ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
15 უმსხვილესი ევროპული კომპანია შემოსავლების მიხედვით - №2(70), 2022
ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ 15 უმსხვილეს ევროპულ კომპანიას შემოსავლების მიხედვით, მონაცემები სხვადასხვა უცხოური გამოცემების და ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით შევკრიბეთ.

უკვე მრავალი წელია, ევროპა მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ რეგიონად და კონტინენტზე მაცხოვრებელთა უმეტესობის აღფრთოვანებასაც იწვევს. ევროპის მიმართ ხიბლი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არა მარტო კონტინენტის მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონის გამო, არამედ იმითაც, რომ პლანეტის სხვა რეგიონების მაცხოვრებლებთან შედარებით აქ გაცილებით მაღალია თანასწორობა და მეტნაკლებად ყველას აქვს ცხოვრების კარგი პირობები. სწორედ, ამგვარი თანაბარი გადანაწილება იწვევს იმას, რომ ევროპული კომპანიები, როგორც წესი, იშვიათად ხვდებიან მსოფლიოს ყველაზე უმსხვილესი კომპანიების სიაში – საქმიანობისთვის აქ მეტი წესებია გასათვალისწინებელი, რომელიც კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს.

ასეა თუ ისე, „ფორბსის“ შედგენილ მსოფლიოს უმსხვილესი 2000 კომპანიის ნუსხაში მხოლოდ ორმა ევროპულმა კომპანიამ დაიკავა ადგილი ტოპ-20-ში.

როგორც მთელი მსოფლიო, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპაც რთულ დღეში აღმოჩნდა. თავდაპირველად აქ იყო პანდემიის ეპიცენტრი, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა და მეტი ადამიანიც იმსხვერპლა. ვაქცინების გამოჩენის შემდეგ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის სხვა კონტინენტებთან შედარებით ისევ ევროპაში დაფიქსირდა. როდესაც ჩანდა, რომ კოვიდ-პანდემია დასასრულს მიუახლოვდა და ვირუსი კონტროლს დაექვემდებარა, ევროპაში ახალი ტრაგიკული პერიოდი დაიწყო. 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმია დანაშაულებრივად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, გამოიწვია უკრაინაში ათეულ ათასობით ადამიანის სიკვდილი და ათეულობით მილიარდის ზარალი.

მილიონობით უკრაინელმა ომისგან თავის დასაღწევად ევროპაში, მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს თავი. დევნილთა უმეტესობა პოლონეთში გადავიდა. დევნილთა განთავსების და შენახვის ხარჯები უზარმაზარია და უახლოეს მომავალშიც ასეც გაგრძელდება. იმავდროულად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები დააწესეს. იმ დროს, როცა აშშ-ს საკმაოდ შეზღუდული აქვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა და არც უკრაინიდან გაქცეული მილიონობით დევნილი მიაწყდა, განსხვავებული მდგომარეობაა ევროპაში. ევროპის კავშირს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთთან, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში და მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახლდათ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირს უწევს უკრაინის სახელმწიფოს დასახმარებლად მილიარდების გამოყოფა, ასევე უკრაინელი დევნილების უზრუნველსაყოფად დიდი თანხის დახარჯვა – შედეგად კი ევროპის პერსპექტივაზე ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მონაცემებით, „ვარდნამ, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებით, ენერგოპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდით, სტაბილურად მაღალი ინფლაციით და ასევე იმით, რომ რუსეთმა ზამთრის პერიოდში შეიძლება სრულად შეწყვიტოს ევროპის მომარაგება გაზით, ევროზონის ეკონომიკური სივრცე უპრეცედენტო სტრესის რეჟიმში გადაიყვანა. ასეთი უიმედო პერსპექტივის მიუხედავად, 2022 წლის მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით მაინც გაიზარდა 0,7%-თ. ასე რომ, მანამდე გამოთქმული მრავალი სკეპტიკური პროგნოზებისგან განსხვავებით, შედეგი მაინც პოზიტიური აღმოჩნდა. ასეთი დადებითი ზრდის მაჩვენებელი იმასაც ნიშნავს, რომ ევროპამ შეძლო ისეთი მასშტაბური ვარდნის თავიდან აცილება, რაც აშშ-ის და ჩინეთის ბაზრებს იმავე პერიოდში ჰქონდათ. ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში ტურიზმის აღდგენა გახდა. თუმცა, წარმოება კვლავ სირთულეების წინაშეა მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო".

უცხოურ მედიაში გამოთქმული პროგნოზების მიხედვით, ნახსენები ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, მაღალი ინფლაცია სერიოზულ გავლენას მოახდენს ევროკავშირის ეკონომიკაზეც და ევროპის უმსხვილეს კომპანიებზეც. მაღალმა ინფლაციამ უარყოფითი გავლენა იქონია სამომხმარებლო სექტორზე, რომელიც რეგიონში ეკონომიკის აღდგენის მთავარ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა. რუსეთის მხრიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის მუქარა ასევე გაურკვევლობას ზრდის და ზამთრის წინა პერიოდში ენერგოპროდუქტების ფასები მკვეთრად გააძვირა. თუკი რუსეთი მთლიანად, ან თუნდაც ნაწილობრივ შეუწყვეტს ევროპას გაზმომარაგებას, მაშინ ზამთრის პერიოდში ევროპას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.

ჩვენ კი ვახსენეთ მაღალი ინფლაცია ევროპაში, მაგრამ ინფლაცია მხოლოდ ევროპაში არ არის. პოსტ-პანდემიურ პერიოდში და რუსეთის აგრესიის შედეგად ის გაცილებით მასშტაბური მოვლენაა და გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. მაღალი ინფლაცია განსაკუთრებით აზარალებს განვითარებად ქვეყნებს. ევროკავშირში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა ივლისის თვეში უკვე მიაღწია რეკორდულ 8.9%-ს, იმავდროულად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა 40%-ით, ხოლო საკვებზე 10%-ით. სექტემბრის მდგომარეობით, ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საფრანგეთში – 6.8%-ია, ხოლო გერმანიაში ყველაზე მაღალი – 8.5%. ინფლაციისგან გამოწვეული ტვირთის შესამცირებლად გატარებული ზოგიერთი ეკონომიკური ღონისძიება იყო საწვავზე გადასახადისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების შემცირება.

ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად ნიდერლანდებში, პოლონეთში და ესპანეთში, ინფლაციამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელმა სულაც 20%-ს გადააჭარბა. როგორი იქნება ევროპის უახლოესი მომავალი გაურკვეველია – უცნობია როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ასევე არსებობს საფრთხე, რომ გლობალური რეცესია მოხდება. უმსხვილესი ამერიკული კონსალტინგური კომპანია Lazard Asset Management-ის ინფორმაციით, ევროპაში გაცილებით ადრეა მოსალოდნელი რეცესიის დაწყება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

რაც შეეხება ევროპაში ყველაზე მსხვილ კომპანიებს შემოსავლის მიხედვით, ტოპ-15 კომპანიის ნუსხაში ადგილს გერმანული 5 კომპანია იკავებს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 3 და დიდი ბრიტანეთი 2 კომპანიით. ევროპული უმსხვილესი კომპანიების ერთობლივი გაყიდვები შემოსავლის მხრივ წლიურად 2,5 ტრილიონ დოლარს აღწევს, მოგება დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია, აქტივები კი 8,8 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამ კომპანიების უმეტესობა გიგანტური მასშტაბის მქონეა.

კომპანიების რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Forbes Global 2000-ის ჩამონათვალი და აქედან არის შედგენილი ევროპული კომპანიები ცალკე ნუსხა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ადგილი დაიკავა აგრეთვე რუსულმა კომპანიამ, თუმცა, შეინარჩუნებს თუ არა ლიდერებს შორის პოზიციას 2023 წელს, რუსული კომპანიებისთვის დაწესებული საერთაშორისო მასშტაბის სანქციების შემდეგ, დრო გამოაჩენს. 

ახლა კი, უშუალოდ 15 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი შემოსავლის მიხედვით (აშშ დოლარებში):

15. Generali Group (იტალია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $102,13 მლრდ.

ეს სადაზღვევო კომპანია ერთადერთია იტალიიდან,
რომელიც შემოსავლის მიხედვით ევროპული უმსხვილესი
კომპანიების ჩამონათვალში მოხვდა. კომპანია თითქმის
190 წლის არის, იგი თავდაპირველად ავსტრიის იმპერიის
მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ, ამჟამად კი იტალიის
ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია.

14. LukOil (რუსეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $125,11 მლრდ.

რუსული ენერგეტიკული კომპანია უმსხვილესია რუსეთში და აგრეთვე ნავთობის გადამამუშავებელ კომპანიებს შორის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

მომდევნო წელს შეძლებს თუ არა კიდევ მიუახლოვდეს ტოპ-15 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიის რეიტინგს, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები სრულად აისახება „ლუკოილის“ შემოსავლებზე. საერთაშორისო სანქციები რუსეთიდან ენერგორესურსების ევროპაში და ამერიკაში მიწოდებას ზღუდავს.

13. BNP Paribas (საფრანგეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $127,42 მლრდ.

BNP Paribas უმსხვილესი საბანკო კომპანია საფრანგეთში, რომლის ქსელშიც დაახლოებით 200 000 თანამშრომელია დასაქმებული და მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს. 2014 წელს კომპანია 8,9 მლრდ-ით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბიზნესურთიერთობა ჰქონდა სანქცირებულ კომპანიებთან სუდანიდან, ირანიდან და კუბიდან. აღსანიშნავია, რომ BNP Paribas-მა დანაშაული აღიარა და ჯარიმის გადახდას დათანხმდა. 

12. Deutsche Telekom (გერმანია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $128,59 მლრდ.

ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აერთიანებს რამდენიმე შვილობილ კომპანიას სხვადასხვა ქვეყნებში და ფლობს მობილური კავშირგაბმულობის ცნობილ ბრენდს – T-Mobile-ს.

11. BMW Group (გერმანია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $131,48 მლრდ.

გერმანული კომპანია აწარმოებს როგორც ძვირადღირებულ მანქანებს, ასევე მოტოციკლებს, თუმცა, თავდაპირველად დაარსებული იყო როგორც საავიაციო ძრავების მწარმოებელი. კომპანიას საწარმოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვს.

10. Fortum (ფინეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $132,85 მლრდ.

Fortum – ფინური ენერგეტიკული კომპანიაა. გარდა იმისა, რომ ფინეთში ყველაზე დიდია, მსოფლიოში მესამეა ნახშირბადის გარეშე ელექტროენერგიის მწარმოებელთა შორის.

9. Allianz (გერმანია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $138,62 მლრდ.

Allianz არის ფინანსურ მომსახურების გამწევი გერმანული კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაც კი უმსხვილესია ფინანსურ ჯგუფებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის. კომპანია რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს, მათ შორის გახლავთ ავსტრალია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა და რასაკვირველია, ევროპა.

8. AXA Group (საფრანგეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $145,19 მლრდ. 

ფრანგული მულტინაციონალური სადაზღვევო კომპანია ძირითადად დასავლეთ ევროპის, ჩრდილო ამერიკის და რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზარზე საქმიანობს.

7. BP p.l.c. (დიდი ბრიტანეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $158,01 მლრდ.

ჩვენს სიაში ევროპაში მოქმედი რამდენიმე ნავთობის და გაზის კომპანიაა, მათ შორის არის ბრიტანული „ბიპი“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 80 ქვეყანაში საქმიანობს და მინიმუმ 20 მილიარდი ბარელი მოცულობის ნავთობის დადასტურებულ რეზერვებს ფლობს. ასევე, მთელი პლანეტის მასშტაბით მისი ქსელის შემადგენლობაშია დაახლოებით 19 000 საწვავით გასამართი სადგური. „ბიპი“ პასუხისმგებელია ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ნავთობის დაღვრაზე. კატასტროფა 2010 წელს, მექსიკის ყურეში მოხდა, როდესაც ზღვაში 5 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ზარალი კომპანიას $65 მლრდ-ზე მეტი დაუჯდა.

6. Stellantis (საფრანგეთ-იტალია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $176,71 მლრდ.

ჩვენს სიაში, შემოსავლის მიხედვით რამდენიმე ევროპული ავტომწარმოებელია, შტელლანტის-ი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. კომპანიას სათავო ოფისი ნიდერლანდებში აქვს და სხვა მრავალ საავტომობილო ბრენდთან ერთად აერთიანებს ისეთ ცნობილ მარკებს, როგორებიც გახლავთ Jeep, Fiat, Dodge, Chrysler და Alfa Romeo. კომპანიას 300 000-მდე თანამშრომელი ჰყავს და წარმოდგენილია 130‑მდე ქვეყნის ბაზარზე, საწარმოო საშუალებები კი 30‑მდე ქვეყანაში აქვს.

5. Mercedes-Benz Group (გერმანია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $178,94 მლრდ.

Mercedes-Benz-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომწარმოებელია მსოფლიოში. „მერსედესი“ ცნობილია თავისი ძვირფასი მანქანებით. გერმანული კომპანია მიჩნეულია ძვირადღირებული მანქანების მთავარ მწარმოებლად და 2018 წელს გამოშვებული ძვირადღირებული ავტომობილების რაოდენობით მსოფლიო ლიდერიც გახდა.

4. Total Energies SE (საფრანგეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $185,12 მლრდ.

Total Energies SE – საფრანგეთის ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა ნავთობისა და გაზის სფეროში. კომპანია „ტოტალი“ თითქმის ერთი საუკუნის წინ დაარსდა. კომპანია ჩართულია მიწოდების მთელ ჯაჭვში: დაწყებული საძიებო სამუშაოებიდან და მოპოვებიდან, გაგრძელებული მარკეტინგით და ვაჭრობით. „ტოტალს“ აგრეთვე ქიმიკატების ფართომასშტაბიანი წარმოება აქვს. ღოგორც უმსხვილესი კომპანიების უმეტესობის შემთხვევაში ხდება ხოლმე, Total Energies SE ასევე მონაწილეობდა რამდენიმე სერიოზულ დავაში, მათ შორის სადავო საკითხები შეეხებოდა კომპანიის მხრიდან ეკოლოგიური ნორმების დარღვევას და ბრალდებებს მექრთამეობაში. სულ ახლახან კი, სადავო საკითხებს კიდევ ერთი დაემატა: კომპანიის მიმართ გაჩნდა პრეტენზია რუსეთის ბაზარზე ზოგიერთი სახის საქმიანობის გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთის ბაზარზე სხვა მრავალმა ევროპულმა თუ ამერიკულმა კომპანიამ საქმიანობა შეაჩერა.

3. Glencore International (დიდი ბრიტანეთი – შვეიცარია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $203,41 მლრდ.

Glencore International – ანგლო-შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამთო-მოპოვებით საქმიანობაში და სასარგებლო წიაღისეულით ვაჭრობაში. კომპანიის გაზისა და ნავთობის მთავარი ოფისი ლონდონშია, ხოლო სათავო ოფისი შვეიცარიაშია განთავსებული.

Glencore International ითვლება მსოფლიოში სასარგებლო წიაღისეულით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიად და უკვე რამდენიმე წელია აგრეთვე წარმოადგენს ყველაზე დიდ კომპანიას შვეიცარიაში. კომპანიას საწარმოო სიმძლავრეები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და წიაღისეულით ამარაგებს წარმოების სხვადასხვა მიმართულებებს.

2. Shell plc (დიდი ბრიტანეთი)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $261,76 მლრდ.

Shell plc არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანია მსოფლიოში. Shell თავდაპირველად ჰოლანდიური კომპანია იყო, მაგრამ გადაწყვიტა თავისი სათავო ოფისი გაერთიანებულ სამეფოში გადაეტანა და 2022 წელს სახელწოდებას „Royal Dutch“ ჩამოაშორა. 2022 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, Shell plc-ის საბაზრო ღირებულება თითქმის $199. მლრდ იყო, რაც ყველაზე მაღალია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შჰელლ არის უდიდესი კომპანია, რომლის სათავო ოფისი ლონდონშია.

1. Volkswagen Group (გერმანია)

მთლიანი შემოსავალი ბოლო 12 თვის მანძილზე $295,73 მლრდ.

მსოფლიოში უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი Volkswagen Group-ი შემოსავლების მიხედვით 15 უმსხვილესი ევროპული კომპანიის სიაში ლიდერია. გარდა იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, მართავენ Volkswagen-ის ბრენდს, კომპანია ასევე მართავს სხვა ძალიან ცნობილ ავტომობილების ბრენდებს, მათ შორის გახლავთ Bentley, Audi, Cupra, Porsche, Lamborghini, Skoda და SEAT-ი. ბოლო რამდენიმე წელიწადია, კომპანია მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია გამოშვებული მანქანების რაოდენობით და შემოსავლის მიხედვით.

კომპანია საქმიანობს 150-ზე მეტ ქვეყანაში, ასზე მეტი საწარმო აქვს 27 ქვეყანაში. კომპანია 1930-იანი წლების ბოლოს, ადოლფ ჰიტლერის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზანს გერმანიის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილების გამოშვება წარმოადგენდა. თუმცა, „ფოლკსვაგენი“ მას შემდეგ მუდმივად იზრდება და დიდი ხანია, რაც დაბალბიუჯეტიანი ავტომობილების წარმოებით არ შემოიფარგლება.

2015 წელს, კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის ნაწილი გახდა: „ფოლკსვაგენმა“ აღიარა, რომ 11 მილიონზე მეტ ავტომობილში გამონაბოლქვის მაჩვენებლის გასაყალბებლად და ტესტების შეცდომაში შესაყვანად მოწყობილობები დაამონტაჟეს. მთლიანობაში, კომპანია სავარაუდოდ გადაიხდის კიდეც სასამართლო სარჩელების სახით დაკისრებულ 30 მილიარდ დოლარამდე ჯარიმებს.

მოამზადა თემურ იობაშვილმა