ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
კატარი-2022 – სკანდალური, უცნაური და მაინც დასამახსოვრებელი - №3(71), 2022
"წაგებული" მასპინძელი, მოგებული კი ისევ FIFA დარჩა

2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის, იგივე მუნდიალის მასპინძელი რომ შემოდგომა-ზამთარში გამართული თამაშებით დიდ ხეირს ვერ ნახავდა, კაი ხნით ადრე ვიცოდით. კატარში ასეთი საყურადღებო ფორუმის გამართვა პრაქტიკულად ყველა (პოლიტიკურ, საფეხბურთო, საგულშემატკივრო) დონეზე გააპროტესტეს. საბოლოოდ, პროტესტი პროტესტად დარჩა და მსოფლიომ როგორც იქნა არგენტინელი ლეო მესის გაჩემპიონება იხილა. 

ბლატერის მტკიცებით, მუნდიალზე კატარის მასპინძლობა პლატინის სინდისზეა 

2010 წლის 2 დეკემბრის კონგრესზე, წლევანდელი მუნდიალის მასპინძლად კატარის არჩევას ხელი ოფიციალურად FIFA-ს შვეიცარიელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მოაწერა. იმხანად ევროპის საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციას (UEFA) მიშელ პლატინი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისკენ იშვერს ხელს ბლატერი, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმის „დანიშვნას“ იხსენებს. პირველად მან ეს 2015 წლის ზაფხულში გააკეთა, როცა FIFA-ს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 14 ადამიანი დააკავეს.

ბლატერი არ მალავს, რომ შეთქმულება – უფრო სწორად, კულუარული შეთანხმებები აღმასკომში ჩვეულებრივი საქმე იყო. საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის – ნიკოლა სარკოზის მხრიდან საქმეში ჩარევამდე, ყველაფერი შეერთებული შტატების სასარგებლოდ მიდიოდა. 

„FIFA-ს ლიდერებში ჯენტლმენური შეთანხმება არსებობდა: 2018 და 2022 წლების ჩემპიონატები ორ ზესახელმწიფოში – რუსეთსა და აშშ-ში უნდა გამართულიყო. ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, ვიდრე ნიკოლა სარკოზი კატარის პრინცს თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის (იგი 2013 წლიდან დღემდე ქვეყნის ამირა გახლავთ – შ.ს.) არ შეხვდა. კონგრესამდე ერთი კვირით ადრე მირეკავს პლატინი და ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლეშია მიწვეული, რომელმაც პრინცთან სადილის შემდეგ დაურეკა. სარკოზისგან დაბრუნებული პლატინი ტელეფონში მეუბნება – ზეპ, რას იზამდით, თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ რამე გთხოვოთ?“, – იხსენებს შვეიცარიელი ფუნქციონერი. 

კენჭისყრის შედეგი FIFA-ს აღმასკომის წევრებს შორის, კატარის სასარგებლოდ 14-8 დაფიქსირდა. ბლატერის მტკიცებით, სწორედ პლატინის ჩარევის შემდეგ ამერიკისთვის განკუთვნილი ევროპელთა 4 ხმა მიიღო კატარმა. 

2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე 2 კვირით ადრე შვეიცარიული გაზეთ Tager-Anzeiger-თვის მიცემულ ინტერვიუში FIFA-ს ექს-პრეზიდენტი კატარის მასპინძლობაში საფრანგეთის ინტერესს ზედაპირულად, თუმცა პუნქტობრივად შიფრავს: 

„მსოფლიო ჩემპიონატის დაბევებისთანავე კატარმა ფრანგული გამანადგურებლის (საბრძოლო თვითმფრინავი) – Dassault Rafale-ს დიდი პარტიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, გამოცხადდა ამ საბრძოლო მანქანის გამოცდის დაწყების შესახებ. სარკოზის, მისი საყვარელი კლუბის, პარი სენ-ჟერმენის ფულად დახმარებას დაპირდნენ, რაც საკმაოდ მალე აუსრულეს კიდეც. ამათთან ერთად, ასტრონომიულ თანხად იყიდეს საფრანგეთის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება“. 

ჩვენ კი, კატარის მიერ საკუთარი სამხედრო პოტენციალის სწორედ Rafale-ებით მოდერნიზებას უფრო კონკრეტულად შევეხებით. საამიროს საჰაერო ძალების სარდლობამ ქვეყნის ზებგერითი გამანადგურებლების პარკში „ბოინგებთან“ (F-18E/F, F-15E) ფრანგული Rafale-ის შესაძლო „თანამეგობრობის“ შესახებ პირველად 2014 წლის დასაწყისში გამოაცხადა. პარალელურად, კომპანია Dassault Aviation-მა იმავე წლის ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლოს არის კატარისთვის 72 Rafale-ის მიწოდების კონტრაქტის გაფორმებასთან. 2015 წლის 30 აპრილს შეიხმა თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს (François Hollande) განუცხადა, რომ კატარი შეუკვეთავს 24 ერთეულ Rafale-ს, სამომავლოდ კიდევ 12 გამანადგურებლის ყიდვის შესაძლებლობით. 4 მაისს, მხარეებს შორის 6,3 მილიარდი ევროს (7,02 მილიარდი დოლარი) ღირებულების კონტრაქტი დაიდო, რომელიც ითვალისწინებდა: 24 თვითმფრინავთან ერთად მათთვის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტების სრული კომპლექტის მიწოდებას, ასევე ფრანგი სამხედროებისა და კატარის დაზვერვის რამდენიმე ოფიცრის მიერ 36 კატარელი პილოტისა და 100 ტექნიკოსის სწავლებას; ამგვარად, შეიძლება ითქვას არაბულ მხარეს თითოეული გამანადგურებელი თითქმის 263 მილიონი ევრო დაუჯდა.

2017 წლის 7 დეკემბერს შესრულდა კიდეც დანაპირები და 12 Rafale კატარის საკუთრება გახდა, 1,1 მილიარდ ევროდ. ამას დაემატა კიდევ 36 გამანადგურებლის შეკვეთა. ცნობისთვის, პირველი „კატარული“ ღაფალე დამკვეთმა 2019 წლის თებერვალში მიიღო. 

რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის საყვარელი კლუბისთვის კატარელთაგან გაწეულ ფულად დახმარებას, მან დროში ყველას დაასწრო. მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენი (პსჟ) 1991 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი ფრანგული ტელეარხი Canal+ გახდა. 2006 წელს, სპორტული განყოფილების ცალკე გამოყოფის გამო პსჟ შეისყიდეს ორმა საინვესტიციო ფონდმა Colony Capital-მა, Butler Capital Partners-მა და ასევე ამერიკულმა ბანკმა Morgan Stanley-მ. 2009 წლის 30 ივნისს Colony Capital-მა ბანკი Morgan Stanley-ს წილი გამოისყიდა და პარიზული კლუბის მთავარი აქციონერი გახდა. 2011 წლის 31 მაისს (კატარის მუნდიალის მასპინძლად დასახელებიდან 6 თვეში) ფონდმა Qatar Sports Investments-მა 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა პსჟ-ის აქციათა 70%, 20 მილიონით სხვადასხვა დავალიანება დაფარა, 28 მილიონით კი 2010-2011 წლების სეზონის დეფიციტი. 2012 წლიდან QSI კლუბის ერთპიროვნული მფლობელია. 

დავუბრუნდეთ FIFA-ს კორუფციულ სკანდალს, რომლის შედეგად მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის არჩევაზე პასუხისმგებელი აღმასკომის 6 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2015 წლის 28 მაისს, მათგან ოთხმა დანაშაული აღიარა და შესაბამის ორგანოებში დაწვრილებით მოჰყვნენ, რომ ორგანიზაციაში მუშაობის 10 წლის განმავლობაში ქრთამის სახით 10 მილიონ ევროზე მეტი მიიღეს. 2 ივნისს, FIFA-ს პრეზიდენტმა ბლატერმა თანამდებობა დატოვა. ნოემბერში გამოქვეყნებულ 5 კანდიდატიან სიაში, რომლებსაც 2016 წლის 26 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ, არც ბლატერი იყო და არც პლატინი. ისინი FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა, შვეიცარიელ გამომძიებელთა მიერ წარმოებული საქმის ფონზე, ჯერ კიდევ ოქტომბერში, 90 დღით ჩამოაშორა საფეხბურთო საქმიანობას. ფრანგმა გაასაჩივრა ვერდიქტი, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საბოლოოდ პრეზიდენტი შვეიცარიელი ჯანი ინფანტინო (Gianni Infantino) გახდა, რომელმაც 2019 წლის 5 ივნისის არჩევნები ამჯერად უკონკურენტოდ მოიგო და დღესაც თანამდებობაზეა. 

კატარელთა "უაზრო" ხელგაშლილობები 

ზუსტი დანახარჯი, რაც კატარის სახელმწიფო თუ კერძო სექტორმა გასწია საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, ძნელი დასადგენია. სხვადასხვა საექსპერტო შეფასებათა და ანგარიშების მიხედვით, დოჰას საერთო ხარჯებმა 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამით 22-ე მუნდიალმა ბევრად გადააჭარბა მანამდე უძვირესი ჩემპიონატების ინფრასტრუქტურულ ხარჯებს: რუსეთმა 2018 წლის ფინალური ეტაპისთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურის მომზადებას 16,4 მილიარდი დოლარი მოახმარა, ხოლო 2014-ში მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრაზილიამ 14 მილიარდი გაიღო. 

სპორტულ ღონისძიებათა დაფინანსებაზე სპეციალიზებული ამერიკული კონსალტინგური კომპანია Front Office Sports-ი კატარში გაწეულ ხარჯებს 220 მილიარდ დოლარად აფასებს. ჩემპიონატის ჩატარებისა და მემკვიდრეობის უზენაესი კომიტეტის გენერალური მდივანი ჰასან ალ-თავადი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც კატარი მასპინძლად გამოცხადდა, ინფრასტრუქტურაზე გაწეულმა დანახარჯებმა 200 მილიარდს გადააჭარბა. ფაქტია, ეს მონაცემები ერთმანეთთან დიდად არ არის აცდენილი. „მცირე“ სხვაობა, რაც მეტწილად მუნდიალის დაწყებასთან ახლო პერიოდზე მოდის, არასაფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ხარჯებზეა – სრულიად ახალი მეტროპოლიტენი, საერთაშორისო აეროპორტი, უახლესი გზები, 100-მდე სასტუმრო და დასასვენებელი ადგილი. კაპიტალდაბანდებათა დიდი წილი სპარსეთის ყურეში მდებარე ამ სახელმწიფოს საინვესტიციო საზოგადოებრივი პროექტის „Qatar National Vision 2030“-ის ნაწილია. 

„მსოფლიოს ჩემპიონატი გახდა კატალიზატორი კატარის ხელისუფალთათვის, რომლებსაც ამ გზით ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა სურდათ. ტურნირი ამ ძალისხმევათა ასამოქმედებელი ერთგვარი მოდების წერტილი გახდა“, – უთხრა DW-ს ლივერპულის უნივერსიტეტის სპეციალისტმა საფეხბურთო ფინანსების საკითხებში კირან მაგუაირმა. 

კატარელთა არნახულ ხელგაშლილობას ფინანსური ანომალიაც რომ ეწოდოს, ამ ჩემპიონატმა, ისევე როგორც ყველა სხვა „მუნდიალმა“, ერთგვარი მემკვიდრეობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მხედველობაში გვაქვს იდეა, რომლითაც ნებისმიერი ასეთი ტურნირი და მისი ჩატარებისთვის გაღებული უზარმაზარი ფინანსური დანახარჯები საზოგადოების ცხოვრების პირობათა გრძელვადიან გაუმჯობესებას უნდა იწვევდეს. სწორედ ეს გახლავთ უმრავლეს მასპინძელთა უმთავრესი სიძნელე, მაგრამ კატარის შემთხვევაში ამ მხრივ უფრო სერიოზული ეჭვები ჩნდება. 

ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა – სტადიონები. ჩემპიონატისთვის გათვლილი 8 სტადიონიდან 7 სპეციალურად ფინალური ტურნირისთვის აშენდა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლადაშენებულთა ღირებულებამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ, 2,7-მილიონიან კატარს დასჭირდება ამდენი მაღალი დონის სპორტული არენა? 

„თეთრი სპილოს“ (ქონება, რომელიც მეპატრონემ ყოველგვარი სარგებლის გარეშე უნდა შეინახოს – შ.ს.) პრობლემა ყველა ბოლოდროინდელი მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის წინაშე იდგა. გამონაკლისი არც კატარი იქნება. 3 სტადიონზე მომავალშიც საფეხბურთო მატჩები გაიმართება, დანარჩენს ან სრული დემონტაჟი ჩაუტარდება, ან სხვა მიზნებისთვის გადააკეთებენ, ან მათ ტევადობას მკვეთრად შეამცირებენ. უფრო კონკრეტულად კი... ორ საფეხბურთო არენას ადგილობრივი კლუბები გამოიყენებენ. „აჰმედ ბინ ალი“ ერ-რაიანში მდებარეობს და მისი რეკონსტრუქცია და ტურნირისთვის „ფორმაში ჩაყენება“ 360 მილიონი დოლარი დაჯდა. იგი კვლავ ამ ქალაქის ფეხბურთის კლუბის საშინაო არენა გახდება იმ განსხვავებით, რომ ტრიბუნების ტევადობას ორჯერ შეამცირებენ და 20 ათას მაყურებელს დაიტევს. იგივე ტევადობა ექნება $572-მილიონიან „ალ-ჯანუბს“, რომელიც ყურისპირა ელ-ვაკრაში მდებარეობს და ზემოდან ზღვის მოლუსკის ფორმა აქვს. $280-მილიონიანი „ხალიფას საერთაშორისო სტადიონი“ კატარის ეროვნული ნაკრების საშინაო არენის სტატუსს შეინარჩუნებს და მასზე არც მაყურებელთა მაქსიმალური ოდენობა შეიცვლება – 45.857. 

ხელუხლებელი არც ყველაზე ძვირადღირებული (847 მილიონი დოლარი) ქალაქ ალ-ხორში მდებარე „ალ ბაიტი“ დარჩება. მისი ტევადობა 68.895 მაყურებელი იყო და დოჰადან 35 კილომეტრში მდებარე სტადიონის დიზაინი მთლიანად ბედუინების კარვის სტილშია გადაწყვეტილი. იგი ავტომატურად დასახური ჭერითაა აღჭურვილი, რომელიც მუნდიალის შემდგომი დემონტაჟის დასასრულს ალბათ საჭირო აღარ იქნება. როგორც კატარში ამბობენ, ტრიბუნების ზედა იარუსი დაიშლება და „მეორადის“ ფასად რომელიმე ისეთ ქვეყანას მიაწვდიან, სადაც ფეხბურთის პოპულარიზაცია ნორმალური სტადიონების აშენების სტადიაზეა. 

ერთადერთი სტადიონი, რომლისგანაც მუნდიალის შემდეგ „აღარაფერი დარჩება“, დოჰაში, სპარსეთის ყურის სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე „974“ გახლავთ. ჯერ ერთი, 974 კატარის საერთაშორისო სატელეფონო კოდია; მეორეც, სწორედ 974 სატვირთო კონტეინერი იყო გამოყენებული ტრიბუნების კონსტრუქციის მიღებისას. იგეგმება, რომ აბსოლუტურად ყველა ეს კონტეინერი ტრიბუნებს გამოეცლება და მათ ანალოგიური დიზაინის სტადიონის აგების მსურველ ქვეყანას გადასცემენ. 

დოჰაში, უფრო ზუსტად მის გარეუბან ერ-რაიანში, კიდევ ერთი ტექნოლოგიებით გამორჩეული სტადიონია. „ედუქეიშენ სითის“ აგება 700 მილიონი დოლარი დაჯდა. იგი პირველი საფეხბურთო არენაა, რომელმაც მდგრადობის გლობალური სისტემის შეფასების (GSAS) ფარგლებში, უმაღლესი 5-ვარსკვლავიანის სტატუსი მიიღო. სტადიონის აშენებაში გამოყენებულ კონსტრუქციებში 55% ეკოლოგიურად სუფთა მინარევებითაა დამზადებული, ხოლო 28% გადამუშავებული მასალისგან. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ახალი, 200-ათასიანი ქალაქ ლუსაილის აშენება, სადაც კატარში უდიდესი ტევადობის (88.966) სტადიონი მდებარეობს (მუნდიალის ფინალი სწორედ 767 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ამ არენაზე გაიმართა). ჯერ კიდევ 2010 წელს აქ უდაბნო იყო. უშუალოდ ფინალური ტურნირის დაწყებისთვის ლუსაილში 22 ფეშენებელურ სასტუმროსთან ერთად თემატური პარკი, იახტების მისადგომი 2 სპეციალური სანაპირო ყურე და ამდენივე გოლფის მინდორი ფუნქციონირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დასახლების აშენებაში 45 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. და რა ელის უშუალოდ სტადიონს? ტრიბუნებზე მხოლოდ 20 ათასი დასაჯდომი ადგილი იქნება, თავად სტადიონს პროფილს შეუცვლიან და იქ სკოლა, სამედიცინო და სავაჭრო ცენტრები, კაფე და რესტორანი იმუშავებს. 

ახლა ისევ კატარელთა გლობალურ ხარჯებს მივუბრუნდეთ. FIFA-ს კონგრესზე შორეულ 2010-ში ამ ქვეყნის მუნდიალის მასპინძლად დამტკიცების შემდეგ, ქვეყანა წლიურად საშუალოდ 18,3 მილიარდ დოლარს ხარჯავდა. ეს კი კატარის მშპ-ის (2022 წლის მონაცემებით, იგი 180 მილიარდ დოლარს შეადგენს – შ.ს.) 10%-ს აჭარბებს. 

სტადიონების გარდა უდიდესი თანხები დაიხარჯა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის შენებაში. კეთილმოეწყო კერძო კუნძულები, ვილები, აპარტამენტები და სასტუმროები. დედაქალაქი დოჰას მეტრო, რომელშიც სულ 36 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, 6 წელი შენდებოდა და 2019 წლის მაისში გაიხსნა. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი ფრენებს 2014 წლიდან ახორციელებს და მუნდიალის დაწყებამდე მისი სრულყოფილებისთვის 16 მილიარდი დოლარი გაიღეს. 

ფინალური ტურნირის დღეებში კატარს მილიონზე მეტი გულშემატკივარი ეწვია. ორგანიზატორებს სტუმართა განთავსებაში პრობლემები შეექმნათ. უპირველესი პრობლემა სახელმწიფოს სიპატარავეა. ამის გამო, მაყურებელთა მისაღებად საკრუიზო ლაინერები, სტადიონებიდან დაშორებულ რაიონებში და უდაბნოში განთავსებული საცხოვრებლები გამოიყენეს. ლაინერში ღამის გათევა 470 დოლარი ღირდა, თან 2 ღამეზე ხანგრძლივი დაჯავშნა გამორიცხული იყო. სპეციალურად აშენებულ სოფელში 6.000 გადასაადგილებელი „ქოხი“ იდგა, სადაც ღამისთევაში 200 დოლარი უნდა გადაგეხადათ. კატარის მთავრობას ამ ნაგებობათა ნაკლებშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, მუნდიალის გახსნამდე ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო 130 ათასამდე სასტუმრო ნომერი, მაგრამ მოზღვავებული ფინანსების მიუხედავად, მათი ექსპლუატაციაში დროულად ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამიტომ 2023 წლიდან კატარში შესაბამის ბაზარზე დამატებით რამდენიმე ათასი თავისუფალი ნომერი გაჩნდება. 2022-ის ნოემბერ-დეკემბრის დეფიციტის გამო, ბევრმა გულშემატკივარმა არჩევანი დუბაისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა დიდ ქალაქებზე შეაჩერა. მაგალითისთვის, გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში საფეხბურთო ტურისტებმა 115 ათასი სასტუმრო და 25 ათასამდე კერძო აპარტამენტის ნომრები აითვისეს. 

მუნდიალის დასამახსოვრებელი ეპიზოდები 

ჯერ კიდევ დაწყებამდე, კატარი-2022 ისტორიაში ყველაზე სკანდალურ ჩემპიონატად მონათლეს. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე 500-მდე მუშა დაიღუპა (არაოფიციალურად, ეს რიცხვი 6.500-ს აღწევს). ამ და ქვეყანაში ლგბტ მოძრაობის მხარდაჭერის აკრძალვის გამო, ორგანიზატორებმა კარგა ხანს ვერ შეძლეს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიმღერით გამომსვლელი ვარსკვლავის შერჩევა. უარი თქვეს დუა ლიპამ, შაკირამ, როდ სტიუარტმა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა. საბოლოოდ, გახსნაზე ვიხილეთ სამხრეთ კორეული ჯგუფი BTS-ის ვოკალისტის ჯონ ჯონ-გუქისა და კატარელი მომღერლის ფაჰად ალ-კუბაისის პერფორმანსები. 

სხვა რეზონანსული საკითხი იყო ტურნირისას ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა. სასტუმროებისა და საკურორტო ზონებს მიღმა კატარში ალკოჰოლის ყიდვა შეუძლებელი იყო. თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებმა გამონაკლისი დაუშვეს – სტადიონებსა და ფან-ზონებში ლუდის ყიდვა შესაძლებელი გახდა, მაგრამ ჩემპიონატის სტარტამდე 2 დღით ადრე ესეც აკრძალეს. ლუდი აკრძალეს, მაგრამ გულშემატკივრებში სპირტიანი სასმელის მოხმარების სურვილი არ გამქრალა. შედეგად, საქმეში ფეხბურთის და ალკოჰოლის მოყვარულთა ფანტაზიები ჩაერთო. 15-დოლარიანი ბუტაფორიული ბინოკლები ტრიბუნებზე სასმლის შეტანის ერთ-ერთი კარგი საშუალება გახდა. 

ნოემბრის ბოლოდან სოციალურ ქსელში გახშირდა ისეთი ვიდეოკადრები, რომლებშიც ინგლისის, არგენტინის, მაროკოს, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ნაკრებთა გულშემატკივრებად თავს აშკარად სხვა ეროვნების ადამიანები ასაღებდნენ. იმატა კატარის ხელისუფალთა მიმართ კრიტიკამ – თითქოს ისინი ხალხს ქირაობდნენ, რათა სავსე ტრიბუნების წარმოდგენა შექმნილიყო. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში მართლაც მოქმედებდა ფანატთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა Fan Leader Network, რომელიც სწორედ მას შემდეგ დახურეს, როცა მედიაში კრიტიკული პუბლიკაციები გახშირდა. 

ქალთა მიერ მუსლიმანური დრეს-კოდის ყველაზე გახმაურებული ინციდენტი ყოფილ „მის ხორვატიას“ – ივანა კნოლს შეემთხვა. მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც იგი დეკოლტეიანი სამოსით იყო აღბეჭდილი, ასევე დოჰას სანაპიროზე „თამამი“ საცურაო კოსტიუმებით სეირნობდა, მისი მისამართით მუსლიმანთა მუქარებმა იმატა. ამის მიუხედავად, მიმზიდველ სამოსში გამოწყობილმა კნოლმა კვლავ განაგრძო მშობლიური გუნდის მატჩებზე დასწრება. ბრაზილიელებზე ხორვატთა სენსაციური გამარჯვების შემდეგ „სილამაზის დედოფალი“ კვლავ სოცქსელების ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა ბრაზილიელი თავდამსხმელი რიჩარლისონის "საფირმო" "მტრედის ცეკვა" ხორვატმა ლამაზმანმა გამარჯვების აღსანიშნავად შეასრულა. 

კნოლს ეცეკვებოდა და იცეკვა. აი, ჩემპიონატზე წარუმატებლად მოასპარეზე გერმანიის ნაკრების წევრები კი, მას შემდეგ, რაც გუნდის კაპიტანს ლგბტ თემის დროშის ფერებიანი სამკლავური არ გააკეთებინეს, მატჩის წინ გადასაღები ფოტოსთვის პოზირებისას პირზე ხელაფარებულები იდგნენ. ნაკრების პრესსამსახურმა უარყო მტკიცება, რომ ამ ჟესტს პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი: 

„ჩვენ კაპიტნის სამკლავური გვინდოდა იმ ღირებულებათა დასაცავად გამოგვეყენებინა, რომლებსაც ჩვენს ნაკრებში ვიზიარებთ: მრავალფეროვნება და ურთიერთპატივისცემა. სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად გვსურდა ჩვენი ხმა ყველასთვის მიგვეწვდინა. არ გვქონია პოლიტიკური გზავნილი, რადგან ადამიანის უფლებები განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“. 

აქ საკამათოც არაფერია – ადამიანის უფლებები მართლაც უნდა იყოს დაცული. თუმცა, ისიც გასააზრებელია, რომ ეს გზავნილი სადმე კი არა, უშუალოდ კატარში კეთდება. იქ, სადაც მართლაც დიდი პრობლემებია ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. ე.ი. ერთი ქვეყანა (ან ქვეყანათა ჯგუფი) მეორეს მიუთითებს საკუთარ პრობლემებზე. 

და რას აკეთებენ ამ დროს კატარელები? ისინი პასუხად გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მესუთ იოზილის ფოტოს ფონზე პირზე ხელაფარებულები პოზიორობენ. ესაა ადამიანი, ვინაც საქვეყნოდ დაგმო ჩინეთში უიგურების შევიწროება. საერთაშორისო მოხსენებათა თანახმად, იქ მართლაც ირღვევა მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. The Telegraph-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით, იქ იკრძალება ყურანი, თემის მცხოვრებთ მუდმივად უთვალთვალებენ, რელიგიურ შენობებს უნგრევენ და იძულებით ღორის ხორცსაც აჭმევენ. 

საბოლოოდ რა გამოდის? სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ფეხბურთს ერთმანეთის კრიტიკის და ნიშნის მოგებისთვის იყენებენ. საკითხის ამ კუთხიდან შეხედვისას, მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა მიერ მუხლის მოდრეკა, სულაც არ ჰგავს პოლიტიკურ განცხადებას. მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ყველაზე ნაკლებადაა რომელიმე სახელმწიფოს მაკრიტიკებელი ჟესტი – აქ ზოგადად რასიზმის წინააღმდეგ გალაშქრება უფროა. 

თითქმის ერთთვიანი საფეხბურთო ზეიმისას პოლიტიკისგან შორს მდგარი კურიოზებიც იყო. ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშემ, მაგიდაზე მშვიდად მჯდარ კატას ქეჩოში ხელი მოჰკიდა და დაბლა ჩამოაგდო. ასეთი მოპყრობისთვის, საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მისმა საქციელმა, შესაძლოა ქვეყნის კონფედერაციის 200 ათასი დოლარით დაჯარიმება გამოიწვიოს – სწორედ ამდენს ითხოვს ცხოველთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „კატის მჩაგვრელი“ ჟურნალისტის ქმედებისთვის. 

კიდევ ერთი კურიოზის შესახებ მსოფლიომ ჩინეთში ტელერეპორტაჟების მაყურებლებისგან გაიგო. თურმე, მუნდიალის ტრანსლირებისას იქაურ მაყურებლებს ჯიუტად არ უჩვენებდნენ ტრიბუნებს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ქვეყანაში სერიოზული ანტივირუსული შეზღუდვები იყო (ახლაც არანაკლებია). ჰოდა, კატარის სტადიონებზე თავისუფალ რეჟიმში მცხოვრები გულშემატკივრების ჩვენება, ეკრანს იქით მყოფ ჩინელებისთვის მაპროვოცირებელ სტიმულად მიიჩნიეს ქვეყნის ცენზორებმა. 

ორგანიზატორთა და სპონსორთა მოგება-ზარალი 

FIFA-ს მოსალოდნელი შემოსავლები კატარის მუნდიალისგან იმაზე გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო, ვიდრე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 16 დეკემბრის პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ტელეტრანსლაციის უფლებებისგან ორგანიზატორს 2,64 მილიარდი დოლარი უნდა შემოსვლოდა, მარკეტინგული უფლებების გასხვისებით 1,35 მილიარდი, ხოლო მატჩებზე დასასწრები და სხვა გასართობი ღონისძიებების ბილეთების რეალიზაციით 500 მილიონი დოლარი. უცნობია, კიდევ რა მუხლ(ებ)ი დაემატა FIFA-ს შემოსავლებს, ან კონკრეტულად რომელ მათგანში რამდენით მეტი იხეირა, მაგრამ ფაქტია – შვეიცარიელი ჩინოვნიკის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ორგანიზაციის შემოსავალმა 10,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 1 მილიარდით მეტია, ვიდრე 4 წლის წინათ“. 

შემოსავლების გარდა, FIFA-ს ხარჯიც რომ ბევრი ჰქონდა და კიდევ ექნება, ამაზეც დავწერთ. ლუდის სპონსორი Budweiser მსოფლიო ჩემპიონატებზე საკუთარი პროდუქციას 1986 წლიდან ჰყიდის. თუმცა, ისეთი პრობლემა, როგორიც კატარში შეექმნა, ჯერ არ ჰქონია. ბუნებრივია, რომ სპონსორობისთვის ფირმა FIFA-ს ფულს უხდის. ბოლო ოთხწლიან ციკლში ეს თანხა 75 მილიონ დოლარს შეადგენდა და ლუდის მხარშავები თავიანთ მთავარ შემოსავალს ფინალურ ტურნირზე პროდუქციის რეალიზაციისგან ელოდნენ. ყველასთვის (სპონსორი, ორგანიზატორი, გულშემატკივარი) ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მასპინძელმა ქვეყანამ მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე ახალი, საკუთარი პირობები წამოაყენა. 

The New York Times-ის ცნობით, თავდაპირველი კომპრომისი კატარის სამეფო ოჯახის ზეწოლით შეიცვალა. ლუდის გაყიდვა მხოლოდ ლიცენზირებულ სასტუმროებში, რესტორნებსა და ფან-ზონებში 19:00-დან 01:00 საათამდე დაუშვეს, სტადიონებზე კი მხოლოდ 8-დოლარიანი უალკოჰოლო ლუდი იყიდებოდა. მოკლედ, ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ Budweiser-ს სასამართლოში ჩივილის მიზეზი ჰქონოდა. 

როგორც ანონიმური წყარო იუწყება, Budweiser-ი FIFA-სგან სულ 174 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. ეს თანხა კონტრაქტის სიდიდისგან, ლუდის წარმოებასა და ლოგისტიკაზე გაწეული ხარჯისგან და დაკარგული სარგებლისგან შედგება. ამას გარდა, FIFA-სგან 2026 წლის მუნდიალის (მას აშშ, კანადა და მექსიკა ერთდროულად უმასპინძლებენ) სასპონსორო თანხის (112 მილიონი დოლარი) მთელი 47 მილიონით შემცირებასაც მოითხოვენ. 

კატარი-2022-ის ორგკომიტეტის თავმჯდომარე ნასერ ალ-ხატერი გამოცემა Courrier International-თვის გაკეთებულ კომენტარში ამტკიცებს, რომ მასპინძელი ქვეყნის შემოსავლებმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხარჯებმა კი 8 მილიარდი შეადგინა. მანვე განმარტა, რომ დაახლოებით 200 მილიარდი, რომლითაც უცხოური ექსპერტები და მედია-საშუალებები მანიპულირებენ, დაიხარჯა მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის მიმართულ პროექტებში. უბრალოდ, მათი განხორციელება დროში დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატისთვის კატარის მზადების პროცესს. 

კატარში იმედი აქვთ, რომ მუნდიალის შემდეგ ენერგეტიკულ სექტორთან კავშირის არმქონე ეკონომიკის დარგებს განვითარების სტიმული მიეცემათ, თანამედროვე ქვეყნის იმიჯი ხელს ტურისტებისა და უცხოური ბიზნესის მოზიდვასაც შეუწყობს. მეორე მხრივ, სამშენებლო პროექტების მოცულობა შემცირდება და დაჩქარებულ ტემპში აშენებული მრავალბინიანი სახლები და სასტუმროები დაცარიელდება. ქვეყნიდან წასულ გულშემატკივრებს მალე უკან მიჰყვებიან ფინალური ტურნირის მომზადებაში ჩართული საოფისე მომსახურენი და დიდი ოდენობით დამხმარე პერსონალი. 

ჩემპიონის არნახული მონაგარი – 52,5 მილიონი დოლარი 

არგენტინის ნაკრები, რომელმაც 18 დეკემბერს გამართულ ფინალში საფრანგეთს პენალტების სერიაში მოუგო, მესამედ მოიპოვა მსოფლიოს თასი. FIFA-ს ფინალური ტურნირის დაწყებამდე ჰქონდა გამოცხადებული, სპორტული შედეგის მიხედვით ვინ რამდენ მილიონს მიიღებდა. რიგით 22-ე მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარია და მან რუსეთში 2018 წელს ჩატარებული ჩემპიონატის ანალოგიურ მაჩვენებელს 40 მილიონით აჯობა, ბრაზილიისას კი 82-ით. 

FIFA-მ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებისთვის, მასში მონაწილე ნაკრებთა შესაბამის ფედერაციებსა და მათ იურისდიქციას დაქვემდებარებულ კლუბებზე, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გასცა. კატარში, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის მოასპარეზე უკლებლივ ყველა ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპებზე მონაწილეობისთვის თითოეულმა ნაკრებმა 9 მილიონი დოლარი მიიღო. მათვე ერგებათ მუნდიალისთვის მოსამზადებელი 1,5 მილიონი დოლარი. მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა არგენტინამ სულ 52,5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. საფრანგეთის ნაკრები ფინალში დამარცხებისთვის 30 მილიონს მიიღებს, ბრინჯაოს პრიზიორი ხორვატია 27 მილიონს, ხოლო მისგან „დამამშვიდებელ ფინალში“ ძლეული მაროკო 25 მილიონს დაისაკუთრებს. 

ფინალური ეტაპის მონაწილე დანარჩენ ნაკრებებზე ასეთი ბიუჯეტია გათვალისწინებული: 

– V-VIII ადგილი – 68 მილიონი დოლარი (თითოეულს 17 მილიონი); 

– IX-XVI ადგილი – 104 მილიონი დოლარი (თითოეულს 13 მილიონი). 

FIFA-მ არც უდროო დროს სანაკრებო პაუზის გამო (ზაფხულის ანომალიური სიცხეების გამო ხომ კატარმა მუნდიალს გვიან შემოდგომით უმასპინძლა, როცა ტრადიციულად ქვეყნების შიდა ჩემპიონატები იყო გაჩაღებული) დაზარალებული კლუბები დაივიწყა. კლუბებზე, რომელთა მოთამაშეები მშობლიური ნაკრების ოფიციალურ განაცხადში მოხვდნენ, საერთო ჯამში 209 მილიონი დოლარი გამოიყო. 

შმაგო სორელი