ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
რუსთავის სასამართლოდან სტრასბურგის სასამართლომდე
#2(10), 2006
წიდის გამო ატეხილი ათწლიანი დავა

"რუსთავის მეტალურგიულ კომბინატსა" და შპს "წიდას" ხელმძღვანელობას შორის წიდასაყარზე ნაყარი წიდის გამო სასამართლო დავა უკვე თითქმის 10 წელია რაც მიმდინარეობს. დაპირისპირებულმა მხარეებმა ურთიერთობის გარკვევა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან დაიწყეს. წლების განმავლობაში კი მათი სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლომ, უზენაესმა და საარბიტრაჟო სასამართლოებმა განიხილეს. უკვე ორი წელია, რაც შპს "წიდას" დირექტორ – ოთარ დოლიძეს მორიგი სარჩელი ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოში აქვს შეტანილი და გადაწყვეტილებას იქედან ელოდება.

შპს "წიდა" წიდასაყარზე არსებულ ნარჩენებს 1989 წლიდან მოიპოვებდა და ამუშავებდა, მისი პროდუქცია კი წლების განმავლობაში ცემენტის წარმოებაში გამოიყენებოდა, თუმცა ორი წელია, რაც მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობა _ ჯერ "რუსთავიპრესმეტალურგიული კომბინატი", შემდეგ ახლანდელი მეპატრონე – "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი", რომელმაც წიდასაყარი ქარხნის ძირითად ქონებასთან ერთად გასულ წელს აუქციონის წესით შეიძინა, მას ტერიტორიაზე აღარ უშვებს და შესაბამისად, აღარც წიდების გადამუშავების უფლებას აღარ აძლევს.

ოთარ დოლიძე ირწმუნება, რომ შპს "წიდას" საქმიანობა კანონიერია, მეტალურგიული ქარხნის ამჟამინდელი მფლობელი – "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი" კი აცხადებს, რომ წიდები და წიდასაყარის ტერიტორია შპს "წიდას" საკუთრებაში არასდროს არ ყოფილა. ამის განცხადების უფლებას კი მათ შემდეგი გარემოება აძლევს: _ 1996 წლის 21 ივნისს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" რეორგანიზაცია მოხდა სააქციო საზოგადოებად და მის საწესდებო კაპიტალში სხვა ქონებასთან ერთად ქარხნის კუთვნილ ტერიტორიაზე საწარმოდან გამოტანილი და დაყრილი წიდებიც შევიდა. იმ პერიოდში წიდასაყარზე დაყრილი წიდის რაოდენობა 15 მილიონ ტონას შეადგენდა, მისი მთლიანი ღირებულება კი 30 415 203 ლარით განისაზღვრა.

ს.ს "რმკ"-ის 06.12.2002 წლის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ქონების მართვის სამინისტროს სახით, "რმკ"-ის საწესდებო კაპიტალში დამატებით შეიტანა წიდასაყრელისა და ნაცარსაყრელის ტერიტორიები (მიწის ნაკვეთები), ამდენად, როგორც წიდასაყრელი, ისე მასზე არსებული წიდები "რმკ"-ის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც შესაბამისად სამეწარმეო და საჯარო რეესტრის მონაცემებშიც აისახა.

შპს "წიდას" დირექტორი კი თავის მხრივ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 21 თებერვლის #118-რ განკარგულებას იშველიებს, რომლის თანახმადაც კოოპერატივ "წიდას", შემდგომში შპს "წიდას" სარგებლობაში გადაეცა წიდასაყარზე ნაყარი წიდები და უფლება მათ საკუთრების შესახებ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად მოიპოვეს. ამიტომ უკვე მათ საკუთრებაში არსებული წიდების სახელმწიფოს მიერ სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელი იყო.

ოთარ დოლიძე აცხადებს, რომ 1996 წლის 21 ივნისს წიდასაყარზე არსებული წიდის მეტალურგიული კომბინატის საწესდებო კაპიტალში შეტანა კანონდარღვევით მოხდა.

"წიდასაყარი არასოდეს არ ყოფილა ქარხნის. კოოპერატივი "წიდა" შეიქმნა "საერთო მომარაგების მეორადი ნედლეულის სამმართველოსთან" და არა ქარხანასთან. საერთოდ მაშინ კოოპერატივები იქმნდებოდა იქ, ვისაც ეკუთვნოდა ტერიტორია და ნედლეულიც. წიდა "მეორად ნედლეულს" ეკუთვნოდა, ტერიტორია კი ქალაქს (რუსთავს). წიდას ყოფილ საბჭოთა კავშირში ვერ ამუშავებდნენ, რადგან ტექნოლოგია იყო დარღვეული. საბჭოთა კავშირში არსებული მეტალურგიული ქარხნებიდან 70% დარღვევით მუშაობდა, თუკი მარტენის საამქროდან (ფოლადსადნობიდან) გამოსულ წიდაში წესით 1% რკინა უნდა გააყოლონ, ჩვენთან 15%-ს აყოლებდნენ, ორენბურგში კი 25%-მდე.

არც წიდის გადამუშავების ტექნოლოგია იყო, მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ეს ტექნოლოგია შექმნა და დააპატენტა", – აცხადებს ოთარ დოლიძე.
2000 წელს შპს "წიდას" დირექტორმა ოთარ დოლიძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით. მოპასუხე  მხარე საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო და "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი" იყო. დოლიძის სასარჩელო მოთხოვნა ს.ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" საწესდებო კაპიტალიდან შპს "წიდას" საკუთრებაში არსებული ქონების (წიდის) მის სასარგებლოდ ამოღება იყო. მოთხოვნის საფუძვლად კი ისევ და ისევ 1989 წლის 21 თებერვლის #118-რ. განკარგულება იყო, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის დადგენილებით, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება დოლიძემ აპელაციის წესით თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: "დაკმაყოფილდეს შპს "წიდას" სასარჩელო მოთხოვნა ს.ს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" საბუღალტრო დოკუმენტაციიდან არსებული წიდების ღირებულების (ქონების) ამორიცხვის თაობაზე. ს.ს. "რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს" მიეცეს 3-თვიანი ვადა ხარვეზის შესავსებად."

მეტალურგიულმა კომბინატმა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2002 წლის 26 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ ს.ს "მეტალურგიული კომბინატის" საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 15 მარტის განჩინება გააუქმა, საქმე კი ხელახალი განხილვისათვის ადმინისტრაციულ სასამართლოსა და საგადასახადო საქმეთა პალატას უკან დაუბრუნა.

2003 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდგომში სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 25 მაისის განჩინებით. საბოლოო ჯამში შპს "წიდას" საქმეზე საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი სასამართლოების მიერ დადგენილი იქნა, რომ წიდები არასოდეს არ ყოფილა შპს "წიდას" საკუთრებაში, იგი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და სახელმწიფო უფლებამოსილი იყო აღნიშნული ქონება შეეტანა მის მიერ დაფუძნებული საწარმოს – ს.ს. "რმკ"-ის საწესდებო კაპიტალში.

"რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში" დღესაც ირწმუნებიან, რომ შპს "წიდას" არგუმენტი – 1998 წლის 21 თებერვლის #118-რ განკარგულება, დამაჯერებელი არ არის, ვინაიდან მასში აღნიშნულია, რომ კოოპერატივ "წიდას" სხვა სუბიექტებთან ერთად მიენიჭა "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" ტერიტორიის გარეთ არსებული წიდების გადამუშავების უფლება, თუმცა ქარხნის ტერიტორიის გარეთ არავითარი წიდა და წიდასაყრელი არ არსებობდა. უფრო მეტიც, მეტალურგიულ ქარხანას სრულად ათვისებული არ ჰქონდა წიდასაყრელის სახით გამოყოფილი ტერიტორია. ამავე დროს, საქართველოს სსრ. მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 21 თებერვლის განკარგულებაც ბათილად არის ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 სექტემბრის #1191 განკარგულებით.

აღსანიშნავია, რომ "წიდას" დირექტორი – ოთარ დოლიძე სასამართლო დავას 2002 წლის 10 სექტემბრის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითაც აწარმოებდა, თუმცა თბილისის საოლქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მიჩნეულ იქნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კანონიერად გააუქმა 1989 წლის 21 თებერვლის #118-რ განკარგულება. "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" ხელმძღვანელის მიხეილ კაკულიას განცხადებით, დღეისათვის არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც შპს "წიდას" რაიმე სახის უფლებას დაადასტურებდა წიდასაყარზე ან წიდებზე, როგორც მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ.

"დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც შპს "წიდას" აკრძალული აქვს წიდების გადამუშავება, აგრეთვე წიდებითა და წიდასაყრელით ნებისმიერი სხვა სახით სარგებლობა. ამ განჩინების იძულებითი აღსრულების მიზნით გაცემულია შესაბამისი სააღმსრულებლო ფურცელი. ამდენად, შპს "წიდას" დირექტორის  ოთარ დოლიძის პრეტენზიები წინააღმდეგობაშია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებასთან. იგი ეწინააღმდეგება ასევე შპს "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის" საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულ და გარანტირებულ უფლებას მის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე – წიდებზე და წიდასაყარზე", – აცხადებს მიხეილ კაკულია.

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 15 მარტის განჩინება რეალურად არსებობს და მასზე ხელს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია: თავმჯდომარე მ. ჯიყაშვილი, მოსამართლეები მ. ჩანტლაძე, გ. გულედანი აწერენ, შპს "წიდას" დირექტორი დღემდე ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება მას თვალით არ უნახავს და მას წიდასაყარის ტერიტორიაზე შესვლასა და წიდის გადამუშავებას კანონდარღვევით არ ანებებენ.

პრეტენზიები დოლიძეს ყველა იმ მოსამართლის მიმართაცა აქვს, რომელთაც მისი მრავალრიცხოვანი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ის ამჟამინდელ მთავრობაზეც განაწყენებულია და მხოლოდ ოპოზიციის იმედი აქვს.
"ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდში და შემდგომაც მეც და ჩემი ოჯახიც ახლანდელ მთავრობას (ნაციონალებს) გვერდში ვედექით, ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ოფისის ეზოში რევოლუციამდე აღვმართეთ და სამართლიანობის გამარჯვების იმედი გვქონდა, თუმცა იმედი გაგვიცრუვდა. ახლა მემორანდუმი გავაფორმეთ – "საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციამ" "დემოკრატიულ ფრონტთან" იმის თაობაზე, რომ ჩვენს (მეწარმეთა) უფლებებს ისინი დაიცავენ", – აცხადებს ოთარ დოლიძე. რაც შეეხება "დემოკრატიული ფრონტის" გვერდში დგომას, 2006 წლის 18 მაისს ოთარ დოლიძე, საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ანზორ საკანდელიძე, პარლამენტარ ზვიად ძიძიგურთან ერთად წიდასაყარის ტერიტორიაზე შესვლას შეეცადნენ, თუმცა "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" დაცვის სამსახურმა ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ზვიად ძიძიგურმა წიდასაყარის შესასვლელთან ხელისუფლების საწინააღმდეგო მწვავე განცხადებები კიდევ ერთხელ გააკეთა და ორივე დაპირისპირებულ მხარეს ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიტანა პარლამენტის საკითხთა დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ კომიტეტებში მოსთხოვა.

მეტალურგიულ ქარხანაში საკუთარ პოზიციას ცალსახად აფიქსირებენ და წიდასაყარზე არსებული წიდების გადამუშავებასაც აპირებენ და ტერიტორიის შემდგომ გამოყენებასაც. ოთარ დოლიძე კი აცხადებს, რომ თუ ასე მოხდა, მორიგ სარჩელს შეიტანს, ამჯერად წიდის გადამუშავების ტექნოლოგია მას ეკუთვნის და ეს დაპატენტებული აქვს. "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა" კი სპეციალურად წიდასაყარისათვის ძვირადღირებული ტექნიკა უკვე შეიძინა.
სტატიის დასასრულს, მოვიყვანთ შპს "წიდა"-ს მთავარი არგუმენტის _ ზემოთნახსენებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 21.2.1989 წ. # 118-რ განკარგულების ტექსტს, ვინძლო მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად სამართლიანი ან უსამართლოა შპს "წიდა"-ს ხელმძღვანელობის პოზიცია.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

განკარგულება # 118-რ

1989 წლის 21 თებერვალი     ქ. თბილისი

1. მიღებულ იქნას წინადადება რ.ს.გ. "საქიმპექსის", საწარმოო კოოპერატივი "წიდას" და რუსთავის ტ.ე.გ. ქალაქაღმასკომის მიერ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიის გარეთ არსებული ნაყარი წიდების მათთვის გადაცემისა და გამოყენების შესახებ, მოწინავე საზღვარგარეთული ტექნოლოგიის ბაზაზე საექსპორტო პროდუქციად გადამუშავებისათვის.

2. რ.ს.გ. "საქიმპექსმა" უზრუნველყოს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია გარე ბაზარზე თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.

3. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა სსრკ საგარეოეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა აღმოუჩინოს საჭირო დახმარება წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ეფექტიანად განვითარებისათვის.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე    ოთარ ჩერქეზია

მარინე ვარდოშვილი