ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ყველაზე ძვირადღირებულად გადაქცეული ჩვეულებრივი ნივთები - №2(70), 2022
რა უნდა ქნას კაცმა, როცა ჯიბეში ზედმეტ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღმოაჩენს? რა თქმა უნდა მას არაერთი რენტაბელური კომპანიის ყიდვა შეუძლია. ან თავისუფლად შექმნის შესაბამისი მასშტაბების საკუთარ ბიზნესს. ამ საქმეში მთავარი ფულია. ფული კი, როგორც აღვნიშნეთ, არის და არცთუ ცოტა.

ქვემოთ ისეთი ნივთების ჩამონათვალი მოვამზადეთ, „ზედმეტად“ ფულიან ადამიანს არჩევანს რომ გაუჩენს. ისინი ფასთან ერთად დანიშნულებითაც გაგაკვირვებთ. გვჯერა, მკითხველთა უმეტესობას ამ იშვიათობათა (ბევრისთვის უგუნურებათა) დიზაინერული მიგნებები ღიმილს მოჰგვრის, ზოგი აღშფოთდება კიდეც. მოკლედ, ჩვენ რეკორდულად ძვირიან ნივთებს შემოგთავაზებთ და თუ რამე დავაკელით, შეგიძლიათ სია თავად გაამრავალფეროვნოთ.

ტელევიზორი – Prestige HD SUPREME Rose Edition

ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის FHD გარჩევადობის ყველაზე მარტივი 55- დუიმიანი ტელევიზორი. არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით მთლიან წონაში 19 კგ ოქროს შემცველობას. ისიც არ გამოგვრჩეს, რომ ყველაზე ძვირი ტელევიზორის მორთულობაში ბრილიანტის, ტოპაზისა და ავანტიურინის 49 სხვადასხვა ზომის თვალია.

ამ ქმნილების ღირებულება 2,25 მილიონი აშშ დოლარია.

ავტომობილი – Rolls-Royce Boat Tail

კუპე-კაბრიოლეტი შექმნილია Phantom Drophead Coupe‑ს საფუძველზე, მაგრამ მისგან საგრძნობლადაა განსხვავებული როგორც გარე, ისე შიდა იერით. კაპოტზე „თავმომწონე“ ბრენდის სიმბოლო თეთრი ოქროსგანაა დამზადებული. საბარგულის ნაცვლად ხის ორი ასაკეცი ფრთის მაგვარი კონსტრუქცია აქვს, რომელიც საპიკნიკე მოწყობილობას – ქოლგას, მაცივარსა და გასაშლელ სკამებს იტევს. ამ იშვიათ და 28 მილიონ დოლარად ღირებულ უძვირეს სანახაობას, 571 ცხენის ძალის სიმძლავრის V12 ტიპის ძრავა აქვს.

ყურსასმენი – Sennheiser HE1060/HEV1060 Orpheus

იგი ერთადერთ ეგზემპლარადაა დამზადებული და მისი ფასი 750 ათას დოლარს შეადგენს. ერთადერთი მისი თავისებურება ისაა, რომ ყურსასმენი 114 კარატი წონის ბრილიანტებითაა დაფარული. ყველაფერ ამ ფონზე, მისგან რაღაც განსაკუთრებული ტონალობის ჟღერად ხმებს არ უნდა ელოდოთ.

საათი – Joaillene Manchette

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული (26 მილიონი დოლარი) საათის მთავარი მასალაა ონიქსის 11 ქვითა და 576 ბრილიანტის ქვებით შემკული სუფთა თეთრი ოქრო. შედარებით მოკრძალებული ზომების ციფერბლატი ვერცხლისაა და საფირონის მინისგანაა დაფარული.

ბოტასი – Solid Gold OVO X Air Jordan

ეს გახლავთ კანადელი რეპერი Drake-ს პირადი ბოტასების ანალოგი. ორიგინალისგან განსხვავებით იგი სუფთა ოქროსგანაა დამზადებული და წყვილის წონა 45 კილოგრამია. მათ შექმნაზე ამერიკელი მხატვარი მეთიუ სენა მუშაობდა. ამ საგამოფენო „სარბენი“ ატრიბუტის ღირებულება 2 მილიონი დოლარია.

იახტა – History Supreme

პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული იახტის მეპატრონე ინკოგნიტო მალაიზიელი მულტიმილიარდერი გახლავთ. ხელოვნების ამ ნიმუშის ინტერიერს 24-კარატიანი ოქროს აკვარიუმი ამშვენებს. აქვეა მეტეორიტისა და ტირანოზავრის ძვლის ნამსხვრევები. იახტას ფასიც შესაბამისი აქვს – 4,8 მილიარდი დოლარი.

სმარტფონი – Falcon Supernova IPhone 6 Pink Diamond

ამ სმარტფონს არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნია – უბრალოდ, ეს არის 24- კარატიანი ვარდისფერი ოქროთი დამზადებული IPhone 6, რომელშიც ასევე ვარდისფერ უშველებელი ბრილიანტის ქვას ნახავთ. იგი ინდოელი მილიარდერის მუკეშ ამბანის მეუღლეს – ნიტას ეკუთვნოდა.

სმარტფონის ფასი 48,5 მილიონი დოლარია.

თვითმფრინავი – Airbus A380 Superjumbo Jet

ნახევარმილიარდიანი ღირებულების თვითმფრინავი საუდის არაბეთის პრინცს ალ ვალიდ იბნ ტალალას საკუთრებაა. აერობუსში სამ საძინებელ და ორ სააბაზანო ოთახთან ერთად სპორტული დარბაზიც არის. აქვე გვხვდება სპეციალური ოთახი ქორებისთვის და ფარეხი ავტოკოლექციისთვის. 

კლავიატურა – Happy Hacking Keyboard HP

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული (440 მილიონი დოლარი) კომპიუტერის კლავიატურა იაპონურმა კომპანია PFU Ltd-მ ხელოვნების ნიმუშის სახით დაამზადა. კორპუსი და კლავიშები ცნობილი უძვირფასესი იაპონური ურუსის ლაქისგან არის დამზადებული, რომელსაც ადგილობრივი ხელოსნები ჯერ კიდევ 6000 წლის წინათ იყენებდნენ. შიგთავსის ყველა მექანიზმი ოქროსია. ამ ნივთის კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ კლავიშებს არაფერი აწერია.

კომპიუტერის „მაუსი“ – Gold Bullion

ყველაზე ძვირი უსადენო „მაუსის“ ფასი 36 ათასი დოლარია. ჩვეულებრივი საოფისე „თაგუნა“ ძალიან უბრალოდ გამოიყურება – იგი დიზაინერის გადაწყვეტილებით ოქროს ზოდის ფორმისაა და მასალადაც მხოლოდ ოქროა გამოყენებული.

სათვალე – „სინათლის ბრილიანტები“

3,4 მილიონი დოლარის ღირებულების უძვირესი სათვალის მთავარი ღირსება წონით 25-კარატიანი ბრილიანტის ლინზებია.

მაცივარი – Meneghini La Cambusa

მაცივრის ამ სამსეგმენტიან მოდელში გათვალისწინებულია ჩაშენებული ტელევიზორი, ყავის მოსადუღებელი სექცია, გასაყინი სათავსო, ყინული დოზატორი, მიკროტალღური და ორთქლზე საცხობი ღუმელები. როგორც ჩანს, მაცივარში ჩვეული ფუნქციებისთვისაც დარჩა ადგილი, რადგან სხვაგვარად მასში 41 ათასი დოლარის გადახდა ზედმეტი ფუფუნების ნიშანი იქნებოდა.

ტუალეტის ქაღალდი – Toilet Paper Man

ეს ყველაზე ძვირი ტუალეტის ქაღალდია, მაგრამ მას სულაც არ აქვს პრეტენზია ოდნავ სირბილეზეც კი. „ნიჭიერთა“ ჯგუფმა მისი სუფთა ოქროსგან დამზადება გადაწყვიტეს. ძნელია იმის თქმა, ვინმემ შეძლო თუ არა მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება, მაგრამ ფასი აქვს ისეთი, „ცეცხლი უკიდიაო“ რომ იტყვიან – 1,2 მილიონი დოლარი.

ტელეფონის ნომერი – 666-6666

ე.წ. „ეშმაკის ციფრებით“ შემკული ტელეფონის ნომერი Qatar Telecom-ის აუქციონზე 2006 წელს 2,75 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველს კომპლექტში თეთრი ოქროსგან დამზადებული და ბრილიანტის ქვებით მოოჭვილი სიმბარათი შეხვდა.

ღილაკებიანი ტელეფონი – Goldvish Le Million

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ღილაკებიანი ტელეფონი 1,35 მილიონ დოლარად არის შეფასებული. იგი გინესის რეკორდების წიგნშიც ანალოგიურ ნომინაციაში მოხვდა. მისი კორპუსი 18-კარატიანი თეთრი ოქროთია დამზადებული, რომლის „მოქარგვას“ 20 კარატი წონის ალმასი დაახარჯეს. ტელეფონის მეხსიერება მხოლოდ 2 გიგაბაიტს შეადგენს, აქვს ერთი კამერა, ასევე რადიოს და Bluetooth-ის მხარდაჭერა.

ქოლგა – Billionaire Couture

ქოლგის წარმოდგენილი მოდელი 2004 წლიდან დღემდე იწარმოება. ნალექისგან დამცავი ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული, ხელსაკიდი კი, კოპიტის, თხილის, ალუბლისა და ჭადრის ერთგვარი სინთეზით მიიღება. არავითარი ოქრო, ალმასი და სხვა ძვირფასეულობა. ამიტომაც ღირებულება ერთობ მოკრძალებული აქვს – მხოლოდ 50 ათასი დოლარი. ცნობადი სახეებიდან ასეთი ქოლგის მფლობელები ლეგენდარული The Beatles-ის სოლისტი პოლ მაკარტნი და ასევე ინგლისელი ფეხბურთის ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი არიან.

ნაძვის ხის სათამაშო – Hallmark Jewellers

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნაძვის ხის სათამაშო (130 ათასი დოლარი) თეთრი ოქროთი დამზადებულ სფეროს წარმოადგენს. „ბურთი“ ბრილიანტის 1500 თვალით არის დაფარული. ნაძვის ხის მოსართავი ორი ოქროს რგოლით არის გარშემორტყმული, რომელთა გარე პერიმეტრზე ლალის 188 ქვაა ჩამაგრებული.

სანთებელა – S.T. Dupont

ყველაზე ძვირი სანთებელას ფასი 750 ათასი დოლარია. მისი კორპუსი თეთრი ოქროთია დამზადებული და ბრილიანტის 468 ქვით არის დაფარული.

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა