ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
დსთ ორ ნაწილად ჯგუფდება
#2(10), 2006
დსთ-ში გაერთიანებული პოსტსაბჭოური სივრცე დიდი ცვლილებებისთვის ემზადება, თუმცა ჯერჯერობით დსთ-ის გაუქმებაზე ან დსთ-იდან გამოსვლაზე არავინ მიდის. დსთ-ის შიგნით ოთხი ქვეყანა სუამისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვას ცდილობს, რუსეთი კი ევრაზესში შემავალ ქვეყნებთან ერთად ინტეგრაციის ახალ გეგმებს სახავს. დსთ-ში სულ უფრო ღრმავდება ბზარი ე.წ. "პროდასავლურ" ქვეყნებსა და "რუსეთზე ორიენტირებულ" ქვეყნებს შორის, თუმცა ეს დაყოფა ჯერ საბოლოო არაა. რუსეთი აშკარად ცდილობს თავისი პოზიციების აღდგენას დსთ-ის მთელ სივრცეში და მის ამგვარ ქმედებებს მხოლოდ დასავლეთის აქტიური ჩარევა თუ შეაჩერებს.

დსთ-ის რეფორმირების რუსული გეგმა

დსთ-თი კმაყოფილი დღეს არავინაა. პუტინმა ამ რამდენიმე ხნის წინ ერევანში პირდაპირ განაცხადა _ დსთ "ცივილიზებული განქორწინების" მექანიზმი იყო. შესაბამისად, ის  ინტეგრაციისათვის ნაკლებად გამოდგება. არადა, ამ "განქორწინების მექანიზმით" ცდილობდა რუსეთი დიდი ხნის მანძილზე პოსტსაბჭოური სივრცის რეინტეგრაციას.  თუმცა, მოსკოვი დსთ-ის დაშლას არ აპირებს, რადგანაც დსთ ეს რუსეთის გავლენის სფეროს თავისებური დაფიქსირებაა, თუნდაც რიგ შემთხვევებში, საკმაოდ ფორმალურისა.

მოსკოვის გარშემო ინტეგრაციის ამოცანების გადასაწყვეტად კი დღეს დსთ-ს შიგნით არსებული გაერთიანება "ევრაზესი" წარმოადგენს. მასში გაერთიანებულია რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. გარდა ამისა, სომხეთს, მოლდოვას და უკრაინას ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. "ევრაზესის" ქვეყნებში პერსპექტივაში შესაძლებელია ერთიანი ვალუტის შემოღება. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ფრადკოვმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ვალუტის შემოსაღებად რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიაზე. 

ევრაზესის ქვეყნების ერთიანობის დათვალიერება მოსკოვმა კიევში დაგეგმილი სუამის სამიტის წინ მინსკში ჩაატარა. ევრაზესის ხუთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მიზანი იყო "ე.წ. საპირწონე ძალის შექმნის შესაძლებლობა იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, რომლებმაც აირჩიეს დასავლეთთან ინტეგრაციის გზა _ აღნიშნავს პოლონური გაზეთი "ძენიკი", რომელმაც ამ საკითხზე სტატია ნიშანდობრივი სათაურით გამოაქვეყნა _ "კრემლი ახალ სსრ კავშირს აშენებს". 

რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე ეკონომიკური გავლენის შენარჩუნებით არ იფარგლება და პოლიტიკური გავლენის განმტკიცებაზეც ფიქრობს. ბელორუსიის ოპოზიციასთან დაკავშირებული "სტრატეგიის" ანალიზური ცენტრის ექსპერტი იაროსლავ რომანჩუკი აღნიშნავს, რომ კრემლს მხოლოდ სურს შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც მასში შემავალ სახელმწიფოებს რუსეთს დაუქვემდებარებს, რათა "ენერგეტიკული იმპერია გეოგრაფიულ იმპერიად გადააქციოს". 

რუსეთის ამ გეგმების რეალიზებას შეიძლება ხელი შეუშალოს ევრაზესის წევრი ქვეყნების ლიდერების ამბიციებმა, რომლებიც დამოუკიდებლობის სიკეთეებს იოლად არ დათმობენ. პირველ რიგში მოსკოვს ყაზახეთის ლიდერისათვის ანგარიშის გაწევა უხდება, რათა ამ ქვეყანამ დასავლური ორიენტაციისაკენ არ გადადგას ნაბიჯები. ნაზარბაევი მართლაც მოხერხებულად თამაშობს რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებზე და მათ დაბალანსებას თავისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ ცდილობს.

დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარეობა დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების 2005 წლის ყაზანის სამიტზე პუტინმა სწორედ ყაზახეთის პრეზიდენტს გადასცა. ნაზარბაევი დსთ-ს 15 წლისთავზე (2006 წლის დეკემბერში) ამ ქვეყნების ლიდერებს ალმა-ათაში იწვევს (სწორედ ამ ქალაქში ჩამოყალიბდა 1991 წ. 21 დეკემბერს დსთ) და იქ აპირებს "ყველაფრის შეჯანჯღარებას", ანუ დსთ-ს სტრუქტურული რეორგანიზაციის პრობლემის განხილვას, რათა ისინი გახდეს "გაცილებით ეფექტური და საინტერესო".
დსთ-ის რეორგანიზებას მოსკოვისათვის სასურველ თარგზე საეჭვოა დათანხმდნენ "უმცირესობაში" მყოფი ქვეყნები, რომლებიც სუამში არიან გაერთიანებულნი. სუამის კიევის სამიტის წინ საქართველოს და უკრაინის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები დსთ-დან შესაძლო გასვლის შესახებ. ამიტომ რუსული მედია არ გამორიცხავდა, რომ კიევში შეკრებილი ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებს დსთ-დან გასვლის შესახებ განცხადება გაეკეთებინათ. მაგრამ სუამის ქვეყნები ასეთი რადიკალური ნაბიჯის და შესაბამისად, რუსეთის გაღიზიანებისათვის მზად არ არიან. "განხეთქილების ინიციატორები ხიდების დაწვას ვერ რისკავენ", _ ნიშნის მოგებით წერდა რუსული "ნეზავისიმაია გაზეტა". 

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან "განხეთქილებას" ერიდება აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტები, კიევის სამიტის დროს შეთანხმდნენ სუამის საერთაშორისო ორგანიზაციად გადაქცევის თაობაზე. როგორც აღინიშნა, ეს გათვლილია არა მარტო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე, არამედ ამ ორგანიზაციაში ახალი წევრების მოზიდვაზეც.

სუამის ახალი პერსპექტივები

სუამს მოსკოვში თავიდანვე მტრული თვალით უყურებდნენ. ეს დამოკიდებულება დღესაც ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ სუამის ქვეყნები აშკარად ერიდებიან მოსკოვის გაღიზიანებას. მოსკოვში ამ ქვეყნების ძალა კი არ აშფოთებთ, არამედ დასავლეთის მხარდაჭერა ამ ქვეყნებისადმი, რადგანაც დასავლეთი აღარ ცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის გავლენის სფეროდ. 
იუშჩენკოს თქმით, სუამის წინაშე სამი მთავარი ამოცანა დგას: რეგიონული საკითხების ირგვლივ დიალოგი; უფრო შეთანხმებული პოლიტიკის გატარება გაყინული კონფლიქტების მიმართ და ევროატლანტიკური მიმართულება. როგორ მოხერხდება ამ ამოცანების რეალიზება, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის უკრაინის უნარზე შეასრულოს ლიდერის როლი ამ ორგანიზაციაში.

სუამი _ პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანება ლამის ათი წელია რაც არსებობს. პერიოდულად გამოცოცხლდება ხოლმე და მისი პერსპექტივების შესახებაც აქტიურად მიდის საუბარი, მაგრამ "გამოცოცხლების" პერიოდებს ენაცვლება გაცილებით უფრო ხანგრძლივი პასიურობის პერიოდები, როდესაც დასახული დიდი გეგმებიდან ბევრი ვერაფერი კეთდება. წლების მანძილზე მიდის საუბარი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, სუამში ახალი წევრების მიღებაზე, მაგრამ ამ ორგანიზაციამ გასულ წელს ერთი წევრი დაკარგა _ უზბეკეთმა უარი თქვა მასში ყოფნაზე.

რუსი ექსპერტები სუამს ამერიკელთა "შემოქმედებად" მიიჩნევენ და მის გეოპოლიტიკურ დანიშნულებად რუსეთსა და ევროპას შორის "სანიტარული კორდონის" შექმნას მიიჩნევენ.  სუამის ყოველი შეხვედრის წინ ლამის რიტუალად იქცა განცხადება, რომ ეს გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული და რუსეთსაც შეუძლია მის მუშაობაში ჩართვა. ამჯერადაც, კიევის სამიტის წინ გაკეთდა ასეთი განცხადება. "ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, ვისაც აინტერესებს ეს ორგანიზაცია. მათ რიცხვში რუსეთი არ არის. რუსეთი არასოდეს ამჟღავნებდა ინტერესს სუამის მიმართ და დამკვირვებლის სტატუსიც არ უთხოვია, თუმცა ჩვენ მოხარული ვიქნებოდით", _ აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი ვესელოვსკიმ. 

სუამის კიევის სამიტის (2006 წლის 22-23 მაისი) წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუამის წევრი ქვეყნები დსთ-დან გასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებენ. ამის თაობაზე რუსული მედიაც წერდა. ამგვარი მოლოდინის მიზეზი მაისის დასაწყისში ვილნიუსში გამართული სამიტის დროს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გახდა, რომლებმაც სხვა საკითხებთან ერთად დსთ-იდან გასვლის შესაძლებლობაც განიხილეს. თუმცა სამიტის წინ რუსულ სააგენტო "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი რამ ფაქტობრივად გამორიცხა და სუამი დსთ-ის ალტერნატივად არ მიიჩნია. დსთ-იდან გასვლის საკითხს არც მოლდოვა აყენებს.

რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინის დსთ-იდან გასვლის შემთხვევაში რუსეთმა ამ ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები უნდა აამოქმედოს. თუმცა, რიგი ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ "რუსეთმა არ უნდა დაუშვას ამ ქვეყნების დსთ-იდან გასვლა, რადგან ასეთ შემთხვევაში ნატო საბოლოოდ განდევნის მოსკოვს ამ ქვეყნებიდან", _ აცხადებს გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ივაშოვი. 

სუამის 4 სახელმწიფოდან მხოლოდ საქართველოს აქვს რუსეთთან უაღრესად გამწვავებული ურთიერთობები. რაც შეეხება სხვებს, პირველ რიგში კი აზერბაიჯანს, ეს ქვეყნები რუსეთის გაღიზიანებას არ აპირებენ და მასთან დაბალანსებული ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდებიან. ამდენად, სუამი დსთ-ს საპირისწონედ სულაც არ განიხილება. პირიქით, ზოგიერთი იმასაც ვარაუდობდა, რომ ეს ქვეყნები დსთ-ს რეფორმის იდეითაც შეიძლება გამოვიდნენ.

მიუხედავად "რუსეთის ფაქტორის" მაქსიმალური გათვალისწინებისა, სუამის ქვეყნები მაინც აპირებენ თანამშრომლობის გაფართოებას ორგანიზაციის ფარგლებში და მას სრულფასოვან რეგიონულ ორგანიზაციად აყალიბებენ. სუამის წესდებაში ჩაიწერება, რომ აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ყველა წევრ-ქვეყანას მორიგეობით დაეკისრება. 2006 წელს სუამს უკრაინა უხელმძღვანელებს. წესდების თანახმად, ყველა გადაწყვეტილებას ორგანიზაციის წევრი-ქვეყნები კონსენსუსის შედეგად მიიღებენ. სუამის შტაბ-ბინა კიევში განლაგდება. სამიტის ფარგლებში სუამი აპირებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2002 წელს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება გაააქტიუროს.

არ არის გამორიცხული, სუამის წევრი ქვეყნების კვარტეტს მომავალში რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. "ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ", _ აცხადებს ტარასიუკი. მისი თქმით, შესაძლო კანდიდატებს შორისაა პოლონეთი, რუმინეთი და ლიტვა.

რა მიმართებაში იქნება სუამი 2005 წლის დეკემბერში შექმნილი დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობასთან? შეიძლება თუ არა დსთ მივიჩნიოთ დემოკრატიის ფორპოსტად დსთ-ში? ალბათ არა, რადგანაც სუამის რიგ ქვეყნებს გარკვეული პრობლემები აქვთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობას, ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით ამორფულია და მისი პერსპექტივების შესახებ საუბარი ნაადრევია.

გამოვალთ თუ არა დსთ-დან

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებამ ერთ-ერთი საპასუხო რეაქციის სახით დსთ-იდან გასვლის შესაძლებლობის ხელახლა დღის წესრიგში დაყენება განაპირობა. 2006 წლის 2 მაისს ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დავალება მისცა უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს გათვლები, არის თუ არა დსთ-ის წევრობა ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი. სააკაშვილის თქმით, 1993 წელს "მუხლებზე დაჩოქილი საქართველო აიძულეს შესულიყო დსთ-ში". 

მიუხედავად ამისა სააკაშვილი თვლის, რომ საქართველომ ბევრი სარგებელი ნახა მისი წევრობით, რადგან შეინარჩუნა კავშირები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის _ რუსეთთან. ახლა რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ეკონომიკურ ომს და მისი ტერიტორიების ანექსიის მცდელობას უკავშირდება, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, ღირს კი დსთ-ში ყოფნა? "საქართველოს მთავრობას დავავალე, კარგად შეისწავლონ და მაქსიმუმ ორ თვეში ზუსტი ეკონომიკური დასაბუთება წარმომიდგინონ, ღირს თუ არა დსთ-ში დარჩენა. თუკი, როგორც მე ეჭვი მაქვს, საქართველოს აღარაფერი სარგებლობის მიღება არ შეუძლია ამ ორგანიზაციიდან, დამცირებისა და შეურაცხყოფის გარდა, მაშინ ქართველმა ხალხმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორიც ეკადრება ღირსების მქონე ფეხზე დამდგარ ქვეყანას", _ განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის განცხადებას დსთ-დან გამოსვლის შესახებ მაშინვე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იმავე დღეს ტელეეთერით გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ დსთ-იდან გამოსვლის საკითხს მთავრობა ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტს. ასეთ მოკლე ვადაში ამ პრობლემის განხილვა შეუძლებლად მიაჩნია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, რომელსაც გარდა პრეზიდენტის დავალებისა, უკვე ოქრუაშვილის ამ განცხადებაზეც უწევდა პასუხის გაცემა. ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს დსთ-იდან შესაძლო გამოსვლის შესახებ პოზიციას ჯერჯერობით ვერ აფიქსირებს. მისი განცხადებით, მთავრობა ამ საკითხზე მსჯელობს და შესაბამის გადაწყვეტილებაზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. იგივეს აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელიც თვლის, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ვადების დასახელებისას "ფრთხილად უნდა ვიყოთ". ამის მიზეზი ის არის, რომ მსგავს შემთხვევებში "კონკრეტული ვადები მაინცდამაინც რეალური არ არის" და ერთი კვირა "საერთოდ გაუგებარი ვადაა". 

მეორე სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე კი ერთკვირიან ვადას სრულიადაც არ უშინდება და მიაჩნია, რომ შეიძლება ამ ვადაში საქართველოს მთავრობამ დსთ-დან გამოსვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმებულია ამ ორგანიზაციის ეგიდით, უცებ ვერ შეიცვლება.  

ბენდუქიძის თქმით, დსთ-ის მთავარი არსი მის წევრებს შორის თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმის არსებობაა. რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ცალმხრივად დაარღვია ეს ორი პრინციპი. დსთ-იდან გამოსვლა ნიშნავს, რომ ერთი მხრავალმხრივი ხელშეკრულება შეიცვალოს ბევრი ორმხრივი ხელშეკრულებებით. "ეს არ არის ემოციები, ან პოპულიზმის საკითხი. თუ შევძლებთ, რომ ჩავანაცვლოთ ერთი ხელშეკრულება მრავალმხრივი ხელშეკრულებით, ამით ეკონომიკური წამგებიანობა შეიძლება იყოს ძალიან მცირე, ან საერთოდ არ იყოს", _ აცხადებს ბენდუქიძე.  მისივე თქმით, ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს დსთ-ს 7 ქვეყანასთან, ხოლო კიდევ ოთხთან უახლოეს მომავალში გაფორმდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ დსთ-სთან დაკავშირებით საქართველომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხისთვის იქნება ხელსაყრელი. თავად მას მიაჩნია, რომ დსთ-ს ყველა ადრინდელი პოზიტივი _ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და დსთ-ის ტრიბუნის გამოყენება "თითქმის ნულამდეა დასული". 
საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც პარლამენტის სხდომებისათვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, აღნიშნავს, რომ თუკი პარლამენტი დსთ-დან გამოსვლის საკითხს განიხილავს, ისინი ერთჯერადი წესით მონაწილეობას მიიღებენ მის მუშაობაში. პარლამენტარი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ დსთ-დან გამოსვლა საპარლამენტო ოპოზიციის ოცნებაა და პარლამენტის ამ სხდომის მუშაობაში "მემარჯვენე ოპოზიცია" აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. იგივეს ამბობს "დემოკრატიული ფრონტის" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, მაგრამ იგი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პროპაგანდისთვის აკეთებს განცხადებებს საქართველოს დსთ-იდან გამოსვლასთან დაკავშირებით და სერიოზულად პროცედურები არ დაიწყება. 

რიგი ექსპერტები საქართველოს დსთ-იდან გამოსვლას მაინც სარისკოდ მიიჩნევენ და თვლიან, რომ რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდება და საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს. "გამორიცხული არ არის, რომ დსთ-დან გასვლის შემთხვევაში რუსეთმა საქართველო საკუთარ მტრად მონათლოს და უფრო აგრესიული გახდეს", _ აცხადებს რამაზ საყვარელიძე და ამ ტიპის მოვლენებისგან დასავლეთელ პარტნიორებთან დამცავი მექანიზმების შემუშავება მიაჩნია საჭიროდ.

კიდევ რა შეიძლება გააკეთოს "უფრო მეტად გაბრაზებულმა" მოსკოვმა? საერთოდ გაწყვიტოს ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოდან, რუსეთიდან გამოყაროს იქ მომუშავე მრავალი ათეული ათასი ქართველი არალეგალი, ცნოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა", თავის პარტნიორ ქვეყნებს, მოსთხოვოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა _ აი ის შესაძლო ნაბიჯები, რაც ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით რუსეთმა შეიძლება გადადგას. ალბათ, გაცილებით აჯობებს პოლიტიკის ემოციებისგან გათავისუფლება და რაციონალური მოქმედება. თუკი რუსეთში აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კავკასიონის სამხრეთით რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება დამოუკიდებელი და ერთიანი ქართული სახელმწიფო, მაშინ ორ ქვეყანას შორის დღეს მრავლად არსებული პრობლემების უმრავლესობა მყისიერად აიხსნება. კონფრონტაციის ესკალაციით კი რუსეთი იმცირებს შესაძლებლობას სამომავლოდ საქართველოსთან დააყაროს ნორმალური ურთიერთობები.

რაც შეეხება საქართველოს დსთ-იდან გამოსვლის თემას, ამის თაობაზე საუბარი სუამის კიევის სამიტის შემდეგ ფაქტობრივად შეწყდა. როგორც გაირკვევა, არც მოლდოვა და არც უკრაინა ჯერჯერობით დსთ-იდან გამოსვლას არ აპირებენ, მარტო კი ამ ნაბიჯის გადადგმას საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუმცა, ამით აღნიშნული თემა დღის წესრიგიდან არ იხსნება.

დავით მალხაზიშვილი