ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
დოღი – ჟოკეისა და ცხენის ურთიერთობით მოგებული მილიონები - №4(65), 2020
ბედაურებით შეჯიბრის ისტორია და დღევანდელობა 

„ცხენები ჩემთვის ნამდვილი სულიერი მოსვენების საშუალება გახდა: იმის ნაცვლად, რომ ოფისში დავღლილიყავი ან სახლში უსასრულო სატელეფონო საუბრებში მეხარჯა დრო, საკუთარი გონება დოღზე გადავრთე. რომ იტყვიან, თავით გადავეშვი ამ ჰობში, რომელმაც მკაცრი საფეხბურთო ყოველდღიურობისგან თავი დამაღწევინა და სამსახურეობრივი ტყვეობისგან გათავისუფლებაში დამეხმარა“, – წერს თავის ავტობიოგრაფიაში ცნობილი შოტლანდიელი საფეხბურთო სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონი. 

კიდევ ერთმა ცნობილმა ბრიტანელმა, დეტექტიური პროზის ავტორმა დიკ ფრენსისმა (Dick Francis), ვიდრე საქვეყნოდ აღიარებული მწერალი გახდებოდა, 12 წელი ჟოკეის რანგში იმუშავა. მან 400-მდე დოღი მოიგო და 1953-1954 წლებში პრესტიჟული ბრიტანეთის ნაციონალური ნადირობის გამარჯვებულიც გახდა. სპორტული კარიერის ბოლო წლებში ფრენსისი ბრიტანეთის დედა-დედოფლის ელისაბედ ბოუზ-ლაიონის (Elizabeth Bowes- Lyon) ცხენების ჟოკეი იყო. 

დოღი ჯიშიანი საჯდომი ცხენების გამოცდაა, რომლის მიზანია მათი სისწრაფის, გამძლეობისა და სხვა თვისებების გამოვლენა. იგი ტრადიციულად იპოდრომზე ან სწორ ადგილზე იმართება და დისტანციის სწრაფად გავ¬ლაში გამოიხატება. გარბენის შედეგებზე საბუკმეკერო კანტორების მეშვეობით ფულადი ფსონები კეთდება, რაც ფეხბურთის შემდეგ ალექს ფერგიუსონის მეორე საყვარელი საქმე გახდა. 

„ჩემს პირველ ბედაურს იმ გემის პატივსაცემად, რომლის მშენებლობაზეც ბაბუაჩემი მუშაობდა, „ქუინსლენდ სტარი“ დავარქვი. მე ხშირად მიყვებიან მფლობელებზე, რომელთა ცხენებს დოღზე არასდროს უმარჯვიათ და თავს ვიმშვიდებ, რადგან ჩემს ანგარიშზე უკვე 70-მდე მოგებაა. ამჟამად, ნაწილობრივ ან მთლიანად 30 ბედაურის მეპატრონე ვარ“, – იხსენებდა შოტლანდიელი მწვრთნელი ავტობიოგრაფიაზე მუშაობისას (2013). 

დოღის წარმოშობის ისტორიული რაკურსი 

დოღს საკმაოდ ძველი ისტორია აქვს. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ პირველი დოღი ძველ საბერძნეთში და ინდოეთში შედგა, შემდეგ უკვე ბაბილონში, სირიასა და ეგვიპტეში. მისი ყველაზე ადრეული ხსენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს ფიქსირდება. ეს ჰობი, სპორტის სახეობა (როგორც გსურთ ისე მოიხსენიეთ), ყოველთვის მთავარ როლს თამაშობდა მითებსა და ლეგენდებში – ისეთში, როგორიცაა სკანდინავიური ღმერთი ოდინის ცხენებისა და უზარმაზარი გოლიათი ჰრუნგნირის პაექრობა ნორვეგიულ მითოლოგიაში.
 
ეტლებში შებმული ოთხეულით დოღი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძველბერძნული, რომაული და ბიზანტიური სპორტის სახეობა იყო. ჩვ.წ.აღ-მდე 648 წლის ძველბერძნულ ოლიმპიადაზე ეტლი და დოღი მთავარ მოვლენებად იყო მიჩნეული. ამ ასპარეზობათა გამარჯვებულები ნამდვილი გმირების შესადარ დიდებასა და აღიარებას იღებდნენ. დოღს უფრო მეტ პოპულარობას ანიჭებდა მათში ცნობილი ანტიკური იმპერატორების ნერონის, კალიგულასა და დომიციანის აქტიური მონაწილეობა. 

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დოღის პოპულარობამ იკლო, თუმცა ევროპაში ცხენებით რბოლის ასპარეზობები კვლავ ტარდებოდა. დოღის განვითარებაში ახალი ტალღა დაიწყო XVII საუკუნეში, როცა ინგლისში ცხენის განსაკუთრებული ჯიში იქნა გამოყვანილი, რომელიც დოღისთვის საუკეთესო თვისებებს ფლობდა. ეს ჯიში არაბული ბედაურების „მასალისგან“ მიიღებოდა, რომლებიც გამძლეობით, სისწრაფით, სილამაზითა და მოხდენილობით გამოირჩეოდნენ. 

როცა XVIII საუკუნის დასაწყისში ინგლისის სათავეში დედოფალი ანა (Anne Stuart) მოვიდა, საცხენოსნო შეჯიბრი პროფესიონალურ სპორტად ჩამოყალიბდა. მცირემასშტაბური ასპარეზობები მრავალგარბენიან ტურნირებად გარდაიქმნა. მთელ ბრიტანეთში იპოდრომების მშენებლობა დაიწყეს, რაშიც დიდი ფული ჯიბესქელმა არისტოკრატებმა ჩადეს. საცხენოსნო არენები გაჩნდა ეპსომში, ასკოტში, ნიუმარკეტში და დონკასტერში. მოგვიანებით საიპოდრომო შენების ბუმმა საფრანგეთიც მოიცვა. ყველაზე ცნობილი ფრანგული იპოდრომი ლონშანში (Longchamp) გააშენეს, სადაც პრესტიჟული დოღები დღესაც იმართება. 

ჯიშიანი ცხენების მოშენებით ბევრმა შემოსავალი გაიჩინა. გამოიყვანეს ჩქაროსნული სუფთა სისხლის ჯიშის ბედაურები. ასეთი ცხენების გამოჩენამ დოღის დისტანციის ცვლილება განაპირობა – ადრინდელი 6,5-9,5 კმ შემცირდა და მაქსიმუმ 5 კილომეტრი გახდა. ასე მიეცათ სპეციალურად საამისოდ გაზრდილ ცხენებს საკუთარი სიჩქარის დემონსტრირების საშუალება. 

საცხენოსნო სპორტმა სწრაფი განვითარება დაიწყო და მისი ცენტრალიზებული მართვის აუცილებლობაც მომწიფდა. 1750 წელს პირველად მოხდა ცხენით მრბოლელთა ელიტის შეკრება. ისინი ნიუმარკეტში შეხვდნენ ერთმანეთს და პირველი ჟოკეი-კლუბი დააარსეს, რომელსაც ასპარეზობათა გამართვაზე კონტროლის უფლებამოსილება მიეცა. პირველად სწორედ ინგლისელებმა დაიწყეს დოღის რეკორდების დაფიქსირება და ცხენების მეტსახელთა რეგისტრირება. ეს კლუბი ცხოველის მეპატრონეს ბრიტანეთში ცხენის ყველა წინაპრის წარმომავლობის კონტროლს ავალდებულებდა. პირველი, ვინც ასეთ აღრიცხვას მიჰყო ხელი ჯეიმს უეტერბი იყო. 1793 წლიდან, მისი ოჯახის ყველა წევრს ე.წ. აღრიცხვის ჟურნალში შეაქვს ჯიშიანი ცხენის სახელი. XIX საუკუნიდან დოღში მონაწილეობა მხოლოდ ასეთ წიგნაკში შეტანილ ცხენებს შეეძლოთ. ასეთ ბედაურებს „სუფთა სისხლისა“ დაერქვათ. ყოველი მათგანის კვალზე გაყოლა აუცილებლად ჯიშის დამაარსებლამდე მიგიყვანთ. პირველი ჯიშიანი ცხენების ერთ-ერთ მემკვიდრეებად ითვლებიან არაბული ბედაურები ბაიერლი და დარლი. 

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე კლუბის დამაარსებელთა გადაწყვეტილებით, დოღის მონაწილე რომ გამხდარიყო, ცხენის მეპატრონეს თავად შეეძლო უნაგირზე შეჯდომა, ან მის ნაცვლად უბრალო ნაცნობი ან საჯინიბოს ნებისმიერი მომსახურე დაესვა. იმ პერიოდში გამარჯვებულის საჯინიბოს ფერი სპეციალურ წიგნში შეჰქონდათ. ამ ტრადიციას სუფთა სისხლის საჯირითო ჯიშის ბედაურთა დოღებისას დღესაც იცავენ. სხვა დოღების დროს კი, ფიქსირდება ჟოკეის ჩაცმულობის ფერი და არა საჯინიბოსი. 

ამერიკული ისტორია 

როცა ამერიკაში პირველი კოლონისტები გამოჩნდნენ, მათ თან ცხენებიც ჩაიყვანეს. კონტინენტზე ცხენის გამოჩენამ დოღიც გააჩინა. ლონგ-აილენდი პირველი ადგილი გახდა, სადაც იპოდრომი ააგეს. ეს მოხდა 1665 წელს. დასახლებულთა შორის ცხენებით რბოლა მალე გახდა პოპულარული, მაგრამ მისთვის ორგანიზებული სპორტის სახეობის დარქმევა ჯერ ნაადრევი იყო. სუფთა სისხლის ბედაურთა აღრიცხვა შეერთებულ შტატებში მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1868 წლიდან დაიწყეს. 

ამ პერიოდიდან აშშ-ში ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და მასთან ერთად განვითარება აზარტული თამაშების ბიზნესსაც დაეტყო. დოღების ირგვლივ ნამდვილი ბუმი იყო. XIX საუკუნის ბოლოს ქვეყანაში 300-ზე მეტი ტრეკი ფუნქციობდა. 

ცენტრალიზებული მართვის გარეშე დოღების განვითარების სწრაფმა ტემპმა, ტრეკების მართვაში კრიმინალური საქმოსნების ჩართვა გამოიწვია. ბუნებრივია, ამით უკმაყოფილო იყვნენ იპოდრომების მოწესრიგებული მფლობელები. ასეთი განუკითხაობის ბოლოს მისაღებად ისინი 1894 წელს ნიუ იორკში შეიკრიბნენ და ამერიკული ჟოკეი-კლუბი ჩამოაყალიბეს. ეს გაერთიანება ინგლისური კლუბის მსგავს პრინციპებზე შეიქმნა. 

ამ ორგანიზაციამ პრაქტიკულად ყველა შეჯიბრი საკუთარ მმართველობის ქვეშ მოაქცია და ძირითადად კორუფციის მოსპობა შეძლო. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში თითქმის ყველა საბუკმეკერო კანტორა განადგურდა. მათ საქმიანობაზე ამერიკის უმეტეს შტატებში აკრძალვის ვერდიქტი მიიღეს. ქვეყანაში მხოლოდ 25 იპოდრომი მუშაობდა. თუმცა, მოხდა კიდევ ერთი სიახლე. 1908 წელს კენტუკიში დერბიზე სანაძლეო ორმხრივი ფსონები შემოიღეს (Parimutuel ფსონი, როდესაც მონაწილეების ფული ერთიანდება და პროპორციულად ნაწილდება გამარჯვებულებზე). ეს გახდა ეპოქალური მომენტი საცხენოსნო სპორტში. გამალებულად დაიწყეს ახალი ტრეკების მშენებლობა. Aასეთი ორმხრივი ფსონები სხვა შტატებმაც დააკანონეს. ეს ყველაფერი ფსონების სიდიდის შემცირების სანაცვლოდ კეთდებოდა. 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში საცხენოსნო სპორტის აყვავება დაიწყო. იმ პერიოდში სარბენ ბილიკებზე სუფთა სისხლის ბედაური Man o’War ბრწყინავდა, რომელსაც ბევრი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საჯირითო ცხენად მიიჩნევს. კარიერაში (1919-1920) გამართული 21 გარბენიდან მან 20-ში იმარჯვა და მისი მფლობელის საფულეს 249.465 აშშ დოლარი (დღევანდელი კურსით 3.184.000 დოლარი) შემატა. 1920 წლის დაუმარცხებელი სეზონის შემდეგ 3 წლის Man o’War პენსიაზე გავიდა. სხვათა შორის, მისმა მფლობელმა სემუელ დოილ რიდლმა (Samuel Doyle Riddle), 1939 წელს სახელოვანი ბედაურის სანაცვლოდ შეთავაზებულ მილიონ დოლარზე თქვა უარი. Man o’War 1947 წელს, ზედიზედ მეორე გულის შეტევით მოკვდა. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში დოღი ძველებურად პოპულარული აღარ იყო. მისგან ქვეყანაში ძველი დიდების დაბრუნება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ცხენების დოღის განვითარების ძირითადი მიზეზი არის ფსონები, რომლებსაც საბუკმეკერო კონტორები მათი მიმდინარეობისას იღებენ. აქ აქტიურად დაიწყეს ფსონების პარი სისტემის მიხედვით მიღება, რომელიც საუკუნე-ნახევრის წინათ საფრანგეთში ემიგრირებულმა ესპანელმა ჟოზეფ ოლერმა (Josef Oller i Roca) შეიმუშავა. მხარეებს შორის გაფორმებული სანაძლეოდან ფსონის 14-25% მიდის ტრასის ექსპლუატაციასა და გადასახადების დაფარვაში, დანარჩენი მოგებულის ჯიბეში. 

დოღის წარმართვის თავისებურებები – ჟოკეი, მისი წონა და ჰონორარი 
ზოგადი წესების მიხედვით დოღი რამდენიმე დღე მიმდინარეობს. თითოეული გარბენის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წუთია. გარბენებს შორის შუალედში კი, მაყურებელს ფსონის დადებაც შეუძლია და წახემსებაც. 

გარბენამდე 10 წუთით ადრე ჟოკეებს ცხენები მინდორზე გამოჰყავთ და ისე გაატარებენ, რომ ყველა მსურველმა შეძლოს მათზე თვალის შევლება. ამის შემდეგ მონაწილეები სასტარტო ბოქსებში შედიან და სასტარტო გასროლას ელოდებიან. სპეციალური სიგნალის შემდეგ ცალკეული კაბინის კარი იღება და ცხენები საშეჯიბრო დისტანციის დასაფარავად მიემართებიან. 

ცხენის გარდა დოღში გადამწყვეტი როლი სხვა მონაწილეებსაც აკისრიათ. მაგალითად, ჟოკეი (მხედარი), მწვრთნელი (ადამიანი, რომელიც ცხენის შერჩევასა და მის გაწვრთნაზეა პასუხისმგებელი) და დამწყები (ცხენისა და მხედრის მომმზადებელი ადამიანი, რომელიც მათ გარბენში სწორად სტარტის აღებაში ეხმარება). 

თუ მწვრთნელი ვარჯიშისას და გარბენისას სტრატეგიას განსაზღვრავს, ჟოკეი ერთგვარი ტაქტიკოსია. ეს უკანასკნელი ცხენთან უფრო მჭიდრო შეხებაშია, პოეტურად რომ ვთქვათ – მისი სულიერი გზა-კვალი იცის. ეს მაშინ, თუ ჟოკეი ცხენს დაბადებიდან იცნობს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა მხედარს ბედაურს გარბენის დაწყებამდე აბარებენ. თუ ცხენის ჯიშისგან გამოყვანისას ყველა სასელექციო პირობაა დაცული, ადამიანს უცნობ ცხოველთან საერთო ენის მონახვა არ უნდა გაუჭირდეს. 

ჟოკეის სიმაღლე 150-167 სანტიმეტრის ფარგლებშია. მას გარბენამდე და მის შემდეგაც წონიან, რადგან უმეტეს პროფესიონალურ დოღებში ჟოკეის მასა დაწესებულ ზღვარში უნდა ხვდებოდეს. თუ მხედარი საკმაოდ პატარაა, მას უნაგირზე ერთგვარ საპირწონეს უმატებენ, აი, ნორმაზე მეტს კი ვერაფერი შველის. ზოგადად, ჟოკეის წონა 50-55 კგ უნდა იყოს. 

დოღში მონაწილე მხედრები არც ისე დიდ თანხას გამოიმუშავებენ. თვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი ჟოკეი იმ თანხის 10%-ს იღებს, რასაც ცხენის მეპატრონე. მაგალითისთვის დუბაის მსოფლიო თასი ავიღოთ, სადაც პირველი ადგილის მფლობელი დაახლოებით 10 მილიონი დოლარით ჯილდოვდება. ამ თანხიდან 60% ცხენის პატრონისაა, 10% – ჟოკეის. მეორე-მესამე ადგილზე გასულ მხედრებს 5-5% ერგებათ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ კარგი ანაზღაურების მისაღებად ჟოკეის „სიქა ძვრება“ და დღეში რამდენიმე გარბენში იღებს მონაწილეობას. როგორც წესი, მათ სარეკლამო სპონსორები არ ჰყავთ, თუმცა, ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობენ. „ამერიკელ ფარაონზე“ ამხედრებულმა მექსიკელმა ვიქტორ ესპინოზამ (Victor Espinoza) კონტრაქტი ენერგეტიკული სასმელების კორპორაცია Monster Beverage-თან 2014 წელს გააფორმა, ხავიერ კასტელანომ (Javier Castellano) და ჯონ ველასკესმა (John R. Velazquez) კი, თანამშრომლობა საავტომობილო მარკა RAM-თან დაიწყეს. 

სხვათა შორის, ამ სამეულისთვის დოღებში გამომუშავებული თანხის ოდენობით საუკეთესო სეზონი 2015 წელს იყო. 1507 გარბენში კასტელანოს პირადმა შემოსავალმა 2,25 მილიონი დოლარი შეადგინა (საპრიზოებით კუთვნილი თანხა 28,1 მლნ დოლარი იყო. სხვაობა გადასახადებსა და ცხენის მეპატრონის ჯამაგირში წავიდა), ესპინოზამ 1,68 მილიონი დოლარი (სულ 15,7 მლნ დოლარი) 495 გარბენში მიიღო, ხოლო ველასკესს 1,63 მილიონი დოლარის (სულ 20,4 მლნ დოლარი) გამოსამუშავებლად 1001 გარბენში მონაწილეობა დასჭირდა. ცნობისთვის, ვიქტორ ესპინოზამ ამ წელს საცხენოსო „დიდი სლემი“ – „სამმაგი გვირგვინი“ მოიგო. იგი გადაეცემა ჟოკეის, ვინც აშშ-ში „კენტუკის დერბის“, პრიკნესის და ბელმონტის დოღებზე ზედიზედ იმარჯვებს. 

ყველაზე ცნობილი ცხენის დოღები 

უმეტესი ქვეყნები, სადაც სპორტის ამ სახეობას მისდევენ, ინგლისურ ტრადიციებს იცავენ და დოღს ბალახის საფარიან ტრეკებზე მართავენ. ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში სარბენი ბილიკის სხვა ვარიანტია გავრცელებული – მიწის საფარი. დოღმა უდიდესი პოპულარობა შეიძინა იაპონიასა და ჰონკონგში. აქ მომუშავე საბუკმეკერო კონტორები ყოველ გარბენზე ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობით ფსონებს იღებენ, რაც ევროპისა და ამერიკის ტოტალიზატორების შემოსავალზე ბევრად დიდია. იაპონურ დოღში მონაწილეობის უფლება კარგა ხანს მხოლოდ ამ ქვეყანაში გამოყვანილ ბედაურებს ჰქონდათ. 

საკმაოდ დიდია დოღის პოპულარობა ავსტრალიაში. მწვანე კონტინენტზე უმთავრესი მოვლენაა მელბურნის თასი (Melbourne Cup Carnival), რომელიც 1861 წლიდან მოყოლებული, ნოემბრის პირველ სამშაბათს იმართება. შარშან პანდემიის გამო, ფლემინგტონის იპოდრომზე ორმილიანი დისტანციის დაფარვას მხოლოდ დოღის მომსახურე პერსონალმა ადევნა თვალი. წლის უმთავრეს სანახაობაზე მაყურებლის დასწრების რეკორდი 2003 წელს დაფიქსირდა – 122.736. სხვათა შორის, ამ წელს დოღზე პირველად იმარჯვა ბრიტანული ჯიშის Makybe Diva-მ, რომელმაც იგივე წარმატება მომავალ ორ სეზონშიც (სამივე შემთხვევაში მისი ჟოკეი გლენ ბოსი იყო) გაიმეორა, რაც თასის გათამაშების 160-წლიან ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. შარშანდელი ფინალის საპრიზო ფონდი 8 მილიონი ავსტრალიური დოლარი (6.185.539 აშშ დოლარი) იყო და იგი პირველიდან მე-12 ადგილზე გასულ მონაწილეებზე ასე განაწილდა: გამარჯვებულმა 4,4 მილიონი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა – 1,1 მილიონი, მესამემ – 550 ათასი, მეოთხემ – 350 ათასი, მეხუთემ – 230 ათასი, მეექვსედან მეთორმეტე ადგილზე გასულების ჩათვლით – 160-160 ათასი დოლარი. 

ევროპულ დოღებზე დიდი ხანია რაც ალ მაკტუმის დინასტიის არაბი შეიხები ლიდერობენ. 1980-იანი წლებიდან მათ საჯირითო ჯიშის სუფთა სისხლის ყველა ძვირადღირებული ბედაური შეიძინეს, რის გამოც კონტინენტის ყველა მთავარი დოღის გამარჯვებულები არიან. მარტის ბოლოს, შეიხების მშობლიური ქალაქი The Dubai World Cup-ს მასპინძლობს (იგი დიდი ტურნირებიდან ყველაზე ახალგაზრდაა – 1996 წლიდან იმართება), სადაც მაკტუმები საკუთარი ცხენებისთვის (ზემოთ ნახსენები გარემოების გამო) ზღაპრულ პრიზებს აწესებენ. 2019-ში გამართულ დოღზე საპრიზო ფონდი 12 მილიონი აშშ დოლარი იყო. პანდემიის გამო, შარშან აქაც უმაყურებლოდ სურდათ დოღის მასპინძლობა, მაგრამ ორგანიზატორებმა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, ტურნირის 25-წლიანი იუბილე წლეულს იზეიმონ. 

ყოველი წლის ივნისის 5 დღე ეთმობა ინგლისში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ დოღს Royal Ascot. იგი პირველ რიგში იმითაა გამორჩეული, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში დედოფალმა ანამ დააარსა. მეორეც, მას თავიდან ბოლომდე სტუმრობენ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები. სხვათა შორის, ამჟამინდელ დედოფალ ელისაბედ II-ს 1945 წლიდან არცერთი აქ გამართული დოღი არ გაუცდენია. აზარტული თამაშების მოყვარულთა „თხოვნით“, ბუკმეკერები დოღზე მყოფი დედოფლის სამოსის ფერზეც იღებდნენ ფსონებს. 

„ძველ სამყაროში“ საკუთარი წესები, ჩვევები და ტრადიციებია. მათი მიმდევრები უპირატესობას „ეპსომურ დერბის“ (Epsom Derby) ანიჭებენ. იგი 1780 წლიდან ტარდება და იქიდან მოყოლებული არასდროს ჩაშლილა. არ შეცვლილა ცხენების მიერ დასაფარი მანძილი – 2420 მეტრი. შარშანდელ დოღზე საპრიზო ფონდი 491.850 ფუნტი სტერლინგი (673.250 აშშ დოლარი) იყო, საიდანაც გამარჯვებულის წილი 283.550 სტერლინგი (388.125 დოლარი) შეადგენდა. გაიმარჯვა „სერპანტინზე“ ამხედრებულმა 30 წლის ირლანდიელმა ჟოკეიმ ემეტ მაკნამარამ (Emmet McNamara). დოღის გამართვის დღეს თუ უქმე არაა, ბრიტანეთის პარლამენტი აუცილებლად ისვენებს. ბრიტანეთის „სამმაგი გვირგვინის“ მისაღებად ეპსომური დერბის გარდა ნიუმარკეტში „2000 გინეის“ და დონკასტერში „სენტ ლეჯერის“ დოღების მოგებაა აუცილებელი. 

საკუთარი „ეპსომური დერბი“ აქვთ აშშ-შიც, მაგრამ დასახელება სხვაგვარად გამოითქმება „კენტუკის დერბი“. იგი ბრიტანულ „მოძმეზე“ ცოტათი ადრე – მაისის პირველ შაბათს, „ჩერჩილ დაუნს“-ის იპოდრომზე ტარდება. ლუისვილში მიმდინარე დერბის 150 ათასამდე მაყურებელი ადევნებს თვალს. მისი ჩატარების ისტორია 1875 წლიდან იწყება და დღემდე არც ის ჩაშლილა. შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 5 სექტემბერს გაიმართა. ეს იყო ამ დერბის გადადების მეორე შემთხვევა – პირველად ამის პრეცედენტი 1945 წელს მოხდა. საპრიზო ფონდს რაც შეეხება, ამერიკელებმა იგი შარშან 3 მილიონი დოლარით განსაზღვრეს, საიდანაც 1,86 მილიონი პუერტორიკოელმა ჯონ ველასკესმა „ავთენტურს“ (Authentic) მოაგებინა. 

ანალოგიური საცხენოსნო ზეიმები იმართება სხვა ქვეყნებშიც. კონტინენტურ ევროპაში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება საფრანგეთში, ბულონის ტყეში ოქტომბრის პირველ კვირას ჩატარებული დოღი ტრიუმფალური თაღის პრიზზე – Qatar Prix de l’Arc de Triomphe. 2007 წლიდან ეს ტურნირი ყატარის შეიხის ეგიდით ტარდება და საპრიზო ფონდიც 4 მილიონ ევრომდე მისი წყალობით გაიზარდა. შვეიცარიაში, ყოველი წლის თებერვლის მეორე ნახევარში იმართება St. Moritz White Turf, ირლანდიაში ადგილობრივი დერბი Budweiser Irish Derby ივნისის ბოლო კვირას ტარდება, ჰონკონგში კი, ელისაბედ II-ს პრესტიჟულ თასს Audemars Piquet Queen Elizabeth II Cup აპრილში ათამაშებენ. 

მარულა და ბახმაროს დოღი 

საქართველოში დოღი (ხევსურეთში „ცხენნი“, „ცხენდოღვი“, თუშეთში „სადგინი“) – მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრი, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, სამეგრელოში, აფხაზეთში. ხევსურეთში დოღი იმართებოდა გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში. მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი იყო (5-დან 35-მდე). მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ. ძუა-ფაფარი დაწნული და ფერადი ძაფებით შეკრული ჰქონდათ, თავ-კისერზე მძივ-ღილით გამართული საფაფრე და საშუბლე ეკეთათ. უნაგირით მხოლოდ „სულის ცხენი“ (მიცვალებულისთვის დაკურთხებული) იყო შეკაზმული. 

დოღის ანუ ცხენრბოლების დღეს ტაბლის დალოცვის შემდეგ რიგში დაწყობილი მხედრები „სულის ცხენის“ წინამძღოლობით სამჯერ შემოუვლიდნენ ფარდაგზე გაშლილ მიცვალებულის „ტალავარს“ (სამოსელს) და გაემართებოდნენ მიცვალებულის ნათესავების სოფლებისკენ. „ჭირის პატრონის“ ნათესავი მხედრებს ტაბლას უდგამდა. ბოლო ტაბლიდან მხედრები „ჭირის პატრონის“ სოფელში ბრუნდებოდნენ. აქედან იწყებოდა ნამდვილი შეჯიბრი. თუ შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი, მათ „მეგობრები“ – სხვა მხედრები ცვლიდნენ. გამარჯვებულ მხედრებს „ჭირის პატრონის“ სოფელში ჯილდოს (საქონელი, იარაღი, ტანსაცმელი და ა.შ.) ურიგებდნენ. 

საცხენოსნო შეჯიბრის უძველესი ეროვნული სახეობაა მარულა – დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ ნავარჯიშები ცხენებით. მარულა წინათ 20-25 კმ დისტანციებზე იმართებოდა. მასში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. დღეისთვის მარულა რეგლამენტირებულია შეჯიბრის ზუსტი წესებით, დისტანცია კი 8-10 კმ-ითაა განსაზღვრული. სპორტის ეს სახეობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა საქართველოს ჩემპიონატების პროგრამაში შედის. 

ბოლოს, კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში გურიაში ჩაეყარა. ფერისცვალების დღესასწაულთან (19 აგვისტო) დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა ღონისძიებები. საზეიმო წირვა აღევლინება გურიისა და მეზობელი რეგიონების სასულიერო პირთა მონაწილეობით. ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენ-მხედარი იღებს მონაწილეობას. 

ფრიდონ კერვალიშვილი