ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოსთვის
#3(11), 2006
მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის დასრულების პერსპექტივაზე საუბარიც კი ნაადრევია. ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. დღეისათვის მსოფლიოში 500-ზე მეტი ფორმირება არსებობს, რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად ტერორიზმს ირჩევენ და ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. როგორც ჩანს, მსოფლიო კიდევ მრავალგზის გადააწყდება ტერორიზმის არაერთ გამოვლინებას. ამავე დროს, ტერორიზმმა უდიდესი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, რომლის მასშტაბის სრულად განსაზღვრა შეუძლებელია. ექსპერტები და პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ საჭიროა ტერორიზმის ფენომენის ყურადღებით შესწავლა, მისი სხვადასხვა სახეობის სპეციფიკის გათვალისწინება და მის გამომწვევ მიზეზებში ღრმად გარკვევა. მხოლოდ ამ გზით თუ მოხერხდება მისი ნეიტრალიზება.

ტერორიზმის არსი

ტერმინი "ტერორიზმი" წარმოდგება ლათინური სიტყვიდან "ტერორი", რაც ნიშნავს "შიშს", "საშინელებას". სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს ტერორს, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ხასიათდება სისასტიკით, მიზანმიმართულებით და მოჩვენებითი ეფექტურობით. 
ტერორიზმი არის ძალადობის არასამართლებრივი გამოყენება, რომელსაც მიმართავენ ცალკეული პიროვნებები, ორგანიზაციები ან სახელმწიფოები მოწინააღმდეგის დაშინებისა და თავისი ნების თავსმოხვევისათვის. ასეთი ძალადობა დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს და ხშირად მიმართულია არა იმდენად ამა თუ იმ კონფლიქტის მონაწილეთა წინააღმდეგ, არამედ იმათ წინააღმდეგ, რომელთაც ამ კონფლიქტთან უშუალო კავშირი არ გააჩნიათ.
ტერორიზმი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, რომელიც მდგომარეობს საომარ მოქმედებათა გარეშე ფიზიკური ძალადობის შეუზღუდავ და სისტემატიურ გამოყენებაში გარკვეული მიზნების მისაღწევად.
ტერორიზმს როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდს სხვადასხვა სოციალური ძალები იყენებენ. ტერორიზმი შეიძლება იყოს სახელმწიფო და ოპოზიციური, კონსერვატიული და რევოლუციური, რელიგიური და ნაციონალისტური. ტერორიზმის ისტორიული და თანამედროვე ფორმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ტერორიზმის მრავალფეროვანი სახეობები წარსულშიც და დღესაც პოლიტიკას მუდამ თან სდევდა. ტერორიზმს იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მაგრამ პოლიტიკა და ტერორიზმი ერთმანეთის საპირისპირო მოვლენებია. პოლიტიკა სოციალური კონფლიქტების, საზოგადოების ზოგადი პრობლემების გადაწყვეტის მრავალფეროვან საშუალებათა ერთობლიობაა, ტერორიზმი კი მთელ ამ მრავალფეროვნებას უარყოფს და ტოვებს მხოლოდ ერთს _ საპირისპირო ინტერესების მატარებელთა უშუალო განადგურებას. პოლიტიკის თვალსაზრისით ასეთი საქმიანობა უაზრობაა _ ნადგურდება კონკრეტული ადამიანები და არა პოლიტიკის სუბიექტები (სახელმწიფოები, ერები, ჯგუფები, კლასები), შესაბამისად რჩება მათ ურთიერთობაში არსებული პრობლემები და წინააღმდეგობანი. ამრიგად, ტერორიზმი არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ქმედითი საშუალება, ტერორიზმის მეშვეობით პოლიტიკური მიზნების მიღწევა, საბოლოო ჯამში, შეუძლებელია.
რეალურად, ტერორიზმი ვერ ცვლის იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილია პოლიტიკაში. ტერორიზმი გამოიყენება სულ სხვა მიზნებისათვის: დასაშინებლად, ზეწოლისათვის, პროპაგანდისტული და სარეკლამო მიზნით, თვითიდენტიფიკაციისა და შურისძიებისათვის.
ძალადობის შეუზღუდავი გამოყენება საზოგადოებას არქაულ პერიოდში აბრუნებს, როდესაც პოლიტიკური ბრძოლა არაფრით არ რეგულირდებოდა. პოლიტიკის მიზანი და დანიშნულება კი სწორედ ძალადობის შეზღუდვა და გარკვეულ კალაპოტში მოქცევაა.

ტერორიზმის მიზეზები

ტერორს მიმართავენ: 
_ სოციალური ჯგუფები, რომლებიც გარიყულად გრძნობენ თავს; მთელი ერები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო დაკარგეს არსებობის წყაროები და საფუძვლები; 
_ კონფესიები, რომლის წარმომადგენელთა რწმენაშიც იმარჯვებს ღმერთთან საკუთარი კავშირის დასაბუთების ექსტრემისტული ფორმები; 
_ პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოკლებულნი არიან პოლიტიკურ გარემოსთან კონტაქტის და საკუთარი მიზნების დეკლარირების სხვა შესაძლებლობებს; 
_ სახელმწიფოები, რომლებიც უპირისპირდებიან მსოფლიო თანამეგობრობას.
ტერორიზმის მრავალფეროვან მიზეზებს შორის შეიძლება დავასახელოთ:
• იმ ადამიანებს, ვინც მიმართავს ტერორს, ვერ წარმოუდგენიათ ბრძოლის სხვა საშუალებები ან იმედი გაუცრუვდათ მათ გამოყენებაში;
• ტერორისტის სპეციფიური ფსიქოლოგია, რომელიც  არად აგდებს თავის და სხვების სიცოცხლეს;
• ნიჰილისტური იდეოლოგიური პოზიცია, რომელიც უგულებელყოფს ყველა სხვა ინტერესს, გარდა საკუთარისა;
• მრავალფეროვანი ეკონომიკური მიზეზები: ზემოგების მიღება ნარკოვაჭრობაში, "ჩრდილოვანი ეკონომიკის" სხვა სახეობებში.
ტერორიზმს წინა პლანზე გამოაქვს პოლიტიკური ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ტერორისტული აქტი. წარსულში ტერორისტული აქტები გულისხმობდა მაღალი თანამდებობის ცნობილი პირების მკვლელობას. თანამედროვე პირობებში კი ტერორისტული თავდასხმების ობიექტები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შეიცვალა თავად თავდასხმის ფორმები. ესაა რიგითი ადამიანების მკვლელობები, მძევლად აყვანა, თვითმფრინავების გატაცება, ბანკების ძარცვა, ოფისების, დაწესებულებებისა და სხვა შენობების აფეთქება, დივერსიები, შანტაჟი და ა.შ. ტერორისტების მხრიდან მთავარი მუქარა კვლავ მიმართულია ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამ მუქარის განხორციელების და მისი სხვადასხვა აქციებით (მძევლების აყვანა, თვითმფრინავების ხელში ჩაგდება, ბომბების დადება და ა.შ.) "დადასტურების" გარეშე ტერორიზმი მოკლებული იქნებოდა თავის არსს.

პოლიტიკური ტერორიზმი და სისხლის სამართლის დანაშაული

ტერორიზმის ფორმის განსაზღვრაში მთავარია ის, თუ რა მიზნით ხორციელდება ძალადობრივი აქტები. ტერორისტულ აქტს პოლიტიკურად აქცევს მისი მოტივები და მიმართულება.
ტერორისტული საქმიანობის პოლიტიკური ხასიათი პრინციპულად განსხვავდება სისხლის სამართლის დანაშაულისაგან, თუმცა მათ შორის გარკვეული მსგავსებაც არსებობს:
_ სისხლის სამართლის დამნაშავეებიც და ტერორისტებიც შეგნებულად არღვევენ კანონს;
_ მათ მიერ გამოყენებული რიგი საშუალებები ერთნაირია;
_ არცთუ იშვიათად ტერორისტები თავიანთ საქმიანობაში აბამენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს.
ზემოთაღნიშნული მსგავსების გამო ზოგი მკვლევარი ერთმანეთისგან არ მიჯნავს ტერორიზმსა და სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა ავტორთა უმრავლესობა ამ აზრს არ იზიარებს.
პოლიტიკურ ტერორიზმსა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის უფრო დიდია განსხვავება, ვიდრე მსგავსება. ეს განსხვავება პირველ რიგში მათი მოქმედების მიზნებსა და მოტივებში მდგომარეობს:
_ ტერორისტები ცდილობენ დააშინონ საზოგადოება, შეცვალონ სახელმწიფო წყობა, საშინაო პოლიტიკა და ა.შ. სისხლის სამართლის დამნაშავეები კი, პირიქით, ცდილობენ ყურადღება არ მიიქციონ, არ ეხებიან საზოგადოების საფუძვლებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ;
_ ტერორისტები ესწრაფვიან დარტყმა "სისტემას" მიაყენონ, სისხლის სამართლის დამნაშავეების მიზანი კი ფულის შოვნაა. ამიტომ, მაგალითად, ბანკის გაძარცვა ტერორისტისთვის დამხმარე აქციაა, სისხლის სამართლის დამნაშავისთვის კი ძირითადი;
_ ტერორისტები მკვლელობას ან მკვლელობის მუქარას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, სისხლის სამართლის დამნაშავეებისათვის კი ეს მხოლოდ შესაძლო გამორჩენის შემთხვევაში არის გამართლებული;
_ ტერორისტულმა აქტმა უნდა შეაძრწუნოს საზოგადოება თავისი სისასტიკით, რათა იქცეს თავისებურ კომუნიკაციის საშუალებად ტერორისტებსა და ხელისუფლებას შორის, ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალებად. ამიტომ ტერორისტები არ მალავენ თავიანთ კავშირს დანაშაულთან, სისხლის სამართლის დამნაშავეები კი ცდილობენ "თავი არ გამოამჟღავნონ".

ტერორიზმის მრავალფეროვნება

განასხვავებენ ტერორისტული საქმიანობის ორ ტიპს: სახელმწიფოს და ოპოზიციურს. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ტერორი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ, ხოლო ოპოზიციური ტერორიზმი _ რეჟიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებისაგან წამოსული ძალადობაა.
სახელმწიფო ტერორის ძირითადი იარაღია რეპრესიები, ოპოზიციურის _ ტერორისტული აქტები. ხშირად სახელმწიფო ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციურისა. 
სახელმწიფო და ოპოზიციური ტერორიზმი ერთმანეთთან დაკავშირებულია და ერთმანეთის პროვოცირებას ახდენს. სახელმწიფო ტერორი იწვევს ტერორის სტიმულირებას ოპოზიციის მხრიდან, რადგანაც ოპოზიციის მკაცრი ჩახშობა შეუძლებელს ხდის ბრძოლის სხვა მეთოდებს.
სახელმწიფო ტერორს ყველაზე ხშირად მიმართავენ არასტაბილური რეჟიმები ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაბალი დონით, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ სისტემის მდგრადობა ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. სტაბილური რეჟიმები კი ტერორს მიმართავენ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი "დახურულ" სისტემებს წარმოადგენენ და თავად ახდენენ საკუთარი თავის იზოლირებას მსოფლიოსაგან.
საზოგადოებაში, სადაც პრობლემები წყდება საკუთრივ პოლიტიკური მეთოდებით, ტერორიზმის ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე იმ რეჟიმებში, რომლებიც უპირატესად ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, მით უმეტეს მაშინ, თუკი ეს მეთოდები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ლიკვიდაციას უკავშირდება.
როდესაც სახელმწიფო ტერორიზმი გამოდის ცალკეული ქვეყნების ფარგლებიდან, ის იძენს საერთაშორისო ტერორიზმის ხასიათს. თუკი საერთაშორისო არენაზე გადიან არასახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციები, მაშინ მათი მოქმედება შეიძლება განისაზღვროს როგორც ტრანსნაციონალური ტერორიზმი.
იმის მიხედვით, თუ რის წინააღმდეგაა მიმართული, თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება სამ სახეობად გაიყოს:
_ სოციალური, რომელიც მიზნად ისახავს ძირეულად ან ნაწილობრივ შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკური ან პოლიტიკური წყობა;
_ ნაციონალისტური, რომელსაც იყენებენ სეპარატისტული ყაიდის ორგანიზაციები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ უცხო სახელმწიფოების და მონოპოლიების დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლას;
_ რელიგიური, რომელიც უკავშირდება ან  ერთი რელიგიის (სექტის) მიმდევრების ბრძოლას სხვა რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, ანდა ესაა მცდელობა დაამხონ საერო ხელისუფლება და დაამყარონ რელიგიური ხელისუფლება.
წმინდა სახით თანამედროვე ტერორიზმის ეს სამი სახესხვაობა იშვიათად გვხვდება. მაგალითად, ნაციონალისტური ტერორიზმი ბევრ ქვეყანაში ერწყმის რელიგიურ ტერორიზმს, ხშირად სესხულობს ლოზუნგებსა და იდეებს სოციალური ტერორიზმისაგან; სოციალური ტერორიზმი კი ხშირად რელიგიურ და ნაციონალისტურ ელფერს იძენს.
თანამედროვე ტერორიზმში შეიძლება გამოიყოს კიდევ  ორი მიმართულება. 
პირველი _ ესაა მემარჯვენე ტერორიზმი, ფაშისტური ხასიათის. მემარჯვენე ტერორიზმს ახასიათებს უაღრესად მაღალი ორგანიზებულობა და კოორდინირებულობა საერთაშორისო მასშტაბით.
მეორე მიმართულებაა მემარცხენე ტერორიზმი. მას ასევე აქვს ორი ფორმა: ფსევდომარქსისტული და ანარქისტული. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაგრამ მათი განსხვავება მაინც შეიძლება. მარქსისტული ჯგუფები მკაცრად ცენტრალიზებული და დისციპლინირებულია, ანარქისტული რაოდენობრივად უფრო მრავალრიცხოვანი, მაგრამ ამორფულია. ანარქისტული დაჯგუფებები, როგორც წესი, მოკლებულნი არიან სტრუქტურას, იერარქიას და არ ჰყავთ ლიდერი.

ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა რთული საქმეა და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ეს ბრძოლა არ უნდა იყოს დაყვანილი ტერორისტული აქციების მომწყობი კონკრეტული პირების დასჯაზე და მიმართული უნდა იყოს ტერორის მიზეზების და პირობების ლიკვიდაციისაკენ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ თანმიმდევრულად უნდა დაანგრიოს მისი წარმომშობი ორგანიზაციული, ეკონომიკური, იდეოლოგიური სტრუქტურები; ამხილოს ტერორიზმის ანტიჰუმანური ბუნება, დაასაბუთოს მისი უაზრობა და უსარგებლობა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია გულისხმობს მისი გამომყენებელი ძალების ჩართვას პოლიტიკურ გარემოში. ეს პოლიტიკა, კერძოდ, მოიცავს:
_ ტერორისტული ძალების მიერ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული ვალდებულებების აღებას, მათ ჩართვას სამართლებრივ სივრცეში;
_ კონტაქტის დამყარებას სხვა ძალებთან;
_ მათ მიერ საკუთარი ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის სხვა საშუალებების გამოყენებას.
ტერორიზმის მიზეზების აღმოფხვრა იოლი საქმე არაა და იმ საზოგადოების სერიოზულ ტრანსფორმაციას გულისხმობს, სადაც ფეხმოკიდებულია ტერორიზმი. ამდენად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი რიგის ამოცანად, როგორც წესი, მისი მომწყობი ჯგუფებისა და პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა მოიაზრება. უფრო მეტზე კი, სამართალდამცავ სტრუქტურებს, ხშირ შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებათ.

დავით მალხაზიშვილი