ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ყველაზე დიდხანს მშენებარე ისტორიული ნაგებობები - №1(69), 2022
ჩვენს დროში მრავალწლიანი დაუმთავრებელი მშენებლობებით ვინმეს გაკვირვება რთული საქმეა. ქართულში, ამ ფენომენს მიძღვნილი ერთი მეტად „მოცულობითი“ სიტყვაცაა დამკვიდრებული - არაშენდა. რუბრიკის წარმოდგენილ პუბლიკაციაში კი, იმ ისტორიული ნაგებობების ათეულს გაგაცნობთ, რომლებსაც შორეულ წარსულში დიდხანს მშენებარეთა სტატუსი ჰქონდათ, მაგრამ დასრულებული სახე მაინც მიიღეს.

10. კოლოსეუმი, იტალია - შენდებოდა 9 წელი (72-80 წწ)

კოლოსეუმი ან კოლისეუმი (ლათ. Colosseus - უზარმაზარი, კოლოსალური) - ფლავიუსების ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლია. გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 188 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ ოთხ იარუსად, საფეხურისებრ, 50 ათასამდე მაყურებლის ადგილებია განლაგებული. იგი ძირითადად გლადიატორთა ბრძოლის სანახაობებს ეთმობოდა. კოლოსეუმი რომაული ფორუმის მარჯვნივ მდებარეობდა. მისი მშენებლობა ფლავიუსების დინასტიის პირველი იმპერატორის ვესპასიანეს მმართველობისას დაიწყო. ამფითეატრის ასაგებად გამოყენებულ იქნა იუდეველებთან ომის შედეგად შეპყრობილი 100 ათასზე მეტი მონის შრომა, რაც მეტწილად, ტივოლის კარიერებიდან მძიმე ქვის ლოდების 40 კილომეტრზე ტრანსპორტირებას ხმარდებოდა. 

კოლოსეუმის მშენებლობა ტიტუსის მეფობისას დასრულდა. ნაგებობას ყველაზე დიდი ზიანი 1349 წლის მიწისძვრამ მიაყენა, როცა სამხრეთი ნაწილი მთლად ჩამოიშალა. იგი 2007 წლიდან მსოფლიოს 7 ახალი საოცრების სიაშია შეტანილი. 

9. პართენონი, საბერძნეთი - შენდებოდა 17 წელი (ძვ. წ. 447-431 წწ)

პართენონი ქალღმერთ ათენასადმი მიძღვნილი ათენის აკროპოლისზე აგებული ტაძარია. იგი ხუროთმოძღვარი იქტინეს პროექტით არქიტექტორმა კალიკრატემ ააშენა. მისი სახელი ძველი ბერძნული სიტყვიდან „პართენოს“ (παρθένος - ქალწული) მომდინარეობს. პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად, მასაც როგორც განძსაცავს იყენებდნენ და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. ოსმანთა იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მიერ ათენის დაპყრობიდან (1458 წ) მასში მეჩეთი იყო განთავსებული. თურქთა ორ საუკუნეზე მეტხნიან მმართველობას ბოლო ვენეციელებმა 1687 წელს მოუღეს, თუმცა, მათი შვედი გენერლის ოტო- ილელმ კიონიგსმარკის განკარგულებით ნასროლმა ყუმბარებმა შენობას პირვანდელი სახე დაუკარგა. XIX საუკუნის საწყის წლებში ბრიტანელი ელჩის ლორდ ერგინის ძალისხმევით, პართენონიდან წამოღებულ იქნა ტაძრის არაერთი გადარჩენილი სკულპტურა და დღეისთვის ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის, ე.წ. ელგინის მარმარილოთა სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, დღემდე გრძელდება.

8. ხეოფსის პირამიდა, ეგვიპტე - შენდებოდა 20 წელი (ძვ. წ. XXVI ს)

მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ხეოფსის პირამიდა ერთ-ერთი, ხოლო დღემდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობაა. იგი ყველაზე დიდ პირამიდად ითვლება. მისი აგება ძველი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში დაიწყეს. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეისთვის ის 137 მეტრია. მისი კვადრატული ფუძის გვერდის სიგრძე 233 მეტრია – შესაბამისად, პირამიდის შემოსავლელად ადამიანმა თითქმის ერთი კილომეტრი უნდა გაიაროს.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოავლინეს. მის ასაგებად გამოყენებული დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ლოდი ერთმანეთზე 210 ფენად არის დაწყობილი და ისინი ერთმანეთში იდეალურად არის ჩასმული. მკვლევართა დადასტურებით, მისმა მშენებლობამ 20 წელს გასტანა და ერთდროულად მაქსიმუმ 80 ათასამდე მუშა იყო დასაქმებული.

ხეოფსის გიგანტის ძარცვის პირველი მცდელობა 831 წელს, ბაღდადელი ხალიფა ალ მამუნის დავალებით ჰქონდათ. მას სჯეროდა, რომ სხვა ფარაონთა აკლდამების მსგავსად, აქაც შეიძლებოდა დიდი საგანძური ეპოვათ. თუმცა, როცა განძის „მაძებარმა“ არაბებმა მხოლოდ 28 სმ სისქის ღამურას სკორეს მიაგნეს, ძებნა შეწყდა.

პირამიდის ხელყოფის კიდევ ერთი მცდელობა იყო 1158 წელს. მაშინ, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ ხელში არ ჩავარდნოდათ, კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და დაანგრიეს. მოგვიანებით, როცა ეგვიპტელები ქალაქის აღდგენას შეუდგნენ, ახალი ნაგებობების ასაგებად ხეოფსის პირამიდას თეთრი კირქვის ფილები გარედან შემოაცალეს. ეს ფილები ზოგიერთი თანამედროვე მეჩეთის კედელს დღემდე შემორჩა. სამშენებლო მასალებზე „მონადირეებს“ ვერც პირამიდის წვერი „პირამიდიონი“ გადაურჩა. ამიტომაც მის მწვერვალზე 10x10 მ ზომის ბაქანი გაჩნდა და შესაბამისად, მისმა თავდაპირველმა სიმაღლემაც 137 მეტრამდე იკლო.

7. საქსაუმანი, პერუ - შენდებოდა 63 წელი (1446-1508 წწ)

ეს გახლავთ ციხესიმაგრე პერუს ქალაქ კუსკოში. საქსაუმანი ესპანურად „მაძღარ ქორს“ ნიშნავს. კუსკო, გადმოცემის მიხედვით ააგო პირველმა ინკამ - კუსკოს სამეფოს მმართველმა მანკო კაპაკიმ. იგი დაგეგმარებაში პუმას წააგავს, რომელშიც საქსაუმანი მისი კბილებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინკები გიგანტურ მეტალიტებთან მუშაობისას ძველეგვიპტურ ტექნოლოგიებთან მიახლოებულ მეთოდებს იყენებდნენ.

საქსაუმანს 3 მთავარი შესასვლელი ჰქონდა: ტიმპუნკუ (ქვიშის შესასვლელი), აკაუანაპუნკუ (მისი სახელი ერთ-ერთი მშენებლის სახელს - აკაუანას უკავშირდება) და ვირაკოჩაპუნკუ (ღმერთი ვირაკოჩას პატივსაცემად). ციხესიმაგრე ასევე 3 ძირითადი კოშკისგან შედგებოდა: მოიოკ- არკა (მრგვალი) - ეკუთვნოდა ინკას და მისი კარი მორთული იყო ვარსკვლავებითა და ოქროს ცხოველებით; დანარჩენები კვადრატის ფორმის იყო - პაუკა-მარკა და საკლა-მარკა. მათში გარნიზონის რჩეული მეომრები იყვნენ განლაგებულნი.

საქსაუმანი ოთხი მთავარი ოსტატის თავკაცობით იგებოდა. ესენი იყვნენ აპუ ვალპა რიმაჩი, ინკა მანკანჩი, აკავანა ინკა და კალია კუნჩუი.

6. იორკის ტაძარი, ინგლისი -
შენდებოდა 253 წელი (1220-1472 წწ)

შემდეგი „გაჭიანურებულად“ მშენებარე ცნობილი ისტორიული ნაგებობა გახლავთ იორკის წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარი, იგივე მინსტერი (Minster). მინსტერად მოიხსენიებდნენ ჯერ კიდევ ანგლო-საქსონურ პერიოდში მისიონერთა სკოლის რანგში მოქმედ ეკლესიას. ეს გახლავთ ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ერთ-ერთი მსხვილი გოთიკური ტაძარი. მასში მდებარეობს ანგლიკანური ეკლესიის იერარქიით მესამე (მონარქისა და კენტერბერის არქიეპისკოპოსის შემდეგ) იორკის არქიეპისკოპოსის კათედრა.

იორკში ქრისტიანული თემის ისტორიას საფუძველი IV საუკუნიდან დაედო, თუმცა, მიზეზთა გამო, იქ ადგილობრივთა სარწმუნოებრივი მისწრაფებებების შესაფერი ტაძრის აშენება ვერ ხერხდებოდა. ხჳჳ საუკუნის შუა წლებში როგორც იქნა ბრიტანეთში შეაღწია გოთიკურმა არქიტექტურამ. 1215 წელს, იორკის არქიეპისკოპოსად გამხდარმა უოლტერ დე გრეიმ გოთიკურ სტილში ისეთი მთავარი ტაძრის აშენება ბრძანა, რომელიც კენტერბერისას გაუწევდა კონკურენციას. მშენებლობა 1220 წელს დაიწყო და 1472-ში დასრულდა. საკათედრო კომპლექსში შეგხვდებათ – დასავლეთ სარკმელში 1338 წელს ჩატანებული „იორკშირის გულად“ წოდებული ვარდის ორნამენტი, ღვთისმშობლის სამლოცველოში კი, 1408 წელს დასრულებული აღმოსავლეთის სარკმელი, რომელიც მსოფლიოში დღემდე შემონახულ ყველაზე დიდ შუასაუკუნეობრივ ვიტრაჟადაა მიჩნეული.

5. ჩიჩენ-იცა, მექსიკა - შენდებოდა დაახლოებით 400 წელი (დასრულდა VII ს)

ეს გახლავთ ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, კერძოდ კი, იუკატანის ნახევარკუნძულზე. ჩიჩენ-იცა (იუკატანის მაიას ტომის ენაზე ნიშნავს „იცას ქვაბულის პირთან“) მაიას ცივილიზაციის მიერ არის აგებული. იგი იცას ტომის წმინდა ქალაქად ითვლებოდა და დაარსებულია, სავარაუდოდ 455 წელს. ქალაქი ორ ჯგუფად შეიძლება განვიხილოთ. პირველია – VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ნაგებობებით (მათ შორისაა ჩვენი სიის მე-5 ნომერი), ხოლო მეორე – X-XI საუკუნეებში ტოლტეკების მიერ აგებული ინფრასტრუქტურით.

ჩიჩენ-იცა, მე-10 საუკუნეში სწორედ ტოლტეკთა ტომმა დაიპყრო და მომდევნო საუკუნის შუა წლებიდან სახელმწიფოს დედაქალაქად გამოაცხადა. 1178 წელს იგი განადგურდა 3 ქალაქ-სახელმწიფოს – მაიაპანას, უშმალიასა და იცმალიას გაერთიანებული ჯარის მიერ. ესპანური დაპყრობების (XVI) პერიოდისთვის ჩიჩენ-იცა უკვე ნანგრევებსღა წარმოადგენდა.

იუკატანის ნახევარკუნძულის ეს „მარგალიტი“, 2007 წელს ოფიციალურად გამოცხადებულ მსოფლიოს შვიდ ახალ საოცრებას შორის მოხვდა.

4. ანგკორ-ვატი, კამბოჯა - შენდებოდა 417 წელი (802-1218 წწ)

ეს გახლავთ გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი, რომლის მშენებლობა ქმერთა მთავარსარდალმა და მეფემ ჯაიავარმან II-მ 802 წელს დაიწყო და ჯაიავარმან VII-მ 1218-ში დაასრულა. იგი იმპერიის მაშინდელი დედაქალაქის იაშოდჰარაპურადან 40 კილომეტრში მდებარეობს და თანამედროვე სახელით ანგკორ-ვატი ჰქვია. ჯაიავარმანებმა, რატომღაც ქმერთა მეფეების ტრადიცია დაარღვიეს (სავარაუდოდ, ინდოეთის გავლენით, სადაც ვიშნავიზმი წამოვიდა წინ) და ტაძარი ინდუისტთა ღმერთ იშნუს (და არა ბუდას მთავარ ღმერთ შივას) მიუძღვნეს. VIII საუკუნიდან ანკგორ-ვატი სრულად ბუდისტურია.

ეს არის, რომ დანიშნულებისამებრ დიდხანს ამ კომპლექსის გამოყენება ქმერებს არ დასცალდათ. ანგკორი (მაშინდელი იაშოდჰარაპურა) ჩრდილოეთით მდებარე აუტიადან (თანამედროვე ტაილანდი) მომხდურმა მეომრებმა პირველად 1353 წელს დაამარცხეს. 1432-ში ბოლო დარბევის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილმა მმართველმა შეკრიბა ერთგული ქმერები და საკუთარი რეზიდენცია პნომპენში გადაიტანა, სადაც დღემდე მდებარეობს კამბოჯის დედაქალაქი. სატაძრო კომპლექსი კი, რომლითაც ახლა თავს იწონებს ქვეყანა და წლიურად 2 მილიონამდე ტურისტი მოინახულებს, ევროპელთაგან პირველად მე-16 საუკუნის ბოლოს კაპუცინების ორდენის პორტუგალიელმა ბერმა ანტონიო დე მადელენამ ნახა. მერე იყო სამსაუკუნიანი პაუზა და როცა 1861 წელს, ფრანგი ნატურალისტი ანრი მუო აზიის ჯუნგლებში ჩაკარგულ საოცრებას გადაეყარა, ცივილიზებურ სამყაროს მეტად
აღარ დაუკარგავს.

ანგკორ-ვატი ინდუისტური კოსმოლოგიის გრანდიოზული განსახიერებაა: მისი ცენტრალური კოშკები მერუს მთას, ღმერთების სახლს წარმოადგენენ, ხოლო გარეთა კედლები - მის გარშემო მყოფ სამყაროს. ტაძარი, რომელიც ქმერის არქიტექტურის მაღალი კლასის წარმომადგენელია, კამბოჯის სიმბოლოდ იქცა და მის დროშაზეცაა გამოსახული.

3. პეტრა, იორდანია - შენდებოდა 450 წელი (დასრულდა IV ს)

პეტრა, იორდანიის უდაბნოში „ჩამალული“ ქალაქია. იგი ჯერ იდუმეის დედაქალაქი იყო (ძვ. წ. II საუკუნემდე), მერე ნაბატეველთა სახელმწიფოსი (106 წლამდე). მისი ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. VII საუკუნეში ქალაქს რომაელები აკონტროლებდნენ. ახალი დროის ევროპელებიდან კი, იგი მალულად პირველად ნახა შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტმა.

პეტრას მაცხოვრებლები უზადო ქვის ოსტატები ყოფილან. თავად სახელი „პეტრა“ კლდეს ნიშნავს და ქვას უკავშირდება. ქალაქის არქიტექტურულ კომპლექსში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს კლდოვან ტაძარ-მავზოლეუმ ელ-აზნეს. მას არაბები „ფარაონის საგანძურსაც“ ეძახიან. იგი ჳჳ საუკუნეში შეიქმნა – შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. მავზოლეუმი მაშინდელი არქიტექტორებისა და ქვის მთლელთა უმაღლესი ოსტატობის მაგალითია.

პეტრას მთავარი ქუჩის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო, დასავლეთით დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით – ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ად-დეირი კლდეში გამოკვეთილი მონასტერია 50 მეტრი სიგანით და 45 მეტრი სიმაღლით.

პეტრა მსოფლიოს 7 ახალი საოცრების სიაშია შეტანილი. მის სანახავად იორდანიას ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. როდესაც ისინი სიკის ერთკილომეტრიან კანიონს გადიან, მის ერთგვარ ფართო ნაწილში ბუნებრივ ამფითეატრს აწყდებიან - ქვიშის კედლებში უამრავი გამოქვაბულია. აქვეა კლდეში გამოკვეთილი სამარხები.

2. სტოუნჰენჯი, ინგლისი - შენდებოდა 1600 წელი (ძვ. წ. XXVI ს)

სტოუნჰენჯი პრეისტორიულ მეგალითურ მონუმენტად ითვლება. იგი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლსბერის ვაკე), ლონდონიდან 130, ხოლო სოლსბერიდან 13 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლებიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპლექსი 3 სამშენებლო ფენისგან შედგება:

– თითქმის 100-მეტრიანი დიამეტრის ქვაყრილი, რომლის შიგნით არაერთი კრემაციული ორმოა;

– ძველი მიწაყრილის შიგნით ვერტიკალურად განლაგებული 38 წყვილი ქვისგან შემდგარი ორი კონცენტრირებული წრე;

– მიწაში ვერტიკალურად ჩასობილი თლილი ქვები (სიმაღლე 8,5 მეტრი, მასა 28 ტონა), რომელთაც თავზე ქვის ფილები ადევთ. ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია 30 მეტრი დიამეტრის წრეს ქმნის.

სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსური ცენტრია, რომელიც ასეულობით სამარხ მიწაყრილს მოიცავს. არქეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ეს ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500-იან წლებში აღიმართა. იგი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა.

1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე სხვა არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

1. ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთი - შენდებოდა 2000 წელი (ძვ. წ. III ს - ახ. წ. XVII ს)

წარსულში თავდაცვითი ხასიათის მქონე ჩინეთის დიდი კედელი უდიდეს არქიტექტურულ ძეგლად არის მიჩნეული. იგი ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 8851,9 კმ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული. „დიდი კედელი“ ქვეყნის 17 პროვინციაზე გადის - საწყისს ლიაონინში იღებს, დასასრული კი ცინხაიში აქვს. მას პეკინიდან ყველაზე მცირე დაშორება ბადალინში აქვს - 75 კმ. სწორედ აქ არის ტურისტებისთვის ყველაზე მისადგომი ადგილი, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ იგი მაო ძედუნის მმართველობისას, 1950-იან წლებში გულმოდგინედ არის რესტავრირებული.

კედლის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. საშუალო ზომები ასეთია: ძირითადი სიმაღლე - 7,5 მეტრი, სიმაღლე ქონგურებით - 9 მეტრი, სიგანე თხემზე - 5,5 მეტრი, ძირითადი სიგანე - 6,5 მეტრი. კედელთან ერთად აგებულ სამეთვალყურეო კოშკებს შორის დაშორება 200 მეტრია. მათზე მოწყობილი მოედნიდან დაახლოებით 10 კილომეტრი მანძილიდან კარგად ჩანდა ცეცხლის სასიგნალო ნიშნები.

ჩინური კედლის აღმართვაზე ერთდროულად მომუშავეთა რიცხვი 300 ათასს აღწევდა, ხოლო საერთო მონაცემებით ძინის დინასტიის მართვისას (1115- 1234) 2 მილიონს გადააჭარბა. მშენებლობისთვის იყენებდნენ მონებს, ჯარისკაცებს, გლეხებს. ეპიდემიებისა და მძიმე სამუშაო პირობებისგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. მოსახლეობის მობილიზაცია ხშირად იწვევდა სახალხო აჯანყებებს.

ჩინელთა „მთავარი სიამაყე“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. რა გასაკვირია, რომ გრანდიოზულობისა და მასშტაბურობის გამო, ჩინეთის დიდი კედელი მსოფლიოს 7 ახალი საოცრების ჩამონათვალშიც იკავებს ადგილს.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა