ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვების სერვისი საქართველოში
#2(10), 2006
რა დროში და რა ფასად მიაღწევს გზავნილი ადრესატამდე

მას შემდეგ, რაც ადამიანი დარწმუნდა, რომ მტრედი და ზღვაში გადაგდებული ბოთლი სასურველ ადამიანამდე ამბავს ყოველთვის ვერ მიიტანს, ამბის გადატანის უფრო საიმედო საშუალების აუცილებლობა გაჩნდა. ფოსტის განვითარებაც სწორედ ამ აუცილებლობამ გამოიწვია. თუმცა მე-19 საუკუნეში ცხოვრების განვითარების დაჩქარებულმა ტემპმა ახალი აუცილებლობა მოიტანა და უკვე დაჩქარებული ფოსტაც გამოჩნდა. მე-20 საუკუნეშივე მსოფლიოში უკვე რამდენიმე სწრაფი საფოსტო გადაზიდვების კომპანია მუშაობდა. 

დღეს საქართველოში შემოსულია მსოფლიოში დაჩქარებული ფოსტის ყველა გიგანტი: დიეიჩელი (DHL), იუპიესი (UPშ), ფედერალ ექსპრესი (FედEხ), ტიენტი (თNთ) საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობებს ფლობენ. ასევე ბევრი კლიენტი ჰყავს სახელმწიფო დაჩქარებულ ფოსტას. როგორც ცნობილია, საქართველოდან დღესდღეობით მილიონ ადამიანზე მეტია გასული და ცხადია, მათ ახლობლებთან ამანათების გაგზავნის და მიღების აუცილებლობაც აქვთ. რა განსხვავებული სერვისები აქვთ სწრაფი საფოსტო გააზიდვების კომპანიებს და რა პრივილეგია შეიძლება კლიენტმა რომელიმე მათგანს მიანიჭოს, ამ თემით ჩვენი ჟურნალი დაინტერესდა. 

საქართველოში ფოსტამ მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა დაჩქარებული საფოსტო სერვისი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვების კომპანიებში აცხადებენ, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და საქართველოს რეგიონში წერილების და ამანათების ადრესატამდე დაუყოვნებელ მიტანა. გაგზავნის ფასი კი ადრესატის მანძილზე და საფოსტო გზავნილის მოცულობაზეა დამოკიდებული. 

ტარიფების და ტვირთის ადგილამდე ჩატანის ვადების წინასწარ განსაზღვრისათვის ქვეყნები ზონებად არის დაყოფილი. საფოსტო თვალსაზრისით მსოფლიოში სულ 6 ზონაა. ყველა ქვეყანას მიკუთვნებული აქვს შესაბამისი ზონის ნიშანი. რაც უფრო რთულად მიღწევადი ქვეყანაა მანძილის თუ პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით, მით უფრო მაღალია იმ ქვეყნისთვის ზონის აღმნიშვნელი ციფრი. მაგალითად, საქართველოსთვის ყველაზე ახლო მეზობელ ქვეყანას აზერბაიჯანს ზონის მიხედვით ციფრი 1 აქვს მიკუთვნებული და იმ ქვეყნების რიგში შედის, სადაც საქართველოდან ყველაზე იაფია ზონის მიხედვით გზავნილის ჩატანა.

EMS  (იემესი) 

საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა _ "EMშ" 2001 წლიდან ამუშავდა. მანამდე EMშ-ს საქართველოში კერძო კომპანია წარმოადგენდა, თუმცა 2001 წელს ეს ლოგო სახელმწიფომ დაიბრუნა და გახდა შპს "საქართველოს ფოსტის" საკუთრება. 

არსებობს სახელმწიფო ფოსტა, სადაც გზავნილები ჩვეულებრივ ხორციელდება და მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს, თუმცა იემესი წარმოადგენს ბევრად დაჩქარებულ გადაზიდვებს და ამიტომ სწრაფი გადაზიდვის სერვისი თავის მხრივ საკმაოდ მრავალ კლიენტს მოიცავს. როგორც საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის უფროსი გრიგოლ გოგავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, იემესს საკმაო კლიენტი ჰყავს, თუმცა სრული დატვირთვით რომ ამუშავდნენ, ამისთვის ხელისშემშლელი პირობებიც აქვთ. გრიგოლ გოგავა აღნიშნავს, რომ მათ მიერ ამანათების ადრესატამდე მიტანა სახელმწიფო ფოსტის ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურებასთან შედარებით ბევრად სწრაფად ხორციელდება.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, იემესის საშუალებით თითქმის ყველა იმ ქვეყანასთან შეიძლება გზავნილების გაგზავნა-მიღება, რასაც კერძო კომპანიები ახორციელებენ. თუმცა იემეს-ს კონკურენტული ფასი აქვს და მისი სერვისი შედარებით იაფია. ამანათის ადრესატამდე მიტანის ღირებულება კერძო კომპანიის ტარიფებს რომ შევადაროთ, საკმაო განსხვავებას აღმოვაჩენთ. მაგალითად, 1 კილოგრამიანი ამანათი პირველი ზონის ქვეყანაში სახელმწიფო ფოსტით რომ გაგზავნოთ, 23 აშშ დოლარი ღირს, კერძო კომპანია დიეიჩელი-ს ტარიფი 35 აშშ დოლარია, ხოლო იუპიესით კი 56 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა ფასის გარდა სხვა ფაქტორებიც არის ყურადღებამისაქცევი. როგორც წესი, იე-ემ-ესი შედარებით მაინც უფრო გვიან ჩაიტანს გზავნილს ადრესატამდე, ვიდრე იგივე დიეიჩელი. 

თუმცა როცა კლიენტისთვის გზავნილის ერთი ან ორი დღით გვიან ჩატანა ტრაგედიას არ წარმოადგენს, მაშინ ის სახელმწიფო ფოსტის მომსახურებას ირჩევს. იემესის დაბალი ტარიფები კი მისთვის სპეციალურად დაწესებული შეღავათებიდან გამომდინარეობს.

"იემესი" შედის მსოფლიო საფოსტო კავშირში, ცენტრი არის შვეიცარიაში, ბერნში. საფოსტო კავშირმა იემესი დაარსა როგორც კერძო კომპანიების ალტერნატივა და სახელმწიფოებს მისცა საშუალება დაეფუძნებინათ სახელმწიფო სწრაფი ფოსტა. თუ სახელმწიფო უარს იტყვის, მაშინ სახელმწიფოს შეუძლია ეს საშუალება კერძო კომპანიას გადასცეს. მაგრამ ვინაიდან ეს საქმიანობა არის მომგებიანი, ამიტომ სახელმწიფოები იყენებენ ამ შანსს და თითქმის ყოველ ქვეყანაში არსებობს იემესის მომსახურება და სახელმწიფო ფოსტა ითავსებს ამ სამსახურს.

რადგან მსოფლიო საფოსტო კავშირის დაფუძნებულია, იემესს აქვს გარკვეული შეღავათები და ამიტომ მომსახურების ფასი ჩვენთან ბევრად იაფია, ვიდრე სხვა კერძო კომპანიების სერვისი. ხარისხი ფაქტობრივად იგივეა, მაგრამ ჩვენთან ფასი უფრო დაბალია", - ამბობს საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის უფროსი გრიგოლ გოგავა.

მართალია, იემესს სხვებთან შედარებით დაბალი ტარიფები აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, მეექვსე ზონის ქვეყანაში ტვირთის ადრესატამდე ჩატანის მაქსიმუმი ვადა 7 სამუშაო დღეა, მაშინ როცა კერძო კომპანიებისთვის მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღეს შეადგენს. შეიძლება კლიენტების უმეტესობისთვის ატლანტიკის ოკეანეში მდებარე პუერტო-რიკოში ამანათის გაგზავნა ან მიღება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ გერმანიიდან იემეს-ს გზავნილის მიღება რომ არ შეუძლია, ეს ბევრისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. 

გერმანიასთან მიმართებაში საინტერესო შემთხვევაა: კერძო კომპანია დიეიჩელი დღეს არის "დოიჩე ფოსტის" საკუთრება. იემეს-ს შეუძლია საქართველოდან გერმანიაში ტვირთი გაგზავნოს, მაგრამ რადგან საქართველოში დოიჩე ფოსტას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი დიეიჩელის სახით, ამიტომ გერმანიის ფოსტიდან საქართველოში ტვირთი მხოლოდ დიეიჩელს ეგზავნება. ესეც კონკურენციის ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც იემესში ამბობენ, მსგავსი შემთხვევაა საფრანგეთთან მიმართებაშიც. 

რაც შეეხება EMშ-ის მომსახურების სახეებს და კლიენტებს: საფოსტო კანონიდან გამომდინარე, იემესის საშუალებით მხოლოდ ისეთი ამანათის გაგზავნა შეიძლება, რომლის წონაც 30 კილოგრამს არ აღემატება. თუ კლიენტს უფრო დიდი წონის ტვირთი აქვს გადასატანი, მაშინ მან აუცილებლად ფუთებად უნდა გადაანაწილოს და თითოეული ფუთის წონა 30 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს. სახელმწიფო ფოსტის საშუალებით გარკვეული სახის საკვების გაგზავნა შეიძლება, რასაც კერძო კომპანია იუპიესი კატეგორიულად გამორიცხავს. 

როგორც გრიგოლ გოგავა აცხადებს, იაფი ფასიდან გამომდინარე, მათი მომსახურებით ძირითადად მაინც კერძო პირები სარგებლობენ, თუმცა ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული ორგანიზაციებთანაც. "რუსთავი-2", "იუნისეფი", გაეროს სასურსათო პროგრამა, ასევე ზოგი სხვა მსხვილი კომპანიაც იემესის კლიენტია.

4 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც გზავნილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. თუმცა გზავნილი საბოლოოდ მაინც არ იკარგება. თუ აეროპორტში ან ტვირთების გადანაწილებისას მოხდა გაურკვევლობა, ამანათი საბოლოოდ ან ადრესატამდე მიაღწევს, ან გამგზავნს დაუბრუნდება. ხოლო თუ მაინც საბოლოოდ დაიკარგა ტვირთი, მაშინ გამგზავნი კომპენსაციას მიიღებს. იემეს-ში დღეს ნებისმიერი გზავნილი კომპანიის მიერვე ალდაგშია დაზღვეული. თუმცა, იემესშივე აცხადებენ, რომ როცა ძვირფას დოკუმენტაციასთან გვაქვს საქმე, კლიენტი ყოველთვის ძვირს, მაგრამ საიმედო გამგზავნს ირჩევს.

დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვების კერძო კომპანიები საქართველოში

დაჩქარებული გადაზიდვის კერძო კომპანიები ერთმანეთთან საკმაო კონკურენციით გამოირჩევიან და ხშირად განსხვავებული სერვისებიც აქვთ. სწრაფი გადაზიდვის მსოფლიო გიგანტები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, კლიენტებს სხვადასხვა ფასდაკლებებს თუ გზავნილის საიმედოობის საკუთარ გარანტიებს სთავაზობენ.

DHL  (დი-ეიჩ-ელ)

ჩვეულებრივ საფოსტო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი სხვადასხვა სერვისი აქვს კომპანია დიეიჩელ ექსპრესს და დიეიჩელ გლობალ ფორვარდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში "ჯორჯიან ექსპრესს".
დიეიჩელის წარმომადგენელი "ჯორჯიან ექსპრესი" საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს და დღეისთვის ამ კომპანიამ საფოსტო გადაზიდვების გარდა, კლიენტებს უკვე ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა შესთავაზა.

"ახლა დიეიჩელს აქვს ყველა სახის სერვისი. ყველა სახის ტვირთის გაგზავნა შეუძლია ქაღალდის დოკუმენტიდან დაწყებული, გადაზიდვების ლოჯისტიკით დამთავრებული. ევროპაში ჩვენი უკვე საკუთარი ტრაილერები გვყავს.
ყველა სახის ტვირთი, დაწყებული ნახევარი კილოგრამიდან, თუნდაც იყოს ორასი ათასი ტონა ტვირთი, შეგვიძლია გადავზიდოთ", - ამბობს "ჯორჯიან ექსპრესის" გადაზიდვების მენეჯერი გოგიტა ქერქაძე.

როგორც დიეიჩელში ამბობენ, ტვირთის გაგზავნის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: გაგზავნის საიმედოობა და სისწრაფე. გააჩნია, კლიენტი რა სახის სერვისს აირჩევს, რადგან დიეიჩელს კლიენტის სურვილის მიხედვით შეუძლია გზავნილი ავტომობილით მიიტანოს ადრესატამდე, შეიძლება გემით ან თვითმფრინავით. ფასი რასაკვირველია ასევე დამოკიდებულია ტვირთის წონაზე და მოცულობაზე. 

როგორც სხვა კომპანიების შემთხვევაში, აქაც ქვეყნები დაყოფილია ზონებად და ტვირთის მოცულობასთან ერთად ფასი იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რომელ ზონას მიეკუთვნება ადრესატის ქვეყანა.

მაგალითად, 250 კილოგრამი წონის ამანათი დიეიჩელის მეშვეობით ეთიოპიაში რომ გაგზავნოთ, ტვირთი 4 დღეში ჩავა და 4 612 აშშ დოლარი დაგიჯდებათ. ასეთი წონის ამანათს სხვა კომპანია ვერ გზავნის, რადგან სუფთა საფოსტო კანონიდან გამომდინარე, ამანათის მაქსიმალური წონა გამონაკლისის გარდა, 30-50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. მაგრამ დოკუმენტების გაგზავნის მხრივ, თუ ამანათის წონა არ აღემატება 1 კილოგრამს, მაშინ დავუშვათ, საფრანგეთში ჩატანის ვადა დიეიჩელისთვის არის 3 დღე და ფასი იქნება 55 დოლარი. იგივე ამანათის გაგზავნა სახელმწიფო დაჩქარებული ფოსტით 31 დოლარი დაგიჯდებათ, თუმცა ჩატანას იემესი ცოტა მეტ დროს მოანდომებს.

თNთ  (ტი-ენ-ტი)

ექსპრეს-გადაზიდვების ერთ-ერთი მსოფლიო გიგანტის, ტიენტის ფესვები ავსტრალიაშია. კენ ტომასმა 1946 წელს დააფუძნა კომპანია "თჰომას Nატიონწიდე თრანსპორტ", რომელიც ერთადერთი სატვირთო ავტომობილისგან შედგებოდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში კომპანია გლობალურ საწარმოდ გადაიქცა, რომელსაც უკვე საკუთარ საავიაციო ფლოტს ფლობდა.

1961 წელს ტიენტი სიდნეის საფონდო ბირჟის სიაში შეიტანეს. 10 წელია, ეს კომპანია საკუთარ წარმომადგენლობას საქართველოშიც ფლობს და ჩართულია მსოფლიოს მაშტაბით საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებაში.
როგორც ტიენტიში აცხადებენ, კომპანიას ყველას სახის ტვირთის გადატანა შეუძლია, რაც საფოსტო გადაზიდვების მხრივ ნებადართულია.
კომპანია თითქმის ყველა ქვეყანაში შედის, თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობს. 

"ნებისმიერ ქვეყანაში შევდივართ, თუმცა პოლიტიკურ ვითარებაზე ვართ დამოკიდებული. მაგალითად, თურქმენეთში არ შეიძლება კერძო ფოსტამ იმოქმედოს, რადგან ხელისუფლებამ აკრძალა. ამიტომ, იქ მხოლოდ სახელმწიფო ფოსტა მუშაობს და იქ ვერც დიეიჩელი შევა, ვერც იუპიესი და ვერც ტიენტი და ვერც სხვა კერძო კომპანია", - ამბობს ტიენტის გაყიდვების მენეჯერი დათო ბახტაძე.

ტარიფები ტიენტიშიც დამოკიდებულია ადრესატის ქვეყნის ზონაზე და გზავნილის მოცულობაზე. რაც შეეხება ძირითად კლიენტებს, დათო ბახატძე ამბობს, რომ მათ კერძო პირებთანაც აქვთ ურთიერთობა და ორგანიზაციებთან. გადაზიდვები ასევე ქვეყნის შიგნითაც არის. თუმცა საქმიანობის განვითარების მთავარ პირობად ბახტაძე ქვეყანაში იმ ორგანიზაციების განვითარებას მიიჩნევს, ვისაც ექსპრეს-გზავნილები სჭირდება.

"მთავარია, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იყოს. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ და რომლებსაც ექსპრეს-გადაზიდვები სჭირდებათ. რიგითი მოქალაქეები ძირითადად იემესით სარგებლობენ, რადგან სახელმწიფო ფოსტას უფრო დაბალი ტარიფები აქვს. თუმცა ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ მეტ ქვეყანაში შევდივართ და ჩვენი ვადებიც უფრო მცირეა. კლიენტს თუ სურვილი აქვს, ჩვენთან შეუძლია გზავნილი დააზღვიოს, მაგრამ ეს მხოლოდ კლიენტის სურვილზეა დამოკიდებული", - ამბობს ბახტაძე.

UPშ (იუ-პი-ესი)

კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი დაჩქარებული საფოსტო გზავნილების სფეროში იუპიესი დაფუძნებულია ამერიკის სეერთებულ შტატებში. დღეს ეს კომპანია 36 მილიარდ დოლარიანი კორპორაციაა და მთელი მსოფლიოს ირგვლივ არის გადაზიდვებში ჩართული. იუპიესი მსოფლიოს ყველაზე ცნობად ბრენდებში შედის. იუპიესი საქართველოშია 1997 წლიდან. ამჟამად ამ კომპანიას საქართველოში წარმოადგენს შპს "მერიდიან ექსპრესი", რომელიც იუპიესის ოფიციალური აგენტია. 

იუპიესი საქართველოშიც იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ყველა დანარჩენ ქვეყნებში: გადააქვს ამანათები და კორესპოდენციები. ისევე როგორც სხვა კერძო კომპანიები, იუპიესიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან მუშაობს, თუმცა გამონაკლისები აქაც გვხვდება.

"სადაც ცივილიზაცია და მშვიდობაა, ყველგან შევდივართ. ზოგჯერ პრობლემაა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომ კერძო კომპანიები არ შეუშვას საფოსტო გადაზიდვების სფეროში. თურქმენეთში ვერ ვაგზავნით და ასევე ირანი დაიკეტა. ამ სახელმწიფოებმა ექსპრესგადაზიდვის კერძო კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ამ სფეროს მთლიანად სახელწიფო აკონტროლებს", - ამბობს მერიდიან-ექსპრესის მენეჯერი რეზო თავართქილაძე. 

სხვა დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვების კომპანიებისგან განსხვავებით, იუპიესი ზოგიერთი სახის ამანათებს არ აგზავნის.

"ვაგზავნით ყველაფერს, რასაც შეზღუდვა არ ეხება. არ შეიძლება საკვების გაგზავნა. საქართველოს ექსპრეს-ფოსტით მაგალითად, სულუგუნს და გოზინაყს გააგზავნი ამერიკაში, მაგრამ იუპიესი საჭმლის გადატანას კრძალავს. მალფუჭებადი რაც არის, არ შეიძლება ჩვენი მეშვეობით გაგზავნა. ვერ ვაგზავნით მცენარეს. ასევე არ ვაგზავნით სახიფათო ტვირთს. მაგალითად, აკუმულატორს, რომელშიც მჟავა ასხია.

ჩვენ მხოლოდ ავიაგადაზიდვით ვართ დაკავებული. წონაზე არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. მთავარია, ერთი ადგილის წონა არ აღემატებოდეს 30 კილოგრამს. მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ტვირთს ვერ დავანაწევრებთ. ასეთი ტვირთის მაქსიმალური წონა დასაშვებია 70 კილოგრამამდე. დავუშვათ, რაიმე დანადგარის გაგზავნა ხდება, რომელის დანაწევრება არ შეიძლება. მაგრამ თუ ასეთი ნივთის წონა 70 კილოგრამს აღემატება, მაშინ უკვე გამორიცხულია მისი გაგზავნა", - ამბობს რეზო თავართქილაძე.

მერიდიან-ექსპრესის საშუალებით გაგზავნილი ტვირთი ადრესატამდე ევროპაში 2-3 სამუშაო დღეში ჩავა. ეს შეეხება ძირითადად, გერმანიას, შვედეთს, შვეიცარიას, თურქეთს, ესპანეთს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ნორვეგიაში შეიძლება ერთი დღით გვიან ჩავიდეს. რაც შეეხება ამერიკას, ახლო შტატებში ტვირთი ჩადის 3-4 სამუშაო დღეში. იაპონიაში, აფრიკის ზოგ ქვეყანაშიც 4 სამუშაო დღეში, ხოლო მექსიკასა და არგენტინაში 4-5 სამუშაო დღე ჭირდება. 

იუპიესის შემთხვევაში ევროპის გამანაწილებელი ქალაქი და აეროპორტია კიოლნი. კიოლნამდე კი იუპიესის ჩარტერული რეისი მოსკოვში ჯდება და იმავე დღეს ხდება იუპიესის თვითმფრინავით ევროპისკენ გაგზავნა. 
იუპიესი მხოლოდ ავიარეისებით მუშაობს და შორ მანძილზე სამანქანო გადაზიდვებს არ აწარმოებს. მაგრამ თუ გამანაწილებელი ქალაქიდან ადრესატი ახლოსვეა და ავიაცია მცირე მანძილზე მოუხერხებელია, ამისთვის იუპიესს მანქანები აქვს გამოყოფილი. 

ფასი აქაც ქვეყნების ზონის მიხედვით არის დადგენილი. იუპიესში ყველა ტვირთი ავტომატურად არის დაზღვეული. დოკუმენტის შემთხვევაში, ის ავტომატურად 100 დოლარად არის დაზღვეული. თუ რამე ნივთია გასაგზავნი, იმ ნივთის საინვოისო ღირებულება იწერება. დაკარგვის შემთხვევაში კომპანია ანაზღაურებს შესაბამისი თანხით. თუმცა როდესაც გზავნილის ადრესატამდე მიტანის ფასს გაიგებთ, ღირებულებას საწვავის ფასიც უნდა დაუმატოთ. ბოლო მონაცემებით ეს 12 პროცენტს შეადგენს, თუმცა ეს დასამატებელი თანხა იმის მიხედვით იცვლება, როგორც საწვავის ფასი იცვლება მსოფლიო ბაზარზე. ასეთია იუპიესის სათაო ოფისის გადაწყვეტილება. მერიდიან-ექსპრესში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარი და ხისტი პოლიტიკის გამო, რომელსაც მათი სათაო ოფისი ატარებს, საქართველოში მუშაობა შედარებით შეფერხებულად მიდის.

"ჩვენი ძირითად კლიენტები უცხოური კომპანიები არიან. ბანკებიც თანამშრომლობენ ჩვენთან. ადრე უფრო მეტი ბანკი მუშაობდა, რადგან უფრო დაბალი ტარიფით ვემსახურებოდით. კარგი იქნება, ჩვენი სათაო ოფისი თუ შეგვიწყობს ხელს და ფასდაკლების საშუალებას მოგვცემს. რამდენიმე წლის წინ გვქონდა ისეთი ტარიფი, რომ შეგვეძლო კლიენტისთვის გარკვეული ფასდაკლება გაგვეკეთებინა. მიმაჩნია, რომ ჩვენმა კომპანიამ მაშინ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. ყოველი ქვეყნისთვის ტარიფს სათაო ოფისი ადგენს. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციებს, საქართველო რა დონეზეც არის განვითარებული და კონკურენტი კომპანიები რა ტარიფებითაც მუშაობენ, სათაო ოფისისთვის ესეც ცნობილია. როგორც ჩანს, სათაო ოფისს ურჩევნია მცირე რაოდენობის გზავნილები ჰქონდეთ და მაღალი ფასი დაადონ, ვიდრე შედარებით იაფ ტარიფზე გაცილებით მეტი ტვირთები გადაზიდონ. მე პირადად მიჭირს იმის ახსნა, ასე რატომ უდგებიან ამ საქმეს", - ამბობს თავართქილაძე.

მერიდიან-ექსპრესი საქართველოს მასშტაბითაც მოქმედებს და შიდა გადაზიდვებიც აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გზავნილი რომ ჩაბარდებათ, ადრესატი მეორე დღეს აუცილებლად მიიღებს.

FედEხ (ფედექსი)

შვეიცარიული კომპანია ფედექსი დაჩქარებული გადაზიდვების კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტია. კომპანიას გააჩნია 624 თვითმფრინავი და ემსახურება 220 ქვეყანაზე მეტს. ფედერალ ექსპრესს საქართველოში წარმომადგენლობა ჰყავს 2000 წლიდან და მისი ოფიციალური აგენტია შპს "ემ-ენდ-ემ". როგორც ფედექსის წარმომადგენლობაში აცხედებენ, ემ-ენდ-ემს შეუძლია ნებისმიერი ტვირთი გაგზავნონ და გარდა რამოდენიმე ქვეყნისა, სადაც დემოკრატიაზე უარს ამბობენ, თავისუფლად მუშაობს. ასეთი ქვეყნების სიაში თურქმენეთი და ირანი შედის. ემ-ენდ-ემის მენეჯერი, ტარიელ მენაბდე აცხადებს, რომ მათი კომპანია მუშაობს 220 ქვეყანაზე მეტთან და დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვის სრული სერვისი გააჩნიათ.

ასე რომ, დღეს საქართველოში სახელმწიფო დაჩქარებულ ფოსტასთან ერთად დაჩქარებული გადაზიდვების ყველა მსოფლიო გიგანტია შემოსული და მუშაობს. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიეთ, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ეს ნიშა თითქმის ბოლომდეა ათვისებული. ამიტომ ახალი მოთამაშის შემოსვლა საკმაოდ რთული იქნება. მოქმედი კომპანიებისთვის კი წარმატებული მუშაობის მთავარი პირობა მაინც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ზრდაა. დაჩქარებული საფოსტო გადაზიდვები თუ ზოგადად დიდი ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად მზარდ კომპანიებს სჭირდებათ ხოლმე. რაც შეეხება კერძო პირებს, მათთვის სახელმწიფო დაჩქარებული ფოსტა საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, როგორც ვნახეთ, კერძო პირები დაჩქარებული გადაზიდვების კერძო კომპანიების მომსახურებითაც ხშირად სარგებლობენ. ასე რომ, თუ თქვენ ასეთი მომსახურება გჭირდებათ, შეგიძლიათ ყოველი კომპანიის მომსახურების პირობებს დაწვრილებით გაეცნოთ მათ ვებ-გვერდებზე ან მათივე ბუკლეტებში და შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მომგებიანი.

თემურ იობაშვილი