინჩესტერებზე იმ ადამიანთა სულები აგრძელებდნენ შურისძიებას, ვინც მათი გამოშვებული იარაღიდან მოკლეს. „ვინჩესტერით“ მოკლული კი ათასობით იყო. სარას შესაშინებლად საკმარისი მიზეზიც ჰქონდა – ჯერ ოლივერ ვინჩესტერი გარდაიცვალა, შემდეგ ოლივერის ვაჟი – უილიამ ვირტი 43 წლის ასაკში, ბოლოს კი უილიამ ვირტის და მისი მეუღლის – სარას ერთადერთი ქალიშვილი. 

იმისთვის, რომ ქვრივს თავიდან აეცილებინა სიკვდილი, უნდა აეშენებინა განსაკუთრებული სახლი. უამრავი ოთახით, რომ სულებს არ შეძლებოდათ მისი ნახვა. მედიუმის თქმით, აუცილებელი იყო, რომ მშენებლობა არ გაჩერებულიყო, რადგან თუ „ჩაქუჩის ხმა შეჩერდებოდა, სარაც მოკვდებოდა“. ჰოდა, სარაც ვინჩესტერების სასახლეს იმ მიზნით აშენებდა, რომ იქ ავ სულებს დამალვოდა. მისი გარდაცვალების (1922) შემდეგ ეს ოთხსართულიანი სასახლე (Winchester Mystery House) ადგილობრივ ღირსშესანიშნაობათა ნახვის მსურველი ტურისტების ინტერესთა სფეროში ხშირად ხვდება. 

ჩვენს დროში „ვინჩესტერით“ ხშირად მოიხსენიებენ კომპიუტერის მყარ დისკს. ეს სახელწოდება ფირმა IBM-ის პირველი დისკის დასახელებიდან „30^30“ (ტევადობა 30 მეგაბაიტი, წვდომა 30 წამი) წარმოიშვა. ვინჩესტერის მიერ შექმნილი 0,3-კალიბრიანი შაშხანა „30-30“-ად იწოდებოდა და სინონიმიც სწორედ აქედან წარმოიშვა. 

"ვინჩესტერი" ბელგიელთა მფლობელობაშია 

ოლივერ ვინჩესტერის მიერ 1866 წელს დაარსებული Winchester Repeating Arms Company 1931 წელს გაკოტრდა და ფირმა Western Cartridge Company-მ იყიდა. 1935 წელს ამ ორი კომპანიის შერწყმა მოხდა და შეიქმნა Winchester-Western Company. 1944 წლიდან Winchester-Western Company-ის იარაღისა და ტყვია-წამლის წარმოება ამერიკული კომპანია Olin Industries-ში ცალკე ქვედანაყოფად შევიდა. ამ კომპანიის მმართველთა საბჭომ 1980 წელს საიარაღო ბიზნესი ქარხნის თანამშრომლებს მიჰყიდა. შედეგად, ჩამოყალიბდა კომპანია U.S. Repeating Arms. 1989 წელს, გაკოტრებული U.S. Repeating Arms-ი შეიძინეს ბელგიურმა კონცერნმა Fabrique Nationale Herstal-მა და მისმა შვილობილმა ამერიკულმა კომპანია Browning Arms Company-მ. 2006 წელს U.S. Repeating Arms-ი საბოლოოდ დაიხურა, ხოლო კომპანია Olin Industries-მა მხოლოდ ტყვია-წამლის წარმოება დაიტოვა და დღემდე ინარჩუნებს ამ პროფილს. 

თავად „ვინჩესტერს“ რაც შეეხება, ამ სავაჭრო მარკას შვილობილ კომპანია Browning Arms Company-თან ერთად ბელგიური კონცერნი Fabrique Nationale Herstal-ი დღემდე იყენებს. 

ფრიდონ კერვალიშვილი