ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში რამდენიმე სახეობის ვაქცინით ებრძვიან - №4(65), 2020
როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია სხვაგან და რა ხდება საქართველოში 

გასული წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. 12 თებერვლის მდგომარეობით, ვირუსი 108,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 2,4 მილიონამდე გარდაიცვალა. შარშან, თითქმის ყველა ქვეყანამ, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საზღვრები ჩაკეტა, ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა, ზოგიერთმა, კარანტინი თუ კომენდანტის საათის რამდენჯერმე გაიმეორა და ახლაც აგრძელებს... მსგავსმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება გარკვეულწილად შეაფერხა, თუმცა, უდიდესი ეკონომიკური ზარალიც მოიტანა. ქვეყნებში გაიზარდა უმუშევრობა, მოიმატა სახელმწიფო ვალებმა და ცხადია გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელიც. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, მსხვილი ეკონომიკებიდან 2020 წელს მხოლოდ ჩინეთმა შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება – წლიური ზრდა 2.3%-ია, აშშ-ის ეკონომიკა დაახლოებით 3.6%-ით შემცირდა, ევროზონის კი 7.4%-ით. საქართველოს ეკონომიკის შემცირებამ 6%-ს გადააჭარბა. 

ამიტომ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გასული წლიდან მოყოლებული გამალებული მუშაობენ ახალი კორონავი¬რუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რათა პანდემია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. როგორც იქნა, რამ-დენიმე ვაქცინამ სერტიფიცირება გაიარა და ქვეყნებმაც სასწრაფოდ დაიწყეს ვაქცინაციის პროცესი. აღსანიშნა¬ვია, რომ საქართველოში ჯერ ვაქცინა არ შემოუტანიათ და მოცემულ მომენტში მხოლოდ დაპირებები გვესმის. სტატიაში მიმოვიხილავთ, რა მდგომარეობაა მსოფლიოში ვაქცინაციის თვალსაზრისით და რა პერსპექტივაა ამ დროს საქართველოში. 

ვაქცინა და სტატისტიკა 

2021 წლის 11 თებერვალს მსოფლიოში 5,64 მილიონი აცრა გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა ინფიცირებულთა ოფიციალურ რაოდენობას, ასეთი ტემპით დედამიწის მოსახლეობის 75%-ის სრულყოფილ აცრას, ანუ იმუნიტეტის ვაქცინით გამომუშავებას 5,5 წელი დასჭირდება. მთლიანად კი მსოფლიოში 152 მილიონი ადამიანია აცრილი ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით. როგორც მსოფლიოს ჯანდაცვის ორ¬განიზაცია იუწყება, ვაქცინაციის სამ მეოთხედზე მეტი მსოფლიოს 10 ქვეყანაზე მოდის, რომელთა ეკონომიკა ჯამურად მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 60%-ია. 5 თებერვლისთვის დაახლოებით 130 ქვეყანაში, სადაც ჯამურად 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის საქართველოშიც, ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა. 

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ვაქცინის მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტების (მათ შორის უკვე მიწოდებული ვაქცინის) სახით კოვიდვაქცინის 8,56 მილიარდი დოზა არის დარეზერვებული. დიდი ეკონომიკის ქვეყნებმა გაცილებით მეტი დოზის კონტრაქტები გააფორმეს, ვიდრე მათ მოსახლეობას სჭირდება. ამ ქვეყნების ხელისუფალთ სურთ დაზღვეულნი იყვნენ სხვადასხვა ვაქცინით. მათთვის ყურადსაღებია ასევე ვაქცინის მიწოდების დროც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციას ჩაუტარებენ ასაკოვან მოსახლეობას და სამედიცინო პერსონალს, სხვა ქვეყნებს მიაწოდონ მათ მიერ დარეზერვებული ვაქცინები, ანალოგიური რისკ-ჯგუფების ვაქცინირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გებრეისუსის მოტივი გასაგებია – პანდემიას ყველა ერთად (რამდენად ერთად, მართლა საკითხავია) უნდა გაუმკლავდეს, ძნელად წარმოსადგენია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სხვადასხვა ქვეყნებმა საკუთარი, თუნდაც არა რისკ-ჯგუფებისადმი განკუთვნილი ვაქცინების დიდი რაოდენობა სხვა ქვეყნის მოსახლეობის რისკ-ჯგუფების ვაქცინირებისთვის გაიღოს. 

5 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე გამოსვლისას გებრეისუსმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ეს (ღარიბი) ქვეყნებიც მზად არიან ვაქცინაციის დაწყებისთვის, მაგრამ არსებობს ვაქცინების მწვავე დეფიციტი. ვაქცინებს, მიუხედავად ფიქსირებული ფასებისა, პირველ რიგში სწორედ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ყიდულობენ. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ეკონომიკის ქვეყნებისთვის ვაქცინის მისაწოდებლად კი კოვაქსის პლატფორმა მუშაობს. ვაქცინის დეფიციტზე და კოვაქსის პლატფორმაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. 

ისრაელის სასწაული 

ყველაზე ინტენსიურად ვაქცინაციის პროცესი ისრაელში მიმდინარეობს, რიცხვები მართლაც შთამბეჭდავია. 11 თებერვლის მონაცემებით, ევროკავშირის საერთო მოსახლეობის ყოველ ას ადამიანზე გაკეთებულია მხოლოდ 4 დოზა ვაქცინა, ხოლო ისრაელის მოსახლეობის ყოველ ას ადამიანზე გაკეთებულია ვაქცინის თითქმის 65 დოზა. ისრაელის მოსახლეობის 40%-ზე მეტი ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი, მათ შორის 25%-ს კი უკვე ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა და ისინი სრულიად ვაქცინირებულები არიან. შედარებისთვის, ვაქცინაციის ორივე დოზის აცრის რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ აშშ-ში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს ვაქცინაცის სრული ანუ ორივე დოზა მიღებული. 

ისრაელის მთავრობასა და ერთობლივი ვაქცინის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ფაიზერსა“ და გერმანულ კომპანია „ბიონტექს“ შორის დადებული ხელშეკრულება, ალბათ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი გარიგებაა, რაც კი ბოლო პერიოდში განხორციელებულა მსოფლიოში. გარიგების შედეგად ისრაელი უკვე მარტში გეგმავს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირებას (ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინირება ორი დოზის მიღებას ნიშნავს), თუმცა, ისრაელი ამის შემდგომაც აპირებს ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებას. ისრაელის მთავრობა გარიგების მიხედვით „ფაიზერსა“ და „ბიონტექს“ აწვდის სრულ ინფორმაციას ვაქცინირებულის სქესზე, ასაკზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ვაქცინირების შემდგომ პროცესზე. საგულისხმოა, რომ ისრაელის მოსახლეობის უმეტესობას აქვს ელექტრონული ჯანდაცვის ბარათები, რაც ზემოთხსენებული ინფორმაციის მიწოდებას და გადამუშავებას ადვილს და ეფექტიანს ხდის. 

გარდა ამისა, ისრაელმა ადრეულ ეტაპზე დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკება ვაქცინის მწარმოებლებთან და მოახერხა ტექნიკური, სამეცნიერო და პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად მზად ყოფილიყო ვაქცინაციისთვის. მოამზადა სამედიცინო და სხვა დამხმარე პერსონალი, გამართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განახორციელა კამპანიები ვაქცინაციის უპირატესობასთან დაკავშირებით და ა.შ. გასაგებია, რომ თავის მხრივ ვაქცინის მწარმოებელი `ფაიზერისა“ და „ბიონტექისთვისაც“ განსაკუთრებულად საინტერესო იყო სწორედ ასეთი ქვეყნის ვაქცინით სრული მომარაგება, შემდგომ დაუბრკოლებლად დაკვირვება, ანა¬ლიზი და კვლევის გაგრძელება. 

საგულისხმოა, რომ ვაქცინის დამამზადებელს ასეთ კომფორტულ გარემოს ალბათ ევროკავშირის ქვეყნებიც კი ვერ შესთავაზებდნენ. სახეზეა შედეგი, რომ ისრაელში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს – დღეში ასიათასამდე აცრა ხორციელდება და არსებული მონაცემების მიხედვით ვაქცინაციის დადებითი ეფექტიც გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ აცრიდან 1 კვირის თავზე, 60 წელს გადაცილებული 743,845 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 531 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მხოლოდ 0,07%-ია. ამ 531 ადამიანიდან კი ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 38-ს დასჭირდა. 

ვაქცინები 

დღეისთვის მსოფლიო ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად ინტენსიურად 5 ვაქცინას იყენებს. მათგან სამს, ორივე ხელით ან უფრო სწორედ ვაქცინაციისთვის გამზადებული შიშველი მკლავით, სიამოვნებით მივესალმები და ველოდები. გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამერიკულ-გერმანული „ფაიზერი-ბიონტექის“; ამერიკული „მოდერნას“ და ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინების გამოყენებას გეგმავს. ევროკავშირის ერთიანი მარეგულირებელი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ დღეისთვის სწორედ ამ სამ ვაქცინას აქვს გავლილი სერტიფიცირება, რაც ნიშნავს, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ მათი შეძენა და გამოყენება. ამავე დროს „ფაიზერ-ბიონტექის“ და „მოდერნას“ ვაქცინები შედარებით ნოვატორული ახალი ტიპის, ე.წ. საინფორმაციო ანუ მესენჯერულ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინაა და მათი ეფექტიანობა კვლევების მიხედვით უფრო მაღალია, ვიდრე ე.წ. ვექტორული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის. თუმცა, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მისი შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურა მინუს 70 გრადუსია (ცელსიუსია). 

მიუხედავად იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ასაკოვან მოსახლეობაზე ზემოქმედებამ არცთუ საიმედო სურათი აჩვენა, ვაქცინის უვარგისობაზე საუბარი ზედმეტია და ის პრობლემები, რაც გამოვლინდა მწარმოებელი კომპანიების ინტენსიური დაკვირვების შედეგად, სავარაუდოდ, მალე გამოსწოდება (ამას მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სერტიფიცირება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს არ შეუჩერებია). საქართველოსთვის ეს ფაქტორი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სწორედ ამ ვაქცინით არის გათვალისწინებული ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინირება. ორივე ამ სახეობის ვაქცინის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მათი გამოყენება კოვიდ-19-ის განსხვავებულ შტამებზე გაცილებით ეფექტურია, რადგან ვაქცინის შეცვლა-მოდიფიცირება შედარებით მოკლე ვადებშია შესაძლებელი. 

გარდა ამისა, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანში იყენებენ ჩინური კომპანია „სინოვაკის“ მიერ წარმოებულ ე.წ. ინაქტივირებული ტრადიციული სახის ჩინურ ვაქცინას „კორონავაკს“, რომლის ეფექტურობა ჯერჯერობით ყველაზე დაბალია. 

მეხუთე საერთაშორისო მასშტაბის ვაქცინა კი რუსული „სპუტნიკ ვ“ გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა უკვე მიმართა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს სერტიფიკატის მისაღებად. ევროპული მარეგულირებლის მიერ მოსალოდნელი სერტიფიცირება სრულიად შეცვლის დღეს არსებულ სურათს და პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი ერთი ხელის მოსმით გადავა გეოპოლოტიკური დაპირისპირების ფორმატში. სინამდვილეში პანდემია ისედაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების პრიზმაში მიმდინარეობს. „ეფექტური რუსული ვაქცინა“ კი კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს ამ გარემოებას. ზოგიერთი ქვეყანა ამ დაპირისპირებას დიდად ვერ იგრძნობს, მაგრამ (სამწუხაროდ) არა საქართველო. 

ვაქცინების დეფიციტი 

მსოფლიოში ვაქცინების მწავე დეფიციტია. დეფიციტი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ქვეყნები ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო-საინფორმაციო თვალსაზრისით მზად არიან ვაქცინაციის წარმოებისთვის, მაგრამ ვაქცინა, რომელსაც დღეს იყიდი და რომლითაც ხვალ აიცრები, უბრალოდ ხელმიუწვდომელია. ვაქცინაციისთვის მზად არიან ე.წ. კოვაქსის-პლატფორმის ანუ დაბალი და საშუალო ეკონომიკის ქვეყნებიც, მათ შორის საქართველოც. ამერიკული „მოდერნა“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკა“ მსხვილი კომპანიები არიან და საკუთარი რესურსებით წელსვე გეგმავენ ადრე დაანონსებულთან შედარებით მეტი ვაქცინის წარმოებას. მაგალითად „მოდერნა“ წელსვე გეგმავს 600 მილიონი ვაქცინის დამატებით წარმოებას. გერმანულ-ამერიკული „ბიონტექ-ფაიზერის“ ვაქცინამ პირველმა მიიღო სერტიფიცირება ევროპული და ამერიკული მარეგულირებლის მხრიდან. ამ წარმატებული ვაქცინის გერმანული მხარე ანუ კომპანია „ბიონტექი“ არ წარმოადგენს სხვა აქ ჩამოთვლილი კომპანიების მსგავს მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას. ვაქცინის წარმატებული კვლევები ბოლო, დასკვნით ეტაპზე, სწორედ მსხვილი ამერიკული კომპანიის და პარტნიორის „ფაიზერის“ საშუალებით მოხდა. დღეისთვის „ბიონტექი“ დიდი მოცულობით ვაქცინის წარმოებას ვერ ახერხებს. ხოლო მისი მსხვილი ამერიკელი პარტნიორი „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინების უმეტესობა ამერიკაშივე რჩება. მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო ამ ვაქცინის გაცილებით ინტენსიური წარმოება მალევე მოხდება. 

„ბიონტექის“ ორ, შედარებით დაბალი სიმძლავრის ქარხანას მალე დაემატება ახალი ქარხანა, რომელიც წელიწადში 750 მილიონი ვაქცინის წარმოებას შესძლებს. ასევე, ფრანგული ფარმაცევტული გიგანტი კომპანია „სანოფი“, რომელიც ჯერჯერობით წარუმატებლობას განიცდის საკუთარი ვაქცინის დამზადების მიმართულებით, წელსვე გეგმავს (შეთანხმება მიღწეულია) „ბიონტექ-ფაიზერის“ ვაქცინის 250 მილიონი დოზის წარმოებას. იგივეს აპირებს სხვა რამდენიმე მსხვილი ევროპული კომპანიაც. ევროკავშირს, რომლის მთლიანი მოსახლეობა 448 მილიონია, კონტრაქტი აქვს გაფორმებული 2,7 მილიარდი ვაქცინის შეძენაზე (ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გაფორმებულია „ფაიზერი-ბიონტექთან“ 600 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენაზე). 

ევროპის კავშირი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს გერმანული CureVac-ის ვაქცინაზე, რომლის კვლევებიც დასკვნით სტადიაზეა და მისი სავარაუდო სერტიფიცირება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ევროკავშირს 405 მილიონი CureVac-ის ვაქცინის შეძენაზე აქვს გაფორმებული შეკვეთა. უფრო ადრე კი სავარაუდოა რომ კომპანია johnson&johnson მიიღებს როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ სერტიფიცირებასაც, რის შემდეგაც ევროპის კავშირს 200 მილიონ ვაქცინის დოზას მიაწვდის. ასევე, ამერიკული და ევროპული მარეგულირებლის მიერ მოსალოდნელია სხვა რამდენიმე ვაქცინის უახლოეს თვეებში სერტიფიცირებაც. მაგალითად, დიდ იმედებს ამყარებენ „ნოვოვაქსის“ ვაქცინებზე. 

კოვაქსი, ...ღარიბს აძლევს 

„კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი გლობალური წვდომა“ ანუ კოვაქსი ევროკავშირის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პლატფორმაა. კოვაქს-პლატფორმის მართვაში წამყვან როლს ასრულებენ შემდეგი ორგანიზაციები: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იმუნიზაციის და ვაქცინირების გლობალური ალიანსი (GAVI) და კოალიცია და ინოვა¬ციები ეპიდემიებთან მზადყოფნისათვის (CEPI). კოვაქსის ამოცანაა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის შექმნას ვაქცინების მიღების პრაქტიკული მექანიზმი. კოვაქსის საშუალებით წელს იგეგმება 1,8 მილიარდი ვაქცინით 92 დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნის უზრუნველყოფა, რაც დაახლოებით მოსახლეობის 27%-ის ტოლფასია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი კოვაქსის გეგმის მიხედვით ამავე ქვეყნების 3%-ის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. კოვაქსის პლატფორმა სხვადასხვა ვაქცინების მიღებას და მოხმარებას განიხილავს. 

პანდემიის ცალკე, იზოლირებულად დამარცხება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები კოვაქსს დიდი თანხებით აფინანსებენ. ყველაზე მეტი შემოწირულობა კოვაქს-პლატფორმისთვის გაერთიანებულმა სამეფომ გაიღო – 548 მილიონი ფუნტი სტერლინგი. კოვაქს-პლატფორმაში არ მონაწილეობს და შესაბამისად ფინანსურადაც არ ეხმარება აშშ, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო კოვაქსში, როგორც ვხედავთ ამ ორგანიზაციას წამყვანი პოზიცია უკავია. თუმცა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის მიერ აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნების შემდეგ მოსალოდნელია რომ აშშ კოვაქს-პლატფორმასაც გაუწევს ფინანსურ დახმარებას (საუბარია 4 მილიარდ აშშ დოლარზე). 

არათანაბარი პირობები კიდევ უფრო დააზარალებს მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, რადგან უფრო მდიდარი ქვეყნები ვაქცინაციას უფრო ადრე დაასრულებენ და უფრო ადრე გახსნიან ქვეყანას, ხოლო შედარებით ღარიბ ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლისთვის დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ პირბადის და სანიტარული ზომების გამოყენება და პერიოდულად ქვეყნის „დახურვა“ დარჩებათ. ეს კი ადამიანურ მსხვერპლთან ერთად ეკონომიკის შემდგომ სტაგნაციასაც გამოიწვევს. 

საგულისხმოა, რომ კოვაქს-პლატფორმა იცავს მის მონაწილე ქვეყნებს ფინანსური დანაკარგებისგან, რადგანაც ქვეყნებს კოვაქს-პლატფორმაში გადარიცხული ფული არ დაეკარგებათ. ბუნებრივია, ეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საქართველს არ აქვს ფუფუნება მოიქცეს ისე, როგორც კანადა, რომელმაც იმდენი ვაქცინა შეიძინა ან გააფორმა კონტრაქტი შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებით, რომ თითოეულ კანადელს 3,3-ჯერ შეეძლება ვაქცინაციის ჩატარება. მიუხედავად ამისა, კანადა დღეს მაინც განიცდის ვაქცინის მწვავე დეფიციტს. საინტერესოა, რომ კანადა არის კოვაქს-პლატფორმის ყველაზე დიდი შემომწირველი გაერთიანებული სამეფოს შემდეგ. 

ევროპის და ამერიკის მარეგულირებელი სააგენტოების მიერ უკვე სერტიფიცირებული ან ე.წ. პერსპექტიული ვაქცინების ფასები, რომლებიც უკვე წარმოებაშია ან რომლებიც სავარაუდოდ მალე იქნება ჩაშვებული წარმოებაში, 10 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს. აქვე დავძენ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და არსებული ვითარების ანალიზით, ვაქცინის კომერციული გაყიდვა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. 

ვაქცინა, როგორც იარაღი 

ავტორიტეტული გამოცემა „ბლუმბერგი“ 6 თებერვალს გამოეხმაურა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო გამოცემა „ლანცეტში“ ორი დღით ადრე რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ ვ-ს“ წარმატებულ ვაქცინად საერთაშორისო აღიარებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ თავად „სპუტნიკ ვ-ს“ შემქმნელები ხაზს უსვამენ შემდეგ ისტორიულ ფაქტს: სსრკ-მა 1957 წელს, კოსმოსური ჰომალდი „სპუტნიკის“ ღია კოსმოსში გაშვებით წარმატებული შეჯიბრი დაიწყო კოსმოსური რბოლის სახით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან. „ბლუმბერგი~ აღნიშნავს, რომ 1957 წლის შემდეგ რუსეთს ასეთი მეცნიერული გარღვევა არც ჰქონია. 

საგულისხმოა, რომ სწორედ 6 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრისას ევროკავშირს არასანდო პარტნიორი უწოდა, ხოლო შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ევროკავშირის სამი სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. 

სხვისი არ ვიცი და მე პირდაპირ ვხედავ, საკუთარი ვაქცინის წარმატების აღიარების პარალელურად, რუსეთი კიდევ უფრო მეტი აგრესიულობისკენ როგორ შეიცვლის ტონალობას და ქმედებას. რუსული კოვიდ-პოლიტიკის განსაკუთრებული სამიზნეა ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც არა მარტო მიწოდება, არამედ ვაქცინის წარმოებაც იგეგმება. ვაქცინა მიაღწევს ჩრდილოეთ ამერიკასაც, რადგან მექსიკის მარეგულირებელმა ორგანომ უკვე მიანიჭა სერტიფიცირება „სპუტნიკ ვ-ს“. ასევე სამიზნე იქნება აზიის ქვეყნები და შემდგომ აფრიკის კონტინენტიც. ათეულობით ქვეყანას, რომლებიც რუსული ვაქცინის შეძენას აპირებენ, ემატება ქვეყნები, რომლებიც რუსული ვაქცინის წარმოებასაც გეგმავენ. ქვეყნების ჩამონათვალიც შთამბეჭდავია: ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, თურქეთი, სერბეთი და სხვა. 

დავუბრუნდეთ ევროპის კავშირს. როგორც ცნობილია, უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა ევ-როკავშირის გვერდის ავლით (განსაკუთრებულ შემთხვევებში ქვეყანას აქვს ასეთი მოქმედების საშუალება) უკვე გააფორმა ხელშეკრულება რუსული ვაქცინის მიღების შესახებ. ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერები კი სისტემატურად აღნიშნავენ, რომ თუ „სპუტნიკ ვ“ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს სერტიფიცირებას მიიღებს, მაშინ სიამოვნებით შეიძენენ რუსულ ვაქცინას. 

უკვე დღეს ნათელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ რუსული ვაქცინის საკუთარი მოსახლეობაზე გამოყენებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს რუსული ვაქცინის შესაძლო ევროპული სერტიფიცირება საქართველოსაც. ვაქცინის მწვავე დეფიციტის ფონზე, მაშინ, როდესაც მეზობელი სომხეთი რუსულ ვაქცინას გამოიყენებს, ხოლო მეზობელი აზერბაიჯანი გარდა იმისა, რომ ჩინური ვაქცინით აწარმოებს აცრებს, ებმება რა ახალ ექსპერიმენტში, რაც რუსული „სპუტნიკ ვ-ს“ და ბრიტანული „ასტრაზენეკას“ დოზების ერთობლივ მიღებას გულისხმობს, საქართველოს მთავრობა ურთულესი გამოწვევების და არჩევანის წინ დადგება. 

საქართველო და ვაქცინაცია 

საქართველოს მთავრობასთან ვაქცინაციასთან დაკავშირებული არაერთი კითხვა არსებობს. დავიწყოთ შედარებით მარტივი კითხვებით: საინტერესოა, იმ ფონზე, როდესაც კვლევების მიხედვით მოსახლეობის 41% ვაქცინაციის წინააღმდეგია, რატომ არ ვაწარმოებთ ვაქცინაციის უპირატესობაზე ორიენტირებულ, მასშტაბურ მედიაკამპანიას? თუნდაც ისეთს, როგორსაც მაგალითად, გასული წლის დეკემბრიდან აწარმოებს მოლდოვა. ხომ არ თვლის მთავრობა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დროს ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის პრესკონფერენცია საკმარისი იქნება ვაქცინაციის მომხრეთა რაოდენობის გასაზრდელად? რატომ გვაქვს მიზნად მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია, როდესაც ევროპელი და ამერიკელი წამყვანი ორგანიზაციები და სპეციალისტები გაცილებით მაღალ რიცხვებს ასახელებენ – იმიტომ ხომ არა რომ 60%-ის ვაქცინაცია უფრო ადვილია ვიდრე 75%-ის? როგორ მოხერხდება წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ისე, როგორც მთავრობის წარმოდგენილი გეგმა გულისხმობს, როდესაც კოვაქს-პლატფორმა წლის ბოლომდე მხოლოდ 27%-ის ვაქცინაციას ითვალისწინებს? რატომ კეთდებოდა შარშან ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური განცხადებები საქართველოს ოფიციალური პირების მიერ? იყო ეს უბრალოდ დაუსაბუთებელი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, თუ რომელიმე მომწოდებელთან ან ქვეყანასთან მოლაპარაკების დროს წარუმატებლობა განვიცადეთ? 

ფაქტია, რომ ვაქცინის დეფიციტი მსოფლიო პრობლემაა და საქართველოს მთავრობა შეუძლებელს ვერ შეძლებს. საქართველოს მთავრობამ უკვე გადაიხადა 17 მილიონი აშშ დოლარი 700 ათასი ადამიანის ვაქცინირებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით კოვაქსის პლატფორმა მხოლოდ 112 ათასი ადამიანისთვის სამყოფი ვაქცინით მომარაგებას გვპირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში 160 მილიონი ლარია დარეზერვებული. თუმცა, მთავარი ეს არ არის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა ვერ იაზრებს არსებული პრობლემის მასშტაბებს და არც ამ საფრთხეებთან წინააღმდეგობის რესურსი აქვს. ისრაელის წარმატებული ვაქცინაციის მაგალითად მოყვანა გარკვეულწილად მართლაც შეუსაბამოა, რადგან ასეთი შედეგის მისაღწევად თადარიგი შარშან კი არა ალბათ რამდენიმე ათეული წლის წინ უნდა დაგვეჭირა. მიუხედავად ამისა, ისრაელის მაგალითზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. წარმოგიდგენიათ ისრაელი, რომელიც მისგან დამოუკიდებელ ფაქტორებზე აგებს საკუთარ სტრატეგიულ გეგმებს? აი ისე, ჩვენ რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ვაგებთ თუ როდის გარდაიცვლება პუტინი, ან როდის გადაწყვეტს ძველი ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების უგულებელყოფას და ნატოს კარებს რეალურად გააღებს ჩვენთვის? ჩვენ ვსხედვართ და ველით, ცხოვრება კი გადის. ამ დროს არც პუტინი კვდება და თუ მოკვდება, არავინ იცის, მასზე უკეთესი მოვა თუ უარესი, ხოლო ძველი ევროპის ქვეყნები რუსეთთან ერთად „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ აშენებენ. წარმოგიდგენიათ ისრაელი, რომელიც ჩვენსავით ზის და უბრალოდ ელოდება რაღაც კოვაქს-პლატფორმიდან რაღაც ვაქცინას ისე, რომ არც მისი მწარმოებელი იცის ვინ იქნება, არც შედარებით დიდი რაოდენობის მიწოდების პერიოდზე აქვს ობიექტური წარმოდგენა და არც ის იცის, ვინ წყვეტს ამ საკითხებს? 

ჩვენ შევეჩვიეთ აუტსაიდერად ყოფნას და ისრაელისგან განსხვავებით არ ვიყენებთ საკუთარ რესურსებს. ჩვენი რესურსები ნამდვილად უფრო მცირეა, მაგრამ რესურსები ჯერ კიდევ გვაქვს და მთავრობის მხრიდან მისი გამოუყენებლობა დანაშაული იქნება. კითხვები მთავრობასთან უამრავია – გვქონდა თუ არა საქმიანი მოლაპარაკებები ვაქცინის შემქმნელებთან, ვაქცინაზე მომუშავეებთან ან გვაქვს თუ არა ამ ეტაპზე რაიმე მოლაპარაკება? 

გასაგებია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიესალმება კოვაქსის პლატფორმის მიღმა მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ ვერც და არც უშლის ამას სახელმწიფოებს. იანვრის თვის ბოლოს სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ჩილემ, რომელიც კოვაქსის-პლატფორმაში მონაწილეობს, უკვე მიიღო ჩინური ვაქცინა „კორონავაკის“ 2 მილიონი დოზა და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, გააფორმა შეთანხმება johnson&johnson-ისგან 4 მილიონი ვაქცინის დოზის შეძენაზე. 10 თებერვალს იმავე „როიტერსმა“ გვამცნო, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს პოლონეთის მიერ ინიცირებულ წინადადებას უკრაინისთვის 1,2 მილიონი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა ინიცირებულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდამირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ, სადაც ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის ანექსიის გამო ქვეყანა არ გეგმავს რუსული ვაქცინის შეძენას. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, რომელიც ასევე მონაწილეობს კოვაქს-პლატფორმაში, „ასტრაზენეკას“ და პერპესქტიული ამერიკული ვაქცინა „ნოვოვაქსის“ 12-იდან 20 მილიონამდე ვაქცინის დოზის მიწოდებაზე შეუთანხმდა. 

მაინტერესებს, მივმართეთ ჩვენ აშშ-ის მთავრობას, რომ მოგვამარაგოს ვაქცინებით, როგორც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე უფრო პროამერიკული ქვეყანა, რომლის (პროპორციული) წვლილი აშშ-ის და პარტნიორების საერთაშორისო ოპერაციებში თითქმის ყველაზე მაღალია მსოფლიოში? საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ საქართველომ ამ ოპერაციებში ადამიანები დაკარგა. 

შეუძლია თუ არა საქართველოს პრეზიდენტს ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ღიად ჰკითხოს აშშ-ის პრეზიდენტს, თუ რატომ არ არის საქართველო ნატოს წევრი და მომდევნო წინადადება ვაქცინების მიწოდების საჭიროებაზე დაამატოს? 

მიმართა მთავრობამ ევროკავშირს, რომელთანაც ჩვენ და რამდენიმე ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პლატფორმა გვაქვს, რომ თუნდაც ამ პლატფორმის საშუალებით რაიმე მექანიზმი აემუშავებინა, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა? 

ცალკე მივმართეთ გაერთიანებულ სამეფოს ან გერმანიას? მივმართეთ ევროპას და აშშ-ს, რომ მიუხედავად ბრიუსელთან და ვაშინგტონთან გეოგრაფიული სიშორისა, მიუხედავად ჩვენი დემოკრატიის დაბალი ხარისხისა, საქართველო პარტნიორად მხოლოდ დასავლეთს განიხილავს? 

შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ეს უკრაინელებმა გააკეთეს, შეახსენოს დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და იმ დროს, როდესაც ყველა მეზობელი ქვეყანა რუსული ვაქცინით ახორციელებს აცრებს ეს ადამიანური და პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდეს და შესაძლოა გადაულახავ გამოწვევებს შეუქმნის ამ პატარა ქვეყანას? 

იქნებ ეს გარემოებები გახდეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ვაქცინის მიღების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უარესი მდგომარეობის მქონე ქვეყნიდან, ოდნავ პრივატულ მდგომარეობაშიც კი გადაგვიყვანოს. 

სტატიისთვის რეზიუმე არ მაქვს. კითხვები კი მგონია, რომ დღეისთვის პასუხგაუცემელია. ჯანმრთელობას გისურვებთ.
 
კოკი იონათამიშვილი
  
"საქართველო - სამი ზღვის ინიციატივა"