ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
"უნილევერი" - ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ფირმის სახელოვანი ისტორია
#2(10), 2006
1922 წლის ერთ-ერთ დღეს, ლივერპულთან ახლოს მდებარე პატარა ინგლისური ქალაქი პორტსანლაიტი მდიდრული კარეტებითა და ავტომობილებით გაივსო. მის ქუჩაში დასეირნობდნენ ფრაკებში გამოწყობილი მამაკაცები, ბეწვეულით, ბრილიანტებით მორთული ქალბატონები. ამ მიყრუებულ ადგილში ასეთი მაღალი საზოგადოება იმისთვის შეიკრიბა, რომ ლედი ლევერის სახელობის სამხატვრო გალერეის გახსნას დასწრებოდნენ. 

მდიდრული შენობა კლასიკური სტილით აეგოთ. გალერეაში გამოფენილი იყო მისი მფლობელის _ ბარონ ლევერჰალმის, ინგლისის პერის უილიამ ლევერის პირადი კოლექცია _ XVIII და XIX საუკუნეების ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები. გალერეის გახსნის საზეიმო ცერემონიას მეთაურობდა უინძორთა სამეფო ოჯახის წევრი პრინცესა ბეატრისი, რომელიც აქ ლენტის გასაჭრელად სპეციალურად ჩამობრძანდა. ბარონი ლევერი მის უდიდებულესობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ყოველივე ეს აქ დამსწრე არისტოკრატიას სულ არ უკვირდა, თუმცა კი ალბათ უნდა გაკვირვებოდა _ ლევერი ხომ წარმოშობით მებაყლის ვაჟი გახლდათ. მაგრამ საქმე ის იყო, რომ სადღესასწაულო საღამოს დამსწრენი _ სამეფო ოჯახის წევრები, ისევე როგორც ბრიტანეთის მოქალაქეთა უმეტესობა, ლევერის ქარხნებში წარმოებულ საპონს იყენებდნენ დასაბანად...

საყოფაცხოვრებო ქიმიის (და არა მარტო ქიმიის) თანამედროვე ინდუსტრიის ერთ-ერთ გიგანტს, კომპანია "უნილევერს" XIX საუკუნის ბოლოს ინგლისელმა უილიამ ლევერმა ჩაუყარა საფუძველი.  მას პირველად მოუვიდა აზრად გაეყიდა არა მარტო საპონი, არამედ სავაჭრო ნიშანი. ლევერის პიარ-კამპანიები საკუთარი პროდუქციის დასამკვიდრებლად მარკეტინგის ისტორიის კუთვნილება გახდა.
უილიამ ჰესკეტ ლევერი 1851 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ბოლტონში დაიბადა. ეს ქალაქი ლანკაშირის საგრაფოში, ინგლისის ჩრდილოეთში მდებარეობს. მისი მშობლებისთვის ვაჟის ბედი და მომავალი თავიდანვე განისაზღვრა. უილიამი ლევერთა ოჯახში 6 ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველი ვაჟი აღმოჩნდა. მამის საქმე მემკვიდრეობით სწორედ მას უნდა მიღო. ლევერი უფროსი იმ საოჯახო ფირმის მეთაური გახლდათ, რომელიც ჩაის, ყავის, დაფნის ფოთლის, სხვა საქონლის საბითუმო და საცალო ვაჭრობას ახორციელებდა.
უილიამმა მშობლებს იმედები არ გაუცრუა. კეთილგონიერი, წესიერი ბიჭი ყოველთვის ითვისებდა ინგლისური ეკლესიისა და მშობელთა რჩევებს. მამამისს მიაჩნდა, რომ ვერანაირი უნივერსიტეტი ვერ შეცვლიდა ოფლითა და შრომით შეძენილ გამოცდილებას. 16 წლის ასაკში უილიამმა სკოლა მიატოვა. მამის ფირმაში მუშაობას მთელი დრო დაუთმო. იგი არ იყო წინააღმდეგი წარმატებული სავაჭრო კომპანიის მემკვიდრე ყოფილიყო. მამა შვილის მუშაობით კმაყოფილი იყო. ოჯახური ბიზნესი თანდათან იზრდებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ ლევერები ლივერპულსა და მანჩესტერში უმსხვილეს ბიზნესმენებად იქცნენ. თანდათან აფართოვებდნენ სავაჭრო ასორტიმენტსაც.
1874 წლიდან (როცა უილიამს 23 წელი შეუსრულდა) საოჯახო ფირმამ საპნით ვაჭრობა დაიწყო. იმ დროის წესების მიხედვით, ეს პროდუქტი მაღაზიებს დიდი ნაჭრების სახით მიეწოდებოდა. მყიდველები კი მას ქაღალდში შეხვეულს საჭირო ოდენობით შეიძენდნენ ხოლმე. ლევერის მაღაზიაში არსებულ საპონს ამაყი სახელწოდება გააჩნდა _ Lევერ'ს Pურე Hონეყ ("სუფთა თაფლი ლევერისგან") _ ეს გახლდათ მხოლოდ ტრადიციებისთვის ხარკის გადახდა. სახელწოდება, რომელიც შეიცავდა ფირმის მფლობელის სახელსა და ფრაზას "სუფთა თაფლი" _ ერგებოდა მათ მაღაზიებში შესულ ყველა სახის საპონს. ამ დროისთვის ეს პროდუქტი სრულიად უსახური გახლდათ, იგი იწარმოებოდა ათეულობით მცირე საპნის დამამზადებელ ქარხანაში, ამიტომაც Lევერ'ს Pურე Hონეყ-ს შემადგენლობა, ხარისხი, სურნელება მაღაზიაში შეტანილი სხვადასხვა საპნის მიხედვით იცვლებოდა. რაღაც დროის განმავლობაში უილიამს ამგვარი სიტუაცია სულაც არ აღელვებდა.
ლევერის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როცა 30 წლის ასაკი გადალახა. უილიამი შეეჯახა ისეთ პრობლემას, რასაც საშუალო ასაკის კრიზისი ჰქვია. იგი ამ მომენტისთვის უკვე იყო წარმატებული ბიზნესმენი, საკუთარი კომპანიის მეთაური, უბრალოდ მდიდარი და უზრუნველყოფილი ადამიანი. მან ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. მდგომარეობიდან გამოსვლაში ვერც ელისაბედ ჰალმთან ქორწინება დაეხმარა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი საქმეებიდან ჩამოშორებას, ბრიტანეთის სანაპიროსთან პატარა კუნძულის შეძენას და მეუღლესთან ერთად განმარტოვებას აპირებდა. ამ ახირებამ მართალია მალევე გადაუარა, მაგრამ უილიამს სავაჭრო საქმე აღარ აინტერესებდა. ამის მაგიერ მან გადაწყვიტა Lევერ'ს Pურე Hონეყ-ს წარმოება საკუთარ ხელში აეღო.
თავდაპირველად, 1884 წელს ლევერმა ქალაქ უორინგტონში მცირე საპნის მწარმოებელი ქარხანა შეიძინა. ამ ფაქტმა მას საშუალება მისცა საპონი სხვისგან კი არ შეეძინა, არამედ მთლიანად გაეკონტროლებინა მისი შემადგენლობა და ხარისხი. საპნის ნარჩენებს იგი სხვა მაღაზიებს მიჰყიდდა. ისინი კი ამ ნაწარმს საკუთარი სახელწოდებით გაავრცელებდნენ. ასე იქცეოდნენ სხვებიც და ლევერი საკუთარ კაპიტალდაბანდებიდან მოგებას რამდენიმე წელიწადში მიიღებდა. უილიამის აზრით, მხოლოდ ამ გზით სვლა საკუთარ კუნძულზე ცხოვრებას არ შეედრებოდა. მან "ველოსიპედის შექმნა" გადაწყვიტა _ მყიდველებისთვის "გაუმჯობესებული საპონი" შეეთავაზებინა. ლევერის მითითებით ამ სურნელოვანი პროდუქტის დაჭრა დღეისთვის ჩვეული ზომებით პირდაპირ ქარხანაში ხდებოდა.
"სტანდარტული" საპნის ნებისმიერ მაღაზიაში გასაყიდად, უილიამმა გადაწყვიტა მისთვის ნეიტრალური, დასამახსოვრებელი სახელწოდება მიეცა. მრავალი ვარიანტის გადარჩევის შემდეგ, მან საკუთარ საპონს სახელი შუნლიგჰტ (სანლაიტი) _ "მზის სხივი" დაანათლა. ეს სახელწოდება იბეჭდებოდა იმ ქაღალდზე, რომელშიც დაჭრილ საპონს პირდაპირ ქარხანაში ახვევდნენ. საქონლის გაფორმების ეფექტი ლევერმა რეკლამით გაამყარა. საგაზეთო განცხადებები იტყობინებოდა, რომ ქალის კანი მამაკაცისაზე სწრაფად იმიტომ უხეშდება, რომ ქალი სარეცხს უხარისხო საპნით ხშირად რეცხავს. რბილი საპონი შუნლიგჰტ _ კანს ძველ ელფერს უნარჩუნებს. ჭეშმარიტ შედევრად იქცა სარეკლამო ბალადა ლამაზმან ლედი გვენდოლინზე, რომლის სახეც საზრუნავისაგან და ნაღველისაგან ვადაზე ადრე დაჭკნა. მრავალი საშუალების მოსინჯვის შემდეგ ლედი ბრძენმა ნათესავმა გადაარჩინა. მან გვენდოლინს შუნლიგჰტ-ის საპონის ყიდვა ურჩია. ამ უტყუარი არგუმენტაციის შემდეგ ქალბატონებს მხოლოდ უკანასკნელ რიგში აინტერესებდათ ის, გააჩნდა თუ არა შუნლიგჰტ-ს ქაფი საერთოდ. ეფექტის გასაძლიერებლად შემოღებულ იქნა ბონუსების სისტემა. შუნლიგჰტ-ის ყოველი ეტიკეტი განსაზღვრულ ფულად თანხას უტოლდებოდა. კუთვნილი თანხით კომპანიის ოფისში მყიდველი მოწონებულ საქონელს ირჩევდა. პრიზის ოდენობა არანაირად არ იზღუდებოდა, რაც კურიოზულ შემთხვევებს იწვევდა. ერთმა თავგამოდებულმა მყიდველმა ლევერის საპნის შესაფუთი ქაღალდი 25 ათასამდე შეაგროვა; საჩუქრად კი მიიღო 250 ფუნტის ღირებულების მანქანა და რამდენიმე ველოსიპედი, რომელიც 9 ფუნტი ღირდა. სწორედ წარმატებული და მასირებული სამარკეტინგო კამპანიების წყალობით, ერთი წლის მუშაობის მანძილზე ლევერის ქარხნის წარმოება კვირაში 20-დან 450 ტონამდე გაიზარდა. ეს საპონი ბრიტანეთის იმპერიაში ყველაზე პოპულარული გახდა.
მაღალი გაყიდვების მთავარ შემადგენელ ნაწილად უილიამი რეკლამას თვლიდა. ერთხელ მან ხუმრობით აღნიშნა: "რეკლამაზე დახარჯული ფულის ნახევარი ქარს მოაქვს, მაგრამ როგორ დავადგინოთ რომელი ნახევარია იგი?" უილიამ ლევერმა ფაქტიურად საკუთარი ხელით ახალი ბაზარი შექმნა, ამიტომაც მას კუნძულზე განმარტოება აღარ სურდა. ამჯერად მას სურდა რაც შეიძლება მეტი ხალხი გაებედნიერებინა. მზად იყო მზრუნველი მწყემსის როლი ეკისრა. "გზების ანონიმური მშენებელი _ აი, ვინაა კაცობრიობის საუკეთესო მსახური" _ ამბობდა ლევერი და საკუთარი იდეების განხორციელება ახალი საპნის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით დაიწყო. ლევერმა მიწის 23 ჰექტარი მდინარე მერსის სანაპიროზე შეიძინა. მეორე ნაპირზე ქალაქი ლივერპული მდებარეობს. ახალი ქარხნის პროექტი ცნობილმა ლივერპულელმა არქიტექტორმა უილიამ ოუენმა შექმნა. სამუშაოები 1888 წლის 3 მარტს დაიწყო; ლევერის მეუღლემ, ელისაბედმა სიმბოლურად პირველი ბარი დაარტყა მშენებლობის ადგილს. ახალი ფაბრიკა მომდევნო წლის იანვარში ამუშავდა. მის გარშემო ლევერმა საკუთარი მუშებისთვის ნამდვილი ქალაქი-ბაღნარის მშენებლობა დაიწყო. ამ ადგილს მას შესაფერისი სახელწოდება მოუძებნა: Pორტ შუნლიგჰტ (მზის სხივის თავშესაფარი). ლევერი ყველა პროექტს პირადად აკონტროლებდა, საკუთარი შესწორებები შეჰქონდა. ფართო, ნათელი სახლები სიმწვანეში იყო ჩაფლული. მათში ნახავდით სააბაზანოებსაც კი, რაც XIX საუკუნეში მხოლოდ არისტოკრატთა საცხოვრებელ სახლებში იყო გათვალისწინებული. პორტ-სანლაიტში ლევერმა მუშებისთვის ააშენა სკოლა, თეატრი, საკონცერტო და სპორტული დარბაზები, ღია საცურაო აუზი. ამის სანაცვლოდ პორტ-სანლაიტის მოქალაქეებს უნდა ეცხოვრათ თვით ლევერის მიერ დადგენილი ქცევის პურიტანული წესების მიხედვით. იმავდროულად, უილიამს საქმიანი ალღო არ დაუკარგავს. მუშები ფულს იხდიდნენ ყველაფრისთვის თვითღირებულების მიხედვით. მაშინდელი ბრიტანული გაზეთები წერდნენ, რომ ლევერი ბინის გადასახადის მორიგ ზრდას ამგვარად ხსნიდა: "ცუდი იქნება, თუკი ქრისტეშობისას გამოყოფილ პრემიას მუცელში ჩაუშვებთ ვისკის, ტკბილეულობის ან მსუქანი შემწვარი ბატის სახით. თუკი ამ ფულს დამიტოვებთ, მე მას გამოვიყენებ იმის უზრუნველსაყოფად, რაც თქვენს ცხოვრებას სასიამოვნოს გახდის: მშვენიერი სახლის, კომფორტული ცხოვრებისა და ჯანმრთელი დასვენების სახით".
უილიამის საზოგადოებრივი იმიჯი არც თუ ბრწყინვალე გახლდათ. ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჩესტერონმა პორტ-სანლაიტს "მონებით სავსე ყაზარმა" უწოდა. ლევერმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა, მაგრამ ჩესტერონის დაცვა თავად ბერნარდ შოუმ იკისრა. ლევერმა საქმე სასამართლომდე აღარ მიიტანა. იგი დაკმაყოფილდა ჩესტერონის ახსნა-განმარტებით, რომ სიტყვა "მონობა" არის "ჩვეულებრივი განათლებულ ადამიანთა საუბრისას, როცა ისინი განიხილავენ კაპიტალიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს." ლევერს ვინმეს აზრი საერთოდ არ აინტერესებდა. ცდილობდა არ გაეგონა სხვისი მოსაზრება. რაიმეს დამტკიცებას როცა ცდილობდნენ, ლევერი მოკამათეს აწყვეტინებდა: "არაფერს არ განვიხილავთ. თქვენ მართალი არ ბრძანდებით და ამით დავასრულოთ".
ადამიანის გაბედნიერების ლევერისეული ოცნება (თუნდაც მათი ნების წინააღმდეგ) საქმიან ალღოს მას სულაც არ უკარგავდა. უკვე 1888 წელს მისი საპნის მწარმოებელი კომპანია Lევერ Bროტჰერს-ი შეერთებულ შტატებში სამ ქარხანას ფლობდა. მართალია, პირველ მსოფლიო ომამდე ამერიკელი დიასახლისები მისი საპნისადმი სრულ გულგრილობას ავლენდნენ, მაგრამ უილიამი რეკლამის, კონკურსების მეშვეობით მათი გულის დაპყრობას მაინც ცდილობდა. საბოლოოდ, მათი გულის მოგება ლევერმა მხოლოდ 1920 წლისთვის მოახერხა. Lევერ Bროტჰერს-ის გაყიდვების მოცულობამ აშშ-ში 12.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 1913 წელს მხოლოდ 843 ათასს უტოლდებოდა. საკუთარ ექსპანსიას ლევერი მისთვის საინტერესო კომპანიების შესყიდვის გზით ახორციელებდა. 1890 წლისთვის აშშ-ის გარდა მას ქარხნები გააჩნდა ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, შვეიცარიაში. უილიამ ლევერს უდიდესი მიდრეკილება გააჩნდა კომპანიების შეძენა-შთანთქმისაკენ, რაც მემკვიდრეობით გადმოიღო Uნილევერ-მაც. უკვე 1906 წელს მან შეიძინა კომპანია Vინოლია, რომელიც ტუალეტის საპონს უშვებდა. 1910 წელს მისი კუთვნილება გახდა ფირმა Hუდსონ'ს _ საპნის ფხვნილის წამყვანი ბრიტანული მწარმოებელი. 1910-1915 წლების პერიოდში მან კიდევ სამი ინგლისური საპნის მწარმოებელი კომპანია შეიძინა და მათ შორის ძველი კონკურენტი კომპანია Pეარს; 1911 წელს დიდი ბრიტანეთში Lევერ Bროტჰერს-ი საპნის ყოველ მესამე ნაჭერს აწარმოებდა.
ლევერი ერთგული რჩებოდა მთავარი პრინციპისა _ დაემკვიდრებინა არა საქონელი, არამედ მისი სახე. კომპანია აგრძელებდა თითქმის ყველა შეძენილი სავაჭრო ნიშნით პროდუქციის წარმოებას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიის გავლენის სფერო აფრიკაზეც კი ვრცელდებოდა. იქ უილიამმა ქოქოსის პალმების უზარმაზარი პლანტაციები შეიძინა, რომლის ზეთიც საპნის წარმოებაში გამოიყენება. ფართოვდებოდა თვით ლევერის გავლენის სფეროც. პირადი ქონების ზრდასთან ერთად, უილიამი უფრო არისტოკრატიული ცხოვრების წესს მისდევდა. იგი გაიტაცა XIX საუკუნის ბრიტანელი მხატვრების სურათების შეგროვებამ. ამ კოლექციას შემდგომში XVIII საუკუნის ოსტატთა ნამუშევრებიც მიუმატა. გარდა ამისა, მას აინტერესებდა ავეჯი და აღმოსავლური ფაიფური. არ ივიწყებდა მშობლიურ ქალაქ ბოლტონსაც. იქ სკოლები და პარკები ააშენა. ერთხელ კი 120 ჰექტარი მიწა შეიძინა და ადგილობრივ მოსახლეობას გადასცა. გასაკვირი აღარ იყო ის, რომ 1906 წელს იგი ინგლისის პარლამენტში აირჩიეს, 1918 წელს კი ბოლტონის მერი გახდა.
62 წლის ლევერისთვის დიდი ტრაგედია იყო საყვარელი მეუღლის, ელისაბედ ჰალმის გარდაცვალება. ქალი, რომელსაც არა უბრალოდ მეორე ნახევარს, არამედ "ჩემს საუკეთესო სამ მეოთხედს" უწოდებდა. იგი პნევმონიისგან გარდაიცვალა.
1917 წელს მეფემ მას ლორდის ტიტული უბოძა, ლევერმა მოითხოვა მასში მეუღლის გვარიც შეეტანათ. სრულად მისი ტიტული ასე ჟღერდა _ ლორდი ლევერჰალმი ბოლტონ-ლა-მურსი. მეუღლის საპატივცემოდ ლევერმა 1922 წელს პორტ-სანლაიტში გალერეა ააშენა. მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე მან ინგლისის მეფე გეორგ V მოიწვია, რაზეც მონარქისგან თანხმობა მიიღო.
სიცოცხლის ბოლომდე ლევერი ჯანმრთელობას იკაჟებდა. ეძინა ღია ცისქვეშ. ხშირად თოვლით დაფარულ საწოლზე იღვიძებდა. გასაკვირი აღარაა ის ფაქტი, რომ მეუღლის მსგავსად ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ეს მოხდა 1925 წლის 7 მაისს ლონდონის რაიონში _ ჰემპსტედში, საკუთარ სახლში. იგი დაკრძალეს მეუღლის გვერდით პორტ-სანლაიტში, ქრისტეს ეკლესიაში, რომელიც თვითონვე ააშენა.
უილიამ ლევერის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მისი კომპანია Lევერ Bროტჰერს-ი ჰოლანდიურ მარგარინის მწარმოებელ კომპანიებს შეუერთდა. ამ საქმიან გარიგებას მაშინ "საუკუნის გარიგება" უწოდეს. გაერთიანებულმა კომპანიამ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა. მარგარინი (როგორც პროდუქტი) საფრანგეთში შეიქმნა, მაგრამ მისი ფართო მასშტაბით წარმოება XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ჰოლანდიელებმა დაიწყეს. მათ შორის გამოირჩეოდა ნიდერლანდებში კარაქის ორი მსხვილი მწარმოებელი _ იურგენსი და ვან დერ ბერგი. მაშინ (როგორც ახლა) მარგარინი კარაქთან შედარებით იაფი ღირდა. მარგარინის ძირითადი მომხმარებლები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ. თავდაპირველად ჰოლანდიური კომპანიები მარგარინის წარმოებისათვის ცხოველური წარმოშობის ცხიმებს იყენებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ფასებმა მკვეთრად მოიმატეს. მარგარინის მწარმოებლებმა ყურადღება ახალ ნედლეულს _ მცენარეულს მიაქციეს. მარგარინის წარმოება დაიწყეს ქოქოსის, პალმის, არაქისის და სხვა სახეობის ზეთისგან.
საპნისა და მარგარინის წარმოებისთვის ერთნაირ ნედლეულს იყენებდნენ. მრავალმა საპნის მწარმოებელმა კომპანიამ მარგარინის გამოშვება დაიწყო და პირიქით. მაგალითად, Lევერ Bროტჰერს-მა მარგარინის წარმოება აითვისა პირველი მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის მთავრობის შეკვეთით. იგი შეშფოთებული იყო იმით, რომ ქვეყანა საკვები ცხიმების მიწოდების საკითხში უცხოელებზე იყო დამოკიდებული!
ჰოლანდიური მარგარინის მწარმოებელი კომპანიები ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში კონკურენციის შესარბილებლად მოლაპარაკებას ცდილობდნენ. მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები არაეფექტური იყო, რადგანაც ყოველთვის მოიძებნებოდა ამ შეთანხმების დარღვევის მსურველი. ეს პრობლემა მათ 1927 წელს გადაწყვიტეს, როცა გაერთიანდნენ ე. წ. Mარგარინე Uნიონ-ის სახელწოდებით. ამ კავშირის მთავარი მონაწილენი იყვნენ იურგენსისა და ვარ დერ ბერგის კომპანიები. მათ ერთად ევროპაში მარგარინის ბიზნესის გაკონტროლება დაიწყეს. მოგვიანებით Mარგარინე Uნიონ-მა Lევერ Bროტჰერს-თან სფეროთა გადანაწილების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მშვიდობიანი თანაარსებობის თაობაზე ისინი ვერ შეთანხმდნენ და რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს _ ისინი ერთ დიდ კომპანიად გაერთიანდნენ. 1930 წლის იანვარში შეიქმნა ახალი ინგლისურ-ჰოლანდიური კონგლომერატი _ Uნილევერ _ წარმოება უნიკალური სტრუქტურით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის მანძილზე არ იცვლება. ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ორი კომპანია შეიქმნა: Uნილევერ PLჩ _ დაბანაკებულია დიდ ბრიტანეთში და Uნილევერ NV _ რომლის მოღვაწეობა ჰოლანდიაში მიმდინარეობს. იურიდიულად შვილობილი საწარმოების ნაწილი ჰოლანდიურ მხარეს ეკუთვნის, ხოლო მეორე ნაწილი ბრიტანულს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად Uნილევერ _ ფუნქციონირებს როგორც ერთიანი ჯგუფი. კომპანიას გააჩნია ორი შტაბ-ბინა _ ლონდონსა და როტერდამში. მათ ორი იდენტური დირექტორთა საბჭო გააჩნიათ. ბრიტანელი და ჰოლანდიელი აქციონერები ერთნაირ დივიდენდებს იღებენ.  
Uნილევერ-ის ზრდის ძირითადი წყარო სხვა კომპანიების შეძენა-შთანთქმაა მსოფლიო მასშტაბით. ეს სტრატეგია კორპორაციამ მემკვიდრეობით უილიამ ლევერისგან შეინარჩუნა. ცნობილი კომპანიებიდან სხვადასხვა დროს Uნილევერ-ის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ Lიპტონ'ს (აშშ და კანადა), Bროოკე Bონდ (დიდი ბრიტანეთი), Pეპსოდენტ (აშშ), Bაცჰელორს (დიდი ბრიტანეთი), ჩჰესეპროუგჰ-Pონდ'ს (აშშ) და სხვები.
Uნილევერ-ი არის არა იმდენად კომპანიების კოლექცია, არამედ ათასზე მეტი ბრენდის შთამბეჭდავი კრებული. მრავალმა მომხმარებელმა შეიძლება არც კი იცის Uნილევერ-ის არსებობის თაობაზე, მაგრამ აუცილებლად ეცოდინებათ ისეთი სავაჭრო ნიშნები, როგორებიცაა "ლიპტონი" (ჩაი), "რამა" (მარგარინი), "პეპსოდენტი" (კბილის პასტა), "სანსილკი" (საპონი), "ომო" (სარეცხი ფხვნილი), "რექსონა" (დეზოდორანტი) და სხვები.  
თუკი XX საუკუნის 30-იან წლებში Uნილევერ-ის მოგების 90%-ს შეადგენდა საპნისა და საკვები ცხიმების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები, 80-იანი წლების დასაწყისისთვის მათზე მთელი ბრუნვის მხოლოდ 40% მოდიოდა. ეს მოხდა გაყინული პროდუქტების, საკვები კონცენტრატების, ნაყინის, ჩაის და პირადი ჰიგიენის საგნების გაყიდვის ზრდის ხარჯზე. სერიოზული ცვლილებები განიცადა Uნილევერ-ის მოღვაწეობის გეოგრაფიამ. თუკი 1930 წელს არაევროპულ ქვეყნებში ვაჭრობას კომპანიის შემოსავლის მხოლოდ 20% მოჰქონდა, 50 წლის შემდეგ ეს ციფრი გაორმაგდა. კომპანიის მიერ წარმოებულმა პროდუქციამ შეაღწია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, უკანასკნელ პერიოდში კი აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში.
1980 წლიდან Uნილევერ-მა რესტრუქტურიზაციის სერიოზული პროგრამა წამოიწყო. გადაწყდა, ყურადღების კონცენტრირება მოეხდინათ ბიზნესის უმთავრეს მიმართულებებზე, თანდათან ჩამოეშორებინათ სერვისული და დამხმარე საწარმოები. მათ იმ დროისათვის შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწიეს. 90-იანი წლების დასაწყისისთვის ამ კომპანიამ სამოღვაწეოდ მხოლოდ 4 ძირითადი სასაქონლო ჯგუფი დაიტოვა _ სარეცხი საშუალებები, პირადი ჰიგიენის საგნები, სასურსათო პროდუქტები და სამრეწველო ქიმიკატები. 90-იან წლებში ჟურნალი Fორბეს-ი აღნიშნავდა, რომ კომპანია Uნილევერ "მძინარე გიგანტად" გადაიქცა. იგი კვლავ აგრძელებდა უზარმაზარი შემოსავლების მიღებას, მაგრამ "სუფთა მოგება / გაყიდვების საერთო მოცულობის" შეფარდების მიხედვით სხვა გლობალურ კომპანია-კონკურენტებთან შედარებით პოზიციები დათმო. შედარებისთვის: 1994 წელს Uნილევერ-მა გაყიდა 41 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი, სუფთა მოგება შეადგენდა 1.8 მილიარდ დოლარს. იმავე წელს ამერიკულმა Pროცტერ&Gამბლე 30 მილიარდიანი ბრუნვისას სუფთა მოგება 2 მილიარდი დოლარი მიიღო. სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. 1998 წელს Uნილევერ-ის სუფთა მოგებამ 3.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, საერთო ბრუნვა კი 48 მილიარდ დოლარს. რა მოხდა? ვინ გააღვიძა "მძინარე გიგანტი?"
ამ ცვლილებებს მრავალი ანალიტიკოსი სამართლიანად უკავშირებს კორპორაციის ამჟამინდელ თანათავმჯდომარეს, ბრიტანული განყოფილების მეთაურის ნაიელ ფიტცჯერალდის მოღვაწეობას. ახალი კურსის ასაღებად ბიძგი აღმოჩნდა 1994 წლის "დიდი საპნის ომი". მაშინ Uნილევერ-მა ბაზარზე ახალი სარეცხი ფხვნილი Pერსილ Pოწერ გამოუშვა. მცირე ხნის შემდეგ Pროცტერ&Gამბლე რეკლამა გაუშვა მამაკაცის ტრუსებით. ამერიკული კომპანიის მტკიცებით, ქსოვილი ნაფლეთებად იქცა, რადგანაც იგი Pერსილ Pოწერ-ის სარეცხ ფხვნილში გარეცხეს. საკუთარი პროდუქციისათვის რამდენიმე თვიანი დამღლელი ბრძოლისა და ბრიტანული პრესის გაუთავებელი დაცინვის შემდეგ Uნილევერ-მა Pერსილ-ი ბაზრიდან იძულებით "ააორთქლა". კორპორაციის წაგებამ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი შეადგინა. ამას დაემატა ისიც, რომ ევროპაში სარეცხი ფხვნილის ბაზრის 5% დაკარგა. მრავალი ექსპერტის აზრით, მსგავსი ფიასკოს შემდეგ ფიტცჯერალდი საკუთარ პოსტს ვერ შეინარჩუნებდა. მან აღიარა, რომ იმ მომენტში გონებაში გადადგომისთვის საჭირო ტექსტიც კი შეთხზა. მისდა საბედნიეროდ, მმართველთა საბჭომ ეს ფიასკო როგორც სასარგებლო გაკვეთილი ისე განიხილა, რის შედეგადაც ფიტცჯერალდის ხელმძღვანელობით მან სტრუქტურული გარდაქმნების ეტაპი დაიწყო, რამაც 1998 წელს კომპანიას საგრძნობი წარმატება მოუტანა.

ვეფხია სამსონიძე