ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
პოლიტიკური მართვა
#3(11), 2006
მართვა - საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული განსაზღვრება მართვასთან არის დაკავშირებული. "პოლიტიკა" თავდაპირველად პოლისის (ანუ ქალაქ-სახელმწიფოს) მართვის ხელოვნებას ეწოდებოდა. პოლიტიკური მართვა საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების ძირითადი ფორმაა.

რა არის მართვა

მართვა ბევრნაირად შეიძლება განისაზღვროს. ყველაზე მარტივი ფორმით "მართვა" ნიშნავს "სხვაზე ზემოქმედებას", მისი ძალისხმევის წარმართვას მართვის სუბიექტისთვის სასურველი მიმართულებით. მაგრამ მართვა უნდა განვასხვავოთ მასთან ახლოს მდგომი მოვლენებისაგან, მაგალითად გავლენისაგან. გავლენა არის ერთი ადამიანის მეორეზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედების სტიქიური პროცესი. მაგალითად, ნიუტონის მიერ აღმოჩენილი კანონები გავლენას ახდენს სხვა მეცნიერების აზრზე, შვილის ცუდი საქციელი მშობლის განაწყენებას იწვევს და ა.შ.
მართვა _ ესაა ერთი ინდივიდის მეორეზე პირდაპირი ზემოქმედების მიზანმიმართული პროცესი. ამ პროცესში გამოიყოფა სუბიექტი, რომელიც განსაზღვრავს მიმართულებას, მიზნებსა და ამოცანებს, ასევე საბოლოო შედეგს და ობიექტი, რომელიც ყოველივე ამას ანხორციელებს. მართვის სუბიექტსა და ობიექტს შორის არის პირდაპირი და უკუკავშირი, რასაც საინფორმაციო ხასიათი აქვს. პირდაპირი კავშირი გამოიხატება მართვის ობიექტისთვის დირექტიული ხასიათის ინფორმაციის გადაცემაში. უკუკავშირი არის მართვის ობიექტის რეაგირების შედეგი დირექტიულ ზემოქმედებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა საანგარიშო ინფორმაცია.
მართვა ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის მაქსიმალური ეფექტის მიღწევის რაციონალური ხერხი რესურსების, ძალისხმევისა და დროის მინიმალური ხარჯვის პირობებში.
მმართველობითი ურთიერთობები პოლიტიკაში მეტად მრავალფეროვანია. მართვა ხორციელდება ადამიანთა შეგნებული საქმიანობის სახით, რომლებიც ისახავენ მიზნებს, შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები და ზეგავლენა მოახდინონ ერთმანეთზე, მაშასადამე ის დამოკიდებულია მმართველობით პროცესში ჩართულ ადამიანთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
მართვის ამ თავისებურებაში მდგომარეობს როგორც მისი ძალა, ისე სისუსტეც. მისი ძალა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანს შეუძლია არა მარტო გაიმეოროს სისტემაში ადრე ჩამოყალიბებული კავშირები, არამედ შეცვალოს ისინიც, სრულყოს, შეიტანოს სიახლეები, დააჩქაროს განვითარება. მისი სისუსტეა _ ადამიანის გარდუვალი შეცდომები და რაც მთავარია ის შეუპოვრობა, რომლითაც მან შეიძლება ცხოვრებაში გაატაროს მცდარი მმართველობითი გადაწყვეტილებები.

პოლიტიკური მართვის ძირითადი სახეები

პოლიტიკური მართვა როგორც სუბიექტურ-ობიექტური ურთიერთობა არსებობს სამი ძირითადი სახით:
1. სახელმწიფო მართვა, ანუ მმართველობითი ურთიერთობები, რაც წარმოიშობა ერთი მხრივ სახელმწიფო თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომლებიც გამოდიან მართვის სუბიექტის როლში, მეორე მხრივ კი მოსახლეობასა და მის ცალკეულ ჯგუფებს შორის. სახელმწიფო მართვა მას იმიტომ ეწოდება, რომ სუბიექტის როლში გამოდის სახელმწიფო, მისი დაწესებულებები და თანამდებობის პირები.
სახელმწიფო მართვაში განსაკუთრებული სეგმენტის სახით გამოიყოფა სახელმწიფო-ადმინისტრაციული მართვა. ის მოიცავს მთელ მრავალფეროვან მმართველობით საქმიანობას, რასაც ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები (მთავრობა, სამინისტროები, უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები).
სახელმწიფო მართვის მთავარი თავისებურებაა ის, რომ იგი ემყარება "ლეგიტიმური ძალადობის" უფლებას, ე.ი. მართვის სუბიექტი ფლობს ხელისუფლებით უფლებამოსილებას, აუცილებელ რესურსებს მმართველობითი გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გასატარებლად.
თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო მართვა ხორციელდება უპირატესად ნორმატიული რეგულირების გზით, ე.ი. შესაბამისი ორგანოებისა და დაწესებულებების მიერ კანონების, განკარგულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებითა და მიღებით.
სახელმწიფო მართვა თანამედროვე საზოგადოებაში უაღრესად მრავალდონიანი და მეტად რთულია, თუნდაც იმის გამო, რომ უაღრესად დიდია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების რაოდენობა.
2. სახელმწიფო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შიგნით არსებული მმართველობითი ურთიერთობები. ამ ურთიერთობების მიზანია მოაწესრიგოს სახელმწიფოსა და პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობა, აამაღლოს მათი მუშაობის ეფექტიანობა. მისი თავისებურება შემდეგია: მმართველობითი ურთიერთობები შემოიფარგლება ცალკეული ორგანიზაციებით (სახელმწიფო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიების და ა.შ.), რაც მართვის ამ სახეობას ბევრ საერთოს ანიჭებს ეკონომიკური ორგანიზაციების მენეჯმენტთან. მართვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში ასევე ემყარება მართვის სუბიექტის (სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელობა, პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები) შესაძლებლობებს დაეყრდნოს სტატუსურ რესურსებს, უფლებას შექმნას მოცემული ორგანიზაციის წევრებისათვის სავალდებულო ნორმები და გამოიყენოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ამ ნორმებს.
3. პოლიტიკური მენეჯმენტი _ მმართველობითი ურთიერთობა, სადაც სუბიექტს (პოლიტიკური ორგანიზაცია, ზეწოლის ჯგუფი, სახელმწიფო მოღვაწე) არ შეუძლია დაეყრდნოს "ლეგიტიმური ძალადობის" უფლებას და თავის სტატუსურ რესურსებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეუძლია გამოიყენოს კანონი ან რაიმე სხვა განკარგულება, რომელიც სავალდებულო ხასიათს შეიძენს და ამიტომ იძულებულია მიმართოს მართვის სავარაუდო ობიექტზე ზემოქმედების სხვა ფორმებსა და მეთოდებს.

პოლიტიკური მენეჯმენტის სპეციფიკა
როგორც უკვე ითქვა, პოლიტიკური მენეჯმენტი განსხვავდება სახელმწიფო მართვისა და სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში მართვისაგან. ეს განსხვავება შემდეგში მდგომარეობს:
პირველი. პოლიტიკურ მენეჯმენტში მართვის სუბიექტს არ შეუძლია:
• დაეყრდნოს სახელმწიფო იძულებას, გამოიყენოს ზემოქმედების ზომები კანონის დარღვევისა ან აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რაც მისაწვდომია სახელმწიფო მართვის სუბიექტებისათვის;
• გამოიყენოს სანქციები, როგორც ამის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო დაწესებულებების ან პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თავიანთი თანამშრომლების მიმართ.
მაშასადამე, პოლიტიკური მენეჯმენტის სუბიექტის ზეგავლენის ხერხები მართვის ობიექტზე უნდა იყოს ძალზედ სპეციფიური, ჰქონდეს ზემოქმედების განსაკუთრებული ფორმები პიროვნების მოტივაციურ სტრუქტურაზე.
მეორე. სახელმწიფო მართვა და მართვა სახელმწიფო ორგანოებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში ძირითადად იგება ნორმების შემოქმედების პრინციპზე. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ორგანოები ან თანამდებობის პირები აღჭურვილნი არიან უფლებით მიიღონ კანონები, ბრძანებულებები, სხვა ნორმატიული აქტები, რაც სავალდებულოა მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფებისათვის, ხოლო სანქციების მექანიზმს იყენებენ ადამიანთა საქმიანობის წარმართვი¬სათვის მიღებული ნორმების ფარგლებში. შედეგად მართვა მნიშვნელოვან¬წილად იღებს უპიროვნო ხასიათს, მმართველობითი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია არა იმდენად კონკრეტულ ადამიანებზე, რამდენადაც იმის გარკვეულ გაგებაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების ქცევის ზოგადი, შეძლებისდაგვარად ყველაზე ოპტიმალური მოდელები, რომელთა აღწარმოებაც ხდება მრავალი ადამიანის მოქმედებაში, რადგანაც პრინციპში პრაქტიკულად ყველა შეიძლება აიძულო დაემორჩილონ მიღებულ კანონს. პოლიტიკურ მენეჯმენტში მართვის სუბიექტი მოკლებულია ლეგიტიმურ უფლებას შექმნას ნორმები, რომელიც სავალდებულო იქნება თავისი ზემოქმედების ობიექტისათვის, ამიტომ ის იძულებულია ზეგავლენა მოახდინოს, თავისი თამაშის წესები მოახვიოს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იცნობს კონკრეტული ადამიანების მოტივაციის თავისებურებებს, პიროვნებისა და მასების ფსიქოლოგიას.
მესამე. პოლიტიკური მენეჯმენტის ფარგლებში წყდება მეტად სპეციფიური ამოცანები. ამ ამოცანების გადაწყვეტა ეხმარება პოლიტიკურ სუბიექტებს განიმტკიცონ თავიანთი პოზიციები პოლიტიკურ არენაზე, გაიმარჯვონ კონკურენტულ ბრძოლაში, გაზარდონ თავიანთი გავლენა მასებზე. ცხადია, რომ ეს ამოცანები ძალზედ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სუბიექტებისათვის, რომლებიც ესწრაფვიან გააფართოვონ საზოგადოებაზე თავისი ზემოქმედების სფერო, მოახდინონ თავიანთი გეგმების, პოლიტიკური პროგრამებისა და პროექტების რეალიზება. მაგრამ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ამოცანებისადმი ყოველთვის არაერთგვაროვანი იქნება, რადგანაც ამ ამოცანების უკან დგას პიროვნული ამბიციები, ჯგუფური ინტერესები, ანგარებიანი მიზნები. ამიტომ ამ ამოცანების აფიშირება ჩვეულებრივ არ ხდება. ძნელია წარმოვიდგინოთ პოლიტიკური კამპანია, სადაც აშკარად იქნებოდა დეკლარირებული მიზნად პრეზიდენტის ავტორიტეტის ან რომელიმე მინისტრის პრესტიჟის ამაღლება, სამრეწველო კორპორაციისათვის საგადასახადო შეღავათების ლობირება ან პოლიტიკურ მოკავშირეებზე ზეგავლენის მოხდენა.
მეოთხე. პოლიტიკური მენეჯმენტის ფარგლებში ყალიბდება მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის განსაკუთრებული ხერხები. ამ ხერხების ერთობლიობას უწოდებენ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ორი მიდგომა პოლიტიკური ტექნოლოგიების ცნების განსაზღვრისადმი: 
_ პირველი მიდგომის მომხრენი პოლიტიკურ ტექნოლოგიებს განიხილავენ როგორც პოლიტიკაში მმართველობითი პროცესის უნივერსალურ შემადგენელ ნაწილს;
_ მეორე მიდგომის მომხრეთა აზრით პოლიტიკური ტექნოლოგიები პოლიტიკაში გამოყენებული მმართველობითი ტექნოლოგიების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ მენეჯმენტს ახასიათებს.
ტექნოლოგიებს, რომლებიც ყალიბდება როგორც სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, ისე სახელმწიფო და პოლიტიკური ორგანიზაციების მართვის სისტემაში, აქვთ რიგი განმასხვავებელი ნიშნები და წმინდა პოლიტიკურ ტექნოლოგიებთან მათი არევის შემთხვევაში ვერ დავინახავთ ამ უკანასკნელთა სპეციფიკას.
როგორც უკვე ითქვა, პოლიტიკური მენეჯმენტის ფარგლებში მართვის სუბიექტს არ შეუძლია ძალადობის გამოყენება, არ გააჩნია უფლება შექმნას საყოველთაოდ სავალდებულო ნორმები და გამოიყენოს სანქციები მათ მიმართ, ვინც ამ ნორმებს არ ასრულებს. მან უნდა გამოიყენოს ადამიანების ქცევის შეცვლის მიზნით მათზე ზემოქმედების ისეთი ხერხები, რომლებიც გამორიცხავს პირდაპირი იძულების, ფიზიკური ძალადობის გამოყენებას. სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციფიკა.
პოლიტიკური ტექნოლოგიები ამ გაგებით არის ადამიანთა მოტივაციაზე, მათ ცნობიერებასა და ქვეცნობიერებაზე ზემოქმედების საშუალება. ესაა ხერხები, რომლებიც აღძრავს ადამიანებს იმოქმედონ პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების შესაბამისად, მაგრამ იმავდროულად მათ უნარჩუნდებათ არჩევანის თავისუფლების შეგრძნება. პოლიტიკური ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ მასობრივ ცნობიერებაში ახალი წარმოდგენების, ფასეულობების შეტანას, ახალი რწმენისა და განწყობის ფორმირებას. აქედან გამომდინარე ამ ტექნოლოგიებიდან ბევრს შეიძლება მანიპულაციური ეწოდოს.

პოლიტიკური მენეჯმენტის მიზნები და ამოცანები
პოლიტიკური მენეჯმენტის მიზნები და ამოცანები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
_ სახელმწიფო ან პოლიტიკური მოღვაწის ავტორიტეტის განმტკიცება. პოლიტიკოსის ავტორიტეტი ესაა მოსახლეობის თვალში მისი მნიშვნელობის აღიარება, ფართო მასების ნდობა და მხარდაჭერა, მისი წარმატება პოლიტიკაში, სხვადასხვა პოლიტიკური ამოცანების რეალიზების შესაძლებლობა. ჯერ კიდევ მაკიაველი სახავს ღონისძიებათა მთელ სისტემას მმართველის ავტორიტეტის განსამტკიცებლად. თანამედროვე პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება არჩევნების პერიოდში, კიდევ უფრო მეტად საჭიროებენ მოსახლეობის მხარდაჭერას, ამიტომ ბევრისთვის ეს ამოცანა უაღრესად მნიშვნელოვანია.
_ ხელსაყრელი პირობების შექმნა სახელმწიფო დაწესებულების, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობისათვის მასობრივ ცნობიერებაში მათი მიმზიდველი სახის ფორმირების გზით. ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება დაინტერესებულია იმით, რომ მოქალაქეებმა მასში დაინახონ სახელმწიფო მართვის კომპეტენტური ორგანო. მხოლოდ ამ შემთხვევაში საზოგადოება მნიშვნელოვნად ჩათვლის მის მმართველობით გადაწყვეტილებებს და შეასრულებს მათ. ყოველ პოლიტიკურ ორგანიზაციას მწვავე კონკურენტულ პოლიტიკურ ბრძოლაში გასამარჯვებლად სჭირდება ამომრჩეველთა მხარდაჭერა, მაგრამ ამისათვის მასებმა ამ ორგანიზაციაში უნდა დაინახონ მათი ინტერესების თანმიმდევრული დამცველი, ენდობოდნენ მას. სწორედ ამიტომ აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტის გარეშე პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეიძლება ჰქონდეს წარმატების იმედი.
_ ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამის, პოლიტიკური პროექტის მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა. აუცილებელია არა მარტო დეტალურად იქნას დამუშავებული ნორმატიული, სამართლებრივი ცვლილებები, არამედ ზეგავლენის მოხდენაც ადამიანების მოლოდინზე. ასეთი აუცილებლობის შეგნება ამ ამოცანას აქცევს პოლიტიკის ყველა სუბიექტის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად.
_ მოსახლეობის ელექტორალური პრიორიტეტების ფორმირება. სახელმწიფო ორგანოების არჩევნები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. პარტიებს მკაცრი კონკურენცია აიძულებს მუდმივად სრულყონ ამომრჩეველთა ხმებისათვის ბრძოლის ტექნოლოგიები.
_ პოლიტიკური კავშირების, ბლოკების შექმნა. ალიანსებისა და შეთანხმებების პოლიტიკა პოლიტიკურ სუბიექტებს ეხმარება რთული ამოცანების გადაწყვეტაში. მაგრამ პოლიტიკური კავშირი მიიღწევა რთული და გულმოდგინე მუშაობით მომავალ პარტნიორებთან, სადაც ვერაფერს გადაწყვეტ ძალის გამოყენებით, საჭიროა მანევრირება და დახელოვნებული ზემოქმედება პოტენციური მოკავშირეების მოტივაციაზე.
_ პოლიტიკურ ოპონენტებზე და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ზეგავლენა. პოლიტიკური კონფლიქტი გამოირჩევა მხარეთა შეურიგებლობით, ხშირად აგრესიულობით და არ სურთ ითამაშონ საერთო წესებით. პოლიტიკური კონფლიქტები ახდენენ საზოგადოების დესტაბილიზაციას, მტრობას ნერგავენ მის წევრებს შორის, იწვევენ ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარების პარალიზებას. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიება. კონფლიქტიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოსვლა არასასურველია. აქ მოეთხოვება კონფლიქტური სიტუაციების რეგულირების განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენება.
_ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე ზემოქმედების მოხდენა. თანამედროვე საზოგადოებები უაღრესად დიფერენცირებულია, მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომლებიც ესწრაფვიან თავიანთი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას. ჯგუფური ინტერესების დაცვის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებზე ზეწოლის ორგანიზება. ასეთი ზეწოლის ფორმები და მეთოდები მრავალფეროვანია, ხდება მათი მუდმივი სრულყოფა. როგორიც არ უნდა იყოს მისდამი დამოკიდებულება საზოგადოებაში, ესაა რეალობა და მას ანგარიში უნდა გაეწიოს.
_ მასების მობილიზება პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად პოლიტიკურ სუბიექტებს არცთუ იშვიათად სჭირდებათ მასობრივი მხარდაჭერის დემონსტრირება, მაგალითად, პიკეტების, საპროტესტო აქციების, მიტინგების, დემონსტრაციების და ა.შ. ჩატარება. მასობრივი გამოსვლების ორგანიზება აქტუალურია არა მარტო ოპოზიციური, არამედ მმართველი ძალებისთვისაც, თუკი მათ სურთ მხარდაჭერის დემონსტრირება გატარებული პოლიტიკისადმი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს ძალით ვერ გამოიყვან ქუჩაში, ისინი უნდა დაარწმუნო. ამიტომ ესეც პოლიტიკური მენეჯმენტის ამოცანაა.
თანამედროვე საზოგადოებაში შეუძლებელია მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგებზე ფიქრი, თუ ყოველდღიურ პრაქტიკაში არ გადაწყდება ზოგიერთი დასახელებული ამოცანა მაინც.
ყველა ამ ამოცანის სპეციფიკა ისაა, რომ მათი რეალიზებისათვის მართვის სუბიექტს არ შეუძლია ხელისუფლებითი უფლებამოსილებების გამოყენება, არ შეუძლია ბრძანებულების გამოცემა ან კანონის მიღება, ანდა იძულება. მმართველობითი ზემოქმედების ობიექტი მართვის სუბიექტის სტატუსური დაქვემდებარების ფარგლებს გარეთაა, ე.ი. ის ვალდებული არაა (კანონით, დადგენილებით, სტატუსით) უყვარდეს ან სძულდეს პოლიტიკური ლიდერი, ხმის მიცემის კაბინაში ის თავისუფალია თავის არჩევანში, მას ვერ აუკრძალავ ხმების გავრცელებას ამა თუ იმ მოხელის ან სახელმწიფო დაწესებულების შესახებ, მას შეუძლია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ა.შ.
 
პოლიტიკური მენეჯმენტის სახეები
პოლიტიკური მენეჯმენტი საშუალებას იძლევა გადაწყდეს სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ამოცანები. თავდაპირველად ამ მრავალფეროვანი ამოცანების გადაწყვეტით დაკავებული იყვნენ ერთი და იგივე პირები. მაგალითად, ნ. მაკიაველი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, იყო იმიჯმეიკერიც, სფიჩრაითერიც, მრჩეველიც და თანაშემწეც. მაგრამ პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური მენეჯმენტის მნიშვნელობის ზრდამ გამოიწვია საქმიანობის ამ სფეროს დიფერენცირება და პროფესიონალიზება. გაჩდნენ ადამიანები, რომლებიც დასპეციალებულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაზე.
დღეისათვის შეიძლება გამოიყოს პოლიტიკური მენეჯმენტის შემდეგი ძირითადი სახეები:
პოლიტიკური იმიჯმეიკინგი _ პოლიტიკური მენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა. ისტორიულად ადრეულ საზოგადოებებშიც კი მმართველის სახეს საგანგებოდ ქმნიდნენ და უფრთხილდებოდნენ მისი მრჩევლები. პოლიტიკური მენეჯმენტის ამ სახეობის მთავარი ამოცანაა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის სახე გახადონ უფრო მიმზიდველი ფართო მასებისათვის, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის მხარდაჭერას მისი მოქმედებისათვის.
ელექტორალური მენეჯმენტი _  მისი მთავარი დანიშნულებაა საარჩევნო კამპანიის ორგანიზება და ჩატარება. დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები სახელმწიფო ორგანოებში რეგულარულად ტარდება, ხოლო კონკურენციას ამ არჩევნებში უაღრესად მწვავე ხასიათი აქვს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსების ინტერესი ელექტორალური მენეჯმენტისადმი დიდია. ეს აისახა ლიტერატურაზეც: საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასა და ჩატარებას ეძღვნება პოლიტიკური მენეჯმენტის სხვა სახეობასთან შედარებით ყველაზე დიდი მასალა.
პოლიტიკური ბრენდინგი (ბრენდი _ სავაჭრო მარკა) _ ანუ მასობრივ ცნობიერებაში ისეთი სიმბოლოების, მნიშვნელობების და სახეების შეტანა, რაც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური მართვის სუბიექტის მიზნების შესაბამისად დაირაზმონ და გაერთიანდნენ ადამიანები, ანდა პირიქით _ გათიშონ დაპირისპირებულ ჯგუფებთან. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ბრენდინგის დანიშნულებაა პოლიტიკური იდენტურობის ფორმირება მართვის სუბიექტის ინტერესების შესაბამისად
პოლიტიკური კონფლიქტების რეგულირება _ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და ჩვევებს. პოლიტიკური მენეჯმენტის ეს სახეობა ორიენტირებულია საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დაძაბულობის შემცირებაზე.
ლობისტური საქმიანობა _ მიმართულია სახელმწიფო თანამდებობის პირებზე ზემოქმედებისაკენ, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ლობისტური ჯგეფის ინტერესების შესაბამისად. ლობისტურ ჯგუფს არ გააჩნია ხელისუფლების სტატუსური რესურსი, არ შეუძლია უკარნახოს თავისი ნება ხელისუფლებაში მყოფ სუბიექტებს. ამიტომ ლობისტები იძულებულნი არიან გამოიყენონ გადაწყვეტილების მიმღები პირების მოტივაციაზე ზემოქმედების სპეციფიური ხერხები და მეთოდები.
პარტიების მიერ კავშირისა და შეთანხმებების დადება _ ზოგიერთი მკვლევარი მას პოლიტიკური მენეჯმენტის ცალკე სახეობად გამოჰყოფს. მათი აზრით, ალიანსებისა და შეთანხმებების პოლიტიკას აქვს თავისი სპეციფიკა, ამიტომ პოლიტიკური მენეჯმენტის მოცემული სახეობა არ დაიყვანება არცერთ სხვაზე.
პოლიტიკური პიარი _ პოლიტიკური მენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახე თანამედროვე პირობებში.
პოლიტიკური მენეჯმენტი თავისი მრავალსახეობით თანამედროვე პოლიტიკური პროცესის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშეც დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია პოლიტიკის "კეთება".

მალხაზ მაცაბერიძე