ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
"ფორდი" გამოსავალს ეძებს
#3(11), 2006
"ფორდმა" დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ მესამედ დაიწყო რეფორმა, რომელიც მოწოდებულია, დირბორნული ავტომწარმოებლის ბიზნესი კვლავ მომგებიანად აქციოს. ახალი პროექტი 16 ქარხნის დახურვას და 45000 სამუშაო ადგილის შემცირებას ითვალისწინებს, რასაც შედეგად წლიურად 5 მილიარდი აშშ დოლარის ხარჯის შეკვეცა უნდა მოჰყვეს. რეფორმის მთავარი მიზანი კი სულ სხვაა _ კომპანიის სამოდელო გამის საფუძვლიანად გადახალისება და ისეთი ახალი ავტომობილების წარმოება, როგორების შეძენასაც მყიდველი ისურვებდა.

მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსების უმეტესობის შეფასებით, მთავარი სწორედ სამოდელო პროგრამის გადახალისება და მყიდველის სურვილებზე აქცენტის გადატანაა და არა ის ფაქტი, რომ მალე "ცისფერი ოვალის" ხელმძღვანელობა სამუშაოდან დაითხოვს თავისი პერსონალის თითქმის მესამედს. ხარჯების პირდაპირი შემცირების გარდა, დათხოვნების მთავარი მიზანი ისაა, რომ მოხდება წარმოების რაციონალიზაცია _ ქარხნები ასი პროცენტით დაიტვირთება, ეს კი წარმოების რენტაბელობის გაუმჯობესების მომტანია.

"მათ (ფორდის ხელმძღვანელობას) უზარმაზარი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. მათ აქცენტი საწარმოო პროცესზე და პროდუქციაზე უნდა გადაიტანონ. სწორედ წარმოება და პროდუქცია უნდა იყოს რეფორმების მთავარი გამოწვევა და არა ხარჯების თუნდაც რადიკალური შემცირება, რასაც შეიძლება სწრაფი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ პრობლემას საფუძვლიანად ვერ აღმოფხვრის. მათ შეიძლება პროფკავშირებთან მოაგვარონ ბევრი პრობლემა, თუმცა თუ ბაზარზე თავიანთი წილი არ დაიბრუნეს, მაშინ ცოტა ხანში კვლავ მოუწევთ გრანდიოზული შემცირების ჩატარება და წარმოების კიდევ უფრო შეკვეცა. "ეს კი მათ უფსკრულამდე მიიყვანს", _ ამბობს "სტანდარდ ენდ პუურის" ანალიტიკოსი ეფრემ ლევი.

"ფორდის" მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ კომპანიის წილი აშშ-ის ბაზარზე კიდევ უფრო შემცირდება. წინასწარი შეფასებით, მალე ეს წილი 16-დან 14 პროცენტამდე დავა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ კი 1995 წელს, 25 პროცენტს შეადგენდა. მაშინ გაყიდვების მაღალი დონის შენარჩუნება მეტწილად პიკაპებისა და სედან "ტაურუსის" ხარჯზე ხდებოდა.

ახლა კომპანიამ უნდა შეძლოს პიკაპების კლასში თავისი პოზიციების შენარჩუნება (რაც ძალიან გაუჭირდება) და მეტი ყურადღება დაუთმოს ეკონომიურ ავტომობილებს, რომლებსაც, დილერების და ანალიტიკოსთა უმეტესობის თქმით, დირბორნელები დიდხანს იგნორირებდნენ. გარდა ამისა, ასათვისებელია თვისობრივად ახალი, უგზოობის მსუბუქი ავტომობილების კლასი, ავტომობილებისა, რომლებსაც ბევრი ავტოკომპანია კომპაქტური ავტომობილების პლატფორმებზე ამზადებს. ცნობისათვის, ეს კლასი მთელს მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

მაგრამ წარმოების გადახალისებას გარკვეული დრო, მინიმუმ სამი წელი მაინც ესაჭიროება. ეს ის დროა, რაც ავტომობილის შესაქმნელადაა საჭირო (სტუდიიდან დილერამდე). ამდენად, სამოდელო გამის განახლება 2009 წლიდან თუ დაიწყება. ეს სწორედ ის დროა, როცა კომპანიამ უნდა დაასრულოს სტრუქტურული რეორგანიზაცია.

უფრო მეტი და უფრო სწრაფად

თუმცა, "ფორდი" ირწმუნება, რომ ახალი მოდელების ბაზარზე გამოტანას უფრო ადრეც შეძლებს. "ჩვენ მთლიანად სრულვყავით ახალი მოდელების შემუშავების ციკლის გეგმა. ამ ეტაპზე, შემუშავების სტადიაშია ხუთი ახალი მოდელი, რომლებსაც საზოგადოებას მალე წარვუდგენთ", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მარკ ფილდსი.

"ფორდი" არ აზუსტებს, თუ რა მოდელებს გულისხმობს ფილდსი, თუმცა აცხადებს, რომ მყიდველს ყოველწლიურად შესთავაზებს პოპულარულ სპორტულ მოდელ "მუსტანგის" ახალ-ახალ ვერსიებს და მალე დაიწყებს შარშან პირველად ნაჩვენებ კონცეპტუალურ, რეტრო-სტილის ქროსოვერ "ფეარლეინის" გამოშვებას. გარდა ამისა, მალე დაიწყება ორი ახალი ქროსოვერის _ "ედჯისა" და "ლინკოლნ MKX-ის" წარმოება.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მსოფლიოს ბაზარზე სწორედ ქროსოვერების (ყველგანმავლების) კლასია ყველაზე სწრაფად მზარდი. მოსალოდნელია, რომ სულ მალე ამ კლასში მსოფლიოს სხვადასხვა ავტომწარმოებლების 70 მოდელამდე იქნება წარმოდგენილი. მათ შორის აუცილებლად იქნება "ტოიოტას" უახლესი ღAV4, ავტომობილი, რომელმაც მსოფლიოს ავტომოყვარული კომპაქტურ ქროსოვერებზე შეშალა. ამავე კლასში მალე "ჯენერალ მოტორსის" სამი ახალი მოდელი გამოჩნდება. ესენია "GMჩ აკადია", "ბიუიკ ინკლავი" და "სატურნ აუტლუკი".

რაც შეეხება "ფორდის" პიკაპებს, კომპანია აცხადებს, რომ თავის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს, მოდელ F-150-ს სრულიად განახლებული სახით ბაზარზე 2008 წელს გამოუშვებს. თუმცა, ამ ახალ ავტომობილს უმკაცრესი კონკურენცია ელის, პირველ რიგში, "ჯენერალ მოტორსის" სრულიად ახალი "შევროლე სილვერადოსგან", რომლის გაყიდვები მალე დაიწყება და "ტოიოტას" განახლებული "ტუნდრასგან", რომლის გაყიდვებიც მერმის უნდა დაიწყოს.

"ფორდის" ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ იანვრიდან ირწმუნებოდა, რომ მალე აშშ-ში სუბკომპაქტური მოდელის გაყიდვას დაიწყებდა, თუმცა ახლახანს გეგმა რადიკალურად შეიცვალა და გამოცხადდა, რომ "ფორდის" მარკით ასეთი ავტომობილი აშშ-ის ბაზარზე 2009 წლამდე არ გამოჩნდება. არადა, იაპონური კომპანიები ამ საქმეშიც ასწრებენ თავიანთ ამერიკელ კონკურენტებს. კერძოდ, "ტოიოტამ", "ნისანმა" და "ჰონდამ" უკვე დაიწყეს თავიანთი პოპულარული მოდელების (შესაბამისად), "იარისის", "ფიტისა" და "ვერსას" აშშ-ში გაყიდვები და რა თქმა უნდა, სანამ ამ კლასში "ცისფერი ოვალის" პროდუქცია გამოჩნდებოდეს, იაპონელები ბაზარზე მყარად მოიკიდებენ ფეხს და მათი შევიწროება ძალიან გაძნელდება.

და მაინც, ფილდსი ამბობს, რომ მიმდინარე დეკადის ბოლოს, "ფორდი" აშშ-ში დაიწყებს სამი კომპაქტური მოდელის გაყიდვებს. ეს მოდელები შესაძლოა აშშ-შივე დამზადდეს, თუმცა ახლავე ცნობილია, რომ სამივე მათგანი აშშ-ის გარეთ შექმნილ პლატფორმებზე იქნება ბაზირებული.

ახალი შეფი

მესამე დიდი რესტრუქტურიზაციის დაწყებამდე, "ფორდმა" თავის ახალ მთავარ აღმასრულებლად დანიშნა ავიაგიგანტ "ბოინგის" ყოფილი აღმასრულებელი ალან მიულალი, ვინც ამ პოსტზე კომპანიის დამაარსებლის, დიდი ჰენრი ფორდის შთამომავალი ბილი ფორდ უმცროსი შეცვალა.
მიულალი, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ, კრიზისიდან "ბოინგის" გამოყვანით გაითქვა სახელი, შეიქნა "ფორდის" პირველი ხელმძღვანელი, რომელიც არასაავტომობილო კომპანიიდან გადმოიყვანეს. საერთოდაც, საავტომობილო ინდუსტრიაში მეტად იშვიათი მოვლენაა, როცა ბიზნესის სხვა სფეროდან მოსული მენეჯერი დიდი კომპანიის შეფად ინიშნება.
ბილ ფორდს წლის დასაწყისშივე ეტყობოდა, რომ თავს ვერ ართმევდა კრიზისში მყოფი კომპანიის ხელმძღვანელობას. ამ თანამდებობაზე ის ხუთი წელი მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში, ორი დიდი გარდაქმნის წამოწყება სცადა, მაგრამ ორივეჯერ ხელი მოეცარა, რამაც თავდაჯერება დააკარგვინა. შედეგად, ის ხშირად იმეორებდა, რომ თანამდებობის დატოვება და რომელიმე გამოცდილი მენეჯერისთვის ჩაბარება სურდა.
ის კარგა ხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას მიულალისთან, რომელიც ბოლოს მაინც დაიყოლია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობლი შეიქნა, რომ წლის პირველი ნახევარი "ფორდმა" 1.44 მილიარდდოლარიანი ზარალით დაასრულა. თუმცა, ეს გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მარკეტოლოგები და ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.
მიულალის გადმობირება "ფორდს" ძალიან ძვირი დაუჯდება. ჯერ ერთი, დირბორნული ავტოგიგანტი ვალდებულებას კისრულობს, გაიღოს ის 11 მილიონი დოლარი, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის მიულალის "ბოინგისთვის" აქვს გადასახდელი. ამასთან, ახალი ხელმძღვანელი ერთჯერადი ანაზღაურების სახით მიიღებს 7.5 მილიონ დოლარსაც. გარდა ამისა, მიულალის უფლება ექნება, შეიძინოს "ფორდის" ჩვეულებრივ აქციათა პაკეტი, რომლის ღირებულება არ გასცდება 10.5 მილიონ დოლარს. ყველაფერთან ერთად, "ფორდი" ვალდებულია, 11 მილიონი დოლარი გადაუხადოს თავის ახალ მთავარ აღმასრულებელს იმ შემთხვევაში, თუ მას 2011 წლამდე თანამდებობას დაატოვებინებს. რაც შეეხება მიულალის ხელფასს, ის წელიწადში ორი მილიონი დოლარი იქნება. 2006 წლის ბოლომდე კი ის 650000 დოლარს მიიღებს.
უნდა ითქვას, რომ "ბოინგში" მიულალის გაცილებით მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. მისი წლიური ანაზღაურება 9.96 მილიონ დოლარს აღწევდა, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერთა ათეულში შევიდა. მისი საბაზო ხელფასი 825000 დოლარი იყო, ბონუსების სახით კი 736300 დოლარი ერიცხებოდა. ამას ემატებოდა აქციებზე მიღებული დივიდენდები. ყველაზე დიდ თანხას კი (7.58 მილიონი) იმისათვის ღებულობდა, რომ სხვა კომპანიაში გადასვლაზე არ ეფიქრა.
შედარებისათვის, შარშან გაცილებით ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა "ჯენერალ მოტორსის" მთავარ აღმასრულებელ რიკ ვაგონერს, ვინც სულ 5.5 მილიონი დოლარი მიიღო. აქედან 2.2 მილიონი დოლარი ხელფასი იყო, დანარჩენი 2.9 მილიონი კი მან აქციების სახით მიიღო.
ბილ ფორდ უმცროსს, რაც "ფორდის" მთავარ აღმასრულებლად მუშაობდა (2001 წლიდან), შარშანდლამდე ხელფასი არ აუღია. სამაგიეროდ, შარშან მთლიანი ანაზღაურების სახით, რომელშიც აქციების პაკეტიც შედიოდა, 13.3 მილიონი მიიღო. ამასთან, თავისი თანამდებობის დათმობისას, მან განაცხადა, რომ არანაირ ხელფასს აღარ აიღებს (ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ რჩება) მანამ, სანამ კომპანია მომგებიან საქმიანობას არ დაუბრუნდება.

ალიანსი "ჯენერალ მოტორსთან"?

საავტომობილო გამოცემა "ოტომოტივ ნიუსის" ცნობით, "ფორდის" ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებას აწარმოებს მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელ "ჯენერალ მოტორსთან". მოლაპარაკების თემა მჭიდრო თანამშრომლობაა, ალიანსის შესაძლო შექმნაც კი. გაზეთისვე ინფორმაციით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ექნება თუ არა ნაყოფი აღნიშნულ მოლაპარაკებას.
უფრო კონკრეტულია "უოლ სტრიტ ჯორნელი", რომელიც ასევე ადასტურებს ორ ამერიკულ ავტოგიგანტს შორის მოლაპარაკების წარმოების ფაქტს, თუმცა მისი ინფორმაციით, ალიანსის იდეა უარყოფილ იქნა და არც მომავალ გეგმებზე თქმულა რაიმე. თავად კომპანიების ხელმძღვანელები ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავის შეკავებას ამჯობინებენ.
სამაგიეროდ, "გენერლების" პრესმდივანი ბრაიან აკრე ირიბად მაინც ადასტურებს მოლაპარაკების ფაქტს: "ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ განვიხილავთ ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერ შემოთავაზებას. ოფიციალურად ამ შეხვედრებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, მათ პირადი საუბარი ჰქონდათ, რომელსაც რაიმე რეალური შედეგი არ მოჰყოლია".
სამაგიეროდ, ანალიტიკოსები გააქტიურდნენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ორი ავტოგიგანტის შეზღუდული თანამშრომლობა ახალი მოდელების შემუშავებისა და წარმოების პროცესში, ორივეს რეალურ სარგებელს მოუტანს. თუმცა მათი შეერთება, ან ნაწილობრივი ალიანსის ფორმირება ბევრ კითხვას წარმოქმნის. მითუმეტეს, რომ ორივე სერიოზულ კრიზისს განიცდის და ორივეს თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვს დასაძლევი.
ცნობილია, რომ "ჯენერალ მოტორსის" მენეჯერები ამ ეტაპზე "რენო/ნისანთან" ალიანსის შექმნის შესაძლებლობას სწავლობენ. ამერიკულმა კომპანიამ და ფრანგულ/იაპონურმა ალიანსმა სამთვიანი პაუზა აიღეს ერთმანეთთან მოლაპარაკების პროცესში. ამ პაუზის დროს ისინი დაწვრილებით სწავლობენ საკითხს, რის შემდეგაც, სამი ავტომწარმოებლის ხელმძღვანელები (რენოსა და ნისანს ერთი კაცი _ კარლოს გოსნი წარმოადგენს) საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ფორდი" "როვერს" გამოისყიდის

უფრო სწორედ, დეტროიტელები გერმანულ კონცერნ "ბეემვესგან" ინგლისური მარკის შეძენის უფლების გამოყენებას აპირებენ. საქმე ისაა, რომ "ფორდმა" ეს უფლება 2000 წელს მიიღო მას შემდეგ, რაც ბავარიული კონცერნისგან "ლენდ როვერი" იყიდა. მაშინ ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ თუ "ბეემვე" ბრენდ "როვერის" გაყიდვას მოინდომებდა, პირველად ეს "ფორდისთვის" უნდა შეეთავაზებინა.
ბავარიელები ბრენდ "როვერის" გაყიდვას არ აპირებდნენ, მაგრამ მისი შეძენის სურვილი ჩინურმა ავტოგიგანტმა "შAIჩ მოტორ კომპანიმ" გამოთქვა, რის გამოც "ბეემვემ" ამერიკულ კომპანიას თავისი უფლების გამოყენება შესთავაზა. "ცისფერმა ოვალმა" კი ამ უფლების გამოყენება ისურვა.
ეს დიდი დარტყმაა შAIჩ-ისთვის, რომელმაც შარშან გაკოტრებული "MG როვერის" ორი მოდელის, "როვერ 25-ის" და "როვერ 75-ის" წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ მოინდომეს ჩინელებმა ბრენდ "როვერის" დაუფლება, რათა ცნობილი მარკით გასულიყვნენ მსოფლიოს ბაზარზე.
შAIჩ-მა "როვერის" ტექნოლოგიების გამოყენებით, რამდენიმე ახალი, საკუთარი კონსტრუქციის ავტომობილი შექმნა და ეს მთლიანობაში 1.71 მილიარდი დოლარი დაუჯდა. "ფორდის" გადაწყვეტილებამ ჩინურ კომპანიას გეგმები აურია, თუმცა არ შეცვლილა მთავარი მიზანი _ შAIჩ-ი მსოფლიოს ბაზარზე მაინც გავა, მაგრამ ამის გაკეთება სხვა, ალბათ ახალი ბრენდით მოუწევს.
რაც შეეხება "ფორდს", ინგლისური მარკის გამოყენების უფლების შეძენა იმას ნიშნავს, რომ "ცისფერი ოვალი" არ აპირებს "ლენდ როვერის" გაყიდვას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც...

"იაგუარი" არ იყიდება!

რესტრუქტურიზაციის ახალი ციკლის დაწყების პარალელურად, "ფორდმა" ასევე გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს "იაგუარის" გაყიდვას, თუმცა კვლავ გაგრძელდება ამ ინგლისური წამგებიანი კომპანიის რეფორმირების პერსპექტივის შესწავლა.
"ამ ეტაპზე "იაგუარის" გაყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ გაგვამხნევა იმ ფაქტმა, რომ ის პროგრესის გზას ადგას და ვიმედოვნებთ, რომ მას მალე მომგებიან კომპანიად ვაქცევთ", - ამბობს "ფორდის" საერთაშორისო ოპერაციების განყოფილების პრეზიდენტი მარკ შულცი.
არადა, ბევრი ელოდა, რომ "ცისფერი ოვალი" მოიშორებდა წამგებიან ინგლისურ შტოს, რითაც ნაწილობრივ მაინც აინაზღაურებდა გაყიდვების შემცირებით და წარმოების არაეფექტურობით გამოწვეულ დანაკარგებს. "სტანდარდ ენდ პუურის" ანალიტიკოს ეფრემ ლევის თქმით, "იაგუარის" არგაყიდვა უფრო უარყოფითი მოვლენაა, ვიდრე დადებითი. "წამგებიანი კომპანიის გაყიდვით, "ფორდს" ხარჯების შეკვეცის რეალური შანსი ექნებოდა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის დამატებით მიიღებდა გარკვეულ თანხას, რომელსაც სხვა, ძირითადი ბრენდების სასარგებლოდ გამოიყენებდა", - ამბობს ლევი.
"ფორდმა" ბრიტანული ავტოინდუსტრიის სიამაყე, "იაგუარი" 1989 წელს შეიძინა 2.82 მილიარდ დოლარად, მაგრამ მას შემდეგ წაგების მეტი მისგან არაფერი მიუღია. ერთხელ, "ფორდის" ყოფილი პრეზიდენტ ნიკ შიილის დროს, შესაძლებელი გახდა "იაგუარის" გამოცოცხლება, რისთვისაც ბრიტანეთის სამეფო კარმა შიილს რაინდის წოდება მიანიჭა.
მაგრამ წარმატება მალე სტაგნაციამ შეცვალა. ამის ძირითადი მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ევროპული ბაზრისთვის კომპანია არ ამზადებს დიზელისძრავიან მოდიფიკაციებს, მისი ყველაზე ახალი და ყველაზე მცირეგაბარიტიანი მოდელი X-ტაიპი კი მეტისმეტად ძვირი (აშშ-ში საბაზო ღირებულება 32995 დოლარია) ღირს. აშშ "იაგუარისთვის" ძირითადი ბაზარია და წელს იქ ინგლისური კომპანიის გაყიდვების მოცულობა 31 პროცენტით შემცირდა.
1980-იან წლებში "იაგუარი" მომგებიანი კომპანია იყო, მაგრამ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის "ფორდმა" შეიძინა. ამერიკულ ავტოგიგანტს ინგლისური მარკის სამი პრობლემის მოგვარება მოუხდა: დაბალი ხარისხი, მოძველებული საწარმოები და ხარჯთაღრიცხვის გაუმართავი სტრუქტურა.
ამერიკელებმა თავიდანვე დაიწყეს "იაგუარის" რესტრუქტურიზაცია, რასაც უზარმაზარი ინვესტირება დასჭირდა, მაგრამ ადეკვატურ შედეგს ვერ მიაღწიეს.
შარშან "ფორდმა" "იაგუარის" 1150 სამუშაო ადგილი შეამცირა. დაიხურა ქოვენთრიში მდებარე "ბრაუნს ლეინის" ქარხანა და წარმოებამ მთლიანად ბირმინგემის მახლობლად მდებარე ქარხანაში გადაინაცვლა. მაგრამ ამას შედეგი ფაქტობრივად არ მოჰყოლია. სპეციალისტების შეფასებით, "იაგუარს" რენტაბელობამდე ჯერაც ბევრი უკლია.
ცნობისათვის, "ფორდის" პროგნოზით, ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი შტო _ "პრემიუმ ოტომოტივი", რომელშიც გაერთიანებულია კომპანიები "იაგუარი", "ასტონ მარტინი", "ვოლვო", "ლენდ როვერი" და "ლინკოლნი", წელსაც წამგებიანი იქნება.

მერაბ ლორთქიფანიძე