ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"ეპლმა" შესაძლოა ავტონომიური ავტომობილების წარმოება დაიწყოს - №4(65), 2020
როგორია ავტოგიგანტების შედეგები უპილოტო ავტომობილის შექმნაში

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის ბოლოს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური გიგანტი „ეპლი“ საკუთარი ავტომობილების (აიქარი) წარმოების პროექტს დაუბრუნდა. წამყვანი გამოცემების ინფორმაციით, ამერიკული კომპანია ავტონომიური ელექტრომობილების წარმოებას აპირებს. 

რა თქმა უნდა, „ეპლი“ თავის მომავალ სიახლეებზე წინასწარ არაფერს ახმაურებს ხოლმე. მაგრამ ფაქტია, რომ მას ავტოინდუსტრიასთან ამჟამადაც არაერთი პროექტი აკავშირებს. უფრო მეტიც, ამერიკული კომპანია ინტენსიურად იზიდავს გამოცდილ ავტოინჟინრებს და მენეჯერებს, რომლებსაც გამოცდილება სხვადასხვა ავტოკომპანიაში აქვთ დაგროვილი. 

"ბლუმბერგი" იხსენებს, რომ „ეპლი“ თავისი ელექტრომობილის გამოშვებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს ფიქრობდა (პროექტი ტიტანი) და პროექტი დაწყებულიც იყო, მაგრამ 2016 წელს ის შეაჩერა. მაშინ კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყურადღებას მართვის ავტონომიური სისტემის შემუშავებაზე გადაიტანდა. დაიწყო „აიქართან“ დაკავშირებულ პროექტზე მომუშავე თანამშრომლების დათხოვნა. მაგრამ გასული წლის ბოლო თვეებში, კომპანიამ „აიქარის“ პროექტი თაროდან ჩამოიღო და ახალი თანამშრომლების დაქირავება განაახლა. 

"როიტერსის" ინფორმაციით, „ეპლმა“ 2019 წელს აიყვანა „ტესლას“ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სტივ მაკმანუსი. თავდაპირველად ის არასაავტომობილო პროექტებში ჩაება, თუმცა გამოცდილი მენეჯერი ახლა უკვე თავისი პროფილით მუშაობს და ქმნის ჯგუფს, რომელმაც „აიქარი“ უნდა შემუშაოს და წარმოებისთვის მოამზადოს. ახალი თანამშრომლები, საავტომობილო ინტერიერის, მასალების შეიმუშავებაზე, ავტომობილების ტესტირებასა და წარმოებაზე არიან სპეციალიზებული. მაკმანუსი უშუალოდ ექვემდებარება „ტესლას“ კიდევ ერთ ყოფილ წამყვან ინჟინერ დაგ ფილდს, ვინც „ეპლის“ საავტომობილო პროექტს ხელმძღვანელობს. 

„ეპლში“ ასევე მუშაობს „ბეემვეს“ ავტომობილების ყოფილი ინჟინერი და „ტესლას“ და „ვეიმოს“ ყოფილი თანამშრომელი ჯონათან სივი. გასული წლის მიწურულს, ამერიკულმა კომპანიამ დაიქირავა „ტესლას“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სტიუარტ ბაუერსი, ვინც თვითმავალ ტექნოლოგიებზე მომუშავე გუნდს ხელმძღვანელობდა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, იმ ინჟინერთა უმეტესობა, რომლებიც „ეპლის“ ავტომობილის პროექტზე მუშაობენ, თვითმავალი სისტემის შექმნაზეა ფოკუსირებული. 

ავტონომიური, იგივე უპილოტო ავტომობილები 

უპილოტო ავტომობილების წარმოებაზე უკვე წლებია მუშაობენ ცნობილი ავტოგიგანტები. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი სერიული წარმოების დაწყება რამდენიმე წლის წინ დააანონსა კიდეც, თუმცა, დღემდე სრულიად ავტონომიური ავტომობილების არც ფართომასშტაბიანი წარმოებაა დაწყებული და არც შეძენის მსურველების არმიაა წინასწარი შეკვეთის რიგში ჩამდგარი. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. მესამე დონის უპილოტო მართვის შესაძლებლობის მქონე ავტომობილები ბაზარზე გამოჩნდა. 

ამ დროისთვის ამერიკის ავტომობილთა ინჟინრების ასოციაციის (SAE International) მიერ დადგენილი რამდენიმე დონე არსებობს. 
ავტონომიურობის პირველი დონე ნიშნავს, როდესაც მძღოლს არ უწევს ფეხების გამოყენება და მძღოლს ეხმარება ავტომატური ფუნქციები, რაც ზრდის უსაფრთხოების და კომფორტის დონეს (ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, ზოლიდან გასვლისას ან შესაძლო შეჯახების გაფრთხილება). 

უპილოტო სისტემის მეორე და მესამე დონე ითვალისწინებს მძღოლის მიერ მართვის სისტემაზე სრულად გადაცემას, თუმცა, მისი ყოფნა საჭესთან აუცილებელია და ხელი საჭეზე უნდა ჰქონდეს. საჭიდან ხელის აღება მცირე ხნით არის შესაძლებელი. 

მეოთხე დონის ავტოპილოტის დროს ავტომობილი მძღოლის გარეშე გადაადგილდება, თუმცა, მხოლოდ სპეციალურ ტრასებზე. 

მეხუთე და ბოლო დონე კი ეს არის ავტოპილოტი შეზღუდვების გარეშე, რომელსაც არც მძღოლი სჭირდება და არც მართვის ორგანოები, როგორებიცაა საჭე ან სატერფულები. 

უპილოტო ავტომობილის მესამე დონე, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მაღალია ათვისებულ დონეებს შორის, საშუალებას აძლევს მძღოლს მანქანაში დარჩეს, თუმცა, არ უყუროს გზას და მაგალითად, წიგნი წაიკითხოს. იმავდროულად, ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმში რჩება დაბალი სიჩქარის გზებზე და საცობებში. მსგავსი ტიპის ავტომობილებს გერმანული ავტომწარმოებელი „აუდი“ ჰყიდის. 

რაც შეეხება სრულიად დამოუკიდებელი მართვის სისტემის მქონე, უპილოტო ავტომობილის პროექტზე მუშაობას, ყველაზე აქტიურად „გუგლმა“ დაიწყო და 2014 წელს პირველი პროტოტიპიც წარმოადგინა. „გუგლის“ ავტომობილი, საკმაოდ მოკრძალებულ ზომებში გამოიყურებოდა – მხოლოდ 2 მგზავრზე გათვლილი და მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ აჭარბებდა. 

საცდელ პერიოდში იყო სატრანსპორტო შემთხვევებიც, თუმცა, მძიმე შედეგი არ მოჰყოლია და კომპანიის წარმომადგენლებმა ავარიის მიზეზად გზის საფარზე არსებული უწესრიგობა თუ სხვა მოძრავი ავტომობილის მიერ არასწორი მანევრი დაასახელეს. 

2017 წელს „გუგლმა“ უკვე მოკავშირე კომპანია „ვეიმოსთან“ ერთად წარმოადგინა უპილოტო ავტომობილი. არიზონას შტატში ტესტირებაზე 500-მდე მინივენი გამოიყვანეს. 

ტესტირებას ატარებენ აგრეთვე სხვა ავტომწარმოებლებიც. მაგალითად, შვედურმა ავტოკონცერნმა „ვოლვომ“ 2017 წელს გამოაცხადა, რომ უპილოტო ავტომობილების წარმოებაში ერთვებოდა. „ვოლვო“ ახალი პროექტის ფარგლებში კომპანია Nvidia-სთან გაერთიანდა და გამოიყენებს მის Drive PX-ს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს შეაგროვოს მონაცემები 12 ვიდეოკამერიდან, ლიდარიდან, რადარიდან და ზებგერითი სენსორებიდან. პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც უპილოტო სისტემა იფუნქციებს, Autoliv-ის მიერაა დაწერილი, რომელთანაც „ვოლვომ“ პარტნიორობა ახალი სახელით – Zenuity დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ნაწილი ექსკლუზიურად „ვოლვოსთვის“ იქნება განკუთვნილი, სხვა ასპექტები, რომელთაც „აუტოლივი“ შექმნის, სხვა ავტომწარმოებლებზეც გაიყიდება. 

ფუტურისტული ტრანსპორტის წარმოებაში ჩართულნი არიან: „ტესლა“, „გუგლი“, „ვოლვო“, ამერიკული „ფორდი“, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ავტომობილები თოვლიან გარემოშიც გამოსცადა და ასევე სხვა მწარმოებლებიც. 

გასული წლის მეორე ნახევარში კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ძალიან ახლოსაა სრულიად ავტონომიური სისტემის შექმნასთან, რომელიც დაინერგება ბრენდის მიერ წარმოებულ ელექტრომობილებში. საუაბრია მეხუთე დონის უპილოტო მართვის სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის გადაადგილებას მძღოლის გარეშე. 

შარშან, დეკემბერში კიდევ ერთი ავტოგიგანტი „ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, თუ როდის დაიწყება უპილოტო ავტომობილების გაყიდვა. 

გამოცემა Wirtschaftswoche-მ „ფოლკსვაგენის“ დირექტორის ჰერბეტ დისის კომენტარი გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ავტონომიური ავტომობილების გამოსვლამდე სულ რამდენიმე წელია დარჩენილი და გაყიდვები შესაძლოა 2025-2030 წლებში დაიწყოს. 

გერმანული კონცერნის დირექტორის განცხადებით, სულ რაღაც 5-10 წელში ტექნოლოგია ისე დაიხვეწება, რომ ავტონომიური ავტომობილების ბაზარზე გამოსვლა რეალური გახდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

„ფოლკსვაგენი“ უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებისთვის დახარჯული რესურსის გაზრდასაც გეგმავს და ელექტრონული, ავტონომიური მანქანების წარმოებაში 73 მილიარდ ევროს დახარჯავს. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ბრენდის პირველი უპილოტო მოდელი შესაძლოა 2024 წელს უკვე მზად იყოს. 

გარდა ამისა, „ფოლკსვაგენი“ გეგმავს, რომ ელექტროქარების წარმოებით 2023 წლისთვის „ტესლასაც“ გადაუსწროს. თუმცა, საუბარი არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზეა. 

გასული წლის 11 ნოემბერს იაპონურმა „ჰონდამ“ გამოაცხადა რომ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ გასცა უსაფრთხოების სერტიფიკატი ავტონომიურობის მე-3 დონის მქონე ავტომობილ Traffic Jam Pilot-ზე. რამდენადაც, იაპონიაში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც ნებადართულს ხდის მე-3 დონის ავტონომიის მქონე მანქანებით გადაადგილებაზე, „ჰონდა“ იქნება პირველი ავტომწარმოებელი მსოფლიოში, ვინც ასეთი მანქანების მასობრივად წარმოებას შეძლებს. 

კომპანიის ცნობით, სედანი Honda Legend რომელიც აღჭურვილია Traffic Jam Pilot ტექნოლოგიით, იაპონიაში 2021 წლის მარტის ბოლოდან გაიყიდება. 

მოდელის ფასი დაახლოებით 10 მილიონი იენი (95 000 აშშ დოლარი) იქნება, რაც 40%-ით ძვირია, ვიდრე იგივე მოდელის, ოღონდ ავტონომიური კონტროლის გარეშე. 

„ჰონდა“ გეგმავს, რომ მე-4 დონის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის დამუშავებასა და სერტიფიცირებას 2025 წლისთვის დაასრულებს. 

ისევ "ეპლი" – პროექტი "ტიტანი"  
 
„უოლ სტრიტ ჯორნელის“ ინფორმაციით, „ეპლის“ ავტომობილის პროექტის კოდური სახელწოდებაა „ტიტანი“. ამავე გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე „რამდენიმე ასეული“ სპეციალისტი მუშაობს. ამერიკული კომპანიის ავტომობილებით დაინტერესების კიდევ ერთი მიმანიშნებელია ის ფაქტი, რომ ის მოლაპარაკებას აწარმოებს კორეულ „ჰიუნდაისთან“. 

კორეულ გამოცემა „კორეა IT ნიუსის“ ინფორმაციით, ორი კომპანია ხელშეკრულებას სავარაუდოდ, მარტისთვის გააფორმებს. ამავე გამოცემის ვარაუდით, ისინი ერთობლივი პროდუქტის წარმოებას შეერთებულ შტატებში, 2024 წელს დაიწყებენ. 

უფრო ადრე, „ჰიუნდაიმ“ დაადასტურა, რომ „ეპლთან“ მოლაპარაკებას აწარმოებდა. თემა თვითმავალი ელექტრომობილის წარმოებაში თანამშრომლობაა. ამ ინფორმაციის გავრცელებას, კორეული კომპანიის აქციების 20-პროცენტიანი ზრდა მოჰყვა. 

ამ ეტაპზე, ყველა ინფორმაცია მაინც ვარაუდის დონეზეა, რომელთა შესაბამისადაც, „ჰიუნდაი“ „ეპლისთვის“ ავტომობილებს „კია მოტორსის“ ჯორჯიის შტატში არსებულ ქარხანში გამოუშვებს. მეორე ვერსიით, ახალი ქარხანა აშენდება, რომელიც წლიურად 100 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. „კორეა IT ნიუსის“ ინფორმაციით, ორი კომპანია „ეპლის“ ავტომობილის ბეტა ვერსიას მომავალ წელსვე დაამზადებს. 

ახლახანს "ბლუმბერგმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, „ეპლში“ ინჟინერთა ჯგუფი, რომელთა შორისაც „ტესლას“ ბევრი ყოფილი თანამშრომელია, ავტომობილის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინზე და სავალ ნაწილზე მუშაობს. მაგრამ კომპანია მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ საკუთარი თვითმავალი ტექნოლოგიების სადემონსტრაციოდ, სრულად ავტონომიური ავტომობილის პროტოტიპი დაამზადოს, რომლის სერიულ წარმოებასაც არ გეგმავს. 

ილონ მასკის შეთავაზება 

საავტომობილო ბიზნესით „ეპლის“ შესაძლო დაინტერესების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი „ტესლას“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ „ეპლს“ თავისი კომპანია, საკმაოდ იაფად შესთავაზა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც „ტესლას“ რთული პერიოდი ჰქონდა. მაგრამ „ეპლის“ შეფმა ტიმ კუკმა ამ საკითხზე მოლაპარაკებაც კი არ ისურვა. 

საქმე ისაა, რომ მათ შორის მოლაპარაკება 2013 წელს გამართულა, მაგრამ მაშინ მასკს „ტესლას“ გაყიდვა გადაუფიქრებია. და როცა თავად მოისურვა თავისი კომპანიის „ეპლისთვის“ მიყიდვა, კუკისგან მშრალი უარი მიიღო. 

პრესაში წერენ, რომ „ეპლი“ საავტომობილო ელემენტების წარმოებაში რევოლუციას გეგმავს. ეს ამბავი მასკის ყურამდეც მივიდა, რომელმაც განაცხადა, თუ ეს მართალია, გასაკვირი იქნებაო. 

მასკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის „ეპლს“ თავისი კომპანიის მიყიდვას იმის მეათედ ფასში სთავაზობდა, ვიდრე ამჟამად ღირს. დღეს „ტესლას“ საბაზრო ფასი 600 მილიარდ დოლარზე მეტია. 

მოგვიანებით, როგორც თავად მასკი წერს, 2017-2019 წლებში „ტესლა“ გაკოტრების პირას იყო და სწორედ ამ დროს სცადა მან კომპანიის „ეპლისთვის“ მიყიდვა. სხვათა შორის, 2013 წელს „ეპლი“ „ტესლას“ შესყიდვის მთავარ პირობად, კომპანიიდან მასკის წასვლას აყენებდა, რაზეც უარი მიიღო. 

ტიმ კუკი "ეპლის" ავტომობილის შესახებ 

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი "ბლუმბერგს", მართვის ავტონომიური ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ მისი კომპანია, სწორედ ავტონომიურ სისტემებზეა ფოკუსირებული. უფრო მეტიც, კომპანიაში თვლიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ავტოინდუსტრიაში მალე წინა პლანზე წამოიწევს. 

ამასთან, „ეპლში“ ასეთ ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტის „ყველა პროექტის დედად“ მიიჩნევენ. კუკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის პროექტებს შორის, საავტომობილო ავტონომიური სისტემები „ალბათ ყველაზე რთულია“. 

"ბლუმბერგთან" საუბრისას, კუკს არაფერი უთქვამს ავტომობილების წარმოებით მისი კომპანიის შესაძლო დაინტერესებაზე. ის ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიის შემუშავების და სრულყოფის შემდეგ, მას სად გამოიყენებენ, ეს მოგვიანებით გადაწყდება. 

ის დასძენს, რომ ამჟამად „ეპლი“ მუშაობს ყველაფერზე, რაც ავტომობილს ეხება, იქნება ნავიგაციის სისტემები, გართობის ტექნოლოგები, თუ უსაფრთხოება და დამხმარე სისტემები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ „ეპლი“ თავად გამოუშვებს ავტომობილებს, მაგრამ მისი პროდუქცია რომ ავტომობილებში მალე გამოჩნდება, ეს მაინც სავარაუდოა. 

"ბლუმბერგზე" ადრე, კუკი გამოცემა „ფორჩუნს“ ესაუბრა, რა დროსაც განაცხადა, რომ მის კომპანიას, ამ სფეროში უზარმაზარი სახსრების დახარჯვა არ სურს. საერთოდ, როცა „ეპლი“ მისთვის რომელიმე ახალ სფეროში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, ის ამ სფეროში რჩება. ამიტომ, საავტომობილო ინჟინრების დაქირავების მიზანი, თუნდაც ამ სფეროში კვლევისთვის იყოს გამიზნული, „ეპლის“ ზემოთ ნახსენები ტრადიცია იმის მომასწავებელი შეიძლება იყოს, რომ ამერიკული კომპანია ავტოინდუსტრიაში დარჩება და ადრე თუ გვიან, ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ამისკენ კომპანიას, თუნდაც „ტესლას“ წარმატება უბიძგებს. 

როდის შეიძლება ვიხილოთ "ეპლის" "აიქარი"? 

იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკულ კომპანიას თავის ავტომობილზე მუშაობა დაწყებული აქვს, უახლოეს მომავალში მას მაინც ვერ ვიხილავთ. ვერც მის სატესტო პროტოტიპს. "როიტერსმა" გასული წლის მიწურულს დაწერა, რომ „აიქარის“ პრემიერა 2024 წლისთვის არის მოსალოდნელი. "ბლუმბერგი" კი წერს, რომ წარმოებისთვის მომზადებულ „აიქარს“ სულ ცოტა, ხუთი წელი ვერ ვიხილავთ. 

ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომობილის შემუშავება თუ დაწყებულია, ის ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაში იქნება. მასზე მუშაობას პანდემიაც გაართულებს, რადგან ინჟინრებს დისტანციურად მოუწევთ მუშაობა. მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ეპლის“ კარგად ინფორმირებული ანალიტიკოსი მინჩი კუო ვარაუდობს, რომ „აიქარს“ 2028 წელზე ადრე არ უნდა ველოდოთ. 

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი გამოაქვეყნა გამოცემა „ეკონომიკ დეილი ნიუსმა“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ივარაუდა, რომ ავტოსამყარო პირველ „აიქარს“ 2021 წლის სექტემბერში იხილავს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ გამოცემის „ეპლთან“ დაკავშირებული პროგნოზები თითქმის არასდროს მართლდება. 

მერაბ ლორთქიფანიძე