ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბ-ნ მიხეილ სვიმონიშვილთან
#2(10), 2006
მიხეილ ავთანდილის ძე სვიმონიშვილი დაიბადა 1976 წელს ქ. თბილისში. 1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-6 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა გერმანიის ქ. ბრუხზალის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ინფორმატიკის სპეციალობით. 1997-99 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში ციურიხის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1998 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი "სვის ბენკინგ სქულში" - უმაღლესი საბანკო სკოლა. 1997 წელს შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა მინერალური წყლის "ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანია შპს "წყალი მარგებელი". ამავე დროს არის შპს "ალამისა" და "ალი ჯორჯიან მოტორსის" დამფუძნებელი. 2004 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსად. 2004 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

თ.ი. - ბატონო მიხეილ, რა გზა გაიარეთ მინისტრობამდე?

მ.ს. _ განათლებით ეკონომისტი ვარ, ვსწავლობდი საქართველოში, გერმანიაში და შვეიცარიაში. 16-17 წლის ვიყავი, პირველად პატარა მეურნეობა რომ მქონდა. მცხეთის რაიონში პატარა სასათბურე მეურნეობა გავაკეთე. მერე შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჩემს მეგობართან ერთად გავხსენით "წყალი მარგებელი". ვიყიდეთ სოფლის კოლმეურნეობის ძველი შენობა. ნულიდან დავიწყეთ და ბრენდიც ჩვენ შევქმენით. 10 წელი "ნაბეღლავი" საერთოდ არ ისხმებოდა. ბევრი ვიწვალეთ და ნელ-ნელა რაღაცას მივაღწიეთ.
აზერბაიჯანში რამდენიმე თვე მომიწია ყოფნა, სადისტრიბუციო საქმიანობით ვიყავი დაკავებული. მერე თბილისში ჩამოვედი და ვიყავი ქალაქის არქიტექტორი 2-3 თვე. 

- თქვენს საქმიანობაზე, სახელმწიფო მოხელეობაზე რას ფიქრობთ?

_ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ასევე ძალიან დიდი შანსი, რაღაცნაირად ემსახურო საკუთარ ქვეყანას. საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. ეკონომიკა არის მზარდი. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო მოხელეები ავყვეთ ამ სწრაფ ტემპს. ჩვენ უნდა შევქმნათ კარგი ბიზნესგარემო, ვცდილობთ გავუმარტივოთ მეწარმეებს ყოფა. ჩემი ძირითადი მიზანი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის წლების მანძილზე ჩატეხილი ხიდის აღდგენაა. მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად მე პირადად მოვახერხე კიდეც, რადგან ქართველ მეწარმეებთან და უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრას დიდ დროს ვუთმობ. მთავარია, სახელმწიფო მოხელეებსა და მეწარმეებს შორის იყოს ნდობა. 
ძალიან ბევრია გასაკეთებელი. რაღაცეებზე საკუთარ თავზეც ვბრაზდები ხოლმე, რადგან ზოგჯერ უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო და ტემპს კარგად უნდა აჰყვე, თორემ საქმე ნადვილად ვერ წავა წინ. შეიძლება სახელმწიფო უფრო კარგი მენეჯერი იყოს, ვიდრე დღეს არის. 

- ხელისუფლების უმაღლეს შტოებთან და კოლეგებთან რა დამოკიდებულება გაქვთ, რამდენად დამოუკიდებელი ხართ საკამათო საკითხის დროს?

_ დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალია. პრაქტიკულად დარგი მთლიანად არის სამინისტროზე მონდობილი. რა თქმა უნდა, მე მყავს უშუალო უფროსი _ პრემიერ-მინისტრი და ასევე პრეზიდენტი. თუმცა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ ხოლმე და დისკუსიებში იბადება ჭეშმარიტება. ყოფილა საკითხი, სადაც ჩემი აზრი შეუსწორებიათ და მეც დავთანხმებივარ. ასევე ყოფილა პირიქითაც.

- გასულ წელს მთელი მსოფლიო ფრინველის გრიპმა შეაშფოთა. ამ ვირუსთან ბრძოლაში საქართველოც იყო ჩაბმული. საიდან მოვიდა ფული და იყო კი საერთოდ საჭირო ეს ღონისძიებები, როცა ვირუსის ეპიცენტრი ასე შორს იყო?

_ ფრინველის გრიპის ეპიდემია შეიძლება თბილისიდან იყო მოშორებული, მაგრამ საქართველოს საზღვრებიდან ძალიან ახლოს იყო. ჩემთვის ვალე ისეთივე საქართველოა, როგორც თბილისი და გურჯაანი. ვალედან თურქეთამდე დაახლოებით 100 კილომეტრია, ამიტომ არანაირი უფლება არ გვქონდა, საქართველოში დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები რომ არ გაგვეტარებინა.
სამინისტრო მომზადებული იყო. სადეზინფექციო დანადგარები 2005 წლის ოქტომბრისთვის უკვე გვქონდა შემოტანილი. დღეს საქართველო სადეზინფექციო საშუალებებით და ტექნიკით ისეთივე მომზადებულია, როგორც შვეიცარია და სხვა განვითარებული ქვეყნები. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მთავარი სწრაფად მოქმედებაა. უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ჩვენს მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
დღეს მზად ვართ და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სადაც დაავადებული ფრინველი აღმოჩნდება, ერთ საათში შეგვიძლია შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქართველოს მასშტაბით არის შტაბები, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ყველა საჭირო დანადგარი გაგვაჩნია. გარდა ამისა, ვაშლიჯვარში იქმნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია, 2007 წელს დასრულდება ქუთაისსა და ახალციხეში ანალოგიური ლაბორატორიების მშენებლობა. კეთდება ასევე 8 საველე სადგური ლაბორატორიული პროგრამის ფარგლებში და მიმაჩნია, რომ რეგიონში საქართველოს მსგავსი საშუალება სხვა ქვეყანას არც ექნება. ეს შეეხება არა მხოლოდ ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ნებისმიერი ვირუსული დაავადებისათვის მზად ვიქნებით.
ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის და მათი ცხოველებისთვის, ასევე ნებისმიერი ინვესტორისთვის. ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ სანამ აქ ფერმებს ააშენებს და ფულს დააბანდებს, სახელმწიფო მის ინტერესებს და დაბანდებულ თანხას დაიცავს. 

- თქვენ ინვესტორების ინტერესების დაცვაზე საუბრობთ. ფრინველის გრიპის პანიკამ მეწარმეები დააზარალა. საბოლოოდ რა მოცულობის ზარალი მიადგათ საქართველოში მომუშავე მეფრინველეობის ფერმების მეპატრონეებს?

_ ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია. ფერმერების უმეტესობამ ფრინველები დაკლა და მაცივრებში შეინახა. შემდეგ ეს ფრინველი აღდგომის პერიოდში გაყიდა. რეალიზაციის მეშვეობით ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ რეალიზაციით დიდი თანხების ანაზღაურება მოხდა.

- გავრცელდა ხმები, რომ ვისაც მაგ პერიოდში ქათმები და ბარკლები ბრაზილიიდან შემოჰქონდა, მათი პროდუქცია უფრო მეტად გაიყიდა, რადგან ფრინველის გრიპის ვირუსი ამერიკის ტერირორიაზე არ იყო. რამდენად იყო ამ შემთხვევაში ადგილობრივი მეწარმე დაცული?

_ შემომტანებს არანაირი პრივილეგიები არ ჰქონიათ. მაგ პერიოდში მათი პროდუქციის რეალიზაცია თითქმის ნულამდე დავიდა. ჩემთვის მთავარი სურსათის უვნებლობაა. ის პროდუქტი, რაც დახლებზე დევს, არის უსაფრთხო. 

- გასულ შემოდგომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანიტარიული დეპარტამენტი საზღვარზე შემომავალი ტვირთების შემოწმებას ჩამოაცილეს და სანიტარიული კონტროლი მხოლოდ საბაჟოს თანამშრომელს მიანდეს. მაშინ დეპარტამენტის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მებაჟე ვერ შეძლებდა სანიტარიულ კონტროლს.

_ სახელმწიფო წავიდა ერთი სარკმლის პრინციპზე. საზღვარზე რეალურად მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმება ხდებოდა. დოკუმენტაციის შემოწმების დელეგირება დროებით გადავეცით საბაჟოს. ქვეყანაში შემომავალი ტვირთი არ უნდა ჩერდებოდეს 8 საათი საბაჟოზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საბაჟოსთან და ვაწვდით არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხას, საიდან რა პროდუქციის შემოტანა შეიძლება, საიდან კი არ შეიძლება. ყოველდღე ვაკვირდები ინტერნეტის საშუალებით, რომელ ქვეყანაში რა დაავადებამ იფეთქა და მონიტორინგი ხდება ყოველდღიურად. მთავარია, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება გავამარტივოთ, ოღონდ არა ისე, რომ უხარისხო პროდუქცია შემოვიდეს. 

- წლის დასაწყისში ქართულმა ღვინომ გასაღების უმსხვილესი ბაზარი დაკარგა რუსეთის სახით. როგორ ფიქრობთ, ამის გამო წელს რთველი ჩაიშლება?

_ არა. რუსეთის გარდა იმ ქვეყნების ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გადიოდა, 50 პროცენტით არის ღვინის რეალიზაცია გაზრდილი ბოლო 6 თვეში. 2005 წლის პირველ 6 თვეში იყო 2,5 მილიონი ბოთლი, წელს კი უკვე მილიონით არის გაზრდილი. უკვე 3,5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ეს დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ 6 თვეში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პოლონეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ასევე სხვა ოცდაათამდე ქვეყნის ბაზარზე გაზრდილია ქართული ღვინის რეალიზაცია. ბოლო დროს თურქეთიც გააქტიურდა. 
ამ ქვეყნებში სექტემბრიდან სერიოზულ აქციებს ვიწყებთ. ამას წინათ, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო დელეგაცია ჩამოსული და ბოლო დროს ეს მხარეებიც ძალიან აქტიურობენ, ქართული ღვინისთვის ბაზრის დათმობით. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ჩინელების კულტურას სწრაფად ვერ შევცვლით და ღვინის სმას ვერ ვასწავლით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დაიძვრება და ნელ-ნელა შანსი მოგვეცემა.

_ რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება იყო, რომ თუ ქართულ ღვინოში პესტიციდები არ იქნება, მაშინ მათ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდათ და ღვინოს რუსული ბაზრიდან არ აკრძალავდნენ. საბოლოოდ თუ აღმოჩინეს რაიმე პესტიციდი ქართული ქარხნების ნაწარმში?

_ არცერთი დოკუმენტი არ წარუდგენიათ. შვეიცარიაში, ინგლისში, საფრანგეთში და გერმანიაში გადავაგზავნეთ ჩვენი ნიმუშები და არაფერი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება, პესტიციდებს, შვეიცარიაში დაახლოებთ სამასამდე პესტიციდზე შემოწმდა ღვინო. ამერიკაში ასევე შეამოწმეს ქართული და მოლდოვური ღვინო და დასკვნა დადეს, რომ ამერიკის ბაზარზე ამ პროდუქციის გაყიდვა შეიძლება. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური მოტივია. 

- რაიმე ბერკეტი და სამართლებრივი მექანიზმი თუ არსებობს, რომ დაუსაბუთებლად არ მოხდეს რომელიმე ქვეყნის ბაზარზე პროდუქციის აკრძალვა?

_ როდესაც სამართლებრივ ნორმებზე ვსაუბრობთ, რუსეთი შორს არის ყოველგვარი საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპებისგან. მე ვაცხადებ, რომ ეს არის უკანონო და უსამართლო დამოკიდებულება ქართული ღვინოების მიმართ. რუსული მხარე ამბობს, რომ 66 პროცენტში ვიპოვეთ პესტიციდები, დანარჩენი ხარისხიანიაო. თუ დანარჩენი ხარისხიანი იყო, ხომ შეეძლოთ ის 34 პროცენტი შეეშვათ ბაზარზე? დანარჩენზე კი გვემსჯელა და დისკუსია გაგვემართა. ეს იყო მათი მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯი, ეგონათ, ამით საქართველოს ეკონომიკა დაკნინდებოდა.

- ადრე რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის დაახლოებით 70 პროცენტი გადიოდა. წელს რთველამდე მოხერხდება ამ მოცულობის ღვინისთვის ახალი ბაზრის მოძიება?

_ 70 პროცენტი ღვინის ბაზრის მოძიება შეიძლება არ მოხერხდეს, მაგრამ გურჯაანში შენდება წვენების გადამამუშავებელი დიდი ქარხანა, რომელიც დიდი რაოდენობით ყურძენს ჩაიბარებს.

- თვითონ რუსეთმა შეიძინა ქართული ღვინის ქარხნები. იქიდან თუ მაინც შედის ღვინო რუსეთის ბაზარზე?

_ ჯერჯერობით არცერთი ლიტრი ღვინო არ შედის. 

- "ბორჯომის" და "ნაბეღლავის" მხრივ რა მდგომარეობაა დღეს?

_ ანალოგიური. რუსეთის ბაზარი კვლავ დახურულია ამ პროდუქციისთვის. ასევე გაანადგურეს საწყობებში არსებული მინერალური წყალი. 

- რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ მთავრობას პრეტენზიებს უყენებს, ქართულ პროდუქციას რომ ვეღარ ყიდულობენ. შანსი თუ არის, რომ მალე რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაბრუნდეს?

_ მთავარი შანსი ის არის, რომ რუსეთის მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დიდხანს ვერ გაძლებს. რუსეთში თავად ვიყავი რამდენჯერმე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არც ჩემი კოლეგა და არც ონიშენკო არ შემხვდნენ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს ამ პროდუქტს. ხალხის წინააღმდეგ წასვლა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან რთულია. 

- როდესაც სხვა ქვეყანაში ვინმე აყალბებს ან ქართულ ღვინოს, ან ქართულ მინერალურ წყალს, რამდენად არის დამნაშავე სამინისტრო და თქვენ?

_ ესპანეთში ახლახან დაიხურა მსოფლიო ღვინის კონგრესი, სადაც ჩვენი სამტრესტის ახალი ხელმძღვანელი არის წასული და ყველა ქვეყნის წარმომადგენელს აქტიურად ესაუბრა. საერთაშორისო ურთიერთობა ძალიან გავააქტიურეთ ღვინოსთან მიმართებაში. მზადდება ღვინის ხელშეკრულება ევროკავშირთან. ამერიკას ანალოგიური ხელშეკრულების დასადებად 25 წელიწადი დაჭირდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით 2 წელიწადში დავასრულებთ ამ პროცესს. ასევე, ქართული წარმოშობის ღვინოები, რომელიც არის უკვე რეგისტრირებული და მიერთებულია სხვადასხვა ხელშეკრულებებს, ლისაბონის ხელშეკრულებას და ასევე სხვებს, აქ უფრო მეტი კონტაქტი უნდა იყოს ჩვენგან და ასეც კეთდება.
სამინისტრომ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს და ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები როცა იდება, დაცვის მექანიზმიც უნდა იყოს მითითებული. მაგალითად, ყაზახეთთან რომ ხელშეკრულება გაფორმდა, ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ ჩვენ გეოგრაფიულ დასახელებებს ისინი დაიცავენ. 
ესპანეთში ჩამოსხმული ხვანჭკარას შემთხვევაში იყო პირდაპირი გაყალბება, რადგან ლოგო გაყიდული არ არის და შეგვიძლია სამართლებრივად თავი დავიცვათ. ხვანჭკარა არის გეოგრაფიული დასახელება, ლოგო არ არის გაყიდული და მისი მეპატრონეა საქართველოს სახელმწიფო. ბულგარეთში მოვიგეთ პროცესი, სასამართლო დავა ისრაელშიც მიმდინარეობს და ასეთი პროცესები ბევრად უფრო გააქტიურდება.

- რუსეთმა ადრე ციტრუსიც აკრძალა. ამ პროდუქციისთვის თუ მოიძებნა ალტერნატიული ბაზარი?

_ ციტრუსის ალტერნატიული ბაზრები არის უკრაინაში და ყაზახეთში, მაგრამ კარგი გამოსავალია ასევე გადამუშავება. აჭარაში ორი გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობა წლევანდელ სეზონამდე დასრულდება. ციტრუსი უნდა ვაქციოთ ძვირ კონცენტრატად და რადგან ფუჭებადი არ იქნება, ნელ-ნელა შეიძლება გაყიდვა. 
კერძო სექტორი ძალიან გააქტიურდა და შენდება გადამამუშავებელი ქარხნები, მაცივრები, მიმღებები. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ნამდვილად კარგი დასაწყისია. 

- ბიზნესმენებისგან ისმის ხოლმე პრეტენზიები, რომ მცირე მეწარმეებს ხშირად სახელწიფო სტრუქტურები ავიწროვებენ. იგივე "შირნჰოფერის" მაგალითი, როდესაც ავსტრიელ მეწარმეს საქართველოში ძეხვის წარმოების პარალელურად მეცხოველეობის ფერმების განვითარება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ როგორც ამბობენ, ფინანსურმა პოლიციამ საშუალება არ მისცა.

_ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გარწმუნებთ, საქართველოში არანაირი ხელის შეშლა კეთილსინდისიერ მეწარმეს ნამდვილად არ აქვს.

- საბჭოთა კავშირის დროს ქართული ჩაი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. დღეს როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ჩაისთან მიმართებაში?

_ მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, 40 ათას ჰექტარამდე იყოს ჩაის პლანტაციები. 20 ათასი ჰექტარი და კარგად რეაბილიტირებული პლანტაციები უკეთესი იქნება. გარდა ამისა, უნდა წავიდეს ხარისხზე მუშაობა და არა რაოდენობაზე. ქართველი მეწარმეები ყოველთვის აკეთებდნენ ორიენტაციას 1 კილოგრამიან შეფუთვაზე, რომელიც 50 ცენტი ღირს. ახლა უკვე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ინგლისში მაღალხარისხიან ჩაის ტვირთავენ მცირე რაოდენობით და ერთი კილოგრამის ფასი 16 დოლარიდან 100 დოლარამდეც კი აღწევეს. ძალიან მომგებიანი ხდება ეს სფერო.
მარტივი არ არის ევროპის ბაზარზე კარის შეღება და შებიჯება, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უკვე არის. ადგილობრივი ბაზარიც არ არის პატარა. დაახლოებით 30 მილიონია ადგილობრივი ბაზარი. ამ მიმართულებით წელს პლანტაციების რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე ვდებთ თანხას. სახელმწიფო სუბსიდირებას აპირებს.

- მომავალში რა გეგმები გაქვთ? თქვენ ბიზნესიდან მოხვედით და კვლავ ბიზნესს დაუბრუნდებით თუ პოლიტიკაში აპირებთ გაჩერებას?

_ სადაც ქვეყანას დავჭირდები, იქ ვიქნები. დავჭირდები პოლიტიკაში, ვიქნები, დავჭირდები ბიზნესში, იქ გადავალ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? როგორც ჩანს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს მაინცდამაინც არ გულშემატკივრობდით.

- არ მაინტერესებს ფეხბურთი. იშვიათად თუ ვუყურებ. ასე თუ ისე, შვეიცარიას ვგულშემატკივრობდი, ისიც მხოლოდ სწავლის გამო. თავისუფალი დრო არც მაქვს. შეიძლება ითქვას, 24-საათიან მუშაობის რეჟიმში ვარ. 

ესაუბრა: თემურ იობაშვილი