ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
თავ-პირის მტვრევაში გადახდილი ზღაპრული ჰონორარები - №2(67), 2021
ქართველი მოკრივეების კვალი მსოფლიო ასპარეზზე

ითვლება, რომ კრივი ძალიან შემოსავლიანი სპორტის სახეობაა. მასში სპორტსმენები მხოლოდ საკუთარი სტატუსის ამაღლება-შენარჩუნებას კი არ ცდილობენ, აქცენტი სანახაობაზეც კეთდება. სწორედ სკანდალურად ცნობილ მოკრივეთა თვალსასეირო პაექრობის საყურებლად იხდიან მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ ჰონორარებს. რა თქმა უნდა, მაღალანაზღაურებადი მებრძოლები პროფესიონალურ რინგზე ასპარეზობენ. მათგან ერთ ბრძოლაში მოპოვებული თანხით თავისუფლად შეიძლება კომფორტული სახლის და რამდენიმე ავტომობილის ერთად ყიდვა. ბრძოლის ორგანიზატორები არნახულ მოგებას მხოლოდ დასასწრები ბილეთების გაყიდვით კი არ იღებენ, იგი ტრანსლაციის უფლების გასხვისებიდანაც დიდია. კომერციული პაექრობის ორივე მონაწილე გარანტირებულ შემოსავალს ეუფლება, თუმცა, შემოსავალსაც გააჩნია: ქვემოთ მოყვანილი რეკორდულად გამორჩეულ დაპირისპირებათა გამარჯვებული მინიმუმ 10-15 მილიონი დოლარით მდიდრდება.

მუშტიკრივიდან აწყობილი მეურნეობა

კრივის საწყისები შორეული წარსულიდან მოდის. ერაყის დედაქალაქ ბაღდადის გარეუბანში არქეოლოგებმა სპორტი და ბიზნესი თავ-პირის მტვრევაში გადახდილი ზღაპრული ჰონორარები ქართველი მოკრივეების კვალი მსოფლიო ასპარეზზე დაახლოებით 5000 წლის წინანდელი ორი ფილა იპოვეს, რომლებზეც მოჭიდავეთა და მოკრივეთა გამოსახულებებია აღბეჭდილი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მუშტიკრივის ფუძემდებელი ათენის გმირი თეზევსი იყო. არსებობს კიდევ ერთი ვერსია – იგი ბერძენთა მეფე ამიკუსს უნდა უმადლოდეს ადრეულ პოპულარობას.
 
ძველი წელთაღრიცხვის 688 წელს, რიგით 23-ე ანტიკურ თამაშებზე მუშტიკრივი პირველად გამოჩნდა ოლიმპიადის პროგრამაში. პირველი ჩემპიონი გახდა ბერძენი ონომასტუსი. ძველბერძენ მოჩხუბართაგან ყველაზე სახელგანთქმული იყო ტაგენესი, რომელიც მემატიანეთა რწმუნებით, 1425 პაექრობაში გახდა გამარჯვებული. საჯარო მუშტიკრივი ძველ რომშიც პოპულარული ყოფილა. იმპერატორ კალიგულას განკარგულებით აფრიკიდან ათლეტური აღნაგობის მონები ჩამოჰყავდათ და მათ შორის ორთაბრძოლებს მართავდნენ. გამარჯვებულს ჯილდოდ მონა ქალს გადასცემდნენ.

ასპარეზობისას მოჩხუბართა ეკიპირება ხელთათმანების გამოყენებას არ ითვალისწინებდა – დამცავ სამოსს მხოლოდ ვარჯიშებზე ხმარობდნენ. სპორტსმენები შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ სპეციალურ არენაზე, რომელიც თოკებით შემოღობილ კვარცხლბეკს წარმოადგენდა. ორთაბრძოლას თვალს მსაჯი ადევნებდა, რომელიც თუ რომელიმე მონაწილე დაეცემოდა, მას წამოსადგომად 30 წამს აძლევდა. დაზარალებული ამ დროის გასვლის შემდეგ დამოუკიდებლად უნდა დაბრუნებულიყო საჩხუბრად – წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქე გამარჯვებულად ცხადდებოდა.

კრივის თანამედროვე სახეობას რაც შეეხება, იგი ინგლისში დამკვიდრდა. მასზე მიძღვნილი პირველი რეპორტაჟი 1681 წელს, გაზეთ „პროტესტანტულ მერკურში“, დღევანდელობისთვის ერთობ სახალისო შინაარსით გამოქვეყნდა. თურმე, 6 იანვარს ალბემარლის მეორე ჰერცოგ ქრისტოფერ მანკს (იგი მომავალში იამაიკის ვიცე-გუბერნატორი გამხდარა) საკუთარი სასახლის მოურავსა და ყასაბს შორის ბრძოლა გაუმართავს. ამ უკანასკნელს მოუგია, მაგრამ ამბის გაზეთში მომთხრობს მისი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

იმ პერიოდში ბრძოლები საკმაოდ დაუნდობელ ხასიათს ატარებდა – პაექრობა ერთ-ერთი მხარის ბრძოლისუნარიანობის სრულ დაკარგვამდე გრძელდებოდა. ამის მიუხედავად, არსებობდა წესები, რომელთა დარღვევა მოკრივის დისკვალიფიკაციით სრულდებოდა. აკრძალული იყო წელის სარტყელს ქვემოთ დარტყმა, ჩამუხლული მეტოქისთვის დარტყმა და სხვა. უხელთათმანოდ ჩხუბი პოპულარობით კი სარგებლობდა ინგლისში, მაგრამ ქვეყნის მმართველები ხშირად მისი გამართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ოფიციალური ბრძოლის ჩატარებას ადგილობრივ ხელისუფალთა ნებართვა სჭირდებოდა. თუ ასეთი საბუთი არ არსებობდა, პაექრობა წყნარ, დაუსახლებელ ადგილებში მალულად ტარდებოდა. ეს კი კანონის დარღვევა იყო, რომელზე წასწრების შემთხვევაში ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ციხე ემუქრებოდათ.

კრივი, როგორც სპორტის სახეობა, ოფიციალურად ინგლისში 1719 წელს სცნეს. იმ პერიოდიდან პოპულარული მოკრივე და მოფარიკავე ჯეიმს ფიგი (James Figg) ინგლისის უძლიერეს მოკრივედ იყო აღიარებული. მან ამ ტიტულს ნედ სატონთან დაპირისპირებებში მიაღწია. იგი მაქსიმალურად ცდილობდა კრივის პოპულარიზაციას. 1722 წელს ფიგმა სპორტული აკადემია შექმნა, სადაც მცირედი საფასურის გადამხდელ მსურველებს კრივთან ერთად ხმლით ფარიკაობასაც ასწავლიდა. მისმა მიმდევარმა ჯეკ ბროტონმა (Jack Broughton) 1743 წელს წესების ჩამონათვალი შეადგინა, რომელიც კრივის დღევანდელი სახით ჩამოყალიბების საქმეში ერთგვარი საძირკველი გახდა. ცნობილმა მოკრივემ ნედ ჰენდმა (იგი ბროტონის მოსწავლე იყო) კი, მოგვიანებით წონითი კატეგორიები შემოიღო და კრივის ტექნიკა ახალი მოძრაობებით გაამრავალფეროვნა.

ე.წ. რევოლუცია კრივში მოხდა 1867 წელს, როცა ქუინსბერის მარკიზმა შოტლანდიელმა ჯონ დუგლასმა (იგი 1896 წელს ლორდი გახდა) ჟურნალისტ ჯონ ჩემბერსთან ერთად 12-პუნქტიანი ახალი წესები შეიმუშავა. 3-წუთიანი რაუნდები წუთიანი შესვენებით, ორივე მოკრივის თანაბარი წონის მქონე ხელთათმანი, წაქცევისას ათწამიანი ათვლის შემოღება – ამ წესებმა დღემდე მოაღწია.

ასევე გამორჩეულ თარიღად ითვლება 1892 წელი, საიდანაც ათვლას იღებს პროფესიონალური კრივის ისტორია. 7 სექტემბერს, ახალ ორლეანში (აშშ) მდებარე სპორტულ დარბაზში შედგა ბრძოლა სუპერმძიმე კატეგორიის მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულისთვის ე.წ. ქუინსბერის წესების მიხედვით. წარმოშობით ირლანდიელმა ჯეიმს კორბეტმა (James Corbett) ჯონ სალივანს (John Sullivan) ნოკაუტით 21-ე რაუნდში სძლია. სხვათა შორის, სალივანი „შიშველი“ მუშტებით ბრძოლებში პლანეტის ბოლო ჩემპიონი იყო.

1921 წელს აშშ-ში კრივის ნაციონალური ასოციაცია (NBA) შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 1962 წელს გავიდა და ისიც შეცვლილი აკრონიმით – WBA (World Boxing Association – კრივის მსოფლიო ასოციაცია). 1963-ში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია WBC (World Boxing Council – კრივის მსოფლიო საბჭო). მალე WBA-ს კულუარებში უთანხმოებებმა იმატა და 1976 წელს მორიგი ახალი ორგანიზაცია (USBA – შეერთებული შტატების კრივის ასოციაცია) დაარსდა, რომელიც 1983 წლიდან, დღემდე მოყოლილი სახელწოდებით მოქმედებს – IBF (International Boxing Federation – კრივის საერთაშორისო ფედერაცია). დაბოლოს, პროფესიულ კრივში დაფასებული ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალური სტრუქტურული ერთეული – WBO (World Boxing Organization – კრივის მსოფლიო ორგანიზაცია). იგი 1988 წელს შეიქმნა და კრივის პროფესიონალური ორთაბრძოლების სანქცირებითაა დაკავებული. ამ ოთხეულიდან მხოლოდ IBF- ს სათავო ოფისია აშშ-ში (სპრინგფილდი) განთავსებული, დანარჩენებისა კი ლათინური ამერიკის 3 სახელმწიფოს დედაქალაქში მდებარეობს: WBA – პანამაში, WBC – მეხიკოში (მექსიკა), WBO – სან ხუანში (პუერტო რიკო).

სამოყვარულო კრივი ოლიმპიადაზე

პროფესიონალური კრივის ვარსკვლავებსა და საოცარ ფინანსურ მასშტაბებს ქვემოთ შევეხებით. აქ კი სამოყვარულო კრივზე დავწერთ. მოყვარულ მოკრივეთა მსოფლიო დონის დებიუტი 1904 წლიდან, სენტ ლუისში (აშშ) გამართული ოლიმპიური თამაშებიდან იწყება. პირველსავე ტურნირზე საინტერესო ფაქტი მოხდა: ერთ წონით კატეგორიაში ოქროს მომგებ მოკრივეს შეეძლო უფრო მძიმე კატეგორიაშიც ეასპარეზა (ასეთი ამერიკელი ოლივერ კრიკი იყო), ხოლო ერთ კატეგორიაში ერთ ქვეყანას რამდენიმე სპორტსმენის გამოყვანის უფლება ჰქონდა. ეს უცნაური წესი მხოლოდ 1928 წელს გაუქმდა. სხვათა შორის, ამ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მსუბუქწონოსანი იტალიელი კარლო ორლანდი ყრუ-მუნჯი გახლდათ.

1920 წლის აგვისტოში, ანტვერპენში (ბელგია) მიმდინარე ოლიმპიადაზე ინგლისის, საფრანგეთის, ბელგიის, ბრაზილიისა და ნიდერლანდების ეროვნულ ასოციაციათა წარმომადგენლებმა ოფიციალურად დააფუძნეს სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA – La Fédération Internationale de Boxe Amateur). 1946 წელს, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მეორე მსოფლიო ომისას რამდენიმე წამყვანი ოფიციალური პირის უღირსი საქციელის გამო, FIBA დაშლილად გამოაცხადეს. ინგლისის სამოყვარულო კრივის ასოციაციამ საფრანგეთის კრივის ფედერაციასთან პარტნიორობაში სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაცია (AIBA – l’Association Internationale de Boxe Amateur) ჩამოაყალიბა.

FIBA-AIBA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატები 1924 წლიდან ტარდება, ხოლო მოყვარულთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი მხოლოდ 1974 წელს გაიმართა. პლანეტის პირველობებზე ნაჩვენები შედეგებით ლიდერად ითვლება კუბელი მძიმეწონოსანი ფელიქს სავონი, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული (1986, 1989, 1991, 1993, 1995). მასვე, თანამემამულე თეოფილო სტივენსონსა და უნგრელ ლასლო პაპთან ერთად, ეკუთვნის ოლიმპიადებზე ნაჩვენები საუკეთესო მაჩვენებელი – 3-გზის ჩემპიონობა (1992, 1996, 2000).

ლონდონში 2012 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ამ რანგის ტურნირზე ოფიციალურად პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა. ისინი სენტ ლუისშიც (1904) ასპარეზობდნენ, მაგრამ მათ გამოსვლას საჩვენებელი ხასიათი ჰქონდა. ქალთა კრივის მთავარი განსხვავება ეკიპირებაშია. ისინი ვალდებული არიან მკერდის დამცავი პროტექტორები გაიკეთონ. ამის მიუხედავად, ქალთა პაექრობები სანახაობრივი თვალსაზრისით მოსაწყენი ნამდვილად არაა – კარგად დაცული კორპუსის გამო, დარტყმათა უმეტესობა თავზე მოდის.

1988 წელს, შვედეთში მსოფლიოში პირველად ჩატარდა ეროვნული ფედერაციის მიერ სანქცირებული ოფიციალური შეჯიბრი. ამის შემდეგ დაიწყო ქალთა კრივი სწრაფი განვითარება. 1994 წელს იგი AIBA-მ სცნო. 1997 წელს საბერძნეთში გაიმართა კრივში ქალთა პირველი საერთაშორისო ტურნირი. 2001 წლის აპრილში საფრანგეთმა ევროპის პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა დებიუტი იმავე წლის ნოემბერ- დეკემბერში აშშ-ში (სკრენტონი) შედგა.

და ერთიც. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად, ბრაზილიაში 2016 წელს გამართულ კრივის ტურნირზე პროფესიონალებიც დაუშვეს.

უდიადესი და უმდიდრესი მოკრივეები

პროფესიონალურ კრივში სახელგანთქმულთა შორის „უდიადესის“ ტიტული ბევრს შეიძლება მიენიჭოს. ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, შესაძლოა საკამათო იყოს. მისი 50-მდე გაზრდაც შეიძლება და ორამდე შემცირებაც. ასე რომ, ჩვენ ჩვენსას გთავაზობთ, დანარჩენი კი თქვენთვის მოგვინდვია. არც ის გაგიკვირდეთ, რომ სიაში ყველა ამერიკელია. სამაგიეროდ, კრივში მიღებული ჰონორარების მიხედვით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც
იწონებენ თავს.

მივყვეთ ქრონოლოგიით. ჯო ლუისი (Joe Louis) პირველი პროფესიონალი მოკრივეა, ვინც 3-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. 1934-1951 წლებში მან 69 პროფესიული ბრძოლა გამართა, რომელთაგან 66 მოიგო (52 ნოკაუტით). იგი 1937 წლიდან რეკორდული 11 წლისა და 8 თვის განმავლობაში ფლობდა ჩემპიონის ტიტულს.

იტალიური წარმოშობის ამერიკელი როკი მარჩიანო (Rocky Marciano) ერთადერთი დაუმარცხებელი (49-დან 43 ნოკაუტი) მოკრივეა, ვინც მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ფლობდა (1952-1956).

ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოკრივე კასიუს კლეი (Cassius Clay) (რელიგიის შეცვლის შემდეგ მუჰამედ ალი). 1960 წლის ოლიმპიადაზე 81 კგ- მდე წონითი კატეგორიის მოგების შემდეგ პროფესიონალებში გადავიდა. მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული ჯო ლუისის მსგავსად 3-ჯერ დაიბრუნა (1964-1966, 1974-1978). ჩემპიონობის გზაზე ძლეული მოკრივეების რაოდენობით (21) მისი რეკორდი დღესაც მოუხსნელია. 61 პროფესიონალური ბრძოლიდან 56 (37 ნოკაუტით) მოიგო.

„რკინის მაიკი“, „პლანეტაზე ყველაზე საშიში ადამიანი“
– მაიკლ ტაისონზე (Michael Tyson) ამ მეტსახელებით საკმაოდ კონკრეტული წარმოდგენა უნდა შეგვექმნას. მისი ტიტულები: მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმეწონოსან პროფესიონალებს შორის (1987-1990), მსოფლიოს ჩემპიონი ვერსიებით WBC (1986-1990, 1996), WBA (1987-1990, 1996), IBF (1987-1990). ჩემპიონის ტიტულის გზაზე 11 მეტოქე დაამარცხა. მის აქტივში ყველაზე ბევრი სწრაფი ნოკაუტია – 9 ნოკაუტი წუთზე ნაკლებში. მას ეკუთვნის ასევე ყველაზე სწრაფი ნოკაუტი ახალგაზრდულ ოლიმპიადებზე – 8 წამი. ტაისონი ფლოიდ მეივეზერამდე ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოკრივედ ითვლებოდა.

უმაღლესი ჰონორარების მქონე მოკრივეებს რაც შეეხებათ, მათში სპორტული შედეგებით „აწყობილი“ ჩვენი სიის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ ხვდება. სპორტული და სანახაობრივი მხარე ხომ ხშირად ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. კრივის თანამედროვე მაყურებელს შოუში ურჩევნია ათასობით დოლარის გადახდა, ვიდრე რამდენიმე წამში დასრულებულ ორთაბრძოლაში.

1. ევანდერ ჰოლიფილდი – 1997 წლის 28 ივნისს მაიკლ ტაისონთან მატჩ-რევანშისთვის 35 მილიონი დოლარი მიიღო (დღევანდელი კურსით 56 მილიონი დოლარი);

2. ოსკარ დე ლა ჰოია – 2007 წლის 5 მაისს ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლაში 52 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (დღევანდელი კურსით 61 მილიონი დოლარი);

3. ენტონი ჯოშუა – 2019 წლის 7 დეკემბერს ენდი რუისთან მატჩ-რევანშისთვის 83 მილიონი დოლარი მისცეს;

4. მენი პაკიაიო – 2015 წლის 2 მაისს ფლოიდ მეივეზერთან პაექრობისთვის 150 მილიონი დოლარი მიიღო (დღევანდელი კურსით 155 მილიონი დოლარი);

5. ფლოიდ მეივეზერი – 2017 წლის 26 აგვისტოს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლისთვის 275 მილიონი დოლარი მიიღო (დღევანდელი კურსით 281 მილიონი დოლარი).

შედარებისთვის, 1975 წლის 1 ოქტომბერს ჯო ფრეიზერთან (Joe Fraizer) მანილაში (ფილიპინები) გამართულ მესამე მატჩში გამარჯვებისთვის, ტიტულის შემნარჩუნებელ მუჰამედ ალის დღევანდელი კურსით 40 მილიონი დოლარი შეხვდა. სხვათა შორის, ამ ორთაბრძოლის საპრიზო ფონდი მთლიანად მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა გაიღო. წაგებულს წილად 25 მილიონი დოლარი ხვდა.

გამორჩეული ქართველი მოკრივეები

პირველი ქართველი მოკრივე, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თბილისელი დავით კვაჭაძე იყო. იგი ქვემძიმე კატეგორიაში (81 კგ- მდე) ასპარეზობდა და 1977 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალში, მასპინძელ ოტომარ ზაკსეს მოუგო. მან მოკრივის კარიერა 1981 წელს დაასრულა და სამოყვარულო დონეზე სულ გამართული 180 ბრძოლიდან 165 მოიგო, 15-ში კი დამარცხდა. კვაჭაძე გასული საუკუნის 90-იან წლებსა და მიმდინარის 10-იანი წლების გასაყარზე საქართველოს სამოყვარულო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

ფოთელი ვლადიმერ ჭანტურია სიდნეის ოლიმპიადაზე (2000), სწორედ იმ ლეგენდარული ფელიქს სავონის წონით კატეგორიაში (91 კგ-მდე) იბრძოდა მედლისთვის, რომელზეც ზემოთ აღვნიშნეთ. მან მეოთხედფინალში უზბეკ რუსლან ჩაგაევს მოუგო (18:13), თუმცა მერე რუს სულტან იბრაგიმოვთან წააგო (4:19) და ოლიმპიურ ბრინჯაოს დასჯერდა. ჭანტურიამ კარიერის ბოლოს პროფესიულ კრივში გადაინაცვლა, სადაც 2006-2007 წლებში ჩატარებული 15 ორთაბრძოლიდან მოგებულ 13 მატჩში 9 ნოკაუტით დაასრულა.

საკმაოდ მრავალფეროვანი სპორტული კარიერა ჰქონდა მესტიელ რამაზ ფალიანს. იგი სხვადასხვა დროს სსრკ-ის, დსთ-ის, საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის დროშის ქვეშ ასპარეზობდა. პირველი სერიოზული წარმატება 1992 წლის ოლიმპიადაზე ჰქონდა, როცა დსთ-ის სახელით ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანელ ფაუსტინო რეიესთან წააგო (9:14) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 1993 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო, ხოლო ევროპაზე ვერცხლი მოიპოვა. შემდეგ იყო ზედიზედ 3 ევროპის ჩემპიონატზე (1996, 1998, 2000) მოპოვებული ჩემპიონის ტიტული. ამას მოჰყვა 2001 წელს ბელფასტში (ჩრდ. ირლანდია) მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. 2002-დან 2006 წლამდე აშშ-ში საცხოვრებლად გადასულმა რამაზ ფალიანმა პროფესიულ რინგზე 16 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 14-ში (8 ნოკაუტით) იმარჯვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველი მოკრივე 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

გამორჩეულ ქართველ მოკრივეთა ხუთეულის კიდევ ერთი წევრია ვარიანელი გიორგი კანდელაკი. მან პირველ სერიოზულ წარმატებას 19 წლისამ მიაღწია, როცა 1993 წელს ტამპერეში (ფინეთი) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფელიქს სავონთან წააგო და ვერცხლი დაისაკუთრა. იმავე წელს კანდელაკმა თურქეთში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ორ წელიწადში ის და სავონი მსოფლიოზე კიდევ ერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს – კუბელმა ამჯერად მეოთხედფინალიდან გამოთიშა ჩვენებური ასპარეზობას. კანდელაკისა და სავონის კიდევ ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა 1996 წლის ოლიმპიადაზე ატლანტაში (აშშ). ქართველმა ვერც ამჯერად შეძლო ტიტულოვანი მეტოქის ძლევა (4:20). ამ მომენტამდე, გიორგი 91 კგ-მდე კატეგორიაში გამოდიოდა და სერიოზული ტიტულის მოსაგებად, მწვრთნელის ზურაბ გუნიას რჩევას დაჰყვა – წონაში მოიმატა და 1997 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფელიქს სავონს მხოლოდ ამ გზით ასცდა. 91 კგ-ზე მეტ წონითი კატეგორიის ფინალში მას კიდევ ერთ კუბელთან ალექსის რუბალკაბასთან დაპირისპირება მოუწია – ამჯერად წარმატებულად. სხვათა შორის, სავონმა თავისი ფინალი იმ უზბეკ ჩაგაევთან წააგო, რომელსაც ვლადიმერ ჭანტურიამ 2000 წლის ოლიმპიადის მეოთხედფინალში სძლია.

მსოფლიოზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ კანდელაკმა სამოყვარულო კარიერა დაასრულა. მან ამ რანგში 120 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 112 მოიგო (3 ნოკაუტით). პროფესიონალურ კარიერას (1998- 2004) რაც შეეხება, იგი იმ უნიკალურ მოკრივეთა სიაში შედის, რომელმაც ჩატარებულ ყველა პაექრობაში იმარჯვა – 24-დან 24-ში (18 ნოკაუტით). გიორგი 2002-2004 წლებში ზემძიმე კატეგორიაში WBU-ს (World Boxing Union) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

და კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, რომელმაც საკუთარი შედეგებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ესაა საშუალო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელი ავთანდილ ხურციძე. მან პროფესიონალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. 23 წლის „ჩაქუჩამ“ სადებიუტო ბრძოლა თანამემამულე გიორგი ყანჩაველს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ხურციძის ტიტულების სია საკმაოდ შთამბეჭდავია: იგი არის IBO-ს (კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი (2011), WBO-ს ვერსიით მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი (2017), ჩემპიონი WBO International-ის (2016-2017), WBC Silver- ს (2011) და WBA Inter-Continental-ის (2008-2010) ვერსიებით. 2017 წლის ზაფხულამდე მან 37 ბრძოლა გამართა, საიდანაც 33 მოიგო (22 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

2017 წლის 8 ივლისს დანიშნული იყო ბრძოლა ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან, მაგრამ ივნისის დასაწყისში ხურციძე აშშ-ში იმ 33 დაპატიმრებულს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირს ედავებოდნენ. დაკავებიდან ერთ წელიწადში იგი დამნაშავედ ცნეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ფრიდონ კერვალიშვილი