ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
პოლიტიკის მედიატიზაცია და მედიატექნოლოგიები
#2(22), 2009

ჩვენს დროში პოლიტიკის წარმოდგენა შეუძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარეშე. მას-მედია პოლიტიკური პროცესის რეალიზაციის უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს. პოლიტიკას საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვა სახეობებთან შედარებით უფრო მეტად სჭირდება ინფორმაციული გაცვლის სპეციალური საშუალებანი, მუდმივი კავშირი სუბიექტებს შორის. თუკი, მაგალითად, ეკონომიკას ფუნქციონირება შეუძლია საბაზრო ეკონომიკის თვითრეგულირების საფუძველზე და ადამიანთა შეზღუდული, ურთიერთობის უშუალო ფორმების სიჭარბის პირობებში, პოლიტიკა შეუძლებელია ურთიერთობის გაშუალებული ფორმებისა და კავშირის სპეციალური საშუალებების გარეშე ხელისუფლების სხვადასხვა მატარებელთა შორის, აგრეთვე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის. ეს განპირობებულია თვით პოლიტიკის, როგორც კოლექტიური, რთული, ორგანიზებული, მიზანდასახული მოღვაწეობის ბუნებით.

პოლიტიკის მედიატიზაციის ფენომენი

მედია პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ჩვენს დროში პოლიტიკის წარმოდგენა შეუძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარეშე. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განეკუთვნება პრესა, მასობრივი ცნობარები, რადიო, ტელევიზია, კინო და აუდიოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერი. უკანასკნელ ათწლეულში კომუნიკაციის საშუალებები არსებით ცვლილებებს განიცდიან სათანამგზავრო კავშირის, საკაბელო რადიოსა და ტელევიზიის, ელექტრონული ტექსტური კომუნიკაციური სისტემების (ვიდეოეკრანული და საკაბელო ტექსტები), აგრეთვე ინფორმაციის დაგროვებისა და ბეჭდვის ინდივიდუალური საშუალებების (კასეტები, დისკეტები, პრინტერები) გავრცელების შედეგად. მკვლევარები დიდი ხანია მიუთითებენ თანამედროვე პოლიტიკისთვის დამახასიათებელ მედიატიზაციის ფენო-მენზე. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადაიქცნენ პოლიტიკური კომუნიკაციის ძირითად არხად. პოლიტიკა ემორჩილება მას-მედიის ფუნქციონირების შინაგან კანონებს. თავისი კომუნიკაციური თვისებების წყალობით მედიამ არსებითად შეცვალა:

- პოლიტიკის სტილი;

- სახელმწიფო ორგანოების ფორმირების პროცედურები;

- მმართველი ელიტის შერჩევის წესები;

- პოლიტიკური კამპანიების ჩატარების ხასიათი და ფორმები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პრაქტიკულად შესაძლებელი გახადა მრავალი დემოკრატიული და ტოტალიტარული იდეის განხორციელება, რომელიც ადრე უტოპიურად ჩანდა, მნიშვნელოვნად შეცვალეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის და განხორციელების ხერხები, მისი რესურსების სტრუქტურა. შედეგად, იმის ნაცვლად, რაც ადრე იწოდებოდა პოლიტიკად, დისკუსიების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ადგილს სულ უფრო მეტად იკავებს რაღაც სიმბოლური მოქმედებანი. ეს სიმბოლური პოლიტიკა ვლინდება იქ, სადაც პოლიტიკით არაფრის შეცვლა არ შეიძლება, სადაც მათ მიერ გაღვიძებული მოლოდინები არ შეიძლება დაკმაყოფილებული იქნას.  

ჩვენ ვისმენთ, ვკითხულობთ, ზოგჯერ კი ვხედავთ ფსევდომოვლენებს, რომლებიც ხდება იმდენად, რამდენადაც მათ შესახებ ყვებიან. ეს ფსევდომოვლენები კეტავენ გზას საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენებისა და კრიტიკული აზრებისადმი. შესაბამისად, კონკურენტული ბრძოლა ტირაჟისა და მაყურებელთა რაოდენობისათვის სულ უფრო ხშირად აიძულებს ჟურნალისტებს ხელოვნურად შექმნან მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსაგან, შენიშნონ არაჩვეულებრივი იქ, სადაც ის არაა, ეძებონ ყალბისენსაციები ან შექმნან კიდეც ისინი.

პოლიტიკის მედიატიზაციის ფენომენი იქმნება მას-მედიის ტექნოლოგიური კანონების ზეგავლენით პოლიტიკურ პროცესზე. პოლიტიკის მედიატიზაციის შედეგად ხდება პოლიტიკური ცხოვრების გადანაცვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სიმბოლურ სივრცეში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობის რეჟიმი გადაიქცა საჯარო პოლიტიკის უმნივნელოვანეს, თუმცა დაუწერელ კანონად.  

პოლიტიკური ბრძოლა ტრანსფორმირდება საინფორმაციო კამპანიების ციკლად, რომელთა აზრიც ხშირად დაიყვანება ცალკეული პერსონაჟების წინააღმდეგ მიმართულ პიროვნულ თავდასხმებზე. ეს პიროვნებები უკეთეს შემთხვევაში წარმოდგებიან როგორც გარკვეული შეხედულებების განსახიერება, უარეს შემთხვევაში კი მათ თავს ესხმიან როგორც უბრალოდ მოწინააღმდეგის გუნდის წევრებს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ზემოქმედების სხვადასხვა შესაძლებლობა და ძალა გააჩნიათ, რაც დამოკიდებულია პირველ რიგში ადამიანების მიერ მათი აღქმის წესზე. ყველაზე მასობრივ და ძლიერ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს აუდიოვიზუალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, პირველ რიგში კი რადიო და ტელევიზია.

სინამდვილის შესაბამისი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მძლავრ ზეგავლენას ახდენს პიროვნების საქმიანობის აქტივიზაციაზე პოლიტიკურ ურთიერთობათა სფეროში, ზრდის ადამიანთა დამოუკიდებლობის ხარისხს, არის გარანტი და წანამძღვარი მათი მსჯელობის დამოუკიდებლობის ზრდისა. თანამედროვე პირობებში ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის სრულყოფილებასა და ხარისხზე დამოკიდებულია სახელმწიფო ორგანოებისა და, საერთოდ, პოლიტიკის სუბიექტების საქმიანობის ეფექტურობა - სიტუაციის შეფასების ხარისხი და განვითარების ტენდენციების განსაზღვრა, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და შესაძლო შედეგების პროგნოზირება.  

ტელევიზია - მედიის დომინირებული სახეობა

 

ტელევიზია მედიის სხვა საშუალებებთან შედარებით გამოკვეთილი ლიდერია ადამიანებზე ზემოქმედების დამაჯერებლობისა და მათი ნდობის ხარისხის მიხედვით. როგორც ცნობილი ბრიტანელი სოციოლოგი ე. გიდენსი აღნიშნავს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მასმედიის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას ტელევიზიის გავლენის ზრდა წარმოადგენს. ძნელია იპოვო ანალოგი ისტორიაში, როდესაც რაიმე საინფორმაციო ფენომენმა ასეთ მოკლე ვადაში ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების ცხოვრებაზე, როგორიც ტელევიზიამ.  

ტელევიზია, ფაქტობრივად თითოეული ადამიანის სახლში შევიდა. თუკი დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნებული იქნება, მაშინ 18 წლის ასაკში ყოველი ამჟამად დაბადებული ბავშვი ტელევიზორთან უფრო მეტ დროს გაატარებს, ვიდრე ყველა სხვა საქმიანობას დაუთმობს, ძილის გარდა.

ტელევიზიის გამოჩენამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურაზე, რადგანაც მრავალი ადამიანი დღის განრიგს გარკვეული პროგრამების გარშემო ადგენს. ტელევიზორი ოჯახს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს მიმდინარე მოვლენების ამსახველი ინფორმაცია, ამასთან ერთად დასვენების, გართობის ორგანიზებასაც ახდენს. დასავლეთის ქვეყნებში საშუალოდ სატელევიზიო მიმღები დღეში ხუთიდან ექვს საათამდე მუშაობს. გამოთვლილია, რომ მოზრდილი ბრიტანელი ტელევიზორს სამ საათს უყურებს დღე-ღამეში.

ტელევიზიის ამგვარი სწრაფი გავრცელების მიზეზი, მისი როგორც მედიის საშუალების დამახასიათებელი ნიშნებით, არის:

- ტელეგადაცემები ძალზედ უბრალოა აღსაქმელად;

- ქმნის მოვლენასთან პირადი ყოფნის ეფექტს;

- ვიზუალური ინფორმაცია უფრო მისაწვდომი და დამაჯერებელია. ფსიქოლოგების აზრით, გარემომცველ სამყაროზე გრძნობადი ინფორმაციის 40%-მდე ადამიანი მხედველობის მეშვეობით იღებს. ვიზუალური ინფორმაცია, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს სიტყვიერ ან წერილობით ახსნას. მაყურებლის მიერ მიღებული ინფორმაცია ატარებს ხატოვან ხასიათს და, ამიტომ, მეტად მისაწვდომია.

ადამიანთა ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ისინი უფრო უჯერებენ იმას, რასაც ხედავენ, ვიდრე რასაც გაიგონებენ ან წაიკითხავენ. ე. გიდენსი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენების გაშუქება გაზეთისა და ტელევიზიის მიერ განსხვავდება, სატელევიზიო ვერსიისა სჯერა ორჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე საგაზეთოსი. არჩევნების დროს ადამიანები ხშირად ორიენტაციას ახდენენ არა კანდიდატების პროგრამისა და მათი პარტიული კუთვნილების მიხედვით, არამედ იმით, თუ რას იტყვის და აჩვენებს მათ შესახებ ტელევიზია.  

ტელევიზია, როგორც მედიის საშუალება, გარკვეული სპეციფიკით გამოირჩევა. ეს სპეციფიურობა განაპირობებს როგორც მის განსაკუთრებულ სიძლიერეს ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ისე ხარვეზებსაც და ნაკლოვანებებსაც, რაც აუცილებლად იჩენს თავს პოლიტიკის სფეროში სწორედ ტელევიზიის ზემოქმედებით.  

პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატელევიზიო ჟანრის სპეციფიკა, მისთვის დამახასიათებელი “ვიზუალურობის წნეხი”. ამ თვისების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავისი აუდიოვიზუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ტელევიზია ორიენტირებულია ძირითადად სანახაობითი ხასიათის ინფორმაცია გადასცეს. ვინაიდან მეცნიერული და სხვა სერიოზული ინფორმაცია ცუდად უთავსდება ეკრანულ გამოსახულებას, მათ “უტოვებენ” ბეჭდვით კომუნიკაციურ საშუალებებს და რადიოს.

ასეთი “შრომის დანაწილება” მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სავსებით დასაშვები და მიზანშეწონილი იქნებოდა დემოკრატიული საზოგადოებისათვის, თუკი მოხდებოდა მოქალაქეთა მიერ მედიასათვის დათმობილი დროის შესაბამისი გადანაწილება ჟურნალების, გაზეთებისა და წიგნების სასარგებლოდ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, ცნობილია, რომ გერმანიაში მოქალაქეები 5,3-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ ტელეგადაცემების ყურებაზე გაზეთების კითხვასთან შედარებით. “ვიზუალურობის წნეხიდან” გამომდინარეობს ტელე-ვიზიისთვის დამახასიათებელი ორი თავისებურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკისათვის:  

- ინფორმაციის მიწოდების ფრაგმენტულობა;

- პოლიტიკის რიტუალიზაცია და პერსონალიზაცია.

ინფორმაციის მიწოდების ფრაგმენტულ წესს მრავალი მკვლევარი მიიჩნევს სატელევიზიო ჟანრის სპეციფიკად, რადგანაც მედიის საშუალებებიდან ფრაგმენტულობა განსაკუთრებით გავრცელებულია ტელევიზიაში. ფრაგმენტულობას განაპირობებს ინფორმაციის ეკრანიზაციის შესაძლებლობანი. ამავე დროს ინფორმაციის ფრაგმენტულობა მაყურებლებისთვის რიგ სიძნელეებს განაპირობებს, მაგალითად, ინფორმაციის დაქუცმაცებას, რაც ქმნის მისი მრავალმხრივობისა და ოპერატიული მიწოდების მოჩვენებითობას და ხელს უშლის არაპროფესიონალებს (ასეთია მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა) ჩამოიყალიბონ პოლიტიკური მოვლენების მთლიანი სურათი. ის კომენტატორებს აუდიტორიით მანიპულირების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს - აქცენტის გაკეთებით მოვლენათა ერთ მხარეზე და სხვა ასპექტების მიჩუმათებით.

როგორც აღინიშნება, ინფორმაციის მიწოდების ფრაგმენტულობა საბოლოო ჯამში ახდენს მსმენელთა დეზორიენტაციას და განაპირობებს ორ ძირითად შედეგს აუდიტორიაში:  

- მაყურებელი იძულებულია დაენდოს კომენტატორის შეფასებებს;

- მაყურებელს უქრება ინტერესი და აპათიური ხდება პოლიტიკისადმი.

ტელევიზიისათვის დამახასიათებელი “ვიზუალურობის წნეხი” ვლინდება არა მხოლოდ ინფორმაციის ფრაგმენტულ მიწოდებაში, არამედ პოლიტიკური ცნობების რიტუალიზაციასა და პერსონალიზაციაში. ტელევიზია ამჯობინებს გადასცეს ის ინფორმაცია, რისი გადაცემაც შეიძლება ტელეკამერით, ე.ი. აჩვენონ კონკრეტული სახეები, საგნები და ა.შ. ამიტომ ეკრანზე დომინირებს ტელეობიექტივისთვის ადვილად მისაწვდომი დიპლომატიური და სხვა რიტუალები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, პრეს-კონფერენციები და ა.შ. ხოლო აბსტრაქტული დებულებანი, რომლებიც აჩვენებენ ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის სიღრმისეულ მიზეზებს, არ ექვემდებარება ვიდეოჩაწერას და, როგორც წესი, არ ხვდება გადაცემაში.

ინფორმაციის ასეთი მიწოდების შედეგად, პოლიტიკა უზომოდ პერსონალიზებულია, მაყურებელთა ყურადღება კონცენტრირებულია უმთავრესად პოლიტიკურ ლიდერებზე, რომელთაც, ამასთან, ჩვეულებრივ არც ეძლევათ შესაძლებლობა დაწვრილებით გადმოსცენ თავიანთი შეხედულებანი.  

ინფორმაციის ფრაგმენტაციას, რიტუალიზაციას და პერსონალიზაციას ტელევიზია მიჰყავს პოლიტიკური მოვლენების გარეთა, ზედაპირული მხარის ჩვენებისაკენ. არსობრივი კავშირები კი გაუხსნელი რჩება. სათანადო ყურადღების გარეშე რჩება თავად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც, რაც პოლიტიკის ღერძს წარმოადგენს. 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, განსაკუთრებით ტელევიზიის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მრავალი ტრადიციული “თამაშის წესი” პოლიტიკაში.

 

მედიატექნოლოგიების მნიშვნელობა პოლიტიკაში

პოლიტიკაში მედიატექნოლოგიების მნიშვნელობის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური საქმიანობის არსი. რა განსხვავებაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას შორის? საზოგადო მოღვაწე იყენებს თავის რესურსებს, მაგალითად, ავტორიტეტს, ფულს, დროს. ასე იქცევიან მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ რაიმე საზოგადოებრივ ინიციატივებს. პოლიტიკოსი კი, რომელსაც გააჩნია რაიმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მიზანი, რაც ამავე დროს მის პირად მიზნად იქცევა, მის მისაღწევად ახდენს “უცხო” რესურსების მობილიზებას. რა თქმა უნდა, ეს გამიჯვნა კონკრეტულ რეალობაში მეტად პირობითი შეიძლება აღმოჩნდეს და ერთმანეთს უთავსდებოდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა.  

რა გზით ახერხებენ პოლიტიკოსები “უცხო” რესურსების მობილიზებას და ერთმანეთის მეტოქეობის გაწევას ამ საქმეში? ისინი ერთვებიან პოლიტიკური კომუნიკაციების პროცესში. პოლიტიკა ადამიანთა დიდ ჯგუფებთან ურთიერთობას ნიშნავს. ამისათვის პოლიტიკური კომუ-ნიკაციებია საჭირო.  

პოლიტიკური კომუნიკაცია - ესაა ინფორმაციის წარმოება, გადაცემა და აღქმა, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკოსები ესწრაფვიან თავი მოუყარონ რაც შეიძლება მეტ “უცხო” რესურსს “საკუთარი” მიზნების მისაღწევად. პოლიტიკური კომუნიკაციების მეშვეობით ხდება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება (საზოგადოებრივი აზრი - მასობრივი მსჯელობებისა და შეფასებათა ერთობლიობა, რაც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესების შინაარსსა და ხასიათზე).

მედიისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება, სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. პოლიტიკაში რეალიზებადი მიზნები კოლექტიურ ხასიათს ატარებს და ამდენად ის აუცილებლად უნდა გაიცნობიერონ სივრცით გაყოფილი კოლექტივის წევრებმა (სახელმწიფო, ერი, ჯგუფები, პარტიები და ა.შ.). აუცილებელია ადამიანთა და ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია. ეს ყოველივე მოითხოვს ინფორმაციის გადაცემის სპეციალური საშუალებების გამოყენებას, სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უზრუნველყოფს ადამიანთა ნების ერთიანობას, მრავალი ადამიანის მოღვაწეობის მთლიანობას და ერთიან მიმართულებას.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ აგიტაცია-პროპაგანდისა და მარკეტინგული ტექნოლოგიები. აგიტაცია და პროპაგანდა ადამიანებზე საინფორმაციო კონტროლის ხერხებია. ისინი პოლიტიკურ ქმედებას მკაცრ სოციალურ მიმართულებას აძლევენ. პროპაგანდა არ უტოვებს ადამიანს არჩევანის შესაძლებლობას, თავს ახვევს გარკვეულ აზრებს, რწმენას, ქცევას.  

აგიტაცია-პროპაგანდის ტიპის საინფორმაციო ტექნოლოგიები  

აგიტაცია-პროპაგანდის ტიპის საინფორმაციო ტექნოლო-გიები მიმართულია ადამიანთა ცნობიერებისა და ქცევის კონტროლისაკენ. ამ დროს გამოყენებული ინფორმირებისა და კომუნიკაციის ხერხები და ტექნოლოგიები საბოლოო ჯამში მიმართულია მოსახლეობის როგორც პოლიტიკური რეაქციების, ისე მოთხოვნილებების ხელოვნური ფორმირებისკენ.  

ამ აზრით ინფორმირების ყველაზე ტიპურ ხერხებსა და მეთოდებს წარმოადგენს, რაც შეესაბამება აგიტაციის და პროპაგანდის მიზნებსა და ხასიათს: დეზინფორმაცია და მონაცემების ფალსიფიცირება, აგრეთვე ადამიანთა ცნობიერების მანიპულირება.  

დეზინფორმაცია ნიშნავს ტყუილის, ცილისწამების, ნახევარსიმართლის გამოყენებას. დეზინფორმაცია არცთუ იშვიათად ყოფილა სახელმწიფოს მასშტაბური საინფორმაციო კურსის საფუძველი. დეზინფორმაცია გამოიყენება არა მარტო საგარეო პოლიტიკაში ამა თუ იმ ქვეყნის ჭეშმარიტი მიზნების შესანიღბად, არამედ შიდა პოლიტიკაშიც. მისი კონკრეტული სახეებია ცრუ ცნობები კონკურენტების გეგმებისა და მიზნების შესახებ, მომხდარი ფაქტების დამალვა, ანდა მათი ტენდენციური შეფასება და კომენტირება და ა.შ.

დეზინფორმაციის ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიაა მართალი ინფორმაციის ნაწილობრივი, დოზირებული გამოყენება, რაც შესაძლებელს ხდის მოვლენა წარმოდგეს “საჭირო” და დამახინჯებული სახით. დეზინფორმაცია შეიძლება გამოვიდეს მანიპულაციური ტექნოლოგიების შემადგენელ ნაწილად. მანიპულირება არის ინფორმაციული ზემოქმედების განსაკუთრებული სახეობა, რომლის მიზანიცაა კომუნიკატორის მიერ საკუთარი მიზნების დამალვა, მაგრამ ამავე დროს რეციპიენტისთვის ისეთი განზრახვების აღძვრა, რაც ემთხვევა არა მის სურვილებს, არამედ მოცემული კომუნიკატორის ინტერესებს.

მანიპულირება არის ფარული, არააშკარა ინფორმირებისა და რეციპიენტის განზრახვების პროგრამირების ტიპი, აგებული მისი ნების იგნორირებაზე და მას განიხილავს მხოლოდ საშუალების სახით, უცხო ინტერესების განხორციელების იარაღად.  

კონტრაგენტის აზროვნებისა და ქცევის საგულდაგულოდ დამალული მართვის მიზნების მიხედვით შეირჩევა შესაბამისი საინფორმაციო ხერხები:  

• წყვეტილი და შერჩევითი ინფორმირება, როცა რეციპიენტს აწვდიან არასრულ ინფორმაციას მოვლენების შესახებ;

• “ინფორმაციის ზვავი”, რაც ადამიანს საშუალებას არ აძლევს განასხვაოს ერთმანეთისგან არსებითი და არაარსებითი, როდესაც ცნობიერებაში ენგრევა ორიენტირები და პრიორიტეტები და დაბნეულია;

• საინფორმაციო კლიშეების (ე.ი. მზა სახეების, მნიშვნელობების, სტერეოტიპების) გამოყენება, რომლებიც არ მოითხოვენ აზრობრივ დამუშავებას და იწვევენ ცალსახად დაპროგრამებულ რეაქციას, რაც ამცირებს ინფორმაციის კრიტიკულად აღქმის ზღურბლს;

• “იარლიყების მიწებება” მანიპულაციური ტიპის ტექნოლოგიების ყველაზე დამახასიათებელი და ფართოდ გამოყენებული ხერხია. მისი არსია ცალკეული პირებისა და მათი მოქმედებისთვის ცალსახად პოზიტიური ან ნეგატიური შეფასების მინიჭება;

• “ორმაგი სტანდარტების” გამოყენება მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შეფასების დროს;

• “ცრუ ანალოგია”, როდესაც ერთმანეთს ადარებენ არსებითად სხვადასხვა, მაგრამ გარეგნულად მსგავს მოვლენებს და ა.შ.

მანიპულაციური ტექნოლოგიებისთვის ასევე დამახასიათე-ბელია გაშლილ არგუმენტაციაზე უარის თქმა და მისი შეცვლა ფსიქოლოგიური შთაგონების ტექნიკით. მის ინფორმაციულ არსენალში შედის აქციები, რომლებიც ზემოქმედებენ მტკივნეულ სოციალურ წერტილებზე, მაგალითად სხვადასხვა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფრონტაციის ტრადიციაზე, ხელისუფლების ან ერთმანეთის მიმართ ეჭვებზე და ა.შ. ასეთი აქციები “თავისთავად” იწვევს ადამიანებში შიშს, შეშფოთებას, სიძულვილს.  

ფართოდ გამოიყენება დიფამაციაც, ე.ი. ვინმეს მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გავრცელება, ”ციფრებით თამაში” - სტატისტიკური მონაცემების იმგვარი კომბინაცია, რაც არსებული რეალობის სრულიად საწინააღმდეგო დასკვნების დასაბუთების საშუალებას იძლევა.

ინფორმირებისა და კომუნიკაციის აგიტაციურ-პროპაგანდისტული ფორმები და ტექნოლოგიები, როგორც წესი, განუყრელადაა დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალების პროვოცირებასთან, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომების წარმართვასთან, საინფორმაციო ტერორის განხორციელებასთან, რაც მიმართულია კონკურენტების რეპუტაციისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებისაკენ, აგრეთვე მათი სრული დისკრედიტაციისა და პოლიტიკური არენიდან განდევნისაკენ.

მარკეტინგული ტიპის ტექნოლოგიები 

მარკეტინგული სტრატეგიები ყალიბდება ინფორმაციაზე მოთხოვნილებისა და მიწოდების ურთიერთობების შესაბამისად და მიმართულია იმისკენ, რომ სუბიექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას იყოს მის განკარგულებაში. მარკეტინგული სტრატეგიები მიზნად არ ისახავს ადამიანთა ცნობიერების კონტროლს. ისინი მიმართულია ადამიანთა მიზნებზე ზემოქმედებისაკენ და არა მათი ცნობიერების კონტროლისაკენ. მარკეტინგული ტექნოლოგიები უფრო “აცდუნებენ” ადამიანს და არ მოითხოვენ დირექტიულად მათგან რაიმეს გაკეთებას.

მარკეტინგული ტიპის საინფორმაციო ტექნოლოგიის სახესხვაობას წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამა. პოლიტიკური რეკლამის არსია პოლიტიკური იდეის ან იმიჯის როგორც საქონლის გასაღება. რეკლამა ცდილობს ადამიანებში გამოიწვიოს რაღაცის გაკეთების სურვილი. პოლიტიკური რეკლამა წარმოადგენს ადამიანისათვის მიმართვის ფორმას, რომელიც ინფორმაციის თავისუფალი და კონკურენტული არჩევის პირობებში მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანს შეექმნას პოლიტიკური საქონლის (კანდიდატის, ინსტიტუტის, სიმბოლოს) დადებითი სახე. რეკლამა გულისხმობს ასევე შესაბამისი მხარდაჭერის ფორმირებასაც. 

პოლიტიკური რეკლამის როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიის გამომყენებელი (“რეკლამის შემკვეთი”) დაინტერესებულია არა იმდენად მოქალაქეთა ინფორმირებით, რამდენადაც მათი აზრით. საინფორმაციო ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის გამოტანით რეკლამა სტიმულს აძლევს ადამიანების მიერ პოლიტიკური პოზიციების თავისუფალ და შეგნებულ არჩევას, საზოგადოებაში ინარჩუნებს პოლიტიკისადმი პოზიტიურ განწყობას. 

ამა თუ იმ ინსტიტუტების, ლიდერების ან დოქტრინების დადებითი სახეების ფორმირებით, რეკლამას საინფორმაციო ბაზარზე თანმიმდევრულად გააქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები და ფასეულობანი. ამ აზრით პოლიტიკური რეკლამის ეფექტურობის კრიტერიუმებია, თუ რამდენად ცნობს და რამდენად უჭერენ მხარს ადამიანები რეკლამირებულ პოლიტიკურ საქონელს, რამდენად სარგებლობს ეს უკანასკნელი პოლიტიკური მხარდაჭერით. სარეკლამო ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთ არსებით თავისებურებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება ფასის გადახდის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სარეკლამო მასალების შინაარსი მაქსიმალურად კონტროლდება მისი გამავრცელებელი სუბიექტების მიერ და სხვებს (რედაქტორებს, ტელეპროგრამებს და ა.შ.) არ შეუძლიათ მისი თვითნებური შეცვლა.

კომერციული რეკლამისგან განსხვავებით, პოლიტიკური რეკლამა, როგორც წესი, შეიცავს ოპონენტების კრიტიკას, ახასიათებს იდეური პოზიციებისა და აქცენტების მკაცრი რეგლამენტაცია, დასაშვებია გადაჭარბებები, ახდენს სინამდვილის გამარტივებასა და დრამატიზირებას და ა.შ. რეკლამაში ხშირად გამოიყენება პოლიტიკის სამყაროს იუმორისტული ასახვაც. პოლიტიკური რეკლამა ზრდის ადამიანის პოლიტიკურ ყურადღებას და აქტიურობას, მაგრამ ამავე დროს არაა გათვლილი მისი კომპეტენტურობის, შეგნებულობის თვისობრივ ამაღლებაზე.

 

პოლიტიკური რეკლამის ტექნოლოგიები ზემოქმედებენ არა პოლიტიკური ცნობიერების აზრობრივ ელემენტებზე, არამედ ზედაპირულ, ემოციურ გრძნობად, სიტუაციურ ელემენტებზე, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დამოკიდებულების შეცვლა პოლიტიკური ობიექტებისადმი რეალურ დროში.  

სარეკლამო ტექნოლოგიების შინაარსი და ფორმები უაღრესად მრავალფეროვანია. ის დამოკიდებულია ადრესატზე, სარეკლამო ცნობების გავრცელების დროზე, სარეკლამო კამპანიის ხასიათზე, ადგილზე და სხვა ფაქტორებზე. ყველაზე ზოგადი სახით სარეკლამო ტექნოლოგიების კლასიფიცირება შემდეგი სახით შეიძლება მოხდეს:

• რეკლამირების აუდიო (რადიორეპორტაჟები, სარეკლამო ინფორმაციები, საუბრები) და ვიზუალური (ვიდეორგოლები, ტელედებატები და სხვ.) ხერხები;  

• სარეკლამო ცნობების გადაცემის ბეჭდური ხერხები (სტატიების პუბლიკაცია, მიმოხილვების შედგენა, ინტერვიუები და სხვ.);

• გარე რეკლამის მეთოდები (სარეკლამო ფარები, აფიშები, ტრანსპარანტები, ფურცლები, კედლებზე წარწერები, ე.ი. “პოლიტიკური გრაფიტი”);  

• პირდაპირი საფოსტო რეკლამის მეთოდიკა (საფოსტო გზავნილები კონკრეტული ამომრჩევლებისთვის);  

• სარეკლამო სუვენირების გავრცელების მეთოდები;  

• რეკლამის კომპიუტირიზებული ფორმები (ინტერნეტი, სპეციალური საინფორმაციო პროგრამები);  

• საზოგადოებასთან კავშირის ღონისძიებათა განხორციელება (მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები, პრეზენტაციები, მიტინგებსა და კონფერენციებზე გამოსვლა და ა.შ.).  

პოლიტიკური რეკლამის დასახელებული ხერხების თანაფარდობა პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, თუ მოსახლეობის რა ნაწილზეა მიმართული რეკლამა. მაგალითად, ტელედებატები შეიძლება გათვლილი იყოს ყველა ამომრჩეველზე, ხოლო ცალკეული ბეჭდური პუბლიკაციები - ელექტორატის ნაწილზე. 

სარეკლამო ტექნოლოგიების შინაარსი და ხასიათი შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს სიტუაციის, პოლიტიკური პროცესის ეტაპების მიხედვით.

საზოგადოებასთან კავშირის (PR-ის) ტექნოლოგიები

“ფაბლიკ რილეიშენზ”-ის ტექნოლოგიები არის საინფორმაციო-ანალიტიკური მოქმედებების სისტემა, რომლის პრინციპსაც წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების რეალიზების უზრუნველყოფა რეციპიენტისადმი პატიოსანი და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის საფუძველზე. “ფაბლიკ რილეიშენზი” ნდობის სტრატეგიაა, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა ურთიერთგაგების მისაღწევად. ესაა “ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება, რომელიც სიმართლესა და სრულ ინფორმირებულობას ემყარება”. 

PR-ის ფარგლებში შეიძლება ნაწილობრივ გამოყენებული იქნას ცალკეული ხერხები, რაც უფრო აგიტაციისა და პროპაგანდისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მთლიანობაში PR-ის ტექნოლოგიები მოტყუებასა და ფაქტების ფალსიფიცირებაზე პრინციპულად ამბობს უარს და გულისხმობს რეციპიენტის კომუნიკატორთან უკუკავშირების არსებობას. 

ასეთი პრინციპული მიმართულების წყალობით, PR ის ტექნოლოგიები მიზნად ისახავენ რეციპიენტებისთვის არსებული პოლიტიკური პრობლემების ახსნას, მათ თვალში კომუნიკატორის დადებითი იმიჯის შექმნას, დაგეგმილი მოქმედებების განსახორციელებლად ხელსაყრელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს შექმნას.

PR-ის ძირითადი პრინციპებია:

• ინფორმაციის ფლობა;

• კომუნიკატორისა და რეციპიენტის ორმხრივი სარგებელი;

• დაყრდნობა საზოგადოებრივ აზრზე. საზოგადოებისადმი პატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება.  

საინფორმაციო საქმიანობის ასეთი ორიენტაცია აჩვენებს, რომ ამ პრინციპებით მოქმედი კომუნიკატორები მიმართავენ არა უბრალოდ ინფორმაციის მომხმარებელს, არამედ პიროვნებას, რომელსაც საკუთარი შეხედულება აქვს პოლიტიკაზე. ამის გამო PR-ის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების პოზიციას, მუდამ აანალიზებენ მას და ითვალისწინებენ თავიანთი მოქმედების დროს. 

PR-ის ტექნოლოგიებს განასხვავებენ იმისდა მიხედვით, თუ რა ამოცანებს ასრულებენ. ეს ამოცანები მეტად მრავალფეროვანია:

კომუნიკატორის კავშირების უზრუნველყოფა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (public affairs);

პიროვნების დადებითი სახის ფორმირება (image making);

მასმედიასთან ურთიერთობის აგება (media relations);

აუდიტორიის მიერ ინფორმაციის აღქმის მართვა (massage management);

საინფორმაციო ცენტრების პერსონალთან, კადრებთან მუშაობა (employee communications);  

საზოგადოებრივი ექსპერტიზა (public involvement);

ინვესტორებთან ურთიერთობა (investor relations);  

პრეზენტაციული ღონისძიებების ჩატარება (special events);

კრიზისული სიტუაციების მართვა (crisis management).

PR-ის თითოეული დასახელებული მიმართულება წარმოადგენს ინფორმაციის მართვის სისტემას, რაც უკავშირდება ახალი ამბების წარმოების, აუდიტორიის ყურადღების მიზიდვის, კრიზისების ინტერპრეტაციის ამა თუ იმ ხერხს და ა.შ. ეს მიმართულებები ორიენტირებულია კომუნიკაციის სულიერი და პოლიტიკური გარემოს კონსტრუირებაზე. მთლიანობაში, ასეთი კომუნიკატორული ინჟინერია გამოხატავს პოლიტიკური კომუნიკატორების მისწრაფებას, თავს კი არ მოახვიონ ადამიანებს ესა თუ ის პოზიცია, არამედ დაიპყრონ მათი ცნობიერება იდეური მეთოდებით. ასეთ შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიები იქცევა დემოკრატიული საზოგადოების ინსტრუმენტად, რომლის დახმარებითაც მიღწეული უნდა იქნას თანხმობა, დამყარდეს კონსენსუსი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.  

მიუხედავად PR-ის ქვესისტემებისა და მიმართულებების განსხვავებისა, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები გულისხმობენ შემდეგს:

• მის აქციებში მონაწილე ადამიანები იდეურად ლოიალურნი არიან დეკლარირებული მიზნებისადმი;  

• ინფორმაციულ ნაკადებს თან სდევს ორგანიზაციული ცვლილებები;

• ინფორმირების უპატიოსნო ხერხების მინიმუმამდე დაყვანა;

• ორიენტაცია კონსენსუსურ ტექნოლოგიებზე;  

• პოლიტიკური მოქმედებების აუცილებელი საინფორმაციო მომზადება;

• კონტრაგენტების მოქმედებათა თვალისდევნება;

• მოქმედებათა კორექტირება და დაზუსტება;

• ისეთი აქციების გამორიცხვა, რაც საზოგადოებრივ აზრს ტრავმას აყენებს.  


მალხაზ მაცაბერიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)