ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
როგორ შეიცვალა ოლაფ შოლცის პოლიტიკა რუსული აგრესიის შემდეგ - №3(71), 2022
ევროპაში რუსეთის მთავარი დასაყრდენი გერმანიის შემობრუნება
 
1. ფონი 

სტატიის მომზადების დღეებში გერმანიის მთავრობა არნახულ საერთაშორისო ზეწოლას განიცდიდა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ასეთი ზეწოლა ერთი მხრივ გასაგებია, მეორე მხრივ კი უსამართლო. გასაგებია იმიტომ, რომ ადამიანები დაჟინებით მოითხოვენ უკრაინისთვის გერმანული მძიმე ტანკების „ლეოპარდ 2“-ის გადაცემას, რაც ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსამართლოა კი იმიტომ რომ ამ საჯარო ბულინგში გაუფასურებულია უკრაინისადმი გაწეული დახმარება, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა გერმანიის ხელისუფლება „ლეოპარდ 2“-ის გადაცემასთან დაკავშირებით. საბოლოო მდგომარეობით, ოლაფ შოლცმა განაცხადა კიდეც, რომ უკრაინას 14 ერთეულ „ლეოპარდ 2“-ს მიაწვდის. ზოგადად კი, გერმანიის მიმართ გადაჭარბებული კრიტიკით და წაყენებული მოთხოვნებით დაკნინებულია გერმანიის, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის როლი პერსპექტივაშიც. ეს მოცემულობა კი აშკარად სახიფათოა როგორც გერმანიისთვის, ასევე უკრაინისთვის და იმედის მომცემია პუტინის რუსეთისთვის. ომის დაწყების დღიდან ვთვლიდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გერმანიის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა და დღესაც ასე მჯერა. თუმცა, რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი თითქოს საწინააღმდეგოს მეტყველებს. კერძოდ: აშშ-ისგან, საფრანგეთისგან და გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით გერმანია არ არის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო; ასევე – მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა, აშშ-ის ფინანსური შესაძლებლობები გერმანიისას აჭარბებს; დაბოლოს, 2000-იანი წლებიდან წარმოებულმა გერმანია-რუსეთის თბილმა პარტნიორულმა ურთიერთობამ და შესაბამისმა პრაქტიკულმა საქმიანობამ საკმაოდ დააზიანა უკრაინა-გერმანიის ურთიერთობები. ამ სამწუხარო მოვლენის სანიმუშო გამოვლინება გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადება გახლდათ მასზე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უარი უთხრა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის (ანუ გამორჩეული პარტნიორი ქვეყნების) პრეზიდენტებთან ერთად მიღებაზე. 

2. ახალი კანცლერი, ძველი პრობლემები 

2021 წლის მიწურულს ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ გერმანიაში ახალი მთავრობა დაკომპლექტდა, გერმანიის კანცლერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი გახდა. იმ დროისთვის: 

– გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. 

– გერმანიის ენერგო-რესურსების მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი.

– მისი წინამორბედის დროს ნავთობზე და ბუნებრივ აირზე რუსეთზე დამოკიდებულება უკიდურესად გაიზარდა. სახეზეა არამარტო ენერგეტიკული და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების კრიზისის კონტურები. 

– „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქცა გერმანიის სრულიად გაუმართლებელი ენერგოპოლიტიკის და საგარეო პოლიტიკის დრამატულ სიმბოლოდ. 

– ატომური ელექტროსადგურების მუშაობა ასევე მისი წინამორბედის ინიციატივით ფაქტობრივად შეჩერებულია. შედარებისთვის, საფრანგეთის ენერგორესურსების მოხმარების 70% ატომურ ენერგეტიკაზე მოდის, გერმანიაში კი მხოლოდ 6%-ზე. 

– ქვეყანას არ გააჩნია გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღები ინფრასტრუქტურა. 

– გერმანიის წილი ევროკავშირის მიერ მოხმარებულ ლიგნიტში (ქვანახშირის ტიპი – მურა ნახშირი) თითქმის 50%-ს შეადგენს. ამ დროს, ლიგნიტი ადამიანების და ზოგადად გარემოს ყველაზე მეტად დამაზიანებელი ენერგიის წყაროა. 

– გერმანიის და შესაძლოა ევროპის უმსხვილესი გაზსაცავი რედენში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა "გაზპრომზეა" მიყიდული.

– 5G ტექნოლოგიები აშშ-ის და სხვა პარტნიორების მიერ დევნილ ჩინურ კომპანიაზეა მიბარებული. 

– გერმანიის ტრადიციული სფეროს „ავტომობილების წარმოების“ დამოკიდებულება ჩინეთზე უკიდურესად მაღალია, იქ არსებული უამრავი ქარხნის და მაღალი ექსპორტის გამო. მაგალითისთვის, გერმანიის უმსხვილესი ავტომანქანების მწარმოებელი კომპანია Volkswagen-ი ნახევარზე მეტ მანქანას უკვე წლებია ჩინეთში ყიდის. 

– გერმანია ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის ქვეყნებიდან (ირანთან ევროკავშირის მთლიანი ვაჭრობის 40%-მდე გერმანიაზე მოდის). 

– წინა წლებში გერმანიის საგარეო პოლიტიკას მინისტრის რანგში თითქმის 4 წელი, ნატო-სკეპტიკოსი და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ასევე სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჰეიკო მაასი უძღვებოდა. 

– ნატოში არსებული შეთანხმების მიუხედავად გერმანია არ ხარჯავს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ს. არ ხარჯავს იმ პირობებშიც კი (და არც ვალდებულებას კისრულობს), როდესაც 2018 წელს ბიუჯეტის პროფიციტმა 60 მილიარდი ევრო შეადგინა. 

– სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის ფორმალური და სამართლებრივი საფუძვლები გართულებულია. 

– რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ გერმანიის, ანუ მსოფლიოს ლიდერი მანქანათმშენებელი ქვეყნის, საფირმო და სანიმუშო სამხედრო ტანკების ნახევარზე მეტი მწყობრიდან იყო გამოსული. 

ყოველივე ამან, გერმანიის მიმართ პარტნიორების ნდობა შეასუსტა, ხოლო გერმანული საზოგადოების ნაწილი ძლიერ მოწყვლადი გახადა პუტინის შანტაჟისადმი. მთავარი გარემოება, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, გერმანელების ისტორიული მეხსიერება და ტრავმაა, რასაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის მიზეზები და შედეგები ქმნიან და რაც ქვეყანას ფსიქოლოგიურად ზღუდავს საომარ მოქმედებებში აქტიური პოლიტიკის წარმოების და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების თვალსაზრისით. 

დავუბრუნდეთ „მემკვიდრეობის“ ჩამონათვალს. ოლაფ შოლცმა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იცოდა, ზოგიერთის განხორციელების მონაწილეც კი იყო, თუმცა, ასე ცხადად და დრამატულად საერთო სურათი მის წინაშე მხოლოდ ახალ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. 

შოლცზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდობაში ის ნატოს კრიტიკოსი იყო. სოციალ-დემოკრატი, იურისტი ოლაფ შოლცი, რომელიც აქამდე ფინანსთა მინისტრი იყო, მანამდე კი ჰამბურგის მერი, უფრო ტექნოკრატის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე პოლიტიკოსის. თითქოს რთული წარმოსადგენიც კი იყო, რომ ის ბოლო წლების გერმანული და ევროპული პოლიტიკის გადახედვას და შეცვლას ისურვებდა. 

3. შემობრუნება 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. აღმოჩნდა, რომ მანამდე გერმანიის პოლიტიკამ რუსეთი გააძლიერა ფინანსურად, გავლენების არეალით და საბოლოოდ სამხედრო თვალსაზრისითაც. გერმანული პოლიტიკის ზოგადი ჩარჩო რუსეთთან მიმართებაში ეყრდნობოდა მოცემულობას, რომ რუსეთი, რომელსაც პირველ რიგში გერმანიამ გაუღო ევროპის ბაზარი, დაინახავდა იმ უდიდეს სარგებელს, რაც თანამშრომლობას მოაქვს, და კონფრონტაციას და მით უმეტეს საომარ ქმედებებს თანამშრომლობის გაღრმავებას ამჯობინებდა. 24 თებერვალს ამ დოქტრინამ კრახი განიცადა. ამის გააზრება ძალიან ძნელი და მტკივნეულია უდიდესი, უნიკალური და სრულიად გამორჩეული კულტურული ტრადიციების მქონე, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური წონის მქონე ქვეყნისთვის. ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის გარემოება, რომ ამგვარ მოსალოდნელ კრახზე გერმანიას აფრთხილებდნენ ევროპელი პარტნიორები, განსაკუთრებით პოლონელები და ბალტიისპირელები, თუმცა, მათი მოსაზრება სრულიად იქნა უგულებელყოფილი. ამ პოლიტიკის შემობრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესია, არამედ ღრმა სოციალური ცვლილებების, ფასეულობათა გადაფასების და ოპტიმალური, რთული გადაწყვეტილებების ძიების უკიდურესად მტკივნეული მოძრაობაა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ კლასს, არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად. 

ოლაფ შოლცმა 2022 წლის 27 თებერვალს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა გერმანელ ხალხს (ამ სიტყვაზე ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრეთ). ეს სიტყვა იმსახურებს, რომ მას ეწოდოს ისტორიული, რადგან სწორედ მან მისცა ბიძგი გერმანიის პოლიტიკის შემობრუნებას.

შოლცმა გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ნატოში არსებული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის ენერგომატარებლებზე უარის თქმის აუცილებლობაზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზე. გავიხსენოთ, რომ ომის დაწყებამდე სულ რაღაც 1 თვით ადრე, მაშინ, როდესაც რუსული საჯარისო ნაწილები ინტენსიურად იყვნენ განლაგებული უკრაინის საზღვრებთან და საომარი ესკალაცია პიკს აღწევდა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ბოლო წლებში გერმანია არ უჭერს მხარს ლეტალური იარაღის ექსპორტს“, ამავე პერიოდში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა (ამჟამად უკვე გადამდგარმა) კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტის მიწოდება შესთავაზა და რაც მთავარია დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია დგას უკრაინის გვერდზე, ისინი არ გეგმავენ მათთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, რაზეც გერმანიის მთავრობაში სრული კონსენსუსი არსებობსო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ არ დართო ნება ესტონეთს უკრაინელებისთვის გერმანული წარმოების შეიარაღების მიწოდების თაობაზე. 

4. შოლცის პოლიტიკა 

რა მოიმოქმედა ოლაფ შოლცმა ამ სიტყვის შემდეგ და რა წარმატებას მიაღწია გერმანიის მთავრობამ: 

– შოლცი ევროპის ქვეყნებს ევროკავშირში და მის გარეთაც სთავაზობს ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რასაც აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული ქმედებები. ალბათ გვახსოვს, რომ მან ამ კონტექსტში საქართველოც მოიხსენია ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე. 

– ცნობილია, რომ პუტინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის პოზიციას. მისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება ჩინეთთან კონფრონტაცია. ამ ფონზე, ოლაფ შოლცის ჩინეთში ვიზიტი, მისი და ჩინეთის ლიდერის – სი ძინპინის ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ორივემ მკაფიოდ ისაუბრეს არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობასა და მის დამანგრეველ შედეგებზე, არამედ პირდაპირ მიუთითეს პუტინს ბირთვული შანტაჟის შეწყვეტის შესახებ, გერმანული დიპლომატიის უმნიშვნელოვანეს წარმატებად უნდა ჩაითვალოს. პუტინს ბირთვული იარაღით მსოფლიოს დაშინება ამ მიტინგის მერე ფაქტობრივად აღარ უცდია (მხოლოდ ერთხელ, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ისაუბრა, დიდი ალბათობით ნავთობის ემბარგოს შედეგებით გაწბილებულმა). 

– ოლაფ შოლცის დიპლომატიურ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ 2023 წლის იანვრის ბოლოს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის დროს, არგენტინის ლიდერის ალბერტო ფერნანდესის ერთობლივი კონფერენციის დროს გაკეთებული განცხადება. ცნობილია, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში ცდილობს იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენას, ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნები ხშირად არ იზიარებენ დასავლეთის ლიდერების მკაფიო პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ, არ უერთდებიან სანქციებს და ა.შ. გერმანელ ლიდერთან შეხვედრისას ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები არ გეგმავენ რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას და ხაზი გაუსვა გერმანიასთან პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

– შოლცი გამოდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის წინადადებით და მოითხოვს გერმანიისთვის ამ საბჭოში მუდმივი წარმომადგენლის სტატუსის მინიჭებას. 

– ევროკავშირის ლიდერებიდან ყველაზე აქტიურად ითხოვს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. 

– გერმანიის 3 პორტში უკვე ამუშავდა გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღები ტერმინალი. გერმანიამ კი ფაქტობრივად დაიბრუნა რედენის ბუნებრივი აირის საცავი. 

– გერმანია გახდა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი შეიარაღების მიწოდების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. სწორედ გერმანიის ლიდერობის პირობებში, შარშან, დეკემბერში უკრაინის დახმარებისათვის ევროპის სრული კონტრიბუცია (იგულისხმება, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული) აშშ-ის კონტრიბუციაზე მეტი გახდა. ხოლო თუ გერმანიის ევროპულ ინსტიტუციებში მონაწილეობასაც გავითვალისწინებთ, ის გახდა ევროპიდან უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი და საერთო კონტრიბუციით გადაასწრო გაერთიანებულ სამეფოსაც კი. 

– შოლცი დასავლეთის ბევრი ლიდერისგან განსხვავებით ინტენსიურად ხაზს უსვამს უკრაინის დახმარების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ „დაეხმარება უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“. 

– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გერმანია აღარ ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს. რუსეთმა თავად შეწყვიტა ბუნებრივი აირის გერმანიისთვის მიწოდება შარშან აგვისტოში, ხოლო გერმანიამ თავის მხრივ უარი თქვა ნავთობის შეძენაზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან. მიუხედავად ამისა, ენერგოკრიზისი გერმანიაში არ წარმოქმნილა, თუმცა, ეს ყველაფერი გერმანიისგან კოლოსალურ ფინანსურ დანახარჯებს და რთულ, ეფექტიან და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ზემოთ ნახსენები ფაქტების გარდა გერმანიამ შეაჩერა ატომური ელექტროსადგურების დაკონსერვების პროცესი და გააძლიერა ქვანახშირის მოპოვება. 

– უფრო მეტიც, ევროკავშირი, რომელიც რუსული ნავთობის და ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორი იყო და რომელიც ჯერ კიდევ შარშან აპრილში აცხადებდა, რომ რუსული ბუნებრივი აირისგან და ნავთობისგან მხოლოდ 2027 წელს გათავისუფლდებოდა, სწორედ გერმანიის ამგვარი შემობრუნების გავლენით ფაქტობრივად მთლიანად თავისუფლდება რუსული ენერგორესურსებისგან. 

– მსხვილი და რუსეთისთვის სტრატეგიული დანიშნულების მატარებელი გერმანული კომპანიები ტოვებენ რუსულ ბაზარს, რაც რუსეთს ტექნოლოგიურ საყრდენს აცლის და ხელს უშლის არა მარტო საკუთარი პროდუქტების ექსპორტის, არამედ ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გადამუშავების მიმართულებით. ბოლო მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთს მიადგა 2023 წლის დასაწყისში, როდესაც უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანია Wintershall Dea-მ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გერმანიის მთავრობა პირველად არის წარმოდგენილი სამი განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტის მიერ, რაც ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესს ართულებს. ქვეყნის გარკვეულ პოლიტიკურ ტურბულენტობას ასევე ასახავს სხვადასხვა ფაქტები. მაგალითად, ფრანგ კოლეგასთან მნიშვნელოვან საკითხებზე უთანხმოება იმდენად დიდი გახლდათ, რომ ემანუელ მაკრონმა შარშან, წლის ბოლოსთვის დაგეგმილი მთავრობების ლიდერების და წევრების შეხვედრა ცალმხრივად გააუქმა, ხოლო პარიზში მაკრონი-შოლცის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც არ გამართულა; დეკემბრის დასაწყისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა; აღმოჩენილი და გაუვნებლებულია რამდენიმე დივერსიული ჯგუფის საქმიანობა; გერმანელ მკვლევრებს ბრალი ედებათ ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესაძლო ხელშეწყობაში; გერმანელი პოლიტიკოსები (მათ შორის შოლცის თანაპარტიელები) ხშირად ანტიუკრაინულ განცხადებებს აკეთებენ; გერმანიის წინა ლიდერი ანგელა მერკელი დღემდე თვლის, რომ მისი პოლიტიკა რუსების მიმართ მართებული იყო და ვერ ხედავს თუ როგორ გააძლიერა მისმა პოლიტიკამ უკიდურესად აგრესიული რუსეთი. 

5. დაბოლოს, ტანკებზე და უკრაინის დახმარებაზე 

გერმანული ტანკების საკითხზე საუბრისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოიგებს ომს გერმანიასთან ერთად ან გერმანიის გარეშე. პოლონეთ-გერმანიის უთანხმოება მთელ რიგ საკითხებში საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, მსგავსი აგრესიული და ხისტი გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იშვიათად გაგვიგია და ის ნათლად მეტყველებს უთანხმოების იმ მაღალ ხარისხზე, რომელიც დღეისათვის არსებობს. მსგავსი შეფასება მხოლოდ ხელს უშლის ევროპულ კონსოლიდაციას, რაც სხვასთან ერთად უკრაინის გამარჯვების აუცილებელზე აუცილებელი პირობაა. 2023 წლის დასაწყისში ოლაფ შოლცმა დავოსის კონფერენციაზე ამავე საკითხზე საუბრისას მკაფიო პოზიცია დააფიქსირა – გერმანია მსგავს გადაწყვეტილებებს (გერმანული ტანკის, „ლეოპარდ-2-ის“ მიწოდება) იღებს მხოლოდ პარტნიორებთან ერთად. ამავე დროს შოლცმა გამოყო ორი ქვეყანა – საფრანგეთი და აშშ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ ასევე აქვთ ანალოგიური კლასის ტანკები, რომელთა სამხედრო ეფექტიანობა არ არის გერმანულ ტანკზე ნაკლები და რომლებიც გამოყენებულ იქნა რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში. ნათელია, რომ გერმანიას არ სურს მიიღოს სურათი, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ომი ფაქტობრივად მხოლოდ გერმანული ტანკებით ხორციელდება. ეს მოცემულობა კი შესაძლებელია ადვილად მივიღოთ, რადგან ევროპის კონტინენტზე 2000 გერმანული ტანკია, ხოლო უკრაინელების სამხედრო ამოცანის გადასაწყვეტად 100-დან 300-მდე ტანკია საჭირო. 

გავრცელებულია მოსაზრება, რომ გერმანული ტანკის მართვა და ექსპლუატაცია შედარებით ადვილია, მაგრამ ეს პირობა ვერ იქნება გერმანელების ეგზისტენციალური გამოწვევის საპირწონე. როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფო უკვე აწვდის ამავე კლასის 14 ტანკს უკრაინას და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ან საფრანგეთის მხრიდანაც მსგავსი ინიციატივა. უკრაინის დახმარება პირსისხლიან აგრესორთან ომში დღეს მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა, თუმცა, ამავე დროს არ უნდა მოხდეს პარტნიორი ქვეყნის ისე დაზიანება, რაც საბოლოოდ უკრაინის დახმარებასაც შეასუსტებს. შიდა პოლიტიკური რყევები რომ საკმაოდ რეალური გამოწვევა გახლდათ გერმანიისთვის ამაზე ნათლად მიუთითებს 2022 წლის მიწურულს ბრიტანული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. კერძოდ გამოკითხვის საფუძველზე ირკვევა, რომ გერმანიის მოსახლეობის 45% უარს აცხადებს უკრაინისთვის ტანკების „ლეოპარდ2-ის“ მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება, ასევე ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი შოლცის მკაფიო და მოკლე გზავნილი – რომ გერმანიისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია პარტნიორებთან კოალიციური მოქმედება, სრულიად იქნა იგნორირებული ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან. 

უფრო მეტიც, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ უკიდურესად ხისტი განცხადება გააკეთა გერმანიის მიმართ 2023 წლის 23 იანვარს. მორავიეცკი აკრიტიკებდა გერმანიის მთავრობის პოლიტიკას ტანკების მიწოდების საკითხში და აღნიშნა რომ „უკრაინა მოიგებს ომს რუსეთთან ომს გერმანიასთან ერთად ან გერმანიის გარეშე“. საბოლოო ჯამში ემოციები ჩაცხრა და წინასწარი განცხადებით, უკრაინას ტანკების მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც დაჰპირდა და 25 თებერვალს, ბაიდენის გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინა 31 ერთეულ ამერიკულ M1 Abrams ტანკს მიიღებს. იმავე დღეს გახდა ცნობილი ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებაც, რომ უკრაინას გერმანულ ტანკებს – 14 ერთეულ „ლეოპარდ 2“-ს მიაწვდის. თავის მხრივ, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პირობა დადო დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა. როგორც ჩანს, უკრაინელთა ტანკებით დახმარება კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და ამაში ერთ-ერთ უმთავრესად მოდელად ისევ გერმანული „ლეოპარდ 2“ მოიაზრება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაშია. მოგვიანებით მედიაში დასახელდა სხვადასხვა რიცხვები, თუ რამდენ ტანკს მიაწვდიან უკრაინას სხვადასხვა ქვეყნები. გარდა ამისა, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას აგრეთვე მიაწოდოს 178 ერთეული ტანკი „ლეოპარდი 1“. 

დღეისთვის ნათელია, რომ ტანკების მიწოდება სწორედ ოლაფ შოლცის ერთგვარი „მოდელის“ ფარგლებში მოხდება – უკრაინას ე.წ. მძიმე ტანკებს რამდენიმე ქვეყანა მიაწვდის და მიაწვდიან არა მხოლოდ „ლეოპარდი 2“ ტანკებს. 

რეზიუმე 

რომ შევაჯამოთ, გერმანიის მიერ ენერგეტიკის სფეროში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ერთი მხრივ აუცილებელი იყო, მეორე მხრივ კი საკმაოდ რთული, შეუქცევადად დააზიანა რუსეთის ეკონომიკა. ამავე დროს, გერმანია არის უკრაინის გამოკვეთილი მხარდამჭერი ქვეყანა: სამხედრო კომპონენტის ჩათვლით – მესამე, ჯამური დახმარების ჩათვლით – მეორე. უკრაინის გამარჯვების საკითხში გერმანიის გამორჩეულ როლზე აქცენტირების საფუძველს კი მისი ისტორიული როლი და პოზიციონირება მაძლევს, რაც დღეს მის წინაშე არსებული გამოწვევებით არ იცვლება – გერმანიის მაგალითი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც აშშ-ისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის და მისი მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ დამატებით წაახალისებს მსოფლიოს ქვეყნებს. თავად გერმანიისთვის მნიშვნელოვანია კოალიციური ქმედება და ეცდება ნებისმიერი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის მიღება შესაძლებელი გახდეს ფართო კონსენსუსის პირობებში. 

სლავა უკრაინი! 

კოკი იონათამიშვილი 
ორგანიზაცია "ევროპული ინიციატივაა"