ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
საირმე ინვესტორების მოლოდინში
#2(10), 2006
საქართველო მდიდარია მთის დასასვენებელი კურორტებით. თითოეულ მათგანს გარდა დასვენებისა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის რამდენიმე კურორტია. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა მთის ბალნეოკლიმატური კურორტი საირმე.

საირმე ბაღდათის რაიონში (რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრში) მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 900-950 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მდინარე წაბლარისწყალი, რომელიც კურორტის ტერიტორიას შუაგულში ჩამოუდის, სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთის კალთაზე. იგი მრავალრიცხოვან შენაკადს იერთებს და ქმნის თვალწარმტაც ხეობას. მთების კალთები დაფარულია საუკუნოვანი წიწვიანი ტყით, რომელშიც სჭარბობს ნაძვი და სოჭი, ტყეს 19 ჰექტარი ფართობი უკავია.

1945 წლამდე კურორტი საირმე ძნელი მისასვლელი იყო. ნახევარზე მეტი
მანძილი ბაღდათსა და საირმეს შორის საჩალანდრო ბილიკებით უნდა გაევლოთ. დღეისათვის გზა გაყვანილია და მასზე მგზავრობა ნებისმიერი ტრანსპორტით შეიძლება. თუმც კომუნისტების (უფრო სწორად, ამ უკანასკნელების დაძალებით, ეს საქმე გერმანელმა ტყვეებმა ითავეს) მიერ გაყვანილი გზა წლების მანძილზე გაფუჭდა. დღეს, როდესაც კურორტ საირმის პრობლემებზე საუბარს ვიწყებთ, უპირველესად გზის საკითხი დგება.

კოტე ჭარხალაშვილი (იმერეთის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "ჩვენი მთავარი პრობლემა და სატკივარი საირმეში არის მისასვლელი გზა _ იგი გაფუჭებული და დანგრეულია. ჩვენ კი ვართ მიჩვეული ამ დანგრეულ გზას, მაგრამ როდესაც ჩამოგვყავს უცხოელი ტურისტი, მას ეს გაფუჭებული გზა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის".

გზების საკითხი აწუხებს იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ქაჯაიასაც: "ეს მართლაც აქტუალური საკითხია. საირმის, როგორც სამკურნალო კურორტის მნიშვნელობა ძალზე დიდია და ამიტომ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გასულ წელს გზებზე ჩატარდა ორმოული შეკეთებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ საკითხზე საქმის კურსში ჩავაყენე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ვფიქრობ, მომავალ წელს გზა აუცილებლად შეკეთდება კაპიტალურად".

კოტე ჭარხალაშვილი: "საირმეში მოძველებული ინფრასტრუქტურა უნდა 
შეიცვალოს. კურორტის კეთილმოწყობის შემთხვევაში, მას აქვს ძალიან კარგი 
პერსპექტივა გახდეს საერთაშორისო დანიშნულების სამკურნალო ცენტრი. ასევე საინტერესოა საკონფერენციო და სამოგზაურო ტურიზმისათვის. საირმის გარშემო არის უნიკალური ძეგლები. მისი ტერიტორია მიბმულია ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს. გარდა ამისა, იქვეა ზეკარის გადასასვლელი, რომელიც ფაქტობრივად საირმეს და აბასთუმანს აკავშირებს (მანძილი 18 კილომეტრი). ეს გზა ომის შემდეგ გერმანელმა ტყვეებმა ააგეს და ახლა უკვე შესაკეთებელია. მისი აღდგენის შემთხვევაში გვექნება უმოკლესი გზა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს შორის".

საირმეში ზამთარი რბილია, ზაფხული გრილი. კურორტის ტერიტორიაზე
შემოჯარული მთები იცავენ მას გარედან ძლიერი ატმოსფერული დინების შემოჭრისაგან. მეტეოროლოგიური ელემენტების საერთო კომპლექსით იქმნება კლიმატური პირობები, რომელიც შეეფერება პირველი კლასის მთის კლიმატურ სადგურს, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი დაავადებების ეფექტურ კლიმატოთერაპიას. თუმცა საირმის ძირითად სამკურნალო ფაქტორს მაინც შეადგენს არა კლიმატი, არამედ მინერალური წყალი.

საირმის მინერალურ წყლებს დიდი ხნის ისტორია აქვს. თქმულების მიხედვით, საირმეში (ირმების ადგილი) ზამთარში ტყეებიდან მის წყლებთან ჩამოდიოდნენ ირმები და შვლები. მონადირეები ერთიანად სპობდნენ მათ და ამ რაიონში ეს ცხოველები ახლა თითქმის გადაშენდნენ.

საირმის წყაროებს პირველად მწყემსებმა მიაგნეს 1889 წელს (3 წყარო). ათი წლის შემდეგ იქვე ახლომდებარე სოფელ ზეგანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გორგოძემ აღმოაჩინა 1 წყარო, ხოლო შემდეგ 2 წყარო. საირმე შორეულ წარსულში დასახლებული ადგილი ყოფილა, რასაც მის შემოგარენში არსებული სიძველის ძეგლები ადასტურებენ მისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ეკლესიების, ციხე-სიმაგრეების, სარდაფებისა და ღვინის მარნების სახით.

1934 წელს საირმეში დაიწყო ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები. ჭაბურღილის საშუალებით მიღებული იქნა მინერალური წყალი, უკვე შემდგომში კი დადგინდა მისი სამკურნალო თვისებები. ის გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: თირკმელ-კენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პიელიტი და პეილოცისტიტი, ქრონიკული გასტრიტი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებანი, ჰეპატიტი, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები.
თავისი ქიმიური შემადგენლობით, საირმის ბუნებრივი წყაროების მინერალური წყალი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ვილდულგენის (გერმანია) წყლის ანალოგს. ასევე ის ემსგავსება ჟელეზნოვოდსკის სმირნოვის წყაროს მინერალურ წყალს.

საირმეში არის მინერალური წყლის ორი ჩამოსასხმელი ქარხანა. 2006 წლის 5 ივლისს მინერალური წყლის ჩამოსხმის ლიცენზია 25-წლიანი იჯარით გაიცა. ტენდერი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩაატარა. საწყისი ფასი 400 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა. მასში გამარჯვებული ფირმა "საირმე მინერალ ვოთერს" გახდა, რომელმაც აღნიშნული ლიცენზია 480 ათას დოლარად შეიძინა.

შალვა დათუაძე (იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე):р"ეს გაყიდვა ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი იყო, ვინაიდან წყალს არ ჰყავდა კონკრეტული პატრონი, რომელიც იზრუნებდა მის სისუფთავეზე, მოვლაზე. კომპანია, რომელმაც ვადიანი ლიცენზია იყიდა, საირმის მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის მფლობელია. აწი ამ კომპანიამ უნდა იზრუნოს მის მოვლაზე _ უნდა გასუფთავდეს ჭაბურღილები, დამსვენებელს აქ ჩამოსვლა არ უნდა შეეშინდეს, მან უნდა იცოდეს, რომ აქ ყველაფერი მოვლილი და დასუფთავებული დახვდება. ადრე, კომუნისტების დროს, იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჭაბურღილებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და წყალს ფეკალური მასა ერეოდა _ მოხდა ისე, რომ ხალხი დაიწამლა კიდეც. აწი ეს აღარ განმეორდება".

კურორტში ობიექტების პრივატიზებას მიესალმება იმერეთში პრეზიდენტის
რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაჯაია: "კარგია რომ მოხდა ობიექტის გასხვისება _ ქარხანას პატრონი გამოუჩნდა. ინვესტორი, რომელიც ფულს იხდის, მოწადინებულია იქედან სარგებელი მიიღოს. ქარხანა თუ მთელი სიმძლავრით ამუშავდება და წყალს ჩამოასხამს, ეს რაიონის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, დასაქმდება მუშა-ხელი. მე მივესალმები იმასაც, თუ აქაურ სანატორიუმებსაც ეყოლება კონკრეტული პატრონი".

იყო დრო, როცა "საირმე" მაღაზიაში დახლზე იდო გასაყიდად. დღეს მისი
ჩამოსხმა მინიმუმამდეა დასული. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მინერალური წყალი "საირმე" თითქმის ყველა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის სავაჭრო ქსელში შედიოდა. წყლის ექსპორტირება ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში შეწყდა.

ძნელია ისაუბრო, რა იქნება მომავალში, მაგრამ თუკი ინვესტორი შესაბამის
ბაზარზე დაბრუნებას გადაწყვეტს, მას წინ საკმაო სირთულეები ელოდება. მართალია, ყველაზე მსხვილ _ რუსეთის ბაზარზე "ბორჯომისა" და "ნაბეღლავისაგან" განსხვავებით, "საირმე" ოფიციალურად აკრძალული არ არის, მაგრამ ერთხელ მიტოვებული (ისიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში) ბაზრის ხელახლა "დაპყრობა" იოლი საქმე არაა.

რაც შეეხება კურორტ საირმის სანატორიუმებს, იქ დასვენების მსურველებს
არჩევანი ნამდვილად აქვთ. პანსიონატ "ბაღდათს" ერთბაშად 320 დამსვენებლის მიღება შეუძლია, სანატორიუმ "საირმეს" _ 170-ის, დასასვენებელ სახლს კი _ 40-ის. 120 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი სოფელ უდაბნოს ბალნეოლოგიურ კურორტზე. საკურორტო სეზონი ამჟამად თვენახევარი გრძელდება. წლების წინ ეს დრო უფრო ხანგრძლივი იყო (15 ივნისიდან იწყებოდა და სექტემბრის ბოლოს მთავრდებოდა).

კოტე ჭარხალაშვილი: "საირმეში წელიწადში საშუალოდ 2500-3000 კაცი ისვენებს. შემოსავლები სტაბილურად ერთნაირია _ 85-87 ათასი ლარი. წლეულს ეს თანხა ალბათ გაიზრდება, იმიტომ, რომ საგზურების ფასმა მოიმატა. შარშან, სამჯერადი კვების გათვალისწინებით, ერთი დღე-ღამის ფასი 21 ლარი იყო, წელს კი 30-35 ლარი ეღირება. მთავარია, როგორმე მოხერხდეს და საკურორტო სეზონის ხანგრძლივობა გაიზარდოს. ეს პერიოდი 5 თვემდე მაინც თუ გაიზრდება, მაშინ საირმეში სერიოზული შემოსავლები გაჩნდება".

საირმე მართლაც უნიკალური დასასვენებელი ადგილია, როგორც სამკურნალო თვალსაზრისით, ასევე სანახაობრივად. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის შემთხვევაში, მას საერთაშორისო მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს. საირმე განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, ვისაც ე.წ. მწვანე" ტურიზმი იტაცებთ.

ფრიდონ კერვალიშვილი
მანანა ქველიაშვილი