ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
"ინ ვიტრო"-განაყოფიერება ამიერკავკასიაში მხოლოდ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტშია დანერგილი
#2(10), 2006
"ინ ვიტრო"-განაყოფიერების არსი
 
თბილისში, იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფუნქციონირებს ამიერკავკასიაში პირველი "ინ ვიტრო"-განაყოფიერების განყოფილება, რომლის წყალობითაც 2000 წლიდან დღემდე ქვეყნიერებას სამასამდე ე.წ. "სინჯარის" ბავშვი მოევლინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს განყოფილება ამიერკავკასიაში მხოლოდ პირველი კი არა, ერთადერთიცაა. საქმე ის გახლავთ, რომ ანალოგიური პროფილის თითო-თითო განყოფილება მიმდინარე წელს უცხოელებმა სომხეთსა და აზერბაიჯანში კი გახსნეს, მაგრამ იქ ჯერ საბოლოო შედეგი არ მიუღიათ, ანუ არც ერთი "სინჯარის" ბავშვი არ დაბადებულა.

ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი სახელოვანმა მეცნიერმა იოსებ ჟორდანიამ უნაყოფობის მკურნალობისათვის დააარსა. გაისად ინსტიტუტს 50 წელი შეუსრულდება. როგორც მისი გენერალური დირექტორი, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე შენიშნავს, ეს ამ პროფილის ყველაზე ძველი დაწესებულებაა მსოფლიოში და მისი დაარსების მომენტიდან 20 წლის განმავლობაში მეტი არც არსებობდა სადმე ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. აქ დანერგილია უშვილობისა და უნაყოფობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, დაწყებული ლაპარასკოპიით და დამთავრებული ყველაზე რთულით _ "ინ ვიტრო"- განაყოფიერებით, რასაც ემსახურება "ინ ვიტრო"-განაყოფიერების განყოფილება გია ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით.

საერთოდ, "ინ ვიტრო"-განაყოფიერების ისტორია არც თუ ხანგრძლივია. პირველი ბავშვი "ინ ვიტრო" განაყოფიერების მეთოდით ჩაისახა და დაიბადა ინგლისში, 1978 წელს. მისი "ავტორები" არიან ექიმი პატრიკ სტეპკო და ემბრიოლოგი რობერტ ეტუატსი. დაიბადა გოგონა ლიზა ბრაუნი, რომელიც ამჟამად 28 წლისაა და ლონდონთან ახლოს ცხოვრობს.

"ინ ვიტრო"-განაყოფიერების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხდება ქალის საკვერცხის ფოლიკულიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის ამოღება, მისი განაყოფიერება მამაკაცის სპერმით და უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ანუ ემბრიონის დაბრუნება დედის ორგანიზმში, საშვილოსნოში. როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, ეს მეთოდი მოგონილი არის იმისთვის, რომ დედ-მამას ჰყავდეს თავისი გენეტიკური შვილი; ხოლო იდეა "ინ ვიტრო"-განაყოფიერების ჩატარების წარმოიქმნა იმიტომ, რომ ბუნებრივი გზით შვილი არასდროს ეყოლება ქალს, რომელსაც საკვერცხე მილები არ აქვს (ვთქვათ, ორჯერ გადაიტანა საშვილოსნოსგარე ორსულობა), ან აქვს, მაგრამ ის გაუვალია გარკვეული მიზეზების გამო (მაგალითად, შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შედეგად იყოს მილები დახურული, რისი გამოსწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია).

კვერცხუჯრედის მოსაპოვებლად თავდაპირველად ლაპარასკოპული მეთოდი გამოიყენებოდა. სწორედ ასე ჩაისახა პირველი ბავშვი 1978 წელს.
ამის შემდეგ "ინ ვიტრო"-განაყოფიერების მეთოდი ძალიან სწრაფად ვითარდება, იმიტომ რომ დამუშავდა სხვადასხვა ტექნოლოგია, უაღრესად განვითარდა ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებები, ანუ ექოსკოპები. გაჩნდა ახალი მიმღები _ ვაგინალური მიმღები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საშოსმხრივი დათვალიერება. გარდა ამისა, ვაგინალური ექოსკოპების საშუალებით შესაძლებელი გახდა საკვერცხეების პუნქციის გაკეთება და ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედების ამოღება. ეს არის ბევრად გამარტივებული პროცესი, იმიტომ რომ არ მოითხოვს ისეთ ხარჯებს, ხანგრძლივ ნარკოზს და არაა ისეთი ტრამვული, როგორიც, ვთქვათ, არის ლაპარასკოპია. დღესდღეობით ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედების მიღება ხდება ვაგინალური მთვლელით, ექოსკოპირების კონტროლის ქვეშ.

ხომასურიძის ნასწავლით ლეონოვმა სახელი გაითქვა, აქ კი ლეონოვს 11 წლით ჩამოვრჩით!

საინტერესოა, რომ იდეა საბჭოთა კავშირში "ინ ვიტრო"-განაყოფიერების დანერგვისა ეკუთვნის არჩილ ხომასურიძეს, რომელიც იმხანად მუშაობდა მოსკოვში, გინეკოლოგიის საკავშირო ინსტიტუტში, ძალიან ახალგაზრდა იყო და ნოვატორული სულისკვეთებით გამოირჩეოდა. მასვე ეკუთვნის საბჭოთა კავშირში მრავალი სიახლის შემოღება, მაგალითად, მინიაბორტისა და მედიკამენტური აბორტისა, რაც გაცილებით ნაკლებ გართულებებს იწვევს.
"ინ ვიტრო" ანუ სინჯარაში განაყოფიერების იდეოლოგია ხომასურიძემ საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და ამის თაობაზე მოუყვა თავის კოლეგებს, რომლებიც ძალიან კონსერვატორები იყვნენ. ერთი მისი ახლო მეგობარი, ბორის ლეონოვი, პრაქტიკულად, ექიმი არც იყო, ემბრიოლოგი გახლდათ და სულ უნდოდა, კლინიკაში როგორმე "შემძვრალიყო". მას შესთავაზა არჩილ ხომასურიძემ: ეს ხომ თითქმის ემბრიოლოგიაა და ხელი მოჰკიდე ამ საქმესო! ლეონოვმა მართლაც დაიწყო, მეთოდოლოგიურად დანერგა და მერე, პირველი ბავშვი რომ დაიბადა, ხომასურიძე უკვე თბილისში იყო გადმოსული. 
ოცდაერთნახევარი წელია, რაც ბატონი არჩილი ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში მუშაობს.

საბჭოთა კავშირში პირველი "სინჯარის" ბავშვი 1985 წელს დაიბადა, გოგონა _ ლენა კალინინა. მას დედის მკურნალი ექიმის სახელი დაარქვეს და უკვე 20 წელი შეუსრულდა. ლენა უკრაინელია.

ხომასურიძემ თბილისში გადმოსვლისთანავე პირველი ნაბიჯი სწორედ "ინ ვიტრო"- განაყოფიერების მეთოდის დანერგვისკენ გადადგა, რაც სავსებით გასაგებია, იმიტომ რომ ჟორდანიას ინსტიტუტი არავის უნდა ჩამორჩენოდა. ახალგაზრდები ტრეინინგზე გააგზავნა ამერიკაში და მათაც ისწავლეს. ინსტიტუტმა ყველა აპარატურა შეიძინა (საბჭოთა პერიოდში ამის საშუალება ჰქონდა) და დაამონტაჟა. მთელი ლაბორატორია გამზადებულ-გაშანშალებული იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო პროცესი, რომელსაც ხომასურიძე ირონიით უწოდებს "გაუმარჯოს დამოუკიდებლობას!" ანუ დაიწყო რევოლუციები, სირბილი, უშუქობა და უწყლობა. არადა, თერმოსტადი წამითაც რომ გაითიშოს, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მაშინვე იღუპება. მოკლედ რომ ვთქვათ, ჟორდანიას ინსტიტუტში შეჩერდა მუშაობა "ინ ვიტრო"-განაყოფიერების მეთოდის დანერგვაზე. ბორის ლეონოვმა კი გააკეთა ყველაფერი, რაც მას ხომასურიძემ ასწავლა, მაგრამ აქ ხომასურიძის ხელმძღვანელობით მომუშავე ჟორდანიას ინსტიტუტში ლეონოვს 11 წლით ჩამორჩნენ! სანამ ჩვენთან გენერატორები შეიძინეს და შუქის პრობლემაც ასე თუ ისე მოგვარდა, ამასობაში ნავარჯიშევი ახალგაზრდები იმდენად კარგი სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, რომ სამუშაოდ დასავლეთში დარჩნენ.
ხომასურიძეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. დასჭირდა ახალი კადრების აღზრდა. აპარატურა, რომელშიც ათეულ ათასობით საბჭოთა მანეთი იყო გადახდილი, მორალურად მოძველდა და საჭირო გახდა ახლის ყიდვა, მაგრამ უკვე აშშ დოლარებში. 2000 წელს დაიბადა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში პირველი "ხელოვნური" ბავშვი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: ჩემი მოგონილი საქმე ჩემს ინსტიტუტში ამდენი ხნის დაგვიანებით გაკეთდა, ხოლო ბორიამ ამასობაში სახელი გაითქვა და რუსეთში უკვე 10 ათასზე მეტი "ხელოვნური" ბავშვია დაბადებულიო, _ გულისტკივილით აღნიშნავს ბატონი არჩილი. სამწუხაროდ, ბორის ლეონოვი 2 წლის წინათ გარდაიცვალა თავის სიმსივნით.

ჟორდანიას ინსტიტუტის "ინ ვიტრო"-განაყოფიერების განყოფილება მსოფლიო დონისაა

გია ცაგარეიშვილი ჟორდანიას ინსტიტუტში 1985 წლიდან მუშობს, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. ჟორდანიას ინსტიტუტში სამუშაოდ მოხვედრა ადვილი არც ახლაა და არც ადრე ყოფილა. როგორც თავად ცაგარეიშვილი იხსენებს, მიღებისას ხომასურიძეს უთქვამს: აქ იმ პირობით იმუშავებ, თუ თავს მოაბამ "ინ ვიტრო"-განაყოფიერების საკითხის ბოლომდე მიყვანასო. დაიწყო მუშაობის დაწყებისთანავე მივლინებები მოსკოვში, საზღვარგარეთ... ლეონოვის კლინიკა პირველი "ინ ვიტრო" ბავშვის ჩასახვაზე რომ მუშაობდა, მასში ცაგარეიშვილიც იყო ჩართული.
დღეს ცაგარეიშვილი ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში "ინ ვიტრო"-განაყოფიერების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ეს განყოფილება მსოფლიო დონის გახლავთ. აქ "ინ ვიტრო"-განაყოფიერება ისევე კეთდება, როგორც ამერიკაში, იაპონიაში, ინგლისსა თუ საფრანგეთში. აქ გამოიყენება მეთოდი "იქსი", ანუ ციტოპლაზმაში სპერმის ინექციის მეთოდი მიკრომანიპულატორების საშუალებით. ეს არის მეთოდი, რომელმაც მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვიტა. საერთოდ, სპერმატოზოიდების რაოდენობა მილიონობით უნდა განისაზღვრებოდეს, რათა შეძლოს ბუნებრივი გზით განაყოფიერება და როცა მას აქვს ერთეულები, ამ ლაბორატორიაში შეუძლიათ, რომ თითოეული სპერმატოზოიდის ინექცია გააკეთონ კვერცხუჯრედში და კვერცხუჯრედი ასე გაანაყოფიერონ.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მამაკაცს საერთოდ არა აქვს სპერმატოზოიდი. ასეთ შემთხვევაში ცაგარეიშვილის განყოფილებაში აკეთებენ სათესლე ჯირკვლის პუნქციას, ქსოვილში პოულობენ უმწიფარ სპერმატოზოიდებს, მათ ამწიფებენ და მერე ახდენენ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას.
არსებობს კიდევ ჩვეულებრივი "ინ ვიტრო", როდესაც სპერმის პრობლემა არაა და სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში აღწევს ბუნებრივად, ოღონდ ორგანიზმის გარეთ. ამისთვის კი ერთ სინჯარაში ათავსებენ კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდებს. თუ სპერმატოზოიდების რაოდენობა თითო კვერცხუჯრედზე არ მოდის 200 ათასიდან 300 ათასამდე, ისე განაყოფიერება ვერ მოხდება, ვინაიდან კვერცხუჯრედს აქვს თავისი გარსები, რომლის დარღვევასაც სპერმატოზოიდები ერთობლივად ახდენენ. როგორც კი ეს გარსები დაირღვევა და ყველაზე წარმატებული სპერმატოზოიდი შეაღწევს, გარსი უმალ დაიკეტება და დანარჩენი სპერმატოზოიდები ვეღარ შევლენ კვერცხუჯრედში.
განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი გენეტიკური დედის საშვილოსნოში ინერგება. ზოგჯერ შესაძლებელია, რომ ქალს საშვილოსნო არა აქვს, მაგრამ აქვს საკვერცხეები და უნდა, რომ თავისი შვილი ჰყავდეს. ასეთ შემთხვევაში იღებენ მის კვერცხუჯრედს, ანაყოფიერებენ ამავე ქალის მეუღლის სპერმით და ემბრიონი გადააქვთ იმ ქალის საშვილოსნოში, ვინც თანახმაა 9 თვის განმავლობაში მუცლით ატაროს ნაყოფი, რომელიც არაა მისი გენეტიკური შვილი. აღნიშნულ ქალს ჰქვია სუროგატული დედა. სუროგატობის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ისიც სუროგატია, როდესაც ცოლი თანახმაა და ქმარი პირდაპირი გზით ანაყოფიერებს სხვა ქალს. ფაქტი სუროგატობისა იმაში მდგომარეობს, რომ უნაყოფო ოჯახს ფულის გამო სხვა ქალი უხდენს კულტივაციას თავის საშვილოსნოში. ხომასურიძე აცხადებს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით სუროგატული დედა არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.
ცაგარეიშვილის თქმით, "ინ ვიტრო"-განაყოფიერებისას ორიდან ხუთ დღემდე არის ის ვადა, როდესაც ემბრიონი შეიძლება იყოს ორგანიზმის გარეთ. ამის შემდეგ ის გადააქვთ საშვილოსნოში. გადატანილი ემბრიონი საშვილოსნოს კედელს მიემაგრება თუ არ მიემაგრება, _ ეს უკვე დამოკიდებულია ქალის ორგანიზმზე და ბევრ ისეთ ფაქტორზე, რომელიც ჯერჯერობით ამოუცნობია. "ინ ვიტრო"-განაყოფიერების მეთოდის ეფექტურობა, ანუ ინდექსი სახელწოდებით "ბავშვი სახლში" მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი არის საშუალოდ 25% და ჩვენთანაც იგივეა.

ჩვენნაირი ქვეყნისთვის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს

რამდენად ბევრი თუ ცოტა პაციენტი აკითხავს ჩვენში "ინ ვიტრო"-განაყოფიერების განყოფილებას? ცაგარეიშვილის შეფასებით, საქართველოში ნებისმიერი სიახლე რთულად იკიდებს ფეხს, "იმიტომ, რომ ხალხი ძალიან ფრთხილია". შედარებისათვის ცაგარეიშვილს შემდეგი მონაცემები მოჰყავს: აქაური კლინიკა და ეკატერინბურგის კლინიკა ერთდროულად გაიხსნა: პირველი წლის ბოლოს, როდესაც რეპროდუქტოლოგები ყრილობაზე შეიკრიბნენ და ანგარიშით წარსდგნენ, აღმოჩნდა, რომ ეკატერინბურგის კლინიკაში გატარებული ჰყავდათ 750 პაციენტი, ხოლო ჩვენთან – მხოლოდ 30.
დღესდღეობით მაინც მოხდა ამ მეთოდის პოპულარიზაცია. თავად ჟორდანიას ინსტიტუტი რეკლამას ვერ აკეთებს, რადგან ძვირია. რა თქმა უნდა, მეთოდის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ამ საკითხით მას-მედიის გარკვეულწილად დაინტერესებამაც, მაგრამ ორსული პაციენტია ყველაზე კარგი და დიდებული რეკლამა! პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი. ცაგარეიშვილის მონაცემებით, საქართველოში არის დაახლოებით 35 ათასი რეპროდუქციული ასაკის უნაყოფო წყვილი და აქედან, სულ ცოტა, 70% მაინც საჭიროებს "ინ ვიტრო" განაყოფიერებას. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ განყოფილებაში პაციენტები მიდიან კატასტროფული დაგვიანებით, მიდიან ქალები, რომელთა უნაყოფობის ხანგრძლივობა 10-15 წელია და რომელთაც გამოვლილი აქვთ საქართველოს თითქმის ყველა კლინიკა, ექიმი თუ ექიმბაში და ფაქტობრივად, ამით მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს. ეს ფაქტი ამ სფეროში ჩვენი ხალხის განათლების დაბალი დონის, ჩვენი მედიცინის და ჩვენი საინფორმაციო წყაროების მუშაობის სისუსტის მაჩვენებელია. მთელს მსოფლიოში უნაყოფობის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 წელიწადს და ასეთი პაციენტები ბევრად უფრო პერსპექტიულები არიან, ვიდრე ჩვენებური 15 წლის უნაყოფონი.
არჩილს ხომასურიძე აცხადებს, რომ ეს მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებისა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტისათვის ეკონომიკურად სულაც არ არის საინტერესო და ალბათ, კარგა ხანს იქნება ასე. არ არის საინტერესო იმიტომ, რომ ძალიან ძვირადღირებული მეთოდია, ხოლო ცხოვრების დონე ჩვენთან უაღრესად დაბალია, შესაბამისად დაბალია მოსახლეობის გადახდისუნარიანობა. პრაქტიკულად "ინ ვიტრო"-განაყოფიერებიდან ინსტიტუტი შემოსავალს ვერ იღებს. თავიდან განყოფილება დოტაციური იყო (ან რა შემოსავალი შემოვიდოდა, მთელი წლის განმავლობაში 30 პაციენტს რომ მოემსახურებოდა?!). ამჟამად განყოფილების შემოსავალი მხოლოდ ამავე განყოფილების ხელფასების ხარჯებს სწვდება და ვერც ჰორმონალურ ლაბორატორიას, ვერც ექოსკანირების განყოფილებას, ვერც ქირურგიას რენტაბელურობის თვალსაზრისით ვერ შეედრება. ფასს ვერ გაზრდიან, ვინაიდან მერე პაციენტი ვეღარ გადაიხდის. არადა, ფასი "ინ ვიტრო"-განაყოფიერების ერთი მცდელობისა ყოველგვარი გარანტიის გარეშე, აქამდე თუ 1500 დოლარამდე იყო, მიმდინარე წლის იანვრიდან გახდა 2500 დოლარი. ხომასურიძე ირწმუნება, რომ ამ გაძვირების გამო კლიენტთა რაოდენობა არ შემცირებულა. მისივე ინფორმაციით, იგივე პროცედურა მოსკოვში, ლეონოვის კლინიკაში ღირს 3-4 ათასი დოლარი, გერმანიაში – 5 ათასი დოლარი, ინგლისში – 7 ათასი დოლარი, ამერიკაში კი 15-17 ათასი დოლარი და როგორიც ჩვენთან, იქაც ისეთივეა დონეც, ეფექტურობაც. განსხვავება ის არის მხოლოდ, რომ ჩვენთან ღირებულებას თუ მთლიანად პაციენტი იხდის, განვითარებულ ქვეყნებში თავის მოქალაქეს სახელმწიფო უხდის ზოგან ერთ, ზოგან  ორ და ზოგან სამ ცდას "ინ ვიტრო"-განაყოფიერებისა. ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი დაფინანსება ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება და რუსეთი აპირებს დაფინანსებას. მოგეხსენებათ, საერთოდ, დემოგრაფიული პრობლემა იქაც მწვავედ დადგა და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რუსეთმა წელს სერიოზული ხარჯები გამოყო. სწორედ აქაური დაბალი ფასის გამო, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტს "ინ ვიტრო"-განაყოფიერების მიზნით უცხოელი პაციენტებიც მიმართავენ ხოლმე.
ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ საქართველოში ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა და მისი კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ "ინ ვიტრო" განაყოფიერების მეთოდი პრობლემაა ვერანაირად ვერ შეარბილებს, მაგრამ სახელმწიფო რაღაცა დონით მაინც უნდა ახერხებდეს ამ მეთოდის ფინანსურ მხარდაჭერას. არადა, არა მხოლოდ "ინ ვიტრო" განაყოფიერების განყოფილება, საერთოდ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს არ ღებულობს, სრულ თვითდაფინანსებაზეა და სახელმწიფოს ისევე უხდის ბეგარას, როგორც რესტორანი, ბენზინგასამართი სადგომი თუ მაღაზია, რადგან მათსავით შპს-ს წარმოადგენს.
დღევანდელი ღირებულებით, რაც ინსტიტუტს უჯდება "ინ ვიტრო"-განაყოფიერების მეთოდი, ეს საქმე არც ერთი ბიზნესმენისთვის არაა ეკონომიკურად ოდნავ მაინც მიმზიდველი. ხოლო თუ ვინმე მაინც დაინტერესდება, მას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანური მისია, რომ ქვეყნის დემოგრაფიის სასიკეთოდ გააკეთოს რაიმე.
ბუნებრივია, ხომასურიძე სავსებით ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დაისახოს და ჟორდანიას ინსტიტუტსაც სათანადო მხარდაჭერა გაუწიოს; მაგრამ გენერალურ დირექტორს ამის იმედი მაინცდამაინც არა აქვს; მიაჩნია, რომ არც ღირს თხოვნა, რადგან ქვეყანაში, სადაც ვერ ფინანსდება ინსულტი და ინფარქტი, სახელმწიფოს ვერ მოსთხოვ, უშვილობის მკურნალობა დააფინანსეო. ჟორდანიას ინსტიტუტში "ინ ვიტრო" განაყოფიერება ერთ-ერთი მეთოდია და მხოლოდ ამ მეთოდით 6 წელიწადში 300 ბავშვი დაიბადა. საერთოდ კი წელიწადში აქ 700-800 ბავშვს "აკეთებენ" (სწორედ, რომ "აკეთებენ", იმიტომ რომ ამათი პროდუქცია ეს არის), ანუ დღეში ორს! თავად განსაჯეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია უშვილო ოჯახისათვის და ჩვენნაირი დემოგრაფიული სურათის მქონე ქვეყნისათვის, შადრევნის გახსნა თუ ერთი ბავშვის დაბადება!

როგორი ბავშვები იბადებიან "ინ ვიტრო"-განაყოფიერების შედეგად

როგორები გამოდიან ფიზიკურად და გონებრივად ეს "ხელოვნური", ანუ მკურნალობის შედეგად მიღებული ბავშვები? – თურმე, ყველანი (განსაკუთრებით, ექიმები) ამას ეკითხებიან არჩილ ხომასურიძეს და იგი, როგორც ამ საქმის ექსპერტი, სრული პასუხისმგებლობით პასუხობს, რომ გამოდიან მინიმუმ ისეთები, როგორებიც ბუნებრივი გზით დაბადებულნი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში – უფრო უკეთესნი, ვინემ ფიზიოლოგიური გზით გაჩენილნი.
იგივე, ლიზა ბრაუნს ხომასურიძე ორჯერ შეხვედრია: პირველად, 14 წლისას და მეორედ, 18 წლისას. მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ყოფილა, გონებრივადაც და ფიზიოლოგიურადაც ნორმალურად განვითარებული. რა თქმა უნდა, ლიზამ იცის, რომ პირველი "სინჯარის" ბავშვია. მას ყველა იცნობს. ის მსოფლიო ვარსკვლავია.
აი, ჩვენთან კი არც პირველი და არც მეორე "სინჯარის" ბავშვის ვინაობა არ გამჟღავნებულა, რადგან ასეთი გახლდათ მშობლების კატეგორიული მოთხოვნა. პირველი ბავშვი მცხეთიდან იყო და მეორე – ბათუმიდან. მესამის, ნიკუშა ინწკირველის დაბადების შესახებ უკვე ფართო საზოგადოებამ შეიტყო, ვინაიდან დედ-მამა მშვენივრად აცნობიერებს, რომ ნიკუშა მათი გენეტიკური შვილია. ის, რომ განაყოფიერება სინჯარაში ხდება, ექიმებისთვისაა ძნელი, თორემ დედ-მამისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მსოფლიოში მილიონ 200 ათასი "სინჯარის" ბავშვია დაბადებული.
გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობაც "ინ ვიტრო" განაყოფიერების შედეგადაც ისეთივეა, როგორიც ბუნებრივი განაყოფიერების გზით დაბადებულებში. მსოფლიო ნორმაა 100 გოგონაზე 106 ბიჭი, მაგრამ იმის გამო, რომ ბიჭები უფრო სუსტები არიან და აგრესიულებიც, უფრო ადვილად იღუპებიან და 20-25 ასაკისთვის თანაფარდობა ხდება 100 ვაჟი 100 ქალზე. მერე 50 წლის ასაკში კი ქალები უფრო მეტნი არიან. საერთოდ, მსოფლიო მოსახლეობის 52%-ს ქალები და 48% კაცები შეადგენენ.
თურმე, განგებას ისე უნებებია, რომ კონფლიქტურ რეგიონებში ბიჭები იმაზე უფრო მეტნი იბადებიან, ვიდრე არის მსოფლიო ნორმა. ჩვენთანაც ხომ ქრონიკულად კონფლიქტური სიტუაციაა და ამიტომ ახალშობილებში 100 გოგონაზე 118 ბიჭი მოდის.
და ბოლოს, "ინ ვიტრო" განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ხშირია ტყუპების დაბადება, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში, რაც ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში მაინცდამაინც არ მოსწონთ, ვინაიდან ქალს ტყუპების შენარჩუნება უძნელდება. აქ სამ-ოთხჯერ სამ-სამი და ორჯერ ოთხ-ოთხი ტყუპისცალი დაიბადა. რაც შეეხება ორ-ორის გაჩენას, ასეთ შემთხვევას ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დალი ჩიკვაიძე