ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ახალი საწარმო და ახალი სამუშაო ადგილები რუსთავში
#3(11), 2006
შავი მეტალურგიის ტრადიციებით განთქმულ ქალაქში ახალი ფეროშენადნობი საწარმოს _ “რუსმეტალის” ამოქმედება ნამდვილად სიახლეა, მით უფრო, რომ უკვე თხუთმეტი წელია, რაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაჩერებულია. 

“რუსმეტალის” შექმნის იდეა მის დამფუძნებელს 2005 წელს გაუჩნდა. ამ იდეას ხორცი უმოკლეს ხანაში – რვა თვეში შეესხა და წარმოება დღეს უკვე მუშაობს. 

“რუსმეტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მინდია მინდელი, რომლის თქმით, საწარმოს შექმნის იდეა მას საკუთარი მამის – მამუკა მინდელის გამოცდილებიდან გამომდინარე გაუჩნდა.

“20 წლის წინ მამაჩემის მიერ გაკეთებული ღუმელი, რომელიც სიმძლავრით ძალიან დაბალი იყო. მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ვინაიდან ამის პრაქტიკა უკვე იყო, მე ყოველთვის იდეაში მქონდა მისი გაფართოება, ვინაიდან პატარა ღუმელიდან გამომდინარე, დიდიც თავისთავად იმუშავებდა.

ჩემს მეგობარს, რომელიც 10 წელია ინდოეთში ცხოვრობს და ამ სფეროში გამოცდილება აქვს, ვუთხარი, რომ მინდოდა ერთი ღუმელის გაკეთება. მან ჰოლანდიური პროექტი შემომთავაზა, ასეთი პროექტით გაკეთებული ღუმელები ინდოეთში წარმატებულად მუშაობს. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ამ ღუმელის ფოტოები, შემდეგ უკვე მოხდა ჩემი ჩასვლა ინდოეთში. იქ ადგილზე ყველაფერი ვნახეთ და შევთანხმდით საწარმო რუსთავში აგვეშენებინა”, - ამბობს მინდია მინდელი.

რეალურად ფეროშენადნობი საწარმოს იდეის მომზადება 2005 წლის 4 თებერვალს დაიწყო. მის ასაშენებლად ადგილი ყოფილი “პერლიტის” ქარხნის ტერიტორიაზე შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ნახაზების მომზადება, შემდეგ კი _ პარტნიორებთან და ინვესტორებთან ერთად დანადგარების შექმნა, საწარმოს ფუნდამენტისა და კონსტრუქციების კეთება. დანადგარების 70% ანუ ძირითადი ნაწილი რუსთავში გაკეთდა, ინდოეთიდან კი ტრანსფორმატორი იქნა ჩამოტანილი. საბოლოოდ, ორი უცხოელი სპეციალისტის ხელშეწყობით ფეროშენადნობი ღუმელის კეთება რუსთავში დასრულდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ადგილობრივმა საწარმოებმა და სპეციალისტებმა, მათ შორის წარმოება “სარინმა” და ენერგეტიკოსებმა შეასრულეს.

“ეს ყველაფერი ფაქტობრივად რვა თვეში გაკეთდა. კომუნისტების დროს კი მსგავს საწარმოს 2-3 წელი აკეთებდნენ. საქმიანობა 2005 წლის აგვისტოში დავიწყეთ და 20 მაისს ღუმელმა მუშაობა დაიწყო”, - ამბობს მინდია მინდელი.
მართალია, “რუსმეტალი” ჯერ-ჯერობით დიდი მასშტაბის წარმოება არ არის, მაგრამ მისი მესვეურები წარმოების გაზრდას ახლო მომავალში აპირებენ. 

“ჩვენი ღუმელი ცხრა მეგავატიანია და 1500 ტონა ფეროშენადნობს უშვებს. ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში რვა ღუმელია, ჩვენ კი ასეთი მხოლოდ ერთი ღუმელი გვაქვს. ზესტაფონის ფერო ტრადიციულად 100 წლის არის. ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდ წარმოებად ნიკოპოლისა და ზესტაფონის ქარხნები ითვლებოდა. ჩვენი წარმოება ზესტაფონის დონის ქარხნის მეათედია და საშუალო დონისად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა პატარა არა. ჩვენი მსგავსი საწარმო არის ქუთაისშიც”, - აცხადებს “რუსმეტალის” გენერალური დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი.

“რუსმეტალი” ძირითადად ინგლისური კაპიტალით გაკეთდა და მასში ქართველი ინვესტორებიც მონაწილეობდნენ. ძირითადი სამშენებლო თანხა “რუსმეტალის” პარტნიორმა ინგლისურმა ფირმამ გაიღო, შემდეგ კი საწარმოს დამფუძნებლებმა საკრედიტო ხაზი გახსნეს. ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ნედლეულის შეძენა ხდება. 

პარტნიორებთან და ინვესტორებთან ერთად მინდია მინდელი მამის – მამუკა მინდელის განსაკუთრებულ წვლილზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ “რუსმეტალის” მთავარი კონსულტანტია:

“მამაჩემი უზარმაზარი სპეციალისტია. ის მეტალურგია, ძალიან დიდი ხანი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად, ასევე ინდოეთში და ალჟირში იყო სამი წლის განმავლობაში უზარმაზარი მეტალურგიული კომბინატის დირექტორი. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ანალოგიური (“რუსმეტალის”) საწარმო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე გააკეთა, ოღონდ ღუმელი მცირე იყო. იმ დროისათვის (1991-92 წლებში) ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. შემდეგ ამ მცირე ღუმელის გადიდების იდეა რომ გამიჩნდა, მამაჩემს ვუთხარი და მე თუ დავიწყე რამის კეთება, ვიცოდი, რომ მამუკა მინდელი იქნებოდა ჩემს გვერდით. აი, ასე დავიწყეთ და ამიტომაც ავაშენეთ რვა თვეში.”

“რუსმეტალის” პროდუქციის გასაღება რუსეთში, უკრაინაში, ირანში და თურქეთში ხდება. საწარმოს ხელმძღვანელობას გასაღების ბაზრის პრობლემა არა აქვს და გაფართოებაზეც ფიქრობს. თუმცა, ჯერ-ჯერობით ახლად ფეხადგმული წარმოება ტემპს ნელ-ნელა იკრეფს. 

“მუშაობის სამი თვე არაფერია, პირველი ეტაპი რაცაა – წარმოების აშენება, ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ. ეხლა მეორე, არანაკლებ რთულია _ მისი მუშაობის ორგანიზება, მენეჯმენტი, ნედლეულით მომარაგება. ეს ეტაპი შეიძლება უფრო რთულადაც ჩაითვალოს, იმიტომ, რომ აშენება ერთია, მეორეა მიიღო შედეგი და ამოიღო თვითღირებულება და ინვესტიცია, რაც შიგაა ჩადებული. ამ წუთას ვართ იმ პროცესში, რასაც წარმოების მენეჯმენტი ჰქვია, რათა “რუსმეტალი” გავიდეს მოგებაზე და ინვესტიციებისა და კრედიტების დაფარვაზე. აი, ეს რომ დალაგდება, ამას კი 2-3 თვე კიდევ დასჭირდება, მერე ვაპირებთ მეორე ღუმელის ყიდვას და გაფართოებას, არა მარტო ამ სფეროში, არამედ სხვა მიმართულებითაც”, - ამბობს მინდია მინდელი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალ საწარმოს “მეტალურგთა ქალაქში” სპეციალისტების მოძიების მხრივ პრობლემები შეექმნა. რუსთავში მეტალურგების მოძებნა საკმაოდ გაჭირდა, რაც, ცხადია, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხანგრძლივი გაჩერებითაა განპირობებული.
“რუსთავში სპეციალისტების მოძებნა პრობლემა გახდა, როცა ქალაქში ამის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ფაქტიურად, თითო კაცს თითო-თითო სპეციალისტი მოგვყავდა. ისინი მშენებლობის პროცესში მუშაობდნენ და თან უნდა დარჩენილიყვნენ როგორც მეტალურგები. ორი თვე ჩვენ რამდენიმე სპეციალისტი გვყავდა და დანარჩენების სწავლებასაც მოვუნდით. ნელ-ნელა ეს ხალხი სპეციალისტები ხდებიან, მაგრამ ერთმა წელი დასჭირდებათ, რომ კარგ სპეციალისტებად იქცნენ”, - აცხადებს მინდია მინდელი. 

“რუსმეტალში” დღეისათვის კადრების დაოსტატებაზე ინდოელი სპეციალისტი და 72 წლის მეტალურგი, სოციალისტური შრომის გმირი – ოთარ ლომიძე ზრუნავენ. ინდოელი სპეციალისტი ძირითადად ღუმელის ოპერატორობას აწარმოებს. თავდაპირველად “რუსმეტალში” სამი ინდოელი სპეციალისტი მუშაობდა, თუმცა ხუთი პროფესიონალი კადრის მომზადების შემდეგ ორი მათგანი უკან, ინდოეთში დაბრუნდა. 

“რუსმეტალის” პროდუქციის გასაღების ბაზარი ჯერ-ჯერობით საქართველოში არ არის, თუ, რა თქმა უნდა, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი არ ამუშავდა. ამ შემთხვევაში ის ალბათ “რუსმეტალის” პირველი მომხმარებელი გახდება.

წარმოებაში დღესდღეობით 170-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი ხელფასები 300-დან 700 ლარამდე მერყეობს. საწარმოს ხელმძღვანელობა სიმძლავრეების გაზრდასთან ერთად ხელფასების მომატებასა და პრემიალური სისტემის შემოღებას გეგმავს. 

“ბოლო სიმძლავრეზე დიდი ხანი არაა რაც გავედით, აქამდე საშუალო სიმძლავრეზე ვმუშაობდით. ვაპირებთ პრემიალური სისტემის შემოღებას საწარმოს მოგებიდან გამომდინარე, ისე რომ თანხა ყველას შეხვდეს და არა მარტო დამფუძნებელს”, - აცხადებს საწარმოს დამფუძნებელი მინდია მინდელი.

საქართველოში არსებული ფეროშენადნობი საწარმოების რიცხვი დღესდღეობით ძალზე მცირეა და მათ შორის კონკურენცია მსოფლიო ბაზრის სიდიდის გამო არ უნდა არსებობდეს, თუმცა მინდია მინდელი ამბობს, რომ ქართული ბუნებიდან გამომდინარე “ჭიდაობა” მაინც მიდის:

“ინდოეთში ასეთი ღუმელი ყოველდღე შენდება და მთელ მსოფლიოს იპყრობენ. ჩვენ კი აქ ჭიდაობაში ვართ. საქართველოში ეს პროდუქცია უნდა იყოს ნომერი ერთი და სტრატეგიული იმ მხრივ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოვუშვათ და დავიპყროთ ევროპისა და რუსეთის ბაზრები, რათა ინდოელი და ჩინელი არ შემოვიდეს. ჩვენთან მანგანუმის იმდენი მარაგია, რომ 200 წელი გვეყოფა.”

ძირითად ნედლეულად “რუსმეტალში” ჭიათურის მანგანუმს ხმარობენ, დამხმარე – კოქსი და კვარციტი კი უკრაინიდან შემოაქვთ. მეოთხე საჭირო ნედლეული – ელექტროენერგიაა. ამ უკანასკნელის გაძვირების გამო საწარმოს ხელმძღვანელობას გარკვეული პრობლემები შეექმნა.

“დენის ღირებულება ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების თითქმის 40%-ია. დენზე ტარიფის ორჯერ გაზრდამ ჩვენი რენტაბელობა შეცვალა. ჩვენ ჩვენი სადგური გვაქვს და ვცდილობთ ენერგეტიკის თავისუფალ ბაზარზე ცოტა იაფი დენი მივიღოთ, რომ რენტაბელობა გამოვასწოროთ, რადგან უკვე რაღაც ზღვარზე მივედით. ამ ტარიფით რენტაბელობაზე კი გავალთ, მაგრამ ჩადებული ინვესტიციის ამოღება გაიწელება. 

ჩვენ ბიზნეს-გეგმით გაწერილ სახსრებსა და დროში ჩავჯექით და ცოტა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდამ აგვირია გეგმა”, - აცხადებს მინდია მინდელი.

ზემოთ აღნიშნული პრობლემის გარდა რუსთაველი მეწარმეების, მათ შორის “რუსმეტალის” წინაშე სხვა პრობლემაცაა. მეწარმეები თვლიან, რომ ქვეყანაში მოქმედი გაკოტრების კანონი საწარმოთა განადგურებას უწყობს ხელს. უზარმაზარი ვალების გამო კი, რომელიც უმოქმედოდ დარჩენილ საწარმოებს აქვთ დაგროვილი, მეწარმეები მათ ვერ ყიდულობენ. 

“რუსმეტალს” ერთ-ერთი ასეთი გაკოტრებული და ვალებდაგროვილი საწარმოს – ყოფილი “პერლიტის” ტერიტორიაზე აქვს ფართი დაკავებული. “პერლიტის” ტერიტორიაზე წარმოების გაზრდის პერსპექტივაა, თუმცა ამ საწარმოს ვალი 1 300 000 ლარი აქვს. 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, “რუსმეტალი” ტემპს იკრეფს. საწარმო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სექტემბერში რუსთავში სტუმრობისას დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ასეულობით მსგავსი საწარმოები გაიხსნება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება.

“ჩვენ დღეს ვნახეთ საწარმო, რომელიც მთლიანად ახლიდან ამუშავდა და ახალი საწარმოა. ჩვენი მომავალი ასეთი საწარმოებია, სადაც 100-200-300 კაცი იქნება დასაქმებული. მართლა დასაქმებული, მუდმივად ოჯახის შემნახველი. ჩვენ ვმოქმედებთ უსასტიკესი ეკონომიკური სავაჭრო ემბარგოს ქვეშ ჩვენი ტრადიციული ბაზრის _ რუსეთის მხრიდან. ვინც ეს ემბარგო შემოიტანა, ეგონა, რომ ჩვენ დავინგრეოდით. შემდეგ გაიხსნა ათეულობით ახალი საწარმო და მომავალ წელს ასეულობით გაიხსნება”, - განაცხადა “რუსმეტალში” სტუმრობის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

ახალი საწარმო მეტალურგთა ქალაქში იმედივით გაჩნდა. თავდაპირველად “რუსმეტალი”  ამოქმედდა და ამ წლის ბოლომდე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ამუშავებაა დაგეგმილი.

მარინე ვარდოშვილი