ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
რთველი-2006 კახეთში
#3(11), 2006
წლევანდელი რთველის თავისებურებები

კახეთში წლევანდელი რთველი დასრულდა. მთავრობა კმაყოფილია, გლეხები კი უკმაყოფილებას არ მალავენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში რთველის წარმატებით ჩატარება წელს პირველად თავდაცვის მინისტრს დაავალეს. პრეზიდენტმა ოქრუაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრსაც მიმართა და მიხეილ სვიმონიშვილიც რთველის პერიოდში კახეთში გადაბარგდა. რთველის დაწყებამდე თუ სვიმონიშვილი პრეზიდენტმა რამდენჯერმე დატუქსა, უცხოეთში ქართულ ღვინოს თაღლითები რომ აყალბებენ, რატომ ვერ მიხედავო, რთველის ბოლოს სვიმონიშვილმა უკვე პრეზიდენტის ქებასაც გამოჰკრა ხელი. პრეზიდენტიც და მთელი მთავრობაც, პრეზიდენტის მსგავსად, წლევანდელ რთველს ფრიად წარმატებულად მიიჩნევს.

წელს რთველი წინა წლებისგან ბევრად განსხვავებული იყო. მთავარი განსხვავება ის იყო, ყურძნის ყიდვას აქამდე არავის არ აიძულებდნენ ხოლმე, წელს კი `ბოდიში, მაგრამ ვინც ყურძენს არ იყიდით, ვნახოთ მაშინ...~…- დაახლოებით ასეთი მესიჯი მიიღეს ბიზნესმენებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა. მთავრობა უკიდურეს ნაბიჯებზე წავიდა და კახელი გლეხების ყურძნის გასაღებისთვის ცოტა კუნთებიც აათამაშა. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ღვინის მარნებმა რუსეთის ემბარგოს გამო შარშანდელი ყურძნისგან დაწურული ღვინოც ვერ გაასაღეს და ახალი ყურძნის ყიდვა მათთვის გარანტირებულ ზარალს ნიშნავდა.

რაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ქართულ სასმელებს ომი გამოუცხადა, ქართველმა მეღვინეებმა რუსეთის ბაზრის სახით ღვინის მთავარი ბაზარი დაკარგეს. `როსპოტრებნადზორის~ ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს დაწუნებული ქართული ღვინო საქართველოსთვის სერიოზული თავსატეხი გამოდგა. გაზაფხულზე დაწყებული აგრესია ქართული ღვინის მიმართ კვლავ გრძელდება.

როგორც ქართველმა პოლიტიკოსებმა გაზაფხულზე თქვეს, ონიშჩენკოს მხოლოდ ის გაახმოვანებინეს, რასაც რუსეთის მმართველი ელიტა ფიქრობდა. რუსეთმა პოლიტიკური მოტივით დაარტყა ქართულ ღვინოს, რათა `გათავხედებული~ საქართველოსთვის ეჩვენებინა, როგორ არ შეიძლება პატარა საქართველომ `უფროს ძმაზე~ რაიმე აუგი სთქვას და დემოკრატიული პრინციპები გაუკრიტიკოს.

როგორც ჩვენთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, საბოლოო ჯამში რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ვერცერთ კვალიფიციურ ლაბორატორიაში ვერ დაადასტურა ქართულ ღვინოებში მძიმე მეტალების ან ჯანმრთელობისთვის რაიმე სახიფათო ელემენტების არსებობა, თუმცა ბლოკადა კვლავ გრძელდება. საქართველოში დამზადებული ღვინის თითქმის 90 პროცენტი სწორედ რუსეთში იყიდებოდა, ამიტომ, წინასწარი პროგნოზით, წელს კახეთში რთველი უნდა ჩავარდნილიყო, რადგან მეღვინეები გლეხებისგან ყურძენს აღარ იყიდნენ. მაგრამ რუსეთის ჯინაზე საქართველოს ხელისუფლებამ გაზაფხულზევე გაამხნევა გლეხები. თქვენ ვენახს მიხედეთ და ღვინის გასაღებაზე პრობლემა არ იქნებაო. 

მთავრობის განცხადებით, ქართული ღვინო მალე ახალ ბაზარს დაიპყრობდა და ან ევროპის ბაზარს დაიკავებდა, ან კიდევ აზიაში გასაღდებოდა.
ექსპერტები მაშინვე სკეპტიკურად უყტურებდნენ ასეთ მოსაზრებას, რადგან ევროპაში ბაზარზე ისედაც უფრო მეტი ღვინოა გასაყიდად გამოტანილი, ვიდრე იყიდება, ხოლო აზიაში კი, სანამ ღვინის სმის კულტურა ჩამოყალიბდება და ჩინელს ღვინოს შევაყვარებთ, ბარემ 50 რთველი ჩაივლის თავისი გზით.

ვინ იყიდა ყურძენი

წლევანდელი ცხელი ზაფხულის გამო კახეთში ყურძენი ჩვეულებრივზე ადრე დამწიფდა. კახელი გლეხი ყურძნის გასაღების პრობლემას უფრო ადრე შეეჩეხა, ვიდრე ამას თავად ვარაუდობდა. აღმოჩნდა, რომ ღვინის მარნების უმეტესობა ყურძნის ყიდვას არ აპირებდა. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ღვინის ქარხნების უმეტესობას (მაგალითად, შპს "ჯი-ვი-ეს"-ს) უკვე საკუთარი ვენახებიც აქვთ და იქ მოყვანილი ყურძენი ძირითადად ყოფნით, ამიტომ გლეხისგან ყურძნის ყიდვა მათთვის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქმეში მთავრობის წევრები ჩაერთვნენ. პირველი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მანამდეც დააკავშირა ღვინოსთან: ოქრუაშვილს პრეზიდენტმა ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზაცია და ახალი ბაზრების მოძიება დაავალა. რთველის დროსაც კახელი გლეხებისგან ყურძნის გასაღება პირველმა თავდაცვის მინისტრმა ითავა. ირაკლი ოქრუაშვილი რთველზე პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა და გლეხებს ჯარისკაცებისთვის ყურძნის შესყიდვას დაჰპირდა. შარშან თუ რქაწითელის გასაყიდმა ფასმა გლეხებისთვის 55-60 თეთრს მიაღწია, წელს ფასი საშუალოდ 35-40 თეთრი იყო, საფერავის ფასი კი შარშანდელი ლარნახევრიდან 60-80 თეთრამდე ჩამოვიდა. 35 თეთრი 1 კგ რქაწითელისთვის სწორედ თავდაცვის მინისტრმა დაასახელა და გლეხებს ამ ფასად შესთავაზა 500 ტონა ყურძნის შესყიდვა. 
კახელი გლეხები 1 კგი ყურძნის 35 თეთრად გაყიდვას არ აპირებდნენ, რადგან შარშანდელთან შედარებით ცხოვრება ძალიან გაძვირდა და გლეხების თქმით, ვენახის მოხვნა, შეწამვლა და ყველა აუცილებელი სამუშაო წელს ბევრად ძვირი დაუჯდათ, ვიდრე შარშან. ამიტომაც, მათთვის კილოგრამი ყურძნის 35 თეთრად ჩაბარება დიდი არაფერი სახარბიელო იყო. ამის მიუხედავად, წელს ფასები ყურძენზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და გლეხებიც იძულებული გახდნენ, შეთავაზებულ ფასს დაჯერებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს მსგავსად ყურძენი მრავალმა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციამ შეისყიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელებს საგარეჯოში საგანგებო შეხვედრა მოუწყო და ყველას 10-10 ტონა ყურძნის ყიდვა სთხოვა. 
სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პირადად აკონტროლებდა კახეთის რეგიონში რთველის პროცესის მიმდინარეობას. ასევე მთელი ძალოვანი მინისტრები იყვნენ მობილიზებული რთველის დროს. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კახეთის რეგიონის 5 ძირითად ზონაში რთველისა და ყურძნის ჩაბარების პროცესს უწევდნენ კონტროლს. 
`მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მცირე და საბოლოო რეკეტს განვახორციელებ თქვენს მიმართ და მოგიწოდებთ, აქ წარმოდგენილმა კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით. დღეს კახეთს თქვენი თანადგომა და დახმარება სჭირდება. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს საქართველოში გლეხების უკმაყოფილებით გაიხარონ~, - ასე მიმართა პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებს.
ბიზნესმენებსაც სხვა რა დარჩენოდათ, ადგნენ და ყურძენი იყიდეს. ბიზნესმენებს არც სახელმწიფო სტრუქტურები ჩამორჩნენ და არც თბილისის მერია: როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, თბილისის მერია ორჯერ იმაზე მეტ ყურძენს შეიძენდა, ვიდრე პრეზიდენტთან შეხვედრაზე წარმოდგენილი ბიზნესკომპანიები ერთად.
ყურძნის ყიდვა და სახალხოდ დაწურვის პროცესი მერიამ წინასაარჩევნოდაც გამოიყენა და მშვენიერი პიარ-კამპანიაც გამოუვიდათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დამაჯერებლად მოგებაში ნაციონალურ მოძრაობას ამ რთველმაც საკმაოდ შეუწყო ხელი.

როგორ ჩაიარა რთველმა კახეთში

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, კახეთში 80 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, აქედან 25 ათასი ტონა ღვინის ქარხნებმა ჩაიბარეს, ხოლო დაახლოებით ამდენივე რაოდენობის ყურძენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კერძო პირებმა და ორგანიზაციებმა გაიტანეს. ყურძნის ნაწილი გურჯაანში აშენებულმა კონცენტრატის ქარხნამ ჩაიბარა.
სვიმონიშვილის თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს მოსავლის მოცულობამ 20 პროცენტით დაიკლო. თუმცა, საერთო ჯამში, მიხეილ სვიმონიშვილი წლევანდელი რთველით კმაყოფილია.
`წელს პირველად აღმოიფხვრა ის მანკიერი ტენდენცია, რომ ყურძნის ფასებს სახელმწიფო ამტკიცებდა. წელს სახელმწიფო მხოლოდ რთველის ორგანიზაციისა და ლოჯისტიკით შემოიფარგლა~, - განაცხადა სვიმონიშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურნენ და გლეხებისგან ყურძენი შეიძინეს.
მიუხედავად მთავრობის წევრების მიერ წლევანდელი რთველის წარმატებით ჩატარების დასკვნისა, ექსპერტები წლევანდელ რთველს დიდ გამარჯვებად მაინც არ მიიჩნევენ. აი, მაგალითად, რას ამბობს გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი:
`დღევანდელი მდგომარეობა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგია. მთავარი პრობლემა რასაკვირველია იყო ღვინის ფალსიფიკაცია. იყო ქარხნები, რომლებიც შაქარს უფრო მეტს ყიდულობდა, ვიდრე ყურძენს. ეს ტენდენცია კი არა მხოლოდ საბჭოთა დროს, არამედ, ორი წლის წინაც მშვენივრად იყო შენარჩუნებული. 
ფალსიფიკაციას თითქმის ყველა ქარხანა მიმართავდა. რაც საქართველოდან ღვინო გადიოდა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის მთლიანად ფალსიფიცირებული იყო. მაგალითად ისიც საკმარისია, რომ რაც შარშან და გასულ წლებშიც ძალიან ბევრი `ვაქირულა~ დაიკრიფა, მაგრამ არცერთ ღვინის ბოთლზე არ იყო მითითებული ყურძნის ეს ჯიში. 
სამაგიეროდ საქართველოს ღვინის ქარხნებში მილიონობით ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომლებსაც აწერია საფერავი, ახაშენი, ხვანჭკარა. შავი ფერის ყურძენი `ვაქირულა~ გამოიყენება ძვირადღირებული და ძვირფასი ღვინის გასაყალბებლად. არადა, `ვაქირულას~ ღვინოს თვისობრივად არავითარი ფასეულობა არ გააჩნია დანარჩენ ჯიშებთან შედარებით~.
ბარისაშვილის თქმით, ასევე რაჭაში მოდის ყურძნის ჯიში `ძველშავი~, რომლის სახელსაც ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ვერ ნახავთ. არადა, ამ ყურძენს ღვინის ქარხნები იბარებენ, საიდანაც უამრავი ღვინოა ჩამოსხმული, ეტიკეტზე `ხვანჭკარა~ რომ აწერია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობა არ შეიძლება რთველის წარმართვაში ამ სახით ერეოდეს. ჩარევა კი ვიღაცეებისთვის გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის დავალდებულებაა. სახელმწიფომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გაატაროს. მიიღოს სრულყოფილი კანონი და რეალური ბრძოლა გამოუცხადოს ფალსიფიკაციას. ამის მეტი სახელმწიფო არანაირად არ უნდა ჩაერიოს რთველში.
თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს რეალურად ისეთი ნაბიჯებიც გადაუდგია, რაც არაფერია, თუ არა ფალსიფიკაციის წახალისება.
`ორიოდე წლის წინ მიიღეს კანონი, რაც ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლას უკავშირდებოდა, თუმცა სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს და მოხდა ყურძნის ჯიშების ზონების გაფართოება. მაგალითად, ქინძმარაულის ზონა გააფართოვეს, არადა, ქინძმარაული მხოლოდ დურუჯის სანაპიროზე ხარობს. თანაც მხოლოდ მდინარის ნაკალაპოტარზე, სადაც ადრე დურუჯი ჩამოედინებოდა. იგივე ჯიშის ვაზი ახლოს რომ ხარობს, მაგრამ არ დგას ზუსტად იმ ადგილას, სადაც მდინარე ადრე ჩამოედინებოდა, ნაყოფი აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან დაბალი ხარისხისაა. აქედან გამომდინარე, ზონების გაფართოება პირდაპირ იყო კანონის საკუთარ თავზე მორგება და ფალსიფიკაციის წახალისება~ - ამბობს გიორგი ბარისაშვილი.
გიორგი ბარისაშვილის აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, `როსპოტრებნადზორის~ ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს საფუძველი ჰქონდა, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისთვის შარი მოედო.
`აქედან რუსეთში იმდენი ფალსიფიცირებული ღვინო შედიოდა, რომ მიზეზის პოვნა რთული არ იყო. ქართული ღვინის პრობლემა რუსეთის დუმაში კი არა, საქართველოს პარლამენტში იყო. საბოლოო ჯამში მოსახდენი მოხდა. რეალურად მოქმედი ქარხნების უმეტესობაში ჰიგიენური პირობები არ არის დაცული. ამიტომ იქ ჩამოსხმულ ღვინოში პრობლემა არ არის რამე დარღვევის აღმოჩენა. მართალია, დღეს ნორმალური ქარხნებიც არსებობს, მაგრამ უმეტესობაში სერიოზული პრობლემებია. სახელმწიფო კი სწორად ასეთი ქარხნების და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს. რაც შეეხება რუსეთში კონკურსებზე გამარჯვებებს, ყველა ქარხანა მოახერხებს რამდენიმე ბოთლი კარგი ღვინის ჩამოსხმას, მაგრამ მთლიანობაში ქარხნები ფალსიფიკაციაზე მუშაობდნენ~.
ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მდგომარეობის პროგნოზირება ნამდვილად შეეძლო. ხელისუფლება ევროპის ბაზარზე გასვლას კი იმედოვნებდა, მაგრამ ევროპის ბაზარი კაი ხანია გაჯერებულია. 
`სახელმწიფოში უნდა მუშაობდეს კანონი ღვინისა და ვაზის შესახებ. მსოფლიოში იწარმოება 120 პროცენტი ღვინო მის მოხმარებასთან შედარებით. 20 პროცენტი განწირულია. გერმანიაში მიმუშავია და ვიცნობ მდგომარეობას. სახელმწიფოს ინტერესშია მოხდეს ვენახების აღწერა და სამუშაობის აღრიცხვა. აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება ცნობილი, დაახლოებით რა მოცულობის მოსავალია მოსალოდნელი და ყურძნის მოსავალი ჭარბი ან დანაკლისი რომ არ იყოს, ამის პროგნოზირება ხდება. 
ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, მაგრამ საქართველოში ამ პოლიტიკის გამტარებელი პროფესიონალები ჩრდილში არიან და პოლიტიკას უცოდინრები ქმნიან. ვიღაცის გრძელმა ენამ კახელი გლეხი არ უნდა გადაიყოლოს. ან გადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენო, ან კონიაკის ან არყის მიმართულებით უნდა მოხდეს ყურძნის გამოყენება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას, ასევე მევენახეები უნდა გააფრთხილოს, როგორი მდგომარეობაა ბაზარზე და მიღებული მოსავალი რამდენად იოლად შეიძლება გაყიდოს. სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისი კადრები მონახოს, მაგრამ როგორც ჩანს ასეთმა ადამიანებმა, ვინც კომპეტენტურია მეღვინეობა-მევენახეობის საქმეში, რევოლუციების დროს არ იყვნენ აქტივისტები და არ მდგარან მიტინგებზე~.
ჩინეთში ღვინის გაყიდვის იდეასთან დაკავშირებით გიორგი ბარისაშვილი ასეთ მაგალითს იხსენებს. თავის დროს სომხეთმა სცადა ამ ბაზრის დაპყრობა საკუთარი კონიაკით. ჩამოასხეს დიდი პარტია, საკმაოდ დიდი წვალებით ჩაიტანეს კიდეც. საქმე იმით დამთავრდა, რომ ჩინეთში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა თუ იყიდეს 2-3 ბოთლი. დანარჩენი ახლაც იქ უწყვიათ.
ასეა თუ ისე, რთველი-2006 კახეთში დამთავრდა და ისტორიის კუთვნილება გახდა. კახური ყურძენი წელს ბევრმა ორგანიზაციამ შეიძინა. ასევე ნებით თუ დაძალებით ღვინის ქარხნებმაც იყიდეს ყურძენი. თუმცა, როგორც `საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის~ თავმჯდომარე ლევან კობერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მის გაერთიანებაში მყოფი ღვინის ქარხნებზე ძალდატანების არანაირი ფაქტი არ ყოფილა. იგივეს ადასტურებენ სააქციო საზოგადოება `თბილღვინოშიც~, რომელმაც შარშანდელი მარაგების სიჭარბის გამო წელს კახეთის რთველში მონაწილეობა არ მიიღო და ყურძენი მხოლოდ რაჭაში იყიდა.
მთავრობის წლევანდელ პოლიტიკას რთველის ჩავარდნისაგან კახელი გლეხობის გადასარჩენად ცხადია ახსნა აქვს და შეიძლება კარგიც იყოს, როგორც დროებითი ღონისძიება, მაგრამ თუ იგივე მომავალ წელსაც განმეორდება, მაშინ საკმაოდ მძიმე რეალობაა მოსალოდნელი. თუ საქართველოში წარმოებული ღვინისთვის გასაღების ბაზარი ისევ ვერ მოინახა, ძნელი სათქმელია, მომავალ წელს ღვინის ქარხნები და ბიზნესმენები კიდევ შეძლებენ თუ არა საკუთარ თავზე უფრო მაღლა ახტომას და კიდევ გაუსაღებენ თუ არა გლეხს მოწეულ მოსავალს. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ბოთლი ღვინო თუ იყიდება, ესეც ძირითადად სუვენირების სახით, რადგან ქართველი კაცი ბოთლის ღვინოს თითქმის არ სვამს. გადატვირთული ქარხნები კი, რომლებმაც მთავრობის ნება-სურვილით კიდევ ბლომად ყურძენი შეიძინეს, ჩამოსხმულ ღვინოს სად გაასაღებენ, არავინ იცის. პრინციპიალურად შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ღვინის ხარისხის ამაღლება და ახალი ბაზრების დაპყრობა ერთი-ორი წლის საქმე ნამდვილად არ არის.

თემურ იობაშვილი