ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ყველაზე დიდი წლიური შემოსავლის მქონე გარდაცვლილი "ვარსკვლავები" - №3(71), 2022
საავტორო უფლებების შესახებ კანონი და სიცოცხლეშივე სარფიანად დაბანდებული ფინანსები, საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს გარდაცვალების შემდეგაც დიდი ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს. სხვა საკითხია, რომ იმ თანხებს, რომლებსაც რეიტინგის ამ სახეობაში დავითვლით, თავად გამომმუშავებელი ვეღარ დახარჯავს. სამაგიეროდ, გამოჩენილთა ოჯახის წევრები, ნათესავები ან უბრალოდ მათგან ანდერძში მითითებული იღბლიანები დიდი შემოსავლების მეპატრონეები ხდებიან. Forbes-მა ტრადიციისამებრ განაახლა 2022 წელს ყველაზე დიდი შემოსავლების მქონე გარდაცვლილთა რეიტინგი. ჩვენც მასში მოხვედრილი მილიონერების შემოსავლის წყაროებს გაგაცნობთ. 

1. ჯონ ტოლკინი (John Tolkien), მწერალი – 500 მილიონი დოლარი 

წიგნების – „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ ავტორი ჯონ ტოლკინი რეიტინგის სათავეში Middle Earth Enterprises-ის განყოფილების Saul Zaentz Company-ს წყალობით მოექცა. სწორედ ეს კომპანია ფლობს ექსკლუზიურ უფლებას ამ მწერლის ნაწარმოებთა მიხედვით შექმნილ ფილმებზე და მათთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტიკაზე. რეიტინგში მითითებული თანხა, 2022 წლის აგვისტოში კომპიუტერული ვიდეოთამაშების შვედურმა მწარმოებელმა Embracer-მა Saul Zaentz Company-ს გადაუხადა და კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 

2. კობი ბრაიანტი (Kobe Bryant), კალათბურთელი – 400 მილიონი დოლარი 

საკუთარი ვერტმფრენის კატასტროფით გარდაცვალებამდე კობი ბრაიანტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სასმელების კომპანია BodyArmor-ის დირექტორთა საბჭოში იყო და ამ ბიზნესის 7%-ს ფლობდა. „ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელის ოჯახმა თითქმის ნახევარმილიარდიანი შემოსავალი 2021 წლის ნოემბერში Coca-Cola-ს მიერ ამ „ენერგეტიკული“ ბრენდის ყიდვით მიიღო.

 3. დევიდ ბოუი (David Bowie), მსახიობი-მომღერალი – 250 მილიონი დოლარი 

ამერიკულმა მუსიკალურმა საგამომცემლო კომპანია Warner Chappell Music 2022 წლის იანვარში 250 მილიონ დოლარად შეიძინა ბრიტანელი მომღერლის, სიმღერების ავტორისა და მსახიობის დევიდ ბოუის სრული მუსიკალური კატალოგი და მისი მასტერ-ჩანაწერები (სიმღერების ოფიციალური ორიგინალი ჩანაწერები მუსიკით და ვოკალით). ცნობისთვის, თითქმის 10-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ 2013-ში 66 წლის ასაკში მუსიკაში დაბრუნებული (საკონცერტო გამოსვლების გარეშე) დევიდი, სტუდიური ჩანაწერების მიმართულებით აქტიურობდა. ბოლო ალბომი (Blackstar) მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, 2016 წლის 8 იანვარს გამოვიდა. 

4. ელვის პრესლი (Elvis Presley), მომღერალი – 110 მილიონი დოლარი 

2021 წლის რეიტინგში „როკ-ენ-როლის მეფე“ ელვის პრესლის ძველმა რეპუტაციამ მხოლოდ 30 მილიონი დოლარი შემატა მის მემკვიდრეებს. როგორც Forbes-ში ამბობენ, მუსიკოსის წლევანდელი შემოსავლები მეტწილად მემფისში მდებარე, 2006 წლიდან აშშ-ის ეროვნულ ღირსშესანიშნაობად აღიარებული, თითქმის 6 ჰექტარზე გაშენებული მამული „გრეისლენდის“ წლიური აბონემენტების, სუვენირებისა და პრესლის ორეულების შოუზე დასწრების მსურველთა საგზურების რეალიზაციიდან არის მიღებული. 

5. ჯეიმს ბრაუნი (James Brown), მომღერალი – 100 მილიონი დოლარი 

საგამომცემლო კომპანია Primary Wave-მა 2021 წლის ბოლოს 100 მილიონ დოლარად შეიძინა სრული უფლება ბრაუნის მუსიკაზე, სახელსა და იმიჯზე. იგი როკენ-როლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის შედიოდა. ამის გამო, 2004 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ ამ ნომინაციით ასეულში მე-7 ნომრად დაასახელა. ჯეიმს ბრაუნი 2006 წლის დეკემბერში, 73 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. 

6. მაიკლ ჯექსონი (Michael Jackson), მომღერალი – 75 მილიონი დოლარი 

„პოპ-მუსიკის მეფე“ 2022 წლის რეიტინგის მეორე წევრია, ვინც 2021-შიც ყველაზე შემოსავლიან გარდაცვლილ „ვარსკვლავთა“ შორის მოხვდა, მაშინ მხოლოდ მე-3 საფეხურზე. მეტიც, მაიკლ ჯექსონი 2020 წლის ჩათვლით ზედიზედ 8-ჯერ დასახელდა ამ რეიტინგის პირველადგილოსნად. 

პოპ-სცენის შეუდარებელი შემსრულებლის მემკვიდრეთა მთავარი შემომტანი, მომღერლის საკუთარ ლეიბლ Mijac Music-ზე არსებული მუსიკალური კოლექციაა. მის გარდა, შემოსავალს იძლევა კანადური კომპანია Cirque du Soleil-ის ("მზის ცირკი") მიერ ლას-ვეგასში შექმნილი სუპერ პოპულარული შოუ, რომელიც მთლიანად ჯექსონის მუსიკაზე დაფუძნებული თემატური პროგრამაა და მისივე ბიოგრაფიულ მოტივებზე შექმნილი მიუზიკლი MJ. 

7. ლეონარდ კოენი (Leonard Cohen), პოეტი, მწერალი, მომღერალი – 55 მილიონი დოლარი 

იგი კანადაში დაიბადა და კოლორადოში (აშშ) 82 წლის ასაკში 2016-ში გარდაიცვალა. კოენის სიმღერებმა და პოეზიამ ძალიან ბევრ პოეტ-მომღერალსა და მუსიკოსზე მოახდინა წარუშლელი გავლენა. ის კანადის მუსიკალური დიდების დარბაზშია შეყვანილი, 1991 წელს კანადის ორდენის ოფიცერი გახდა, ხოლო 2002 წლიდან კანადის ორდენის კომპანიონი – რაც ამ ქვეყნის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. 

ლეონარდ კოენის ამ რეიტინგში პირველად მოხვედრა, კომპანია Hipgnosis-ის მიერ შემსრულებლის სიმღერათა კატალოგზე (მათ შორის Hallelujah) საავტორო უფლებათა ყიდვამ განაპირობა. 

8. თეოდორ სიუზ გაიზელი (Theodor Seuss Geisel), საბავშვო მწერალი და მხატვარი – 32 მილიონი დოლარი 

თეოდორმა მეტსახელად დედის გვარი აიღო და ამერიკელი ბავშვებისთვის საყვარელ ნაწარმოებებს დოქტორ სიუზის ფსევდონიმით აქვეყნებდა. გარდაცვლილ გამოჩენილთა წლევანდელ რეიტინგში, „ცილინდრიანი კატის“ (The Cat in the Hat) ავტორის მემკვიდრენი მისი მრავალრიცხოვანი წიგნებისა და სუვენირების გაყიდვებიდან მიიღებენ მილიონობით დოლარის შემოსავალს. ამასთან, 2022 წლის მარტში Netflix-მა მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ანიმაციური სერიალებისა და გადაცემების სატელევიზიო ეთერით გასვლაზე მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. 

შარშანდელ რეიტინგში დოქტორ სიუზი 35 მილიონით მეხუთე იყო. მისი წარმატების საიდუმლო ზღაპარი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ (How the Grinch Stole Christmas) და Netflix-ზე „მწვანე კვერცხები და ლორის“ (Green Eggs and Ham) მოტივებზე შექმნილი ანიმაციური სერიალის ტრანსლირებაზე უფლების მისაღები კონტრაქტი გახლდათ. 

9. ჯეფ პორკარო (Jeff Porcaro), მუსიკოსი – 25 მილიონი დოლარი 

ანსამბლ TOTO-ს წევრმა და პროდიუსერ ქუინსი ჯონსის სტუდიურმა დრამერმა ჯეფ პორკარომ (გარდაიცვალა 1992 წელს), წლევანდელი რეიტინგის წევრთაგან ყველაზე ახალგაზრდა გარდაიცვალა (38 წლის). საგამომცემლო კომპანია Primary Wave-მა პორკაროს წარმომადგენლისგან უნიკალურ ჩანაწერებზე საავტორო უფლებები 25 მილიონ დოლარად შეიძინა. 

10. ჩარლზ შულცი (Charles Schulz), მხატვარი-კარიკატურისტი – 24 მილიონი დოლარი 

კომიქსების ლეგენდარული შემქმნელი ჩარლ შულცი სიცოცხლეშიც ძალიან მოთხოვნადი ავტორი იყო. იგი 50 წლის განმავლობაში ქმნიდა სერიალს Peanuts, რომლის გმირი ჩარლი ბრაუნი და მისი ერთგული ძაღლი-ბიგლი სახელად სნუპი არაერთი თაობის საყვარელი პერსონაჟები იყვნენ. კომიქსების გაყიდვებით შემოსული თანხის გარდა 2022 წელს „Apple TV+“-მა შეიძინა უფლებები სადღესასწაულო ანიმაციური სერიებზე „ეს უზარმაზარი გოგრა, ჩარლი ბრაუნი“ (It’s the Great Pumpkin, Charlie Brown), „ჩარლი ბრაუნის მადლიერების დღე“ (A Charlie Brown Thanksgiving) და „ჩარლი ბრაუნის შობა“ (A Charlie Brown Christmas). 

შულცის ნამუშევრებმა მის ოჯახს 2021 წლის რეიტინგში მოხვედრის პატივიც მოუტანა. მაშინ იგი 40-მილიონიანი შემოსავლით მე-4 ადგილზე იყო და შემოსავლის მთავარი წყარო „Apple TV+“-ის აქტიურობით შეივსო. შესაბამის მობილურზე Apple TV აპლიკაციის მქონე მსურველებს სერიალი „სნუპი კოსმოსში“ (Snoopy in Space) ორი სეზონის ყურება შეუძლიათ. 

2000 წელს გარდაცვლილი შულცის ოჯახს, მხატვრის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ოქროს მედალი გადასცა. 

11. ხუან გაბრიელი (Juan Gabriel), მომღერალი-კომპოზიტორი – 23 მილიონი დოლარი 

მექსიკელი მომღერალი ხუან გაბრიელი (ნამდვილი გვარ-სახელი ალბერტო აგილერა ვალადესი) ლათინოამერიკული პოპ-მუსიკის ხატად იყო აღიარებული. მისი სახელობის ფონდმა 2022 წელს Universal Music Group-თან კონტრაქტი დადო, რის საფასურადაც 23 მილიონი დოლარი მიიღო. სანაცვლოდ დამკვეთი მუსიკოსის 2008 წლის შემდეგ გამოშვებული კომპოზიციების სრულ კრებულს დაეპატრონა. 

12. ჯონ ლენონი (John Lennon), მუსიკოსი – 16 მილიონი დოლარი 

ჯონ ლენონი ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ბრიტანული როკ-ჯგუფი The Beatlesს-ის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. იგი 1980 წელს, მისმა „თაყვანისმცემელმა“ მარკ ჩეპმენმა ზურგში 4 გასროლით მოკლა. მაშინ ინგლისელი ვარსკვლავი 40 წლის გახლდათ. 

იგი 2021 წლის რეიტინგის მე-13, ამ რეიტინგისთვის ბოლო საფეხურზე იყო. ამჯერად კი, ლენონის იაპონელი ქვრივის – იოკო ონოს წლიური შემოსავლის მთავარი პუნქტი The Beatles-ში და სოლო-კარიერისას ჩაწერილი კომპოზიციებისთვის კუთვნილი ჰონორარებია. ამას გარდა, Disney-მ 3,5 მილიონ დოლარად იყიდა ჯონ ლენონის მუსიკა დოკუმენტური სერიალისთვის The Beatles: Get. 

13. ჯორჯ ჰარისონი (George Harrison), მუსიკოსი – 12 მილიონი დოლარი 

რეიტინგში ლეგენდარული The Beatles-ის კიდევ ერთი წევრი, გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი მოხვდა. იგი ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ 2003 წელს შედგენილ ყველა დროის საუკეთესო გიტარისტთა ასეულში 21-ე ადგილზე დასახელდა, ხოლო 2011-ში 10 საფეხურით წინ წაიწია. 

ლენონის მსგავსად, რეიტინგში მის მოხვედრას ჰარისონის მემკვიდრეები მსოფლიოს გასართობი ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანია The Walt Disney Company-ს უნდა უმადლოდნენ. მის წარმომადგენელთან 2022 წლის გაზაფხულზე, მუსიკოსის მიერ შექმნილ კომპოზიციებზე საავტორო უფლებათა გადაცემის დამადასტურებელი კონტრაქტი გაფორმდა. 

საერთო ჯამში, რეიტინგის 13 (ეს რიცხვი დაარსებიდან ტრადიციულია) წევრზე „გამომუშავებული“ 1,622 მილიარდი დოლარი მოდის, რაც 2021 წლისას 72%-ით აღემატება. როგორც Forbes USA აღნიშნავს, გამოცემის მიერ აღნიშნული რეიტინგის დაწესებიდან (2001) ეს რეკორდული ჯამური მაჩვენებელია. ასევე პირველად, TOP-5-ის ყველა მონაწილის შემოსავალი $100 მილიონი და მეტია. 

რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობა Luminate-ს, IMDBPro-ს, NPD BookScan-ისა და დარგობრივი ინსაიდერების მონაცემებს. ყველა თანხა მოყვანილია აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების ჰონორართა გამოკლებამდე. რეიტინგში გათვალისწინებულია მხოლოდ 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე შემოსავლები. 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა