ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
რუსეთი აგრესიის შედეგებს სპორტშიც იმკის - №1(69), 2022
სანქცირებული და იზოლირებული რუსული სპორტი

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი კამპანიის ერთგვარი საპირწონე სპორტული სანქციებიც გახდა. შევეცდებით იმ საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ მოგითხროთ, რომელთა რუსეთში ჩატარებას შესაბამისმა ფედერაციებმა უარი უთხრეს. ასევე იმ ტურნირებსაც შევეხებით, სადაც რუსებს მონაწილეობაზე „რბილად“ რომ ვთქვათ უარი ეთქვათ. მოკლედ, მსოფლიო საზოგადოება ფინანსურთან ერთად, რუსეთის მორალურ დაუძლურებასაც ცდილობს.

ყველას UEFA-მ დაასწრო

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების შეჭრიდან მეორე დღეს (25 თებერვალი) UEFA-მ პირველი ანტირუსული ნაბიჯი გადადგა. გეგმის მიხედვით, 2021‑22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში, კერძოდ, „გაზპრომ არენაზე“ უნდა გამართულიყო. თუმცა, ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის „გამოწვდილი ხელი შენიშნეს“ და ფინალის 28 მაისს ჩატარების ახალ ადგილად პარიზის 80-ათასიანი „სტად დე ფრანს“ გამოაცხადეს.

რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, UEFA-ში კლუბების ფინანსური კონტროლის კომისიის წევრმა, ეკონომისტმა კონსტანტინ სონინმა ასე შეაფასა თანამემამულეთა ფინანსურ-მორალური დანაკარგი:

„ვწუხვარ, როგორც გულშემატკივარი და ფეხბურთში რუსეთის ინტერესების ფანატი. მანამდე მოსკოვში გვქონდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი (2008 წლის 21 მაისს – რედ.) და მას დღესაც ვიხსენებთ. წლევანდელი ფინალის ემოციები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად მრავალ წელს გაგვყვებოდა. მუნდიალი ხომ, ბოლო 50 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი საუკეთესო სპორტული მოვლენა იყო – ვეჭვობ, მომავალ 50 წელსაც ასე იქნება. არ მიმაჩნია, რომ ფულის სახით რაიმე განსაკუთრებული დანაკარგი გვექნება – ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემოსავალი რუსეთისთვის 50-100 მილიონი ევრო იქნებოდა. და მაინც, ჩვენთან ეს ფეხბურთი ფულის კი არა, სიხარულისთვის ტარდებოდა. გაცილებით მეტი ღირებულების სიხარული დავკარგეთ, ვიდრე ეს მილიონები“.

რუსთა საფეხბურთო დანაკარგები ამით არ დასრულებულა. მოგეხსენებათ, ვალერი კარპინის გაწვრთნილმა რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატებს ვერ აჯობა და წლეულს, ზამთარში გასამართ მუნდიალზე პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვერ გაინაღდა. შესაბამისად, საჭირო გახდა საპლეიოფე მინი- ტურნირში მონაწილეობა. რუსებს არც აქ გაუმართლათ, რადგან კატარში მოსახვედრად მარტში ჯერ პოლონეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინათ, მერე კი შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებული. სამივე ამ ქვეყნის ფედერაციამ FIFA-სა და UEFA-ში ოფიციალური წერილები გაგზავნა, სადაც ისინი რუსებთან, მით უფრო სტუმრად თამაშზე (დებულებით სწორედ ასე უნდა მომხდარიყო) უარს აცხადებდნენ.

ფეხბურთის მმართველთა საპასუხო რეაქცია თანმიმდევრული და საბოლოო ჯამში ადეკვატური იყო. რუს ხელისუფალთაგან „უფრო დავალებული“ FIFA-ს მესვეურთა გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა ნაკრებ გუნდებს აეკრძალათ სახელმწიფო დროშითა და ჰიმნის თანხლებით ასპარეზობა. UEFA-ს მიერ 28 თებერვალს გამოტანილი ვერდიქტით, ევროტურნირებზე შემორჩენილ ერთადერთ რუსულ კლუბს მოსკოვის „სპარტაკს“ ევროპის ლიგაზე გერმანულ „ლაიფციგთან“ თამაშის საშუალება არ მიეცა. მოგვიანებით, ზემოთ ნახსენები სანაკრებო სამეულის დე-მარშმაც გამოიღო შედეგი და პოლონეთი რუსეთთან უთამაშებლად გავიდა პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე (საბოლოოდ მან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა).

სანქციების ერთგვარი შემაჯამებელი პაკეტი გამოქვეყნდა 2 მაისს. UEFA-მ, მისი ეგიდით მიმდინარე აბსოლუტურად ყველა სანაკრებო, თუ საკლუბო გათამაშებებზე აუკრძალა მონაწილეობა რუსეთის კაცთა და ქალთა გუნდებს. სხვათა შორის, FIFA-სგან რუსეთმა მუნდიალის მასპინძლობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროდან ჯერ მხოლოდ 30% მიიღო. მედიისთვის აპრილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებაში, რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის მოადგილემ განვითარების დარგში მაქსიმ მიტროფანოვმა აღნიშნა, რომ FIFA-მ კუთვნილი თანხის გადახდის შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა, ოფიციალურად არ გაუუქმებია.

დათრგუნულთა და აღშფოთებულთა რეაქცია

რუსეთიდან საერთაშორისო დონეზე ფეხბურთის გასასვლელი გზების ჩაკეტვის გამო საკუთარი პოზიცია არაერთ სპორტსმენს თუ სპეციალისტს გამოუხატავს. მათგან პროფესიონალი ფეხბურთელის და ასეთივე „მოლაყბე ფუნქციონერის“ გულისტკივილს გაგაცნობთ.

მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანმა და რუსთა მთავარი ნაკრების წევრმა გიორგი ჯიქიამ საერთაშორისო იზოლაციის შესახებ ერთ-ერთ ადგილობრივ YouTube-არხს შემდეგი უთხრა:

„ზაფხულში ევრო-2024-ის შესარჩევი ტურნირი დაიწყება. თუ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებ, ჩემპიონატი შენ გარეშე ჩაივლის. რა ვაკეთოთ ორწელიწადნახევარი? სულ ვარჯიში და ერთმანეთში თამაში არ მგონია ვინმეს სურდეს. სიტუაცია მძიმეა და უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ. ჩემთვის ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა. ძალიან გამაკვირვა პოლონელ ფეხბურთელთა განცხადებამ, რომ ჩვენთან არ ითამაშებდნენ. ჩემი აზრით, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მათ საკუთარი გამონათქვამებით ცოტა გადააჭარბეს“.

უცნაურია, მაგრამ რუსული ფეხბურთის პრობლემათა ამჟამინდელი გამხმოვანებელი, ბათუმში დაბადებული ქართული გვარის მატარებელი ანზორ კავაზაშვილია. მან ფეხბურთელის კარიერა კოსტრომის „სპარტაკში“ 1974 წელს დაასრულა, ახლა კი, როგორც თავად რუსეთში ირწმუნებიან, 81 წლისას სახელმწიფო დუმის დეპუტატობა სურს. ჰოდა, РБ Спорт-თვის გაკეთებული მისი „ველიკოდერჟავული“ კომენტარის კითხვა დიდად ნუ გაგიკვირდებათ:

„ჩემი სახელით გადაეცით უეფას იმ წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან ჩვენს მოკვეთას, რომ ისინი უხეში ნაძირალები და გამყიდველები არიან! მათ დაავიწყდათ რა არის სპორტი. სპორტი – პატიოსანი შეჯიბრია (ამას აცხადებს იმ ქვეყნის ფუნქციონერი, რომლის ათასობით წარმომადგენლები „პატიოსნად“ დოპინგის ხმარებისთვის სამუდამოდ თუ არა, წლობით არიან სპორტს ჩამოცილებულები – რედ.). უეფაში ამის შესახებ არ იციან. მათ დიადი რუსეთი მოკვეთეს.

დაე, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ხმა მისცა, შთამომავლებმა დაწყევლონ. მათ გარეშე არ დავიკარგებით. ჩვენი ხელმძღვანელობა გამოსავალს მოძებნის, რამეს მოიფიქრებს. მაგალითად, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან ერთად ჩვენს ოლიმპიადას, მსოფლიო ჩემპიონატს, აზიის ჩემპიონთა ლიგას და კიდევ რამეს შექმნის. ისინი ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ დიდი ევროთასების კლუბების გარეშე დავიკარგებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, თუნდაც 5 წლით. იმას მივაღწევთ, რომ უეფაში დასაბრუნებლად მუდარას დაგვიწყებენ“.

სანამ კავაზაშვილს აქ გამოთქმული ოცნებები აუსრულდება, მანამდე „ნიანგის ცრემლები“ მისმა ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინმაც საკმარისად დაღვარა:

„რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზიდან მოხსნა, არა მხოლოდ გაეროს 1948 წლის ასამბლეაზე მიღებული სპორტის ფუნდამენტური პრინციპების, არამედ ადამიანის უფლებების ღიად და ცინიკურად დარღვევაა. იქ წერია, რომ საუბარია არა ქვეყანაზე, არამედ ათლეტზე. ჩვენი სპორტსმენების მიმართ დისკრიმინაცია სუფთა პოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული, რომელიც მათი ეროვნებისა და მოქალაქეობის გამო განხორციელდა. ეს კი, კატეგორიულად სცდება ოლიმპიზმისა და პარაოლიმპიზმის პრინციპებს“.

დიდი ტურნირები, რომელთა მასპინძლობის უფლება დაკარგა რუსეთმა

საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა, სანქცირებულ რუსეთს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ჩემპიონატისა თუ ტურნირის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. მათგან გამორჩეული ადგილი უკავია ცურვაში მოკლე დისტანციებზე მსოფლიო ჩემპიონატს. იგი კალენდრის მიხედვით დეკემბერში თათრეთის მთავარ ქალაქ ყაზანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) 20 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, მისი მასპინძლობა ავსტრალიის ქალაქ მელბურნს გადაულოცა. რუსებს სპორტის საწყლოსნო სახეობათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2025-ში მასპინძლობაზეც ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ეს საპატიო მისია წილად ჩინურ ჩენდუს ხვდა.

„ფორმულა 1“-ში 2022 წლის რუსეთის გრან-პრის გადამწყვეტი რბოლა 25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ბოლო ინფორმაციით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) ახალი მასპინძლის ძებნას, ეტაპის კალენდრიდან საერთოდ ამოღება ამჯობინა. აქ რუსებს ორმაგი ზარალი ემუქრებათ – წლევანდელი გრან-პრის მასპინძელი, შარშანდელივით სოჭი უნდა ყოფილიყო, 2023 წლიდან კი მისი სანქტ-პეტერბურგში გადაბარგება იგეგმებოდა. „ფორმულა 1“-ის მესვეურთა ამჟამინდელი ოფიციალური ცნობა ასე იკითხება:

„რუსეთის გრან-პრი 2023 წლიდან „იგორა დრაივ“-ზე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ეს გადატანა და 2022 წლის სოჭის გრან-პრი გაუქმდა“.

გრან-პრის რუსული ეტაპის კალენდრიდან ამოღება მასპინძლებს ფინანსურზე მეტად მორალურ ზიანს აყენებს. მარტო წლიური საწევროს სახით რუსეთს „ფორმულა 1“-ის რბოლების მმართველი კომპანიისთვის 50 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაეხადა, რბოლის ჩასატარებლად საჭირო ოპერაციული ხარჯები კი, 19 მილიონამდე ევრო იქნებოდა. forbes-ის ექსპერტთა გამოთვლებით, მასპინძლისთვის ყველაზე „მომგებიან“ 2018 წელს (რუსეთის გრან-პრი 2014 წლიდან ტარდება – რედ.) მისი ზარალი 5,3 მილიონი ევრო იყო.

რუსების ყველაზე დიდი გულისწყვეტა ფრენბურთში კაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის „წართმევამ“ გამოიწვია. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) ორგანიზებული 24-გუნდიანი ფინალური ეტაპისთვის მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში 10 რუსულ ქალაქს უნდა ემასპინძლა. 1 მარტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ვარიანტი ცალსახად გამოირიცხა, ხოლო 15 აპრილს FIVB-მ მასპინძლებად პოლონეთი და სლოვენია დაასახელა. რუსეთის ფრენბურთის ფედერაცია ლოზანაში მდებარე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) ჩივილს და 80 მილიონი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.

წლევანდლის არა, მაგრამ რუსეთს ყინულის ჰოკეიში საგაისო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება (5-დან 21 მაისამდე სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო) ჩამოერთვა. რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები ფინეთში წლეულს მაისში ჩატარებულ ჩემპიონატზე არ დაუშვეს – პირველი ფრანგებმა, მეორე ავსტრიელებმა ჩაანაცვლეს. რაც შეეხება კალათბურთს, მსოფლიო მმართველმა ორგანიზაციამ სლავი მეზობლები ერთმანეთს აქაც არ დააცილა – ორთავეს ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა და კლუბებმა საერთაშორისო არენაზე ასპარეზობის უფლება მინიმუმ 2022 წლის ბოლომდე დაკარგეს. ვერდიქტით განაწყენებული კალათბურთის ფედერაციის რუსი პრეზიდენტი ანდრეი კირილენკო „ხუმრობის ხასიათზე დადგა“ და ჟურნალისტებს უთხრა – უცხოურ კლუბებში დამღლელი სეზონის შემდეგ, ჩვენს კალათბურთელებს ცოტა მეტი დასვენების საშუალება ექნებათო.

ბრიტანული პრეცედენტი – უიმბლდონიც რუსებისა და ბელარუსების გარეშე

საჩოგბურთო დიდი სლემის უძველესი უიმბლდონის ტურნირი წლეულს 27 ივნისს უნდა დაიწყოს. მისი ორგანიზატორი ბალახის ჩოგბურთისა და კრიკეტის სრულიად ინგლისის კლუბი (AELTC) არ დაელოდა მონაწილეობაზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადას და უკვე 20 აპრილს ოფიციალურ საიტზე ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:

„ჩვენთვის მიუღებელია ტურნირზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მონაწილეობით რაიმე სარგებლის მიღება. ამიტომაც, ღრმა სინანულით გვსურს 2022 წლის ჩემპიონატზე მათი განაცხადები უარვყოთ“.

ნისლიან ალბიონზე სლავებს ასევე ეკრძალებათ ისტბორნის 250-იან, დევისის თასისა და ბილი ჯინ კინგის ტურნირებზე მონაწილეობა. მანამდე, აპრილის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისგან იმის გარანტია მოითხოვა, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდამჭერ გამოსვლებს არ გააკეთებდნენ. აღნიშნული გარანტიების მიღების გარეშე უიმბლდონზე დაუშვებლობა ინგლისელებმა ჩოგბურთელთა ინტერესების დაცვის მოტივით ახსნეს. AELTC-ში განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მხარდაჭერის უარყოფას ჩოგბურთელებთან ერთად მათი ოჯახის წევრებისთვისაც შეუძლია პრობლემების შექმნა.

აქვე აღსანიშნია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ზოგადი რეაქცია. თებერვლის ბოლოს ამ ორგანიზაციამ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს სარეკომენდაციო ხასიათის წერილები გაუგზავნა. უკრაინაში გაჩაღებული საომარი ქმედებების გამო, მათ რეკომენდაცია ეძლეოდათ არ დაეშვათ შეჯიბრებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ვინც ვერ მოახერხა რეკომენდაციის პრაქტიკაში „დანერგვა“, მათ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის საშუალება მისცეს.

IOC-ის 139-ე სესიის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს კომენტარის გაკეთება მოუწია კითხვაზე: რა უნდა მოხდეს, რომ სანქცირებული ქვეყნების წარმომადგენლებს ოლიმპიადებზე ასპარეზობის საშუალება მიეცეთ?

„მოვლენათა განვითარების ბევრი ვარიანტია. ამ თემით სპეკულირების სურვილის შემთხვევაში, კაცი ბოლოს ვერ იპოვი. ჩვენ სიტუაციის მონიტორინგს ვახორციელებთ, ვმსჯელობთ ათლეტებთან, საერთაშორისო ფედერაციებთან, თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ ცვლილებებს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჰუმანიტარული მისიის რანგში ვთანამშრომლობთ უკრაინის ოლიმპიურ კომიტეტთან და ამ ქვეყნის სპორტსმენებთან, იმის მიუხედავად, ისინი უკრაინაში დარჩნენ, თუ სხვა ქვეყნებში იმყოფებიან“.

ოლიმპიური ტენდერიდან მოკვეთა – რუსეთისთვის ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა

ერთია ოლიმპიადაზე გამოსვლა და მეორე – მისი ლეგალური ჩვენების უფლების მოპოვება. 25 აპრილს დასრულდა სატენდერო განაცხადების მიღება 2026 წლის ზამთრისა და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადების ტრანსლირების უფლების მისაღებად. IOC-ის პრეს-რელიზში წერია, რომ რუსეთი და ბელარუსი ამ სპორტული ფორუმების სატელევიზიო უფლებათა მოსაპოვებელ ტენდერში მონაწილეობისთვის არ დაუშვეს. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ამ ქვეყნების მცხოვრებთ იტალიასა (მასპინძლები მილანი და კორტინა-დ’ამპეცო) და აშშ-ში (ლოს- ანჯელესი) ჩასატარებელი ოლიმპიადების ლეგალურად ცქერის საშუალება არ ექნებათ.

თუ რა მასშტაბის ფინანსური დანაკარგები შეიძლება ექნეთ სამთავრობო სტრუქტურებზე დამოკიდებულ მედია-არხებს, ამის წარმოდგენა რამდენიმე რიცხვით შეიძლება. სამხრეთ კორეაში ჩატარებული 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის Первый Канал-სა და Россия 1-ზე წუთი რეკლამის საბაზისო ფასი 31.000‑38.000 ევროს ფარგლებში მერყეობდა, 4 წლით ადრე სოჭში გამართული ოლიმპიადისას კი, სარეკლამო ტარიფები 30%-ით მეტს შეადგენდა.

რუსეთის სანქცირების ქართული სარგებელი

ჲეფა-მ რუსეთში ფეხბურთის მოთამაშე ყველა ლეგიონერს უფლება მისცა 7 აპრილამდე დაეტოვებინა კლუბი და მისთვის სასურველ გუნდში გაეგრძელებინა თამაში. მხოლოდ ერთი პირობით – იგი 30 ივნისისთვის ისევ ძველ გუნდს უნდა დაუბრუნდეს. გულშემატკივართა და სპეციალისტთა მთელი ყურადღება ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიასკენ იყო მიპყრობილი. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ყაზანის „რუბინი“ იმედისმომცემ ქართველ მოთამაშეს იოლად შეელეოდა. თუმცა, ფაქტი ჯიუტია – მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსულ კლუბში აღარ დაბრუნებულა.

კლუბისა და ფეხბურთელის „გაყრის“ ოფიციალური ვერსია ასეთია: მათ შორის 2024 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი გაწყდა. ხვიჩამ საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ 2-წლიან შრომით ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი და მისი მაისურით გამართულ პირველ 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა (26 მაისის მდგომარეობით). ყველაფერ ამასთან ერთად, იტალიის სერია ა-ში მოასპარეზე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აპრილის ბოლოს საკუთარი კლუბის ოფიციალური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია მის გუნდში ითამაშებს. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნეაპოლიტანური კლუბი ბათუმელებს 10 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელი წლიურად მილიონნახევარ ევროს მიიღებს, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა 5 წელია.

მნიშვნელობით არანაკლები ტრანსფერი განახორციელა კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. ქართველ სპორტსმენთაგან იგი ერთ-ერთი პირველი იყო (26 თებერვალი), ვინც უკრაინაში ომის გაჩაღების უმოკლეს ვადაში რუსეთი დატოვა. „თოკო“ მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა და კვარაცხელიასგან განსხვავებით, მან უმალ იტალიაში იპოვა ახალი გუნდი. შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ 7 მარტს ჩაირიცხა და გუნდთან ერთად უკვე მოიპოვა პირველი ტიტული – იგი საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა და ევროლიგის საგზურიც მოიპოვა.

მოკლედ, რუსეთისთვის დაწესებულმა სპორტულმა სანქციებმა, ერთგვარი შვება იქ მოთამაშე ქართველ ლეგიონერებსაც მოჰგვარა. ვისაც კარიერული წინსვლისთვის ქვეყნის დატოვება სურდა, შანსი მიეცა და იქაურობას უმალ გაეცალა.

შმაგო სორელი