ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბები - №3(64), 2020
გვირაბების დამსახურებაა რომ მთა, წყალსაცავი და სხვა ბუნებრივი წარმონაქმნი ტრანსპორტისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. ჩვენი მიზანია ადამიანის ის უნიკალური ნაკეთობები წარმოგიდგინოთ, რომლებიც მასვე ამ წინაღობათა დაძლევაში ეხმარება. ქვემოთ პლანეტის იმ საავტომობილო გვირაბებს გაგაცნობთ, რომლებიც არამხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით და უსაფრთხოების სისტემებით აღგვაფრთოვანებს, არამედ საკუთარი ზომებით.

ვიდრე მსოფლიო მასშტაბებს შევეხებით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გვირაბებზე ვთქვათ. რეკორდსმენად ითვლება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მდებარე როკის გვირაბი (3685 მეტრი). 1750 მეტრი სიგრძისაა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალის 7,5-მეტრიანი სიგანის „დახურული“ მონაკვეთი. ქართული გვირაბების რიცხობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 60-ით მოიმატებს აღნიშნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება ახალ რეკორდსმენს, მისი ქართულ რუკაზე გამოჩენა სულ სხვა მიმართულებითაა მოსალოდნელი. ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შარშან შემოდგომაზე ჩინურმა კომპანია China Railway Tunnel Group Co-მ იმარჯვა და მასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. სხვათა შორის, ეს გვირაბი 15 მეტრი სიგანის უნდა იყოს, რითაც მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბთა ჩამონათვალში მოხვდება.

8. მონბლანის გვირაბი (იტალია) – 11,61 კმ

გვირაბი ალპების ყველაზე მაღალ მონბლანის მთაში (მწვერვალი 4808 მეტრი) გადის. იგი საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ შამონის იტალიურ ქალაქ კურმაიორთან აკავშირებს. ამიტომ ორივე შესასვლელში საბაჟო პოსტებია განლაგებული. 1999 წლის გაზაფხულზე, გვირაბში გამავალ სატვირთო ავტომობილს, რომელსაც ფქვილი და მარგარინი გადაჰქონდა, ძრავზე ცეცხლი გაუჩნდა. მონბლანის გვირაბის აღდგენას 400 მილიონი ევრო და 3 წელი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში იგი 120 სათვალთვალო კამერით, უამრავი თბური სენსორით, საევაკუაციო გასასვლელებითა და პირველადი დახმარების სადგურით აღჭურვეს. დღეს აქ 50-დან 70 კმ/სთ-მდე სიჩქარითი შეზღუდვაა დაწესებული. დამრღვევს დიდი ჯარიმა ან მართვის ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. გვირაბის დღიური გამავლობა 5000-მდე ავტომობილია. მასში შესასვლელად საფრანგეთიდან მიმავალი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა 45,6 ევრომდე უნდა გადაიხადოს, იტალიიდან კი – 46,4ევრომდე.

7. ფრეჟიუსის გვირაბი (საფრანგეთი) – 12,87 კმ

საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი ფრეჟიუსის მაღალმთიან გვირაბზე გადის. მისი მშენებლობა 1974 წელს დაიწყო, ოფიციალური გახსნა კი 1980 წლის 12 ივლისს შედგა. პირველი ოცი წლის განმავლობაში გვირაბმა 20 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალება გაატარა. მონბლანის გვირაბში მომხდარი ხანძრის შემდეგ ისიც უზრუნველყვეს კვამლის უახლესი დეტექტორებით, ვიდეოკამერების სისტემით, სახანძრო ჰიდრანტებითა და ტემპერატურული სენსორებით. მაგისტრალის დამატებითი მოდერნიზაცია ჩატარდა 2005 წელს. 10 მილიონ ევროდ გვირაბი 11 თავშესაფარით და ავარიისა და აალების აღმოჩენის ავტომატიზირებული სისტემით აღჭურვეს. დღეს, ფრეჟიუსის გვირაბით საფრანგეთსა და იტალიას შორის გამავალი სავაჭრო საავტომობილო გადაზიდვების 80% გაედინება. აღსანიშნავია, რომ გვირაბის შუაში საფრანგეთის იურისდიქციაში მყოფი მოდანის მიწისქვეშა ლაბორატორია მდებარეობს. მიწის ზედაპირიდან 1,7 კმ-ის სიღრმეზე ბირთული ფიზიკის, მიკროელექტრონიკისა და ბიოლოგიის დარგებში არაერთი საერთაშორისო ექსპერიმენტი ტარდება.

6. სიუეშანის გვირაბი (ტაივანი) – 12,91 კმ

ტაივანური გვირაბის სახელწოდება როგორც „თოვლიანი  მთა“ ითარგმნება. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების მიწისქვეშა მაგისტრალი კუნძულის დედაქალაქ ტაიბეის ჩრდილო-აღმოსავლურ პროვინცია ილანთან აკავშირებს. იგი ქვეყნის ცენტრალურ მთიან ქედში გადის. 15 წლის განმავლობაში ტაივანის წამყვან ინჟინრებს გვირაბი რთული გეოლოგიური წინაღობების პირობებში გაჰყავდათ. ათეულობით მეწყერის, წყალდიდობისა თუ ჩამოშლის გამო სამუშაოები ხშირად წყდებოდა. ამიტომაც რიგი ექსპერტებისა დარწმუნებულები იყვნენ, რომ პროექტი არ დასრულდებოდა. თუმცა, 2006 წლის ზაფხულში გვირაბი მაინც გაიხსნა. ქალაქებს შორის მანძილის დაფარვა ორსაათნახევრის ნაცვლად 40 წუთში შეიძლება. 

სიუეშანის მიდამოებში ბევრი ახალი სასტუმრო გაჩნდა, რომლებსაც მეტწილად ტურისტები ითვისებენ. გახსნიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, გვირაბში გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ იყო. პიკის საათებში გვირაბის გამტარიანობის გასაზრდელად 2012 წლიდან დასაშვები სიჩქარის ზღვარი 90 კმ/სთ გახდა. დღეს აქ ორი სამსახურეობრივი რადიოსადგური მუშაობს. ისინი მძღოლებს ოპერატიულად აფრთხილებენ მაგისტრალის სხვადასხვა უბანში არსებული სიტუაციის თაობაზე, გადასცემენ მათთვის უახლეს ამბებს და მუსიკას.

5. არლბერგის გვირაბი (ავსტრია) – 13,97 კმ

არლბერგის გვირაბი აღმოსავლეთ ალპების მოსახელე მთის მასივში გადის. საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალელურად მიემართება და სპეციალური გადასასვლელებითაა გაერთიანებული. 

თავდაპირველად, მატარებლებისთვის მხოლოდ ერთი გეზი მუშაობდა, ამიტომ, გახსნიდან 6 თვეში მას მეორეც დაემატა. გვირაბს ძირითადად უმაღლესი კლასის ტექნიკური აღჭურვილობა გამოარჩევს. მარტო სათვალთვალო კამერა აქ 40-ზე მეტია, ხოლო ყოველ 200 მეტრში სწრაფი დახმარების ტელეფონებია გან- თავსებული. ამას გარდა, არლბერგი უზრუნველყოფილია მაღალი წნევის ნისლწარმომქმნელი სისტემითა და თანამედროვე თბური სკანერით. ეს უკანასკნელი, გადახურებული ძრავის მქონე სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს ჯერ კიდევ გვირაბში შესვლამდე აღმოაჩენს. ავსტრიის მთავრობამ დამატებითი საევაკუაციო მარშრუტების მშენებლობასა და მაგისტრალის რეკონსტრუქციას 136 მილიონი ევრო მოახმარა. ამჟამად, არლბერგის გვირაბით დღეში 8000-მდე ავტომობილი სარგებლობს. მასში შესასვლელად მძღოლს 10 ევროს გადახდა უწევს.

4. სენ-გოტარდის გვირაბი (შვეიცარია) – 16.94 კმ

სენ-გოტარდის უღელტეხილს ქვემოთ გამავალი გვირაბი ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა. თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს (80 კმ/სთ) არ გადააჭარბებს, მას გვირაბის გავლა უფასოდ შეუძლია. თითქმის 17-კილომეტრიანი ორზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას 10 წელი დასჭირდა. მისი დღიური გამავლობა 17 ათასი ავტომობილია, რომელთაგან 15% მძიმე სატვირთოებია. ტრაფიკი სეზონზეა დამოკიდებული: პიკზე გვირაბი 34 ათას ავტომობილზე მეტს ატარებს. სატვირთოებს შორის უსაფრთხო დაშორების უზრუნველსაყოფად, გვირაბში მათ შესვლას შუქნიშნები აკონტროლებს, რომლებიც დღეში 3500-ზე მეტ მძიმეტვირთიან ავტოს არ ატარებს. ამიტომ გვირაბის ორივე შესასვლელში სპეციალური „მოსაცდელი დარბაზია“. უახლოეს მომავალში შვეიცარიის ხელისუფლება მაგისტრალის კაპიტალურ რემონტს აპირებს. უპირველესად შეკიდული ჭერის, გვირაბის ვენტილაციისა და სადრენაჟე სისტემების განახლებაა დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე წლით ევროპის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიის დახურვა შეუძლებელია. რემონტის დაწყებამდე ძველი გვირაბის პარალელურ თანამედროვე „მეორე მილს“ ააშენებენ.

3. ჩჟუნანშანის გვირაბი (ჩინეთი) – 18,02 კმ

ჩინელებმა ეს გვირაბი რეკორდულად მოკლე ვადაში – 5 წელიწადში ააშენეს და ოფიციალურად 2007 წელს გახსნეს. პროექტის განხორციელებას 330 მილიონი ევრო დასჭირდა. ორმილიანი კონსტრუქცია ძველ ქალაქ სიანსა და ცზოშუის მაზრას შორის მანძილსაც საგრძნობლად ამცირებს და მის დასაფარავად საჭირო დროსაც – საამისოდ 3 საათის ნაცვლად 40 წუთია საჭირო. გვირაბი შენსის პროვინციაშია და ცინლინის მთის მასივში 1,64 კილომეტრის სიღრმეზეა გაყვანილი. მას 3 სავენტილაციო შახტა, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის თანამედროვე სისტემები გააჩნია. მოძრაობა ერთი მიმართულებით ორ ზოლშია ორგანიზებული და სიჩქარე 80 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. ჩინურ მიწისქვეშა მაგისტრალს უჩვეულო გაფორმება გამოარჩევს, რის გამოც იგი ტურისტებისთვის ერთობ მიმზიდველი და გასართობია. განათების სისტემა გვირაბის კედლებზე სხვადასხვა ფერით მორთულ პეიზაჟებს ირეკლავს და შეფერადებულ ღრუბლიან ცას იმიტირებს, ხოლო მაგისტრალის კიდეები ხელოვნური ხეებით, ყვავილებითა და გაზონებითაა გაფორმებული. ეს საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება და მძღოლებს კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება.

2. იამატეს გვირაბი (იაპონია) – 18,2 კმ

ღრმა მიწისქვეშა იამატეს გვირაბი ტოკიოს ცენტრში გადის და ყოველი მიმართულებით ორზოლიანია. იგი შუქდიოდური განათებებით, ინფრაწითელი სენსორებით, ცეცხლმაქრებით, ესკალატორებით, ნისლწარმომქმნელი და მტვერდამჭერი სისტემებითაა აღჭურვილი. სასწრაფო დახმარების ტელეფონები და სათვალთვალო კამერები აქ ყოველ 100 მეტრშია დამონტაჟებული, ყოველ 350 მეტრში სათადარიგო გასასვლელები, ხოლო ყოველ 50 მეტრში ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერული გამფრქვევები. გვირაბის მშენებლობა 1992-დან 2015 წლამდე გაჭიანურდა. 

დღეს იამატეს გვირაბი ცენტრალური წრიული მარშრუტის საკვანძო უბანია და იაპონიის დედაქალაქის ქუჩებში ინტენსიური მოძრაობის განმუხტვას უწყობს ხელს. გვირაბის ამოქმედების შემდეგ ტოკიოში საცობების ოდენობამ 40%-ით იკლო, თავად იამატეში კი, ხანდახან სატრანსპორტო კოლაფსებს აქვს ადგილი. მაგალითად, 2018 წლის იანვარის დიდთოვლობისას გვირაბში ათკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა იმის გამო, რომ ერთ-ერთი გამოსასვლელიდან ავტომობილებმა აღმართში ასვლა ვერ შეძლეს. შედეგად, ასეულობით მანქანა გვირაბში 10 საათის განმავლობაში „გაეჩხირა“. ადამიანებს ზემოთ ამოსვლაში საავარიო კიბეები დაეხმარათ.

1. ლერდალის გვირაბი (ნორვეგია) – 24,51 კმ

ნორვეგიაში ათასობით გვირაბია აგებული, რომელთა შორის ბევრი წყალქვეშა „პროფილისაა“. რთული მთაგორიანი რელიეფისა და მკაცრი კლიმატის პირობებში ისინი ბევრად აიოლებენ ქვეყანაში ტრანსპორტის გადაადგილებას. ლერდალის გვირაბი მარტო სკანდინავიაში კი არა, მთელს მსოფლიოში ყველაზე გრძელი მიწისქვეშა საავტომობილო მაგისტრალია. იგი ბერგენისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს შემაერთებელი გზის ნაწილია. მასში დღის განმავლობაში ათასამდე მანქანა გაივლის, რომლებიც 24,5 კმ-ის გავლას საშუალოდ 20 წუთს ანდომებენ. ლერდალის საინტერესო თავისებურებაა 3 ხელოვნური მღვიმე, სადაც მძღოლებს მომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან დასვენება შეუძლიათ. გვირაბში 113 მილიონ ევროდ აღჭურვილია შემომავალი ვენტილაციის გამოყენებით ჰაერის გამწმენდი უახლესი სისტემით და ფერადეფექტებიანი განათებით. თავად გზა თეთრადაა განათებული, ხოლო განტვირთვის მღვიმეები – დაისის საიმიტაციოდ ლურჯ-ყვითლად. მძღოლების ყურადღების მისაპყრობად, მთელი მარშრუტის განმავლობაში სპეციალური ხმოვანი ზოლებია დამონტაჟებული. ცოტა უცნაურია, მაგრამ გვირაბში ავარიული გასასვლელები არაა. მათ ნაცვლად უამრავი ცეცხლმაქრი და სათვალთვალო ვიდეოკამერებია, მუშაობს სწრაფი კავშირის სტაციონალური ტელეფონები და მობილური კავშირი.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა