ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
კომპანია “მაკდონალდსის” ისტორია
#2(22), 2009
  
უცნობი გმირი რეიმონდ კროკი  

ძმებმა მაკდონალდებმა რესტორანთა ცნობილ ქსელს სახელი აჩუქეს, მაგრამ საყოველთაო დიდება მას სხვა ადამიანმა მოუტანა. 

მსოფლიოს ცნობილი ბრენდის გამოჩენას ამერიკა რეიმონდ კროკს უნდა უმადლოდეს. იგი 1902 წლის 10 მაისს დაიბადა. ერთ-ერთი ოჯახური ისტორიის მიხედვით, პატარა რეიმონდი 1906 წელს მამამისმა ფრენოლოგთან მიიყვანა. ექიმმა ბავშვის კეფაზე მოზრდილი კოპი აღმოაჩინა. შემდგომში ამტკიცებდნენ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, რომ ეს კოპი მისი კომერციული ნიჭის დადასტურება იყო. 15 წლის რეი კროკმა დოკუმენტები გააყალბა და არმიაში ჩაეწერა, შინ დაბრუნების შემდეგ კი, კომერციით დაინტერესდა.

ქვეყანაში არსებული ცვალებადი პირობების გამო, ასეთი საქმიანობა ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო. იმ დროში ბიზნეს-საქმიანობის დასაწყებად, კომერციული წარმატების მისაღწევად საჭირო სულაც არ იყო განსაკუთრებული ცოდნის მიღება, ან დიდი კაპიტალის ფლობა. თავდაპირველად, რეიმონდი ქაღალდის ჭიქებითა და სუფრის, იმ დროში ჯერ კიდევ არატრადიციული აქსესუარებით ვაჭრობდა. მოგვიანებით იგი კოქტეილების დამამზადებელი ავტომატებით დაინტერესდა, რაც იმ მომენტისათვის კვების ინდუსტრიაში სიახლე იყო. მან ამერიკა ტექნიკის იმ მიღწევით მოიარა, რომელიც ერთდროულად ხუთი სათქვეფით მიმზიდველ სასმელს ამზადებდა. ამ დანადგარით მუშაობამ რეიმონდ კროკი ისე გაიტაცა, რომ კოქტეილების დამამზადებელი ავტომატების დისტრიბუციის ლიცენზია თვით გამომგონებლებისაგან შეიძინა.  

კროკმა 30-წლიანი მუშაობის მანძილზე მდიდარი გამოცდილება მიიღო. მან იხილა როგორ ფუნქციონირებდა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ცალ-ცალკე სასადილო, ნაყინის კაფე, ნამცხვრების მაღაზია. ეს ყველაფერი იმ ადამიანის გონებაში დაგროვდა, რომელსაც უამრავი გენიალური იდეა ჰქონდა, მაგრამ რეალიზაციისათვის პირობების არქონის გამო ვერ ახორციელებდა. მოგვიანებით, ეს გამოცდილება კროკს მაშინ გამოადგა, როცა განსაკუთრებული სიახლის დანერგვა კვების ობიექტების სისტემის (ფასტ-ფუდის) უნიფიკაციის სახით ამერიკის მასშტაბით მოისურვა. სწორედ ამ დროს დაიბადა გრანდიოზული სავაჭრო ნიშნის შექმნის იდეა.

ყველაფერი კი ერთი არატრადიციული შეკვეთიდან დაიწყო. ერთ-ერთი პროვინციული სასადილოს მფლობელებმა რეიმონდს 8 მიქსერი შეუკვეთეს, რომლის დისტრიბუციასაც იმ დროს კროკი ეწეოდა. გამოცდილ საქმოსანს ეს გარემოება უყურადღებოდ არ დარჩენია. მისი შემოსავალი და ბიზნეს-წარმატება მის მოხერხებაზე და მოქნილობაზე, აგრეთვე ცნობისმოყვარეობაზე იყო დამოკიდებული. რეიმონდ კროკს აინტერესებდა რისთვის სჭირდებოდათ შემკვეთებს ერთბაშად 8 მიქსერი და რძის 40 კოქტეილი, რომელიც ამ მიქსერებით უნდა დაემზადებინათ. რეიმონდი პატარა პროვინციულ ქალაქ სან-ბერნარდინოში გაემგზავრა, საიდანაც შეკვეთა მიიღო. სწორედ აქ შედგა ძმები მაკდონალდების ისტორიული შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც მათი სახელი უკვდავყო და ცნობილ ბრენდად ჩამოაყალიბა.  

ახალი ტიპის სასაუზმე  

 მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისისათვის ძმებს, დიკ და მაკ მაკდონალდებს ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მათ შექმნეს რესტორნის მუშაობის ახალი ტექნოლოგია, რომელიც სწრაფ მომსახურებას, დაბალ ფასებს და გაყიდვების დიდ მოცულობას დაეფუძნა. ძმებმა უარი თქვეს 25 კერძისაგან შედგენილ მენიუსაგან, რომელსაც მანამდე საკუთარ სასაუზმეში იყენებდნენ. იგი 9 დასახელების კერძამდე შეკვეცეს. მათთან ახალი მენიუს მიხედვით იყიდებოდა ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, გამაგრილებელი სასმელის სამი სახეობა, რძე, ყავა, კარტოფილის ჩიპსები, ნამცხვარი. მოგვიანებით, მენიუს დაემატა კარტოფილის ფრი და რძის კოქტეილები. მათ შემოიღეს კლიენტთა თვითმომსახურება.  

სამზარეულოს გადაკეთების შემდეგ, იქ უჟანგავი მოწყობილობები დადგეს, რომელიც წარმოების დონის ისეთივე სისწრაფის მიღწევის საშუალებას იძლეოდა, როგორიც ამწყობ ხაზებს, მაგალითად, საავტომობილო მრეწველობაში ჰქონდათ. ისედაც კონკურენტუნარიანი ფასი ჰამბურგერებზე, რომელიც 30 ცენტი ღირდა, 15 ცენტამდე შეამცირეს. 1948 წლის დეკემბერში ძმებმა მაკდონალდებმა ახალი რესტორანი გახსნეს. შემოსავლების გასაზრდელად გარკვეული დრო იყო საჭირო. მალე აშკარა გახდა, რომ მათ ომისშემდგომი ამერიკის სულისკვეთებას ალღო კარგად აუღეს. მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შუაგულისათვის, მათ მიერ დაარსებულ ჰამბურგერების მწარმოებელ მცირე ფაბრიკას ყოველწლიური შემოსავლების სახით 350 ათასი დოლარი შემოჰქონდა. წინა რესტორანთან შედარებით, გაყიდვების მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. პიკის საათში ჰამბურგერების შესაძენად 150 ადამიანი იკრიბებოდა. მათი კომერციული წარმატების ამბავი სწრაფად გავრცელდა.  

1952 წელს ჟურნალ American Restaurant Magazine-მა მაკდონალდების რესტორანზე სტატია გამოაქვეყნa. ამის შემდეგ, ძმები ქვეყნის ყველა კუთხიდან თვეში საშუალოდ 300 წერილს იღებდნენ თხოვნით ნება დაერთოთ ემუშავათ მათი ტექნოლოგიის მიხედვით. პირველი, ვისაც მაკდონალდებმა ლიცენზია მიჰყიდეს, ნეილ ფოქსი იყო, რომელიც არიზონას შტატის ქალაქ ფონექსში ავტომოყვარულთათვის რესტორანს ფლობდა. ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ფოქსის რესტორანი იქნებოდა ნიმუში იმ მასშტაბური ქსელისათვის, რომლის შექმნაც მათ გადაწყვიტეს. შენობა მოპირკეთებული იყო წითელი და თეთრი ფილებით. დახრილი სახურავი, ოქროსფერი თაღები გვერდებზე იყო მოდელი რესტორან “მაკდონალდსის” პირველი “ტალღისათვის”, რომელიც შემდგომში მათი ინდუსტრიის სიმბოლო გახდა.  

ძმები მაკდონალდები საკუთარ ჩოგბურთის კორტზე მუხლებზე დახოხავდნენ, ისე ხაზავდნენ იმ სამზარეულოსკონსტრუქციას, რომლის ზომაც მათი პირველი რესტორნის ფართობზე ორჯერ მეტი იყო. მაკდონალდებმა კარგად შეისწავლეს სამზარეულოში მომუშავე ადამიანების გადაადგილების პროცესი და სამზარეულოს მოწყობილობები ყველაზე ეფექტურად განათავსეს. პერიოდულად მათ ნახაზს წვიმა შლიდა, ამიტომაც პირობითი სამზარეულოს კონსტრუქციის განმეორებით დახაზვა ხდებოდა საჭირო. ამით განლაგება უფრო სრულყოფილი გახდა. მათი ბიზნესის წარმატებაზე სან-ბერნარდინოში ოცნებაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, მაგრამ ფრანჩაიზინგის კონცეფციის პოტენციალი, რომლის პიონერებიც თვითონ იყვნენ, მთლიანად არ გამოიყენებოდა. ძმებმა გადაწყვიტეს ფრანჩაიზინგის საფუძველზე სავაჭრო ნიშანი McDonalds, რესტორნების კონცეფცია, აღწერა, მუშაობისა და მომსახურების სისტემა 1000 დოლარად გაეყიდათ. ძმებს არ სურდათ ბიზნესის გაფართოებაზე თვითონ ეზრუნათ. ეძებდნენ ისეთ ადამიანს, ვინც ქვეყნის მასშტაბით რესტორანთა ქსელის მუშაობის გაკონტროლებას შეძლებდა. 

სწორედ ამ დროს ძმები მაკდონალდების გზა 51 წლის რეიმონდ კროკთან გადაიკვეთა. მან მაშინვე გააცნობიერა, რომ ერთადერთი, რაც მაკდონალდებს არ ჰყოფნიდათ, მათივე საქმიანობის მასშტაბები იყო. მას სურვილი გაუჩნდა გაემრავლებინა, გაეათმაგებინა, გაეასმაგებინა ასეთი ორიგინალური წამოწყება და გიგანტურ ინდუსტრიად გადაექცია. კომპანიას, სადაც კროკი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა იმ დროისათვის საქმეები ცუდად წაუვიდა. რეიმონდ კროკის მიერ დაგროვებული პროფესიონალიზმი იმაზე მეტს მოითხოვდა, ვიდრე მხოლოდ ტექნიკური სიახლეების გავრცელებაა. ამერიკის მასშტაბით ჯერ კიდევ გაუხმაურებელი გვარი ბრენდის სახით ძმებმა კროკს სულ რაღაც 950 დოლარად “დაუთმეს”, არა სამუდამოდ, არამედ “დროებითი სარგებლობისათვის”. დრომ აჩვენა, რომ ისინი არ შემცდარან.  

ახალი ტიპის დაძლეული სირთულეები

1955 წლის 15 აპრილს, ილინოისის შტატის ქალაქ დეზ პლენზში რეი კროკმა კომპანია McDonald's System Inc შექმნა და თავისი პირველი “ოქროს თაღი” გახსნა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება რეიმონდ კროკის “მაკდონალდსის” ახალი ისტორია. მან კლიენტებთან მუშაობის ახალი იდეოლოგია შეიმუშავა, რომელიც ასე ჟღერდა: “ხარისხი, სერვისი, სისუფთავე, ფასები!”. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა არა მარტო კროკი, არამედ ათასობით მისი ხელქვეითი, რომელსაც პირადად იცნობდა. მის კვების ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები თვეში ხელფასის სახით 100 დოლარს იღებდნენ.

1960 წლისათვის “მაკდონალდსის” ქსელში 200 სასაუზმე შედიოდა. რესტორნებთან დადებული ხელშეკრულების პირველი და აუცილებელი პირობა იყო უნიფიცირებული მენიუ. ილინოისში, მიჩიგანში, კალიფორნიაში კლიენტები დარწმუნებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ერთნაირი ზომის ჰამბურგერთან ერთად მიიღებდნენ სტანდარტული მოცულობის ხორცს, ხახვს, კეტჩუპს, მდოგვს. თვით რეიმონდ კროკი, სიცოცხლის ბოლომდე დამოუკიდებლად მოგზაურობდა “მაკდონალდსის” იმპერიის ყველაზე შორეულ კუთხეებში, სადაც თვითონ რწმუნდებოდა, ყველა სასადილოსათვის დადგენილი ერთნაირი პარამეტრები იყო თუ არა ზუსტად ყველგან დაცული. ბიგ მაკი ყველასთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო, რაშიც გამოცდილი ბიზნესმენი მისი უზარმაზარი საწარმოს წარმატების საფუძველს ხედავდა.

რეიმონდ კროკისა და მისი “მაკდონალდსისათვის” ჭეშმარიტი ტრიუმფი, სრული გამარჯვება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო. კვების ობიექტების ქსელი ფართოვდებოდა. ახალი სასაუზმეები იხსნებოდა მეგაპოლისებში და პატარა ქალაქებში, გაყიდვებიდან შემოსავლები მაინც არ იზრდებოდა. ფული საკმარისი არ იყო მენეჯერების შრომის ასანაზღაურებლადაც კი. მათი შენარჩუნების მიზნით, რეიმონდი იძულებული იყო საკუთარი კომპანიის აქციების 30% მენეჯერებისათვის დაეთმო. დანარჩენი 22%-ით მას უნდა დაეფარა მილიონნახევრიანი სესხი, რომელიც აუცილებელი იყო ძმები მაკდონალდსებისაგან სავაჭრო ნიშნის მთლიანად გამოსასყიდად. სწორედ ეს თანხა არ ყოფნიდა კროკს საიმისოდ, რომ მთლიანად დაეფარა “გამოფხიზლებული” ძმებისათვის მათგან მოთხოვნილი ლიცენზიის ღირებულება 2,7 მილიონი დოლარის ოდენობით.

ძმები მაკდონალდსების გვარი ამერიკის მასშტაბით გახსნილი უამრავი რაოდენობის სასაუზმეებს ამშვენებდა. მათ ამ მომენტისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ კომპანიის ძალა და წარმატების საფუძველი კროკის მიერ დადგენილი უნიფიცირებული ნორმების დაცვა იყო. ამ ნორმებს ისინი საკუთარ სასაუზმეებში არასოდეს იცავდნენ. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის კროკი მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა: კომპანიის მეთაურობა ჩაებარებინა, რომელსაც საკუთარი მოსაზრებების მიხედვით მართავდა. მას ძალიან სჭირდებოდა სახელწოდება, რომელიც იმ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი გახდა, სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. ჰამბურგერებს სახელწოდებით “კროკი” არავინ შეიძენდა.

ამ იდეით შეპყრობილმა რეიმონდმა ყველაფერი გაიღო საამისოდ - საკუთარი ფულადი დანაზოგები, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება, ბოლოს საფუძვლიანად შეცვალა პირადი ცხოვრებაც. 1961 წელს მან საკუთარ მეუღლესთან 39-წლიანი ქორწინება გააუქმა. მთლიანად შეიცვალა მისეული მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმა. იგი საკუთარი საქმით სულდგმულობდა, მისი ღმერთი, ოჯახი, მთავარი საქმე - “მაკდონალდსში” მოღვაწეობა გახდა.

1955 წელს ამ კომპანიაში ოფიციანტად სამუშაოდ მოვიდა ფრედ ტერნერი, რომელმაც 1968 წლისათვის უკვე მაღალი პოსტი დაიკავა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ რეიმონდ კროკი მას საკუთარ შვილს უწოდებდა. კროკის კომპანიისათვის ყველაზე რთულ მომენტში, მისმა თანამშრომელმა, ჰარი სონებორნმა ბიზნესის განვითარების საფუძვლად მიწის რენტის იდეა წამოაყენა. ისინი შეიძენდნენ მიწის ნაკვეთებს და იჯარით გასცემდნენ ლიცენზიასთან ერთად მთლიანი პაკეტის სახით. ეს იყო ყველაზე მარტივი, იმავდროულად გენიალური იდეა, რომელმაც კროკის კომპანია გაკოტრებას გადაარჩინა.

იდეის “ორი ერთში” არსი მდგომარეობდა იმ ფასებში, რისი მიხედვითაც იგი უძრავ ქონებას იჯარით გასცემდა. თავდაპირველად, დემპინგური ფასები ბიზნესის ზრდისა და გაფართოვების მიხედვით იზრდებოდა. რეიმონდ კროკის ფრანჩაიზ რიელტორული კორპორაცია, როგორც “მაკდონალდსის” შემადგენელი ნაწილი, იდეის სახით 1956 წელს დაიბადა. შემოსავლის მომტანი იგი მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა. ამ მომენტისათვის კორპორაცია “მაკდონალდსის” შემოსავლები 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ პროექტის წარმატებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. კომპანიის მოგება იმდენად გაიზარდა, რომ იგი პატივისცემის ღირსი იყო მის მფლობელთან ერთად.  

ტრიუმფი

1975 წელს ჟურნალი “ფორბსი” წერდა: “რეიმონდ კროკის ქონებამ 340 მილიონ დოლარს მიაღწია, მაგრამ იგი მაინც ვერ დამშვიდდა!”. მოუსვენრობა გამოჩენილი ბიზნესმენის სწორედ ის თვისებაა, რომლის წყალობითაც მან ოცნება აიხდინა. 1961 წელს მან შექმნა ლაბორატორია, რომელსაც შემწვარი კარტოფილის, პურისა და კატლეტის (პოპულარული ჰამბურგერის შემადგენელი ნაწილის) პარამეტრები უნდა დაედგინა და გამოეკვლია. ლაბორატორია (რომელსაც “ჰამბურგერის უნივერსიტეტი” ეწოდება) დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის მუშაობას, ამზადებს კადრებს პლანეტის მასშტაბით გახსნილი ათასობით “მაკდონალდსისათვის”. სწორედ აქ სწავლობენ კორპორაციის მომავალი ტოპ-მენეჯერები.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან რეიმონდ კროკმა ისეთი სარეკლამო კომპანია წამოიწყო, რომელმაც უმოკლეს დროში ეროვნული, შემდეგ კი საერთაშორისო მასშტაბები მიიღო. ამ დროს დაიბადა დღეს უკვე ცნობილი კლოუნი რონალდ მაკდონალდის შექმნის იდეა, რომელიც უკვე “მაკდონალდსის” უცვლელი სახეა. იგი ისეთივე ცნობადი, საყვარელი სახეა ამერიკელი ბავშვებისათვის, როგორიც სანტა კლაუსი და მიკი მაუსი. პოპულარულია “მაკდონალდსის” ეგიდით შექმნილი თემატური პარკები და ბავშვთა გასართობი სახლები.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდან “მაკდონალდსის” უნიფიცირებული სასაუზმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი წარმატებით გავრცელდა. ამ რესტორნების პოპულარობა იზრდებოდა. საინტერესო ის არის, რომ ბაზარმა სწრაფი კვების ახალი ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყო. მათ მოგება მალევე მოჰქონდათ. რეიმონდ კროკმა ბაზრის ეს მოთხოვნილება კარგად გააცნობიერა და ლიცენზიებს ძალიან იაფად ჰყიდდა. იგი მაქსიმალურად აფართოვებდა საკუთარი რესტორნების ქსელს.

1968 წლიდან კროკმა კომპანიის ხელმძღვანელობა ფრედ ტერნერს გადააბარა, მაგრამ კომპანიის საქმეებში გარდაცვალებამდე მონაწილეობდა. რეი კროკი 1984 წლის იანვარში გარდაიცვალა. ზუსტად 10 თვის შემდეგ, მისმა კომპანიამ 500 მილიარდიანი ზღვარი გადალახა. სწორედ ამდენი ბიგ მაკი გაიყიდა კომპანიის დაარსების დღიდან. ამ წელს მისი კომპანიის საქონელბრუნვამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, გაიყიდა 50 მილიარდი ჰამბურგერი. იმ მომენტისათვის მსოფლიოს 36 ქვეყანაში 8300 რესტორანი მუშაობდა.

უნიჭიერესმა ადამიანმა და ბიზნესმენმა საკუთარი ოცნება რეალობად გადააქცია. “მაკდონალდსს” დღეს ყველა კონტინენტზე იცნობენ. უახლოეს მომავალში მას გაკოტრება არ ემუქრება. ეს კორპორაცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნიმუშად ითვლება.  


მაკდონალდსის ბრენდის ისტორია

 ფრანჩაიზინგი, როგორც სწრაფად ფულის შოვნის ერთ-ერთი ხერხი, იმ დროში სწრაფად მკვიდრდებოდა. ყველაზე ხელსაყრელი იყო დიდი ტერიტორიების, ხშირად მთლიანი შტატების მომსახურების ლიცენზიების გაყიდვა. ასეთი ლიცენზიის მფლობელი შემდგომში ყიდდა ცალკეული რესტორნების მშენებლობის უფლებას და პროცენტების სახით დიდ ფულს შოულობდა. ფრანჩაიზერს არ აინტერესებდა რესტორნების შემდგომი ბედი, რომლებიც ლიცენზიით იქმნებოდა. იქაურ ფასებს და მომსახურების ხარისხს იგი აღარ აკონტროლებდა. სულაც არ ანაღვლებდა ის, რომ დაბალი დონის რესტორნები ამ სავაჭრო ნიშანს ავტორიტეტს შეულახავდა. ის ჩქარობდა სწრაფად ეშოვა დიდი ფული. ერთადერთი, რაც არ ავიწყდებოდა, ის იყო, რომ რესტორნებს საკუთარი მოწყობილობებითა და საქონელით ამარაგებდა, თანაც აშკარად “გაბერილი” ფასებით.

რეი კროკს ფრანჩაიზინგი არ შეუქმნია, მხოლოდ სრულყოფა შეძლო. მას სურდა, რომ “მაკდონალდსის” ეროვნულ ქსელს მოგება ხანგრძლივი ვადით მოეტანა, ბრენდის ავტორიტეტს ჩრდილი არ მიდგომოდა. მან გადამწყვეტი უარი თქვა სწრაფი მოგების მიღებაზე, რომელიც მთლიან ტერიტორიებზე ლიცენზიების გაყიდვას შემოჰქონდა. კროკმა ფრანჩაიზის გაყიდვა “მაკდონალდსის” მხოლოდ ერთი რესტორნის მშენებლობისათვის დაიწყო.  

რესტორნის მშენებელი თავისი საქმიანობით თუ დაამტკიცებდა, რომ იგი შეესაბამებოდა “მაკდონალდსის” მაღალ სტანდარტებს, კროკი ნდობას უცხადებდა კიდევ ერთი მშენებლობის დასაწყებად. კროკმა არ მოინდომა ფულის შოვნა რესტორნის მფობელთა ხარჯზე მათზე მოწყობილობებისა და საქონელის მიყიდვის გზით. სავალდებულო იყო ერთი რამ: რასაც ისინი რესტორნისათვის შეიძენდნენ, სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო - დაწყებული კარტოფილის ზომიდან და სალაროს სიდიდით დამთავრებული.

პირველად ფრანჩაიზინგის გამოყენებიდან საკუთარი მოგება რესტორნის მფლობელის შემოსავალთან შესაბამისი გახადა. ასეთი სქემა ხელსაყრელი და მიმზიდველი ნაკლებად იყო. მდიდარ ადამიანებს ლიცენზიის შეძენა შტატის მასშტაბით სურდათ, რომ იგი შემდგომში მომგებიანად გაეყიდათ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ის პირობა არ იყო ხელსაყრელი, რომ ფრანჩაიზის ვადა 20 წელი იყო. მისი ამოწურვის შემდეგ, მფლობელი რესტორანს დაკარგავდა. არავის მოსწონდა მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის არსებობა, რომლის დაწესებასაც საკუთარ იმპერიაში კროკი აპირებდა.

ამ საქმიანობის დაწყებიდან პირველ წელიწადს მან მხოლოდ 18 ფრანჩაიზის გაყიდვა შეძლო. მათგან 9 კალიფორნიის წილად მოდიოდა, ხოლო დანარჩენი ჩიკაგოში არსებული საკუთარი კლუბის ხშირ და მდიდარ სტუმრებს შეაძენინა. მათ საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. რესტორნები ნაკლებად აინტერესებდათ. მათ მიერ დაარსებულ “მაკდონალდსში” უწესრიგობა სუფევდა. მენიუში უნებართვოდ შეჰქონდათ პიცები, ჰოთ-დოგები. ჰამბურგერის ფასი რამდენიმეჯერ იყო გაზრდილი. ფრანჩაიზების მფლობელებს “მაკდონალდსის” რესტორნები საკუთრებად მიაჩნდათ, იმას აკეთებდნენ, რასაც მოისურვებდნენ. რეიმონდ კროკი ოცნებობდა უნიფორმის სამოთხეზე, სადაც ერთ ფორმაში გამოწყობილი გამყიდველები ყველგან სახეგაბრწყინებულნი ერთი ზომის ჰამბურგერებს ერთნაირი ფასით გაყიდდნენ. ოცნების რეალობაში დანერგვის გზები მოსაძებნი იყო.  

“მაკდონალდსის” ქსელის განვითარების დინამიკა

1956 წლის ბოლოს ამ სავაჭრო ნიშნით 14 რესტორანი მუშაობდა, ხოლო საქონელბრუნვა 1,2 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1960 წლის ბოლოსათვის გახსნილი იყო 228 რესტორანი, 38 მილიონი დოლარის წლიური საქონელბრუნვით. 1963 წლისათვის განახლებული კომპანია დღეში 1 მილიონ სენდვიჩს ჰყიდდა. 1968 წელს გაიხსნა კომპანიის რიგით მე-1000 რესტორანი. 1970 წელს ამერიკის მასშტაბით “მაკდონალდსის” რესტორანთა ქსელი 15000 სწრაფი კვების ობიექტს მოიცავდა, ხოლო საქონელბრუნვამ 600 მილიონი დოლარი წელიწადში შეადგინა. მილიარდიან ნიშნულს კომპანიამ 1972 წელს მიაღწია.

1975 წლიდან დაინერგა კლიენტების მომსახურების კიდევ ერთი ორიგინალური კონცეფცია. ქალაქ სიერა ვისტაში დაინერგა ავტომობილისტების მომსახურების სისტემა “მაკავტო”, რომელიც ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე პროდუქციის შეკვეთისა და მიღების საშუალებას იძლეოდა. იმ რესტორნებში, სადაც ეს სიახლე დაინერგა, საქონელბრუნვა თითქმის ორჯერ გაიზარდა. 1980 წლისათვის “მაკდონალდსის” კვების ობიექტების ქსელი მსოფლიოს 27 ქვეყანაში მუშაობდა, რომლის საერთო საქონელბრუნვა წელიწადში 6 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. იმ წელს რესტორანთა ქსელში 6200 იყო. 1990 წლისათვის მსოფლიოს 54 ქვეყანაში 12000 სწრაფი კვების ობიექტი მუშაობდა, ხოლო საქონელბრუნვამ წელიწადში 20 მილიარდ დოლარს მიაღწია.

სადღეისოდ, “მაკდონალდსის” რესტორანი ყოველ 16 საათში იხსნება, რომლის საშუალო წლიური საქონელბრუნვა 1,5 მილიონი დოლარია. ამერიკის ფარგლებს გარეთ “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი კანადაში გაიხსნა. ეს მოხდა 1967 წლის 1 ივნისს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება კომპანიის მიერ მსოფლიოს “დაპყრობა”. ამჟამად, კანადაში 1000-ზე მეტი “მაკდონალდსის” რესტორანია გახსნილი. კომპანიის დაარსებიდან 14 წლის შემდეგ, ეს სავაჭრო ნიშანი ოკეანის გადაღმაც დამკვიდრდა. სწრაფი კვების ობიექტები გაიხსნა გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ინგლისში. მათმა რაოდენობამ ევროპულ ქვეყნებსა და ავსტრალიაში 700-ს გადააჭარბა. იაპონიაში დაახლოებით 2500 ასეთი რესტორანია გახსნილი. მათი დიდი რაოდენობა ამ კვების ობიექტების ფართობის სიმცირემ განაპირობა. პირველი იაპონური "მაკდონალდსი" 1971 წლის 20 ივლისს გაიხსნა და მისი ფართობი 150 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მოსკოვში, პუშკინის მოედანზე არსებული რესტორნის საერთო ფართობი 700 კავადრატული მეტრია. კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ავსტრალიის, ინგლისის ტერიტორიებზე მომუშავე "მაკდონალდსის" რესტორანთა ქსელის საქონელბრუნვა მთლიანი ამერიკის ფარგლებს გარეთ მომუშავე ობიექტების საქონელბრუნვის 80%-ს შეადგენს.

კონკრეტულ ქვეყანაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და ადგილობრივი ბაზრის სპრექციფიკის გათვალისწინებით, კომპანია "მაკდონალდსმა" სპეციალური მენიუ შეიმუშავა. ინდოეთში ბიგ-მაკს ცხვრის ხორცისაგან ამზადებენ, ისრაელში მენიუდან ამოღებულია რძის პროდუქტები, ხოლო რესტორნები კვირაში 6 დღეს მუშაობენ, შაბათი დღე ოფიციალურად არის გამოცხადებული დასვენების დღედ. საუდის არაბეთში აკრძალულია კერპების გამოსახვა, ამიტომაც რესტორნების შენობებზე და პლაკატებზე ვერ ნახავთ რონალდ მაკდონალდის გამოსახულებას. ცალკეული ქვეყნების რესტორანთა მენიუში ცალკეული შეზღუდვების გარდა შეიძლება კომპანიის არაორიგინალური პროდუქციაც შემოგთავაზონ. კანადასა და იტალიაში არსებულ რესტორნებში სენდვიჩების გარდა პიცაც იყიდება.

მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის "მაკდონალდსის" პირველი რესტორნის გახსნა მნიშვნელოვანი მომენტია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში რესტორნების გახსნის დღეს მყიდველთა მრავალკილომეტრიანი რიგები გადაიჭიმა. 1990 წელს, მოსკოვში პირველ დღეს "მაკდონალდსის" რესტორანში 30000 ადამიანს მოემსახურნენ. 1992 წელს პრაღასა და ვარშავაში პირველ დღეს ასეთ რესტორანს 35000 ადამიანი (თითოეულ ქალაქში) ესტუმრა. იმავე დღეს, პეკინში "მაკდონალდსმა" გახსნის დღეს 40000 ადამიანისაგან მიიღო შეკვეთა. ახლო აღმოსავლეთში სწრაფი მომსახურების კვების ობიექტებმა საქმიანობა 1993 წლიდან დაიწყეს. ამერიკის საზღვრებს გარეთ კომპანიის წარმატებით მუსაობის საფუძველს წარმოადგენს საიმედო ადგილობრივი ბიზნეს-პარტნიორი (რომელიც მონაწილეობას იღებს რესტორანთა ქსელის შექმნაში), პროდუქციის მომზადებისა და მოქალაქეთა მომსახურების კარგად ჩამოყალიბებული სქემა, “მაკდონალდსის” ორიგინალური მენიუ, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვა, რომელიც ძმებმა მაკდონალდებმა და რეიმონდ კროკმა შექმნეს.  

ბიგ მაკის ისტორია “მაკდონალდსის” ასორტიმენტში

“მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტების ქსელის განვითარება კომპანიის ასორტიმენტს მჭიდროდ უკავშირდება, რომელიც მინიმუმამდე შეიზღუდა. ამის ხარჯზე გაიზარდა ადამიანთა მომსახურეობის, საკვების მომზადების სისწრაფე. დროთა განმავლობაში უცვლელი მენიუ კლიენტთა უკმაყოფილების მიზეზიც გახდა. რეი კროკს კარგად ესმოდა, რომ აუცილებელი იყო ახალი ასორტიმენტის შემუშავება, თანაც ეშინოდა, რომ მენიუს ახალი სახეობები მომსახურეობის სისწრაფეს შეამცირებდა. პირველ ეტაპზე მან ყურადღება გაამახვილა პროდუქციის ხარისხზე, რისთვისაც რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა. დაინერგა კარტოფილის შეწვის ახალი ტექნოლოგია, რაც კლიენტებისათვის საკმარისი არ იყო. რეი კროკის მიერ შემუშავებულმა ახალმა სახეობებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ასორტიმენტის შეზღუდვამ უკმაყოფილება ამერიკის სხვადასხვა ქალაქში არსებული “მაკდონალდსის” რესტორნის ლიცენზიის მფლობელებმაც გამოთქვეს.

50-იანი წლების ბოლოს კროკმა განახლებულ მენიუში დესერტის სახით რამდენიმე სახეობის ნამცხვარი შეიტანა, რომელიც რესტორნის კლიენტებს არ მოეწონათ და ამ სიახლეზე მალევე თქვა უარი. მენიუს განახლების მიზნით, რეი კროკი ექსპერიმენტებს ატარებდა, მაგრამ ვერ მოძებნა ის, რაც რესტორანში მისული კლიენტების უმეტესობას მოეწონებოდა. ერთხელ, ლიცენზიის ერთ-ერთმა პირველმა მფლობელმა, ჯიმი დელიგატიმ ითხოვა სიახლის სახით მენიუში შეეტანათ ორსართულიანი ჰამბურგერი სხვადასხვა სახის სოუსებითა და სპეციალური დანამატებით. ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით, ეს იდეა მან კომპანია “ბიგ ბოისაგან” “ისესხა”. ახალი სენდვიჩი კროკმა უხალისოდ მიიღო, მასზე შეზღუდვები დააწესა. მისი გაყიდვა მოითხოვა ცალკეულ, შორეულ კაფეებში, მხოლოდ სტანდარტული ფუნთუშებით. იგი პატარა აღმოჩნდა ახალი სენდვიჩისათვის, ამიტომაც ჯიმ დელიგატიმ გადაწყვიტა ახალი სიდიდის ფუნთუშა გამოეცხო, რომელიც სიგანეზე სამმაგად იქნებოდა ჩაჭრილი.

1967 წელს ქალაქ პიტსბურგში გამოჩნდა პირველი ბიგ მაკის საცდელი ნიმუში. 2-3 თვის შემდეგ, ახალი სენდვიჩის გაყიდვა დაიწყეს ამ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, რამაც რესტორანთა ქსელის საქონელბრუნვა 10-15%-ით გაზარდა. 1968 წლის ბოლოსათვის ახალი სენდვიჩის გაყიდვა თითქმის ყველა რესტორანში დაიწყეს. ამერიკაში მოქმედი რესტორანთა ქსელმა კომპანიის საერთო საქონელბრუნვა 12%-ით გაზარდა. ბიგ მაკის წარმატებით დამკვიდრებამ რესტორანთა ქსელში, ლიცენზიის მფლობელთათვის ახალი ჰორიზონტები გახსნა. მათ საშუალება მიეცათ მენიუსათვის ახალი კერძები შეექმნათ, დაენერგათ საკუთარ რესტორნებში, ოღონდ კროკის თანხმობით. 1969 წელს, ექსპერიმენტის სახით, ქალაქ ნოკსვილში ლიცენზიის ერთ-ერთმა მფლობელმა, ლიტონ კოხრანმა მენიუში ვაშლის ნამცხვარი შეიტანა, რომელიც შემდგომში ძალიან პოპულარული იყო ყველა რესტორანში.  

“მაკდონალდსის” რესტორანთა ქსელის მენიუში ამჟამად მრავალი სახის სენდვიჩი, დესერტი და სალათია, რომელიც კლიენტთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. წელიწადში 2-3-ჯერ ექსპერიმენტისა და დამატების სახით მენიუ რომელიმე მნიშვნელოვან მსოფლიო თარიღს ეძღვნება. შესაძლებელია ახალი სახეობის სენდვიჩები მომავალში რომელიმე ქვეყანაში მოქმედი რესტორნის მენიუშიც დამკვიდრდეს. სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი რესტორნების ასორტიმენტი, ულუფის მოცულობა, შემადგენლობა ცალკეულ ქვეყნებში ძალიან განსხვავდება. ამ დროისათვის რესტორანთა ქსელის ასორტიმენტი წარმოადგენს ჰამბურგერები (მათ შორის არის ცნობილი “ბიგ მაკი”), სენდვიჩები, კარტოფილი ფრი, დესერტები, გამაგრილებელი სასმელები. ამ რესტორანთა ქსელის უმეტეს ნაწილში მენიუში ლუდიც შედის. კომპანია “მაკდონალდსის” პრინციპული დოქტრინა არის მხოლოდ ადგილობრივი კადრების დასაქმება და იმ ქვეყნის პროდუქტების გამოყენება, სადაც კონკრეტული რესტორანი მუშაობს.  


ბიგ მაკის ინდექსი

ამ პრინციპით არაოფიციალურად განისაზღვრება ქვეყანაში შემსმყიდველობითი უნარის პარიტეტი. ბიგ მაკის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს სავალუტო გაცვლით კურსს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ გამოკვლევებს გავლენიანი ჟურნალი “The Economist” 1986 წლიდან ატარებს. ჟურნალის ექსპერტებმა ეტალონი ორი მიზეზით აირჩიეს: McDonald’s რესტორანთა ქსელი მრავალ ქვეყანაში მუშაობს, თვით ბიგ მაკი შეიცავს საკმაო რაოდენობის საკვებ კომპონენტებს, პურს, ხორცს, ბოსტნეულს. ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე ძვირადღირებული სენდვიჩი ისლანდიაში იყიდება, რომლის ღირებულებაც 7,44 დოლარია, ნორვეგიაში მისი ფასი 6,63 დოლარია, ხოლო შვეიცარიაში 5,05 დოლარი ღირს. ყველაზე იაფად სენდვიჩს ჩინეთში მოგართმევენ, სულ რაღაც 1,41 დოლარად. რუსეთში ეს პროდუქტი 2,48 დოლარი ღირს, ამერიკაში 3,22 დოლარი, ხოლო იმავე ქვეყნის ქალაქ ატლანტის აეროპორტში 2,67 დოლარი. ეს ფასები წარმოდგენილია 2008 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.  

კრიტიკა, სხვა უსიამოვნო მოვლენები

დედამიწის ზურგზე ვერ მოძებნით კომპანიას, რომლის მუშაობაში რაიმე ნაკლის მოძებნა არ შეიძლებოდეს. კრიტიკოსები ფხიზლობენ და მათი სამართლიანი აქტიურობა სარგებლობის მომტანია. კრიტიკას ვერც საყოველთაოდ ცნობილი კომპანია “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტები გადაურჩნენ. მსოფლიო მასშტაბის ხმაური გამოიწვია მორგან სპერლოკის დოკუმენტურმა ფილმმა “ორმაგი ულუფა” (Super Size Me). ამ ფილმის მთავარ გმირს ექსპერიმენტის პირობების მიხედვით, 30 დღის განმავლობაში საკვებად უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ფასტფუდებისაგან დამზადებული საკვები, მათ შორის დღეში მინიმუმ ერთხელ უნდა შესულიყო “მაკდონალდსის” რომელიმე რესტორანში. ამ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა სამედიცინო დაწესებულებამ დააფიქსირა მუდმივად სწრაფი კვების ობიექტებით სარგებლობის უარყოფითი შედეგები.

ექსპერიმენტში მონაწილემ წონაში ერთი თვის განმავლობაში 12 კილოგრამი მოიმატა, გასუქდა, მოიმატა მის სისხლში არსებულმა შაქარმა. გრძნობდა ტკივილებს მუცლის არეში, სქესობრივ უძლურებას, მუდმივად ეცვლებოდა განწყობა. ასეთი შემაშფოთებელი შედეგების ლიკვიდაციისათვის ექსპერიმენტის მონაწილეს 50 000 დოლარი და ექვსთვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსის გავლა დაჭირდება. ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ რიგი ცვლილების დანერგვა გადაწყვიტა, რაც ფაქტობრივად, ამ ფილმში მოყვანილი ფაქტების აღიარება იყო.  

“მაკდონალდსს” ხშირად ადარებენ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, თავისი მკაცრი კანონებით. კანადელმა მწერალმა დუგლას კოუპლენდმა თავის წიგნში ფართო გამოყენებისათვის დანერგა ტერმინი mcjob, რაც ქართულად “მაკ მონობას” ნიშნავს. ხშირად ამ ტერმინს თარგმანის გარეშე იყენებენ. “მაკჯობი” კანადელი მწერლის განმარტებით დაბალანაზღაურებად, ნაკლებად პრესტიჟულ სამუშაოს ნიშნავს. ეს სიტყვა იმდენად პოპულარული გახდა, რომ იგი ვებსტერისა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში შეიტანეს. ამ ფაქტით უკმაყოფილება “მაკდონალდსის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს, მაგრამ უშედეგოდ.

ამ ცოტა ხნის წინ, კომპანია McDonald’s-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა “ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელი” უწოდეს გავლენიანი და ცნობილი გასტრონომიული იტალიელი კრიტიკოსის, ედოარდო რასპელის გამოთქმებს. მან კორპორაციის პროდუქტები უარყოფით კონტექსტში დაახასიათა. იტალიური გაზეთის, “სტამპას” კომენტატორმა, რასპელიმ McDonald’s-ის რესტორანთა ქსელში არსებულ ჰამბურგერებს რეზინი, ხოლო კარტოფილ ფრი-ს მუყაო უწოდა, რამაც კომპანიის ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. კორპორაციამ კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოში რასპელის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა. მათ მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის რაოდენობა არ მჟღავნდება, მაგრამ იგი უნდა უტოლდებოდეს 21 მილიონ ევროს, რომელიც ამ კომპანიამ იტალიაში, 2003 წელს რეკლამაზე დახარჯა. რასპელიმ დათმობაზე უარი განაცხადა, მან “სტამპაში” დაბეჭდილ ინტერვიუში სწრაფ კვებას “საზიზღრობა” უწოდა, თანაც დაამატა, რომ მან “ჰამბურგერს სახელი გაუტეხა, შეარცხვინა, მაგრამ მისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია”. ამ სასამართლო პროცესმა იტალიაში უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია.

ამ ქვეყანაში ავტორიტეტით სარგებლობს “შენელებული კვების” მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა. ეფუძნება ტრადიციული კულინარიული ფასეულობების შენარჩუნებას. იტალიაში “მაკდონალდსის” 300 სწრაფი კვების ობიექტი მუშაობს, რომელთა მომსახურებით ყოველდღიურად 600 000 ადამიანი სარგებლობს. თვითონ რასპელის თქმით, მან უმოკლეს დროში მხარდაჭერის ათასობით ელექტრონული წერილი მიიღო. სასამართლო დავა გაჭიანურდა, ამიტომაც სასამართლოს წარმომადგენელმამაიკ ლოვმა მხარეებისგან მოითხოვა კომპრომისისათვის მიეღწიათ.  

კომპანიისათვის ძალიან არასასიამოვნოდ დაიწყო 2003 წელი. იანვრის ბოლოს გაირკვა, რომ ბოლო 55 წლის განმავლობაში, კვარტალური შედეგების მიხედვით, კომპანია პირველად გახდა ზარალიანი. “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობამ სტრატეგიის შეცვლის თაობაზე გამოაცხადა. 2003 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, სწრაფი კვების უდიდესმა კომპანიამ 344 მილიონი დოლარი დაკარგა.  

ერთი წლით ადრე, იმავე პერიოდში კომპანია უკეთეს მდგომარეობაში იყო: მაშინ მოგებამ 272 მილიონი დოლარი შეადგინა. 2002 წელს კომპანიამ შეამცირა სამუშაო ადგილები, დატოვა სამი ბაზარი ლათინურ ამერიკაში. 700-ზე მეტი ობიექტი დაკეტა პირველ რიგში, იაპონიაში და ამერიკაში, რასაც ბუნებრივია, თავისი დანახარჯებიც ახლდა თან. ამ კომპანიის ეგიდით, ბოლო პერიოდში 30000-ზე მეტი ობიექტი მუშაობდა, სადაც ყველაზე უმსხვილეს ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა. სწრაფი კვების ამერიკულ ბაზარზე კონკურენციის დონე სწრაფად იზრდება. “მაკდონალდსის” მეტოქეები ბოლო პერიოდში გახდნენ Burger King, Wendy’s და Taco Bell, რომლებიც მომხმარებელთა გადმობირების მიზნით, მონდომებით იბრძვიან. ამ პერიოდში “მაკდონალდსის” აქციების ფასი 14%-ით შემცირდა.

კომპანიისათვის სკანდალური აღმოჩნდა 2002 წლის მეორე ნახევარიც. “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობა იძულებული იყო ეღიარებინა, რომ კარტოფილი ფრი სრულყოფილი ვეგეტერიანული კერძი არ ყოფილა, როგორც ადრე აცხადებდნენ. “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობამ თანხმობა გამოთქვა სასამართლოს გარეშე კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი გადაეხადა ამერიკაში მცხოვრები იმ ინდუსების სასარგებლოდ, რომლებმაც კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამ სარჩელში კომპანიას იმაში დასდეს ბრალი, რომ მომხმარებელი (მათ შორის ინდუისტები და ვეგეტერიანელები) არ იყო ინფორმირებული კარტოფილი ფრის მომზადების წესის შესახებ. კომპანია ადრე იტყობინებოდა, რომ ეს პოპულარული კერძი მზადდებოდა ბოსტნეულის ზეთის მეშვეობით. აცხადებდნენ, რომ ფრი იყო ვეგეტერიანული, მაშინ როცა სინამდვილეში გამოყენებული იყო ძროხის ხორციდან დამზადებული დანამატები, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად არის კვალიფიცირებული.  

ამერიკელი ინდუისტების სარჩელი იყო მხოლოდ ნაწილი იმ ფართომასშტაბიანი სასამართლო პროცესისა, რომელიც ინდოეთში დაიწყო. 1990 წლიდან კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ კარტოფილი მომზადდებოდა მხოლოდ მცენარეული ზეთის მეშვეობით, რაც სინამდვილეში მომზადების ერთ-ერთი სტადია ყოფილა. ჩრდილოეთ ამერიკაში, თავდაპირველად კარტოფილს ამზადებდნენ ძროხის ხორცისაგან მიღებული ცხიმით, ყინავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ამზადებდნენ მცენარეული ზეთის მეშვეობით.

ინდოეთში სწრაფი კვების ობიექტები ბოლო წლებში ძალიან პოპულარულია. ამ ქვეყანაში ძროხას წმინდა ცხოველად თვლიან, ამიტომაც მის ხორცს საკვებად არ იყენებენ. ინდოეთში “მაკდონალდსის” რესტორანთა ქსელში იმ მომენტისათვის 30 რესტორანი შედიოდა, მაგრამ იყიდებოდა ქათმის, ცხვრის ხორცისაგან და სხვა ვეგეტერიანული წესით დამზადებული კერძები. კომპანიის ხელმძღვანელობამ ოფიციალური ბოდიში მოუხადა ინდუისტებს, ვეგეტერიანელებსა და სხვებს, რომლებიც ვეგეტერიანულ საკვებს იყენებენ. გარდა ამისა განაცხადა, რომ მკაცრად დაიცავენ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ რელიგიურ სტანდარტებს იმ ქვეყნებში, სადაც რელიგიური მოსაზრებების გამო მენიუდან ამოღებულია ღორისა და ძროხის ხორცისაგან დამზადებული კერძები.

სასამართლო პროცესებში კომპანიას ძალიან არ უმართლებს. 1994 წელს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალმა “მაკდონალდსს” სასამართლო პროცესი მას შემდეგ მოუგო, რაც ძალიან ცხელი ყავით სერიოზული დამწვრობა მიიღო. კომპანიამ მხოლოდ ის შეძლო, რომ კომპენსაციის ოდენობა მოთხოვნილი 2 700 000-დან 500 000-მდე შეამცირა. კომპანიის წარმომადგენლები იმდენად გააოგნა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კლიენტის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის გამო, რომ ყავის ჭიქებზე ყველასათვის ადვილად მისახვედრი, სასაცილო გაფრთხილების წარწერის გაკეთება დაიწყეს: “ცხელი ყავა შესაძლებელია სახიფათო იყოს!”.

კომპანიისათვის კიდევ ერთი ხმაურიანი ინციდენტის მიზეზი გახდა ცხელი კიტრი. ამერიკელმა ვერონიკა მარტინმა ამერიკაში, ტენესის შტატში, ერთ-ერთ რესტორანში სტუმრობის დროს, ჰამბურგერში არსებული ცხელი, მწნილი კიტრისაგან, რომელიც ნიკაპზე მოხვდა, ისეთი დამწვრობა მიიღო, რომ კვალის გაქრობა შეუძლებელია. დაზარალებულმა ქალბატონმა საავადმყოფოს ანგარიშების დასაფარად, სახელფასო დანაკარგების, სხვა მორალური ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 110 000 დოლარი მოითხოვა. დამატებითი სარჩელი სასამართლოში ვერონიკას მეუღლემაც შეიტანა იმ მიზეზით, რომ “ცოლქმრული ურთიერთობის სიხარულს გარკვეული დროის განმავლობაში მოკლებული აღმოჩნდა!”. კომპენსაციის თანხად 15 000 დოლარი დასახელდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ კომპანიის მიერ გადახდილი კომპენსაციის რაოდენობა საიდუმლოდ დარჩა! ამ მომენტისათვის, იმ პაკეტებზე, რომლებშიც “მაკდონალდსის” მიერ დამზადებული კერძები თავსდება, ერთი შეხედვით სასაცილო, მაგრამ ყველასათვის აშკარა გაფრთხილებებს წაიკითხავთ, რომლის  გაუთვალისწინებლონა კლიენტების მხრიდან კომპანიას საკმაოდ ძვირი დაუჯდა!  

კომპანიის სასარგებლოდ გადაყვეტილება ამერიკის სასამართლომ 2003 წლის მაისის ბოლოს მიიღო. ნიუ-იორკის სასამართლოში “მაკდონალდსის” წინააღმდეგ სარჩელი რამდენიმე მოზარდმა შეიტანა, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმსუქნის გავრცელების შესახებ არსებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ ქვეყნის მოზარდი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ზედმეტი წონა აქვს, ხოლო 54 მილიონ ამერიკელს კლინიკური სიმსუქნის დიაგნოზი დაუსვეს. მათმა წონამ ნორმას 15 და მეტი კილოგრამი გადააჭარბა. ზედმეტი წონა ყოველ მეორე ამერიკელს აქვს. სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებით, ამერიკაში ყოველ წელიწადს ასობით ადამიანი კვდება. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ამერიკის წინა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა თანამემამულეებს მოუწოდა შეესრულებინათ ფიზიკური ვარჯიშები, დაეცვათ რეჟიმი სიმსუქნის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობის ხარჯების შესამცირებლად, რომელმაც შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. 

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მოსარჩლე მხარის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა სემუელ ჰერშმა განაცხადა, რომ კომპანია ნიუ-იორკის შტატის მომხმარებელთა უფლებებს არღვევს. შეგნებულად აიძულებს მათ იფიქრონ, რომ ჰამბურგერები და კარტოფილი ფრი ჯანსაღი საკვებია. მისივე აზრით, კომპანია არ წარადგენს ადეკვატურ ინფორმაციას იმ რისკის თაობაზე, რაც სწრაფ კვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ბავშვებში სწრაფად ვითარდება დიაბეტი, იმატებს სისხლის წნევა, რაც გასუქებას იწვევს. ნიუ-იორკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სიმსუქნით დაავადებული ამერიკელი მოზარდების სარჩელი, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი დაავადების მიზეზი “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტებია.

“კანონი არ ითვალისწინებს ისეთ სიტუაციას, რომელიც მათ საკუთარი თავშეუკავებლობისაგან დაიცავს”, - ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლე რობერტ სვიტმა. მანვე დაამატა, რომ მოსარჩლეებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ ის, რომ “მაკდონალდსის” პროდუქციას მიჩვევის ეფექტი გააჩნია. ამ სასამართლო პროცესსს ყურადღება მიაქციეს არა მარტო სწრაფი კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, არამედ ჯანსაღი საკვების დამკვიდრებისათვის მოძრაობის აქტივისტებმა.  

“მაკდონალდსის” წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, განაცხადა, რომ “გონიერებამ გაიმარჯვა. კომპანია ბოლო 30 წლის მანძილზე ყოველთვის წარადგენდა ინფორმაციას მომზადებულ პროდუქციაში შემავალი ინგრედიენტების შესახებ. მომხმარებელი სრულყოფილად არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების დროს”. სწრაფი კვების ობიექტების წარმომადგენლებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგანაც მოსარჩლე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამერიკის სასამართლოებში სიმსუქნით, სხვა დაავადებებით შეწუხებული ათასობით მოქალაქის სარჩელი შევიდოდა ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით, რაც თუნდაც ამერიკის მასშტაბით მილიარდობით დოლარს მიაღწევდა. ასეთი სიტუაცია უკვე დაფიქსირდა თამბაქოს ინდუსტრიაში. 

“მაკდონალდსს” ბოლო პერიოდის კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდება. 2002 წლის აგვისტოს ბოლოს სკანდალი ატყდა ნორვეგიაში, სადაც ამ კომპანიის სწრაფი კვების ობიექტებში ახალი ბუტერბროდი “მაკაფრიკა” გამოჩნდა. დიდი კამათი გამოიწვია თვით ამ ბუტერბროდის სახელწოდებამ. მოდავე მხარედ ნორვეგიული საქველმოქმედო ორგანიზაციები Church Aid, CARE Norway და წითელი ჯვრის ადგილობრივი განყოფილება გამოვიდნენ. მათი წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ არაეთიკურია ახალ პროდუქტს იმ კონტინენტის სახელწოდება ჰქონდეს, რომლის მოსახლეობის უმეტესობას შიმშილით სიკვდილი ემუქრება. სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ასეთი ჰამბურგერი ევროპის ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში გამოჩნდა. ყველაფერი სარეკლამო კამპანიით დაიწყო, როცა ნორვეგიის სხვადასხვა რაიონში დიდი სარეკლამო პლაკატები გამოფინეს მოწოდებით დაეგემოვნებინათ ახალი ჰამბურგერი, რომელიც “განსაკუთრებული აფრიკული გემოთი” გამოირჩევა.

ნორვეგიის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია Church Aid-ის წევრები კიდევ შორს წავიდნენ და “მაკდონალდსის” რესტორნები ალყაში მოაქციეს. იქ მისულ მოქალაქეებს მაღალენერგეტიკულ ნამცხვრებს ურიგებდნენ, რომელსაც აფრიკის უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა იღებს. ამ ნამცხვარმა ნორვეგიელების ყურადღება ვერ მიიქცია. ისინი “ალყაშემორტყმულ” რესტორნებში ახალი ჰამბურგერის დასაჭაშნიკებლად მაინც შედიოდნენ. მიუხედავად ასეთი მძაფრი წინააღმდეგობისა, “მაკაფრიკა” მენიუში დატოვეს, ხოლო მისი რეკლამა გაგრძელდა. ეს დავა კომპანიისათვის უფრო მშვიდობიანად დასრულდა. “მაკდონალდსის” წარმომადგენლებმა ნება დართეს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს აფრიკაში მათი მოღვაწეობის ამსახველი მასალები რესტორნებში სტენდებზე გამოეტანათ, თუმცა უარი განაცხადეს ბუტერბროდი “მაკაფრიკის” რეალიზებისაგან მიღებული შემოსავლის ნაწილი მათ ანგარიშებზე ჩაერიცხათ.

2003 წლის დასაწყისში, კომპანიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ მუშაობის მეთოდები დაუძველდათ, მენიუში ჯანსაღი, უფრო ხარისხიანი საკვების გამოყენების შესახებ გამოაცხადეს. მსოფლიოს უდიდესი რესტორნის ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი რესტორნების გახსნის ტემპებს შეამცირებდნენ. 2002 წელს, მსოფლიოს მასშტაბით 1000 ახალი რესტორანი გაიხსნა, ეს მაჩვენებელი 2003 წელს 360-მდე შემცირდა. ამ პერიოდში (2002 წლის დასაწყისიდან 2003 წლის იანვრამდე) გაყიდვების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2003 წლის დასაწყისში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ კვარტალური ზარალის შესახებ გამოაცხადა. ასეთი სიტუაცია კლიენტების შეშფოთებამ გამოიწვია, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში მენიუს უცვლელად დატოვება არ მოიწონეს, შიშს გამოთქვამდნენ ამ რესტორანთა ქსელში გამოყენებული პროდუქტების უსაფრთხოების შესახებაც.  

კომპანიამ მხარი დაუჭირა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის უფრო ფართოდ გამოყენებას. ადრე კომპანია უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა დიდი რაოდენობით ახალი რესტორნების გახსნას, სადაც იაფი ჰამბურგერები გაიყიდებოდა. ამჟამად, ხელმძღვანელობის აზრით, საჭიროა უკეთესის, თუნდაც ნაკლები პროდუქციის წარმოება. 2003 წელს კომპანია ახალი რესტორნების რაოდენობის შემცირების ხარჯზე ინვესტიციების მოცულობის შემცირებას გეგმავდა. ამ მიზნით, 2003 წელს 1,2 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო, რაც 800 მილიონით ნაკლები იქნებოდა წინა წელთან შედარებით. კომპანიამ იმავე პერიოდში დაგეგმა უმაღლესი ხარისხის ჰამბურგერის დამზადება, უფრო სასარგებლო ხორცით. უკეთესად უნდა მომზადებულიყო პერსონალი კლიენტების მომსახურების საკითხში. ყოველივე ეს მიმართულია “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტებზე წარმოდგენების უკეთესობისაკენ შეცვლისაკენ.

“სამყარო შეიცვალა, ჩვენი კლიენტები შეიცვალნენ, უნდა შევიცვალოთ ჩვენც!”, - განაცხადა კომპანიის მაშინდელმა მეთაურმა. სტრატეგიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებამ იმდენად გაახარა ინვესტორები, რომ აქციათა ღირებულებამ ერთი დღის განმავლობაში ერთბაშად 9%-ით მოიმატა. გერმანიაში შემუშავებულმა ახალმა სარეკლამო პოლიტიკამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ორწლიანი ფინანსური ჩავარდნის შემდეგ კომპანიის მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა. იმ პერიოდისათვის “მაკდონალდსის” ფინანსური მაჩვენებლების გამოსწორების მიუხედავად, კომპანიის სტრატეგიასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტი შიშს გამოთქვამდა. ისინი ვარაუდობენ, რომ კომპანიას შეიძლებოდა ძირითადი ბაზარი დაეტოვებინა. ხელმძღვანელობის მიერ გატარებული რეფორმები საფუძვლიანი და ღრმა სულაც არ არის.  

კომპანია “მაკდონალდსის” შავი ქრონიკა

“მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტებს გლობალიზაციის ნეგატიურ ნიმუშად წარმოადგენენ. ხშირად ეს რესტორნები ანტიგლობალისტებისა და ტერორისტების შეტევის ობიექტები ხდებიან. 

2000 წლის 19 აპრილი,  დინანი, საფრანგეთი,  აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. 

2001 წლის 24 თებერვალი, აფეთქება მოხდა პარიზში არსებულ “მაკდონალდსის” ერთ-ერთ რესტორანში. ეს ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 

2001 წლის სექტემბერში სტამბოლში მოწყობილმა აფეთქებამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ერთი დაშავდა. 

2001 წლის 16 დეკემბერს სიანში ტერორისტებმა ორი აფეთქება მოაყვეს, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი, ხოლო 28 ადამიანმა სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღო. 

ხუთი ტერორისტული აქტი დაფიქსირდა 2002 წელს. 2002 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვში დაიღუპა ერთი, დაიჭრა რვა ადამიანი, 2002 წლის 5 დეკემბერს ორი აფეთქება მოხდა ინდონეზიასა და ბომბეიში. საერთო ჯამში ორივე ტერორისტულმა აქტმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა. 2002 წლის 23 სექტემბერს, ლიბანში მოწყობილ ტერორისტულ აქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შვიდი ადამიანი დაიღუპა ფინეთში, 2002 წლის 11 ოქტომბერს მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად. 

უმსხვერპლოდ დასრულდა 2003 წლის 22 მარტს ათენში და იმავე წლის 15 ივნისს სიანში მოწყობილი ტერორისტული აქტები. 2004 წლის 24 ოქტომბერს სტამბოლში 6 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 2007 წლის 18 თებერვალს ასეთივე ტერორისტული აქტი სანკტ-პეტერბურგში დაფიქსირდა, სადაც 7 ადამიანი დაიჭრა.

ვეფხია სამსონიძე