ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
პოლიტიკური კონსულტირება
#2(10), 2006
ჩვენს დროში პოლიტიკის კეთება წარმოუდგენელია პოლიტიკური კონსულტირების გარეშე. XX საუკუნის განმავლობაში კონსულტირების ინსტიტუტი თანდათანობით მკვიდრდებოდა პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მმართველობითი საქმიანობის სრულყოფის განუყოფელი მექანიზმის სახით. კონსულტანტი ისეთივე მუდმივი მონაწილე გახდა პოლიტიკური აქტორების ურთიერთობაში, როგორც "პარტნიორი" ან "კონკურენტი".

როგორ მოხდა პოლიტიკური კონსულტირების ჩამოყალიბება

რამ განაპირობა იმ ფენომენის ჩამოყალიბება და განვითარება, რასაც "პოლიტიკურ კონსალტინგს" ვუწოდებთ? პოლიტიკის როგორც სოციალური ცხოვრების სფეროს არსებობა და განვითარება მრავალი ადამიანის ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ მასში გადამწყვეტ როლს ასრულებენ პოლიტიკური ლიდერები, სახელმწიფო მოღვაწეები ანუ პრაქტიკოსი პოლიტიკოსები. სწორედ ისინი იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელნიც არიან მათზე.

რიგითი ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რაც პირადად მას და მის ახლობლებს, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს შეიძლება შეეხოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება კი იმით გამოირჩევა, რომ ის ადამიანთა დიდ ჯგუფებსა და მთელი ქვეყნების ბედს ეხება. პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულია არა მარტო მათი, არამედ პირველ რიგში, უამრავი ადამიანის ბედი.

პოლიტიკური გადაწყვეტილებების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ძველი დროიდანვე პოლიტიკოსები ცდილობენ შეცდომებისგან თავის დაზღვევას. მათი ნაწილი თავად ეკითხებოდა რჩევას სხვებს, ანდა მათ სხვადასხვა ადამიანები თავიანთი ინიციატივით "ამარაგებდნენ" რჩევებით. მრჩევლის როლში სრულიად სხვადასხვა პირები შეიძლება გამოვიდნენ _ ცოლიდან დაწყებული, მკითხავით დამთავრებული.

თანდათანობით მრჩეველი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პროფესიის სახით ჩამოყალიბდა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დღესაც სხვადასხვანაირად იწოდებიან: პოლიტიკური კონსულტანტები, პოლიტიკური მენეჯერები, პოლიტიკური ტექნოლოგები და ა.შ. მათი მოღვაწეობა გულისხმობს პოლიტიკოსებისათვის დახმარების გაწევას სხვადასხვა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის დროს. კერძოდ, ისინი რჩევებს აძლევენ პრაქტიკოს-პოლიტიკოსებს ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნის მიღწევის ყველაზე ოპტიმალური გზის თაობაზე და ეხმარებიან ამ მიზნების რეალიზებაში. 

რა არის პროფესიონალური პოლიტიკური კონსულტირება? არის მისი სხვადასხვა განსაზღვრება, მაგრამ შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი მიდგომა კონსულტირებისადმი.

პირველი მიდგომის მომხრენი ემხრობიან ფუნქციონალურ თვალსაზრისს კონსულტირებაზე საერთოდ და პოლიტიკურ კონსულტირებაზე კერძოდ. კონსულტირების პროცესის ქვეშ ესმით, პირველ რიგში, გარკვეული დახმარების გაწევა ამოცანის შინაარსის, სტრუქტურისა და გადაწყვეტის განსაზღვრაში, რომლის გადაწყვეტაზეც თავად კონსულტანტი პასუხისმგებელი არაა. ის მხოლოდ ეხმარება იმათ, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს.
მეორე მიდგომის მომხრენი კონსულტირებას განიხილავენ როგორც პროფესიონალურ საქმიანობას, რომელსაც რიგი სპეციფიური მახასიათებლები აქვს. მათთვის კონსულტირება _ საკონსულტაციო სამსახურია (დამოუკიდებელი ფირმა), რომელიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს და დახმარებას უწევს კლიენტებს სპეციალურად ნასწავლი კვალიფიციური ექსპერტ-სპეციალისტების დახმარებით. ეს უკანასკნელნი ეხმარებიან კლიენტს გამოავლინონ სიტუაციური და პიროვნული პრობლემები, გაანალიზონ ისინი, იძლევიან რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად და ხელს უწყობენ ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარებას, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიისა და კრიზისული სიტუაციების დროს.

პოლიტიკური კონსულტირება მართლაც ორგვარად შეიძლება განვიხილოთ: როგორც პროფესიონალური საქმიანობის განსაკუთრებული სფერო და როგორც მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დახმარება გაეწიოთ კლიენტებს და მიეცეთ მათ პრაქტიკული რჩევები. 

იმისათვის რომ გახდეს პროფესიონალი პოლიტიკური კონსულტანტი, ადამიანმა სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით უნდა დააგროვოს ფართო ცოდნა სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციების სფეროში და შეიძინოს ჩვევები, აუცილებელი პოლიტიკური პრობლემების გამოვლენისა და გადასაწყვეტად, საჭირო ინფორმაციის საპოვნელად, მისი ანალიზისა და სინთეზისათვის, ადამიანებთან ურთიერთობისათვის, პოზიტიური ცვლილებების დაგეგმვისა და ამ ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის დაძლევის, დაეხმაროს კლიენტებს გამოცდილების დაგროვებაში, პიროვნული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაში და ა.შ.

პოლიტიკური კონსულტირება ესაა პროფესიონალური დახმარების გაწევა პრაქტიკოსი პოლიტიკოსებისათვის გარკვეული პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის საქმეში.

პოლიტიკური კონსულტირება _ მეცნიერება თუ ხელოვნება?
პოლიტიკური კონსულტირების გარშემო მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, თუ რა არის ეს _ მეცნიერება თუ ხელოვნება. რა ზომითაა პოლიტიკური კონსალტინგი მეცნიერება? ეს საქმიანობა რომ იგება მეცნიერების მიღწევებზე, უდავოა. ასევე ცხადია, რომ მისი რეალიზება ხდება თავისი კანონების შესაბამისად. ფაქტია ისიც, რომ მისი რეალიზებით ცივილიზებულ ქვეყნებში პროფესიონალები არიან დაკავებულნი. თუმცა, მიუხედავად ცივილიზებულობისა, ამ ქვეყნებში საარჩევნო კამპანიები იშვიათად თუ ასცდება სკანდალებს. ამის მიზეზი მარტივია _ რომელიმე კანდიდატი ცდილობს კანონის დარღვევით წარმართოს საარჩევნო კამპანია.

დავუბრუნდეთ მეცნიერულობის საკითხს. როგორც ცნობილია, მეცნიერება იწყება იქ, სადაც ჩნდება გაზომვის (რაოდენობრივის ან თვისობრივის) შესაძლებლობა, იქ სადაც შესაძლებელია კანონებისა და კანონზომიერებების გამოყვანა, შესაძლებელია შემოწმდეს ფაქტებისა და ჰიპოთეზების წინააღმდეგობრიობა, არის საინფორმაციო სივრცე, და ბოლოს არის სამართლებრივი ველი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ამა თუ იმ სამეცნიერო სფეროში. პოლიტიკური კონსალტინგის სფეროში ყველა ეს ატრიბუტი არსებობს. თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით ბევრი რამ "გამართულად" არ კეთდება.

ახლა პოლიტიკური კონსალტინგის იმ სფეროებისა და ფარგლების შესახებ, რაც ხელოვნების სახით უნდა განვიხილოთ. მას, უდავოდ, უნდა მივაკუთვნოთ საარჩევნო კამპანიის სტრატეგიისა და ტაქტიკის არჩევა. დღეისათვის არ არსებობს მათემატიკური ინსტრუმენტი რაიმე დონის საარჩევნო კამპანიის მათემატიკური მოდელის ასაგებად. ფაქტორების რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ კამპანიის შედეგს, ძალზედ ბევრია, მაგრამ ყველა მათგანი როდი ექვემდებარება პირდაპირ გაზომვას, და მით უმეტეს მათი დიდი ნაწილის ჩატარება შეუძლებელია შედარებითი ფორმით, რათა გამოყენებული იქნას ერთიანი მოდელის ფარგლებში. არის შეცდომები, მაგალითად, მოსახლეობის აღწერაში. ანუ ბოლომდე სანდო არაა ის ფაქტობრივი მასალაც, რასაც მკვლევარი ეყრდნობა.

არის პროცესები, რომლებიც არათუ თეორიულად არაა გააზრებული, არამედ საკმარისადაც არაა აღწერილი. სწორედ ამიტომ, უმრავლეს შემთხვევებში, სოციოლოგების პროგნოზები არ მართლდება, ზოგჯერ კი სრულიად საპირისპირო შედეგს ვიღებთ. საქმე მარტო სოციოლოგიური გაზომვის ინსტრუმენტის შეცდომებში კი არაა, არამედ იმაში, რომ სოციოლოგს შესაძლებლობა არა აქვს გაზომოს ფაქტორების მთელი ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს სოციალური რეალობის პროცესების მთელ ერთობლიობას დროის დინამიკაში. ამ აზრით პოლიტიკური კონსალტინგი დიდხანს დარჩება როგორც მეცნიერებად, ისე ხელოვნებად.

ვინ და რატომ ხდება პოლიტიკური კონსულტანტი

თანამედროვე მსოფლიოს გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, კონსულტანტების ნახევარზე მეტი გამოსულია ჟურნალისტიკიდან ან სარეკლამო საქმიდან. ეს გასაგებია: არჩევნებში წარმატება დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, დაარწმუნა თუ არა კანდიდატმა და მისმა გუნდმა ამომრჩევლები, ზეგავლენა მოახდინონ ელექტორატულ ქცევაზე.
ელექტორატზე ზემოქმედების ყველაზე საიმედო გზაა მასმედია _ პირველ რიგში ტელევიზია, რომლის აუდიტორიაც მილიონობით ადამიანს შეადგენს. 

დღეს სწორედ  ტელევიზია ქმნის საჯარო პოლიტიკოსებს. სწორედ ჟურნალისტებს ანდობდნენ წამყვანი პოლიტიკოსები პრესმდივნების პოსტებს, ავალებდნენ საარჩევნო გუნდების ფორმირებას. ჟურნალისტები დომინირებენ დამოუკიდებელი პოლიტიკური კონსულტირების განვითარებაში, ქმნიან საკუთარ ფირმებს საარჩევნო კამპანიების ორგანიზებისათვის.

იშვიათად თავისი კამპანიის მენეჯერებად თავად პოლიტიკოსები გამოდიან. მაგალითად, რეკლამის კარგი გრძნობა ქონდა ცნობილ ინგლისელ პოლიტიკოსს ჰაროლდ მაკმილანს. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი კი ამბობდა _ "თავიდან რომ მომიწიოს ცხოვრების დაწყებამ, რეკლამის სფეროში მოღვაწეობას ავირჩევდიო". თავისი საარჩევნო კამპანიების კარგი ორგანიზატორი იყო რიჩარდ ნიქსონი.

ასევე ხდება, რომ კონსულტანტები პოლიტიკოსებად იქცევიან ხოლმე. ამის კარგი მაგალითია რობერტ კენედი, რომელიც თავისი ძმის ჯონ კენედის საარჩევნო კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობდა. კონსულტანტების რანგში დაიწყეს თავისი კარიერა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, სენატორებმა ბარი გოლდუოტერმა და გერი ჰარტმა. საფრანგეთში ამგვარი ევოლუცია განიცადა პოლიტიკური მარკეტინგის ცნობილმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა მიშელ ნუარმა, რომელიც შემდეგ პარლამენტარი გახდა.

პოლიტკონსულტანტის მოქმედების ველი ფართოა. ესაა სოციოლოგიური მონაცემების ანალიზი და, აქედან გამომდინარე, საარჩევნო კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, საარჩევნო კომუნიკაციების აწყობა. მაგრამ კონსულტანტის ყურადღების ცენტრში კანდიდატის იმიჯის ფორმირება დგას. სწორედ ამიტომ კონსულტანტს ხშირად იმიჯმეიკერსაც უწოდებენ, თუმცა ეს მთლად სწორი არაა. კლასიკური იმიჯმეიკერი დაკავებულია უმთავრესად კლიენტის გარეგნობით, მისი მანერებით, მეტყველებით და ა.შ.

პოლიტიკური კონსულტანტი ზრუნავს არა იმდენად ფსიქოლოგიურ ან ესთეტიკურ მხარეზე, რამდენადაც მის სოციალურ-პოლიტიკურ შინაარსზე: კანდიდატი ყოველთვის ბუნებრივი უნდა იყოს, ამავე დროს პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას გარკვეული ტიპის ლიდერზე, განასახიერებდეს ამომრჩეველთა გარკვეულ პოლიტიკურ იდეას.

შიდა და გარე პოლიტიკური კონსულტირება

ჩვეულებრივ პოლიტიკური კონსულტირების ორ სახეს გამოყოფენ ხოლმე:

_ შიდა კონსულტირება, როდესაც მაღალი რანგის პრაქტიკოს პოლიტიკოსს ეხმარებიან მისი აპარატის თანამშრომლები  _ თანაშემწეები, მრჩევლები, კონსულტანტები, აგრეთვე ამისთვის სპეციალურად შექმნილი სტრუქტურები, მაგალითად, პრეს-სამსახურები და ზკ-სამსახურები;

_ გარე კონსულტირება, როდესაც პრაქტიკოსს პოლიტიკოსებს ემსახურებიან უწევენ დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულებები, დამოუკიდებელი სააგენტოები, პოლიტიკურ კონსალტინგში სპეციალიზირებული ფირმები. 
შიდა კონსულტირების მთავარი თავისებურება ისაა, რომ კონსულტანტები უშუალოდ არიან ჩართულნი სტრუქტურაში, რომელსაც პრაქტიკოსი პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს, ისინი მის სამსახურში არიან და მათი ფუნქციები პირველ რიგში საშტატო განრიგით განისაზღვრება. ასეთ კონსულტანტებს, გარდა ოფიციალურად განსაზღვრული ფუნქციონირებისა, არაფორმალური დახმარების გაწევაც შეუძლიათ, მაგრამ მაინც მათი მოვალეობების ძირითადი წრე შიდა ფორმალური განრიგით განისაზღვრება.
მაგალითად, თანაშემწის ფუნქციაში ჩვეულებრივ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა შედის:

_ მომზადებული დოკუმენტების (გადაწყვეტილებათა პროექტების) განხილვა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ფორმალურ მოთხოვნებს (სწორადაა თუ არა ქაღალდები გაფორმებული) და ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს შეესაბამებოდნენ;

_ საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილებათა პროექტების სრულყოფისა და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება;

_ მოხსენებების წარდგენა პოლიტიკოსისათვის;

_ კონტროლი გადაწყვეტილებათა შესრულების პროცესზე და ა.შ.

მრჩეველთა ფუნქციებში შედის ცალკეულ სფეროებში (მაგალითად, ფინანსების, საერთაშორისო სამართლის და ა.შ.) პოლიტიკოსის კონსულტირება და წინადადებების შემუშავება სტრატეგიული საკითხების გადასაწყვეტად.
სპეციალური სამსახურების ფუნქციაა პოლიტიკოსის კონსულტირება ცალკეული პოლიტიკური კამპანიების მიმდინარეობის თაობაზე, მაგალითად, თავად პოლიტიკოსის იმიჯის ფორმირება ორგანიზაციაში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს.

გარე კონსულტირება ხორციელდება დამოუკიდებელ კონსულტანტებთან ან კონსალტინგურ ფირმებთან ხელშეკრულების დადების გზით. ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია გასაწევი მომსახურების სახეები და განსაზღვრულია ანაზღაურების პირობები.

გარე კონსულტანტებს პრაქტიკოსი პოლიტიკოსები იმ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე, როდესაც თანაშემწეებისა და მრჩევლების კომპეტენცია არასაკმარისი აღმოჩნდება. ჩვეულებრივ ეს ხდება მაშინ, როდესაც აუცილებელია მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ანდა მაშინ, როდესაც პრობლემა ვერ გადაწყდება მხოლოდ აპარატის თანამშრომლების ძალებით.

პოლიტიკური კონსულტირების ორივე სახეობას აქვს თავისი უპირატესობანი და შეზღუდვები. მაგალითად, შიდა კონსულტირების უპირატესობა ისაა, რომ ის მუდმივად ხორციელდება და პოლიტიკოსს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს თავის შტატიან თანამშრომელს. გარე კონსულტანტი კი მისაწვდომია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

თანაშემწეებსა და მრჩევლებს პოლიტიკოსი თავად ღებულობს სამსახურში, ერთობლივი მუშაობის პერიოდში პოლიტიკოსს ზოგიერთ მათგანთან უყალიბდება პირადული, არაფორმალური ურთიერთობები. ამდენად პოლიტიკოსის ნდობა მათ მიმართ გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე გარე კონსულტანტებისადმი.

მეორე მხრივ, შტატიანი თანაშემწეები და მრჩევლები დამოკიდებულნი არიან თავის პოლიტიკოს-ხელმძღვანელზე. ამ დამოკიდებულებამ მათში შეიძლება გააჩინოს სურვილი, რომ "ასიამოვნონ" და "მოერგონ" პოლიტიკოსებს, ე.ი. მისცენ ისეთი რჩევები, რაც აწყობს პოლიტიკოსს და რისი მოსმენაც მას უნდა. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში შიდა კონსულტირების ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. ვერ ვიტყვით, რომ გარე კონსულტირება მთლიანად მოკლებულია ამ ნაკლს. ზოგჯერ სურთ რა ხელსაყრელი შეთანხმების გაფორმება, გარე კონსულტანტებიც ცდილობენ ასიამოვნონ პოლიტიკოსს, მაგრამ მთლიანობაში, მათი დამოუკიდებლობა უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის ობიექტური კონსულტირებისათვის.

პოლიტიკური კონსულტირების ძირითადი ტიპები

ერთმანეთისგან განასხვავებენ კონსულტირების სამ ძირითად ტიპს:

_ არაფორმალური (არაოფიციალური) კონსულტირება, როდესაც კონსულტაციის გაწევის თხოვნაც და მიღებული რჩევა-რეკომენდაციები არაოფიციალურ ხასიათს ატარებს წყაროების, შინაარსის, ფორმისა და სტილის მიხედვით;

_ ფორმალური (ოფიციალური) კონსულტირება ყველა ზემოთდასახელებული პარამეტრის მიხედვით;

_ შერეული კონსულტირება, როდესაც კონსულტაციის ერთ-ერთი მხარე გამოდის ოფიციალური, ხოლო მეორე _ არაოფიციალური სახით.

კონსულტაციის პირველ ტიპს მიეკუთვნება სიტუაციები, როდესაც პოლიტიკური მოღვაწის მრჩევლების როლში გამოდიან (მისი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით) ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ადამიანები, რომლებიც არ არიან მოცემულ მომენტში პოლიტიკოსთან სამსახურებრივად დაკავშირებულნი; შემთხვევითი და უცნობი ადამიანები, რომელთაც მას რაღაც შეიძლება ურჩიონ მიტინგზე, ქუჩაში შეხვედრის დროს და ა.შ.

კონსულტირების მეორე ტიპს მიეკუთვნება ყველა სახის პროფესიული, სამსახურებრივი და პოლიტიკური ინფორმაცია; ყველა სპეციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალება და ლიტერატურა; აგრეთვე როდესაც მოცემული პოლიტიკოსი სპეციალური მიმართავს კონსულტაციისათვის იმათ, ვინც ვალდებულია ასეთი კონსულტაციები მისცეს მას პირადად ან ყველა პოტენციურ მომხმარებელს თავისი სამსახურებრივი და პროფესიული მდგომარეობის გამო: თავის თანაშემწეს, სხვა შტატიან თანამშრომელს, პროფესიონალური საკონსულტაციო სამსახურის (ფირმის, ინსტიტუტის) მუშაკს და ა.შ.

მესამე ტიპს უნდა მივაკუთვნოთ პრაქტიკაში ძალზედ გავრცელებული სიტუაციები, როდესაც ერთი მხარე, უმეტესწილად პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოღვაწე, რჩევისათვის მიმართავს კონსულტანტს, რომელსაც მასთან გარკვეული ოფიციალური ურთიერთობები (სამსახურებრივი, სახელისუფლო, პოლიტიკური და ა.შ.) აქვს, მაგრამ უნდა მოისმინოს ამ უკანასკნელის არაოფიციალური აზრი. გვხვდება საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც ამგვარი არაფორმალური რჩევის გაწევის ინიციატივა კონსულტანტისგან მომდინარეობს.

არაფორმალური კონსულტირების დროს პოლიტიკოსისათვის, მთლიანობაში, ადვილია კონსულტაციის შინაარსის მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის ნაკლებად შეესაბამება ადრე მისთვის ცნობილ ფაქტებს, ინფორმაციას, მის საკუთარ შეხედულებებს ან ეწინააღმდეგება კიდეც მათ. ასეთ კონსულტაციას დიდი შანსი აქვს პოლიტიკოსამდე მიიტანოს რაიმე არასტანდარტული ინფორმაცია და ყურადღება მიაქცევინოს მისთვის. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ არაფორმალური კონსულტაციის დროს პოლიტიკოსისთვის ადვილია ანგარიში არ გაუწიოს და სრული იგნორირება გაუკეთოს რეკომენდაციებს.

ზემოთაღნიშნული არაფორმალური კონსულტირების "პლიუსებია" პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ნაკლოვანება კი ისაა, რომ არაფორმალური კონსულტაციები სხვა ფორმებთან შედარებით მთლიანობაში უფრო დაბალი პროფესიონალური დონით და რაც მთავარია დაბალი პოლიტიკური კომპეტენტურობით ხასიათდება, ასევე შეუძლებელია პოლიტიკოსმა თავის ოფიციალურ საქმიანობაში პირდაპირ გამოყენოს ასეთი კონსულტაციების შინაარსი და შედეგები (მას არ შეუძლია მიუთითოს, თუ რის საფუძველზე მიიღო მოცემული გადაწყვეტილება).

ფორმალური კონსულტირების დროს პოლიტიკოსისთვის უფრო რთულია (ზოგ შემთხვევაში კი პოლიტიკურად შეუძლებელი) დახმარებისთვის მიმართოს კონსულტანტს, კიდევ უფრო ძნელია _ არა მარტო პირადი, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებითაც _ დაეთანხმონ კონსულტაციის შინაარსის იმ ნაწილს, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო და ხშირად არა იმდენად მის პირად შეხედულებებს, რამდენადაც მის მიერ (მისი პარტიის, მოძრაობის, მთავრობის და ა.შ.) საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციას. 

იმავე მიზეზების გამო, პოლიტიკოსისთვის ძნელია ანგარიში არ გაუწიოს და "დაივიწყოს" ფორმალური (ოფიციალური) კონსულტირების არასასურველი შინაარსი (განსაკუთრებით, თუკი არსებობს ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე, ანდა თუკი მისი შინაარსი უკვე ცნობილია).

ამავე დროს ფორმალური კონსულტაცია, რომლის შინაარსიც პასუხობს კლიენტის ინტერესებს, მიზნებს, განზრახვებს _ ძლიერი პოლიტიკური იარაღია მის ოფიციალურ ურთიერთობებში და სწორედ ამაში მდგომარეობს მოცემული პოლიტიკოსისათვის ასეთი კონსულტირების მთავარი პოლიტიკური (ხშირად პრაქტიკულიც) ღირებულება.

შერეული სახის კონსულტაციის დროს კლიენტისათვის გარკვეულწილად შესაძლებელია პირველი ორი ვარიანტის "პლიუსების" შეხამება (მაგალითად, შესაძლებლობა მიიღოს გულწრფელი, მეგობრული, მაგრამ ამასთან კომპეტენტური და პროფესიონალური აზრი). ასეთი აზრი გარკვეულ პირობებში მოცემულმა ლიდერმა შეიძლება გამოიყენოს როგორც პოლიტიკური იარაღი (მას შეუძლია საჯაროდ მიუთითოს თავისი თანაშემწეების, მრჩევლების, ექსპერტების და ა.შ. მოსაზრებაზე). მაგრამ ძალზედ დიდია პოლიტიკოსით მანიპულირების რისკი მისი გარემოცვისა და კონსულტანტების მხრიდან (შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალზედ ყურადღებით შერჩევა). ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ კონსულტანტს შეუძლია ღიად ან ფარულად გამოიყენოს მისდამი კონსულტაციისთვის მიმართვის ფაქტი, კონსულტაციის შინაარსი და მისი საკუთარი ინტერპრეტაცია თავისი პირადი პოლიტიკური ან სხვა ინტერესების შესაბამისად. ცხადია, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან თავისი გარემოცვის, აპარატისა და ექსპერტების ლოიალურობისადმი).

პრაქტიკაში ნებისმიერი პოლიტიკოსი ერთდროულად იყენებს კონსულტირების სამივე ტიპს, სხვადასხვანაირად ახამებს მათ. ეს დამოკიდებულია პოლიტიკოსის ხასიათის თავისებურებებზე, არსებულ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე, კონსულტაციის აუცილებლობის განმაპირობებელი პრობლემის ხასიათის, თავისი კონკრეტული მიზნებისა და განზრახულებებიდან გამომდინარე. იმაზე, თუ რას ისახავს მიზნად პოლიტიკოსი და რის გაკეთებას აპირებს.

მაგრამ პოლიტიკოსებს ერთნაირად როდი ესმით, თუ როგორია კონსულტირების ამ სამი ტიპის რეალური თანაფარდობა მათ მიერ გამოყენებულ ინფორმაციის მასივში.

პოლიტიკური კონსულტანტების ტიპოლოგია

კლიენტთან ურთიერთობის პროცესში კონსულტანტი შეიძლება სხვადასხვა როლს ასრულებდეს, რაც საფუძვლად უდევს მათი მოქმედების ტიპოლოგიას. მთლიანობაში კონსულტანტების ტიპების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, გამოიყოფა გარე და შიდა კონსულტირება, რომლის თაობაზეც უკვე ვისაუბრეთ. განასხვავებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ, სამამულო და უცხოელ კონსულტანტებს და ა.შ.

ძალზედ გავრცელებულია კონსულტანტების ტიპოლოგია მათი სპეციალური ცოდნის დონის მიხედვით. კერძოდ, ამ კონტექსტში გამოყოფენ "მეცნიერს", "მკვლევარს" და "ექსპერტს". 

კონსულტანტ-მეცნიერს ცოდნა გააჩნია ან ფართო სფეროში (მაგალითად, კონფლიქტოლოგიის სფეროში), ან უფრო ვიწრო საგნობრივ არეალში (მაგალითად, სპეციალისტი ეთნიკურ კონფლიქტებში). თავისი წმინდა მეცნიერული ხასიათის გამო ასეთი კონსულტანტების კონტაქტი კლიენტებთან, როგორც წესი, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, ხოლო მისი კვლევის შედეგები პრაქტიკაში მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთი სპეციალისტების მოღვაწეობა ჩვეულებრივ მიმართულია გრძელვადიანი პროგნოზების ან შეფასებების ჩამოყალიბებისკენ, რაც თვისობრივად ამცირებს სიტუაციის გაურკვევლობას მთლიანობაში. ასეთი სახის კონსულტანტები განსაკუთრებით დასაფასებელია არასტაბილურ სიტუაციებსა და გარდამავალი პროცესების დროს.

კონსულტანტი-"მკვლევარი" ასევე ძირითადად მეცნიერული ძიებებით დაკავებული ადამიანია, მაგრამ ის სპეციალისტია სწორედ იმ ვიწრო პრობლემატიკაში, რომელიც კლიენტს სჭირდება. თუ ეს სპეციალისტი იგივე კონფლიქტოლოგია, მაშინ ეს კონსულტანტი-"მკვლევარი" როგორც წესი, უფრო ღრმად სწავლობს წინააღმდეგობებს კონკრეტულ ეთნოსებს, ქვეყნებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ამ შემთხვევაშიც მისი პროფესიონალური მოღვაწეობის შედეგია თეორიული ცოდნა, ამიტომ კლიენტის მოთხოვნა მასზე არცთუ ისე მაღალია.

კონსულტანტი-"ექსპერტი" ძირითადად პრაქტიკით დაკავებული სპეციალისტია პოლიტიკური ურთიერთობების ვიწრო სფეროში: მაგალითად, არჩევნების დროს მედიასთან მუშაობის სფეროში, პოლიტიკურ პროგნოზირებაში და ა.შ.
თავისთავად, ექსპერტიზა მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-პროფესიონალების მსჯელობაა. ესაა ობიექტის შინაარსობრივი _ თვისობრივი ან რაოდენობრივი შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გამოიყენონ. პოლიტიკური ანალიტიკოსის პროფესიონალური სტატუსი არ გულისხმობს მის მიერ არც ფუნდამენტური და არც სპეციალური ცოდნის ფლობას კლიენტისათვის (ანუ გადაწყვეტილების მიმღების პირისთვის) საინტერესო ყველა სფეროში.

ექსპერტიზა შეიძლება იყოს:

 ინდივიდუალური და კოლექტიური;
 ერთტურიანი და მრავალტურიანი;
 ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლით და ასეთი გაცვლის გარეშე;
 ანონიმური და ღია.

კონსულტანტი ექსპერტი შეიძლება ასრულებდეს "შემფასებელი მრჩევლის", "მასწავლებელ-მწვრთნელის" (რომელიც პერსონალს ასწავლის ამა თუ იმ ჩვევებს) და "რევიზორის" (ანხორციელებდეს ხელმძღვანელობის დავალებით დამოუკიდებელ კონტროლს ორგანიზაციის ამა თუ იმ წევრების საქმიანობაზე) ფუნქციებს.

ცნობილი სპეციალისტი კონსულტირების სფეროში მ. კუბრი გამოყოფს "კონსულტანტებს რესურსების სფეროში" და "კონსულტანტებს პროცესის სფეროში". პირველი ტიპის კონსულტანტების მოღვაწეობა ძირითადად სპეციალიზირებული ინფორმაციის მიწოდებას, სიტუაციის დიაგნოსტიკას, ხელმძღვანელობის გეგმაზე წინადადებებისა და შენიშვნების გამოთქმას და ა.შ უკავშირდება. კონსულტანტების ასეთ ტიპს მიმართავენ მაშინ, როდესაც ხელმძღვანელს უნდა გამოიყენოს სპეციალისტის ცოდნა, მაგრამ არ სურს, რომ ის შეეხოს მის ქვეგანყოფილებებში ორგანიზაციულ ცვლილებებს.

პირველისაგან განსხვავებით "კონსულტანტი პროცესის სფეროში" არა მარტო აწვდის სპეციალიზირებულ ინფორმაციას, არამედ თავად ცდილობს განახორციელოს ესა თუ ის სტრუქტურული ცვლილებები ამ ორგანიზაციაში, ე.ი. გამოდის შინაგანი ცვლილებების გარკვეული სუბიექტური ფაქტორის როლში.

მალხაზ მაცაბერიძე