ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქველმოქმედება კორონავირუსის დროს - №1(62), 2020
ჟურნალი Forbes-ის ტრადიციული სიის მილიარდერები კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად სხვადასხვა ხარისხის ხელგაშლილობით გამოირჩევიან. Twitter-ის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) ანტივირუსულ ქველმოქმედებაში მისი ქონების მეოთხედზე მეტი დახარჯა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა (Jeff Bezos) კი გამომუშავებულ მილიარდებს მხოლოდ 0,07% მოაკლო. 

Forbes-ი მარტის შუა რიცხვებიდან აწარმოებს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების მხრიდან კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი საქველმოქმედო თანხების სტატისტიკას. მსოფლიოს 2095 მილიარდერიდან უმეტესობა მხოლოდ გეგმავს შეწირულობათა გაკეთებას ან არ სურთ გაცემულის აფიშირება. ჟურნალის ინფორმაციით, 77-მა მათგანმა უკვე მყარად გადაწყვიტა სად და რამდენი თანხა გასცეს ამ რთულ პერიოდში. 23 მილიარდერში, რომელთა ქველმოქმედების მასშტაბი Forbes-მა ჯერ ვერ დაადგინა, ყველაზე მდიდარია Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯოზეფ ცაი (Joseph Tsai). 

ხილული ქველმოქმედებიდან რეკორდსმენი აღმოჩნდა Twitter-ის მიკრობლოგების პლატფორმის ხელმძღვანელი, 43 წლის ჯეკ დორსი. Forbes Real-Time-ის რეიტინგით მისი ქონება 3,9 მილიარდს შეადგენს, საიდანაც ამერიკელმა ბიზნესმენმა 1 მილიარდი დოლარი ჩაურიცხა ფონდ Start Small-ს. ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა დორსის მთლიანი კაპიტალის 25%-ს აჭარბებს. იგი ითანამშრომლებს როგორც Covid 19-ის პრობლემებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივებით სპეციალიზირებულ შვილობილ ფონდებთან. 

„მას შემდეგ, რაც პანდემია დაიძლევა, დარჩენილი თანხები მოხმარდება ქალთა განათლების მხარდაჭერას და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას. მიმაჩნია, რომ ეს სფერო უახლოეს მომავალში მაქსიმალურად პერსპექტიულია“, – აცხადებს დორსი. 

„ფორბსის“ ნუსხაში მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ დამფუძნებლის – ბილ გეითსის და მისი მეუღღლის გაღებული თანხა. ბილ გეითსის ქონება 2020 წლის მარტის მდგომარეობით 104.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა (Bill & Melinda Gates Foundation) 255 მილიონი დოლარის გადარიცხვა გადაწყვიტეს Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ქველმოქმედებისთვის გადარიცხული თანხა მთელი ქონების 0.24%-ს შეადგენს. როგორც ცნობილია, თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდება ვაქცინის შექმნას, მკურნალობის დაფინანსებას, ტესტირებას. სხვათა შორის, გეითსის და მისი მეუღლის ფონდმა ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოთქვა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ 10 მილიონი დოლარის დახარჯვის სურვილი. მაშინ დაკონკრეტდა, რომ 5 მილიონი ჩინეთს, დანარჩენი კი აფრიკაში ამ ავადმყოფობის კონტროლსა და პროფილაქტიკას უნდა მოხმარებოდა. 

მესამე ადგილზე აღმოჩნდა 74 წლის ინდოელი IT-მაგნატი აზიმ პრემჯი (Azim Premji). 6,1 მილიარდის მფლობელი, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად წარმოებული ჰუმანიტარული და სამედიცინო-სანიტარული დახმარებისთვის 132 მილიონი დოლარის გაცემას გეგმავს. ქველმოქმედებაში ინდოელი მილიარდერი მთელი ქონების 2.2%-ს ხარჯავს. 
 
მეოთხე ადგილზეა 89 წლის უნგრული წარმომავლობის ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი. 8.3 მილიარდი დოლარის კაპიტალის მფლობელი ფილანტროპი ქველმოქმედებაზე 130 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც მთელი ქონების 1.57%-ის შესაბამისია. როგორც „ფორბსშია“ მითითებული, თანხა ძირითადად ღარიბი მოსახლეობის და დაბალი შემოსავლის მქონე მუშაკების დასახმარებლად დაიხარჯება. 

მეხუთე ადგილზეა 58 წლის ავსტრალიელი მილიარდერი ენდრიუ ფორესტი (Andrew Forrest). მისი კაპიტალი 8.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და „ფორბსის“ ინფორმაციით ქველმოქმედებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. შესაბამისად, ქველმოქმედებაში დახარჯული ქონების 1.23%-ს გადააჭარბებს. ცნობილია, რომ თანხა მედიკამენტების შექმნას და ტესტირებას მოხმარდება. 

მეექვსე ადგილს იკავებს კანადელ-ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი სკოლი (Jeffrey Skoll). ინჟინერი, მეწარმე, ინვესტორი და ფილანტროპი 5.1 მილიარდი დოლარის მფლობელია. იგი ქველმოქმედებაზე 100 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს, რაც მისი ქონების 1.96%-ს აჭარბებს. როგორც ცნობილია, თანხა მოხმარდება ტესტირებას და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას. 

ფორბსის სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც მცირე პაუზის შემდეგ ისევ დაიბრუნა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული მისი ქონება 142.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან ამერიკულ ბანკებს 100 მილიონი დოლარი ჩაურიცხა და მათ ეს თანხა პანდემიის თანმდევი შიმშილობის დაძლევას უნდა მოახმარონ. ბეზოსის გადარიცხული თანხა მილიარდერის მთლიანი ქონების 0.07%-ია.
 
მერვე ადგილზეა კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და მმართველი მაიკლ დელი (Michael Dell). ბიზნესმენის და ფილანტროპის ქონება 27.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ქველმოქმედებისთვის კი 100 მილიონი დოლარი გაიღო. თანხა მთელი ქონების 0.37%-ია. ცნობილია, რომ თანხა ვაქცინის შემუშავებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის დაიხარჯება. 

54-მილიარდერიანი სიის ბოლო საფეხურზეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 2,1 მილიარდის მქონე პოლიტიკოსმა, საკუთარი წლიური ხელფასის მეოთხედი – 100 ათასი დოლარი გაიღო ქველმოქმედებაში. მან ეს თანხა ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სამინისტროს მისცა. 

ოკლაჰომელმა მილიარდერმა (5,8 მილიარდი დოლარი) ჯორჯ კაიზერმა (George Kaiser) ტრამპი შეწირულობის სიმცირის კი არა, მისი ადმინისტრაციის მოუქნელობის გამო გააკრიტიკა:
 
„ვწუხვარ, რომ კერძო ქველმოქმედები არიან იძულებულნი სოციალური დაცვის მთავარი სისტემის და თვით ლოჯისტიკის მენეჯერთა როლი ითავონ, რადგან სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს“. თავად 77 წლის ბიზნესმენმა პანდემიის საწინააღმდეგო საქმეს 10 მილიონი დოლარი შეწირა. 

ნახსენებ სიაში მოხვდა Forbes-ის რჩეულთაგან ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერიც. ეს გახლავთ კოსმეტიკური ბრენდი Kylie Comestics-ის დამაარსებელი, 22 წლის კაილი ჯენერი (Kylie Jenner). მან საკუთარ ერთმილიარდიანი დანაზოგიდან ვირუსის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში 1 მილიონი დოლარი დახარჯა.

საინტერესოა, რომ სიაშია აგრეთვე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. 64 წლის მილიარდერმა, რომლის ქონებაც 4.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, „ფორბსის“ ქველმოქმედთა ნუსხაში 30 მილიონი დოლარის გაღებით არის შეყვანილი. ეს თანხა ივანიშვილის მთელი ქონების 0.63%-ის შესაბამისია. როგორც მითითებულია, ივანიშვილმა 30 მილიონი დოლარი მთავრობის დასახმარებლად გადარიცხა. 

საუკუნოვანი ბრიტანელი კაპიტნის გასაოცარი ქველმოქმედება 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ინგლისურ ბედფორდშირში მცხოვრებ 99 წლის ტომ მურს (Tom Moore), ბრიტანელმა მედიკოსებმა მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ შეცვლის მიზნით, თებერვალში რთული ოპერაცია გაუკეთეს. რეაბილიტაციისთვის პაციენტს ექიმებმა, სპეციალური მავალის მეშვეობით რეგულარული სიარული გამოუწერეს. ვეტერანისთვის სტიმულის მისაცემად, ქალიშვილმა ჰანა ინგრემ-მურმა მამას რეაბილიტაციასთან ერთად ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის (NHS) ფულადი სახსრების შეგროვების აქციის წარმოება შეთავაზა. ტომ მურმა მოგვიანებით განმარტა, მოტეხილობის მკურნალობისას მედპერსონალის ისეთი კმაყოფილი ვიყავი, შვილის წინადადებასაც უმალ დავთანხმდიო. 

მოკლედ, კაპიტან მურის ოჯახმა 9 აპრილიდან პლატფორმა JustGiving-ზე NHS-თვის თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო. შემოწირულობათა სანაცვლოდ ვეტერანმა პირობა დადო, რომ საკუთარი 100 წლისთავისთვის (30 აპრილი) იგი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ბაღს წრეს 100-ჯერ დაარტყამდა. BBC-ის გამოთვლებით, ეს მანძილი საერთო ჯამში 2,5 კილომეტრს შეადგენს. 

თავიდან, ტომ მურის მიზანი 1000 ფუნტის შეგროვება გახლდათ. თუმცა, აქციამ მედიის მეშვეობით მოხალისე ქველმოქმედთა ისეთი ყურადღება მიიპყრო, გეგმა აქციის დაწყებიდან მეორე დღეს შესრულდა. ვეტერანმა თამასა 100 ათას ფუნტამდე ასწია და ისიც ერთ დღეში (11 აპრილი) იქნა დაძლეული. მერე 250 ათასი – 12 აპრილს, მილიონი – 14 აპრილს შეივსო. საქველმოქმედო კამპანიის წარმატებით აღფრთოვანებულმა პლატფორმა JustGiving-ის მესვეურებმა თავადაც 100 ათასი ფუნტი სტერლინგი გაიღეს. 

ტომ მურს საქვეყნოდ მიმართა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა: „კაპიტანო, თქვენ ყველა ჩვენში საბრძოლო სულს შთაბერავთ“. ამ მომენტისთვის ვეტერანის ინიციატივას NHS-თვის უკვე 8 მილიონი ფუნტი ჰქონდა მოტანილი. 

სიტყვა კაპიტანმაც ვადაზე ადრე შეასრულა. დათქმული 100 წრე მან 16 აპრილს გაიარა. თანხის შეგროვება ამის შემდეგაც გაგრძელდა და 18 აპრილისთვის მისმა მოცულობამ 21,4 მილიონი ფუნტი შეადგინა. სწორედ ამდენი თანხა გაიღო მილიონზე მეტმა შემომწირველმა, კორონავირუსთან მებრძოლი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემისთვის. 

მადლიერი ინგლისელები, ტომ მურისთვის რაინდის წოდების მისანიჭებლად ონლაინ-პეტიციის საიტზე change.org ხელმოწერების შეგროვებას შეუდგნენ და ვეტერანის იუბილემდე ამ მიზანსაც მიაღწიეს. ჯერი გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და დედოფალზეა. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა