ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პატრიოტიზმი და ფინანსები – თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ქვაკუთხედი - №3(68), 2021
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ოდითგანვე საპატიო მისიად მიიჩნეოდა. ასეთი „ხალხური“ ფრაზაც იყო დამკვიდრებული: „მთავარია მონაწილეობა“. სათქმელად იოლია, მაგრამ თავად სპორტსმენის პოზიციიდან, რომელიც მინიმუმ 4 წელი ემზადება მისთვის საოცნებო ტურნირზე მოსახვედრად და იქ მხოლოდ მონაწილეობა დაისახოს მიზნად, ცოტა არ იყოს გაუმართლებელიც არის. მით უფრო, ოლიმპიადაზე მონაწილეთა სტიმულირებისთვის, თითქმის ყველა ქვეყნის სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებმა საპრიზო თანხები დააწესეს. ქვემოთ სწორედ იმ ოლიმპიური ჰონორარების მასშტაბებზე მოგითხრობთ, რაზეც წლეულს ზაფხულში გამართული ტოკიო-2020-ის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალნი გავიდნენ. 

ჯილდოდ ბელადის ტიტული, ტონა შოკოლადი და იღბლიანი ცხრიანები 

რომაელი მეეტლე გაიუს აპულიუს დიოკლე ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დღემდე ითვლება ყველაზე მეტი თანხის გამომმუშავებელ სპორტსმენად. ეტლით მოჯირითეს 24-წლიან კარიერაში, პორტუგალიიდან რომში გადმოსახლებულმა დიოკლემ სულ 36 მილიონამდე სესტერცი (sestertius (ლათ) – ძველრომაული ვერცხლის მონეტა) გამოიმუშავა. ამ თანხის დღევანდელი ეკვივალენტი დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. შედარებისთვის, თანამედროვეობაში მსოფლიო მასშტაბის ამბავი იქნება, როცა ლებრონ ჯეიმსი კალათბურთში ნაშოვნი მილიარდი დოლარის ნიშნულს ჯერ კიდევ ნბა-ში ასპარეზობისას გადააჭარბებს. სხვათა შორის, თანამედროვეობის პირველი სპორტსმენი, ვინც ხელფასით, საპრიზოებით, სარეკლამო და სატრანსლაციო შემოსავლებით მილიარდზე მეტი დააგროვა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი იყო (2009).
 
რაც არ უნდა მცირედ მოგეჩვენოთ ქვემოთ მოყვანილი ზოგიერთი ქვეყნის გამარჯვებულ ოლიმპიელთა ფულადი ჯილდო, ისიც უნდა იცოდეთ, რა იყო თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ჩანასახში. მაშინ ამ საყოველთაო თამაშების მონაწილეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სპორტით ფულის შოვნა. ტყუილად არ არის ოლიმპიური თამაშების ისტორიაზე მიძღვნილ წიგნებში ხაზგასმული – მარათონში პირველმა ჩემპიონმა ბერძენმა სპირიდონ ლუისმა (Spyridon Louis) 1896 წელს მოპოვებული ოქროს მედლის გარდა მიიღო ოქროს თასი, კასრით ღვინო, ტონა შოკოლადი, 10 ძროხა და 30 ცხვარი, წლიური უფასო კვება და თერძისა და პარიკმახერისგან სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ მომსახურება. მოკლედ, ფულის გარდა ყველაფერი მისცეს. აი, ინდიელი წარმოშობის ამერიკელ ათლეტს ჯიმ ტორპს (Jim Thorpe) სტოკჰოლმის 1912 წლის ოლიმპიადაზე მძლეოსნურ ხუთჭიდსა და ათჭიდში მოპოვებული ორივე ოქროს მედალი ფინალიდან ერთ წელიწადში იმის გამო ჩამოართვეს (ჩემპიონის უფლებები მას მხოლოდ 1983 წელს აღუდგინეს, როცა უკვე 30 წლის გარდაცვლილი იყო), რომ იგი ბეისბოლს ნახევრადპროფესიონალურ დონეზე თამაშობდა და ამაში ფულს იღებდა. სხვათა შორის, ტორპს შვედეთში ფინალურ გამოსვლამდე სპორტული ფეხსაცმელები მოპარეს და მან ნაგვის ურნაში ნაპოვნი ცალ-ცალი სხვისი ფეხსაცმლით იასპარეზა. ისტორიას შემორჩენილ მის ფოტოზეც ჩანს, რომ 25 წლის ათლეტს „ტროფეის“ სისრულის გამო ცალ ფეხზე დამატებითი წინდა ჩაუცვამს. 

ოლიმპიელთა ფულადი წახალისების საკითხს მწვანე მხოლოდ 1988 წლის ოლიმპიადიდან აენთო. მას შემდეგ, თუნდაც საცხოვრებელი სახლების გადაცემაზე მხოლოდ ჩრდილოკორეელები დუმან (მათთან ხომ ყველაფერი გასაიდუმლოებულია). მეტიც, გახშირდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ დროა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც (The Intercontinental Olympic Committee – IOC) მოახდინოს პრიზიორთა მატერიალური დაინტერესება. საამისოდ მას სხვადასხვა წყაროებიდან არცთუ ცოტა თანხა რჩება. მაგალითისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ 2032 წლამდე გამართული ოლიმპიადების ტრანსლაციის უფლებაში 7,7 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ეს ფული რომ წყალში გადაყრილი არ არის, ისიც ადასტურებს, რომ ტოკიოს „პანდემიური“ თამაშების ტრანსლირებისას მარტო სარეკლამო დროის გაყიდვით NBC-მ 1,25 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. წინ კი, ზამთრის და ზაფხულის კიდევ 6 ოლიმპიადაა. 

წინასწარი შეფასებით, IOC-ს ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებამ 4 მილიარდი ევრო მოგება დაუტოვა (წლის დასასრულს ეს რიცხვი კიდევ უფრო დაკონკრეტდება). ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამართლიანი იქნებოდა ასეთი მსუყე შემოსავლიდან რაღაც ნაწილი იმ ხალხსაც ერგოს, ვისი წყალობით ხდება მოგების მიღება – ე.ი. სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს. ჯერჯერობით ლოზანაში (აქ არის IOC-ს მთავარი ოფისი) წარმატებით იგერიებენ საკუთარ ფინანსებზე შეტევას და ირწმუნებიან, რომ ყველა შემოსავალი მომავლის ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერას ხმარდება. მაგალითად, აშშ-ის ოლიმპიური გუნდის წევრებს საკუთარი სპონსორისადმი გაკეთებული მაქსიმუმ 7 სამადლობელი „მესიჯის“ გამოქვეყნების უფლება აქვთ. ამასთან, მათ ოლიმპიური თამაშების არავითარი ინტელექტუალური საკუთრების, თუნდაც ოლიმპიური რგოლების გამოსახულების, გამოყენებაც არ შეუძლიათ. 

თუ ოლიმპიური ტრიუმფატორის სამშობლოში ფულადი სახსრების მხრივ უჭირდათ, გამარჯვებულს ლუისის მსგავსად სამახსოვრო საჩუქრებს არ აკლებდნენ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, რიოს ოლიმპიადაზე (2016) რაგბი-7-ის ტურნირის მომგები ფიჯის ნაკრების ინგლისელ მწვრთნელ ბენ რაიანს (Ben Ryan) მადლიერმა ფიჯელებმა 1,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აჩუქეს და ზედ ბელადის წოდებაც მიანიჭეს. 2008-ში გამარჯვებულ ინდოელ ტყვიით მსროლელ აბჰინავ ბინდრას (Abhinav Bindra) ფულთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე მატარებლით უფასოდ მგზავრობის (მხოლოდ ინდოეთში) უფლება მისცეს. იქვე, პეკინში ძიუდოისტთა შორის ოქროს მომგებ მონღოლ ნაიდანგიინ ტუვშინბაიარს (Naidangiin Tuvshinbayar) საჩუქრად სამშობლოში ბედნიერი „9“-იანებით დამშვენებული მობილური ტელეფონის ნომერი შეხვდა. აი, ლონდონის ოლიმპიადაზე (2012) სამხრეთაფრიკელთა რიგებში ვერცხლის პრიზიორი მოცურავე ჩად ლე კლო (Chad Le Clos) და ბრინჯაოს მფლობელი ნიჩბოსანი ბრიჯიტ ჰარტლი (Bridgitte Hartley) ადგილობრივმა მეწარმემ მეტად ორიგინალური არჩევანის წინაშე დააყენა. მან სპორტსმენებს თითო ძროხა აჩუქა, მაგრამ მათ უნდა გადაეწყვიტათ – საქონელს „ცოცხლად“ წაიყვანდნენ, თუ მისი ეკვივალენტის 140-140 კგ შებოლილ ხორცს აიღებდნენ. ორივეს არჩევანი ლორის აფრიკულ ვარიანტზე შეჩერდა.  

აფრიკული სიურპრიზები 

იაპონიის დედაქალაქში 2020 წლისთვის დანიშნული ზაფხულის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება ერთი წლით გადაიდო. ახალი Covid-19-ის ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ყველას მოცდა მოუწია – ორგანიზატორებს, სპორტსმენებს და მაყურებლებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს უკანასკნელები უცხოეთიდან პროცესებზე დასაკვირვებლად ქვეყანაში ვერ შევიდნენ – ტოკიოს ზაფხულის თამაშებს „ცოცხლად“ მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. 

თამაშებამდე არაერთ ქვეყანაში გამოაცხადეს ოლიმპიადის პრიზიორთათვის განკუთვნილი საპრიზო ფონდის ოდენობა. ფულადი დანაპირებით ყველას სინგაპურის მთავრობამ აჯობა, რომელმაც ოქროს მფლობელი 737 ათასი აშშ დოლარით დააინტერესა, ვერცხლის – 369 ათასით, ხოლო ბრინჯაოსი – 184 ათასით. ცნობისთვის, ამ აზიურმა ქვეყანამ ტოკიომდე, ზაფხულის 16 ოლიმპიადაზე წარგზავნა წარმომადგენლები, რომლებმაც მხოლოდ ერთი ოქრო (2016 წელს რიოში მოცურავე ჯოზეფ სქოლინგმა) და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო მოიგეს. წლევანდელი ასეთი არნახული სტიმულის მიუხედავად, სინგაპურის 23-სპორტსმენიანი დელეგაცია მაინც უმედლოდ დარჩა. 

სამაგიეროდ, კიდევ ერთი აზიური ქვეყნის ტრიუმფატორმა ჰიდილინ დიასმა, ფილიპინებს ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ოქრო მოუტანა. წინა, ბრაზილიაში გამართული თამაშებიდან, ქალი ძალოსანი სამშობლოს ვერცხლის მედლით დაუბრუნდა. ამჯერად კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით აიწია და წარმოუდგენელი პრიზების ადრესატიც გახდა. დედაქალაქ მანილაში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი ფართი, რომელთაგან ერთ-ერთი პენტჰაუსის ღირებულება 14 მილიონი დოლარია, 600 ათას დოლარზე მეტი (აქ მესამედი უშუალოდ სახელმწიფოს დანაპირებია) ფულადი პრიზი, ყოველწლიურად თვითმფრინავით 80 ათას მილზე უფასოდ გადაადგილების ლიმიტი (ეს მსოფლიოს ნებისმიერი ავიაკომპანიის „ოქროს ბარათის“ დონეა) და „ხურდაში“ – სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ ქვეყანაში ავტომობილით გადასაადგილებლად საჭირო უფასო საწვავი – ასე დაასაჩუქრეს 30 წლის კაფანდარა სპორტსმენი ფილიპინების მადლიერმა მთავრობამ და ბიზნეს-წრეების მესვეურებმა. 

აფრიკაში კი სხვა ატმოსფეროა. „მხიარული“ ამბები ჯერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან მოვიდა. აქაურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ალბათ იმის იმედად, რომ სპორტული დელეგაციისგან განსაკუთრებული გარღვევა არ იქნებოდა, ოქროსთვის 56 ათასი დოლარი დააწესეს. ეს მოლოდინი ერთგვარად გამართლდა: მედლით სამშობლოში მხოლოდ ორნი დაბრუნდნენ – მოცურავე ტატიანა შინმეიკერი ოქრო-ვერცხლით და სერფინგისტი ბიანკა ბუიტენდაგი ვერცხლით. არცთუ ღარიბი ქვეყნის სპორტულმა „მამებმა“ უმალ უკან დაიხიეს. 

„წინ პარაოლიმპიური თამაშებია და იქიდან რომ 30 მედალი ჩამოგვიტანონ, საამისო თანხა არ გვექნება. ჩვენ შეზღუდული ბიუჯეტი გვაქვს“, – განმარტა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბარი ჰენდრიკსმა. 

ამის თქმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა ერთ-ერთ კრაუდფანდინგურ პლატფორმაზე (ე.წ. სახალხო დაფინანსება) შემოწირულობათა შეგროვება დაიწყეს. პირველსავე საათში სპეციალურ ანგარიშზე 100 ათასი რანდი (დაახლოებით 6400 დოლარი) გაჩნდა. მოკლედ, ხელისუფალთა მხრიდან მოტყუებულმა ოლიმპიელებმა სახალხო პლატფორმიდან სრული ჰონორარები მიიღეს. აქტივისტების მიერ დანამუსებულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი, შემცირებული ფულადი ჯილდოები (ოქრო – 37000 დოლარი, ვერცხლი – 19000 დოლარი, ბრინჯაო – 7000 დოლარი) მაინც გასცა. ცნობისთვის, მათი პროგნოზი პარაოლიმპიელებმა ვერ გაამართლეს და იაპონიიდან სამშობლოში მხოლოდ 7 მედალი (4-1-2) ჩაიტანეს, რამაც ბოლოს დასახელებული პრემიულთა ოდენობა კიდევ უფრო შემცირებისგან იხსნა. 

ნამიბიაში კი, წინასწარ არავითარი დაპირება არ გაუკეთებიათ. სახელმწიფოს ისტორიაში ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი სპორტსმენი ჰყავდა, ვინც ოლიმპიადაზე მედალი მოიგო. ესაა სპრინტერულ დისტანციებზე მორბენალი ფრენკი ფრედერიკსი, რომელმაც 1992 (ბარსელონა) და 1996 (ატლანტა) წლებში 2-2 ვერცხლი 100 და 200 მეტრზე სირბილში მოიპოვა. ტოკიოში ამჯერად ნამიბიელი ქალი მძლეოსნები გამოირჩნენ, რომლებსაც მათ საყვარელ 400-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობა თავიდანვე აუკრძალეს. საქმე ის გახლავთ, რომ 18 წლის კრისტინ მბომას და ბეატრის მასილინგის ბუნებამ მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონის ზღვარგადასული (World Athletics-ის წესებით, 2018 წლიდან ქალებს, რომელთა 1 ლიტრ სისხლზე 5 ნანომოლზე მეტი ტესტოსტერონი მოდის, 400-დან 1500 მეტრამდე დისტანციებზე ასპარეზობა ეკრძალებათ. ეს მაშინ, როცა ჩვეულებრივი ქალის სისხლში სინჯის მაჩვენებელი 3-ს არ აღემატება) ოდენობა მისცა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ეხება 400-დან 1500 მეტრ დისტანციაზე გამოსვლას, სამაგიეროდ არავის დაუშლია გოგონებისთვის 200-მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობა. შესაბამისად, გოგონებმა სწორედ 200-მეტრიან დისტანციაზე გაამახვილეს ყურადღება და ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდში არნახული პროგრესი აჩვენეს. ორივემ 200 მეტრზე ფინალურ გარბენში მონაწილეობის უფლებას მოიპოვა და მეტიც, მბომამ ყველა ამერიკელი ფავორიტი ჩამოიტოვა და სულაც მეორე ადგილი დაიკავა. ბეატრის მასილინგი მართალია მეექვსე ადგილს დასჯერდა, მაგრამ მისთვის ეს შედეგიც წარმატებულად შეაფასეს ნამიბიაში. 

ნამიბიის გარდა, პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში ეჭვქვეშ აყენებენ 18 წლის ათლეტისგან ასეთ წარმატებულ გამოსვლას. სამშობლოში მასილინგიც და მბომაც ეროვნული გმირები არიან. ორნახევარმილიონიანი ქვეყნის ადგილობრივმა სპონსორებმა როგორც შეძლეს ისე დაეხმარნენ გოგონებს. მობილური კავშირის კომპანია მათ მშობლიურ სოფლებში 3 წლის განმავლობაში ორთავეს ცალ-ცალკე 2 მილიონი ნამიბიური დოლარის (დაახლოებით 145 ათასი აშშ დოლარი) საფასური სახლების აშენებას დაჰპირდა. იგივე კომპანიამ მძლეოსნებს შეღავათიანი ტარიფით მომუშავე 2-2 აიფონი გადასცა და ხელზე "ქეშად" 7-7 ათასი აშშ დოლარიც დაუმატა. 

სოფლებში, სადაც ნამიბიელთა ოლიმპიური იმედები ცხოვრობენ, მათ გასაოცარ სიდუხჭირესა და სივიწროვეში უწევდათ არსებობა. ამიერიდან, ელექტრომომარაგებაზე სპეციალიზებული კომპანიის ძალისხმევით, მბომასა და მასილინგის რამდენიმე ათეულ მეზობელ ოჯახს განათების პრობლემა აღარ ექნებათ. 

მოკლედ, ერთი სპორტსმენის მიერ დიდ ფორუმზე (ამ შემთხვევაში ოლიმპიადაზე) ნაჩვენებ შედეგს ასეულობით ადამიანის ცხოვრების წესის შეცვლა შეუძლია. მთავარია, დანაპირების აღსრულება მოხდეს. აფრიკა ამაში ეჭვის შეტანის საბაბს ნამდვილად იძლევა (თუნდაც სამხრეთაფრიკელთა შეკვეცილი ფულადი ჯილდო რად ღირს). მით უფრო, ამ წარმატებული გოგონების სპორტული მომავალიც არ ჩანს ისე „უღრუბლო“, როგორც მათ იმედად მყოფ ნამიბიელებს ჰგონიათ. დიდი ალბათობით, World Athletics-ი 200 მეტრზე მორბენალ ტესტოსტერონმოჭარბებულ ქალებსაც აუკრძალავს ასპარეზობას. ჰოდა, ვიდრე ასეთი შედეგი არ დამდგარა, სოფლად დენის შეყვანის დაპირებებით დაიმედებული მბომა და მასილინგი იმ ფილიპინელ ძალოსანზე ნაკლებად ბედნიერები არ არიან, რომლისთვის მანილაში ნაჩუქარი ერთ-ერთი აპარტამენტი 14 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. 

საქართველო მსოფლიოში მეოთხე, პოსტსაბჭოეთში ყველაზე გულუხვია 

ქვეყნების პირველი ათეული, რომლებიც ყველაზე მეტს დაჰპირდნენ ოლიმპიურ მედალოსნებს და სიტყვა სპორტსმენთა სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეასრულეს, ასე გამოიყურება (თანხა დოლარებში ჩემპიონობისთვის): 

1. სინგაპური – 737 ათასი; 

2. ტაივანი – 716 ათასი; 

3. ინდონეზია – 346 ათასი; 

4. საქართველო – 320 ათასი; 

5. ბანგლადეში – 300 ათასი; 

6. ყაზახეთი – 250 ათასი; 

7. მალაიზია – 236 ათასი; 

8. იტალია – 213 ათასი; 

9. ფილიპინები, უზბეკეთი – 200 ათასი; 

10. უნგრეთი – 168 ათასი. 

როგორც ხედავთ, ლიდერთა შორის დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან მხოლოდ იტალიაა. მის უფრო მდიდარ კოლეგებს მოკრძალებულად აქვთ საქმე – საფრანგეთი (76 ათასი), იაპონია (45 ათასი), აშშ (37,5 ათასი), გერმანია (22 ათასი) და კანადა (16 ათასი) ცხრილში ბევრად დაბლაა. დიდმა ბრიტანეთმა კი, სულაც უარი თქვა ტრიუმფატორთა ფულით დაჯილდოებაზე. აქ მიაჩნიათ, რომ თითო ოლიმპიელის ტოკიოსთვის მოსამზადებლად გაღებული 57 ათასი ფუნტი სტერლინგი უკვე საკმარისი ინვესტიციაა მათი მატერიალური წახალისებისთვის. 

ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის შემდეგ ჩინეთი საჯაროს აღარ ხდის ქვეყნის ხელისუფლების მიერ პრიზიორი ოლიმპიელთათვის გასაცემი ფულადი ჯილდოს ოდენობას. მაშინ ოქროსთვის ჩინელი სპორტსმენი 51 ათას დოლარს იღებდა. სამაგიეროდ, მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Hongqi-მ ტოკიოში ოლიმპიური ოქროს მომგებ 52 ჩინელს საჩუქრად საშუალო ზომის H9 მარკის ლიმუზინი გადასცა. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთმა სულ 38 ოქრო მოიგო, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგი ოქრო ინდივიდუალური, ზოგიც გუნდური სახითაა მოპოვებული, რიცხვიც გაიზარდა. ცნობისთვის, თითოეული ამ ავტომობილის ფასი 60 ათას დოლარს აღწევს. Hongqi-ს უყურადღებოდ არც ვერცხლისა (32) და ბრინჯაოს (18) მფლობელები დაუტოვებია უყურადღებოდ. მათაც იგივე მარკის ლიმუზინს გადასცემენ, ოღონდ უფასო სარგებლობაში. 

მსოფლიო მასშტაბიდან პოსტსაბჭოთა სივრცემდე თუ დავწვრილმანდებით, აქაც საინტერესო სურათს მივიღებთ. საქართველოსა (318 ათასი) და ყაზახეთის (250 ათასი) შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი (248 ათასი), უზბეკეთი (200 ათასი), მოლდოვა (166 ათასი), ბელარუსი (150 ათასი), უკრაინა (125 ათასი) და რუსეთი (54 ათასი). აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეგიონულ დონეზე მიღებული ნაღდი ფულისა და უძრავი ქონების სახით რუს ოლიმპიელებს დაახლოებით იმდენი ემატებათ, რასაც ფედერალური ხელისუფლებისგან იღებენ. 

პრემიულებთან მიმართებაში სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ ესტონეთში. იქ ასე ხელაღებით არ იხდიან ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის. ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში თამაშებზე თავგამოჩენილ ოლიმპიელებს წლიურად 5500 აშშ დოლარის ოდენობით სამუდამო პენსიას უნიშნავენ. ეს თვეში 500 დოლარზე ნაკლები გამოდის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ესტონეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელს აჭარბებს, ოლიმპიადაზე წარმატებისთვის სპორტსმენს 200-250 ათასი დოლარის გამომუშავება შეუძლია. ტოკიოში ხმლით მოფარიკავე ქალთა ოთხეულმა (იულია ბელიაევა, ერიკა კირპუ, კატარინა ლეხისი, ირინა ემბრიხი) გუნდური პირველობა მოიგო და სწორედ მათ გამოეწერათ „უზრუნველი“ სიბერის საგარანტიო პენსია. 

ამერიკული ფენომენი – რატომ უხდიან იქაურებს ასე ცოტას? 

შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს საერთო გუნდური ჩათვლის ლიდერ ამერიკელთათვის (39 ოქრო, 41 ვერცხლი, 33 ბრინჯაო) ქვეყნის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დადგენილი ასე მოკრძალებული პრემიულები (ოქრო – 37,5 ათასი, ვერცხლი – 22,5 ათასი, ბრინჯაო – 15 ათასი). თუმცა, აქ საკითხისადმი თავისებური მიდგომა გააჩნიათ. 

აშშ-ში ოლიმპიურ სპორტსმენებს ბევრი სხვა პრივილეგია აქვთ. პირველ რიგში, თუ ადამიანის წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს არ აჭარბებს, იგი ფედერალური საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. ქვეყანაში მაღა¬ლი გადასახადების ფონზე, ეს საგრძნობი კომპენსაციაა. 

ამას ემატება კერძო სპონსორული მხარდაჭერა – ჩრდილოეთ ამერიკაში ხომ, პროფესიონალური სპორტის სახელმწიფო დაფინანსება მიღებული არც არის. იქ სპორტსმენები მეტწილად თავად ეძებენ დაფინანსების წყაროებს. მაგალითისთვის, ამერიკელმა ბადმინტონისტმა ქალმა ბეივენ ჩჟანმა (Beiwen Zhang), 31 წლის ასაკში მის პირველ ოლიმპიადაზე მოსახვედრად კრაუდფანდინგის პლატფორმა აამუშავა. საბოლოოდ, იგი ტოკიოში წავიდა, სადაც ყოფილ თანამემამულე ჩინელ ჰე ბინგჟიაოსთან პირველსავე წრეში წააგო. 

კიდევ ერთი მთავარი მომენტია ის, რომ აშშ-სა და კანადაში ოლიმპიელებს სასწავლო სტიპენდიებსა და გრანტებს აძლევენ. აქაურ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლა არცთუ იაფია და მშობლებს შვილის გაჩენისთანავე უწევთ საამისო თანხების გადადება. ამიტომ, სპორტულ ოლიმპიადებზე წარმატებები ამ მხრივაც ეკონომიის კარგი საშუალებაა. იგივე ეხება ჯანმრთელობის დაზღვევას და ელიტური სამედიცინო დაწესებულებებისკენ წვდომის გახსნას. 

ყველაფრის მიუხედავად, ოლიმპიური სპორტსმენები ჩრდილოეთ ამერიკაში არც ისე დაფასებულები არიან. საშუალო შეძლების კანადელს ოლიმპიადაზე ოქროს მომგებისთვის განკუთვნილი თანხის გამომუშავება 4-5 თვეში შეუძლია. მაშინ როცა, ოლიმპზე ასასვლელად სპორტსმენს 4 წლის დაუღალავი შრომა უწევს. ასე რომ, აშშ-სა და კანადაში ოლიმპიური შედეგების შემყურე ყველა სპორტსმენს გამდიდრება არ უწერია. 

პრიზიორ ოლიმპიელთა წახალისების ქართული პროგრესი 

ტოკიოში წლეულს გამართულ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ სულ 2 ოქრო, 8 ვერცხლი (3 პარაოლიმპიადაზე) და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ქვეყნის მთავრობამ დანაპირები შეასრულა და პრიზიორებს ასეთი თანმიმდევრობით გადასცა ფულადი ჯილდო: ოქროსთვის მილიონი ლარი, ვერცხლისთვის 500 ათასი ლარი, ბრინჯაოსთვის 250 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ტალახაძემ სახელმწიფოსგან 1.5 მლნ ლარი მიიღო. მილიონი – ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, 300 ათასი ოლიმპიური, 200 ათასი კი მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის. 

რიო დე ჟანეიროში (2016) ქართველ ოლიმპიელთათვის დაწესებული ფულად პრემიებთან (შესაბამისად, 170, 102 და 68 ათასი ლარი) შედარებით, წლევანდელი თამასა საკმაოდ აწეულია. სხვათა შორის, ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტის სამინისტრომ ბრაზილიაში გუნდის გამგზავრებამდე მის წევრებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლებისთვის საერთო ჯამში 3,8 მილიონი ლარის პრემიები დაურიგეს. 

ეს სახელმწიფოსგან. კერძო ბიზნესს რაც შეეხება, უკან არც მათ წარმომადგენლებს დაუხევიათ. სხვადასხვა პრიზებს შორის გამოვარჩევთ, რომ ძიუდოისტმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა უნივერსიტეტისგან, სადაც ის სწავლობს (სეუ), საბურთალოზე მდებარე დასრულებულ კომპლექსში საჩუქრად 100 კვ.მ. ფართის ბინა მიიღო; „კია საქართველომ“ კი Kia Proceed GT-ის 2021 წლის მოდელი გადასცა; ძალოსან ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს კი, კომპანია Crystalbet-მა უახლესი Ford Mustang GT 5.0 (45.785 დოლარის ღირებულებით) გადასცა, რომელსაც სახელობითი ნომერი ექნება – Number 1. 

შმაგო სორელი