ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
RAW WINE 2021 – ბუნებრივი ღვინის გამოფენა ბერლინში - №3(68), 2021
ქართული ღვინო მრავალი ქვეყნის სასმელებს შორის გერმანიაში იყო წარმოდგენილი

28 ნოემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბუნებრივი ღვინის ცნობილი გამოფენა-ფესტივალი RAW WINE 2021 გაიმართა. ბოლო წლებში ბუნებრივი (ნატურალური) ღვინის მიმართულება მსოფლიოში თანდათან უფრო მეტად პოპულარული ხდება და ამ ერთგვარ მოძრაობაში ქართველი მეღვინეები იმთავითვე იყვნენ ჩაბმული. 

ბერლინში ქართული ღვინო 12-მა მცირე მარანმა წარმოადგინა. გერმანიაში გამოფენილი ქართული ღვინის უმეტესობა ქვევრში იყო დაყენებული. ბუნებრივი ღვინის მოყვარულები ქართული ღვინით ძირითადად სწორედ ტრადიციული საღვინე ჭურჭლის – ქვევრის გამო ინტერესდებიან და ჩვენი მეღვინეებიც ცდილობენ ეს ინტერესი სათანადოდ გამოიყენონ. RAW Wine 2021-ში მონაწილე მარნების ძირითადი ნაწილი კახეთიდან იყო, თუმცა თავისი ღვინო ქვემო ქართლელმა, იმერელმა და მესხმა მეღვინეებმაც წარმოადგინეს. ეს მარნები იყვნენ:
 
1. „ბაიას ღვინო“ (იმერეთი); 

2. „ნათენაძის ღვინის მარანი“ (მესხეთი); 

3. „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“ (კახეთი); 

4. „გოცას მარანი“ (ქვემო ქართლი); 

5. „ანაპეა“ (კახეთი); 

6. „ანბანი“ (კახეთი); 

7. „ეთნო“ (კახეთი); 

8. „ლევანის ღვინის მარანი“ (კახეთი); 

9. „ნიკას ღვინო“ (კახეთი); 

10. „მათიაშვილის ღვინის მარანი“ (კახეთი); 

11. „თედოს მარანი“ (კახეთი); 

12. „ანდრიას ღვინო“ (კახეთი). 

გამოფენაში მონაწილე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეღვინეების მთავარ ინტერესს ღვინის რეალიზატორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა წარმოადგენს. ასეთ გამოფენებში ნატურალური ღვინით დაინტერესებული ადამიანები თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩადიან და ხშირად იქვე ხდება ბიზნეს-შეთანხმებების დადება და გარიგებები. 

ღვინის ტრანსპორტირებაში მეღვინეებს გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. გერმანიაში ჩასული ქართული ღვინო გვიან განაბაჟეს გერმანელმა მესაზღვრეებმა. თუმცა, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ძალისხმევით, გამოფენის მონაწილე 12 ქართული მარნიდან, ყველამ შეძლო (თუნდაც რამდენიმე ბოთლი) მათი ღვინის იმპორტიორებისა და გამოფენის სტუმრებისთვის გაცნობა. 

ქართველი მეღვინეები ამბობენ, რომ ქართული ღვინის ევროპის და მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრება და ამ მხრივ, ღვინის მწარმოებლების, განსაკუთრებით კი, მცირე მარნების მხარდაჭერა, ცალსახად, სახელმწიფო პრიორიტეტია და მეტი ძალისხმევა მეტი შედეგის მომტანი იქნება. ბერლინის ღვინის გამოფენის მონაწილე მარნის, „ვაჟა გეთიაშვილის მარნის“ წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ მცირე მარნების მხარდაჭერა არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დოტაციური სისტემა თანდათან იქცეს ეკონომიკურად წელში გამართულ დარგად, რომელიც მოიტანს შემოსავლებს, დაასაქმებს მოსახლეობას და მოაგვარებს სოციალურ პრობლემებს. 

რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“: 

„ღვინო სწორედ ის გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც აქვს ევროპის ბაზარზე დამკვიდრების საუკეთესო პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი ან ორი დარგის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნისა და მისი პროდუქციის საერთო იმიჯისთვის, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სხვა პროდუქტებზეც, ევროპის მოსახლეობას გაუჩინოს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, გადააწყვეტინოს აქ ჩამოსვლა და თუნდაც განავითაროს ტურიზმი. 

დღეის მდგომარეობით, ბევრ მარანს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად აიღოს ასეთ გამოფენებზე მონაწილეობის ფინანსური ტვირთი და სახელმწიფომ ამ მხრივ უნდა გააგრძელოს და უფრო გაააქტიუროს მუშაობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ მონაწილეობის თანადაფინანსებას, არამედ მარნების მომზადებასაც, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საუკეთესო პროდუქტის დემონსტრირება საერთაშორისო გამოფენებზე. შესაძლოა, ამასაც მიეცეს პროგრამული ხასიათი. ამ მხრივ შედეგიანი იქნება მჭიდრო თანამშრომლობა ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოსთან“, რომელიც უკვე ასზე მეტ მარანს აერთიანებს“. 

ბოლო ათი წელია, ღვინის ფესტივალები საქართველოშიც სისტემატურად იმართება და უკვე ჩვენთანაც ჩამოდიან ღვინის ექსპორტით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ როგორც მცირე მარნების მფლობელი ქართველი მეღვინეები ამბობენ, ევროპაში იმპორტიორ-ექსპორტიორთა რიცხვიც ბევრად მეტია და შეთანხმებებიც იქ უფრო სარფიანია. 

გამოფენის ერთ-ერთი ქართველი მონაწილე, მარან „ანდრიას ღვინოს“ მფლობელი მევენახე-მეღვინე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროპის ღვინის გამოფენებზე ქართული ღვინისადმი დიდი ინტერესი მისთვის ბუნებრივი ამბავია და ეს არ უკვირს. 

გიორგი ვოლსკი, მევენახე-მეღვინე: 

„ქართული ღვინისადმი ინტერესი ბერლინში დიდი იყო და ეს არ გამკვირვებია. ხშირად დავდივარ (პანდემიამდე დავდიოდი) ამგვარ გამოფენებზე და ვხედავ, რომ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ჩვენი პროდუქტი არის ნიშური და ის ვერასდროს გახდება მასობრივი წარმოების პროდუქტი და ეს არც ჩვენს ინტერესშია. ნიშური პროდუქტი ცხადია ყოველთვის უფრო ძვირად ფასობს და შესაბამისად ამ ნიშის დაკავება უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანია. მთავარია ამ ნიშურ მომხმარებლებს შევთავაზოთ ჯანსაღი და მაღალი ხარისხის ღვინო“. 

ნატურალური მესხური ღვინო არათუ ევროპაში, საქართველოშიც კი სამწუხაროდ ძალიან რთულად საშოვარია. ამიტომაც, ალბათ განსაკუთრებულად დასაფასებელია ახალგაზრდა მესხი მეღვინის, გიორგი ნათენაძის მონდომება, რომელმაც ცნობილ მესხურ სავენახე ტერასებზე ადგილობრივი ვაზის უძველესი ჯიშები გააშენა, რომელთა დიდი ნაწილი გაქრობის პირას იყო მისული. ბერლინის ღვინის გამოფენაზე ჩასულ ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს მესხური ღვინის გასინჯვაც შეეძლოთ, რაც რამდენიმე წლის წინ ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა. 

გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ მისი ღვინისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და მყიდველები (იმპორტიორები) სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან აქტიურობდნენ. განსაკუთრებული მოთხოვნა ქარვისფერ ქვევრის ღვინოზე იყო. გამოფენის შემდეგ მეღვინემ მიმოწერა ხუთი ქვეყნის წარმომადგენელ იმპორტიორთან გააჩაღა და იმედი აქვს, რომ მინიმუმ სამი ქვეყანა მაინც დაემატება მესხური ღვინის საექსპორტო სიას. 

გიორგი ნათენაძე, „ნათენაძის ღვინის მარანი“: 

„მიუხედავად იმისა, რომ წელს გამოფენა ერთდღიანი იყო (პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე), 28 ნოემბერი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წინა გამოფენებზე, სადაც უამრავი ხალხი იყრიდა თავს, ძალიან ძნელი იყო საჭირო კონტაქტის პოვნა. აქ კი გამიზნულად მაღალი დონის სომელიეები, იმპორტიორები და ჟურნალისტები მოძრაობდნენ. ნაკლებად იყვნენ ღვინის მოყვარულები და რიგითი ენთუზიასტები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირდაპირ შეხვედრებს დახვეწილი ონლაინ- 
ჩართვები ვერასდროს შეცვლის. 

– თქვენი თვალთახედვით, ქართული ღვინო რამდენად პოპულარულია ევროპაში და თუ იზრდება მისი ცნობადობა თუნდაც ამგვარ გამოფენებზე? 

– ქართული ღვინის პოპულარობა წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება და ეს განსაკუთრებით ამ პანდემიის დროს შევამჩნიე. თუმცა, ისიც შევამჩნიე, რომ მსოფლიოში აქცენტი ქარვისფერ ღვინოზეა და ამ ფონზე წითელი ღვინო იჩაგრება. ეს მომავალში ქართველ წითელი ღვინის მწარმოებლებს ალბათ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის. 

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი საკუთარი ღვინო ევროპის და მსოფლიოს ღვინის გამოფენებზე გაიტანონ? 

– ღვინის უცხოურ გამოფენებზე გატანა აუცილებელია. მწარმოებლებმა მეტი თანხა უნდა ჩადონ ღვინის პიარზე, რეკლამირებაზე, პოპულარიზაციაზე. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 2009 წლიდან 2019 წლამდე ძირითადი თანხები ღვინის გაყიდვებიდან მიმართული იყო ისევ პიარზე, საერთაშორისო გამოფენებზე. დღეს მესხურ ღვინოს მსოფლიო იცნობს მიუხედავად ჩვენი მცირე წარმოებისა. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ მესხურ ღვინოს საქართველოშიც არავინ იცნობდა. სწორედ საერთაშორისო გამოფენების დამსახურებაა ზუსტად ის, რომ ჩემი მესხური ღვინოები „ლოს-ანჯელეს თაიმსმა“, ამერიკულმა „ფორბსმა“ და სხვა წამყვანმა ჟურნალებმა მსოფლიო საუკეთესო ღვინოებში შეიტანეს და ამან ცხადია საქართველოსაც მოუტანა აღიარება“. 

ბერლინის ღვინის გამოფენის კიდევ ერთი მონაწილე ქართული მცირე მარნის, „თედოს მარნის“ წარმომადგენელი ეთო გზირიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ საქართველო ხარისხიანი ღვინით გაიცნოს. 

ეთო გზირიშვილი, „თედოს მარანი“: 

„ვფიქრობ, მზარდია ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, როგორც უნიკალური ჯიშების გამო, ისე ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გათვალისწინებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია ევროპამ ხარისხიანი პროდუქტით გაიცნოს ქართული ღვინო. სხვა მეღვინეებსაც ვურჩევდი, რომ იაქტიურონ და მიიღონ ეს გამოცდილება. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შეძლებენ გაინაწილონ ხარჯები. მთავარია საუკეთესო და იშვიათი ჯიშები წარმოადგინონ, იზრუნონ ვიზუალურ მხარეზეც, რადგან ჩვენ შემთხვევაში, დამთვალიერებლის პირველი შთაბეჭდილება მოდის ეტიკეტებიდან, რასაც შემდეგ უკვე ღვინო ამყარებს“. 

ბერლინის ნატურალური ღვინის გამოფენაში მთელი მსოფლიოდან სულ 130 ღვინის მარანი იღებდა მონაწილეობას. გერმანიის დედაქალაქში ჩასულები იყვნენ ფრანგი მეღვინეები: პროვანსიდან, ლაგნედოკიდან, ბურგუნდიიდან, რონადან, შამპანიდან... იყვნენ მეღვინეები იტალიის თითქმის ყველა რეგიონიდან, რომელთა შორის ყველაზე მეტი იყო ტოსკანელი, კამპანიელი, ემილიელი და პიემონტელი მეღვინე. საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს გერმანელმა, ავსტრიელმა, შვეიცარიელმა, ხორვატმა და სლოვენიელმა მეღვინეებმა. იყვნენ მეღვინეობის კუთხით ისეთი „ეგზოტიკური“ ქვეყნების წარმომადგენლებიც კი, როგორიც მაგალითად დანია და პოლონეთია. 

თუმცა, გამოფენაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ტემპერამენტიანი ესპანელი მევენახე-მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ქვევრის მსგავს თიხის ჭურჭელ ტინახაში აყენებენ. მათთვის ქვევრი და ქართული ქვევრის ღვინო ერთგვარი შთაგონების წყარო გახდა და ბევრმა გადაწყვიტა საქართველოდან ქვევრი ესპანეთში წაეღო და იქაური ღვინის დაყენება მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ეცადა. როგორც იცით, ესპანური ტინახები ქვევრისგან განსხვავებით მიწის ზემოთ იდგმება და იქვე მიმდინარეობს ღვინის დადუღება-დავარგების პროცესი. 

მარსელო ლუნდი, მევენახე-მეღვინე ესპანეთიდან (გალისიის მხარე): 

„ქვევრი ჩემთვის ნამდვილი შთაგონებაა და გადაწყვეტილი მაქვს ესპანელი სხვა მეღვინეების მსგავსად, ცოტა ხანში მეც შევიძინო ეს ჭურჭელი. ქართველ მეღვინეებს ყოველ წელს ვხვდები სხვადასხვა გამოფენებზე და დავრწმუნდი, რომ ქართული ღვინის უნიკალურობას ქართული ვაზის ჯიშების გარდა, ეს ჭურჭელიც განაპირობებს. ღვინოს ჩვენებურ ტინახებშიც ვაყენებ და მჯერა, რომ „მიწა ბევრის შემძლეა“. 

ვივიენ ჰემელსდაელი ფრანგი მეღვინეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მარანი და ვენახი მშობლებისგან გადაიბარა. ლუარას ხეობაში მდებარე მისი მცირე მარანი ცდილობს აწარმოოს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ღვინოები, სადაც გოგირდიც კი მინიმალური რაოდენობით იქნება შეტანილი. ვივიენი გვეუბნება, რომ ის დიდ დროს უთმობს ვაზზე და ღვინოზე დაკვირვებასა და მოსავლის აღებამდე მთელს დროს ვენახში ატარებს. 

„მე მჯერა იმის, რომ დედამიწაზე მოწეულ პროდუქტს, მით უმეტეს ყურძენს არ სჭირდება ზედმეტი ჩარევები და იგი ზუსტად იმდენ და ისეთ მოსავალს მოგვცემს, როგორიც იმ წელს შეუძლია „გამოიმეტოს“. ბუნებრივი მეღვინეობის არსიც ალბათ სწორედ ამაში მდგომარეობს. მიხარია, რომ ასეთ გამოფენებზე ბევრ ჩემს თანამოაზრეს ვხვდები, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს და იმასაც ვხედავ, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი მეღვინე ხდება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. ქართული ღვინო ნამდვილად არის ის სასმელი, რომელსაც შეუძლია თქვენი ქვეყანა ყველასთვის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს. განსაკუთრებით ქართული ქვევრის ღვინოა საინტერესო, რომელსაც ყველა გამოფენაზე სიამოვნებით ვსვამ“, – ამბობს ვივიენ ჰემელსდაელი, რომელიც რაკი ცოტა ღვინოს აწარმოებს, მისი თქმით ღვინის გაყიდვის პრობლემა არ უდგას და ბერლინის RAW Wine 2021 და ბუნებრივი ღვინის სხვა გამოფენები მისთვის ღვინის კლიენტის ძიებაზე მეტად უცხოელ კოლეგებთან ახალი ურთიერთობების დაწყების და შემეცნების გაღრმავების წყაროა. 

ბერლინის RAW Wine-ზე ღვინისა და ღვინისებური ალკოჰოლური სასმელების სახეობების მხრივაც დიდი მრავალფეროვნება იყო. ქვევრში, უჟანგავ ფოლადში და მუხის კასრებში დაყენებული ღვინის გარდა, შეხვდებოდით მთელი წლის მანძილზე მინაში დავარგებულ იტალიურ თხელ მსუბუქ ბაროლოს, თითქოს მარტივ, მაგრამ არომატულ ფრანგულ შარდონეს, ბოთლში დაყენებულ და იქვე დაძველებულ ტრადიციულ ცქრიალა ღვინოებს, ჩვენ მიერ უკვე ხსენებულ ესპანურ თიხის ტინახაში დადუღებულ და შემდეგ უკვე უჟანგავი ფოლადის ავზებში დაღვინებულ სხეულიან წითელ ღვინოებს, ლეგენდარულ იტალიურ კიანტის ჯიშს ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს, რომელთა მრავალფეროვნება, სტილისტური განსხვავებები და გემოვნური ფერადოვნება ნამდვილად დააბნევდა ადამიანს. 

თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ცქრიალა, შემაგრებული, შუშხუნა, ქარვისფერი, გაუფილტრავი, გაფილტრული, დავარგებული თუ ახალი ღვინის გარდა, გამოფენაზე ნახავდით ცნობილ ფრანგულ ძვირადღირებულ სასმელ „მაღი“-ს, რომელიც ქართული ჭაჭის ელიტარულ „ნათესავად“ შეგვიძლია ჩავთვალოთ. იტალიელებს ჰქონდათ ღვინისგან დამზადებული ასევე „ჭაჭის“ „ბიძაშვილი“ გრაპა. ფრანგებთან, პორტუგალიელებთან და ესპანელებთან ნახავდით სახლში დამზადებულ კონიაკისებურ ბრენდებს, რომელთა დიდ ნაწილს ევროპელი მეღვინეები არც კი ჰყიდდნენ და უბრალოდ ასინჯებდნენ გამოფენის სტუმრებსა თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებს. მომხმარებლებს ადგილზეც შეეძლოთ ღვინის შეძენა. ღვინის ფასი ბერლინის ბუნებრივი ღვინის გამოფენაზე 20-დან 150 ევრომდე გახლდათ. 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო იაპონიიდან ჩამოტანილი „ბიო“ საკეს არაერთი ნიმუში, რომლებიც უმეტესად ძალიან განსხვავდებოდა და იმ მასობრივი მოხმარების სასმელისგან, რასაც იაპონურ თუ ჩინურ რესტორნებში და დიდ მარკეტებში ვხვდებით. ასეთი საკეს ფასი ცხადია შესაბამისად დიდი იყო. ყველაზე იაფიანი ნიმუში 30 ევრო ღირდა, ყველაზე ძვირიან საკეს კი გერმანელი დისტრიბუტორი 110 ევროდ აფასებდა. 

ლევან სეფისკვერაძე (ბერლინიდან)