ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მილიარდერთა რეიტინგში ჯეფ ბეზოსის ლიდერობა გრძელდება - №1(66), 2021
პლანეტის უმდიდრესთა ათეული FORBES-ის ვერსიით 

ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, 2020 წელს დედამიწაზე 2095 მილიარდერი ცხოვრობდა, რომელთა სუფთა შემოსავალი 8 ტრილიონ აშშ დოლარს ითვლიდა. ამ თანხიდან 10 უმდიდრეს ადამიანზე 1153 მილიარდი დოლარი მოდიოდა. ქვემოთ სწორედ მსოფლიოს მოწინავე მდიდრებს შეგახსენებთ, თუმცა მანამდე რამდენიმე საინტერესო სიახლესაც გაგაცნობთ. 

ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მილიარდერთა რიცხვი 33-ით გაიზარდა, ნიუ იორკში კი ანალოგიურმა მატებამ 7 შეადგინა. ამრიგად, მილიარდერთა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე პეკინია (100), რომელმაც ამერიკელებს ერთით გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით პეკინში 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიუიორკელთა ოდენობას (8,4 მილიონი) 2,5-ჯერ აღემატება. 

პეკინის უმდიდრეს მცხოვრებად TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ს დამფუძნებელი ჩჟენ იმინი ითვლება, რომლის ქონება 35,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ნიუ იორკს რაც შეეხება, აქ მცხოვრებთაგან ყველაზე მდიდარი ამ ქალაქის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი მიიჩნევა (59 მილიარდი დოლარი). 

აშშ ჯერ კიდევ ინარჩუნებს პლანეტის ლიდერობას ქვეყანაში მცხოვრები მილიარდერების რიცხვით – 724. ჩინეთი, სადაც წლიურმა მატებამ 210 ახალი მილიარდერი შეადგინა, ამერიკელებს აქაც კვალში უდგანან (698). უმდიდრეს ადამიანთა ოდენობით შემდეგ ადგილებზე არიან: ინდოეთი (140), გერმანია (136) და რუსეთი (117). 

ახლა კი, Forbes-ის ტრადიციული, რიგით 35-ე ყოველწლიური რეიტინგის პირველ ათეულს გაგაცნობთ, რომელიც ყოველთვის აპრილის პირველ დეკადაში ქვეყნდება. 

1. პირველობას, 177-მილიარდიანი უძრავ-მოძრავი ქონებით, ზედიზედ მე-4 წელი არავის უთმობს სიეტლის 57 წლის მკვიდრი ამერიკელი ბიზნესმენი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos). მან კომპანია Amazon 1997 წელს დააფუძნა, ხოლო 1999-ში ბილ გეითსის შემდეგ პლანეტის მეორე ადამიანი გახდა, ვისმა შემოსავლებმაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იგი ამჟამად ასევე ფლობს 7,15 მილიარდად შეფასებულ კერძო კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს და Washington Post-ს (250 მილიონი დოლარი), რომელიც 2013 წელს შეიძინა. ჯეფ ბეზოსს Forbes-ის ანალიტიკოსებმა 9,75 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულიც დაუთვალეს. 

2. ილონ მასკი (Elon Musk) უმდიდრესთა ათეულში პირველად 2020 წლის ივლისში აღმოჩნდა. მაშინ დოლარებში ასახული მისი ფულად-ქონებრივი სიმდიდრე 70,5 მილიარდს შეადგენდა, ამჯერად კი თითქმის გაორმაგდა და 151 მილიარდი გახდა. იგი 2004 წელს Tesla Motors-ის (დღეს Tesla) მსხვილი სპონსორი გახდა, რის გამოც „წინა რიცხვით“ მის თანადამფუძნებლად გამოცხადდა. დღეს იგი ელექტრომობილების მწარმოებელი ამ კომპანიის გენერალური დირექტორია. შარშან Tesla-ს აქციების ფასმა ასტრონომიული ნახტომი გააკეთა – წლის დასაწყისიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე იგი 705%-ით გაიზარდა. 

3. 72 წლის ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო (Bernard Arnault) ფუფუნების საგნების მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანია LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორია. მის ბიზნესს ისეთი ცნობილი ბრენდები ეკუთვნის, როგორიცაა Louis Vuitton, Hennessy, Marc Jacobs, Sephora. თუმცა, მისი ქონების უდიდეს ნაწილს ჰოლდინგური კომპანია Christian Dior SE-დან შემოსავლები განაპირობებს. ამ უკანასკნელზე LVMH-ის 41,2% მოდის. 

არნოს ქონების საერთო მიმდინარე შეფასება 150 მილიარდი დოლარია (ერთი წლის წინ 92,8 მილიარდი იყო). მასში შედის Carrefour-ის (1,26 მლრდ.), Moelis&Company-ის (21,4 მლრდ.), Hermes-ის (2,23 მლრდ.) აქციები. ფრანგის საბანკო ანგარიშებზე 4,5 მილიარდი დოლარიცა არის შენახული. 

4. ბეზოსამდე Forbes-ის რეიტინგების არაერთგზის (იგი XXI საუკუნეში 12-ჯერ იყო წლის უმდიდრესი ადამიანი) ლიდერი ბილ გეითსი (Bill Gates) მისთვის მოკრძალებულ მე-4 საფეხურზეა. Microsoft-ის დამფუძნებლის ჯამური ქონება 124 მილიარდადაა შეფასებული. მის მიერ სხვადასხვა „წვრილ-წვრილ“ ორგანიზაციაში ჩადებული თანხებიდან მაქსიმუმი კანადის ნაციონალურ რკინიგზაზე მოდის – 11,8 მილიარდი. თვალშისაცემია ნაღდი ფულის ყველაზე დიდი ოდენობაც – 57,2 მილიარდი დოლარი. 

5. ათეულის ყველაზე ახალგაზრდა 36 წლის ამერიკელმა მედია-მაგნატმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Zuckerberg), კომპანიონებთან ერთად Facebook-ი 2004 წელს, ჰარვარდში სწავლისას შექმნა. როცა შენიშნა, რომ შეიძლებოდა სოციალური ქსელი საკმაოდ შემოსავლიანი წყარო გამხდარიყო, ჰარვარდს თავი დაანება და მთლიანად მზარდი ბიზნესის „მეთვალყურეობაზე“ გადაერთო. 

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, შარშანდელ მესამე კვარტალში Facebook-ს ყოველთვიურად საშუალოდ 2,8 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. შესაბამისად იმატა ცუკერბერგის შემოსავლებმაც და მისი ჯამური კაპიტალი 97 მილიარდი დოლარი გახდა. მათ შორის 225 მილიონადაა შეფასებული მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ნაღდი ფულის სახით კი 2,93 მილიარდი აქვს. 

6. შარშანდელი მეათე ადგილიდან დაწინაურდა მოწინავე მილიარდერთა შორის უხუცესი, 90 წლის უორენ ბაფეტი (Warren Buffett). საინვესტიციო სფეროს ბანკირ Berkshire Hathaway-ს მეპატრონეს მის მფლობელობაში არსებული 96 მილიარდი დოლარიდან Forbes-მა 1,05 მილიარდი ნაღდი ფულიც დაუთვალა. 

7. ათეულს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ლარი ელისონი (Larry Ellison). იგი კომპანია Oracle-ს დამაარსებელი და მისი 35,4%-იანი წილის მფლობელია, რაც 76 წლის ამერიკელი ბიზნესმენისთვის 61,8 მილიარდი დოლარის ქონებაა. სულ ელისონის კაპიტალი 93 მილიარდს შეადგენს, საიდანაც 10,1 მილიარდი დოლარი Tesla-ს 3 მილიონ აქციაზე მოდის, რომელიც მან 2018 წელს შეიძინა. 

8. ამ ათეულის რამდენი სხვა წევრთან ერთად ლარი პეიჯმაც (Larry Page) უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან დაიწყო დიდ ბიზნესში აღმასვლა. 1995 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას, მეგობარ სერგეი ბრინთან ერთად ფიქრი დაიწყო, როგორ გაეიოლებინათ ინტერნეტზე წვდომისას სხვადასხვა ინფორმაციის მიღება. ასე შეიქმნა 1998 წელს Google, რომლის მოქმედი გენერალური დირექტორიც დღეს პეიჯია. იგი ფლობს Alphabet-ის (მისი შვილობილი კომპანიაა Google) აქციათა 6%-ს, რაც დოლარებში 89,7 მილიარდის ეკვივალენტია. სულ კი რეიტინგის შედგენისას ლარი პეიჯის კაპიტალი 91,5 მილიარდად არის შეფასებული. 

9. Google-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი სერგეი ბრინის (Sergey Brin) სახელზე რეიტინგის შემდგენლებმა 89 მილიარდი დოლარი გააპიროვნეს. იგი 2015 წელს Alphabet-ის დაარსებიდან ამ ჰოლდინგური კომპანიის პრეზიდენტი იყო. ბრინმა 2019-ში პოსტი დატოვა, მაგრამ მისი აქციების 5%-ს დღესაც ფლობს. 

10. მუკეშ ამბანი (Mukesh Ambani) აზიის უმდიდრეს ადამიანად ითვლება. ინდოეთის უდიდესი კერძო კომპანია Reliance Industries-ის შექმნას, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეც თავად არის, საფუძველი მამამისმა 1966 წელს ჩაუყარა. 1979 წელს სასწავლებლად სტენფორდში ჩასულ მუკეშს სასწრაფოდ უკან დაბრუნება დასჭირდა, რათა ჰოლდინგის პოლიესტერის ახალი ქარხნის მშენებლობისთვის ეხელმძღვანელა. სტენფორდში სასწავლებლად დაბრუნების ნაცვლად, იგი სამშობლოში დარჩა და Reliance Industries-ის საქმიანობის გაფართოების ხარჯზე საკმაოდ მოზრდილი კაპიტალიც დააგროვა. Forbes-ის გამოთვლებით, ამბანი 84,5 მილიარდ დოლარს ფლობს. მუმბაიში მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი რეზიდენცია 410 მილიონად არის შეფასებული. 

ბოლოს, 2095 მილიარდერში კიდევ ერთი ქართველის მიმატებაზეც ვთქვათ. ეს გახლავთ 1975 წლის 17 ოქტომბერს ბათუმში დაბადებული მიხეილ ლომთაძე. თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან სწავლა ჰარვარდის (აშშ) ბიზნეს-სკოლაში განაგრძო. 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხი მიიღო და ბიზნესის საწარმოებლად ყაზახეთში დაფუძნდა. იქ დააარსა ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა „კასპი“, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 2020 წლის ოქტომბერში, ლონ¬დონის საფონდო ბირჟაზე „კასპიმ“ აქციების პირველადი განთავსება (Initial Public Offering – IPO) განახორციელა. 

Forbes-ის ახალ რეიტინგში მიხეილ ლომთაძის უძრავ-მოძრავი ქონება 3,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და იგი 804-ე ადგილზეა. რაც შეეხება ასეთ რეიტინგებში შესულ პირველ ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, მისი კაპიტალი 4,8 მილიარდს (601-ე ადგილი) შეადგენს.
 
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა