ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოს სამი პრეზიდენტი: ქართული სახელმწიფოს სამი ხედვა
#4 (16), 2007
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს. მას შემდეგ ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო ტრიალებს. ამ თანამდებობაზე საქართველოში სულ სამი პიროვნება იყო. თითოეული მათგანი ხელისუფლებაში მოდიოდა ქარიზმატული ლიდერის სახით და თავისი მხარდამჭერებით დომინირებდა პარლამენტში. ასეთ პირობებში თითოეულ მათგანს შეეძლო ყველაფრის კეთება, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. თითოეულს ქართული სახელმწიფოებრიობის განსხვავებული ხედვა ჰქონდა, რაც მკაფიოდ ჩანს მათ საინაუგურაციო სიტყვებში.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება საქართველოში 1991 წლის აპრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხდა. 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია, რომელიც მალევე, 1991 წლის 26 მაისს საყოველთაო სახალხო კენჭისყრითაც აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების შედეგად, ზვიად გამსახურდიას საქართველოს დატოვება მოუხდა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგეებმა პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულად გამოაცხადეს.

შემდგომში პრეზიდენტის ინსტიტუტი აღადგინა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ, რომლის საფუძველზეც 1995 და 2000 წლებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის თანამ-დებობა ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა. მანვე 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" შედეგად ვადაზე ადრე დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა.

პრეზიდენტების საინაგურაციო სიტყვებს ნებისმიერ ქვეყანაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული, საეტაპო მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც ამ თანამდებობაზე ახლადარჩეული ლიდერი საინაგურაციო სიტყვას წარმოთქვამს, არსებული ვითარების შეფასებასთან ერთად, თავისი სამომავლო მოღვაწეობის გეგმებსაც წარმოადგენს. ცხადია, ყოველი საინაგურაციო სიტყვა ისტორიის კუთვნილება ხდება და შემდგომ, მომავლის გადასახედიდან შესაძლებელია იმის შეფასებაც, თუ როგორ თავსდება ამა თუ იმ პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთთან.

სამივე პრეზიდენტი სახელმწიფოს მშენებლობას თავიდან იწყებს

თუ გადავხედავთ საინაუგურაციო სიტყვებს, დავინახავთ, რომ სამივე პრეზიდენტის განაცხადია საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თავიდან დაწყება. ამ საკითხში თითოეულს თავისი არგუმენტაცია აქვს.
ზვიად გამსახურდიას ასეთი განაცხადი სავსებით ბუნებრივია და არავისთვის სადავო არ უნდა იყოს. საქართველომ 1991 წლის 9 აპრილის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. "ეროვნული ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით იურიდიულად დასრულდა გარდამავალი პერიოდი და შეიქმნა რეალური წინაპირობა მისი ფაქტობრივი ასრულებისთვისაც", - აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ლაპარაკობს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე მოპოვებული წარმატებების შესახებაც. "ეროვნულმა ხელისუფლებამ გატარებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებების, მრავალპარტიულობის იურიდიული და ფაქტობრივი დამკვიდრების, მთავრობის რეორგანიზაციის, ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების - საკრებულოების და პრეფექტურების შემოღების, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესების შედეგად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის სახით დაამკვიდრა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა".
   მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი და ქვეყნის მთავარი პრობლემა დამოუკიდებლობის მიღწევის იურიდიული განაცხადის ფაქტობრივი მიღწევა იყო. გარდა ამისა, 1991-1992 წლების გადატრიალებამ ფაქტობრივად დაანგრია სახელმწიფოს ფორმირების პროცესში მიღწეული წარმატებები.
ცხადია, ასეთ პირობებში სახელმწიფოს დაფუძნების განაცხადი, როგორც უკვე ითქვა, ედუარდ შევარდნაძესაც ჰქონდა. 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე ლაპარაკობს "სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე", მაგრამ სახელმწიფოს დაფუძნებაზე როგორც მისი პრეზიდენტობის პერიოდის მონაპოვარზე ის განსაკუთრებით ვრცლად და ხაზგასმით 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლაპარაკობს.

"90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ საერთოდ არ გვქონდა სახელმწიფო. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მხოლოდ ქაღალდზე იყო დეკლარირებული. ქვეყანაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ქაოსი. ჩვენ დავამყარეთ მართლწესრიგი და კანონიერება", - აღნიშნავს შევარდნაძე 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში.

იგივე თემას შევარდნაძე ვრცლად უბრუნდება სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში, როდესაც გაიხსენა 1995 წელს ასევე სვეტიცხოველში თავისი ყოფნა.
     "მაშინ სიტყვა მივეცი ღმერთს და ხალხს, სიტყვა მივეცი ჩემს ქვეყანას, რომ სულ რაღაც 4-5 წელიწადში ჩვენ ავაშენებდით დამოუკიდებელ, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს კვლავ აქ, ამ წმინდა ტაძრის კედლებში ვიმყოფები და 
ვაცხადებ, რომ ღმერთის წყალობით, მისი შემწეობითა და მფარველობით საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო აშენდა. ჩვენ შევძელით შეუძლებელი", - განაცხადა შევარდნაძემ.

იმავე სიტყვაში შევარდნაძე სახელმწიფოს დაფუძნების თემას კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდა. შევარდნაძის თქმით, 1995 წელს ფიცი მისცა უფალს და ხალხს, რომ არ გადაუხვევდა "საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზას". შევარდნაძე ხაზს უსვამს, რომ "წინა წლები - ეს იყო ნგრევის, სამოქალაქო ომისა და ქაოსის წლები. 4-5 წელიწადში ჩვენ ღმერთის წყალობითა და თქვენი თანადგომით, თქვენო უწმინდესობავ, შევძელით უმთავრესის გაკეთება - ავაშენეთ სახელმწიფო".

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობას იმ დროისათვის მეტად სავალალოდ მიიჩნევდა. ინაუგურაციის წინა დღეს - 2004 წლის 24 იანვარს გელათში წარმოთქმულ სიტყვას ის სწორედ ამ ფაქტის აღნიშვნით იწყებს: "დღეს საქართველო დანაწევრებულია, დღეს ქართველი ხალხი დამცირებულია. ზოგიერთს შეიძლება უნდა, რომ საქართველო საერთოდ აღარ არსებობდეს რუკაზე. მე მინდა, ვუთხრა ყველას აქ, ჩვენს ამ მტრებს: ისინი ამას ვერასდროს ვერ მოესწრებიან".
     სააკაშვილის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი მოწოდებაა "ავაშენოთ საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები". სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იქცეს "ერთიან, სტაბილურ, დემოკრატიულ, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოდ", საქართველო "უნდა იქცეს დემოკრატიის მოდელად".
ქართული პატრიოტიზმი - სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განვლილ პერიოდს რომ გადავხედოთ, ადვილად დავინახავთ, რომ მთავარი, რასაც ემყარება საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოებრიობა და რასაც აქტიურად იყენებს ყველა ხელისუფლება, - ეს ქართული პატრიოტიზმია. არა უკვე მიღწეული "კარგი ცხოვრება" და დემოკრატია, არა ამის მისაღწევად მიცემული უამრავი დაპირებები, არამედ სწორედ სამშობლოს სიყვარული და ხალხის მზადყოფნა საქართველოს დამოუკიდებლობის სახელით არის ის, რაც ადამიანებს დღემდე აძლებინებთ და რის საფუძველზეც იტანენ ყველაფერს, რაც ობიექტურ მიზეზთა გამო, თუ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა წყალობით მათ თავს დაატყდათ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხომ საქართველო მრავალგზის იყო ნეგატიური მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომელსაც დამოუკიდებლობა, დემოკრატია და კეთილდღეობა უნდა.

ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვისთვის ამოსავალი სწორედ ქართული პატრიოტიზმია. "ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით", - აღნიშნავდა თავისი სიტყვის დასაწყისშივე ზვიად გამსახურდია.

პატრიოტული მოტივითვე ამთავრებს თავის გამოსვლას: "დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის. ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირსი უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში". თუმცა, გამსახურდია იმასაც აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა უნდა განხორციელდეს მინიმალური დანაკარგებით, რათა დამოუკიდებლობა არ ასოცირდებოდეს გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან ან ინფლაციასთან.

ძნელი სათქმელია, როგორ განახორციელებდა გამსახურდია თავის პროგრამას, ის თავის საინაუგურაციო გამოსვლიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ დაამხეს, შემდეგი რამდენიმე წელი კი ყველაზე რთული პერიოდი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. "ქება-დიდება საქართველოს ხალხს, რომელიც ბიბლიური იობის მოთმინებით იტანს კრიზისს, გაჭირვებას და გმირული შემართებით აშენებს ბედნიერ მომავალს!", - განაცხადებს ედუარდ შევარდნაძე თავის 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში. მისივე თქმით, "საქართველოს მოქალაქეს უნდა შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, ამის გარეშე თვით ქვეყნის დამოუკიდებლობის უმაღლეს იდეასაც კი ჩრდილი ადგება".

ქვეყნის გაერთიანების, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის და შემდეგ ამ გზაზე მოპოვებული წარმატებების თაობაზეა საუბარი შევარდნაძის ორივე (1995, 2000) საინაუგურაციო სიტყვაში. 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე საგანგებოდ მიუთითებს, რომ ამ წელს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 ათასი წლისთავი. თუმცა, ალბათ, მთლად კორექტული არ იყო თავისი პრეზიდენტობის ხუთი წლის (1995-2000) გამოცხადება "განსაკუთრებულ ეტაპად" საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლოვან ისტორიაში.

პატრიოტული მოწოდებებით არის აღსავსე მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო სიტყვაც. "ზოგიერთს შეიძლება უნდა, რომ საქართველო საერთოდ აღარ არსებობდეს რუკაზე. მე მინდა, ვუთხრა ყველას აქ, ჩვენს ამ მტრებს: ისინი ამას ვეღარასდროს ვერ მოესწრებიან - საქართველო არსებობდა, საქართველო არსებობს და საქართველო ყოველთვის იარსებებს!" - განაცხადა სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის საფლავთან, ხოლო თავად საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს ხალხმა დასაჯა მთავრობა "გამოჩენილი უნიათობისა და სამშობლოს სიყვარულის არქონისათვის". თავად სააკაშვილის საინაუგურაციო სიტყვას კი გასდევდა მოწოდება: "ჩვენ ერთად უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა, ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი წინაპრების ოცნების საქართველო".

პატრიოტიზმის თემას უშუალოდ უკავშირდება საქართველოს ისტორიის სახელოვანი ფურცლებისა და დიდი წინაპრების გახსენება.
    
წარსულის გახსენება და საქართველოს ისტორიის მოშველიება

თუ გადავხედავთ საინაუგურაციო სიტყვებს, დავინახავთ, რომ სამივე პრეზიდენტი სხვადასხვა კუთხით იხსენებს ქვეყნის წარსულს და ამას მიმდინარე ეტაპის ამოცანების გადაწყვეტას უკავშირებს.

ზვიად გამსახურდია წარსულის გახსენებასთან ერთად არ ახსენებს არც ერთ ისტორიულ პირს და უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ "ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის გასაყარზე" და ახლა ქართველ ხალხს მართებს წინაპართა ღირსი იყოს. "ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის. ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისთვის", - ესაა ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 7 ივნისის სიტყვის დასკვნითი ნაწილის ფრაგმენტი.

ისტორიის გახსენების თავისი ვერსია ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს. 1995 წლის ინაუგურაციის დროს იგი აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი არა მარტო "სახელმწიფოს მეთაურია აწმყოში, არამედ ის ობიექტურად ქვეყნის ისტორიულ დროთა კავშირის სიმბოლო და გარანტიც არის". მისივე თქმით, ინაუგურაციის ცერემონია "საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, თავისუფლების დღესასწაულია" და აქედან გამომდინარე, ეს არა მარტო თანამედროვე საქართველოს დღესასწაული, არამედ "ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მესამის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე მეორის საქართველოს ზეიმიც" არის, ეროვნულ-ისტორიულ დონეზე დროთა კავშირის უწყვეტობის გამოხატულებაა.

შევარდნაძისთვის ისტორიული კავშირის ხაზგასმისა და წინაპრებისთვის პატივის მიგების თავისებური რიტუალი იყო ინაუგურაციის წინ მთაწმინდაზე ასვლა და ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული მოხსენიება. "მე დღეს თაყვანი ვეცი მამამთავრებს, რომლებიც ყველა დროის დიდ ქართველთან, ილია ჭავჭავაძესთან, წმინდა ილია მართალთან ერთად განისვენებენ მთაწმინდაზე", - აღნიშნა შევარდნაძემ 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში.

იგივე თემას ეხება შევარდნაძე 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაშიც. "უკვე ტრადიციად იქცა ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტის ასვლა მთაწმინდაზე. ეს თითქოს მისტიკური სულიერი შერწყმაა ერის წარსულთან".

მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძისგან განსხვავებით, მთაწმინდაზე აღარ ასულა, თუმცა თავის სიტყვაში მან მრავალგზის გაიხსენა წარსული. "ჩემს პრეზიდენტობას ვუძღვნი საქართველოს თავისუფლებისათვის დაცემულ გმირებს", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, უნდა ავაშენოთ საქართველო, რომელზედაც "ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები". სააკაშვილის სიტყვაში ბევრი სახელოვანი წინაპარი იყო დასახელებული, როდესაც "ქართული მხედრული სულის" აღორძინებაზე საუბრობდა. მაგრამ სააკაშვილის მიერ ისტორიის გახსენების ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავთან ინაუგურაციის წინა დღეს დადებული ფიცი იყო, რომ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლა მისი პრეზიდენტობის ძირითადი მიზანი იქნებოდა. "დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება საქართველოს უდიდესი მმართველის, ყველაზე დიდი ქართველის დავით აღმაშენებლის სული. მე მინდა ვუთხრა მას, მე მინდა, ვუთხრა საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა გმირს... საქართველო შეიკვრება ისევ ერთ ძლიერ სახელმწიფოდ", - აცხადებდა სააკაშვილი.

საინაუგურაციო სიტყვებში წარსულის გახსენების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ინაუგურაციის ადგილი - რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ. ეს ადგილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ეპიზოდებს უკავშირდება. ამ ფაქტის დაფიქსირება და პატივის მიგება საინაუგურაციო სიტყვების უცვლელ შემადგენელ ნაწილად იქცა, თუმცა განსხვავებული ნიუანსებით.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის წინ, სადაც 70-იან წლებში სახელმწიფო ენად დაკანონდა ქართული ენა. იქ, სადაც 9 აპრილს დაიღვარა ქართველ მამულიშვილთა უმანკო სისხლი, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და დაიწყო ახალი ხანა საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა შევარდნაძემ 1995 წლის ინაუგურაციის დროს.

1978 წლის 14 აპრილის გახსენება შემთხვევითი არაა. მაშინ საბჭოთა პერიოდში კონსტიტუციიდან ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის მოხსნას აპირებდნენ მოსკოვის მითითებით და საპროტესტო გამოსვლამ ამაზე ხელი ააღებინათ. ამას შევარდნაძე, რომელიც იმ დროს საქართველოს კომპარტიის ლიდერი იყო, თავის დამსახურებადაც აცხადებდა.

საინაუგურაციო სიტყვის ეს ეპიზოდი თითქმის უცვლელად გამეორდა შევარდნაძის 2000 წლის 30 აპრილის საინაუგურაციო სიტყვაშიც, სადაც პრეზიდენტი უკვე ხაზგასმით აღნიშნავს თავის დამსახურებას ქართული ენის დაცვის საქმეში: "სიმბოლურია ისიც, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება რუსთაველის გამზირზე, სადაც კომუნისტურ ეპოქაში ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით ქართული ენა - როგორც სახელმწიფო ენა. აქ, რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს დაიღვარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა წმინდა სისხლი. აქვე ახდა მათი ოცნება, - გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა".

როგორც ვხედავთ, გაჩნდა ახალი შტრიხი - დამოუკიდებლობის გამოცხადების ადგილი. 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში ედუარდ შევარდნაძე ამის ხსენებას მოერიდა, რადგანაც ეს ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა, ზვიადისტებთან კი შევარდნაძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე უკვე ლაპარაკობდა ეროვნული შერიგების პოლიტიკის განხორციელებისა და 1991-1992 წლების მოვლენების შეფასების მიცემის აუცილებლობაზე, რაც ზვიადისტების ტრადიციული მოთხოვნა იყო. "დამოუკიდებლობის გამოცხადების ადგილის" ხსენება ასევე ზვიადისტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ინაუგურაციის ადგილის თემაზე ვრცლად შეჩერდა თავისი სიტყვის დასაწყისშივე მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ მის საინაუგურაციო სიტყვაში აღარ იყო ნახსენები 14 აპრილის თემა. სამაგიეროდ გაიხსენა ის ფაქტი, რომ ამ ადგილას, საბჭოთა პერიოდამდე არსებული ეკლესიის ეზოში დაიმარხა თბილისის მისადგომებთან საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ნაწილი. "ეს არის ადგილი, სადაც საქართველოსთვის თავდადებული გმირები თავს სწირავდნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. აქ დაეცნენ იუნკრები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა არ დაეშვათ ბოლშევიკების მიერ საკუთარი სამშობლოს დაპყრობა და საქართველოს გათიშვა მსოფლიო პროცესებისგან ათწლეულების განმავლობაში. აქ დაიღუპნენ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის ცხრა აპრილს. სწორედ აქ მოხდა მათთან უსასტიკესი ანგარიშსწორება საბჭოთა ჯარებისა და ტანკების მიერ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ინაუგურაციის დროს გაჩნდა ახალი რიტუალიც - 15-წამიანი პატივის მიგება დაღუპულ გმირთა ხსოვნისათვის. დაღუპულთა გახსენებაც დაუკავშირდა "ოცნების" საქართველოსათვის ბრძოლის აუცილებლობას. "ეს ახალგაზრდები შეეწირნენ თავიანთ ოცნებას საქართველოსთვის. დღეს ჩემი და ჩვენი ვალია, ეს ოცნება ვაქციოთ რეალობად", - განაცხადა სააკაშვილმა.

ეკლესია და სახელმწიფო

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას საინაუგურაციო გამოსვლებში ყველაზე დიდი ადგილი დაუთმო ზვიად გამსახურდიამ. მისი თვალსაზრისი რამდენიმე დებულების სახით შეიძლება გადმოვცეთ:

- საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;

- ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;

- საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, რასაც ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;

- ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;

- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;

- ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს - ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;

- სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი ემყარება რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობასა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;

- ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;

- სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმეში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება;

- სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;

- ზემოთაღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მშენებლო-ბაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება. საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთე-ბისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.
როგორც ვხედავთ, ზვიად გამსახურდიას მიერ წამოყენებულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის როლისა და მნიშვნელობის მთელი კონცეფცია.

ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ხოლმე მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის თაობაზე 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში დაკმაყოფილდა მხოლოდ მოკლე ფრაზით: "სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისაგან, ხოლო ეკლესია სახელმწიფოსაგან, მაგრამ სახელმწიფო და ეკლესია ერთად ზრუნავენ ერსა და საქართველოზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე".

ამ ფონზე უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი არათუ არ შეხებია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, არამედ საინაუგურაციო სიტყვა საერთოდ თავისუფალი იყო რელიგიული დატვირთვისაგან. მხოლოდ საინაუგურაციო სიტყვის დასასრულს ახსენა ღმერთი ("ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!") და დავით აღმაშენებლის საფლავთან წარმოთქმულ სიტყვაში მადლობა გადაუხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა და კორუფციასთან ბრძოლა

კორუფცია განიხილება მთავარ დაბრკოლებად სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და აქედან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურად ფიგურირებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლება ყოველთვის თავს იწონებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებებით, ოპოზიცია კი ხელისუფლებას კორუმპირებულობაში სდებს ბრალს.

1995 წლის ინაუგურაციის დროს შევარდნაძე პირობას დებს, რომ გაძლიერდება ბრძოლა "დამნაშავე ელემენტებთან, განსაკუთრებით კორუფციასთან". ამ დროისათვის კორუფციასთან ბრძოლის თემას ჯერ კიდევ არ შეეძინა ქართულ პოლიტიკაში ის დატვირთვა, რაც მომდევნო წლებში მიიღო.

2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე უკვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უდიდესი ეროვნული და პოლიტიკური საქმეა, რადგანაც "ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ანგრევს სახელმწიფოს" და ეს "საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხია". შევარდნაძემ პირობა დადო, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდებოდა სპეციალური საპრეზიდენტო სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე.

შევარდნაძის დავალებით კორუფციის პრობლემა დაწვრილებითაც იკვლიეს და მასთან ბრძოლის სპეციალური პროგრამაც აამოქმედეს, მაგრამ კორუფციას ამით არაფერი დააკლდა. შესაბამისად, "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი, რამაც ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა, "შევარდნაძის კორუმპირებული მმართველობის დასასრული" იყო.

ცხადია, კორუფციის თემას შეეხო 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი თავის საინაუგურაციო სიტყვაში და მანკიერი კორუმპირებული სისტემის შეცვლის ამოცანა დასახა ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად. "ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ კორუფცია. ჩემთვის ყოველი კორუმპირებული თანამდებობის პირი, დღევანდელ ეტაპზე, ეროვნული ინტერესების მოღალატეა. ჩვენ ამოვძირკვავთ კორუფციას და შევცვლით სისტემას, რომელმაც კორუფციის მანკიერი წრე წარმოქმნა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსული ხელისუფლება ყოველთვის თავს იწონებდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებებით, მაგრამ 2007 წელს გახმაურებულმა კორუფციულმა სკანდალებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების ანტიკორუფციულ იმიჯს და 4 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი სპეციალური ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის გეგმით გამოვიდა. ეს ჯგუფი უშუალოდ პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშებს პარლამენტის თავმჯდომარესაც. ჯგუფის მიზანი იქნება მაღალჩინოსნების შემოწმება და კორუფციის ფაქტების გამოვლინება.

ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგაც ძირითად ბრალდებად კორუფციის თემას აყენებს, რასაც მთავრობის წარმომადგენლები არარეალურს უწოდებენ. საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისათვის კი ხელისუფლების კორუმპირებულობის საკითხი მარტივი ინდიკატორით წყდება - თუკი ჩემი ცხოვრების პირობები უმჯობესდება, მაშასადამე, ხელისუფლება კარგად მუშაობს, ხოლო თუკი ცხოვრება აუტანელი ხდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია.

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა საქართველოს სამივე პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ზვიად გამსახურდია განსაკუთრებით დაწვრილებით ჩერდება ამ თემაზე თავის საინაუგურაციო სიტყვაში. მისი განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა გულისხმობს "კანონის უზენაესობას და ავტორიტეტის დამკვიდრებას, სახელმწიფო ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, სამართლებრივი ნიჰილიზმის შეცვლას სამართლებრივი რწმენით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას, რომლის დაცვა და პატივისცემა სავალდებულოა ხელისუფალთათვის". თუმცა, გამსახურდია მიიჩნევდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არა მარტო საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო, არამედ უნდა აღორძინებულიყო ეროვნული კანონმდებლობა და ეროვნული სამართლებრივი სისტემა უნდა დამყარებოდა "ქართულ სამართლებრივ კულტურასა და ტრადიციებს".

სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში,  მაგრამ ამ საქმეში ეროვნული ტრადიციების გათვალისწინების თემა უკვე აღარ ფიგურირებს. 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში კი შევარდნაძემ სამართლებრივი სახელმწიფო უკვე აშენებულად გამოაცხადა. ცხადია, ეს განცხადება რეალობისგან შორს იდგა, როდესაც ხელისუფლებას შეეძლო "კანონზე მაღლა" დგომა და ხალხს ხელისუფლების კონტროლის რეალური სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნდა.

სააკაშვილი თავის საინაუგურაციო სიტყვაში სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. "საქართველოს უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა. მთავრობა, სადაც ყველა მოქალაქეა წარმოდგენილი და სადაც თითოეული ქართველის ხმა შეისმინება. აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას. დადგა დრო, მთავრობამ ძალიან ყურადღებით უსმინოს ხალხს. აქამდე მთავრობა იცავდა თავს ხალხისაგან. დადგა დრო, როცა მთავრობამ უნდა დაიცვას საკუთარი ხალხი და თითოეული მოქალაქე", - განაცხადა სააკაშვილმა. მანვე პირობა დადო, რომ მთავრობა ისევე იცხოვრებს როგორც ხალხი, "ისეთივე გაჭირვებაში. უნდა მოიჭიროს ქამრები, უნდა გაიჭირვოს". ზოგადად კი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა კვლავ ფიგურირებს უმთავრეს ამოცანად. "უნდა ავაშენოთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ძლიერი დემოკრატია".

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქცა. "ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების დაძლევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამა - პრეზიდენტის უმთავრესი საზრუნავია", - აღნიშნავდა შევარდნაძე 1995 წლის საინაგურაციო სიტყვაში. მისივე თქმით, 300 ათასი დევნილის დაბრუნება აფხაზეთში და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა "უახლოესი დროის ამოცანა" იყო.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შევარდნაძე უკვე აღარ ლაპარაკობს კონფლიქტების მოწესრიგების "ახლო პერსპექტივაზე", მაგრამ აღნიშნავს, რომ ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა ყველა მოქალაქის და პირველ რიგში "პრეზიდენტის ყველაზე დიდი ტკივილია" და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტას თავისი "ახალი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად" მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილმა თავის საპრეზიდენტო პროგრამაში უმთავრეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოაცხადა. "ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას", - აღნიშნა ინაუგურაციის დროს სააკაშვილმა  და თავისი ეს განცხადება დავით აღმაშენებლის საფლავზე წარმოთქმული სიტყვით: "ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე; უნდა მოვემზადოთ, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავძლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ეს სიტყვები 2004 წლის იანვარში ითქვა. საქართველოში ახალი არჩევნები ახლოვდება და კანონის უზენაესობის და მით უმეტეს "ქამრებშემოჭერილი" მთავრობის თემა კვლავ აქტუალურია.

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი უაღრესად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამის მიზეზი გახდა გარე ძალის მიერ სეპარატიზმის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, რასაც სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება მოჰყვა.

სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნების ამოცანა დგება. სწორედ ეს გარემოებაა ხაზგასმული ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვაში. "სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას. დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას", - აღნიშნავდა გამსახურდია 1991 წელს.

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხელისუფლება იმ აზრამდე მივიდა, რომ აუცილებელია ქვეყნის ფედერაციული მოწყობა და ეს იქნება კონფლიქტების მოგვარების გზა. "ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ დრომ მოიტანა საქართველოში ფედერალურ საწყისებზე სახელმწიფოებრივი მოწყობის აუცილებლობა", - ნათქვამია შევარდნაძის 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში.

აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა უკავშირდებოდა ავტონომიების საკითხის გადაწყვეტას, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთს. ზვიად გამსახურდია 1991 წელს საინაუგურაციო სიტყვაში ხაზს უსვამს, რომ ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს "აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება", აქედან გამომდინარე "საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა". ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ "აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია" და ის სამშობლოა როგორც ქართველთა ისე აფხაზთა. გამსახურდიას თქმით, "საქართველოს დამოუკიდებლობის რეალურ აღდგენასთან ერთად, უნდა აღდგეს ტრადიციული ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის".

როდესაც ზვიად გამსახურდია ამ სიტყვებს ამბობდა, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს ასე თუ ისე აკონტროლებდა და აფხაზურ მხარესთან მიღწეული იქნა სპეციალური შეთანხმებაც, ზემოაღნიშნული პრინციპების სარეალიზაციოდ, მაგრამ შევარდნაძე 1995 წელს უკვე სეპარატისტების ხელში გადასული აფხაზეთის ფაქტის წინაშე დგას და ცდილობს სტატუსის განსაზღვრით დააჩქაროს კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება. "აფხაზეთი იქნება საქართველოში ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი, ფართო პოლიტიკური სტატუსით. მას ექნება თავისი კონსტიტუცია, რომელიც უნდა შეეფერებოდეს ერთიანი სახელმწიფოს კონსტიტუციას. აფხაზეთის რესპუბლიკას ეყოლება თავისი პარლამენტი, უმაღლესი სასამართლო, ექნება თავისი ჰიმნი, გერბი, სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები", - ასეთი იყო სეპარატისტებისა თუ კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართული მხარეებისათვის ძირითადი გზავნილი.

შევარდნაძე ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს. მისი თქმით, ბალკანეთში კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ "დადგა კავკასიის ჯერი". აფხაზეთი კი "კავკასიის კონფლიქტების მოგვარების გასაღებია".

2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე იმავე საკითხზე უფრო მოკლედ ჩერდება და აღნიშნავს, რომ "გადასაწყვეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონსტიტუციური და არა მარტო კონსტიტუციური პრობლემები. ამ საკითხებზე ჩვენთან ერთად ფიქრობენ და მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები, პირველ რიგში, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები".

აფხაზეთის სტატუსის საკითხს მიხეილ სააკაშვილი საინაუგურაციო სიტყვაში არ შეხებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის ახსნა ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება: ჯერ ერთი, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აფხაზეთის სტატუსად უკვე ფაქტობრივად დასახელდა ის მაქსიმუმი, რისი მიცემაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ამ რეგიონისთვის, მეორეც, ახალ პრეზიდენტს სჭირდებოდა დრო კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში ახალი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.

საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა და ეროვნული უმცირესობები

საქართველოს სამივე პრეზიდენტი თავის საინაუგურაციო სიტყვებში ეხება ეროვნული უმცირესობების თემას. ეს გასაგებიცაა - საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს სწორედ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები შეადგენენ.

ზვიად გამსახურდია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ "უპრეცედენტო ანტიქართული პროპაგანდის პირობებში" დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოში "ქართველთა გვერდით დადგა არაქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი". მისივე განცხადებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელს გააჩნია არა მარტო საერთაშორისო სამართლით აღიარებული ყველა უფლება, არამედ "არსებობისათვის ესოდენ აუცილებელი კულტურული სივრცეც, რომლის გარეშეც ვერცერთი ეროვნული უმცირესობა ვერ იარსებებს და რომლის გარანტირებაც არ შეუძლია არცერთ დაწერილ კანონს".

ეროვნული უმცირესობების შესახებ საუბარი ედუარდ შევარდნაძის საინაუგურაციო სიტყვების აუცილებელი ნაწილი იყო. 1995 წელს შევარდნაძე აღნიშნავდა, რომ "სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა წარმოუდგენელია ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების მოუგვარებლად". მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი პრეზიდენტის სახელმწიფო პროგრამით უზრუნველყოფილია "ყველა ეთნიკური, ეროვნული და ენობრივი უმცირესობის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების რეალური დაცვა". 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში კი შევარდნაძე აღნიშნავს, რომ "საჭიროა, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების უფრო უკეთ გათვალისწინება ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში" და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ახალი პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვას.

მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვაში ახალი კუთხით საუბრობს ეროვნულ უმცირესობებზე. მისი თქმით, "საქართველო არის სახლი როგორც ყველა ქართველისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისათვის" და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც "საქართველო საკუთარი სამშობლოა, არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძური და სიმდიდრე".

ადგილი მსოფლიოში

საქართველოს სამივე პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვებში ეხება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებსაც. ოღონდ ცხადია, რომ განსხვავებულია ის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც დგას დღის წესრიგში.

ზვიად გამსახურდიას დროს უმთავრესი ამოცანა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და საინაუგურაციო სიტყვაში მიიჩნევს, რომ ამისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ცივი ომის დამთავრების შემდეგ. მას იმედი აქვს "მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების თანადგომისა", თუნდაც იმიტომ, რომ "საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ერთა თანაარსებობის ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების პრობლემაა".

მთავარი პრობლემა საბჭოთა კავშირის ან მისი სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგებაა. ეს მას ესახებოდა როგორც თანასწორუფლებიანი მოლაპარაკება "საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსა და საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ, ანექსირებულ და არასამართლებრივად ინკორპორირებულ სახელმწიფოებს შორის", რაშიც მიზანშეწონილად მიაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა. ეს ყოველივე, გამსახურდიას განცხადებით, უზრუნველყოფს მსოფლიოს ამ ნაწილზე "მშვიდობისა და დემოკრატიის საბოლოო დამკვიდრებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას". ურთიერთობის ნორმალიზაცია საბჭოთა კავშირთან და საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა სხვა სახელმწიფოთა მიერ, გამსახურდიას განცხადებით, განაპირობებს "სამაჩაბლოს კონფლიქტის მოწესრიგებასაც".

მოვლენები სხვანაირად განვითარდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებელი საქართველოს უმწვავეს პრობლემად სეპარატიზმის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქცა. ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის საინაუგურაციო სიტყვაში მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებრიობას და პირველ რიგში უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შეიმუშაონ "მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრესიული სეპარატიზმის და ექსტრემისტული ნაციონალიზმის აღკვეთის ღონისძიებანი". მისი გამოსვლა ასევე შეიცავს მოწოდებას "ახალი მსოფლიო დემოკრატიული წესის" დამკვიდრებისა და "პოსტსაბჭოურ სივრცეში აღმოცენებული სახელმწიფოებისათვის" განსაკუთრებული დახმარების თაობაზე.

2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძე აღარ გამოსულა გლობალური ინიციატივებით და აქცენტი გადაიტანა ტრასეკას განვითარებაზე და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრებაზე. "საქართველო გლობალური პროექტების შედგენასა და განხორციელებაშია ჩაბმული", - აღნიშნავს შევარდნაძე და ხაზს უსვამს, რომ საქართველო გახდა მსოფლიო თანამეგობრობის ისეთი წევრი, რომელიც "სჭირდება მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს".

2004 წელს სააკაშვილის საინაუგურაციო გამოსვლაში აქცენტი გადატანილია საქართველოს აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე, როდესაც იმას კი არ უნდა ველოდოთ თუ "რას გაგვიკეთებს მსოფლიო", არამედ დადგა დრო, როდესაც "უნდა ვიკითხოთ, საქართველო რას გაუკეთებს მსოფლიოს და რა წვლილი შეუძლია შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში". სააკაშვილის განცხადებით "საქართველო იქნება სტაბილური მოკავშირე ყველა მისი მეგობარი ქვეყნისა".

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო გამოკვეთილი ხდება "ევროპული ვექტორი" - კურსი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ცხადია, გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვაში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამხედრო დოქტრინა "პირველ რიგში გაითვალისწინებს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობას".

შევარდნაძე ევროინტეგრაციის თემაზე მხოლოდ 2000 წლის საინაუგურაციო სიტყვის დროს ალაპარაკდა. მან საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად მიაჩნია ევროკავშირთან და ევროატლანტური კავშირის სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში. სააკაშვილი პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ საქართველოს კურსი ევროპული ინტეგრაციაა და დროა "ევროპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო, გადმოდგმას ჩვენსკენ  ნაბიჯები".

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა იყო. ზვიად გამსახურდია თავის საინაუგურაციო სიტყვაში დაწვრილებით საუბრობს იმაზე, თუ როგორ ესახებოდა ამ ამოცანის გადაწყვეტა.

გამსახურდიას თქმით, სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნებს. "ასეთად, სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია: იგი ანსახიერებს სამ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფასეულობას: თავისუფლებას, ეფექტიანობას და სოციალურ თავისუფლებას. მის პირობებში ერთმანეთთან შეხამებულია თავისუფალი შრომის და სოციალური უფლების გარანტიები - საკუთრების პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია", - აღნიშნავდა გამსახურდია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლას გარკვეული დრო და თანაც პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესება სჭირდება. გარდამავალი პერიოდის პირველ ეტაპზე მოსალოდნელი იყო "წარმოების მოცულობის დროებითი შემცირება", მაგრამ ეს იყო საზღაური "70 წლიანი ტოტალიტარული სისტემისაგან გასათავისუფლებლად" და მხოლოდ ეს გზა იძლეოდა "თავისუფალ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შესაძლებლობას". ამავე დროს, გამსახურდია აღნიშნავდა, რომ ეს გადასვლა უნდა განხორციელებულიყო მინიმალური დანაკარგებით, რადგან საქართველოს განთავისუფლება არ უნდა ასოცირებულიყო "უმუშევრობასთან ან ინფლაციასთან".

ასეთი იყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხედვა, რომელიც გამსახურდიამ საინაუგურაციო სიტყვაში 1991 წლის 7 ივნისს ჩამოაყალიბა. იმის გამო, რომ გამსახურდია ნახევარი წლის შემდეგ დაამხეს, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, თუ რამდენად მოახერხებდა მის რეალიზებას, რამდენად მცირე იქნებოდა ხალხის ცხოვრების პირობების გაუარესება. ის, რაც შემდეგ საქართველოში დატრიალდა, იყო ნახტომი საბაზრო ეკონომიკის ყველაზე ველური ფორმებისაკენ, მოსახლეობისათვის ყველაზე მტკივნეული გზით და მაქსიმალური დანაკარგებით. შედეგად, შევარდნაძე 1995 წელს აღნიშნავდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს და მთავარ ამოცანად დიდ სოციალურ შეჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობის მხარდაჭერას სახავდა. "საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში უკვე მიღწეული შედეგების საფუძველზე დღის წესრიგში დგას წარმოების ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება", - აღნიშნავს შევარდნაძე 1995 წელს თავის საინაუგურაციო სიტყვაში.

ამავე სიტყვაში შევარდნაძე იძლევა უამრავ დაპირებას და ასახელებს უამრავ კონკრეტულ ციფრს, რაც მომავალ ხუთ წელიწადში მოხდებოდა "მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე" და უზრუნველყოფდა "მოსახლეობისათვის ნორმალური პირობების შექმნას".

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე მიუთითებდა "ექსპერტთა შეფასებაზე", დასახელებული ციფრების და ვადების მნიშვნელოვანი ნაწილი არარეალური აღმოჩნდა. მაგალითად, შევარდნაძე აცხადებდა, რომ ორ-სამ წელიწადში "უმუშევრობის დონე 5 პროცენტს, ანუ ნორმალურ ზღვარს" მიუახლოვდებოდა, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის, მინიმალური ხელფასი, პენსიები გადააჭარბებდა აუცილებელ "სამომხმარებლო კალათის" ღირებულებას.

2000 წლის საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძეს უკვე უხდება შეუსრულებელ დაპირებებზე საუბარი. "ძირითადად დავძლიეთ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვერ ავიყვანეთ საარსებო მინიმუმის დონეზე ხელფასები, პენსიები, სტიპენდიები, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემწეობები, დიდი პრობლემები გვაქვს ხალხის კეთილდღეობის ამაღლების სფეროში", - განაცხადა ახალ საინაუგურაციო სიტყვაში შევარდნაძემ.

მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ "90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ არ გვქონდა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა", ანუ იგულისხმებოდა, რომ 2000 წელს ასეთი ეკონომიკა უკვე არსებობდა. ეს კი, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ძალზე თამამი განცხადება იყო.

საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებით შევარდნაძე იქვე უფრო მოკრძალებულად აღნიშნავს: "ჩვენ დავასრულეთ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება. პრეზიდენტის ახალი პროგრამა - საბაზრო ეკონომიკის შემდგომი განვითარების ხუთწლიანი პროგრამაა".

ეკონომიკის "საბაზრო რელსებზე დაყენების" თანმხლები მოვლენა "ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია" აღმოჩნდა, რომელიც შევარდნაძის თქმით, "სახელმწიფოს ანგრევდა". კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმების თაობაზე უკვე ვისაუბრეთ.

ეტყობა შეუსრულებელი დაპირებების შედეგად შექმნილი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად, შევარდნაძის მეორე საინაუგურაციო სიტყვა, პირველისგან განსხვავებით, ნაკლებად შეიცავს კონკრეტულ დაპირებებს და მათი შესრულების ვადებს. შევარდნაძე 2000 წელს ითხოვს ახალ მანდატს "სიღატაკისა და სიღარიბის დაძლევისათვის", ახალ მანდატს "სოციალური უსამართლობის მოსპობისათვის, პენსიებითა და ხელფასებით საქართველოს მოქალაქეების გარანტირებული უზრუნველყოფისათვის". შევარდნაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისათვის "სოციალური პოლიტიკა უმთავრესი პრიორიტეტია". მისივე განცხადებით, "უნდა ავამაღლოთ ცხოვრების ხარისხი. საქართველოს მოქალაქეს უნდა შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები".

მიუხედავად ამგვარი ზოგადი განცხადებების სიჭარბისა, შევარდნაძე რამდენიმე კონკრეტულ დაპირებასაც იძლევა, რომლებიც კვლავ არარეალური აღმოჩნდა, მაგალითად, სიღატაკის დაძლევასთან დაკავშირებით.

"საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში სიღატაკეს დავძლევთ, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარს მნიშვნელოვნად შევამცირებთ", - აცხადებდა შევარდნაძე. ამ სიტყვების წარმოთქმიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ შევარდნაძემ "ვარდების რევოლუცია" მიიღო და სიღარიბის დაძლევაც უკვე აღარ იყო მისი პრობლემა.

მიხეილ სააკაშვილი კი თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნავს, რომ ქვეყნის "უზარმაზარ და გამოუყენებელ რესურსებს" აამოქმედებს, "რათა საზოგადოება ფეხზე დადგეს, რათა ჩვენ გაჭირვებას ეშველოს, რადგან გაჭირვება და სიღატაკე ქართველი ერის და მისი ისტორიის, მისი კულტურის, თითოეული ადამიანის, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფაა". რამდენად მოხერხდა ამის გაკეთება "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

მალხაზ მაცაბერიძე