ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მასკის "კოსმოსური ნახტომი" BLOOMBERG-ის რეიტინგში - №2(63), 2020
სააგენტო Bloomberg-ის მორიგი დაჯამების შედეგად, 10 ივლისს გამოქვეყნებულ პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ერთბაშად ოთხი საფეხურით დაწინაურდა 49 წლის ილონ მასკი. კოსმოსური კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ბიუჯეტი, სწორედ ამ დღეს Tesla-ს აქციების ფასის მატების ხარჯზე 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამიტომაც მასკმა Bloomberg Billionaires Index 2020-ის მოწინავეებში მყოფ ერთბაშად 5 მილიარდერს გადაასწრო და მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. 

Bloomberg Billionaires Index 2020-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 

1. კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos) – 188 მილიარდი დოლარი სუფთა კაპიტალით;
 
2. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი (Bill Gates) – 115 მილიარდი დოლარი; 

3. ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანია Louis Vuitton-ის (შემოკლებით LVMH) აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო (Bernard Arnault) – 92,8 მილიარდი დოლარი; 

4. ამერიკელი მედია-მაგნატი და სოციალური ქსელი Facebook-ის მფლობელი მარკ ცუკერბერგი (Mark Zuckerberg) – 92,7 მილიარდი დოლარი; 

5. ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ენტონი ბალმერი (Steven Anthony Ballmer). იგი იმით არის ცნობილი, რომ პირვე¬ლი მილიარდერი გახდა, რომელსაც საკუთარი ბიზნესი არ გააჩნდა. ამ „მწვერვალს“ კი მან კომპანია Microsoft-ის გენერალურ დირექტორად მუშაობისას (2000-2014 წლები) მიაღწია. ამჟამად NBA-ს საკალათბურთო კლუბ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელია და მის საკუთრებაშია – 77 მილიარდი დოლარი; 

6. კომპანია Google-ის მფლობელი ლარი პეიჯი (Larry Page). მან ათეულის კიდევ ერთ წევრ, ფილოსოფიის დოქტორ სერგეი ბრინთან ერთად, Google 1998 წელს დააფუძნა და ერთად გამოიგონეს ამ კომპანიის საძიებო სისტემის უზრუნველმყოფელი ალგორითმი. პეიჯი 2001 წლამდე იყო Google-ის გენერალური დირექტორი. შემდეგ „მცირე“ პაუზა ჰქონდა და 2011 წლიდან იგივე პოსტზე უცვლელადაა – მის საკუთრებაშია 71,7 მილიარდი დოლარი;

7. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, Tesla-ს გენერალური დირექტორი და PayPal-ის თანადამფუძნებელი ილონ მასკი (Elon Musk). იგი სამხრეთ აფრიკაშია დაბადებული და ამ ქვეყნის გარდა, კანადისა და აშშ-ის მოქალაქეც არის. „კოსმოსური ტურიზმის პიონერი“ – მოკლედ ასე შეიძლება მასკის დახასიათება, რომლის კუთვნილებაშია 70,5 მილიარდი დოლარი; 

8. Google-ის თანადამფუძნებელი და კომპანია Bayshore Global Management-ის დამფუძნებელი სერგეი ბრინი (Sergey Brin) – 69,5 მილიარდი დოლარი; 

9. აზიის უმდიდრესი ადამიანი და ინდოეთის უდიდესი კერძო კომპანია Reliance Industries-ის (შარშან მისი აქტივების ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე მუკეშ ამბანი (Mukesh Ambani) – 68,3 მილიარდი დოლარი; 

10. ათეულის უხუცესი წარმომადგენელია საინვესტიციო სფეროს ბანკირი, ჰოლდინგური კომპანია Berkshire Hathaway-ის 89 წლის მეპატრონე უორენ ბაფეტი (Warren Buffett). სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, მან ივლისის პირველი კვირის განმავლობაში 2,9 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა, რის შემდეგაც მის მიერ ამ სფეროში 2006 წლიდან გაცემულმა ჯამურმა თანხამ 37 მილიარდი შეადგინა – ბაფეტის საკუთრებაშია 67,9 მილიარდი დოლარი. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა