ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"მაპზე" უკეთესი უკრაინისთვის ანუ რა იცვლება "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ამუშავებით - №2(67), 2021
ბაიდენ-მერკელის შეთანხმება

22 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღეს „ერთობლივი განცხადება უკრაინის სუვერენიტეტის, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და კლიმატური ამოცანების შესახებ“. შეთანხმების ტექსტი იმავე დღეს კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა  სამინისტროში ერთად მიიტანეს აშშ-ის და გერმანიის ელჩებმა. თუმცა  უკრაინელებმა დიპლომატების საგარეო უწყებაში მისვლამდე უკვე იცოდნენ,  რომ შეთანხმება მათთვის მიუღებელი იქნებოდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ ერთიანობას და დამოუკიდებლობას, უკრაინის მიერ არჩეულ ევროპულ გზას“, – ვკითხულობთ შეთანხმების ტექსტში. მიუხედავად ამისა, ეს შეთანხმება უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანოა და მეორე მხრივ, კოლექტიური დასავლეთის აქტივშიც მისი ჩაწერა შეუძლებელია. შეთანხმება შესაძლებელს ხდის რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ბუნებრივი აირის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამუშავებას და გულისხმობს აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების ანულირებას. შედეგად, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წელს ექსპლუატაციაში შევა. შეთანხმების მიხედვით გერმანია იღებს ვალდებულებას, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ენერგეტიკას გამოიყენებს უკრაინის საზიანოდ, ცალკე და ევროკავშირის ფარგლებშიც მიიღებს ზომებს, მათ შორის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გერმანია უკრაინას გაუწევს ერთ მილიარდ ევრომდე ფინანსურ დახმარებას მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში და ამერიკასთან ერთად ეცდება ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი აირის სატრანზიტო გადატანის შესახებ შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივებას (მიმდინარე შეთანხმება იწურება 2024 წელს). შეთანხმების შედეგად მოგებული რუსეთია, რომელმაც (სამწუხაროდ!) გერმანიასთან თანამონაწილეობით, აშშ-ის და რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად ევროპის მიმართულებით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სახით მსხვილი სტრატეგიული პროექტი წარმატებით დაასრულა.
 
„შეთანხმება უკრაინის სუვერენიტეტის შესახებ“... სევდანარევი ირონიით და გულისტკივილით მახსენდება 2008 წელს ერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამი სიტყვები, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა ანუ „მაპი“ ვერ მივიღეთ. მაპი არა, მაგრამ „მაპზე უკეთესი~ მოგვცესო“, – აცხადებდა ქართველი პოლიტიკოსი.

ბუნებრივი აირის ტრანზიტის რუსულ-უკრაინული ისტორია

საკითხის იმგვარად წარმოჩინება, რომ მხოლოდ უკრაინა ზიანდება აღნიშნული პროექტის ამუშავებით აბსოლუტურად არასწორია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დასრულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროკავშირში ზრდის შიდა დაპირისპირებას და აზიანებს ტრანსატლანტიკურ კავშირებსაც. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი თავდაპირველად ჩვენც უკრაინული პრიზმით განვიხილოთ. უკრაინა წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებდა რუსეთისგან ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტისთვის. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მაგისტრალი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მსგავსად 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის გადატანას უზრუნველყოფს რუსეთიდან ევროპაში უკრაინის მიღმა, ბალტიის ზღვის გავლით (მნიშვნელოვანია ასევე, რომ უკრაინის გარეშე ხორციელდება რუსული პროექტი „თურქეთის ნაკადიც“). ეს მოცემულობა შესაძლებელს ხდის რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის უკრაინული ტრანზიტით მიწოდება მკვეთრად შეამციროს ან საერთოდ შეაჩეროს. ერთადერთი გარემოება, რაც რუსეთის ამ განზრახვას აფერხებს, ეს შეთანხმებაა, რომელიც უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტს 2024 წლამდე განსაზღვრავს.
 
უკრაინასა და რუსეთს შორის პირველი ღია დაპირისპირება რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტის გამო 2006 წელს მოხდა. ევროპისკენ ორიენტირებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი სხვადასხვა სახის აგრესიას ახორციელებდა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ტრანზიტული ბუნებრივი აირის მიტაცებაში. ეს დაპირისპირება რამდენიმე დღეში დასრულდა, თუმცა, ევროპელების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. სწორედ ეს გახლდათ რუსეთის ამოცანა, რომ ეჩვენებინა – „ევროპისთვის საჭირო ბუნებრივი აირი რუსეთს აქვს, თუ ბუნებრივი აირს რუსეთი ევროპას ვერ მიაწვდის, დამნაშავე უკრაინა იქნება“. 2009 წელს კი დაპირისპირება სამ კვირას გაგრძელდა, რუსეთმა ნაწილობრივ შეზღუდა ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით ევროპისკენ და კვლავ უკრაინა დაადანაშაულა უსამართლო ქმედებებში. ეს უკვე არა მხოლოდ მესიჯი, არამედ პრაქტიკული ილუსტრაცია გახლდათ, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთისგან ბუნებრივი აირის ევროპისკენ მიწოდება შეიზღუდება – ამ სამი კვირის განმავლობაში რუმინეთს, ბულგარეთს და საბერძნეთს ენერგო-მომარაგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნა. 2006 და 2009 წლის ქმედებებით რუსეთმა ევროპას მკაფიოდ აჩვენა თავისი აქტუალობა. უკვე 2011 წელს კი „ჩრდილოეთის ნაკადი“ ამუშავდა, რომლის საშუალებითაც რუსეთი ტრანზიტული დანახარჯების და არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების გარეშე პირდაპირ აწვდის ბუნებრივ აირს გერმანიას და შემდგომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. 2015 წელს კი „გაზპრომმა“ პარტნიორებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ განხორციელების შესახებ. უკვე არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ და მალე დასრულებადი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საშუალებით ჯამურად 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადატანაა შესაძლებელი წლის განმავლობაში. რაც ფაქტობრივად საკმარისია მაგა- ლითად გერმანიის (წლიური მოხმარება 80 მილიარდი კუბური მეტრი) და ესპანეთის (წლიური მოხმარება 35 მილიარდი კუბური მეტრი) სრული მომარაგებისთვის. შედარებისთვის, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

ტრამპის და კრუზის წერილები

წინასწარი გეგმის მიხედვით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამას ხელი ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეუშალა. ტრამპს ამ საკითხში სენატის და კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ტრადიციული და გავლენიანი მეკავშირე გერმანიის მიმართ, უფრო სწორედ კი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აშენებდნენ მილსადენს ან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა სახის მომსახურებას ეწეოდნენ, აშშ-მა სანქციები დააწესა. ეს სანქციები ფორმითაც და შინაარსითაც უპრეცედენტო გახლდათ. მაგალითად მისი ერთ-ერთი ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი თავად გზავნიდა წერილებს გერმანული პორტის ადმინისტრაციასთან თუ ფინანსური კომპანიების მენეჯმენტთან და პირადად აწვდიდა ინფორმაციას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში“ ჩართულობის გამო ისინი დაჯარიმდებოდნენ. ამ პოლიტიკამ შედეგი მოიტანა. თავდაპირველად რამდენიმე ევროპული კომპანია მილსადენის მშენებლობიდან გავიდა და შემდგომ კი საერთოდ მისი მშენებლობა შეჩერდა. მიუხედავად „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის მესვეურების მხრიდან საპირისპიროს მტკიცებისა, ნათელი გახლდათ, რომ გაზსადენის მშენებლობის შეჩერების მთავარი მიზეზს აშშ-ის სანქციები და არა ეკოლოგიური ან ტექნიკური პრობლემები წარმოადგენდა.

მერკელის წარმატებული პოლიტიკა: უსაფრთხოება ამერიკიდან, რესურსები რუსეთიდან – დონალდ ტრამპი გერმანელი ლიდერის პოლიტიკის კრიტიკას არ ერიდებოდა. მისი აზრით, მერკელი ასუსტებდა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და მხარდაჭერას უწევდა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელებას. ის მერკელს ახსენებდა `ნატოს~ თავდაცვის მინისტრების მიერ ჯერ კიდევ 2006 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც `ნატოს~ წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის შესაბამისი თანხები უნდა მიმართონ. აშშ თავდაცვის ბიუჯეტს მშპ‑-ის 3,7%-ს მოახმარს, ხოლო გერმანია – გაცილებით ნაკლებს და მხოლოდ 2024 წლისთვის გეგმავს თავდაცვის და უსაფრთხოების დანახარჯებში მშპ-ის 1,5%-მდე (და არა 2%-მდე) გაზრდას. ტრამპი მერკელს მიმართავდა, რომ ერთდროულად ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობა (მხედველობაშია გერმანიაში ბაზირებული ამერიკული სამხედრო ბაზები და 35.000 ამერიკელი სამხედრო, რაც ევროპის უსაფრთხოების უპირველესი საფუძველია) და რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება, ანუ კონკრეტულად „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მერკელმა ეს მოახერხა – გერმანულ ინდუსტრიას და შინამეურნეობებს რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, ხოლო გერმანიის უსაფრთხოებას ამერიკა უზრუნველყოფს გერმანიაშივე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზებით. საინტერესოა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ბაზების მომსახურებისთვის საჭირო ფინანსური დანახარჯების 85%-ზე მეტს ისევ და ისევ ამერიკელები იხდიან.

ბაიდენის ადმინისტრაციის ხედვა - გერმანია სტრატეგიული პარტნიორი გლობალურ გამოწვევების ირგვლივ

ჯო ბაიდენისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლდათ გერმანელებთან არსებული კონფლიქტის დასრულება და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ბაიდენის ადმინისტრაცია რიგ შემთხვევებში გერმანიას მთელ ევროკავშირთან აიგივებს, თუმცა ამგვარ დამოკიდებულებას არაკორექტულს და უსამართლოს უწოდებს მაგალითად პოლონელი ლიდერი, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის პირველ თვეებში მან გააკრიტიკა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და გააგრძელა ე.წ. სანქციების პოლიტიკა, ანგელა მერკელის შეუვალობამ შედეგი გამოიღო და ამერიკამ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, არსებული სანქციები კი გააუქმა. გერმანიამ მიიღო ის რაც სურდა, აშშ-ს კი სანაცვლოდ თითქოს არაფერი მოუთხოვია და არც მიუღია, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციისთვის თავად ამ უთანხმოების თუ კონფლიქტის დასრულება უკვე წარმატებად ჩანდა. ბუნებრივია, ბაიდენსა და მერკელს შორის შეთანხმება არ ნიშნავს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გარშემო ვნებათაღელვის დასრულებას, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მსხვილი და შესაძლოა გადამწყვეტი ეტაპი, რაც სანქციების დაწესების გზით გაზსადენის დასრულებისთვის ხელის შეშლას წარმოადგენდა, დასრულდა. და მაინც რა მიიღო ამ შეთანხმებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? ჩემი აზრით, შეთანხმების ფორმალური მხარის მიღმა იკვეთება ბაიდენის ადმინისტრაციის ხედვა საგარეო გამოწვევების ირგვლივ და ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტები. ეს ხედვა კი ასე ჩანს: აგრესიული რუსეთი, რეგიონული და არა გლობალური საფრთხეა და ის პირველ რიგში ევროკავშირის პრობლემა და სატკივარი უნდა გახდეს. რაც შეეხება გლობალურ გამოწვევებს, ისეთებს როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები და ე.წ. მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა, პანდემიის შედეგებთან გამკლავება, ტერორიზმთან ბრძოლა, მიგრაცია, ჰიბრიდული საფრთხეები, ჩინეთის ექსპანსიის წინააღმდეგ კონსოლიდირებული პოლიტიკის წარმოება და კიბერუსაფრთხოების საკითხები, აქ ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ გერმანიას, როგორც ევროკავშირში ყველაზე გავლენიან და უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას მოიაზრებს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. სწორედ სტრატეგიულ პარტნიორთან გლობალური გამოწვევების წინ ერთიანი პოზიციის გამომუშავებაა ბაიდენის ადმინისტრაციის ამოცანა და ამიტომ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ, მაგრამ მაინც არა გლობალური შინაარსის მქონე პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ მეტი კონცენტრირება ბაიდენის ადმინისტრაციამ ზედმეტად ჩათვალა.

მერკელის მოსაზრებით ჩინეთის შემთხვევაშიც, ეკონომიკა ეკონომიკაა

რამდენად მოახერხებს გერმანია ამ გლობალურ საფრთხეებთან მიმართებაში, თუნდაც აშშ-თან ერთად თავისუფალი სამყაროს ლიდერობას, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ გერმანიის ლიდერის ანგელა მერკელის საკამათო პოზიცია აზიელი მიგრანტების ევროპაში განთავსების შესახებ გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოს უბიძგა ევროკავშირის დატოვებისკენ. ასევე, ანგელა მერკელის დამოკიდებულება ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებთან თუ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სრულიად ამოვარდნილია აშშ-ს და ნატოს მეკავშირეების საერთო ხედვიდან. ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ უკვე ორ წელზე მეტია, რაც აშშ-მა და შემდგომ უკვე ნატოს წევრი ქვეყნების დიდმა ნაწილმა ჩინური მაღალი ტექნოლოგიების კომპანია „ჰუავეისთან“ საქმიანობა შეზღუდა, მისი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ახლო კავშირების და რაც მთავარია კომპანიის მიერ განხორციელებული უკანონო მიყურადების, ადამიანების დევნის და სტრატეგიული ინფორმაციის მიტაცების გამო. ეს კომპანია ბევრ ქვეყანაში ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი და მას მიიჩნევენ ჩინეთის აგრესიული პოლიტიკის გატარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. ამავე დროს, ის გახდა მსოფლიო ლიდერი 5G ტექნოლოგიების განვითარებაში და გერმანიაში ამ ტექნოლოგიების უალტერნატივო მიმწოდებელი. აშშ, საფრანგეთი, „სამი ზღვის ინიციატივის“ (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები) ქვეყნების უმეტესობა საკანონმდებლო დონეზე ზღუდავენ „ჰუავეის“ შიდა ბაზარზე მონაწილეობის შესაძლებლობას. გერმანიამ კი შესაბამისი კანონი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიიღო, რადგან მანამდე ანგელა მერკელის პოზიცია ამ საკითხზეც შეუვალი გახლდათ. ის ჩინეთთან ურთიერთობის პრიზმაშიც ეკონომიკურ ბენეფიტებს ხედავს და უსაფრთხოების საკითხებს არ ანიჭებს უპირატესობას. მერკელის ამგვარ პოლიტიკას არ ეთანხმებოდნენ მისი თანაპარტიელებიც კი. მერკელი დაინტერესებული იყო ჩინეთთან თანამშრომლობით მანქანათმშენებლობის და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. საქართველოში დამკვიდრებული ფრაზების ანალოგიით რომ ვისაუბროთ, როგორც ჩანს მერკელისთვის ეკონომიკა, თუნდაც მსხვილი ეკონომიკა, პოლიტიკა არ არის და ამ თვალსაზრისით მისი ხედვა სრულიად ამოვარდნილია „ნატოს“ წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობის საერთო პოზიციიდან. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანცლერის თანამდებობიდან წამსვლელმა ანგელა მერკელმა (2021 წელს გერმანიაში ნაციონალური არჩევნებია, რომლის შემდგომაც ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას დატოვებს) დაუშვა, რომ კანონი არასანდო ქვეყნების მხრიდან ტექნოლოგიების მოწოდების შეზღუდვების შესახებ გერმანიამ უკვე მიიღო, მაგრამ ისევ და ისევ – როგორ მოხდება ამ კანონის რეალიზება და რამდენად შეიზღუდება პრაქტიკულად „ჰუავეის“ საქმიანობა გერმანიაში, მხოლოდ სამომავლოდ გამოჩნდება.

გარანტიები უკრაინას და ბუქარესტის მემორანდუმი

აშშ-მა და გერმანიამ შეთანხმების საფუძველზე უკვე დანიშნეს სპეციალური წარმომადგენლები ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. მათი მთავარი ამოცანა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-დან“ მომდინარე შესაძლო საფრთხეების მინიმიზაცია და უკრაინის ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობაა. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში მილიარდი ევროს მობილიზებას გერმანია ითავებს. ამავე დროს არაფერია ცნობილი, თუ რამდენად დგას დღეს პირველხა- რისხოვან ამოცანად უკრაინისთვის მწვანე ენერგეტიკის განვითარება. ასევე ჯერჯერობით ნათელი არ არის თუ რა რეალური ბერკეტი აქვს გერმანიას, რომ რუსეთი აიძულოს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ შეთანხმება 2024 წლამდე გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში შეხვედრები გამართა ჯერ ანგელა მერკელთან კიევში, ხოლო შემდგომ ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში. დარწმუნებული ვარ, შეხვედრებიდან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიუანსი გაირკვევა და უკრაინაც შეეცდება რაც შეიძლება მეტი გარანტიის და პრაქტიკული ინსტრუმენტის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისთვის. თუმცა, უკრაინასთან გარანტიებზე საუბარი რთული და უხერხულიც არის. გავიხსენოთ 1994 წელს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის და რუსეთს შორის მიღებული ბუქარესტის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის მხრიდან ატომურ შეიარაღებაზე უარის თქმას, რის სანაცვლოდ უკრაინამ მემორანდუმზე ხელმომწერი ქვეყნებიდან (მემორანდუმს მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საფრანგეთმაც) მიიღო გარანტია ტერიტორიული  მთლიანობის დაცვის შესახებ. შეპირებული გარანტია, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის და დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, დარღვეულია და არ სრულდება.
 
ისევ ბაიდენი-მერკელის შეთანხმებას რომ დავუბრუნდეთ – არ არსებობს არავითარი ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე სამომავლოდ გერმანია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების დაწესების ინიცირებას მოახდენს. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის თუ სხვა ქვეყნებზე აგრესიის განხორციელების შემთხვევებში გერმანია ენერგეტიკულ სექტორს ყოველთვის ტოვებდა სანქციების მიღმა და ასე იქნება სამომავლოდაც, რადგან შეუძლებელიც კი იქნება რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დამოკიდებული საკუთარი საწარმოებისთვის და შინამეურნეობებისთვის გაზის მიწოდების შეჩერება. ხოლო ახალი მიმწოდებლების მოძიებას და შესაბამის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, სურვილის შემთხვევაშიც კი, წლები დასჭირდება.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" - საფრთხე მხოლოდ უკრაინისთვის?

გერმანიის დიპლომატიური გამარჯვებაა საკითხის მხოლოდ უკრაინულ გამოწვევად წარმოჩინება. გერმანია არ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პოლიტიკური შინაარსის პროექტია და მას მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს. ეკონომიკურად კი შესაძლოა უკრაინა მართლაც დაზარალდეს, მაგრამ ამისთვის გერმანია უკრაინას კომპენსაციას სთავაზობს – გერმანული ხედვით საკითხი სწორედ ასე დგას. თუმცა, „ნატოს“ და ევროკავშირის წევრების დიდი ნაწილი ვერ ეგუება აგრესორი რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას ევროპის ხარჯზე და მისი პოლიტიკური გავლენის ზრდას ევროპაში. გერმანიის ბევრისთვის მიუღებელი პოზიციის ყველაზე თვალნათელი ილუსტრაცია გერმანიის ყოფილი ლიდერის გერჰარდ შრიოდერის რუსულ ენერგოკომპანიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებაა, შესაბამისად დაახლოებით თხუთმეტი წელია, რაც გერმანელების ამგვარ პოლიტიკას აკრიტიკებენ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერები. ცნობილი ლიეტუველი ლიდერი ვიტაუტას ლანდსბერგისი წლების წინ აკრიტიკებდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ იდეას და თვლიდა, რომ ის წარმოქმნიდა დაპირისპირებას ევროკავშირის ქვეყნებს შორის და გააძლიერებდა რუსეთს. ახლა უკვე მისი შვილიშვილი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აკრიტიკებს ამ პროექტს, იმავე ბრალდებით, თუმცა, ასევე უშედეგოდ. დღეს უკვე ნათელია, რომ საქართველოს „ნატოსთან“ დაახლოება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე სწორედ გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ რუსეთთან ერთობლივი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელებისა და შესაბამისად, გერმანიის მიერ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გამო არ მოხდა. გერმანიის განსხვავებული ხედვა საგარეო საფრთხეებთან მიმართებაში და გერმანიის მიერ რუსული გეოპოლიტიკური პროექტის მხარდაჭერა მიუღებელია „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნების უმეტესობისთვის. ის ფაქტი, რომ მხოლოდ პოლონეთმა გაავრცელა უკრაინასთან ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოითქვა უკმაყოფილება ბაიდენი-მერკელის შეთანხმებიდან გამომდინარე „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ განხორციელების შესახებ, არ ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნებისთვის ეს პროექტი მისაღებია. ბალტიის ქვეყნების უმეტესობას გერმანიასთან მყარი პოლიტიკური და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძლიერი ისტორიული და კულტურული კავშირები აქვთ. ასეც რომ არ იყოს, ევროპის ქვეყნები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყანასთან საჯარო დაპირისპირებას ერიდებიან. წლის დასაწყისში, ცნობილი რუსი ოპოზიციონერის – ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, იმ მიზნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო. რეზოლუციაში ცალკე აღინიშნა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პოლიტიკური მიზანშეუწონლობა. მიუხედავად ამისა, რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და გერმანიამ, რომელმაც გამონახა სამართლებრივი საშუალება ევროკავშირის რეგულაციების მიღმა განახორციელოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, პროექტი არ შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, 581 მომხრე 50-ის წინააღმდეგ (44-მა თავი შეიკავა) ნათლად აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დიდი გამოწვევაა. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში საფრანგეთის მთავრობის წევრებმაც საჯაროდ მოუწოდეს გერმანელ კოლეგებს პროექტის შეჩერების შესახებ, თუმცა, როგორც ვხედავთ. გერმანიამ არ გაითვალისწინა არცერთი მოკავშირის წინადადება და პოზიცია.

"გერმანია არ არის ევროკავშირი. გერმანია არის გერმანია" - პოლონეთის ლიდერი ამერიკას

ბაიდენ-მერკელის შეთანხმებაში საუბარია მასზედ, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს ენერგეტიკული რესურსებით პოლიტიკური მანიპულირების საშუალება. მაგრამ ამ შესაძლო მანიპულაციის კონტროლის არავითარი მექანიზმი არ არსებობს. უფრო მეტიც, რუსეთი სწორედ ახლა ახორციელებს ამგვარ მანიპულაციას, ხელოვნურად ამცირებს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაში, რაც იწვევს ფასების ზრდას და ამყარებს მოსაზრებას, რომ მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამუშავების შედეგად არის შესაძლებელი ევროპის ეფექტური მომარაგება. პოლონეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ განხორციელებას, პოლიტიკური განცხადებების თუ ეროვნული სასამართლო განჩინებების სახით. პოლონეთის პრემიერ- მინისტრის მათეუშ მორავიეცკის ინტერვიუ 2021 წლის ივნისში Newsweek-თან, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ იცვლიდა პოზიციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან მიმართებაში, ეფექტურად ახდენს მიმდინარე ვითარების ილუსტრაციას:

„ჩვენ პოლონეთში ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოზიციის ცვლილების გამო. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით აშშ-ის მთავრობასთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განვითარების შესაჩერებლად ან შესანელებლად მაინც. ახლახან კი პოზიციები შეიცვალა იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესებას. გერმანია არ არის ევროკავშირი. გერმანია არის გერმანია და მათ აქვთ საკუთარი ინტერესები და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ გერმანული და რუსული ინტერესები ერთ მხარეს აღმოჩნდა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ბუნებრივი აირის ანატომია და საქართველოს პერსპექტივა

გერმანია, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ბუნებრივ აირს აფასებს როგორ ე.წ. გარდამავალ ენერგეტიკულ რესურსს. მისი მოპოვება და რეალიზაცია გარემოს უფრო ნაკლებად აზიანებს, ვიდრე ვთქვათ ქვანახშირი და უფრო ნაკლებ პოტენციურ საფრთხეს ქმნის ვიდრე ატომური ენერგეტიკა. თუმცა, ბუნებრივი აირი მაინც გარდამავალი ენერგეტიკაა, რადგან სამომავლოდ განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკულ რესურსებზე გადასვლაა დაგეგმილი. სწორედ ამიტომ ბუნებრივი აირი დღეს არსებული ხედვიდან გამომდინარე (მხოლოდ) უახლოესი 20, 30 წელი იქნება ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული რესურსი და დეკლარირებულადაც გერმანია სწორედ ეს პერიოდი გეგმავს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღებას. 20, 30 წელი – ეს დაახლოებით ერთ თაობას ნიშნავს, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვაშორებდეს ევროკავშირამდე ინტეგრაციისთვის, რადგან დღეს ასე ჩანს, რომ რუსეთის გავლენა და კავშირები ევროპის მიმართულებით იზრდება. გერმანიაში (მაგალითად ადგილობრივი მწვანეების მხრიდან) „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ კრიტიკა უმეტესწილად განპირობებულია ეკოლოგიური და არა პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. საქართველო, კი მისი სუსტი დემოკრატიის გამო სამწუხაროდ დამატებით „მყარ“ არგუმენტს იძლევა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში და „ნატოში“ ინტეგრაცია უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდეს.

საქართველომ დაიგვიანა

მაშინ, როდესაც თითქოს ბოლო ნაბიჯებია გადასადგმელი „ნატოში“ ინტეგრაციის და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, ცივილიზებულ სამყაროს სულ სხვა გამოწვევები აქვს, ვიდრე ნაწილობრივ ოკუპირებული და სუსტი დემოკრატიის მქონე ანუ პრობლემური ქვეყნის ინტეგრაციაა. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ცივილიზებული სამყაროს მონაწილე, ევროკავშირის და „ნატოს“ წევრი ქვეყანა, ამისათვის და ზოგადად ქვეყნის მომავლისთვის დემოკრატიის განვითარება, „ნატოში“ და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნება და მტკიცე პარტნიორებთან – აშშ-თან, „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებთან ეკონომიკური  და პოლიტიკურ კავშირების გამყარებაა აუცილებელი.

კოკი იონათამიშვილი

"საქართველო" – სამი ზღვის ინიციატივა"