ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
იცხოვრე უსათვალოდ ანუ მხედველობის ანომალიები და მათი მკურნალობა ლაზერით
#3(11), 2006
მხედველობის ყველაზე  უფრო გავრცელებული ანომალიები

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-8 სართულზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს თვალის სნეულებათა კლინიკა "ახალი მზერა", რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი მერაბ დვალი. კლინიკა ექსიმერული ლაზერის დანადგარის გარშემო შეიქმნა და აქ, ლაზერული კორექციის მეთოდის გამოყენებით, 7 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი განიკურნა მხედველობის ისეთი ანომალიებისაგან, როგორებიცაა ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. თავდაპირველად, სწორედ ეს გახლდათ ძირითადი მიმართულება, თუმცა შემდეგ, თანდათანობით, სხვა მიმართულებებიც დაემატა და დღეს უკვე კლინიკა სრულ სერვისს სთავაზობს ადამიანს, ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა აქვს. 

სანამ ლაზერული კორექციის არსის განხილვაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი.
თვალი არის ტვინის გარეთ გამოტანილი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ხდება გარე სამყაროს მხედველობითი აღქმა. აღქმის გამარტივებული სქემა ასეთია: კარგი მხედველობის დროს, საგნიდან არეკლილი სინათლის პარალელური სხივები გაივლიან რა თვალის რქოვანა გარსსა და ბროლში, თავს იყრიან თვალის ბადურა გარსის ცენტრში, სადაც მიიღება საგნის მკაფიო გამოსახულება. ასეთი ნორმალური რეფრაქცია (სხივების გარდატეხა) მაშინ ხდება, როდესაც თვალის ოპტიკური ძალა და თვალის სიდიდე ერთმანეთს შეეფარდება. რეფრაქციის დარღვევისას ვითარდება ახლომხედველობა ან შორსმხედველობა. 

ახლომხედველობის დროს საგნიდან არეკლილი პარალელური სხივები თვალში გარდატეხის შემდეგ ფოკუსირდება არა ბადურა გარსზე (როგორც ეს ხდება ნორმალური რეფრაქციის შემთხვევაში), არამედ ბადურის წინ. ამიტომ ბადურაზე აღიბეჭდება საგნის ბუნდოვანი გამოსახულება. ახლომხედველობას მიოპიას სიბეცესაც ეძახიან. ახლომხედველობა ძირითადად სასკოლო ასაკში ვითარდება და განპირობებულია ახლო მანძილზე ხანგრძლივი, ინტენსიური მუშაობით და მხედველობის დაძაბვით. ახლომხედველი ცუდად ხედავს მოშორებულ საგნებს. 

შორსმხედველობა ანუ ჰიპერტროპიაც არის გადახრა ნორმალური რეფრაქციიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თვალში გარდატეხის შემდეგ სინათლის პარალელური სხივები იკრიბება თვალის ბადურა გარსის უკან მდებარე ფოკუსში და ბადურა გარსზე მიიღება საგნის ბუნდოვანი გამოსახულება. როგორც წესი, ახალშობილთა უმრავლესობას აქვს შორსმხედველობა. სხვათა შორის, შორსმხედველი თვალი ცუდად ხედავს როგორც შორს, ისე ახლოს. 

ასტიგმატიზმიც არის თვალის შუქმტეხი აპარატის ნაკლოვანება. ესაა თვალში სხვადასხვა რეფრაქციის, ან ერთი სახის რეფრაქციის (ახლომხედველობის ან შორსმხედველობის) სხვადასხვა ხარისხით არსებობა. ეს ანომალია გამოწვეულია ძირითადად რქოვანას, უფრო იშვიათად კი ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით. ასტიგმატიზმის დროს საგნიდან არეკლილი პარალელური სხივები რქოვანასა და ბროლში გავლის შემდეგ თავს ვერ იყრიან ერთ წერტილში. ამიტომ თვალის ბადურაზე არ მიიღება წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება და პაციენტი საგანს გარკვევით ვერ ხედავს. როგორც წესი, ასტიგმატიზმი თანდაყოლილია, ზოგჯერ შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს. იშვიათია შეძენილი ასტიგმატიზმი და ის ვითარდება თვალის ოპერაციის, ტრავმის ან ანთების შედეგად. 

მხედველობის ამ სამ ანომალიას შორის ყველაზე უფრო ხშირად ახლომხედველობა გვხვდება. ახლომხედველთა რაოდენობა, თურმე, კატასტროფულად მატულობს და მკვლევართა ერთი ნაწილი იმასაც კი ირწმუნება, რომ სულ მალე დედამიწის მოსახლეობის 40% იქნება ახლომხედველი. პროფესორ დვალის განმარტებით, ეს არის ცივილიზაციის შედეგი. ადამიანის თვალის თავდაპირველი ფუნქცია თუ შორ მანძილზე ნადირის და მტრის შემჩნევა იყო, დღეს თვალი ძირითადად იმ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც არაა განკუთვნილი, ანუ ძირითადად უხდება ახლო მანძილზე ცქერა: კითხვა, წერა, კომპიუტერთან მუშაობა.

ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია ექსიმერული ლაზერით

მერაბ დვალი შენიშნავს, რომ როდესაც ამ ანომალიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ბავშვები და 40 წლამდე ადამიანები გვყავს მხედველობაში. ნორმად არის მიჩნეული, რომ 40 წლამდე ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი სათვალე, თუ მას უკვე არა აქვს ახლომხედველობა, ან შორსმხედველობა, ან ასტიგმატიზმი. რაც შეეხება 40 წლის მერე, ადამიანი საკითხავად რომ ატარებს სათვალეს, _ ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ის კუნთები, რომლებიც თვალის ბროლს იჭერს თვალში და უკვე მისი სიმრუდის შეცვლა აღარ ხდება ისეთი ინტენსივობით, როგორც ახალგაზრდობაში. ამიტომ არის, რომ 40-45 წლის ადამიანს წასაკითხად სჭირდება სათვალე  +1-დან +1,5-მდე, 60-ისას კი +2,5-დან +3,5-მდე. თუმცა, დღეს უკვე ესეც შეიძლება ანომალიად მივიჩნიოთ, რადგან შეიძლება ამის გამოსწორება ექსიმერული ლაზერის გამოყენებით. "ახალ მზერას" აქვს საშუალება, რომ მოსპოს ყველა სახის სათვალის საჭიროება როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანშიშესულებში.
ლაზერული კორექციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლაზერის სხივის მეშვეობით ხდება თვალის რქოვანა გარსის შრეების დამუშავება და რქოვანას სიმრუდის დოზირებული ცვლილება, რის შედეგადაც იცვლება თვალში შემავალი სხივების გარდატეხის კუთხე. ლაზერული მანიპულაციის წარმადობა, დვალის ინფორმაციით, 97-98 პროცენტია.
მოგეხენებათ, რეფრაქციის ანომალიების მედიკამენტური საშუალებებით მკურნალობა შეუძლებელია. ასე რომ, მხედველობის კორექციის 3 გზა არსებობს: 1) ოპტიკური ლინზები ანუ სათვალის შერჩევა; 2) კონტაქტური ლინზები და 3) ლაზერული კორექცია.
ლაზერული კორექციის თეორიული საფუძვლები ინგლისელმა მეცნიერებმა შექმნეს, ხოლო პრაქტიკულად ეს იდეა ამერიკელებმა განახორციელეს დაახლოებით 25 წლის წინათ. პირველი ლაზერული დანადგარი, რომელიც დღეს სამედიცინო დაწესებულებებში გამოიყენება, გაჩნდა 1989 თუ 90 წელს. მერე უკვე მისი ბუმი წავიდა და დღესდღეობით ლაზერი ყველგან გამოიყენება. საკმარისია ითქვას, რომ შეერთებულ შტატებში წელიწადში მილიონ 200 ათასი ოპერაცია კეთდება. მერაბ დვალი აცხადებს, რომ აღნიშნული დანადგარი საქართველოში მხოლოდ "ახალ მზერას" გააჩნია. საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, ლაზერული დანადგარი ძალზედ ძვირადღირებულია და თანაც, მარტო ლაზერული დანადგარის ყიდვა არაფერს მოგცემს, ვინაიდან უნდა შეიქმნას დანადგარების მთელი სისტემა: სადიაგნოსტიკო, ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობისათვის და თვითონ საოპერაციო. მაგალითად, მოსკოვში 40 ასეთი დანადგარი დგას სხვადასხვა კლინიკაში.
"ახალი მზერა" 1999 წელს დაფუძნდა და დანადგარიც სწორედ მაშინ შემოიტანა, ანუ 9-10 წლის მერე, რაც საზღვარგარეთის სამედიცინო დაწესებულებებში ის უკვე გამოიყენებოდა. მშვენივრად მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა საქართველოში 90-იან წლებში. მაშინ აქ ბაზრისთვის არავის ეცალა; ხოლო როცა ამ ძვირადღირებული სისტემის შემოტანა შეძლეს "ახალი მზერის" დამფუძნებლებმა, ეს მოხერხდა ჯანდაცვის სამინისტროს  და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის მხარში ამოდგომით, რომელთა სიტყვიერ გარანტიასაც ენდო ცნობილი ამერიკული კომპანია Bაუსცჰ & Lომბ და 5-წლიანი განვადებით მისცა მთელი სისტემა დანადგარებისა.  Bაუსცჰ & Lომბ ამ სისტემის მწარმოებელია და მის ტექნიკურ მომსახურებასაც კურირებს. საერთოდ, ეს კომპანია თვალის დაავადებებზე არის სპეციალიზირებული.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ლაზერული კორექციის მეთოდით "ახალ მზერაში" ათასობით ოპერაცია ჩატარდა და დიდი წარმატებითაც. აქ ირწმუნებიან, რომ ეს მანიპულაცია სავსებით უსაფრთხოა როგორც თვალისთვის, ისე ადამიანის სხვა ორგანოებისთვის. ოპერაცია უსისხლოა, სწრაფად კეთდება 3-5 წუთში, საიდანაც ლაზერის სხივი სულ 30-40 წამის განმავლობაში მოქმედებს და თანაც, ძალიან ფოკუსირებულად, ზუსტად რქოვანაზე. ოპერაციის დროს პაციენტის თვალი წვეთებით არის გაყუჩებული და თუ პაციენტი დაძაბული არაა, ვერც კი გრძნობს, ოპერაცია როგორ დამთავრდა. მისგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ იყოს წყნარად და უყუროს მოციმციმე წერტილს, რათა თვალი აქეთ-იქით არ ამოძრავოს.
"ახალი მზერა"-ს ყველაზე უმცროსი პაციენტები 8 წლისანი არიან. ბუნებრივია, 8 წლის ბავშვს რამდენიც არ უნდა აუხსნა, როდესაც მან იცის, რომ საოპერაციოში უნდა შევიდეს, მაინც ღელავს. ამიტომ მას, დედასთან ერთად, წინასწარ აყურებინებენ სხვების 2-3 ოპერაციას. ბავშვი ხედავს, რომ მათ არაფერი არ სტკივათ, პირიქით, ოპერაციის შემდეგ გაღიმებულნი იხდიან მადლობას და თავადაც მშვიდდება.
სხვათა შორის, "ახალი მზერა" აღმოჩნდა მსოფლიოში პირველი, სადაც ბავშვებში გამოიყენება ლაზერული კორექცია. 2000 წლიდან დაიწყეს და დღემდე აქ 8 წლის ასაკში "გაზარმაცებისგან" ძალიან ბევრი თვალი იხსნეს. ამაზე საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებები წაიკითხეს, დვალის ასპირანტმა დისერტაცია დაიცვა. "ახალი მზერელები" გახარებულნი არიან და ამაყობენ, რომ მათ ამ ნაბიჯს უკვე ბევრმა მიბაძა საზღვარგარეთ.

რა არის "ფაკიური" ლინზა და რაში მდგომარეობს Bიოპტიკ მეთოდის არსი

მხედველობის ანომალიებს რა დიაპაზონში შველის ექსიმერული ლაზერის გამოყენება? პროფესორ დვალის ინფორმაციით, ეს მეთოდი შველის –12 დიოპტრიამდე ახლომხედველობას, +6 დიოპტრიამდე შორსმხედველობას და _5 დიოპტრიამდე ასტიგმატიზმს.
არსებობს თუ არა საშველი იმ ადამიანისთვის, ვისი მხედველობის ანომალიაც ამ ფარგლებს სცილდება? არსებობს და ეს არის ე.წ. "ფაკიური" ლინზა _ რბილი მასალისგან დამზადებული ხელოვნური ბროლი. თვალში კეთდება პატარა განაკვეთი, საიდანაც შპრიცით შეყავთ "ფაკიური" ლინზა და მას ათავსებენ თვალის ბუნებრივი ბროლის წინ. "ფაკიური" ლინზა ასრულებს ისეთივე ფუნქციას, როგორსაც კონტაქტური ლინზა. განსხვავება იმაშია, რომ კონტაქტური ლინზა გარედანაა, "ფაკიური" კი შიგნით არის და მას მოხსნა და გაკეთება არ უნდა. როგორც ყველა ქირურგიულ მანიპულაციაში, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გათვლებს, სწორად წარმართულ ოპერაციას. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური ზომის ლინზა სჭირდება. ამიტომ სპეციალურად მისთვის, შეკვეთა იგზავნება Bაუსცჰ & Lომბ-ში, რომელიც ლინზებსაც ამზადებს. იქიდან გამოგზავნილ ლინზას აწერია სახელი იმ ადამიანისა, ვისთვისაც დამზადდა, ვინაიდან ის სხვას არ გამოადგება. თუ ლინზა კარგად არის შერჩეული და ოპერაციაც კარგადაა ჩატარებული, მაშინ "ფაკიური" ლინზა თავის ფუნქციას 10 წელი გარანტირებულად შეასრულებს. რატომ მაინცდამაინც 10 წელი? იმიტომ, რომ ამ ლინზების ჩასმა 10 წლის წინათ დაიწყეს და აქედან გამომდინარე, შესაბამისი დაკვირვებებიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 10 წლის განმავლობაში წარმოებს. ისე, მიაჩნიათ, რომ ხელოვნურმა ბროლმა მინიმუმ 30 წელი მაინც უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია. "ახალი მზერა" 4 წელია, რაც "ფაკიურ" ლინზებს იყენებს.
"ფაკიური" ლინზის იმპლანტაციით შესაძლებელია _2-დან _25 დიოპტრიამდე ახლომხედველობის და +2-დან +12 დიოპტრიამდე შორსმხედველობის გამოსწორება.
ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც საჭირო ხდება ერთდროულად ლაზერული კორექციის გამოყენებაც და "ფაკიური" ლინზის იმპლანტაცია. ამ მეთოდს ჰქვია Bიოპტიკ-ის, ანუ 2 ოპტიკის მეთოდი. მას მაშინ მიმართავენ, როცა მაღალი ხარისხის ახლომხედველობასთან ან შორსმხედველობასთან ერთად არის გამოხატული ასტიგმატიზმიც. ხელოვნურ ბროლს ასტიგმატიზმის გასწორება უჭირს, ამიტომ მისი მეშვეობით ხდება ახლომხედველობის თუ შორსმხედველობის გასწორება, ასტიგმატიზმს კი ასწორებს ლაზერი. საბოლოო ჯამში, ამ 2 მეთოდის შერწყმით, ადამიანს ნორმალური მხედველობა უბრუნდება.

ლაზერული კორექცია თუ მამა-პაპური სათვალე?

ისე, ყველგან და მათ შორის საქართველოშიც, გაცილებით უფრო ხშირად გამოიყენება ლაზერული კორექცია, ვინემ ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია და მითუმეტეს, ვინემ Bიოპტიკ-ის მეთოდი; იმიტომ, რომ უფრო ხშირად ადამიანებს აქვთ "მინუსები" 3-დან 6-მდე. თუმცა მაინც, ჩვენში არც თუ ბევრი ადამიანი ირჩევს ლაზერული კორექციის მეთოდს საკუთარი მხედველობის გასაუმჯობესებლად. ამის მიზეზი კი რამდენიმეა. ჯერ ერთი, ასეთი მეთოდის შესახებ მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია; ზოგს ბოლომდე არ სჯერა, რომ ლაზერული კორექცია მართლაც უმტკივნეულო და სავსებით უსაფრთხოა; როგორც ჩანს, მოქმედებს კონკურენციაც ოპტიკის მაღაზიების მხრიდან (ლაზერის გამოყენებას მამა-პაპური სათვალის გამოყენება ჯობიაო!); ზოგს აშინებენ, ლაზერული კორექციის მერე ქალიშვილს ორსულობის ან მშობიარობისას შეექმნება პრობლემები, ხოლო ვაჟს იმპოტენცია ექნებაო! მერაბ დვალის აზრით, ასეთი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების ნაწილი ამას არცოდნით, ნაწილი კი შურის გამო აკეთებს; და კიდევ ერთი მიზეზი პაციენტთა მხრიდან ყოყმანისა, ესაა ლაზერული მეთოდის სიძვირე – 990 ლარი. სხვათა შორის, კლინიკის გახსნის დღიდან ეს ფასი არ შეცვლილა, არადა, კარგად მოგეხსენებათ, ამ 7 წლის განმავლობაში ფასებმა ყველაფერზე მოიმატა.
"ახალ მზერაში" ლაზერით ოპერაციებისათვის თვეში თითო დღეა გამოყოფილი და იმ დღეს, საშუალოდ, 17-20 ოპერაცია კეთდება (შეგახსენებთ, რომ თითო ოპერაცია 3-5 წთ გრძელდება). შესაბამისად, აქ ლაზერული დანადგარი თვეში ერთი დღეა ჩართული. ამით უფრო ეკონომიურად იხარჯება ის სპეციალური აირი, რომელზეც ლაზერი მუშაობს და რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ამ ოპერაციებს, უფრო მეტად, იკეთებენ ახალგაზრდები, რომელბიც უსათვალოდ ვერ ხედავენ და აქვთ კომპლექსი, რომ სათვალე არ უხდებათ, კონტაქტური ლინზების ტარება კი ეზარებათ; ზოგს საკუთარი იმიჯის გულისთვის არ სურს სათვალის ტარება, ზოგსაც სათვალე ხელს უშლის თავისი პროფესიიდან გამომდინარე და ა.შ.
საერთოდ კი, ადამიანს, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, "ახალ მზერაში" შეუძლია გინდ ლაზერული კორექცია აირჩიოს, თუ უნდა კონტაქტურ ლინზებს გაიკეთებს და თუ სურს, სათვალეს შეირჩევს. "ახალი მზერა" შემომტანია Bაუსცჰ & Lომბ-ის ლინზებისა. კომპანიას ვაკეში თავისი ოპტიკური მაღაზიაც აქვს. მაღაზიაში იყიდება კონტაქტური ლინზები ნომრების ან ფერების მიხედვით. მათი შერჩევა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია სხვისი ლინზების გამოყენება: გარდა იმისა, რომ შეიძლება სხვას არ მოერგოს, შეიძლება ინფექცია გადავიდეს ერთი ადამიანის თვალიდან მეორისაზე.

კიდევ რას გვთავაზობს "ახალი მზერა"

კომპანია "ახალი მზერის" ფუნქციონირების პირველ ეტაპზე აქ ძირითადი მიმართულება იყო ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გამოსწორება ექსიმერული ლაზერის გამოყენებით, მაგრამ მერე და მერე სხვა მიმართულებებიც დაემატა. მაგალითად, დიდი წარმატებით ტარდება კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა. როგორც იცით, კატარაქტი არის თვალის ბროლის შემღვრევა. თვალის ბროლი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა ჰქონდეს ლინზის ფორმა. კატარაქტის დროს კი ბროლი არის რძისფერი. მიზეზი შეიძლება იყოს: მზის ულტრაიისფერი სხივები, რამე დაავადება ორგანიზმში, ძლიერი ნერვიული სტრესი და სხვა მრავალი. მთავარი ისაა, რომ კატარაქტი კარგად ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას. კერძოდ, წვრილი, ულტრაბგერითი ბუნიკით ხდება შემღვრეული ბროლის პატარ-პატარა ნაწილებად დაქუცმაცება თვალში და თან ამ ნაწილების შეწოვა. რაღაც მომენტში თვალი რჩება ბროლის გარეშე. მერე ბუნებრივი ბროლის ადგილას თვალში შპრიცით შეყავთ ხელოვნური ბროლი ("ფაკიური" ლინზის მსგავსად). ოპერაცია 10-15 წუთს გრძელდება და კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. კატარაქტი უფრო ხანში შესული ადამიანების პრობლემაა. კატარაქტის დროს თვალში სხივები საერთოდ ვერ გადის, ამიტომ კატარაქტიანი თვალი ვერ ხედავს, ბრმა არის. ამ ოპერაციის გასაკეთებლად "ახალ მზერას" ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს. ყველაზე უფროსი, ვისაც აქ ეს ოპერაცია გაუკეთეს, 100 წლის იყო. ოპერაცია კეთდება ყველა ასაკში. ახლახან ის გაუკეთეს 6 თვის ბავშვს, რომელსაც თანდაყოლილი კატარაქტი ჰქონდა.
კლინიკაში ექსიმერული ლაზერის გარდა კიდევ გამოიყენება ე.წ. "ცხელი" ლაზერი, რომლითაც მკურნალობენ რეტინოპათიას, ანუ თვალის დიაბეტურ გართულებას. მოგეხსენებათ, დიაბეტი ისეთი ცუდი დაავადებაა, რომ გართულებებს იწვევს ძალიან ბევრ ორგანოში და მათ შორის, თვალშიც – თვალის ფსკერზე, ბადურა გარსზე. ამიტომ აქ წარმოიქმნება სისხლჩაქცევები. სისხლჩაქცევები ძალიან მყიფე არიან, ისინი უნდა მოიწვას და ეს მოწვა კეთდება ლაზერით.
ვერაგ დაავადებას წარმოადგენს გლაუკომა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ის შორსწასულია. სამწუხაროდ, გლაუკომისაგან დაბრმავებულ თვალს ვერც ოპერაცია და ვერც სხვა რამ ვეღარ შველის. თვალშიგა წნევის მომატება არის გლაუკომა. საერთოდ, რამდენიც წარმოიშობა თვალშიგა ნამი, იმდენი უნდა გავიდეს თვალიდან და თვალს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე სიმკვრივე, მაგრამ სხვადასხვა პათოლოგიის დროს თვალიდან იმდენი ნამი ვეღარ გაედინება, რამდენიც წარმოიქმნება. ამიტომ თვალი მაგრდება, ეს სიმაგრე ზრდის ბროლის წნევას, რომელიც აწვება მხედველობის ნერვს. ნერვი ვეღარ იკვებება და თანდათან კვდება. გლაუკომის შემთხვევაში მკურნალობა იწყება სპეციალური წვეთებით. თუ წვეთები უშედეგოა, მერე უკეთდება ლაზერი და თუ ესეც არ შველის, მიმართავენ ოპერაციას. ლაზერითაც და ოპერაციითაც თვალს უკეთდება ახალი ხვრელები, რათაAჭარბი ნამი თვალიდან გამოვიდეს. მაგრამ ყველაზე მთავარია, დროზე დადგინდეს, რომ ეს გლაუკომაა, რადგან მერე უკვე ვეღარაფერს უშველი.
მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ, აგრეთვე, თვალის ისეთ დაავადებაზე, როგორიცაა კერატოკონუსი (ანუ კონუსისებრი ფორმის რქოვანა). ამ დაავადების დროს რქოვანა რბილდება, გამოიზნიქება და მხედველობას მნიშვნელოვნად აფუჭებს. ადრე ამის მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იყო მხოლოდ რქოვანას გადანერგვა – ამ რქოვანას მოჭრიდნენ და მის ნაცვლად დონორის რქოვანას გადანერგავდნენ. ეს რთული და ძვირადღირებული ოპერაციაა, თანაც დონორის რქოვანები ძნელად იშოვება. საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება მოძიება. მაგრამ უკვე არსებობს ახალი მეთოდი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ თვალში, რქოვანაში სვავენ სპეციალურ პლასტმასის რკალებს, რათა თვალი აღარ იყოს წაგრძელებული. ეს ახალი მეთოდი წარმატებით გამოიყენება "ახალ მზერაში". უფრო მეტიც, ამ კლინიკის ექიმები აღნიშნულ მეთოდს ახლა რუსეთსა და უკრაინაში ნერგავენ.
მათთვის, ვისაც კომპიუტერთან ინტენსიური მუშაობის შედეგად ემართება მშრალი თვალის სინდრომი, საინტერესო უნდა იყოს ის სიახლე, რომელსაც მათ "ახალი მზერა" სთავაზობს. კერძოდ, ელემენტარული მანიპულაციით საცრემლე გზებში სვავენ ე.წ. "საცობებს", თვალიდან ცრემლი აღარ გადის ისე დიდი რაოდენობით და სიმშრალეც აღარ ჩნდება.
და ბოლოს, იმასაც დავძენთ, რომ "ახალი მზერა" კერძო კლინიკაა და მას რესპუბლიკურ საავდმყოფოში ფართი იჯარით აქვს აღებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლა სერიოზული რეორგანიზაცია და შენობის რემონტი მიმდინარეობს, რის გამოც მალე "ახალ მზერა"-ს ახალი მისამართი ექნება. ამიტომ თუ ლაზერის გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესებას გადაწყვეტთ, დააზუსტეთ ახალი წლის მერე კლინიკის მისამართი საცნობარო ბიუროების ანდა ჩვენი რედაქციის მეშვეობით.

დალი ჩიკვაიძე