ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უბერებელი და გრანდიოზული ქანდაკებები - №3(68), 2021
რეიტინგების რუბრიკაში შევეცადეთ გამორჩეულ ავტორთა მიერ შექმნილი ისეთი ქანდაკებები შეგვერჩია, რომლებმაც უპირველესად ხანგრძლივ დროს გაუძლეს და არ „ბერდებიან“. აქვე ისეთი შედევრებიც არის, რომელთა მნიშვნელობაც მაშინვე მოიკლებს, როცა ადამიანთა კოლექტიური შესაძლებლობა მასზე გრანდიოზულს შექმნის – ამ ქანდაკებებს კი უმალ მეორე პლანზე გადასვლა ემუქრებათ. 

1. „კაპიტოლიუმის ძუ მგელი“, რომი (იტალია) – XI-XII სს 

ეს ბრინჯაოს სკულპტურა რომის დამაარსებელი ტყუპების – რომულუსისა და რემუსის შესახებ დღემდე შემორჩენილი ლეგენდის ეპიზოდს ასახავს. მასზე თითქმის ნატურალური ზომის (75 სმ სიმაღლის) ძუ მგელია გამოსახული, რომელიც საკუთარი რძით კვებავს ორ ჩვილ ბავშვს. ითვლება, რომ მგელი საბინებისა და ეტრუსკების ტოტემი (კერპთან გათანაბრებული ცხოველი – ფ.კ.) იყო, ხოლო ქანდაკება რომში გადაიტანეს რომაელების ამ უძველესი ცივილიზაციების ხალხთან შერწყმის ნიშნად.
 
ჩვენი რეიტინგის ამ აშკარად უძველესი სკულპტურის დამზადების თარიღი კარგა ხანია საკამათო იყო. იგი ეტრუსკების ნახელავად ითვლებოდა და არაერთი სტილისტური ნიშნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში დამზადებულად მიიჩნეოდა. XXI საუკუნეში გაკეთებული ჩამოსხმის ტექნოლოგიისა (2012) და რადიონახშირბადული დათარიღების (2019) ანალიზით დგინდება, რომ მგლის ქანდაკება გაცილებით „ახალგაზრდაა“ – XI-XII სს. როგორც ირკვევა, მასზე უფრო „ნორჩია“ ტყუპების სხმულები – ისინი რომ სრულიად განსხვავებული მანერითაა დამზადებული, ასევე დოკუმენტურად დამტკიცდა. არაერთი თანამედროვე კვლევის შედეგად მიიჩნევენ, რომ რომულუსისა და რემუსის ბრინჯაოში ჩამოსხმა XI საუკუნის ფლორენციელი ფერმწერის, სკულპტორის, გრავიორისა და იუველირის – ანტონიო დელ პოლაიოლოს დამსახურებაა. ე.ი. მხოლოდ „ახლახან“ დადგინდა, რომ მითური მგელი და ტყუპი ჩვილები სხვადასხვა ადამიანებმა არაერთი საუკუნის დაშორებით შექმნეს. 

2. „მშარდავი ბიჭი“, ბრიუსელი (ბელგია) – 1619 წელი 

მინიატურული (61 სმ) ბრინჯაოს ქანდაკება-შადრევანი „მშარდავი ბიჭი“ ბელგიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა და ნამდვილი სიმბოლოა. ამ სახით ქანდაკების დამზადების ზუსტი გარემოება და დრო უცნობია. თანამედროვე სახე მას 1619 წელს შესძინა გვიანი რენესანსის მიმდევარმა კარის მოქანდაკემ ჟერომ დიუკენუამ. 1695 წლიდან იგი არაერთხელ მოუპარავთ. ბოლო ასეთი ფაქტი 1960-იანების დასასრულს მოხდა, რის შემდეგაც იგი კიდევ ერთხელ შეცვალეს ასლით. 

წლების განმავლობაში, ქანდაკებას არაერთ საინტერესო ტრადიციას უკავშირებენ. მაგალითად, სადღესასწაულო დღეებში ბიჭიდან გამომავალ წყალს ღვინით ან ლუდით ცვლიან. გაცილებით ხშირია ჟულიენის (ასე შეარქვეს ბელგიელებმა საკუთარ სავიზიტო ბარათს) სხვადასხვა სამოსში გამოწყობის შემთხვევა. ყველაფერი კი 1698 წლიდან დაიწყო, როცა ბავარიელმა კურფიურსტმა მაქსიმილიან-ემანუელმა ბიჭუნას საზეიმო სამოსი გამოუგზავნა. ამჟამად, შადრევნის ცხაურზე ყოველ თვეს გამოაფენენ ხოლმე იმ კოსტიუმების ჩამონათვალს, რომელსაც ჟულიენი „ჩაიცვამს“. ასორტიმენტი არაკომერციული ორგანიზაცია „მშარდავი ბიჭის მეგობრების“ მიერ შედგენილი სიის მიხედვით იცვლება. სამოსის გამოცვლისას სასულე ორკესტრი უკრავს, თავად საგარდერობო კი, იქვე ახლოში, Grote Markt-ის სამეფო მუზეუმშია და 800-ზე მეტ მოდელს ითვლის. 

3. „მოაზროვნე“, პარიზი (საფრანგეთი) – 1882 წელი 

ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის (Auguste Rodin) მიერ შექმნილი სკულპტურა „მოაზროვნე“, მარტო საფრანგეთში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ნამუშევარია. მას იმავდროულად ფილოსოფიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. თავდაპირველად, როდენის ამ ნამუშევარს „პოეტი“ უნდა რქმეოდა დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მოტივებით შექმნილ კომპოზიცია „ჯოჯოხეთის კარში“, სადაც ის იტალიელი პოეტის პროტოტიპი იქნებოდა. როდენმა შედევრზე მუშაობისას ჩანაფიქრი გაართულა და გმირს მიქელანჯელოს კლასიკურ სტილში ფიზიკური სიმძლავრე შესძინა, რითაც იგი მოაზროვნის იმიჯის მქონე ალეგორიული პერსონაჟი გახადა. მოდელად, ისევე როგორც სხვა ნამუშევრებში, როდენმა ფრანგი მოკრივე ჟან ბო გამოიყენა. იგი ძირითადად პარიზის წითელი ფანრების კვარტალში ჩხუბობდა. 

„მოაზროვნე“ საჯაროდ პირველად 1888 წელს, კოპენჰაგენში აჩვენეს. 1902 წელს ბრინჯაოსგან ჩამოასხეს 181 სანტიმეტრამდე გაზრდილი სკულპტურა, რომელიც როდენმა ორ წელიწადში პარიზის სალონში გამოფინა. 1906 წელს ბრინჯაოს „მოაზროვნე“ პარიზის პანთეონში დადგეს. მისი გახსნის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში როდენმა აღნიშნა, რომ „იგი“ ფრანგი მუშებისადმი მიძღვნილი ძეგლია. 1922 წელს ეს ნაშრომი სასტუმრო „ბირონში“ შექმნილ როდენის მუზეუმში გადაიტანეს. 

4. „თავისუფლების ქანდაკება“, ნიუ იორკი (აშშ) – 1886 წელი 

ფრანგი ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის (Frédéric Auguste Bartholdi) მიერ შექმნილი 46 მეტრი (კვარცხლბეკიანად 93 მეტრი) სიმაღლის ეს მონუმენტური სკულპტურა ნიუ იორკის და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო გახდა. იგი მანჰეტენის სამხრეთით მდებარე თავისუფლების კუნძულზე 1886 წელს დადგეს. იქამდე 10 წლით ადრე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნავად, ამ ქანდაკების მხოლოდ ნაწილი – ჩირაღდანი, ფილადელფიაში ჩატარებულ მსოფლიო გამოფენაზე, წარადგინეს როგორც შეერთებული შტატებისთვის საფრანგეთის საჩუქარი. 

„თავისუფლების ქანდაკება“, პერის გამარჯვებისა და მსოფლიო მშვიდობის მემორიალის (Perry`s Victory and International Peace Memorial) შემდეგ ქვეყანაში სიმაღლით მეორე შუქურაა. თუმცა, ნავიგაციისთვის დამახასიათებელი მნათობის როლი მისთვის მთავარი კი არა, მეორადი ფუნქცია გახლავთ. ამიტომ იგი აშშ-ის შუქურათა სიაში მოხსენიებული არ გახლავთ. 

5. „ქალთევზა“, კოპენჰაგენი (დანია) – 1913 წელი 

კოპენჰაგენის ბალტიისპირა სანაპიროზე, პატარა, საქვეყნოდ ცნობილი მითიური ქალთევზას ქანდაკებაა. მისი დამზადება ადგილობრივ სკულპტორ ედვარდ ერიკსენს (Edvard Eriksen), ლუდსახარში კომპანია Carlsberg-ის დამფუძნებლის შვილმა კარლ იაკობსენმა 1909 წელს შეუკვეთა. იგი დანიის სამეფო თეატრში ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით დადგმული საბალეტო წარმოდგენით მოხიბლულა და ოსტატისთვის პირობა წაუყენებია – მოდელად პერსონაჟის როლის განმსახიერებელი პრიმა ელენ პრაისი უნდა გყავდესო. ბალერინა დათანხმებულა, მხოლოდ შიშვლად პოზიორობაზე უარი უთქვამს. საბოლოოდ, სკულპტორს ქანდაკებისთვის მსახიობის სახე და საკუთარი მეუღლის ელინის სხეული „მიუცია“. 

125 სმ სიმაღლისა და 175 კგ წონის ბრინჯაოს ქმნილება საზეიმოდ 1913 წლის აგვისტოში გაიხსნა. იაკობსენმა ცერემონიაზე იგი კოპენჰაგენს საჩუქრად გადასცა. მას შემდეგ „ქალთევზა“ ქალაქისა და ქვეყნის უმთავრეს სიმბოლოდ აღიქმება. 

სხვათა შორის, სკულპტორის მემკვიდრეები ჯერ კიდევ მისი სიცოცხლისას (იგი 1959 წელს გარდაიცვალა) მოიქცნენ წინდახედულად და საავტორო უფლება დაიკანონეს. მას შემდეგ, ისინი ქანდაკების ასლის ნებისმიერი გამოყენებისთვის შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. 

6. „მხსნელი ქრისტე“, რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია) – 1931 წელი 

ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, ზღვის დონიდან 710 მეტრზე მდებარე კორკოვადუს მთის წვერზე, ქრისტეს 30 მეტრიანი ქანდაკება დგას. მეტწილად საყოველთაო შემოწირულობებით დაფინანსებული ქანდაკების შექმნას და მონტაჟს 9 წელი (1922-1931) დასჭირდა. ქველმოქმედებაში აქტიურად მონაწილეობდა რიოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი დონ სებასტიან ლემე. 

სკულპტურის შექმნის პროცესში ერთბაშად რამდენიმე მოქანდაკემ, არქიტექტორმა და ინჟინერმა მიიღო მონაწილეობა. ძეგლის თავდაპირველი ესკიზი მხატვარმა კარლოს ოსვალდმა შეიმუშავა, საბოლოო დიზაინი კი ბრაზილიელმა ინჟინერმა ეიტორ და სილვა კოშტამ შექმნა. ვინაიდან, რიგი ტექნოლოგიური მიზეზების გამო, იმ პერიოდში ძეგლის ბრაზილიაში დამზადება შეუძლებელი იყო, კარკასის ჩათვლით მისი ყველა დეტალი საფრანგეთში დაამზადებინეს. შემოქმედებით პროცესში 1924 წლიდან მონაწილეობდნენ პოლონური წარმოშობის ფრანგი სკულპტორი პოლ ლანდოვსკი და მისი რუმინელი კოლეგა გეორგე ლეონიდა. 

ქრისტეს ქანდაკება, რომლის შექმნაში სულ 250 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, საზეიმოდ 1931 წლის 12 ოქტომბერს გახსნეს. მისი სიმაღლე 30 მეტრია, წონა 635 ტონა (მარტო თავი 35,6 ტონას იწონის). მაცხოვარს ხელები 28 მეტრზე აქვს გაშლილი. 

7. ბუდას ქანდაკება, ჯაოძუნი (ჩინეთი) – 2008 წელი 

მსოფლიოში ბუდას უამრავი გიგანტური ქანდაკებაა, მაგრამ ჰენანის პროვინციის დაბა ჯაოძუნში მდებარე სპილენძის ძეგლი, ზოგადად სკულპტურათა შორის სიმაღლით მეორე გახლავთ. უდიდესი ბუდა ლოტოსის ფორმიანი კვარცხლბეკის ჩათვლით 128 მეტრი სიმაღლის იყო. 2010 წლისთვის მოხდა იმ გორაკის „გადაკეთება“, რომელზეც ეს 1000-ტონიანი შედევრი მდებარეობს და ძეგლის სიმაღლე 208 მეტრამდე გაიზარდა. ბუდას გრანდიოზული პროექტის ღირებულებამ 55 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 18 მილიონი უშუალოდ ქანდაკების თვითღირებულებაა.

8. ერთობის ქანდაკება, გუჯარათი (ინდოეთი) – 2018 წელი 

2018 წლის 31 ოქტომბრამდე ბუდას ჯაოძუნური პროტოტიპი პლანეტაზე უდიდეს ძეგლად ითვლებოდა. თუმცა, ჩინელთა რეკორდი ინდოელებმა გააუმჯობესეს და გუჯარათის შტატში მდინარე ნარმადზე მდებარე კუნძულ სადჰზე 240-მეტრიანი გიგანტი წამოჭიმეს. ეს გახლავთ 1947-1950 წლებში ქვეყნის ვიცე-პრემიერ ვალაბჰაი პეტელის (Vallabhbhai Patel) გრანდიოზული ქანდაკება, რომლის აშენებას 250 ინჟინერი და 3000 მუშა თითქმის 4 წელი მოუნდა. 

სკულპტურის რელიეფური გარსი ბრინჯაოს 8-მილიმეტრიანი ფირფიტითაა დამზადებული. მშენებლობისას გამოყენებულ იქნა 1700 ტონა ბრინჯაო, 1850 ტონა მოსაპირკეთებელი ბრინჯაო, 210 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, 18500 ტონა საარმატურე ფოლადი და 6500 ტონა ფოლადის კონსტრუქცია. ფუნდამენტიდან 153 მეტრზე – ქანდაკების მკერდის დონეზე მოწყობილია სარკმელებიანი სადამკვირვებლო მოედანი. აქ მსურველთა (ერთ ჯერზე 26 ადამიანს) აყვანას ფეხებში ჩამონტაჟებული 2-2 ლიფტი სულ რაღაც 30 წამში ახერხებს. ქანდაკება 220 კმ/სთ სიჩქარის ქარის და რიხტერის სკალით 6,5 მაგნიტუდა მიწისძვრის გაძლებაზეა გათვლილი. 

1,3-მილიარდიან ინდოეთს, სადაც ყოველი მეოთხე ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ერთობის ქანდაკება 430 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა, აქ მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. ჯერ კიდევ ერთობის ქანდაკებაზე მუშაობის პროცესში, ქვეყნის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ (Narendra Modi) გიგანტომანიის მორიგ გამოვლინებას დაუდო საფუძველი. 2016 წლიდან მუმბაიში საძირკველი ჩაეყარა მარატჰების იმპერიის მეფე შივაჯის კიდევ უფრო გრანდიოზული ქანდაკების მშენებლობას. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა