ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
რუსეთში საავტომობილო წარმოების ბუმია
#2(10), 2006
რუსეთის ავტოინდუსტრიის ისტორიაში გარდატეხის მომენტი დადგა. ქვეყანაში სულ უფრო (ბუმის ტემპებით) იზრდება გაყიდული უცხოური ავტომობილების რაოდენობა, რასაც მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელთა დაინტერესება მოჰყვა. მართალია, მათ გააქტიურებას რუსული სამამულო ავტომრეწველობა ეწირება, მაგრამ ამ დარგს უცხოური კომპანიების ჩაურევლობის შემთხვევაში უფრო ცუდი პერსპექტივა ექნება.

როგორც ჩანს, სწორედ ამ დასკვნამდე მისვლისა და არცთუ შორეული პერსპექტივის გათვლის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ მიიღო ისტორიული, #166 დადგენილება, რომელიც, როგორც მთავრობის წევრები აღიარებენ, რუსეთში ავტომობილების წარმოების დაწყებით დაინტერესებული უცხოური კომპანიების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

ამ დადგენილებით, შემცირდა საბაჟო ტარიფი იმ ავტოკომპონენტებზე, რომლებიც ავტომობილების წარმოებისთვისაა განკუთვნილი. შედეგად, ავტომობილების წარმოებისთვის აუცილებელი მაკომპლექტებლების საბაჟო გადასახადები თითქმის ოთხჯერ შემცირდა (12,5-დან 3 პროცენტამდე). მაკომპლექტებლებზე საბაჟო ტარიფების შემცირებით, ადგილობრივმა მწარმოებლებმაც ისარგებლეს, რომლებმაც გაზარდეს უცხოეთში დამზადებული ნაწილების შეძენის მოცულობა.

პარალელურად, უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის ავტობაზარი ბუმს განიცდის _ იქ ახალი ავტომობილების გაყიდვები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება, რაც უცხოური კომპანიების ამ ბაზრით დაინტერესებას აძლიერებს. ამის საილუსტრაციოდ შემდეგ სტატისტიკას მოვიშველიებთ: მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთში უცხოეთიდან უკვე 250100 მსუბუქი ავტომობილია შეტანილი. ესე იგი, ავტომობილების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,82 პროცენტით გაიზარდა. სულ კი რუსეთში უკვე შეტანილი ავტომობილების საერთო ღირებულებამ 3 მილიარდ დოლარს მისწვდა.

საერთაშორისო სააუდიტორო კომპანია "ერნსტ ენდ იანგის" დაანგარიშებით, შარშან რუსეთში სულ 1.84 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით მეტია. ამ რაოდენობიდან, 563400 ახალი ავტომობილი უხოური კომპანიების დილერებმა გაყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 60 პროცენტით მეტია.

რაც უფრო იზრდება ცალკეული კომპანიის გაყიდვების მოცულობა, სულ უფრო მატულობს იმის ალბათობაც, რომ ეს კომპანია ეცდება რუსული ბაზრის მზარდი მოთხოვნილება შეტანილი კი არა, ადგილზე დამზადებული თავისი ავტომობილებით დააკმაყოფილოს.

ეს ის ტენდენციაა, რომელიც თავის დროზე თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის ავტობაზარმა გაიარა. ახლა კი რუსეთის ჯერიც დადგა. სხვათა შორის, ახალი ავტომობილების გაყიდვების ზრდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი უტყუარი მაჩვენებელია. ეს კი თავისთავად იწვევს ინვესტორთა, ამ შემთხვევაში, ავტომწარმოებელთა დაინტერესებას.

დღეისათვის რუსეთში უკვე აწარმოებენ ავტომობილებს ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა "ფორდი", "ტოიოტა", "ბეემვე", "რენო", "ჰიუნდაი" და სხვები. მათ მაგალითს კი მალე ალბათ ყველა "დიდი მოთამაშე" მიბაძავს. ყოველ შემთხვევაში, "ფოლკსვაგენმა", "ნისანმა" და "ჯენერალ მოტორსმა" უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები. იგივეს აპირებს "პეჟო-სიტროენიც". ეს უკანასკნელი რუსეთში დებიუტანტი ნამდვილად არაა, თუმცა აქამდე ის მხოლოდ "ავტოვაზთან" პარტნიორობით შემოიფარგლებოდა, მალე კი საკუთარ საწარმოში დამზადებულ ავტომობილებსაც გაყიდის. ამ ოთხეულის გარდა, რუსეთში წარმოების გაზრდას აპირებენ "რენო" და "კია-ჰიუნდაი". ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ბაზრის ათვისებას იწყებენ ჩინელებიც.

რუსიშე ვაგენ

დიდი ხანია, "ფოლკსვაგენი" რუსეთში წარმოების დაწყებას აპირებდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე. ამ გეგმას ემხრობოდა კონცერნის შეფი ბერნდ პიშეცრიდერი, თუმცა ის უამრავ წინააღმდეგობას აწყდებოდა.

მისი გეგმების ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოწინააღმდეგე პროფკავშირი იყო, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება გერმანულ ქარხნებში სამუშაო ადგილების შემცირებას და იმავდროულად, წარმოების გერმანიის საზღვრებს გარეთ თანდათან გადატანას.

ასე იყო თუ ისე, ეს წინააღმდეგობა მაისში იქნა დაძლეული _ "ფოლკსვაგენის" სამეთვალყურეო საბჭომ პიშეცრიდერი კონცერნის სათავეში დატოვა, რასაც მაშინვე მოჰყვა რუსული გეგმისთვის მწვანე შუქის ანთება. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა რუსული ქარხნისთვის ადგილის შესარჩევად.

როგორც ამბობენ, ამ კუთხით, "ფოლკსვაგენის" ხელმძღვანელობამ 70 ვარიანტი განიხილა და საბოლოო არჩევანი მოსკოვის სამხრეთ დასავლეთით, 160 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კალუგაზე შეაჩერა. გერმანელთა გადაწყვეტილება მეტწილად განაპირობა კალუგის ოლქისა და თვითონ ქალაქის მონდომებამ _ მათ სასურველ პარტნიორებს საუკეთესო პირობები შესთავაზეს. ეს ეხება როგორც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას, ასევე საგადასახადო შეღავათებს და საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარხნისთვის გამოყოფილ მოედანთან მიყვანილ იქნება წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები. გარდა ამისა, კალუგა გერმანელებს არანაკლებ იზიდავს იმითაც, რომ იქ მათ ეგულებათ კვალიფიცირებული და იმავდროულად, იაფი მუშახელი.

კალუგაში ქარხნის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და ის მწყობრში 2009 წელს ჩადგება. ოღონდ, მშენებლობის პროცესში მყოფი, ის მერმისვე დაიწყებს პირველი ავტომობილების გამოშვებას. მისი პირველი პროდუქტი იქნება "შკოდა ოქტავია". თავიდან წლიურად მხოლოდ 20 ათასი ავტომობილი დამზადდება. ქარხნის აშენებამდე წარმოება ეგრეთ წოდებული მსხვილკვანძოვანი ციკლისა იქნება _ ქარხანას უცხოეთიდან მიაწვდიან გამზადებულ, შეღებილ ძარებს, აგრეგატებს და შასის, ადგილზე კი მათი აწყობა მოხდება.

პარალელურად კი გაგრძელდება შესადუღებელი და სამღებრო საამქროების მშენებლობა და აღჭურვა. 2009 წელს ქარხნის სიმძლავრე წლიურად 120 ათას ავტომობილს მიაღწევს. კალუგის ქარხანაში სულ 3500 ადამიანი იმუშავებს და იქ "ოქტავიას" გარდა გამოუშვებენ "ფოლკსვაგენის" მოდელებს _ "პოლოს", "პასატს" და შესაძლოა, "ტუარეგსაც".

"ფოლკსვაგენი" ასევე აპირებს სხვადასხვა მაკომპლექტებლების რუსეთში წარმოების დაწყებას. თავიდან ეს იქნება სალონის მარტივი დეტალები და ძარის ნატვიფრი პანელები. რუსეთში არ მოხდება მხოლოდ აგრეგატების (ძრავი, ტრანსმისია) წარმოება, რომლებსაც ქარხანა დასავლეთ ევროპიდან მიიღებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, "ფოლკსვაგენის" მიზანია, კალუგაში რაც შეიძლება მეტი მოდელი (ფოლკსვაგენისა და შკოდას მარკის) აწარმოოს. ეს იმ მოდელებს ეხება, რომლებიც რუსეთის ბაზარზე პოპულარულებია. კალუგაში ნაკლებად პოპულარულ ავტომობილებსაც გამოუშვებენ, ოღონდ ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნება არა კონვეიერული, არამედ მსხვილკვანძოვანი ციკლი. ბესტსელერებს კი მხოლოდ კონვეიერზე გამოუშვებენ.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ გერმან გრეფთან, კალუგის ოლქის გუბერნატორ ანატოლი არტამონოვთან და კალუგის მერ მაქსიმ აკიმოვთან ქარხნის მშენებლობის კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, პიშეცრიდერმა და "შკოდას" შეფმა დეტლეფ ვიტიგმა განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ სპეციალურად, რუსეთის ბაზრისთვის სრულიად ახალი მოდელის გამოშვებას. ამ ავტომობილზე ითქვა მხოლოდ ის, რომ ის ბაზარს "ფოლკსვაგენის" მარკით ეწვევა. სავარაუდოდ, ის კომპაქტურ მოდელ "პოლოს" პლატფორმაზე შეიქმნება, ოღონდ სედანის ძარა ექნება. მისი ფასი კი არ უნდა იყოს 10 ათას ევროზე მეტი.

გერმანული კონცერნი კალუგის ქარხნის მშენებლობაში 270 მილიონ ევროს დააბანდებს. პროექტის მეორე ნაწილი ითვალისწინებს სატვიფრი წარმოების დაწყებას, რაზეც გათვალისწინებულია 100 მილიონი ევროს ინვესტირება.

რუსული დეტროიტი?

რუსულ პრესაში ქალაქ სანკტ პეტერბურგს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ რუსულ დეტროიტად. ქვეყნის ჩრდილოეთის დედაქალაქის სიახლოვეს უკვე მოქმედებს "ტოიოტასა" და "ფორდის" ქარხნები, მალე კი იქ თავიანთ საწარმოებს ააშენებენ "ჯენერალ მოტორსი" და "ნისანი". უფრო მეტიც, გრეფს უთქვამს, კიდევ ორ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებებიო.

იმ დროს, როდესაც "ჯენერალ მოტორსის" დასავლეთევროპულ ქარხნებში დაწყებულ შემცირებათა გამო გაფიცვები ეწყობა, მსოფლიოს უდიდესმა ავტომწარმოებელმა რუსეთში ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ქარხანა შენდება სანკტ პეტერბურგის სამრეწველო გარეუბან შუშარში, სადაც "გენერლებმა" 94 ჰექტარი ტერიტორია შეიძინეს. ქარხნის მშენებლობაში 115 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული. ის ფუნქციონირებას 2008 წლის ბოლოს დაიწყებს. თავიდან მისი სიმძლავრე წლიურად 25 ათასი ავტომობილი იქნება, სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ კი წარმადობა 100000 ავტომობილამდე გაიზრდება. ცნობისათვის, ამ ქარხანაში 700 მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება.

სანამ შუშარის ქარხანა აშენდებოდეს, "გენერლები" მანამ დაიწყებენ რუსეთში ავტომობილების წარმოებას. დროებით ქარხანაში, რომელიც ასევე სანკტ პეტერბურგის სიახლოვეს მდებარეობს, სექტემბრიდან დაიწყება უგზოობის უახლეს მოდელ "კაპტივას" წარმოება, რომლის დებიუტი ჟენევის წლევანდელ ავტოსალონზე შედგა.

თავიდან ამ ქარხნის საწარმოო მოცულობა მხოლოდ 1000 ავტომობილი იქნება, მომავალში კი 4000-5000-მდე გაიზრდება. თუმცა, საწარმო მაშინვე შეწყვეტს ფუნქციონირებას, როგორც კი ამუშავდება შუშარის ქარხანა.

ამერიკული კომპანია არ აკონკრეტებს, თუ "კაპტივას" გარდა რომელი მოდელების გამოშვებას გეგმავს შუშარში. წინასწარი მონაცემებით, მეორე მოდელი ალბათ იქნება ჩ-სეგმენტის ჰეჩბეკი, ან სედანი. რაც შეეხება მესამე მოდელს, მისი არჩევა ბაზრის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.
სხვათა შორის, "ჯენერალ მოტორსი" რუსულ კომპანია "ავტოვაზთან" ერთად ჯერაც აწარმოებს პოპულარულ მოდელ "ნივას" (შევროლეს მარკით) და "ვივას". გარდა ამისა, რუსული კომპანია "ავტოტორი" კალინინგრადში მდებარე ქარხანაში ლიცენზიით აწარმოებს "კადილაკებს", "ჰამერებსა" და "შევროლეებს".

"ჯენერალ მოტორსის" ევროპული შტოს პრეზიდენტ კარლ-პეტერ ფორსტერის თქმით, მალე რუსული ბაზრის მოცულობა გაორმაგდება და 3 მილიონ ავტომობილს მიაღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის რუსეთში წარმოების დაწყება უპირველეს (თუ ჩინეთს უგულვებელვყოფთ) ამოცანადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ამერიკულმა კომპანიამ წელს მაისის ჩათვლით რუსეთის ბაზარზე უკვე 11000 ავტომობილი გაყიდა, რაც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით 80 პროცენტით მეტია. სხვათა შორის, 143-მილიონიან რუსეთში ყოველ 1000 მოსახლეზე უკვე 178 ავტომობილი მოდის, თუმცა ეს ჯერაც ნაკლებია საერთოევროპულ მაჩვენებელზე.

"ჯენერალ მოტორსის" მსგავსად, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად საავტომობილო ქარხანას ააშენებს იაპონური "ნისანიც", რომლის აქციების საკონტროლო პაკეტსაც ფრანგული "რენო" ფლობს. "ნისანს" თავისი რუსული ქარხნის ასაშენებლად 200 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი.

იაპონელთა ქარხანა 2009 წელს ამუშავდება და მისი საპროექტო სიმძლავრე წლიურად 50000 ავტომობილის წარმოებაა. "ნისანის" მთავარი აღმასრულებელი კარლოს გოსნი (ის იმავდროულად "რენოს" მთავარი აღმასრულებელიცაა) ამბობს, რომ იაპონური კომპანია ქარხნის მშენებლობას მერმის შეუდგება, 2008 წელს კი გადაწყდება, თუ რომელი მოდელები დამზადდება მის კონვეიერზე.

"რენო" და რუსები

იმ დროს, როდესაც "ნისანს" ჯერაც არ დაუწყია თავისი რუსული ქარხნის მშენებლობა, მისი ფრანგი "ნათესავი" ("რენო") რუსეთში წარმოების გაზრდაზე ზრუნავს. კერძოდ, კომპანიას თავისი მოსკოვური ქარხნის სიმძლავრის 80000-მდე გაზრდა აქვს დაგეგმილი.

ფრანგულ-რუსული ერთობლივი საწარმო "ავტოფრამოსი" შარშან ამოქმედდა. მასში "რენომ" 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კარლოს გოსნის ინფორმაციით, ეს ქარხანა წელს 60000 ავტომობილს გამოუშვებს, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მალე აღნიშნული მოცულობითაც ვერ მოხერხდება რუსული ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ გადაწყვეტილია, რომ მისი სიმძლავრე 80000-მდე გაიზარდოს.

უნდა ითქვას, რომ "ავტოფრამოსი" ძირითადად "რენოს" ყველაზე იაფფასიან მოდელ "ლოგანის" წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამ მოდელის მსოფლიო დებიუტი შარშან შედგა, თუმცა ამ მოკლე ხანში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე (რომლისთვისაც განკუთვნილია), არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც. მას რუსეთის გარდა, რუმინული ქარხანაც უშვებს "დაჩიას" მარკით, თუმცა როგორც ირკვევა, ეს მაინც არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ჰოდა, "რენოს" ხელმძღვანელობა რუსული "ავტოვაზის" ახალ მენეჯმენტს ერთობლივი საწარმოს შექმნას სთავაზობს, რომელიც პერსპექტივაში წლიურად 450 ათასი ავტომობილის გამოშვებას შეძლებს. თავისი გეგმის განსახორციელებლად ფრანგული კონცერნი მზადაა, ერთობლივი საწარმოსთვის "ლოგანის" პლატფორმა გაიმეტოს. სამაგიეროდ კი, მომავალი პარტნიორისგან "ავტოვაზის" აქციების იმ ზომის პაკეტს მოითხოვს, რომლითაც საშუალება მიეცემა, თავადაც მიიღოს მონაწილეობა რუსული ავტოგიგანტის მართვაში და დაბლოკოს კიდეც მისთვის არასასურველი გადაწყვეტილებები. ფრანგების განმარტებით, მათ ამით ერთობლივ საწარმოში თავიანთი ინვესტიციების დაცვა სურთ.

წინასწარი მონაცემებით, ერთობლივი საწარმო სულ 6 მოდელს გამოუშვებს. აქედან სამი "რენოს" მარკისა იქნება, სამი კი _ "ავტოვაზისა". ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ საწარმოს ხელმძღვანელობაც ფრანგებს სურთ, რათა მიაღწიონ წარმოების მაღალ ხარისხს და მინიმუმზე იქნას დაყვანილი საწარმოო ხარჯები.

პრინციპში, "ავტოვაზი" მზადაა, რომ ერთობლივ საწარმოში გადამწყვეტი ხმის უფლება ფრანგულ კომპანიას დაუთმოს, მაგრამ ამთავითვე აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა რუსეთის მთავრობას მიენიჭება. სხვათა შორის, ამ საკითხზე მსჯელობისას კარლოს გოსნმა განაცხადა, რომ "ავტოვაზთან" "რენოს" ესოდენ მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთის მთავრობის, კონკრეტულად კი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უშუალო მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

სხვები და მთავარი

"რენოს" გარდა, რუსეთში წარმოების დაწყება სურს კიდევ ერთ ფრანგულ ავტოგიგანტ "PშA პეჟო/სიტროენსაც", რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
PშA რუსეთისთვის ორ ვარიანტს განიხილავს. პირველის მიხედვით, იქ სრულიად ახალი ქარხანა აშენდება. მეორე ვარიანტი კი რომელიმე რუსულ ავტომწარმოებელთან კოოპერირებას გულისხმობს. ორივე შემთხვევაში, PშA რუსეთში თავიდან წლიურად 50000 ავტომობილის გამოშვებას აპირებს, შემდეგ კი წარმოების სიმძლავრე მოთხოვნის შესაბამისად შეიძლება გაიზარდოს.

PშA რუსეთში B და ჩ კლასის ავტომობილებს გამოუშვებს, რომლებიც იქ ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. "სიტროენის" მოდელებიდან ეს იქნება ჩ4, რომელიც ამ მარკის ავტომობილებს შორის რუსეთში ყველაზე პოპულარულია (მასზე მოდის შარშან გაყიდული სიტროენების 44%). "პეჟო" კი თავის არჩევანს ორ მოდელზე - 307-სა და 206-ზე (ან 207-ზე) შეაჩერებს.
რუსეთში ავტომობილების წარმოება სურს იაპონურ "დაიჰაცუსაც", რომლის ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის მთავრობასთან. იაპონელებს გეგმის ორი ვარიანტი აქვთ. ერთი გულისხმობს წარმოების დაწყებას ჯგუფ "სოკთან" ერთად, რომელსაც აქვს საწარმო ქალაქ სიზრანში. იქ ამჟამად ხდება "ავტოვაზის" მოძველებული მოდელების წარმოება. მეორე ვარიანტით, "დაიჰაცუ" რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, სრულიად ახალ ქარხანას ააშენებს.

უნდა ითქვას, რომ იაპონურ კომპანიას, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტსაც "ტოიოტა" ფლობს, ახალ ქარხანაში წარმოებული ავტომობილების არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში გატანა აქვს განზრახული. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ მან თავისი ქარხანა რუსეთის ნაცვლად, აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში (პოლონეთში ან სლოვაკეთში) ააშენოს.

ექსპერტების მოსაზრებით, "დაიჰაცუს" ნაკლებად უნდა აინტერესებდეს ქარხნის რუსეთში აშენება, რადგან რუსულ ბაზარზე მისი პროდუქცია არცთუ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საწვავზე ფასების ზრდის პირობებში, რუსეთში კომპაქტურ და ეკონომიურ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება.

დაბოლოს, იმის შესახებ, თუ რატომ ჩქარობენ უცხოელი ავტოკომპანიები რუსეთში ქარხნის მშენებლობის დაწყებას და იქაურ მთავრობასთან კონტრაქტების გაფორმებას.

საქმე ისაა, რომ 2007 წლის დასაწყისში მოსალოდნელია მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღება. ეს კი იმას მოასწავებს, რომ მოქმედებას ავტომატურად შეწყვეტს რუსეთის მთავრობის #166 დადგენილება, რომლითაც ავტომობილების წარმოებისთვის განკუთვნილ ავტოკომპონენტებზე საბაჟო გადასახადები მინიმუმამდე შემცირდა. თუმცა, ის კონტრაქტები, რომლებიც მანამდე გაფორმდება, ძალაში დარჩება და ბუნებრივია, რუსეთის მთავრობასთან ასეთი კონტრაქტების გამფორმებელი კომპანიები, კონკურენტებთან შედარებით, მოგებაში დარჩებიან...

მერაბ ლორთქიფანიძე