ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
COVID-19-ის ფასი ქართული ბიზნესისთვის - №1(62), 2020
როგორ დაიწყო ბიზნესის გაჩერება

"კოვიდ 19"-ის პირველი მასშტაბური შოკი ქართულმა ბიზნესმა 15 მარტს მიიღო. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები იყო დადასტურებული და შიდა გავრცელება არ ფიქსირდებოდა, სამთო-სათხილამურო კურორტები დაიხურა. გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც ახალი წელი უწყლობისა და უთოვლობის გამო ისედაც პრობლემებითა და დამსვენებელთა რაოდენობის მკვეთრი კლებით დაიწყო, ტურისტული ბიზნესი გაჩერდა. ამას მოჰყვა დარტყმების მთელი ტალღა სხვადასხვა ბიზნესზე – 18 მარტს დაიკეტა კაფე-ბარები, რესტორნები, ფიტნეს-კლუბები და საცურაო აუზები. 21 მარტს უკვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შეწყდა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. 31 მარტს, შიდა გადაცემიდან მეცხრე დღეს, გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი. იგივე დღიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში ამოქმედდა საკომენდანტო საათი, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება – იგულისხმება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია.
 
საქმიანობის შეზღუდვები, გამონაკლისის სახით, არ შეეხო სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას, სურსათის და ცხოველის საკვების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებას და განაწილებას, ბანკების და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მუშაობას, კერძო დაცვას და სხვა დარგს. 

შერჩევითი რეგულაციები 

საქართველოს მთავრობის 30 მარტის 181-ე დადგენილებით ქვეყანაში სრულად შეჩერდა ონლაინ გაყიდვები. სწორედ ეს აკრძალვა გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი სანქცია ბიზნესისთვის, რომელსაც, გაურკვეველი ვადით გაჩერების პირობებში, რეალიზაციის ამ მეთოდზეც უარი უთხრეს. აკრძალვამ სფეროს წარმომადგენლებში მაშინვე პროტესტი გამოიწვია. 14 აპრილს, ონლაინ ვაჭრობით დაკავებულმა 60-მდე კომპანიამ პრემიერს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე, საქართველოში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ელექტრონული კომერცია. ის იქცა ერთადერთ საშუალებად, რომ მოსახლეობას დაეცვა სახლში დარჩენის რეგულაცია და არ გამოსულიყო გარეთ მისთვის პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად. ამასთან, საცალოდ მოვაჭრე კომპანიები გადავიდნენ ელექტრონულ ვაჭრობაზე, რამაც მათ მისცა საშუალება შეენარჩუნებინათ თანამშრომლებისთვის ხელფასი. თუმცა 31 მარტიდან ეს სფეროც აკრძალვის ქვეშ მოექცა.
 
10 აპრილს დაიხურა ჰიგიენური პროდუქციის რეალიზაციის ქსელი „სუფთა სახლი“, რის შედეგადაც დროებით სამსახური დაკარგა 1200-მა დასაქმებულმა. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური მათთან წინა დღეებშიც რამდენჯერმე მივიდა, ფილიალებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით. კომპანიის ინფორმაციით ირკვევა, რომ მიიღეს სიტყვიერი დასტური, რომ „სუფთა სახლი“ იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, ამიტომ აგრძელებდნენ მუშაობას. 
აღნიშნულის პასუხად მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დადგენილი წესებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა რაში გამოიხატებოდა წესების დარღვევა, უცნობია. 

თუმცა, პრობლემები არ შექმნიათ სხვა ქსელებს. კომპანიას განუმარტეს, რომ აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის“ პროდუქციით. 

14 აპრილს ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა, პრემიერმა გიორგი გახარიამ ბიზნესს მკაცრი ტონით უთხრა, რომ ახლა ბიზნესის წახალისების დრო არ არის. 

„ჩვენ, ყველას ერთად – ონლაინ-შოპინგი იქნება, მშენებლობა, პარფიუმერიის მაღაზია თუ „სუფთა სახლი“ – უნდა გვესმოდეს, რომ მაქსიმუმ, 2 კვირა უნდა გავიჭირვოთ იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას რაც შეიძლება, სწრაფად შევუდგეთ. პირდაპირ გეუბნებით, შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა გვაქვს, სადაც ონლაინ-შოპინგი, ონლაინ-მაღაზიები, ასევე „სუფთა სახლი“, პირველი დგანან, მაგრამ ერთიც და მეორეც, საკმაოდ დიდ მობილობას აგენერირებენ მსხვილ ქალაქებში, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცველია. წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ონლაინ-შოპონგის ნაწილში რამხელა ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ფუნქციონირებდეს? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეპიდემიოლოგები პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ იგივე ადამიანი შეიძლება ამ ვირუსის გამავრცელებელი გახდეს. რა არის ჩვენთვის ძირითადი ამოცანა? სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. იმის, რისი ყიდვაც ადამიანს შეუძლია სასურსათო სუპერმარკეტში და აფთიაქში, სხვაგან, სპეციალიზირებული სახით, არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები სახლში შევინარჩუნოთ და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანის მიზანი გახლავთ ის, რომ რაც უფრო მკაცრი და ეფექტური შეზღუდვები იქნება, უფრო სწრაფად გაიხსნება ონლაინ შოპინგიც, „სუფთა სახლიც“ და სხვა ყველაფერიც“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს თითი იმის გამოც დაუქნია, რომ, როგორც თავად თქვა, მათმა ნაწილმა თანამშრომლები გაათავისუფლა და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა. 

„კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ, სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ, დასაქმებული ადამიანების მიმართ. ადამიანს რომ კრიზისის გამო უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს, იმიტომ, რომ ეს კრიზისი გადაივლის და მერე ყველას მივხედავთ“, – განაცხადა გახარიამ. 

მისივე თქმით, მხოლოდ სახელმწიფო არ არის ვალდებული სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს „როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გაუშვა“. 

კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის გაგრძელების მიზნობრიობა ვერც ბიზნესის და ვერც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვაა. აღნიშნული აკრძალვა 17 აპრილიდან ამოქმედდა. თავიდან საუბარი იყო 4-დღიან აკრძალვაზე, თუმცა რეგულაცია 27 აპრილამდე გაგრძელდა. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აღნიშნული რეგულაციის გაგრძელების პერიოდში, სერიოზული პრობლემები შეექმნა როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე კომპანიებს – მაგალითად, მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურში მისასვლელი ერთადერთი საშუალების გამოყენების უფლება წაერთვათ. 

რეგულაციის დაწესების მიუხედავად, დედაქალაქში მანქანების სიმრავლე მაინც შეიმჩნეოდა, რამაც საშვების გაცემის სამართლიანობის კუთხით კითხვები თავად პრემიერსაც კი გაუჩინა. თუმცა, თავი იმით იმართლა, რომ „2-3 დღეში იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება შეუძლებელია“. 

ახალი მოთხოვნები ახალ რეალობაში 

რეკომენდაციები, რომლებიც დამსაქმებლებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა, შემდეგ ძირითად პრინციპებს აერთიანებს: 
მათ უნდა შეიმუშაონ ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც მათ COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება. 

გეგმებში გათვალისწინებული და განხილული უნდა იქნას სხვადასხვა სამუშაო ადგილებთან და დავალებებთან დაკავშირებული რისკის დონე (დონეები), რომელთა შესრულებაც უწევთ თანამშრომლებს. გასათვალისწინებელი საკითხები შეიძლება მოიცავდეს: სად, როგორ და COVID-19-ით ინფიცირების რა წყაროების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ თანამშრომლები დაუცველნი, მათ შორის: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომხმარებლებთან ურთიერთობისას და ა.შ. 

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები (მაგ: საპენსიო ასაკი, ქრონიკული დაავადების არსებობა და ა.შ). ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიმართოს კონტროლის დამატებით ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა ამ რისკების შესამცირებლად. 

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან ან პირებთან. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია ან კარანტინი. სამსახურში არ უნდა გამოცხადდნენ პირები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. 

ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის: 

– ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა; 

– ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის; 

– ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე; 

– თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში; ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, კომპანიებმა, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება სურთ, უნდა უზრუნველყონ თანამშრომლებს, კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება დისტანციური მუშაობის შემოღების გზით; ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღება, რათა შემცირდეს დაწესებულებაში ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა. გარდა ამისა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების დატრენინგება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა-მოცილებაზე. 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები; და რესპირატორული დამცავი საშუალებები. 

რეკომენდაციები ჩაშლილია სხვადასხვა სექტორისთვის, თუმცა ისინი ერთმანეთისგან პრინციპულად არ განსხვავდება. მაგალითად, მშენებლობის ნაწილში საუბარია ისეთ სტანდარტებზე, როგორიცაა აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი) უზრუნველყოფა და კონტროლის დაწესება მათ გამოყენებაზე; სამუშაო სივრცის დროული დასუფთავებისა და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა; დასაქმებული ვალდებულია, პერიოდულად გაასუფთავოს და დაადეზინფექციოს სამუშაო იარაღები, ერთ სამუშაო პლატფორმაზე არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი და დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია. საგამომცემლო საქმიანობისთვის, ადმინისტრაციის მიმართ მოთხოვნები შემდეგია: უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის პოლიგრაფიული დანადგარების, ხელსაწყოების, პულტების, ღილაკების, კლავიატურის, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება დღეში რამდენჯერმე შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. მიწოდების სერვისის შემთხვევაში, პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით. სურსათის მიწოდების შემთხვევაში, სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად გადასატან ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით, პროდუქტის ან ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას, არსებულ შეფუთვას, გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ. შეკვეთის მიღებისას, მომხმარებელს უნდა მოეთხოვოს სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისთვის. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გარკვეული პერიოდულობით სატრანსპორტო საშუალებების სანიტარული დამუშავება და ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება. სწორედ ეს სტანდარტებია „ცხოვრების ახალი წესი“, რომელთან თანაარსებობა კომპანიებს, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში, ეკონომიკის სრულად გახსნის შემდეგ მოუწევთ. თუმცა კომპანიებში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები არ არის მათთვის მძიმე ტვირთი, ხელისუფლების შერჩევითი მიდგომებისგან განსხვავებით. 

ეკონომიკის გახსნა 

24 აპრილს მთავრობამ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარმოადგინა. ეტაპებს შორის პერიოდად 2-კვირიანი ვადა დასახელდა. პირველი ეტაპი 27 აპრილს ამოქმედდა და ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის და ტაქსების ოპერირების განახლებას, ონლაინ-ვაჭრობის სრულად გახსნას, აგრარული ბაზრების ამოქმედებას. მეორე ეტაპი გულისხმობს მშენებლობის, მშენებლობასთან დაკავშირებული საზედამხედველო საქმიანობის, ავტოსერვისის, სამშენებლო მასალების წარმოების გახსნას, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების განახლებას. საცალო და საბითუმო მაღაზიების გახსნა მესამე ეტაპში შედის, ამავე ეტაპზე მოხდება საგამომცემლო საქმიანობის და ყველა ტიპის წარმოების გახსნა. მეოთხე ეტაპზე კი მომხმარებლებს უკვე სავაჭრო მოლები, ღია კაფე-რესტორნები, სილამაზის ცენტრები და სტომატოლოგიური კლინიკები მიიღებენ. მეხუთე ეტაპზე უკვე დახურული ტიპის ბაზრობებისა და რესტორნების გახსნაა ნავარაუდევი. ბოლო, მე-6 ეტაპი შეეხება შემდეგ სფეროებს: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული ბიზნესი, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში. 

რაც შეეხება კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმას, პრემიერმა საზოგადოებას იმავე დღეს, 24 აპრილს გააცნო. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს. 

პროგრამა შედგება როგორც სოციალური, ისე ბიზნეს-ნაწილებისგან. სოციალურ ნაწილში საუბარია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის გადახდაზე. თვითდასაქმებულების შემთხვევაში კომპენსაცია ერთჯერადია და 300 ლარს მოიცავს, თუმცა, ბუნდოვანია, როგორ უნდა მოხდეს ასეთი პირების იდენტიფიცირება. ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – მათ, ვინც ფიზიკურ პირებთან მუშაობენ, ხელისუფლებამ განუცხადა, რომ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ, „დასამშვიდებლად“ კი უთხრა, რომ, თუკი საჭირო ქულებს დააგროვებენ, სოციალურად დაუცველები გახდებიან და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას მიიღებენ. 

ბიზნესის კუთხით, გეგმაში ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს-სუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი პირველ ნოემბრამდე გადაუვადდა, რითაც 4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა. მცირე სასტუმროებს კი სახელმწიფომ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%-ს უფინანსებს, და ამით 850 სასტუმრო სარგებლობს. 

გეგმა შეეხო ავტოიმპორტიორებსაც, რომლებსაც ავტომობილების განბაჟების 90 -დღიანი ვადა პირველ სექტემბრამდე გადაუვადდათ. ამ შეღავათით 38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა. საუბარია 50 მილიონი ლარის გადასახადზე. 

სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ იურიდიულ პირებს, რითაც 7 000-მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა. ყველა ინფრასტრუტურულ პროექტს კი სახელმწიფომ სამშენებლო მასალების ფასის ზრდა დაუზღვია და ამ მიმართულებით 200 მილიონი ლარი გამოყო.
 
გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. კერძოდ, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლოსგან 750 ლარის ოდენობა გათავისუფლდება, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს. 

მთავრობის ანატიკრიზისული გეგმით, ამოქმედდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, რისი მეშვეობითაც, წელს ბიზნესმა დამატებით 600 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. 

ამასთან, გიორი გახარიას თქმით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის ოდენობის გრძელვადიანი რესურსი, ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი დამატებით 500 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

თამაშის გაურკვეველი წესები ბიზნესისთვის 

ეკონომიკის გახსნის პირველივე ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ბიზნესისთვის თამაშის წესები ბუნდოვანია. ონლაინ-გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტის თამარ გოგოლაშვილის თქმით, კომპანიებისთვის, ვისაც საქმიანობის უფლება მიეცა, გაუგებარია, შემოწმების გავლის შემდეგ, რა შემთხვევაში შეუძლიათ ოპერირების გაგრძელება. მაგალითად, მათმა ნაწილმა გაიარა შემოწმება, თუმცა, არც უარყოფითი და არც დადებითი პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად არ იციან, აქვთ თუ არა მუშაობის უფლება – ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ უთხრეს, რომ არ შეუძლიათ საქმიანობა განაახლონ, რამდენიმე დღეში კი საპირისპირო განუცხადეს. 

„მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ კომპანიებს მიაწოდოს დასაბუთება, თუ რის საფუძველზე ეზღუდებათ მათ საქმიანობის უფლება. ასევე, უნდა არსებობდეს მათი ინფორმირების მექანიზმი, რათა კომპანიებმა იცოდნენ, კონკრეტულად რა მოთხოვნების შესრულება ევალებათ, როდის მოხდება მათი ინფორმირება, თუ როდის უნდა გამოასწორონ ხარვეზები. ამასთან, ვინც უარყოფითი პასუხები მიიღო, უნდა იცოდნენ, რამდენას სწრაფად მიეცემათ მუშაობის განახლების საშუალება. არ არსებობს მკაფიო ინსტრუქციები, რომლებიც ამ ბიზნესში სიცხადეს შეიტანს“, – აცხადებს თამარ გოგოლაშვილი. 

მეტ სიცხადეს ითხოვს ტურისტული ბიზნესიც. „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ დღეს უკვე დადგა დრო, როდესაც პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარება უნდა იყოს, რადგან ამ სფეროში პრობლემების გაღრმავება ქვეყნისთვის, შესაძლოა, უმართავი გახდეს და შედეგების მხრივ ვირუსის გავრცელებაზე მძიმე აღმოჩნდეს. მისი თქმით, ნოემბრამდე საგადასახადო შეღავათების დაწესება მოკლევადიანი გამოსავალი იყო, თუმცა, ინდუსტრია აცნობიერებს, რომ პრობლემები წელს არ დასრულდება. სწორედ ამიტომ შეიქმნა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელშიც ტურისტული ასოციაციები გაერთიანდა და რომლის მიზანიც ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაა გადაწყვეტილებების ეფექტიანად მიღების მიზნით. კერძოდ, როგორც სიდამონიძემ ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტს“ განუცხადა, უნდა შემუშავდეს სანიტარიული გაიდლაინები, თუ რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება ინდუსტრიას. ეს, მისი თქმით, საშუალებას მისცემთ, ერთი მხრივ, დააკმაყოფილონ ახალ რეალობაში მსოფლიო ტურიზმში წარმოშობილი ახალი მოთხოვნები და, მეორე მხრივ, რაც მთავარია, ტურისტულმა ბიზნესმა იცოდეს, როგორ დაიცვას მომხმარებლის უსაფრთხოება. 

„ვიცით, რომ ავიაკომპანიების ნაწილი – მაგალითად „ვიზეარი“ და „თურქიშ ეარლაინსი“ უკვე ემზადებიან ფრენების აღდგენისთვის. ამ პირობებში კი ჩვენ უნდა გვქონდეს მათთვის შეთავაზებები, რომ დატვირთვა გარანტირებული იყოს და ჩვენი ბაზარი იყოს მომხიბვლელი მათთვის. მაგალითად, შესაძლოა საუბარი იყოს მარკეტინგული ხარჯების დაფარვაზე, რათა დატვირთვა იყოს. უნდა ვიცოდეთ, რა სახის სანიტარული სტანდარტების დაცვაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ, რა ხარჯების გაღებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვიცით, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია ამზადებს გეგმას და ელოდებიან რეკომენდაციებს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციიდან“, – აცხადებს მაია სიდამონიძე. 

მისივე თქმით, რთულია თქმა, რამდენად გადაჭარბებული იყო ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ შემოღებული შეზღუდვები, თუმცა სიდამონიძისთვის მიუღებელია ის ტონი, რომლითაც პრემიერმა ბიზნესს მიმართა. მაია სიდამონიძე ამბობს, რომ პრემიერის მკაცრი განცხადება კომპანიების მიმართ თანამშრომლების გაშვების გამო ძალიან სენსიტიურად იქნა აღქმული ბიზნესის მიერ. 

„ბიზნესი არის ბიზნესი. თუ ის ვერ მუშაობს და არ აქვს შემოსავლები, ვერ იხდის სესხს, ბუნებრივია გაუჭირდება თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა. თუ არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც ეს არაკეთილსინდისიერად, ეთიკის ნორმების დარღვევით და კომუნიკაციის გარეშე გააკეთეს, ეს სხვა საკითხია. თუმცა, ეს სასამართლო დავის თემაა და ამ საკითხში ხელისუფლება არ უნდა გამოდიოდეს მხარედ, ეს არ უნდა იყოს გამოყენებული სადამსჯელო იარაღად. ბიზნესის მიმართ მუქარის დრო უნდა დამთავრდეს. თავად დამსაქმებლისთვისაც მტკივნეულია იმ კადრის გაშვება, რომელშიც რესურსი აქვს ჩადებული წლების განმავლობაში. ასეთი დამოკიდებულება გამაღიზიანებელია“, – აცხადებს სიდამონიძე. 

ვირუსის ეკონომიკური ფასი 

კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები უკვე სახეზეა – მარტში საქართველოს მშპ 2,7%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ქვეყნის მშპ ჯამურად 1,5%-ით გაიზარდა. მარტში ზრდა მხოლოდ ორ სექტორში – კომუნიკაციებისა და მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა, ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში აქტიურობის მკვეთრი კლება დაფიქსირდა. მათ შორის, თითქმის განახევრდა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. 

არსებული პროგნოზებით ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება და მშპ-ის ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ს გაუტოლდება 
გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტში შემოსავლები კი 1.8 მილიარდი ლარით მოიკლებს. გახარიას თქმით, კრიზისის დასაძლევად, საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ეკონომიკისთვის, ჯამში, 3 მილიარდი დოლარი გამოყვეს. 

რამდენად დიდი ფასი გადაიხადა და მომავალშიც გადაიხდის ქვეყანა ახალი კორონავირუსის შეკავებაში? 

„აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ზედმეტად მკაცრი და გაუაზრებელი იყო ისევე, როგორც ზედმეტად გაჭიანურებულია ეკონომიკის გახსნის ეტაპები. 

„როდესაც ვაჩერებთ ეკონომიკას, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რა საფრთხეს ქმნის ამა თუ იმ ბიზნესსექტორის საქმიანობა ვირუსის გავრცელების კუთხით. ხელისუფლებამ თითქმის ყველა სექტორი ერთი ხელის მოსმით გააჩერა, რადგან ეს იყო ყველაზე ეფექტიანი და მარტივი გზა ვირუსის შესაჩერებლად. ახლა ჩვენ თავს ვიწონებთ კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით და იმით, რომ შევძელით ის, რაც სხვა, ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოიფიქრეს. მაგრამ ვნახოთ როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკის ვარდნა და მათი რეცესიის მაჩვენებლები წლის ბოლოს. დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავება უდიდესი იქნება. გასაგებია, რომ შეზღუდვები აუცილებელი იყო, მაგრამ დღემდე ვერავინ დაასაბუთა, რატომ აიკრძალა, მაგალითად, ონლაინ-ვაჭრობა და რატომაა საკვების მიტანა ნაკლები საფრთხის შემცველი წიგნის მიტანის სერვისთან შედარებით. არსებობს ეკონომიკური სექტორები, რომელთა დატოვება შესაძლებელი იყო. უნდა მიგვეღო ნაწილობრივი შეზღუდვები. ასევე, ვერავინ დაასაბუთა, რატომ შემოიღეს კომენდანტის საათი 21 საათის შემდეგ. ამან მოიტანა ის, რომ შეწყდა ტაქსებით ოპერირება და უამრავი დაწესებულების მუშაობა საღამოს 9 საათის შემდეგ. მე ამ შეზღუდვებს ვერ ვხსნი და მივაწერ ხელისუფლების გაუაზრებელ ქმედებებს. ასეთი სანქციები არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაშია. და ეს იქნება ეკონომიკური კუთხით უამრავი ადამიანის დაზარალების მიზეზი“, – აცხადებს ბაირახტარი.
 
შერჩევითი მიდგომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკის მაგალითად მიიჩნევს "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობისას „სუფთა სახლისთვის“ ოპერირების აკრძალვას. ამბობს, რომ ეს კომპანია, უბრალოდ, ვერ მოხვდა დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობებში, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ მისი პროდუქციის სხვა დიდ ქსელებში, მათ შორის „კარფურში“ გადანაწილება გარკვეული ჯგუფების კომერციულ ინტერესებს ემსახურებოდა. მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ავტოსამრეცხაოების მუშაობა კანონით აკრძალული იყო, თბილისში არაერთ ადგილას ასეთი ობიექტი უპრობლემოდ მუშაობდა. 

მისთვის ასევე გაუგებარია იმ სოციალური პაკეტის დასაბუთება, რომელიც ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით წარმოადგინა. ბაირახტარს ესმის, რომ სახელმწიფოს მეტის შეთავაზების რესურსი არ აქვს, მაგრამ მისთვის გაუგებარია, რატომ დააწესა ხელისუფლებამ 200-ლარიანი დახმარება 6 თვით, რა გათვლებს ემყარება ეს თანხა. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ვადას მაინც პოლიტიკური ელფერი დაკრავს. 

„თუ ვერ ვაძლევთ ადამიანებს მეტ დახმარებას, მაშინ უნდა მივცეთ მეტი ეკონომიკური აქტივობის საშუალება“, – აცხადებს ექსპერტი. 

პაატა ბაირახტარს გაუაზრებელი ნაბიჯების ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს რეექსპორტი – ამბობს, რომ ამ სფეროში დასაქმებულ პირებს შეექმნათ მაგალითად ავტომობილების ტერმინალიდან გამოყვანის პრობლემა, რადგან სათანადო თანხები აღარ ჰქონდათ, სახელმწიფომ კი მათზე არ იზრუნა. ასეთი პატარ-პატარა პრობლემები კი, ექსპერტის შეფასებით, ბევრია და საბოლოო ჯამში უდიდეს პრობლემებამდე მიგვიყვანს. 

მისი აზრით, ასევე გაუმართლებლად გაჭიანურებულია ეკონომიკის გახსნის ეტაპები. 

„სრულიად გაუგებარია, რატომაა გადანაწილებული ეს პროცესი სამ თვეზე. თუ მაგალითად, მეორე ეტაპზე ვხსნით რეკრეაციულ ზონებს, რატომ არ ვხსნით იმავე ეტაპზე ღია კაფეებს? რატომ ვერავინ ვერ აგვიხსნა, რომელ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ემყარება ეს? ან თუნდაც ქალაქების ჩაკეტვის პროცესი რატომ გახანგრძლივდა მაშინ, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ცალსახად განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ქვემო ქართლში ფიქსირდება?“ – აცხადებს პაატა ბაირახტარი. 

დღეს უკვე ცხადია, რომ კორონავირუსთან მიმართებაში, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა, დროთა განმავლობაში სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არ ისმის აქტიურად – რამდენად გამართლებული იყო ის ფასი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ ამაში გადაიხადა და შესაძლებელი იყო თუ არა, იგივე შედეგი გაცილებით ნაკლები ადამიანისთვის გამხდარიყო სოციალური კატასტროფის ტოლფასი? პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ გაუაზრებელი შეზღუდვების ეკონომიკური ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს პროგნოზებში ვკითხულობთ. 

მაია ჭანტურია