ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ამერიკული, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის „მშობლიური“ კალათბურთი - №3(64), 2020
როგორია ქართველების კვალი დიდ კალათბურთში 

კალათბურთი სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება, სადაც ბიზნესი და კომერცია სერიოზულ თანხებს აბანდებენ. მასში ჩადებული მილიონები მრავალჯერად უკუგებას იძლევა. ყველა კმაყოფილია - ფულის მხარჯველიც, მისი მიმღებიც და სანახაობისგან სიამოვნების მიმღები მაყურებელიც. კალათბურთი პოპულარული სახეობებიდან ერთადერთია, რომლის წარმოშობის თარიღი და ადგილი ზუსტადაა ცნობილი. ამ მოვლენაზე არაერთი წიგნი დაწერილა და ფილმი გადაღებულა, ხშირად, მოგონილი პერსონაჟებით და ფაქტების შელამაზებით.

კანადელი ექიმი პედაგოგის გამოგონება

კანადის პროვინცია ონტარიოში დაბადებულ ჯეიმს ნეისმიტს (James Naismith), აშშ-ში, კერძოდ კი სპრინგფილდის კოლეჯში, ფიზაღზრდის პროფესორად მუშაობისას მცირე პრობლემა შეხვდა. მასაჩუსეტსის შტატის ზამთრის პირობებისთვის, მას ბეისბოლისა და ფეხბურთის შეჯიბრებათა შუალედში, რამე ისეთი თამაში უნდა მოეგონებინა, სტუდენტებს რომ თავს შეაქცევინებდა. მთავარი პირობა - იგი შენობაში, შედარებით მცირე სივრცეში უნდა გამართულიყო. კალათბურთის კონცეფცია ნეისმიტს ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჰქონდა გონებაში. საყოველთაო ბავშვური გასართობის „იხვი კლდეზე“ (duck on a rock) მოკლე არსი ასეთი იყო: მოთამაშეს, მაღლა აგდებული პატარა ქვა, უძრავ საგანზე შემოდებული მასზე დიდი ქვისთვის უნდა გაერტყა. მოკლედ, მონახაზი ჰქონდა და YMCA-ს (Young Men`s Christian Association - ახალგაზრდა ვაჟთა ქრისტიანული ასოციაცია) ოფისის საკუთარ კაბინეტში მყოფმა, საათზე ნაკლები მოანდომა კალათბურთის ფუნდამეტური 13 წესის ფურცელზე გადატანას. 

ეს მოხდა 1892 წლის 15 იანვარს, წინა წლის 21 დეკემბერს კი ნეისმიტმა 18-კაციანი ჯგუფი ორად გაყო და ისტორიაში პირველი საკალათბურთო მატჩი ათამაშა. სტუდენტებს აივნის მოაჯირზე დამაგრებულ ატმის კალათებში ბურთი უნდა მოეთავსებინათ. მართალია, 3,05 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული კალათიდან  ჩაგდებული ბურთის ამოღება დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ სტუდენტებს ეს საქმიანობა მოსაწყენ სატანვარჯიშო დავალებებზე მეტად ახალისებდათ.

წესები თანდათან იცვლებოდა. მაყურებელთა მზაკვრული ჩანაფიქრებისგან დასაცავად, კალათს უკნიდან ფარი გაუკეთეს, ხილის ყუთი კი ისტორიას 1893 წლიდან ჩაბარდა, როცა იგი რკინის რგოლზე მიმაგრებული ბადით შეიცვალა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კალათბურთის პირველი ოფიციალური წესები დამტკიცდა, რომლებიც აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე იყო სავალდებულო. 1896 წელს განახლებულ წესებში ეწერა, რომ კალათბურთის მოედანზე ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ 5-5 მოთამაშე უნდა ყოფილიყო.

პირველი პროფესიონალური მატჩი კალათბურთში 1896 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა. ეს დღე თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად. კალათბურთი ხომ მას შემდეგ ფულის გამომუშავების საუკეთესო საშუალება გახდა. შესაბამისად, მისგან მეტი შემოსავალი რომ მიეღოთ, ხელი მოჰკიდეს ყოველმხრივ განვითარებას. ყველაფერი კი ძალიან მარტივად დაიწყო. ტრენტონის (ამჟამად ნიუ ჯერსის შტატის დედაქალაქი) გუნდი საკალათბურთო მატჩებს მართავდა და მასზე დასასწრებად ბილეთებს ჰყიდდა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი მასპინძელ მოთამაშეებს, დანარჩენი კი სტუმრებსაც ხვდებოდა. მატჩზე თითოეული კალათბურთელი დაახლოებით 1 დოლარს იღებდა, რაც იმ დროისთვის ურიგო შემოსავალი არ იყო. მცირედით მეტი ტრენტონელთა კაპიტანს ფრედ კუპერს ხვდებოდა, რომელიც კალათბურთის ისტორიაში პირველი „ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე“ გახდა.

პირველი პროფესიონალური ლიგა, კალათბურთის გამოგონებიდან 7 წელიწადში, 1898 წელს ჩამოყალიბდა. მან ასეთი სახელწოდება მიიღო - ნაციონალური საკალათბურთო ლიგა NBL (National Basketball League - ამჟამად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოქმედ ლიგაში არ აგვერიოს - ფ.კ.). მასში მხოლოდ ფილადელფიის მახლობლად მდებარე ქალაქების 6 გუნდი ასპარეზობდა. NBL-ის დებიუტი 1 დეკემბერს, Trenton Nationala-ისა და Hancock Athletic Association-ის მატჩისას ფილადელფიაში, 900 (!) მაყურებლის თანდასწრებით შედგა. ტრენტონელები თავიდან აგებდნენ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მეტოქეზე მეტად მოინდომეს და 21:19 იმარჯვეს. ამ გუნდმა NBL გაუქმებამდე 2-ჯერ მოიგო, სულ კი ლიგაზე 5 სრული სეზონი გაიმართა. 1904 წლის 4 იანვარს იგი დაიშალა და ამ სახით დროებით შეწყვიტა ფუნქციობა.

გაზრდილი გეოგრაფია   

XX საუკუნის 20-იანი წლების სიახლოვეს კალათბურთი აშშ-ს საზღვრებს გასცდა. ჯერ იგი აზიის იმ ქვეყნებში „შევიდა“, რომლებთანაც ამერიკელებს აქტიური სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ. შტატებსგარეთა პირველი გუნდები იაპონიაში, ჩინეთსა და ფილიპინებზე გამოჩნდნენ. შემდეგ კალათბურთმა სამხრეთ ამერიკა და ევროპაც დაიპყრო.

კალათბურთის საერთაშორისო პოპულარიზაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სენტ ლუისში (აშშ) 1904 წელს გამართულმა ზაფხულის ოლიმპიადამ. აქ მასპინძლებმა რამდენიმე ახლომდებარე ქალაქის გუნდების მონაწილეობით საჩვენებელი ტურნირი მოაწყვეს. მოგვიანებით, კალათბურთი 1924 (პარიზი) და 1928 (ამსტერდამი) წლების ოლიმპიურ თამაშებზეც საჩვენებელი სპორტის სახეობის რანგში იყო წარდგენილი.   

ეროვნული საკალათბურთო ფედერაციები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში შეიქმნა. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან რეგულარულად იმართება ოფიციალური საერთაშორისო მატჩები. მაგალითად, 1920 წელს შედგა ტურნირი აშშ-ს, საფრანგეთისა და იტალიის არმიის გუნდების მონაწილეობით, ხოლო 1923 წელს საფრანგეთში ჩატარდა ისტორიაში პირველი ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც აშშ-ს, ინგლისისა და იტალიის გუნდებმა იასპარეზეს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ჟენევაში 1932 წელს დაარსდა. მისი პირველი წევრები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი და ჩეხოსლოვაკია. 1935 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კალათბურთი ოლიმპიურ სახეობად სცნო და ბერლინში 1936 წელს გამართულ ზაფხულის თამაშებზე ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედლები გათამაშდა. ოქრო კალათბურთის დამაარსებელმა ამერიკელებმა კანადასთან ფინალურ ასპარეზობაში (19:8) მოიგეს. ამ ოლიმპიადისას გაიმართა FIBA-ს პირველი კონგრესი, რომელზეც კალათბურთის ერთიანი საერთაშორისო წესები მიიღეს.

პროფესიონალური კალათბურთის დაარსების მეორე, უკვე წარმატებული მცდელობაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. 1935 წელს შეიქმნა შუადასავლეთის საკალათბურთო კონფერენცია, რომელმაც მეტი ყურადღების მისაქცევად, ორიოდ წელიწადში სახელი შეიცვალა და „ნახტომი უკან ისტორიაში“ განახორციელა - 1898-1904 წლებში არსებული ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) დაირქვა. 13 კორპორატიული გუნდის გაერთიანებას 3 კორპორაცია აფინანსებდა - General Electric, Firestone, Goodyear. 1946 წლის 6 ივნისს დაფუძნდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (BAA – Basketball Association of America), რომელიც 16 გუნდით იყო წარმოდგენილი. 1949 წლის 3 აგვისტოს, მის კონკურენტ NBL-თან შერწყმის შემდეგ, მან სახელი შეიცვალა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA – National Basketball Asociation) გახდა. სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ასპარეზობებში მონაწილეობის მიღებაა ნებისმიერი თანამედროვე კალათბურთელის მიუღწეველი თუ ასრულებული ოცნება. NBA-ში მხოლოდ იღბლიანი პროფესიონალები თამაშობენ.

NBA - კომისარ სტერნის შექმნილი კალათბურთის სამოთხე

NBA-ს სიძლიერე მის მაღალ შემოსავლებშია, რომლებიც ასოციაციის საქმეების გონიერი მართვით იქნა მიღწეული. 1984 წელს, როცა კომისრის პოსტი დევიდ სტერნმა (David Stern) ჩაიბარა, NBA გაქრობის ზღვარზე იყო. ამერიკული ფეხბურთისა და ბეისბოლის ლიგების ფონზე, კალათბურთის ასოციაცია სკოლის ოროსანი მოსწავლესავით გამოიყურებოდა. აი, როცა  იგი 2014-ში პოსტს ტოვებდა: NBA-ს წლიური სუფთა მოგება 5,5 მილიარდი დოლარი იყო; 30 წლის განმავლობაში ტელეტრანსლირებით მიღებული შემოსავლები 40-ჯერ გაიზარდა და მილიარდს გადააჭარბა; ასოციაციას აშშ-ს ფარგლებს გარეთ 15 ფილიალი გააჩნდა; NBA-ს თამაშებს პირდაპირ ეთერში 200-ზე მეტი ქვეყნის მაყურებელი თითქმის 40 ენაზე ტრანსლირებულს ადევნებს თვალს.

მენეჯერ დევიდ სტერნის დამსახურება იყო, რომ ინვესტორებისთვის საკალათბურთო ბიზნესი გაცილებით მიმზიდველი გახდა. შედარებისთვის, ადვოკატმა ჯერი რაინსდორფმა (Jerry Reinsdorf) ვირტცის ოჯახისგან „ჩიკაგო ბულზი“ 1984 წელს 16 მილიონ დოლარად იყიდა, ხოლო 2014-ის აგვისტოში, Microsoft-ის ყოფილმა გენდირექტორმა სტივ ბალმერმა (Steve Ballmer) შელი სტერლინგისგან „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 2 მილიარდ დოლარად შეიძინა (თავის მხრივ, სტერლინგები ამ გუნდს 1981-ში 13 მილიონად დაეპატრონნენ). გაიზარდა ხელფასებიც. ცნობილი კალათბურთელი ჩარლზ ბარკლი (Charles Barkley) იხსენებდა, რომ 1984 წელს პროფესიონალი კალათბურთელის საშუალო წლიური ხელფასი 250 ათასი დოლარი იყო. ამჟამად, ეს მონაცემი 9 მილიონ დოლარს უახლოვდება.

პროფესიით იურისტი სტერნი, გუნდებზე მეტად კალათბურთელების წინა პოზიციებზე წამოწევას ანიჭებდა უპირატესობას. თუ 1960-იანებში „ბოსტონ სელტიკსისა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კონკურენცია კლუბების ბრძოლა იყო, მისი კომისრობის პერიოდში იგი მეჯიქ ჯონსონისა (Magic Johnson) და ლარი ბიორდის (Larry Bird) დაპირისპირება გახდა. სტერნის კიდევ ერთი ვარსკვლავი გახდა მაიკლ ჯორდანი (Michael Jordan), რომელიც „ჩიკაგო ბულზში“ 1994 წელს მივიდა.

1989 წელს პეკინში მყოფმა დევიდ სტერნმა 4 საათი უცადა ჩინური ტელევიზიის CCTV წარმომადგენლებთან შეხვედრას და როგორც იქნა დაიყოლია ისინი თამაშების უფასოდ (!) ტრანსლირებაზე. დღეს NBA-ს მატჩებს ჩინეთში 18 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, ხოლო შარშან ჩინურმა Tencent-მა და NBA-მ 1,5 მილიარდ დოლარად ღირებული ახალი 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადეს.

NBA-ს მართვის სწორი მენეჯმენტის პიკი იყო 1992 წლის ოლიმპიადაზე აშშ-ს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვება. პირველად ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელმა პროფესიონალებმა ითამაშეს და მერე როგორ - 8-დან 8 მოგება და მათგან, ფინალში ხორვატების ძლევისას დაფიქსირდა ყველაზე მცირე, 32-ქულიანი სხვაობა (117:85). შარშან, როცა ESPN-თან ბარსელონადან ტრიუმფატორთა სამშობლოში დაბრუნებას იხსენებდა, სტერნმა ასეთი შედარება გააკეთა: „თითქოს ეს ერთად აღებული დიდი თეატრი, ფილარმონია და „ბითლზები“ იყვნენ. „ოცნების გუნდმა“ მთელს მსოფლიოში გააღვივა კალათბურთისადმი ინტერესი. თუ ოლიმპიადამდე NBA-ს მატჩებს მხოლოდ 80 ქვეყანა უჩვენებდა, დღეს ეს რიცხვი 215-ია“. 

ეს იყო დევიდ სტერნის ბოლო საჯარო გამოსვლისას. მან შარშან დეკემბერში ინსულტი გადაიტანა, თუმცა სასწრაფო ოპერაციას ვეღარ გაუძლო და 1 იანვარს გარდაიცვალა.

ჟურნალი Forbes-ის ონლაინ-რეიტინგით (https://www.forbes.com/nba-valuations/list/#header:operatingIncome_sortreverse:true), დღეისთვის NBA-ს უძვირესი კლუბი „ნიუ იორკ ნიკსია“ – 4,6 მილიარდი დოლარი. მასზე 200 მილიონით ნაკლებადაა შეფასებული, კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ 12 ოქტომბერს დასრულებული სეზონის გამარჯვებული „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“. რეიტინგის ყველაზე იაფი კლუბი კი „მემფის გრიზლის“ გახლავთ, რომლის ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი NBA-ს 30 გუნდს შორის ერთადერთია, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონი ეკონომიკური წაგებით (მინუს 23 მილიონი დოლარი) დაასრულა. ყველაზე მეტი მოგება კი, ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ მიიღო - 178 მილიონი დოლარი.

ცნობილია, რომ საკმაოდ მაღალი კონტრაქტებით ბეისბოლისტები გამოირჩევიან, რაც კლუბების მესვეურთა მხრიდან მათთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულებითაა განპირობებული. საშუალო წლიური ანაზღაურებით კი, ყველას კალათბურთელები ჯაბნიან და მათ საძებნად NBA-ს საზღვრების დატოვება სულაც არაა საჭირო. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ Forbes-ის რეიტინგის ლიდერები მოედანსმიღმა გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ.

ბოლო სეზონის შეჯამებული მონაცემებით საუკეთესოა „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი (LeBron James), რომელმაც პროფესიონალური კარიერის 16 წელიწადში 270 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „მეფემ“ ამ თანხაზე ორჯერ მეტი მიიღო სარეკლამო კონტრაქტებით. მისი ყველაზე დიდი მონაპოვარია 2015 წელს Nike-სთან დადებული უვადო (სიცოცხლის ბოლომდე) ხელშეკრულება. 1-მილიარდიანი გარიგების ასანაზღაურებლად მან კარიერის დასრულების შემდეგაც ბევრი უნდა „იმუშაოს“ ამ ბრენდის საყოველთაო პოპულარიზაციისთვის. Nike-თან ჯეიმსის წინა კონტრაქტი შვიდწლიანი იყო, რაშიც კალათბურთელმა 90 მილიონი დოლარი მიიღო. მის სარეკლამო პორტფილიოში შედის კონტრაქტები ჩემოდნების მწარმოებელ Rimowa-სთან, სუპერმარკეტების ქსელ Walmart-თან, Coca-Cola-სთან, ყურსასმენ Beats By Dre-სთან, პიცერია Blaze Pizza-სთან და ვიდეოთამაშ NBA 2K-სთან.

საშუალო ხელფასები NBA-ში მეტწილად 2014 წელს ტელეკომპანია ESPN-თან და TNT-სთან, ჯამურად 24-მილიარდიანი 9 წლის ვადით გაფორმებული კონტრაქტის ხარჯზე აქვთ. როგორც რამდენიმე კალათბურთელსა და ლიგის ოფიციალურ წარმომადგენელს შორის დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაში წერია, NBA-ს მოთამაშეს ასოციაციის „საკალათბურთო საქმიანობით მიღებული შემოსავლის“ 51%-მდე მიღების უფლება აქვს. შპორტაც-ის ცნობით, ამ კონტრაქტის წყალობით, 46-მა სპორტსმენმა გასულ სეზონში მინიმუმ 25 მილიონი დოლარი მიიღო.

სეზონში „სუფთად“ ხელფასის სახით გამომუშავებული თანხის ოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელ სტეფ კარის (Steph Curry). იგი კლუბთან 2017 წელს ხელმოწერილი 5-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე წლიურად 40,2 მილიონ დოლარს იღებს. უმდიდრესი „მეფის“ წლიური ხელფასი კი, NBA-ში სიდიდით მეექვსეა და 37,4 მილიონ დოლარს უტოლდება.

მაიკლ ჯორდანი – კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა

შეუძლებელია თანამედროვე კალათბურთზე, მის განვითარებაზე, ახალ დონეზე ასვლაზე ვილაპარაკოთ და ყურადღება არ გავამახვილოთ მაიკლ ჯორდანზე. ჯორდანი ამჟამად 57 წლის გახლავთ და მიუხედავად მის მიერ "ჩიკაგო ბულზიდან" დიდი ხნის წინ წამოსვლისა და სხვა გუნდებთან ურთიერთობისა, მაიკლ ჯორდანი დღემდე "ჩიკაგო ბულზის" ლეგენდად მიიჩნევა.

ჯორდანი „ჩიკაგო ბულზის“ შემადგენლობაში 1984-1993 და 1995-1998 წლებში თამაშობდა. კარიერის დასასრული, 2001-2003 წლები „ვაშინგტონ უიზარდსის“ რიგებში გაატარა. NBA-ში მაიკლ ჯორდანმა მრავალი რეკორდი დაამყარა და დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად.

ლეგენდარული MJ მრავალი გამოკითხვის მიხედვით არათუ კალათბურთის, არამედ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენადაც კი არის დასახელებული. ჯორდანმა ზედიზედ სამჯერ – 1991-1992-1993 წლებში „ჩიკაგო ბულზთან“ ერთად მოიგო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონატი. 1993 წლის სეზონის გამარჯვების შემდეგ მოულოდნელად დატოვა კალათბურთი და ბეისბოლის თამაში დაიწყო. „ჩიკაგო ბულზმა“ ჯორდანის გარეშე ვეღარაფერი გააწყო, მაგრამ ფანტასტიკური შედეგი გუნდში მისი დაბრუნების შემდეგ კვლავ გაიმეორა.

1995 წელს მაიკლ ჯორდანი კვლავ დაუბრუნდა კალათბურთს და "ჩიკაგო ბულზს". მიუხედავად იმისა, რომ „ჩიკაგო ბულზის“ შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, MJ-მ კვლავ შეძლო ზედიზედ სამჯერ, 1996-1997-1998 წლებში NBA-ს ჩემპიონობა ეზეიმა. მას შემდეგ კი, რაც მაიკლ ჯორდანმა საბოლოოდ დატოვა „ბულზი“, გუნდს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის აღარასოდეს მიუღწევია.

1998 წელს, ჯორდანი კიდევ ერთხელ წავიდა კალათბურთიდან და თამაშს 2001 წელს დაუბრუნდა „ვაშინგტონ უიზარდის“ რიგებში, სადაც მან კარიერის ბოლო 2 წელი გაატარა.

ჯორდანის ინდივიდუალურ მიღწევებს შორის არის ექვსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის (Final MVP) ტიტული, ათი საუკეთესო მექულის (Scoring Titles) ტიტული, ხუთი NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული, თოთხმეტჯერ ითამაშა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი და სამჯერ გახდა ყველაზე ღირებული მოთამაშე (All-Star Game MVP), სამჯერ აქვს მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული,

ათჯერ იქნა არჩეული All-NBA-ს პირველი გუნდის წევრად, ცხრაჯერ აიღო ყველა მცველის (All-Defensive) პირველი გუნდის წევრი, სამჯერ აიღო საუკეთესო მოპარვების (Steal) ტიტული და 1988 წელს მოიპოვა NBA-ს წლის საუკეთესო დაცვითი კალათბურთელის ტიტული.

მაიკლ ჯორდანი ფლობს NBA-ს რეკორდს ჩაგდებული ქულების რაოდენობით. რეგულარულ სეზონში აქვს 30.12 საშუალოდ ქულა თამაშში და 33.45 (საშუალოდ ქულა თამაშში) – პლეი-ოფში.

1999 წელს ამერიკულმა სპორტულმა არხმა ESPN-მა, ჯორდანი დაასახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკელ სპორტსმენად. ჯორდანი არის კალათბურთის დიდების დარბაზის (Hall of Fame) ორგზის წევრი, 2009 წელს როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ხოლო 2010 წელს როგორც 1992 წელს აშშ-ის ოლიმპიური ნაციონალური საკალათბურთო გუნდის წევრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ოცნების გუნდი“ (The Dream Team). 2015 წელს ჯორდანი ასევე გახდა FIBA-ს დიდების დარბაზის (FIBA Hall of Fame) წევრი.

ჯორდანმა ხელი შეუწყო Nike-ის Air Jordan-ს, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებს და 1984 წლიდან დღემდე პოპულარულია. ჯორდანი გადაღებულია 1996 წელს გამოსულ ფილმ Space Jam-ში, სადაც იგი საკუთარ თავს თამაშობს. 2006 წელს იგი გახდა NBA-ში მოასპარეზე კლუბის შარლოტ ბობკეთსის (ახლანდელი შარლოტ ჰორნეტსი) მფლობელი. 2014 წელს ჯორდანი გახდა პირველი მილიარდერი NBA-ს კალათბურთელი და იგი არის მესამე უმდიდრესი აფრო-ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი რობერტ სმიტის (Robert F. Smith) და პოპულარული ტელეწამყვანის ოპრა უინფრის შემდეგ.

2020 წლის აპრილში მაყურებელმა იხილა ამერიკული კომპანიების – „ნეტფლიქსისა“ (NETFLIX) და „ი-ეს-პიენის“ (ESPN) საერთო ნამუშევარი, სერიალი „უკანასკნელი ცეკვა“, რომელიც პლანეტის საუკეთესო კალათბურთელის ცხოვრებას, მის სპორტულ კარიერასა და „ჩიკაგო ბულზთან“ ერთად გატარებულ წლებს ასახავს.

ქართველები NBA-ში

NBA-ს ახალი სეზონის დაწყება 2021 წლის იანვარშია დაგეგმილი. ახლანდელი კომისრის ადამ სილვერის თქმით, ასოციაციას სრულფასოვანი (თითო გუნდისთვის 82-მატჩიანი) რეგულარული სეზონის ჩატარება სურს, რომელსაც აუცილებლად მაყურებლით სავსე ტრიბუნები უნდა ამშვენებდეს. ადრე სილვერი ამბობდა, რომ NBA-ს 8-მილიარდიანი შემოსავლის 40% სწორედ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდანაა. 

მოქმედი ქართველი კალათბურთელებიდან ახალ სეზონს „ინდიანა პეისერსის“ რიგებში კვლავ დაიწყებს გოგა ბითაძე და NBA-ში ერთადერთი ჩვენებური იქნება. იგი 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აიყვანეს და გასულ სეზონში მისი ახალი გუნდის 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2-ჯერ სასტარტოში).   

პირველი ქართველი, ვინც მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში დაიწყო თამაში ვლადიმერ სტეფანია იყო. იგი „სიეტლმა“ 1998 წლის დრაფტის 27-ე ნომრად აიყვანა და მას შემდეგ NBA-ს ზედიზედ 22 სეზონი ქართველის გარეშე არ გამართულა. გამორჩეული გახლდათ 2003-2004 წლების სეზონი, როცა აქ ერთბაშად 3 ჩვენებური - ვლადიმერ სტეფანია, ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობდნენ. 2-2 ქართველი ასპარეზობდა 4 სეზონის განმავლობაში: 2004-2005 და 2005-2006 - ფაჩულია, ცქიტიშვილი, 2012-2013 და 2013-2014 - ფაჩულია, შენგელია; 2014-2015 წლების სეზონიდან კი NBA-ში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობს.

ზაზა ფაჩულიამ აშშ-ს სულ 6 კლუბში („ორლანდო მეჯიქი“, „მილუოკი ბაქსი“, „ატლანტა ჰოქსი“, „დალას მავერიქსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „დეტროიტ პისტონსი“) ითამაშა და ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2017, 2018 – „გოლდენ სტეიტი“); 4-4 კლუბში ითამაშეს სტეფანიამ („სიეტლი“, „ნიუ ჯერსი ნეტსი“, „მაიამი“, „“პორტლენდი“) და ცქიტიშვილმა („დენვერი“, „გოლდენ სტეიტი“, „“მინესოტა“, „ფინიქსი“); 2 კლუბში („ბრუკლინ ნეტსი“, „ჩიკაგო ბულსი“) იასპარეზა თორნიკე შენგელიამ. 

NBA-ში თამაშთან ახლოს იყო ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც 2004 წლის დრაფტში 42-ე ნომრად აიყვანა „ატლანტა ჰოქსმა“. ჯორჯიელებმა მასზე ყველანაირი უფლება უმალ „სან ანტონიო სპურსს“ მიჰყიდეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა ქართველთან კონტრაქტი საბოლოოდ მაინც არ გააფორმეს და მას ევროპაში დაბრუნებამ მოუწია.
     
ქართული კვალი დიდ კალათბურთში

საერთაშორისო ასპარეზზე ქართველ კალათბურთელთა პირველი წარმატებული გამოსვლა საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ფრანგული გაზეთ „ეკიპის“ წინადადებით FIBA-ს მიერ დაწესებული ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება იმართებოდა. ქართველთა საუკეთესო გუნდმა თბილისის „დინამომ“ 1962 წლის ფინალში მადრიდის „რეალს“ ჟენევაში მოუგო გადამწყვეტი მატჩი (90:83) და კონტინენტზე საუკეთესო კლუბის ტიტული დაისაკუთრა. „დინამოს“ მაშინ ოთარ ქორქია წვრთნიდა, მოედანზე კი გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლევან მოსეშვილი, გურამ მინაშვილი, ილარიონ ხაზარაძე, რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი, ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ალექსანდრე კილაძე, ალექსანდრე პეტროვი, ამირან სხიერელი.

ეს იყო გუნდური სახით ქართული კლუბის მიერ მოპოვებული ერთადერთი საერთაშორისო ტიტული. თუმცა, გვყავდა აშკარად გამორჩეული კალათბურთელები, რომლებსაც სანაკრებო (სსრკ) დონეზე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებიც მოუგიათ და ოლიმპიადაც:

ოლიმპიური ჩემპიონები - მიხეილ ქორქია, ზურაბ საკანდელიძე (1972);

მსოფლიოს ჩემპიონები - ზურაბ საკანდელიძე (1967), ნიკოლოზ დერიუგინი (1982);

ევროპის ჩემპიონები - ოთარ ქორქია (1947, 1951, 1953), ნოდარ ჯორჯიკია (1947), გურამ მინაშვილი (1957, 1959, 1963), ვლადიმერ უგრეხელიძე (1961), ზურაბ საკანდელიძე (1965, 1967, 1969, 1971), ამირან სხიერელი (1965), მიხეილ ქორქია (1971), ნიკოლოზ დერიუგინი (1981). 

საქართველოს ნაკრების პირველი სერიოზული წარმატება იყო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა. სერბი თავკაცის იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ლიტვაში პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს და მხოლოდ მეორეზე წაიფორხილეს. საბოლოოდ დაკავებული მე-11 ადგილი დღემდე საუკეთესო შედეგია ჩვენებურ კალათბურთელთათვის. 

მას შემდეგ საკალათბურთო ნაკრებისთვის კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ჩვეული ამბავი გახდა. ესაა რომ, მეტჯერ ვეღარ მოვახერხეთ (2013 – XIX ადგილი, 2015 – XV ადგილი, 2017 -  XVII ადგილი) დასკვნითი სტადიის მეორე ეტაპზე გაღწევა.

მომავალი EuroBasket-ის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს. FIBA-ევროპის გადაწყვეტილებით, ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად ფინალურ ეტაპს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიც უმასპინძლებს. ახალი რეგლამენტით, EuroBasket ამიერიდან ყოველ 4 წელიწადში უნდა გაიმართოს. უახლოესის ჩატარება 2021 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების საგაისოდ გადატანამ, FIBA-ს ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის სექტემბრისთვის მონაცვლეობა აიძულა.

ფრიდონ კერვალიშვილი