ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყნები - №4(65), 2020
პლანეტის ზოგიერთ ქვეყანას თანამედროვე მეგაპოლისებზე ნაკლები ტერიტორია უკავიათ. ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში ამჯერად მსოფლიოს 10 ყველაზე პატარა ქვეყანას წარმოგიდგენთ. 

1. ვატიკანი – ქალაქი-სახელმწიფო

ფართობი: 0,44 კვადრატული კილომეტრი 

მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ვატიკანი ოფიციალურად ყველაზე პატარა ქვეყანაა. ვატიკანი ყველა მხრიდან იტალიის დედაქალაქი რომითაა შემოსაზღვრული და შესაბამისად, ქალაქი-სახელმწიფოც სახელმწიფო-ანკლავიცაა (ლათინური სიტყვიდან inclavatus – „ჩაკეტილი“). 

ამავე დროს ვატიკანი ნულოვანი შობადობის მქონე ერთადერთი სახელმწიფოა. აქ არ არის სამშობიარო და დღემდე პირველი და უკანასკნელი ახალშობილი 2016 წელს, პირდაპირ წმინდა პეტრეს მოედანზე გაჩნდა. 

ამ ქვეყნის მოქალაქის პასპორტი მეტად იშვიათი დოკუმენტია. მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ რეზიდენტ-კარდინალებს, წმინდა საკურთხეველის დიპლომატებს, ვატიკანის მსახურებს და მათი ოჯახის წევრებს. როცა ისინი მსახურებას ამთავრებენ, ვატიკანის მოქალაქეობა ავტომატურად იტალიისაზე გადადის. 

2. მონაკო – ქვეყანა-სათავადო

ფართობი: 2,02 კვ. კმ 

კეთილმოწყობილი სამორინეების წყალობით, მონაკო პლანეტის ყველა კუთხის მკვიდრი აზარტული თამაშების მოყვარული მდიდრების საყვარელი ადგილია. ასეთ მოკრძალებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 38 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, მონაკო მარტო მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა ქვეყანა კი არა, იგი ყველაზე მჭიდროდდასახლებული სახელმწიფოც გახლავთ. 

აქ მცხოვრებთა მეხუთედი მონეგასკები (ქვეყნის აბორიგენები) არიან, 47% ფრანგები, 16% იტალიელები, დანარჩენს კი 120-ზე მეტი ქვეყნიდან წამოსული მოქალაქეები შეადგენენ. მონეგასკები ერთგვარი პრივილეგიებით სარგებლობენ, თუმცა, მათ სათამაშო დარბაზებში შესვლა და იქ ფსონის დადება ეკრძალებათ. ისინი, ფრანგების გარდა ქვეყნის სხვა მკვიდრებთან ერთად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. 

3. ნაურუ – უდედაქალაქო ქვეყანა

 ფართობი: 21,3 კვ. კმ 

კუნძული ნაურუ ერთბაშად რამდენიმე რეკორდს ამყარებს. იგი ყველაზე პატარა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ასეთივე კუნძულოვანი სახელმწიფოა, ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ყველაზე პატარა სახელმწიფოა და მსოფლიოში ერთადერთი ოფიციალური დედაქალაქის არმქონე ქვეყანაა. მის ადმინისტრაციულ ცენტრად იარენი ითვლება, სადაც 1000-ზე ნაკლები მცხოვრებია. ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა კი 2020 წლის ბოლო მონაცემებით 10 824 იყო. 

იყო დრო, როცა ამ კუნძულზე ფოსფორიტებს (ფოსფორისგან წარმოქმნილი მინერალი) მოიპოვებდნენ. ნაურუელები გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ამ მინერალური სასუქის მოპოვების მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყვნენ. თუმცა, როცა მარაგები ამოიწურა, ქვეყნის ეკონომიკამაც საგრძნობი კლება დაიწყო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, კუნძულის მცხოვრებთა 93%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს. მთავარი მიზეზი ნაკლები მოძრაობა და ავსტრალიიდან შემოზიდული მაღალკალორიული ნახევარფაბრიკატებით კვებაა.

4. ტუვალუ – ქვეყანა, რომელიც იძირება 

ფართობი: 26 კვ. კმ 

ტუვალუში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ ფაქტს ქვეყნის მთავარ საფრთხესთან ჯერ რაიმე კავშირი არ აქვს, თუმცა შეიძლება მალე ჰქონდეს. 2018 წელს ოკლენდის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეაფასეს, როგორ შეიცვალა ზღვის დონე და რიფების ფართობი 1971-დან 2014 წლამდე. შედეგები არცთუ ოპტიმისტურია – ზღვის დონემ წელიწადში 4 მმ-ით მოიმატა. ამის მიუხედავად, ტუვალუს კუნძულების მხოლოდ 27 პროცენტმა იკლო ზომაში, დანარჩენმა, პირიქით – მოიმატა. მეცნიერებმა კვლევებისაგან საპირისპირო შედეგი იმით ახსნეს, რომ სანაპირო ზოლმა ოკეანისკენ ეროზიით წარმოქმნილი ხმელეთის ნაწილების ნაპირისკენ დალექვის შედეგად წაიწია. თუ ეს პროცესი ასეთივე ტემპით გაგრძელდა, ამ მინიატურული ქვეყნის მაცხოვრებლებს ერთ რომელიმე მზარდ კუნძულზე (სულ ტუვალუ 9 კუნძულზეა განთავსებული) მოუწევთ დასახლება, რადგან დანარჩენები წყალში ჩაიძირება. 

5. სან მარინო – ყველაზე ძველი ევროპული ქვეყანა

ფართობი: 60,57 კვ. კმ 

ყველა მხრიდან იტალიით შემოსაზღვრული კიდევ ერთი სახელმწიფო, დაარსებიდან წელთაღრიცხვას 301 წელს იღებს. ლეგენდის თანახმად, ამ წელს იმპერატორ დიოკლეტიანისგან განდევნილმა ქვისმთლელმა მარინომ პაპისა და იმპერატორისგან დამოუკიდებელი რელიგიური თემი დააფუძნა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა საზღვრები და იქიდან მოყოლებული სან მარინოდაა („წმინდა მარინო“) წოდებული. ამის გამოა რომ, სანმარინოელები ქვეყნის დაარსებიდან ითვლიან წლებს და ახლა „საკუთარ“ XVII საუკუნეში ცხოვრობენ. ქვეყანა, რომელშიც 34 ათასამდე მოქალაქეა, ევროპის უძველეს სახელმწიფოდაა აღიარებული. იგი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით (44.605 აშშ დოლარი), „მინიატურულთა“ შორის მხოლოდ მონაკოს და ლიხტენშტაინს ჩამოუვარდება. 

6. ლიხტენშტაინი – უავგუსტეს პერსონათა ქვეყანა 

ფართობი: 160 კვ. კმ 

ლიხტენშტაინის სათავადო მთლიანად ალპების მთებშია განთავსებული. მას აღმოსავლეთიდან ავსტრია, ხოლო დასავლეთიდან შვეიცარია ესაზღვრება. სახელმწიფოდ 1719 წელს ჩამოყალიბდა, როცა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ VI-მ, ამ მიწების მფლობელი ავსტრიელი თავადი ლიხტენშტაინი სუვერენული ღირსების თავადად სცნო. მას შემდეგ იგი მსოფლიოს 3 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლის დასახელება მმართველი დინასტიის სახელწოდებას ემთხვევა (კიდევ 2 აზიაში მდებარეობს – იორდანიის ხაშიმიტური სამეფო და საუდის არაბეთის სამეფო). 

მსოფლიოში ხუმრობენ, რომ ლიხტენშტაინი ევროპაში უავგუსტესი პერსონებით (სამეფო ოჯახის წევრები) ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ სახელმწიფოდ ითვლება. 2020 წლის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 38 896-ია. ნომინალური მშპ-ის მაჩვენებლით (ერთ სულ მოსახლეზე 143.151 დოლარი) ლიხტენშტაინი პლანეტაზე მეორე ადგილზეა. აქ უმუშევრობის საკმაოდ დაბალი (1,5%) დონეა. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყანაში აეროპორტი არაა – მათგან უახლოესი ციურიხშია. 

7. მარშალის კუნძულები – წყნარი ოკეანის „ჩერნობილი"

ფართობი: 181 კვ.კმ
 
ეს სახელმწიფო 29 ატოლისა (მარჯნის კუნძული) და 5 იზოლირებული კუნძულისგან შედგება, რომლებიც წყნარ ოკეანეში, მილიონ კვ.კმ-ზე მეტ ფართობზეა მიმოფანტული. კუნძულებზე მოსახლეთა ოდენობა 57 ათასს აჭარბებს. 

1946-დან 1960 წლამდე მარშალის კუნძულები აშშ-ის ბირთვულ პოლიგონად ითვლებოდა. ბირთვული კვლევების კოლუმბიის ცენტრის (აშშ) ექსპერტებმა, წლეულს არქიპელაგის 11 კუნძულიდან აღებულ სინჯებს შორის ნიადაგის 38 ნიმუშში რადიაქტიული ელემენტების სიჭარბე დააფიქსირეს. ყველაზე მეტად დაბინძურებული აღმოჩნდა კუნძულები რუნიტი, ენჯები, ბიკინი და ნაენი. ამასთან, ბიკინიზე პლუტონის შემადგენლობა 1000-ჯერ მეტია, ვიდრე ჩერნობილში ან ფუკუსიმაზე.
 
8. სენტ-კიტსი და ნევისი – ბრიტანული თანამეგობრობის წევრი 

ფართობი: 261 კვ. კმ 

სახელმწიფო კარიბის ზღვაში მდებარე სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისგან შედგება. ისინი ქრისტეფორე კოლუმბმა 1493 წელს აღმოაჩინა, მაგრამ ესპანეთის მმართველებს მათზე დომინირების სურვილი ვერ გაუჩინა. სამაგიეროდ, ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიწყეს ბრძოლა მცირე ანტილის კუნძულებზე გავლენის მოსაპოვებლად, ვიდრე ბრიტანეთმა არ იმარჯვა. ვესტ-ინდოეთში სენტ-კიტსი და ნევისი ევროპელებისგან დასახლებულ პირველ მიწებად და მრავალი საუკუნის განმავლობაში შაქრის ძირითად ექსპორტიორად ითვლებოდა. 2020 წლის მდგომარეობით, მოსახლეობა 53.000-ს აჭარბებს. დღეს აქ ძველ პლანტაციებს სასტუმროებად გადაკეთებული კოლონიური ადგილმამულები თუ მოგაგონებთ. 

1983 წელს სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ბრიტანული თანამეგობრობის სახელმწიფოდ დარჩა. ასე რომ, აქ მონარქად ისევ ელისაბედ II მიიჩნევა. ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკა ტურიზმზე, სოფლის მეურნეობასა და მცირე საწარმოებზეა აგებული. ქვეყანა დაივინგისთვის „ზედგამოჭრილი“ და ზღვის ცხოვრებით მდიდარი ადგილებითაა განთქმული. 

9. მალდივის რესპუბლიკა (მალდივები) – აზიის ყველაზე პატარა ქვეყანა 

ფართობი: 298 კვ. კმ 

ინდოეთის ოკეანეში 90 ათას კვადრატულ კი¬ლომეტრ ფართობზე მიმოფანტული 26 ატოლი, რომელიც თავის მხრივ 1192 მარჯნის კუნძულს მოიცავს – ასეთია მალ¬დივის რესპუბლიკის სტრუქტურული შემადგენლობა. თოვლივით ქათქათა ქვიშის პლაჟები და კრისტალურად ცისფერი ზღვის წყალი ქვეყანას დასასვენებელ სამოთხედ აქცევს. თუმცა, 2020 წლის კვლევათა შედეგად ფლინდერსის უნივერსიტეტის (ავსტრალია) მეცნიერებმა მალდივები პლანეტაზე მიკროპლასტიკით ყველაზე დაბინძურებულ ადგილად აღიარეს. ამან კი, ქვეყანაში მარტო ტურიზმის განვითარებას კი არა, შესაძლოა სიცოცხლის არსებობასაც ხელი შეუშალოს. დღეის მდგომარეობით, კუნძულებზე 79 000-ზე ოდნავ მეტი მაცხოვრებელია. 

ერთი უცნაური გარემოებაც. მალდივებზე მოქმედი კანონით, აქ ღორის მსგავსად ძაღლის ყოლაც აკრძალულია. ამ უკანასკნელს ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების არსენალში თუ ნახავთ – მაძებარი ძაღლები პოლიციას კონტრაბანდული საქონლის აღმოჩენაში ეხმარებიან. 

10. მალტა – ქვეყანა მდინარეებისა და ტბების გარეშე 

ფართობი: 316 კვ. კმ 

მალტის რესპუბლიკა ერთ კი არა, ხმელთაშუა ზღვის არქიპელაგის შემქმნელ 8 კუნძულს მოიცავს. ასეთ პატარა ტერიტორიაზე ნახევარ მილიონამდე მცხოვრები სახლობს. მოსახლეობის სიმჭიდროვით მალტა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ამის მიუხედავად, იგი ევროკავშირის ყველაზე მცირერიცხოვანი წევრი-ქვეყანაა. 

მალტა ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მტკნარი წყლის არავითარი წყარო არაა (აქ არც მდინარეა და არც ტბა) – იგი მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ. შესაბამისად, ყოველდღე აბაზანის მიღება მალტაზე დიდ ფუფუნებად ითვლება. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა