ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
კორუმპირებული პოლიტიკოსები TRANSPARENCY INTERNATIONAL-ის ვერსიით - №1(66), 2021
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (Transparency International), მსოფლიოს ქვეყნების მართვის მაღალ ეშელონებში მყოფი პოლიტიკოსების ფინანსურ მდგომარეობათა შესწავლის შედეგად საინტერესო რეიტინგი შეადგინა. უახლოესი ისტორიის კორუმპირებულ ხალხის რჩეულთა სია შესაძლოა საკამათოც იყოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში მხოლოდ 10 ადგილია და პერსონათა თანმიმდევრობაც Transparency International-ის მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეა დადგენილი. 

10. ჯოზეფ ესტრადა 

ფილიპინების ექს-პრეზიდენტი (1998-2001) 

ვიდრე პრეზიდენტად აირჩევდნენ, მან სახელოვნებო მანიპულაციები „მოჩვენებითობის სამყაროს“ შესაქმნელად გამოიყენა. მთავარი ყურადღება მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენელთა კეთილგანწყობის მოპოვებას დაუთმო. ჯოზეფ ესტრადამ ფილიპინებში დიდი პოპულარობა როგორც კინომსახიობმა მოიპოვა. მას 33-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში 100-ზე მეტ ფილმში აქვს მთავარი როლი ნათამაშები. ხელოვნებაში მოპოვებული პოპულარობა მან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და 17 წელი ასრულებდა ქალაქ სან-ხუანის მერის მოვალეობას, ერთი ვადით არჩეულ იქნა სენატში, პრეზიდენტ ფიდელ რამოსის მმართველობის (1992-1998) დროს კი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 

საკუთარი პრეზიდენტობის მესამე წელს, ესტრადა მარტო სათამაშო ბიზნესის მფარველობისთვის 9 მილიონამდე დოლარის ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. 2000 წლის ნოემბერში, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ უნდობლობა გამოუცხადა, ხოლო სენატმა იანვარში მისი საბანკო ანგარიშების არალეგალურ შემოსავლების საგანზე გაკონტროლებისგან თავი შეიკავა. ყველაფერს მასობრივი გამოსვლები მოჰყვა და პრეზიდენტი 20 იანვარს იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. სენატის სასამართლომ იგი მხოლოდ 2007 წელს სცნო დიდი ოდენობით (80 მილიონი დოლარი) სახელმწიფო თანხების მიტაცებისთვის და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტის პოსტზე მისმა მემკვიდრე გლორია მაკაპაგალაროიომ მალევე შეიწყალა. ესტრადა პოლიტიკაში დარჩა და 2013 წლიდან ორჯერ 3-3-წლიანი ვადით ქვეყნის დედაქალაქის მერის არჩევნები მოიგო. მესამედაც სურდა ამ არჩევნების მოგება, მაგრამ ამჯერად კონკურენტმა აჯობა და 82 წლის ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკისგან დასვენება არჩია. 

9. არნოლდო ალემანი 

ნიკარაგუის ექს-პრეზიდენტი (1997-2002) 

მართლმსაჯულებას არნოლდო ალემანისადმი პრეტენზია ქვეყნის პრეზიდენტობისას არ ჰქონდა. მეტიც, მისგან გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანობაში წარმატებული იყო: გაიზარდა მშპ, იკლო ინფლაციამ, განვითარდა ინფრასტრუქტურა, განხორციელდა გზებისა და სკოლების მშენებლობის პროგრამები. მოქმედი კანონმდებლობით, მას პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრა არ შეეძლო. 2001 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ალემანის პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტმა ენრიკე ბონალიოსმა იმარჯვა, რომლისგან ისტორიულ ქარტეხილებს არავინ ელოდა, თუმცა, პირიქით კი მოხდა. 

ნიკარაგუის ახალი მმართველი საქმიანობის დაწყებისთანავე, წინამორბედის ადმინისტრაციაში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიებაზე ინიციატივით გამოვიდა. ალემანი ქვეყნის ხაზინიდან სოლიდური თანხის (100 მილიონი დოლარი) გაფლანგვა-დატაცებაში ამხილეს. იგი 2002 წლის დასასრულს დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე ფუფუნების ძვირადღირებული საგნების ყიდვისა და სოლიდური უცხოური ვოიაჟების (ჯვრისწერა ფლორიდაში და საქორწინო მოგზაურობა იტალიაში) ბიუჯეტიდან დაფინანსებები გამოაშკარავდა. ალემანი ბრალს არ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ დახარჯული საშუალებები ყავის პლანტაციებიდან შემოსავლების სახით სრულიად კანონიერი გზით ჰქონდა მიღებული. 

საბოლოოდ, არნოლდო ალემანი დამნაშავედ სცნეს და 2003 წლის 7 დეკემბერს 20-წლიანი შინაპატიმრობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) მიუსაჯეს. ხელისუფლებაში დანიელ ორტეგას დაბრუნების შემდეგ, ნიკარაგუის უზენაესი სასამართლო ისევ დაუბრუნდა ალემანის საქმეს და 2009 წელს იგი პოლიტიკაში დაბრუნების უფლებით გაათავისუფლეს. და, როგორც ხდება ხოლმე, ალემანს კიდევ ერთხელ გაუჩნდა პრეზიდენტობის სურვილი. მან 2011 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიღებული ამომრჩეველთა 6%-იანი მხარდაჭერით კანდიდატთა შორის მხოლოდ მესამე იყო. 

8. პავლო ლაზარენკო 

უკრაინის ექს-პრემიერი (1996-1997) 

კორუმპირებულ პოლიტიკოსთა ამ სიაში პავლო ლაზარენკო ერთადერთი არაპრეზიდენტია. იგი ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობისას იყო მთავრობის მეთაური და ამერიკაში მას შემდეგ დასახლდა (1999), რაც სამშობლოდან პანამის პასპორტით სისხლის სამართლებრივ დევნას გაექცა. ლაზარენკომ აშშ ე.წ. თავშესაფრად გამოიყენა, თუმცა, იქაურ მართლმსაჯულებას თავი მაინც ვერ დააღწია – მას „ფინანსური მაქინაციებისთვის“ 9 წლით პატიმრობა და 10 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა. უკრაინელ სამართალდამცველთა მონაცემებით ლაზარენკომ აშშ-ში უკანონოდ გადარიცხა 320 მილიონი დოლარი. ამერიკულმა სასამართლო ორგანოებმა ამ თანხიდან მხოლოდ 114 მილიონის გადარიცხვების დამტკიცება შეძლეს. სწორედ ამ თანხის უკრაინისთვის დაბრუნება მოხდა ამერიკული ხელისუფლების მიერ 2019 წელს. 

7. ალბერტო ფუხიმორი 

პერუს ექს-პრეზიდენტი (1990-2000) 

ლიმაში, იაპონელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა პროფესიით აგრონომმა ალბერტო ფუხიმორიმ, პერუში ზედიზედ 3 საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. თუ პირველი ორი ვადა სრულად „შეირგო“, მესამეს შემდეგ ქვეყანაში დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მას პოსტიდან საკუთარი ნებით წასვლისკენ უბიძგა. თუმცა, ამ დროს უკვე მას იაპონიისთვის ჰქონდა თავი შეფარებული, საიდანაც პერუში პოტენციურ ამომრჩეველთან ინტერნეტით ამყარებდა კომუნიკაციას. სამხრეთამერიკული ქვეყნის პროკურატურამ ფუხიმორის მიმართ დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თან იაპონიისგან ინტერპოლის ხაზით დამნაშავე ექს-პრეზიდენტის გადმოცემას ითხოვდა. იაპონიას კი, მოქმედი კონსტიტუცია უკრძალავდა საკუთარი ან სხვა ქვეყნის იაპონური წარმომავლობის მქონე მოქალაქის ექსტრადირებას. 

2005 წელს ფუხიმორიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 7 ნოემბერს იგი ჩილეში გაემგზავრა, სადაც დააპატიმრეს და 2007 წლის 23 სექტემბერს მოახდინეს მისი სამშობლოში ექსტრადირება. 11 დეკემბერს პერუს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 92 ათასი დოლარის ჯარიმა. 

2009 წლის აპრილში ალბერტო ფუხიმორის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე წლის ივლისში, მას პერუს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსის ვლადიმირო მონტესინოსუსთვის ქრთამის სახით 15 მილიონი დოლარის გადაცემის გამო 7,5 წლით ციხეში ყოფნაც მიუსაჯეს. სექტემბერში სასამართლომ ალბერტო ფუხიმორის დავალებით უკანონო სატელეფონო მოსმენებისა და 2000 წლის არჩევნებზე ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების საბიუჯეტო სახსრებით მოსყიდვის გამო, მისგან ციხეში გასატარებელ ვადას კიდევ 6 წელი მიუმატა (სხვათა შორის, ეს ბოლო ბრალდებები ექს-პრეზიდენტმა აღიარა). 

2017 წლის 24 დეკემბერს, პერუს პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ ფუხიმორი შეიწყალა, თუმცა, მომავალი წლის 3 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი კვლავ ციხეში დააბრუნეს. სულ მალე პერუს საკანონმდებლო ორგანოს (კონგრესი) მიერ დამტკიცებული კანონით, ასაკოვან პატიმრებს მოსახდელი ვადის მესამედის გასვლის შემდეგ შინაპატიმრობაში შეეძლოთ დარჩენა. სწორედ ამ კანონის წყალობით, რომლის ინიციატორი პარლამენტში უმრავლესობის მქონე, ფუხიმორის ქალიშვილის – კეიკოს პარტია „სახალხო ძალა“ იყო, ელექტრონული სამაჯურით „შემკულმა“ 81 წლის ექს-პრეზიდენტმა ციხიდან საკუთარ აპარტამენტებში გადაინაცვლა. ასე „გაუმწარეს სიბერე სულ რაღაც“ 600 მილიონი დოლარის მიმთვისებელ პოლიტიკოსს. 

6. ჟან-კლოდ დუვალიე 

ჰაიტის ექს-პრეზიდენტი (1971-1986) 

კარიბის ზღვაში მდებარე ამ კუნძულოვან სახელმწიფოს, მამა-შვილი ფრანსუა და ჟან-კლოდ დუვალიეები 1957 წლიდან მეთაურობდნენ. ცნობილი ქართული ანდაზის „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ ცუდი გაგებით აღსრულება შვილმა 1971 წლიდან დაიწყო. იგი, პრეზიდენტად „კურთხევისას“ 19 წლის იყო, რითაც ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის მეთაური გახდა. მას მამის მმართველობის დიქტატორული პრინციპებიდან არ გადაუხვევია. 1985 წლის 22 ივლისს ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მთავარი თემა ჟან-კლოდ დუვალიეს სამუდამო პრეზიდენტად დამტკიცება და მისთვის მომავალი მემკვიდრის არჩევის უფლების მინიჭება იყო. ჰაიტის სამომავლო უზურპაციას მხარი 99,98 პროცენტმა დაუჭირა. იმავე წლის ნოემბერში მიმდინარე ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დარბევისას სამხედროებმა 3 სტუდენტი მოკლეს. გამოსვლების ტალღა უფრო აგორდა. დუვალიეს მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მოსახლეობაში პროტესტის სურვილი ვერ ჩააცხრო – მსხვერპლმა კიდევ უფრო იმატა. 1986 წლის 7 თებერვალს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ ჰაიტი მალულად დაეტოვებინათ და თავი საფრანგეთისთვის შეეფარებინათ. 

გაქცეული დიქტატორის ემიგრაციის პირველსავე წელს, ჰაიტის ორმა მოქალაქემ – ჟერარ ჟან-ჟიუსტმა და ეტცერ ლალანემ, საკუთარი და ჰაიტის ხალხის სახელით დიუვალიეს ოჯახს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა. გაძევებულ პრეზიდენტს სახელმწიფო სახსრების მითვისებას, ჟან-ჟიუსტისთვის რწმენის თავისუფლების შეზღუდვას, ხოლო ლალანეს მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მრავალჯერად განხორციელებას ედავებოდნენ. 1988 წლის 8 იანვარს, ფლორიდას შტატის საოლქო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და დიუვალიეს ოჯახს დაზარალებულთა სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა – ჟან-ჟიუსტმა 1 მილიონი დოლარი, ხოლო ლალანემ 750 ათასი დოლარი მიიღო. ჰაიტელი ხალხისთვის დასაბრუნებელმა თანხამ, დიუვალიეს მიერ უკანონოდ მითვისებული 500 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ჯარიმების შესაგროვებლად საჭირო გახდა 1994 წელს ფრანგულ კურორტ კანში მდებარე დიუვალიეთა ვილის გაყიდვა და 2002 წელს შვეიცარიულ ბანკებში ყოფილი პრეზიდენტის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. 

2011 წლის 16 იანვარს ჟან-კლოდ დუვალიე სამშობლოს 25-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. ტრაპიდან ჩამოსულმა ექს-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მე დავბრუნდი, რომ დავეხმარო ჰაიტის ხალხს და მას ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო“. ჰაიტელებს, რომლებიც აქამდე ერთი წლით ადრე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით (200 ათასზე მეტი გარდაცვლილი, 300 ათასზე მეტი დაჭრილი და ჯამურად თითქმის 6 მილიარდი ევროს მატერიალური ზარალი) მიყენებულ იარებს იშუშებდნენ, დახმარება მართლაც ესაჭიროებოდათ. 

ყველაფრის მიუხედავად, ჰაიტელმა სამართალდამცველებმა 18 იანვარს დუვალიე დააპატიმრეს და დასაკითხად პორტ-ო-პრენსის სასამართლოში წარადგინეს. იქ მას კორუფციისა და სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისებისთვის ბრალი წაუყენეს. იგი, საკუთარ სახლში შინაპატიმრობაში მყოფი, 2014 წლის 4 ოქტომბერს ინფარქტით გარდაიცვალა. 

5. სანი აბაჩა 

ნიგერიის ექს-პრეზიდენტი (1993-1998)

ამ კაცმა საკუთარი კარიერული წინსვლა, 1983-1985 წლებში სამხედრო გადატრიალებათა ორგანიზების ხარჯზე უზრუნველყო. 1990 წელს ნიგერიის თავდაცვის მინისტრი გახდა, 1992-დან ვიცე-პრეზიდენტი. 1993 წელს ისევ ძველი ხელობა გაიხსენა და მორიგი გადატრიალების შემდეგ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე – პრაქტიკულად კი, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 

მისი მმართველობის ხანა ნიგერიაში კორუფციის ზეობითა და პრეზიდენტისთვის მიუღებელ ქვეყნის გავლენიან პერსონათა ფიზიკური ლიკვიდაციით აღინიშნა. ადამიანის უფლებათა მრავალჯერადი დარღვევის გამო, აშშ-მა ნიგერიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. 

სანი აბაჩა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. იგი 1998 წლის 8 ივნისს საპრეზიდენტო ვილაში მკვდარი იპოვეს და იმავე დღეს დაკრძალეს. ოფიციალური ვერსიით, მას გულის შეტევა მოუვიდა, თუმცა, მალევე გავრცელდა ხმები მისი მოწამლვის შესახებ – ამბობდნენ, რომ დეფაქტო პრეზიდენტმა მთელი ღამე დუბაიდან გამოძახებულ ორ ინდოელ მეძავთან გაატარა, რომელთაგან ერთ-ერთმა შხამგარეული ფორთოხლის წვენი დაალევინა. 

აბაჩას მიერ ქვეყნიდან გატანილი მილიარდების უკან დაბრუნებას ნიგერიის ახლანდელი მთავრობაც ცდილობს. პრეზიდენტწოდებულის მიერ, ოფიციალური არხების გვერდის ავლით ექსპორტირებული ნავთობის საერთო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. შვეიცარიისა და ლუქსემბურგის ბანკებში ამ თანხის მოძიებას ნიგერიელთა მიერ დაქირავებული შვეიცარიელი იურისტი ენრიკე მონფინი აწარმოებს.
 

4. სლობოდან მილოშევიჩი 

იუგოსლავიის და სერბეთისა ექს-პრეზიდენტი (1989-1997, 1997-2000) 

მილოშევიჩი თანამდებობიდან 2000 წლის 24 სექტემბერს გამართული გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად გადადგა. იგი იუგოსლავიის ხელისუფლებამ 2001 წელს დააპატიმრა და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცა. მას ბრალს სდებდნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში, რიგი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. 

ეჭვმიტანილი მილოშევიჩი ისე დაიღუპა, რომ ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. სასამართლო პროცესი, რომელიც 2002 წლის 12 თებერვალს დაიწყო, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 22-ჯერ შეწყდა. იგი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა, 14 მარტს კი ტრიბუნალმა მილოშევიჩის საქმე საბოლოოდ დახურა. 

ექსპერტთა დათვლებით, ზარალი, რომელიც სლობოდან მილოშევიჩის მეთაურობით გაჩაღებულ საომარ ქმედებებს მოჰყვა, 100 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ექს-პრეზიდენტის მიერ უკანონო გზებით მითვისებული თანხა კი 1 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

3. მობუტუ სესე სეკო 

ზაირის ექს-პრეზიდენტი (1965-1997) 

მოვიდა პოლიტიკური კორუფციის „მამების“ დროც. მათ შორის მობუტუ სესე სეკომ ყველაზე ნაკლები – მხოლოდ 5 მილიარდი აშშ დოლარის მიმთვისებელია. ეს თანხა მეტწილად საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ბელგიასა და კოტ-დივუარში განთავსებულ უძრავ ქონებებშია ასახული. იგი უახლოესი ისტორიის კორუმპირებულ პოლიტიკოსთა პირველ ათეულში ყველაზე ხანგრძლივი (31 წელი და 5 თვე) მმართველობითი კარიერის მქონეა. სხვათა შორის, მობუტუს ქვეყნის სათავეში ყოფნისას ამ ცენტრალურაფრიკული ქვეყნისთვის გაწეულმა უცხოურმა დახმარებამ 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის „მხოლოდ“ 41,7 პროცენტი ითვლება ერის მმართველის მიერ მითვისებული.
 
1971 წლამდე ქვეყანას ბელგიის კონგო ერქვა. მობუტუმ მას სახელი შეუცვალა და ზაირი დაარქვა. პოსტიდან მისი გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა აჯანყებულებმა სახელმწიფოს დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეარქვეს. ექს-პრეზიდენტი ჯერ ტოგოში გაიქცა, ბოლოს კი მაროკოში დასახლდა, სადაც 1997 წლის 7 სექტემბერს პროსტატის სიმსივნით გარდაიცვალა. 

2. ფერდინანდ მარკოსი 

ფილიპინების ექს-პრეზიდენტი (1965-1986) 

ფილიპინები ამ სიის ყველაზე პოპულარული ქვეყანაა – მას ათეულში ორი წარმომადგენელი ჰყავს. თუ მსახიობმა ექს-პრეზიდენტმა ჯოზეფ ესტრადამ 100 მილიონის მოპარვაც ვერ შეძლო, ფერდინანდ მარკოსის საპრეზიდენტო ნადავლი მილიარდობით დოლარს ითვლის. კი მართალია, ამ უკანასკნელს საამისოდ დროც დიდი ჰქონდა (20 წელზე მეტი), მაგრამ როგორც ჩანს, ამ „საქმეს“ განსაკუთრებული ნიჭიც სჭირდება. 
 
ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, მარკოსს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა (კიდევ უფრო ადრე იგი მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე იყო). 1959 წლიდან ქვეყნის სენატში აირჩიეს, იყო მისი თავმჯდომარეც, ბოლოს კი პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი და დაიწყო მისი ოცწლიანი მმართველობის ხანა. მან 1974 წელს კომუნისტური პარტია იატაკქვეშეთიდან ამოუშვა და ციხეებიდან ყველა დაპატიმრებული კომუნისტი გაათავისუფლებინა. სანაცვლოდ, ამ პარტიამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტა. 

მარკოსმა კარიერის ბოლო, 1986 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, მაგრამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობამ, რომელსაც არჩევნებში მისი კონკურენტი კორასონ აკინო მართავდა, იგი ქვეყნიდან გააქცია. ჰავაის შტატის (აშშ) დედაქალაქ ჰონოლულუზე დასახლებული ექს-პრეზიდენტი, თირკმელების მძიმე დაა-ვადებით, 1989 წელს გარდაიცვალა. 

ფერდინანდ მარკოსის მიერ მიტაცებული თანხის ზუსტ ოდენობას დღესაც ვერ ასახელებენ. ცნობილია მხოლოდ მასშტაბი – 5-დან 10 მილიარდამდე დოლარი. მისი „პირადი ეკონომიკა“ განვითარებული სამრეწველო საწარმოებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე წარმატებული დაწესებულებების საქმიანობას ემყარებოდა. მარკოსის კორუფციულ თავგადასავლებზე მომუშავე სპეციალისტთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეკონომიკის მორალურ-ეთიკურ ჭრილში განხილვას სამართლის კუთხით ხაზინის ქურდობასთან ვერ მივყავართ. შვეიცარიულმა ბანკებმა მისი ქვეყნიდან გაძევების შემდეგ მისი ოჯახის ანგარიშები კი დააყადაღეს, მაგრამ აკინოს ხელისუფლების მოთხოვნაზე ეს ანაბრები ფილიპინების საკუთრებად ეცნოთ, კატეგორიული უარი თქვეს. 

1. მუჰამედ სუჰარტო 

ინდონეზიის ექს-პრეზიდენტი (1967-1998) 

სიის უპირობო ლიდერის პოლიტიკური კარიერა აზიურმა ფინანსურმა კრიზისმა შეიწირა. დაიწყო მოქალაქეთა (მეტწილად სტუდენტების) მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც სუჰარტოს საშინაო პოლიტიკით იყვნენ უკმაყოფილონი. 1998 წლის მარტში, ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო კონგრესმა მოქმედი პრეზიდენტი ახალი ვადით აირჩია, რამაც საპროტესტო აქციების ახალი ტალღა წამოიწყო. გამოსვლებთან ერთად მოკლული დემონსტრანტების რიცხვმაც (ათასამდე) იმატა. შედეგად, 21 მაისს სუჰარტო თანამდებობიდან გადადგა. 

ექს-პრეზიდენტი იავას კუნძულზე მდებარე საკუთარ ვილაში დაბინავდა. იმ მომენტისთვის, ჟურნალ Time-ის აზიური ვერსიის შეფასებით, მუჰამედ სუჰარტოს ქონებრივი მდგომარეობა 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მათგან 9 მილიარდი ერთ-ერთი ავსტრიული ბანკის ანგარიშზე იყო, დანარჩენი კი, აქციებში, უძრავ ქონებაში, ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებში იყო დაბანდებული. ორგანიზაცია Transparency International-ის მონაცემებით, ინდონეზიის ექს-პრეზიდენტმა სახელმწიფო ხაზინიდან 15-დან 35 მილიარდამდე აშშ დოლარი მიითვისა. 

2000 წლის 29 მაისს სუჰარტოს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ივლისში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლითაც მას სახელმწიფო საქველმოქმედო ფონდებიდან პირადი და საოჯახო საჭიროებებისთვის 571 მილიონი დოლარის უკანონოდ მითვისება ედებოდა ბრალად. აქედან 2 თვეში აღნიშნული საქმე ბრალდებულის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შეწყდა. 2002-ში იგი ისევ განახლდა, თუმცა, მისი შეჩერება სამართალდამცავებს კვლავ სუჰარტოს ავადმყოფობამ აიძულა. 3 ინსულტისა და სხვა თანმდევი ავადობების შემდეგ, 2007 წლის აგვისტოში განახლებულ პროცესზე პროკურატურა სუჰარტოსგან მილიარდნახევარი დოლარის ქვეყნისთვის დაბრუნებას მოითხოვდა. მხარეებმა მოსარიგებლად ერთთვიანი პერიოდიც მიიღეს, მაგრამ... მომდევნო წლის 27 იანვარს ექს-პრეზიდენტის ოჯახმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვაზე თანხმობა გასცა. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა