ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ომი, რომელსაც ნავთობის გემო აქვს - №1(69), 2022
კავშირი უკრაინის სუვერენიტეტსა და რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვის შორის

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში ევროპელი ლიდერები სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებსაც გამოხატავდნენ. 

მაგალითი 1. ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტტე: „შანსი იმისა, რომ უკრაინამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მცირეა“. – ნიდერლანდებმა ომის დაწყებიდან მომდევნო ორ თვეში რუსეთს გადაუხადა 6 მილიარდი ევრო ენერგორესურსებში, რაც ევროკავშირში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მაგალითი 2. იტალია გამოდის 4-პუნქტიანი სამშვიდობო ინიციატივით, რომელიც სხვასთან ერთად მოიცავს უკრაინის მიერ დონბასზე და ყირიმზე (გაეროს მიერ უკრაინის ტერიტორიად აღიარებული მხარეების) უარის თქმას, უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივ გაუქმებას. – იტალიამ ომის დაწყებიდან მომდევნო ორ თვეში რუსეთს გადაუხადა 4,3 მილიარდი ევრო ენერგორესურსებში.

მაგალითი 3. საფრანგეთი, უკრაინის ლიდერის ინფორმაციით უკრაინას სთხოვს, რომ დათმოს სუვერენიტეტი და დაეხმაროს პუტინს სახის შენარჩუნებაში. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვარაუდით უკრაინის ევროკავშირში გაწევრება 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს. – საფრანგეთმა ომის დაწყებიდან მომდევნო ორ თვეში რუსეთს გადაუხადა 2,4 მილიარდი ევრო ენერგორესურსებში.

მაგალითი 4. გერმანია მიუხედავად დაპირებისა უკრაინას არ აწვდის მძიმე შეიარაღებას, ხოლო ომის პირველ დღეებში სხვა ქვეყნებსაც უკრძალავდა გერმანული შეიარაღების მიწოდებას. გერმანიის მთავრობა არის მთავარი ავტორი გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების რუსეთის ენერგო-რესურსებზე მძლავრი დამოკიდებულებისა, რაც პუტინის რუსეთის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გადაიქცა. – გერმანიამ ომის დაწყებიდან მომდევნო ორ თვეში რუსეთს გადაუხადა ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი, 8,3 მილიარდი ევრო ენერგორესურსებში. 

ნაცვლად იმისა, რომ ე.წ. ძველი ევროპის ქვეყნებს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეტვირთათ ლიდერის როლი და ფუნქცია პუტინის დამარცხების ისტორიულ საქმეში და ამით გადაეწმინდათ შეცდომები, რაც მათ პუტინთან პოლიტიკური ფლირტის ან თუნდაც ენერგოუსაფრთხოების სფეროში დაუშვეს, ამ ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების განცხადებებიდან და ქმედებიდან ხშირად ისე ჩანს, რომ ომის დასრულებას არა პუტინის პოლიტიკური გაუვნებლებაში, არამედ უკრაინის მხრიდან სახელმწიფოებრიობის დათმობაში ხედავენ.

ისევ რიცხვები

რუსეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა 95,8 მილიარდი დოლარი მიიღო ენერგორესურსების რეალიზაციით, რაც სამნახევარჯერ მეტია ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ოფიციალური რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბუნებრივია შეიძლება ეჭვი შეიტანო, მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, როდესაც განსაკუთრებით რთულია ზუსტი სტატისტიკის აღრიცხვა. რად ღირს თუნდაც ის გარემოება, რომ გახშირდა რუსეთის პორტებიდან საბოლოო დანიშნულების გაცხადების გარეშე გემების, ტანკერების გასვლა. მაგრამ დასავლური ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მონაცემები მიახლოებულია ამ რიცხვებთან. ავტორიტეტული ორგანიზაცია „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს“ მიერ გავრცელებული მონაცემებით რუსეთი დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს იღებს ყოველთვიურად ენერგორესურსების გაყიდვით. კვლევითი ორგანიზაცია „ენერგიისა და სუფთა ჰაერის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე კი ირკვევა, რომ ევროკავშირმა, რომელიც რუსული ენერგორესურსების 70%-ზე მეტს მოიხმარს, 53 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადა რუსეთს ომის დაწყებიდან 25 მაისამდე.

53 მილიარდი უკრაინას, 53 მილიარდი რუსეთს

53 მილიარდი ევრო, რომელიც რუსეთმა მიიღო ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში ევროკავშირიდან, მნიშვნელოვნად ამცირებს აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ მართლაც კოლოსალური დახმარების, ასევე 53 მილიარდის, ოღონდ აშშ დოლარის გამოყოფის მნიშვნელობასაც და ეფექტს. ამცირებს და აკნინებს ასევე იმავე ევროპის და სხვა ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინისადმი და აგრძელებს არნახულ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.

„ჩვენ ვართ ერთიანები როგორც არასდროს! ამ ომში დავდგებით ერთად და აუცილებლად დავძლევთ მას გამარჯვებით. ჩვენ ვართ ერთად და ვიქნებით ერთად!“ – ეს არის ფრაგმენტი ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის და გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის (2013-2019 წწ.) ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვიდან, რომლითაც მან ომის დაწყების მომდევნო კვირას მიმართა ევროპარლამენტარებს. „ჩვენ ვართ ერთიანები, როგორც არასდროს!“ ჟღერს როგორც მანიფესტი და სიტყვაში „ჩვენ“ ურსულა ფონ დერ ლაიენის კოლექტიურ დასავლეთს გულისხმობს, რომელიც „ერთიანი“, ან უფრო სწორედ ასე „ერთიანები როგორც არასდროს“ მხოლოდ ევროპის შუაგულში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ხდება. დარწმუნებული ვარ ურსულა ფონდერ ლაიენის გულწრფელობაში. მისი განცხადებები და გატარებული პოლიტიკა ერთ-ერთი სამაგალითოა დღეს, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადების გაკეთების დროს ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირი ომიდან სამ თვეში აგრესორ ქვეყანას 53 მილიარდ ევროს გადაუხდიდა მხოლოდ ენერგორესურსებში. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობამდე, ანუ 2019 წლამდე, გერმანიის მთავრობის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში. პირველი 5 წელი – შრომისა და სოციალურ საკითხთა, ხოლო მომდევნო 5 წელი – თავდაცვის ფედერალური მინისტრი. გერმანიამ ომის პირველ ორ თვეში ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი – 8.3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს ენერგორესურსების შესყიდვაში და ეს ყველაფერი, სწორედ იმ მთავრობის პოლიტიკის გამო მოხდა, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენდა. მის ახლანდელ განცხადებაში ვხედავ გარკვეულ სინანულსაც და თვითკრიტიკასაც. რადგან ვინ იცის უკეთ, თუ არა გერმანიის მთავრობის ყოფილმა წევრმა, რომ სწორედ გერმანიის, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის და ევროპის პოლიტიკურად ყველაზე გავლენიანი ქვეყნის მიერ რუსეთთან განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური კავშირები აფერხებს დღეს ომის უკრაინის სასარგებლოდ დასრულებას.

სანქციების გავლენა

ევროკავშირის მხრიდან ენერგეტიკული ემბარგოს დაწესება ნამდვილად გახდებოდა რუსული ეკონომიკის მყისიერი და მძლავრი დაზიანების საფუძველი. თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვა, საერთაშორისო საბანკო აქტივების გაყინვა, საბანკო სისტემებზე რუსული კომპანიების წვდომის შეზღუდვა, პერსონალური სანქციები ოლიგარქების მიმართ, მსხვილი და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების მიერ რუსეთის ბაზრის დატოვება და კიდევ სხვა სახის სანქციები მნიშვნელოვნად აზარალებს რუსეთს. თუმცა, მხოლოდ ევროკავშირის ენერგეტიკული ემბარგო დააზარალებს მას მყისიერად და სავარაუდოდ შეუქცევადად. ამავე დროს – პირიქით, ევროკავშირის მხრიდან ენერგეტიკული ემბარგოს დაგვიანების შემთხვევაში, რუსეთს მიეცემა შანსი მოახდინოს ეკონომიკის მიმართულებების დივერსიფიკაცია და შედეგად სამხედრო პოტენციალის ნაწილობრივად შევსების და აღდგენის შესაძლებლობა. 6 აპრილს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გამოცემა „ნიუიორკ თაიმსში“ ერთ-ერთი სტატიის ავტორი კატრინ ბენჰოლდი განიხილავს გერმანიის მხრიდან რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების საკითხს: „გერმანიის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ბერლინი უარს ამბობს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მანამდე დაფინანსებაზე, რომლის ომსაც ფაქტობრივად ასუბსიდირებს დაახლოებით 200 მილიონი ევროს ფარგლებში. ანუ დაახლოებით 220 მილიონი აშშ დოლარი ენერგეტიკული გადასახადების სახით ყოველდღიურად“. იმავე სტატიაში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაც არის მოყვანილი: „რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა ომის დანაშაულების დაფინანსებაა“. იქვე მინისტრი მიმართავს ევროპელ კოლეგებს, რომ შეაჩერონ რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების იმპორტი და ნუ იქნებიან ამ დანაშაულების თანამონაწილენი.

ისევ რიცხვებს რომ დავუბრუნდეთ და გავიაზროთ რამდენად მასშტაბურია რუსეთისათვის ევროკავშირის მხრიდან ენერგორესურსებისთვის გადახდილი საფასური. ორ მაგალითს მოვიყვან ლატვიის მონაცემების მონაწილეობით. ომის პერიოდში ყოველთვიურად ევროკავშირი რუსეთს ენერგორესურსებში აწვდის ორჯერ მეტი თანხას, ვიდრე ლატვიის მთელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტია. ხოლო ომის დღეებში გერმანია 1 დღეში რუსეთს უხდის თანხას, რომელიც ლატვიის მიერ უკრაინისათვის გაწეულ მთლიან სამხედრო დახმარებას უტოლდება.

დასავლეთის კონსოლიდაცია – გამოწვევა თუ შემდგარი ფაქტი

დასავლეთისთვის, დემოკრატიისთვის და საერთოდ კაცობრიობისთვის მთავარი ფუნდამენტური ამოცანა ნებისმიერ ფასად ტერორისტი პუტინის დამარცხება და თავისუფლების მოყვარე უკრაინის გამარჯვებაა. სხვა შემთხვევაში პუტინის აგრესიის მსხვერპლი სხვა ქვეყნები შეიძლება გახდნენ და მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსებისგან მოკვეთა უპირველესი ამოცანაა. ამავე დროს ნათელია, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის გამარჯვებაში და რუსეთის დამარცხებაში შეტანილი წილი განსხვავებულია. იმ ფონზე, როდესაც იგივე ლატვია, რომელიც 90%-ით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და მაინც უარს აცხადებს მის შემდგომ შესყიდვაზე, როცა ბალტიის სამივე ქვეყანა ყველა სახის რუსულ ენერგო-რესურსებზე აცხადებს უარს, იგივე გერმანია რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას კიდევ წელიწადნახევარი გეგმავს. რუსეთისგან ევროკავშირის მიერ ენერგორესურსების შესყიდვის გაგრძელება ნიშნავს რუსეთის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას. ამ მოცემულობით კი რუსეთის დამარცხება შესაძლებელი იქნება თუ ამერიკელები, ბრიტანელები და უკრაინის სხვა გამოკვეთილი პარტნიორები კიდევ უფრო მეტ ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას განახორციელებენ. ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ საჭირო გახდება „ლენდ-ლიზი 3“ და რაც ათასგზის უფრო მნიშვნელოვანია, ამ გაჭიანურებულ ომში უკრაინა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაკარგავს. ამერიკელ, კანადელ, ბალტიელ გადამხდელებს გაცილებით იაფი დაუჯდებოდათ უკრაინის დახმარება, გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, იტალიას რუსული ენერგორესურსების შესყიდვა ომის შემდეგ მაინც რომ შეეჩერებინათ (ეს საკითხი მომავალში აუცილებლად გახდება დასავლეთის ქვეყნებს შორის მკვეთრი და ინტენსიური განხილვების საფუძველი). თუმცა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ლიდერობით განხორციელებული ენერგოპოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს მართლაც უჭირთ რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის თქმა. კარგი მაგალითია უნგრეთი. მასზე ამ სტატიაში საუბარი არ ღირს, რადგან არც ფინანსური, არც პოლიტიკური და არც ტექნიკური თვალსაზრისით მისი დღევანდელი ხელმძღვანელობის პრორუსული პოლიტიკა გადაულახავ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი გამოწვევა სწორედ ძველი ევროპის ქვეყნების მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმაა და არა ორბანის პრორუსული პოლიტიკა. უკრაინის მხარდამჭერები პირველ რიგში არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რადგან ისინი ყველაზე მკაფიოდ აღიქვამენ ტირანი პუტინისგან მომდინარე საფრთხეებს. თუმცა, რომ არა გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, წინ ჩამოთვლილი ქვეყნების პოლიტიკური წონა და კულტურულ-ისტორიული როლი არ იქნებოდა საკმარისი უკრაინის ირგვლივ მსოფლიო საზოგადოების მობილიზებისთვის და რუსეთისშეჩერებაც შეუძლებელი გახდებოდა. დიდი პრობლემაა ის, რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ასევე ნიდერლანდები, ევროპული და დასავლური ცივილიზაციის და კულტურის თუ შეიძლება ითქვას – აკვანი ქვეყნები ვერ და არ გამოდიან კაცობრიობის და ჰუმანურობის წინააღმდეგ დამნაშავესთან ბრძოლის წინა ხაზზე. უფრო მეტიც, მათი ქმედება რიგ შემთხვევებში უწყობდა და უწყობს ხელს ტირანიის სიცოცხლისუნარიანობის გამტკიცებას, რაც მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის სერიოზულ კულტურულ შოკს წარმოადგენს.

გაეროს დოკუმენტები, გამოწვევების გადაფასება და პუტინის შანტაჟი

გაერომ ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე საგულისხმო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ყურადღებას შევაჩერებ ორზე. პირველში საუბარია 2050 წლამდე შესასრულებელ გეგმაზე, რაც აუცილებელია, რათა კლიმატურმა ცვლილებებმა დედამიწაზე კატასტროფული და შეუქცევადი ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს. გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი წყარო ენერგეტიკაა და ე.წ. მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა რუსეთ- უკრაინის ომამდე გლობალურ გამოწვევად ჩანდა. მსოფლიო ლიდერების ამგვარი პოზიციის ნათელი გამოხატულება გახლდათ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ პირველივე სამუშაო დღეს რამდენიმე მილიარდიანი პროექტის – გათხევადებული ბუნებრივი აირის მილსადენის „კისტოუნის“ შეჩერება. გათხევადებული აირის მოპოვება, გადამუშავება, ტრანსპორტირება და რეალიზაცია გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურების წყაროა, შესაბამისად „კისტოუნის“ შეჩერება ჯო ბაიდენის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ. ანალოგიური მიდგომა იყო დომინანტური ევროპულ ქვეყნებშიც. ანგელა მერკელი, გერმანიის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ავტორი, ხშირად აღნიშნავდა, რომ ბუნებრივი აირის მიღება რუსეთიდან (რაც გერმანიას მიეწოდებოდა „ჩრდილოეთის ნაკადით“ და სხვა არხებით და რისი მიწოდებაც დამატებით იგეგმებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“) მხოლოდ დროებითი ნაბიჯი იქნებოდა და დაახლოებით 20 წელიწადში გერმანია უარს იტყოდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე. საინტერესოა, რომ მსოფლიო ლიდერების მიდგომამ მნიშვნელოვნად დააზიანა ატომური ენერგეტიკის განვითარებაც. ატომური ენერგეტიკის მიმართ დამოკიდებულება წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ მისი პირდაპირი გავლენა გარემოზე მინიმალურია და ის არ არის განსაკუთრებულად ძვირი ენერგეტიკული რესურსი, თუმცა, მეორე მხრივ ატომური სადგურის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების გაუვნებლება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.

რუსეთ-უკრაინის ომამდე დასავლეთის ქვეყნებმა ეტაპობრივად დაიწყეს უარის თქმა ქვანახშირის, ნავთობპროდუქტების, გათხევადებული აირის გამოყენებაზე. შეფერხდა ატომური ენერგეტიკაც. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გლობალური საფრთხე, რომელიც დღეს და ახლა ესხმის თავს კაცობრიობას – პუტინია. კლიმატური ცვლილებები რა თქმა უნდა ასევე დარჩა გამოწვევად, თუმცა ნათელია, რომ არაერთმა ქვეყანამ უპირველეს ამოცანად პუტინის გაუვნებლება და შესაბამისად, რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმა განსაზღვრა. ქვეყნების ენერგო-პოლიტიკა იცვლება და შესაბამისად იცვლება ტაქტიკური პრიორიტეტებიც. სახეზეა, რომ დასავლეთის ქვეყნები პირველ რიგში ცდილობენ ენერგეტიკული რესურსები შეიძინონ რუსეთის გარდა ფაქტობრივად ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, ხოლო რამდენად გარემოსადმი მეგობრული იქნება ეს ენერგეტიკული რესურსი, ამ ეტაპისთვის ნაწილობრივ მეორეხარისხოვანი ხდება.

მეორე დოკუმენტში საუბარია სასურსათო კრიზისზე, რომელიც უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. „უკრაინის ომი აძლიერებს კრიზისს სამი მიმართულებით – საკვები, ენერგია და ფინანსები – ეს კი დამანგრევლად იმოქმედებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ადამიანებზე და ქვეყნებზე“, – წერია დოკუმენტში. დღე არ გავა, რომ გაეროს ლიდერებმა ან სახელმწიფოთა მეთაურებმა რაიმე განცხადება არ გააკეთონ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ჰუმანიტარული, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის საფუძველი შეიძლება გახდეს. ნათელია, რომ მარცვლეულის და სხვა პროდუქტების დეფიციტი რეალური საფრთხეა და რუსეთი მიზანმიმართულად ეწევა როგორც შავი ზღვის პორტების ბლოკირებას, ასევე იტაცებს უკრაინულ პროდუქციას (მათ შორის მარცვლეულს) და ანადგურებს საწარმოო ინფრასტრუქტურას. იქნებ სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობს ძველი ევროპის ზოგიერთი ლიდერი, რომლებსაც უპირველეს ამოცანად ომის დასრულება ესახებათ? ომის დასრულება, ხომ სხვასთან ერთად შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის და სხვა სახის პროდუქტების მიწოდების გაგრძელებასაც ნიშნავს, რაც კრიზისს თუ მით უფრო კატასტროფას გამორიცხავს. თუმცა, სწორედ აქ არის დასავლური განსხვავებული მიდგომების დანახვა ყველაზე ადვილი. უკრაინული, ბრიტანული, ამერიკული, ასევე კანადის, ავსტრალიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და უკრაინის სხვა მტკიცე პარტნიორების პოლიტიკა აუცილებლად მიიჩნევს პუტინის გაუვნებლებას. მათი მიზანია, რომ მან ან მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ ვერ მოახდინოს მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში აგრესიის განხორციელება და ამისათვის უკრაინა გმირულად ებრძვის პუტინის რუსეთს, ხოლო ეს ქვეყნები კოლოსალურ ფინანსურ, პოლიტიკურ, სამხედრო ინტერვენციას ახდენენ ომში. ეს პოზიცია უკრაინული პორტების გახსნის მიზნით უკრაინელებისთვის ახალი, სპეციალური შეიარაღების მიწოდებას მოიაზრებს, რაც რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების კონტროლს დაასრულებს და არ ითვალისწინებს გარიგებას რუსეთთან ან მისი სახის შენარჩუნების მცდელობას. ძველი ევროპის ნაწილის მიდგომა კი კონსერვატიულია. ისინი ცდილობენ, სტრატეგიული პრობლემა – „აგრესორი პუტინის დამარცხება და გაუვნებლება“ დაკონსერვდეს და მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვება – „სასურსათო, კლიმატური, ენერგეტიკული, ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება“ გახდეს შესაძლებელი.

მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს რომ დავუბრუნდეთ, ნათელია, რომ პუტინი ამ თემით, ისევე როგორც მანამდე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, ცდილობს და მომავალშიც ეცდება მსოფლიოს დაშანტაჟებას და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან დათმოს თავისი სუვერენიტეტი.

გათხევადებული ბუნებრივი აირი – მერკელის კიდევ ერთი, მორიგი "წარმატება"

ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების უმეტესობას გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღები ტერმინალები აქვთ. ამ ქვეყნებს შორის არიან არა მხოლოდ პოლონეთი, ხორვატია და ლიეტუვა, ანუ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის წინა პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად ცდილობდნენ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით აშშ-დან გათხევადებული აირის შემოტანას, არამედ ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, მალტა, პორტუგალია. ამ ქვეყნების ჩამონათვალში არ არის გერმანია, რომელიც როგორც ახლა ირკვევა, 2020 წლის ბოლოს გეგმავდა 1 ტერმინალის აშენებას გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღებად, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აშშ‑ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა წააგო, გერმანელმა პოლიტიკოსებმა ტერმინალის მშენებლობა გადაიფიქრეს. როგორც ვიცით, ტრამპი, ასევე მისი პრეზიდენტობის პერიოდის დროინდელი კონგრესის ორივე პალატა სრული ორპარტიული კონსენსუსით, აქტიურად გამოდიოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ და რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების ერთ-ერთ გზად ევროპელ პარტნიორებს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებას სთავაზობდა. საგულისხმოა, რომ ანგელა მერკელის ენერგო-პოლიტიკამ სრულიად გამორიცხა გერმანიაში გათხევადებული ბუნებრივი აირის მოხმარება, განსხვავებით თუნდაც ესპანეთისა და საფრანგეთისგან, რომელთაც ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის მიღებისა და გადატანისათვის აუცილებელი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურა აქვთ ევროპაში. ნაცვლად ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიკაციისა, მერკელმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობა დაამყარა რუსეთთან და რუსულ ენერგორესურსებზე გადააჯაჭვა გერმანია და ევროპის დიდი ნაწილი. 2022 წლის 10-11 მარტს, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გათხევადებული ბუნებრივი აირის მიღება გახდებოდა რუსეთის ენერგომატარებლებზე ჩანაცვლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, ხოლო გერმანია ამჟამად გეგმავს 4 ტერმინალის აშენებას გათხევადებული აირის მისაღებად. უფრო მეტიც, ყველა ეს ტერმინალი ან რამდენიმე მაინც შესაძლებელია წელსვე აშენდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ობიექტურად ქებულ გერმანულ ტექნიკას და ინდუსტრიას ორივე ხელით ვუჭერ მხარს.

GOD BLESS AMERICA!

აშშ განსაკუთრებული და დიდი ქვეყანაა. აშშ-მა მაისში საბოლოოდ დაუჭირა მხარი ე.წ. „ლენდ-ლიზი-2-ს“, ანუ უკრაინის კოლოსალური დახმარების გეგმას, რაც დამატებით 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მიწოდებას ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და სხვა სახით (დახმარების პირველი პაკეტის ფინანსური ღირებულება 13 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ). ანალიტიკოსები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარება გადამწყვეტი იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის. აშშ-ის პოლიტიკური გავლენა, კოლოსალური ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები, არის საფუძველი, რის გამოც აშშ-ის პოლიტიკური კლასი გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით. უფრო მეტიც, აშშ-ის პოლიტიკური კლასის უმეტესობას გააზრებული აქვს, რომ აშშ-ის ეროვნული გამოწვევები პირდაპირ ბმაშია გლობალურ გამოწვევებთან და პირიქით. სწორედ აშშ-ის მონაწილეობა და ცალსახა ფსონი უკრაინის გამარჯვებაზე განაპირობებს ჩემს მტკიცე იმედს, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკა, აშშ-ის სანქციები არის საფუძველი, რომ რუსეთი დატოვა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა, რომელთა გარეშე ენერგეტიკის სფეროში რუსეთს რიგ შემთხვევაში ენერგორესურსების მოპოვება და შენახვაც კი უჭირს. მიზეზი რთული რელიეფი და ტექნიკური ჩამორჩენილობაა. ასევე, სწორედ აშშ აწარმოებს აქტიურ, რთულ მაგრამ პერსპექტიულ მოლაპარაკებებს „ოპეკ+ის“ არაბულ ქვეყნებთან ნავთობის მოპოვების გაზრდის მიზნით.

რატომ ვერ იმარჯვებს უკრაინა ომში დღეს? – ცივილიზებული სამყარო უკრაინის გამარჯვების მოლოდინშია. უკვე შევეჩვიეთ იმ მოცემულობის გააზრებას, რომ ერთი შეხედვით ძლევამოსილი რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. შესაძლებელია გმირი უკრაინელი ხალხის და დასავლეთის მიერ უანგარო და მძლავრი დახმარების პირობებში. დასავლეთის მიერ გამოცხადებული სრული ენერგო-ბლოკადა, რუსეთის დასუსტების და შედეგად მისი დამარცხების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის თქმა გარდა პირდაპირი ეფექტისა, მეტ არგუმენტს მისცემს აშშ-ს, ბრიტანეთს და იმავე ევროპის ქვეყნებს ჩინეთთან (ჩინეთი რუსული ენერგო-რესურსების ყველაზე დიდი შემსყიდველია გერმანიის შემდეგ), ასევე ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში. 

მჯერა, უკრაინა გაიმარჯვებს! Слава Україні!

კოკი იონათამიშვილი

"საქართველო" – სამი ზღვის ინიციატივა