ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ლიდერთა ხუთეული ქართულ აუდიტურ კომპანიებს შორის
#2(22), 2009

უკვე ათი წელია, რაც ყოველი წლის აპრილ-ივნისში საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ჟურნალში “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები” აქვეყნებს წინა წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო ქართული აუდიტური კომპანიების ოცეულს. პირველად ეს რეიტინგი “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” 2000 წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა, ბოლოს კი - 2009 წლის #5(113)-ში. აღნიშნული რეიტინგული მაჩვენებლები ყოველწლიურად საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს. ეს გასაგებიცაა - აუდიტური კომპანიის ამორჩევის დროს ხომ დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისდამი ნდობის ხარისხი. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ამ მაჩვენებლების საჯაროობისათვის ნამდვილად ეკუთვნის მადლობა როგორც აუდიტორული კორპუსისაგან, ასევე მეწარმეებისაგან.  

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება გადაამოწმოს აუდიტური ფირმების ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებსაც მას თავად ეს ფირმები უგზავნიან. ამიტომ შეიძლება მავანს ეჭვიც გაუჩნდეს: რამდენად სარწმუნოა ეს გამოქვეყნებული მონაცემები? ჩვენი აზრით, ეს მონაცემები დიდი ალბათობით სანდოა. ჯერ ერთი, წარმატებული აუდიტური კომპანიების მესვეურნი სერიოზული ხალხია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ტყუილი იკადრონ; მეორეც, რაც მთავარია, ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და რაც არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული ამა თუ იმ ფირმის მონაცემები, ინფორმაცია მაინც ჟონავს და რომელიმე ფირმის მიერ ტყუილის, ანუ მცდარი მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაში, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის (ცხადია, ეს ამ აუდიტური ფირმის იმიჯზე უკიდურესად ცუდად იმოქმედებს).

სხვათა შორის, ერთხელ ასეთი შემთხვევა ნამდვილად მოხდა, როდესაც გამოქვეყნდა აუდიტური ფირმების 2003 წლის მაჩვენებლები (იხ. “ააფი”, #6(54), 2004 წელი), სადაც ერთ-ერთ ფირმას არასწორი (მკვეთრად გაზრდილი) მაჩვენებლები ჰქონდა განცხადებული. სიმართლესთან შეუსაბამობა ძალიან სწრაფად გამომზეურდა, რის გამოც ეს აუდიტური ფირმა იძულებული გახდა, სტატისტიკური მაჩვენებლები შეესწორებინა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა აუდიტორული საქმიანობის საბჭომ ამ წლის რეიტინგული მაჩვენებლები დაზუსტებული სახით რამდენიმე თვის შემდეგ გამოაქვეყნა (იხ. “ააფი”, #9(57), 2004 წელი).  

ამავე ჟურნალში გამოქვეყნდა პირველი და ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი გამოკითხვის შედეგები ქართული აუდიტური კომპანიების პოპულარობის დასადგენად, რომელსაც სანდოდ მივიჩნევთ იმ მიზეზის გამო, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა აუდიტის სფეროს სპეციალისტებს, ანუ საქმეში რეალურად ჩახედულ ადამიანებს შორის (იხ. “ააფი”, #9(57), 2004 წ., გვ. 12).

აუდიტური კომპანიების რეიტინგულ მაჩვენებლებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო აქვეყნებს, ერთი მცირე ნაკლი აქვს: ისინი მხოლოდ ერთი, ანუ ბოლო წლის მაჩვენებლებს ასახავენ და დაინტერესებულ მკითხველს არ აძლევენ საშუალებას, ლიდერი აუდიტური კომპანიების მაჩვენებლების ცვლილებებს თვალი დინამიკაში მიადევნონ. ასეთი სურვილის შემთხვევაში მათ "ააფი"-ს გასული წლების შესაბამისი ნომრები უნდა მოიძიონ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ეს სამუშაო შეგვესრულებინა და შეგვესწავლა გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორ იცვლებოდა წლების მიხედვით ლიდერი ქართული აუდიტური კომპანიების სარეიტინგო მაჩვენებლები. ამისათვის ჩვენ ბოლო 5 წლის - 2004-2008 წლების მაჩვენებლები შევადარეთ ერთმანეთს და გავაანალიზეთ. რაიმე სუბიექტივიზმი წარმოდგენილი რეიტინგის დადგენის დროს გამორიცხულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი ანალიზი მხოლოდ და მხოლოდ რიცხობრივ მონაცემებზეა დაყრდნობილი, იმ ოფიციალურ მონაცემებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვეყნებს სახელმწიფო ორგანო - საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო (იხ. “ააფი”: #6(66), 2005 წ.; #5(77), 2006 წ.; #5(89), 2007 წ.; #5(101), 2008 წ. და #5(113), 2009 წ.).

სანამ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზს შემოგთავაზებთ, დავაზუსტებთ, რომ ჩვენი ინტერესის სფეროში მოექცნენ მხოლოდ ქართული აუდიტური კომპანიები, ანუ, ჩვენ არ განვიხილავთ იმ შედეგებს, რომლებიც აქვთ ე.წ. “დიდი ოთხეულის” წარმომადგენელ საერთაშორისო აუდიტურ კომპანიებს - “ერნსტ ენდ იანგი”, ”ფრაისვოთერჰაუსკუპერსი”, “დელოიტ ენდ ტუში” და “ქეი-ფი-ემ-ჯი”, იმის მიუხედავად, თუ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან წარმოდგენილნი ისინი საქართველოში. მათი ხვედრითი წილი საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე 2006-2007 წლებში 50%-ს აჭარბებდა, 2008 წელს კი, მართალია, ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია - 35%. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ მათი ავტორიტეტი საქართველოშიც ისეთივე უდავოა, როგორც საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში და მათთან ქართული აუდიტური კომპანიების შედეგების შედარებას არ დავიწყებთ. შესაბამისად, როცა ქვემოთ აუდიტური კომპანიების მიერ რეიტინგში დაკავებულ ადგილებს მივუთითებთ, მათ შორის არ იგულისხმება “დიდი ოთხეულის” წარმომადგენელი საერთაშორისო აუდიტური კომპანიების დაკავებული ადგილები.  

ამ დაშვების გათვალისწინებით, 2008 წელს საუკეთესო ხუთი ქართული აუდიტური კომპანიის (“ბიდიო ჯორჯია”, “იუ-ბი-სი ინტერნეშენელი”, “ალექსანდრე”, “ბეიკერ ტილი ჯორჯია” და “ცოდნისა”) წლიური ამონაგების სიდიდეები (რაც ძირითადი სარეიტინგო მაჩვენებელია) და ამ მაჩვენებლების მიხედვით დაკავებული ადგილები ბოლო 5 წლის განმავლობაში მოცემულია #1, 2 ცხრილებში, ხოლო ბაზრის ჯამური მაჩვენებლები - #3 ცხრილში. აღნიშნული ცხრილები ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოიცავს, მათ შორის, ადასტურებს, რომ ეს ხუთი აუდიტური კომპანია ნამდვილად იმსახურებს “ლიდერთა ხუთეულის” წოდებას ქართულ აუდიტურ კომპანიებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელი იყო გამორჩეული წელი რამდენიმე მიზეზის გამო:

1) 2008 წელი პირველი წელია განხილული ხუთწლეულიდან, როდესაც არ შეცვლილა წამყვანი ხუთეულის შემადგენლობა. გასულ წლებში წამყვან ხუთეულში ხდებოდა ერთი-ორი ცვლილება მაინც. სწორედ ეს მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ აღნიშნული 5 კომპანიის ლიდერობა დაფიქსირებულ ფაქტად მიგვეჩნია. საუკეთესო ხუთეულიდან სამი აუდიტური კომპანია წარმოადგენენ სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრებს: შპს “ბიდიო ჯორჯია” - “BDO International”-ის; შპს “იუ-ბი-სი ინტერნეშენელი” - “PKF International”-ის; შპს “ბეიკერ ტილი ჯორჯია” - “Baker Tilly International”-ის. განსხვავებული პოლიტიკა აქვს არჩეული შპს აუდიტურ კონცერნ “ცოდნისა”-ს, რომელიც არ აპირებს არცერთ საერთაშორისო აუდიტორულ ქსელში გაწევრიანებას და საკუთარი ბრენდით გეგმავს მუშაობის გაგრძელებას;

2) 2008 წელი პირველი წელია განხილული ხუთწლეულიდან, როდესაც ადრინდელ ლიდერს (ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში) შპს “იუ-ბი-სი ინტერნეშენელს” პირველობა ჩამოართვა შპს “ბიდიო ჯორჯიამ”. თუ განვლილ წლებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ აუდიტური კომპანიის გალიდერება მოსალოდნელი ფაქტი იყო. ეს კომპანია 2004 წ. სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მე-7 იყო ქართულ აუდიტურ კომპანიებს შორის, 2004 წლის მაჩვენებლების მიხედვით - მე-5, 2005 წლის მაჩვენებლების მიხედვით - მე-4 და შემდეგ ყოველ წელს მისი სარეიტინგო პოზიცია 1 ადგილით უმჯობესდებოდა. მისი ლიდერობა რომ დამსახურებულია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ კომპანიამ განიცადა ყველაზე დიდი ზრდა ამ ხუთ ლიდერს შორის. კერძოდ, შპს “ბიდიო ჯორჯიას” 2008 წლის მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (ანუ, 2004 წელთან შედარებით) გაუმჯობესდა 6,6-ჯერ. აღნიშნულ პერიოდში შპს აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” მაჩვენებელი გაიზარდა 4,9-ჯერ, ხოლო შპს “ალექსანდრეს” - 4,7-ჯერ. აღსანიშნავია ის, რომ ეს სამივე აუდიტური კომპანია წლიდან წლამდე აუმჯობესებს თავის ძირითად სარეიტინგო მაჩვენებელს. მოსალოდნელია, რომ ზოგადი კრიზისის მიუხედავად, როგორც “ცოდნისა”, ასევე “ალექსანდრე” მომავალ წლებშიც გააუმჯობესებენ თავიანთ მაჩვენებლებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს წლებში მათ “ბიდიო ჯორჯიას” გადაუსწრონ;  

3) 2008 წელს, პირველად ბოლო ხუთწლეულის განმავლობაში, ხუთი ლიდერიდან ორის - შპს “იუ-ბი სი ინტერნეშენელის” და შპს “ბეიკერ ტილი ჯორჯიას” სარეიტინგო მაჩვენებელი გაუარესდა წინა წელთან შედარებით (თუმცა, არა არსებითად). ალბათ ეს ნაწილობრივ გლობალური კრიზისის ზეგავლენით აიხსნება, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს აუდიტორული ბაზრის 3%-იანი შემცირება (იხ. ცხრილი #3). საერთოდ, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ არც ერთ აუდიტურ კომპანიას ჩვენს მიერ გამორჩეული ხუთეულიდან არ ჰქონია არსებითი ჩავარდნა არც ერთ წელს, ხოლო სამი მათგანი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ყოველ წელს აგრძელებენ ზრდას. შედარებისათვის, რეიტინგით #6 ქართულ აუდიტურ კომპანიას (შპს “აუდიტი და ფინანსური კონსალტინგი”) ჰქონდა სერიოზული ჩავარდნა 2006 წელს 2005 წელთან შედარებით. მისი წლიური ამონაგები 2006 წელს შეადგენდა 265,3 ათას ლარს, რაც ორჯერ ნაკლებია მის 2005 წლის მაჩვენებელზე - 531,2 ათასი ლარი; 

4) 2008 წელს, პირველად ბოლო ხუთწლეულის განმავლობაში, შემცირდა ჩვენს მიერ გამორჩეული ხუთი ლიდერი კომპანიის ხვედრითი წილი ბაზარზე - ის ამჟამად 38,3%-ს შეადგენს, მაშინ როცა ერთი წლის წინ 46,4%-ს შეადგენდა. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე გაძლიერდნენ საშუალო ზომის აუდიტური კომპანიები, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, “კონკურენტებს არ სძინავთ”. 

მიუხედავად ამ ბოლო ფაქტორისა, მოსალოდნელია, რომ ხუთივე აღნიშნული აუდიტური კომპანია უახლოეს წლებში შეინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერების პოზიციებს. ამის თქმის საფუძველს მათი მაღალი იმიჯი და წლების განმავლობაში მიღწეული სტაბილურად კარგი მაჩვენებლები გვაძლევს. შესაძლოა, რომელიმე წელს სხვა აუდიტური კომპანიებიც დაწინაურდნენ და ეს “ხუთეული” შეავიწროვონ, მაგრამ რეალური ლიდერის სტატუსის დასამკვიდრებლად მათ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა აჩვენონ მაღალი შედეგები, როგორც ეს უკვე შეძლეს ჩვენს მიერ გამორჩეული “ხუთეულის” წევრებმა.  

სარეიტინგო მაჩვენებლების მნიშვნელობის მიუხედავად, მათი როლის გადაჭარბებაც არ შეიძლება. ვფიქრობთ, ის აუდიტური კომპანიები, რომლებიც მიზნად დაისახავენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მაღალ რიცხობრივ მაჩვენებლებს მიაღწიონ, შეცდომას დაუშვებენ და ადრე თუ გვიან, წააგებენ. ყველაზე მთავარი მაინც მომსახურების ხარისხია. ვინც შეძლებს სტაბილურად ხარისხიანი მომსახურების გაწევას, სწორედ ის კომპანიები იქნებიან ხანგრძლივად წარმატებულნი და საბოლოო ჯამში სწორედ ისინი მიაღწევენ შემოსავლებსაც და რეალური ლიდერის სახელსაც.  

გიორგი გვაზავა, თემურ იობაშვილი


შპს "ალექსანდრე"    
დაარსებულია 1996 წლის 12 აპრილს. კომპანიის პრეზიდენტია ვიაჩესლავ ბერაძე. საქმიანობის სფერო:
1. აუდიტორული მომსახურება (ყოველთვიური, კვარტალური, წლიური აუდიტი);
2. ბუღალტრული მომსახურება;
3. საკონსულტაციო მომსახურება საფინანსო, საბუღალტრო და საგადასახადო სფეროში.

     შპს "ბეიკერ ტილი ჯორჯია"   
  
დაარსებულია 1996 წლის 14 ივნისს. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო "საქართველოს აუდიტორული კორპორაცია". შემდგომ კომპანია გაერთიანდა Baker Tilly International-ის საერთაშორისო აუდიტორულ ქსელში და 2003 წლის 1 მარტიდან ფუნქციონირებს "ბეიკერ ტილი ჯორჯია"-ს სახელით. 
კომპანიის მმართველი პარტნიორია ივანე ჯელია.   


     შპს "ბიდიო ჯორჯია" 
  
დაარსებულია 1999 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის საწესდებო კაპიტალია 35 000 ლარი.
პარტნიორები:
ზურაბ ლალაზაშვილი - მმართველი პარტნიორი;
ლევან მკლავიშვილი - უფროსი პარტნიორი;
ივანე ჟუჟუნაშვილი - აუდიტის პარტნიორი;
მიხეილ ენუქიძე - საგადასახადო პარტნიორი;
ჯაბა მკლავიშვილი - შეფასების პარტნიორი.
შპს "ბიდიო ჯორჯია" წარმოადგენს ერთ-ერთი წამყვანი ქართული აუდიტური კომპანიის - "თბილისის მენეჯერები და კონსულტანტების" სამართალმემკვიდრეს, რომელიც 2009 წლის 1 აპრილიდან გახდა BDO International-ის წევრი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული მომსახურება, ასევე ქონებისა და ბიზნესის შეფასება. შპს "ბიდიო ჯორჯიას" მინიჭებული აქვს "პრივილეგირებულ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის" (ACCA) აღიარებული დამსაქმებლის სტატუსი.


      შპს "იუბისი ინტერნეშენელი"
 
დაარსებულია 2000 წლის 9 მარტს. კომპანიის პარტნიორები არიან დავით გვეტაძე, მიხეილ აბაიაძე და ვახტანგ ცაბაძე. წარმოადგენს წამყვან ქართულ აუდიტურ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც ეწევა პროფესიულ მომსახურებას მენეჯმენტის, აუდიტის, საგადასახადო, იურიდიული და საბუღალტრო კონსულტაციის სფეროში, ასევე ბიზნესის და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქონების შეფასებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2000 წლიდან 2005 წლის აგვისტომდე კომპანია იყო საერთაშორისო აუდიტური კომპანიის "PriceWaterCoopers"-ის პარტნიორი საქართველოში. 2005 წლიდან "PriceWaterCoopers"-მა თავისი ქართული ოფისი გახსნა, რის შემდეგაც შპს "UBC International"-მა დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა.
2002 წელს შპს "UBC International" საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა 2001 წლის ღია კონკურსის ლაურეატის წოდებით - "ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი" ეროვნული მეურნეობის დარგში.  
დღეისათვის შპს "UBC International" არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია PCAOB (Public Company Accounting Oversight Board)-ის მიერ და უფლება აქვს ჩაატაროს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე კოტირებული კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.
2008 წლიდან "UBC International" არის აუდიტორული კომპანიების საერთაშორისო ქსელის PKF International-ის წევრი. ქსელი მოიცავს 120 ქვეყანას, სადაც ქსელის 200-ზე მეტი წევრი კომპანია მუშაობს.

     შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"
  
დაარსებულია 1997 წლის 23 ივნისს. კომპანიის საწესდებო კაპიტალია 50 000 ლარი.
მმართველი პარტნიორები არიან გიორგი ცერცვაძე, გელა ჩადუნელი და მაია ცერცვაძე, აღმასრულებელი დირექტორია დავით სიჭინავა.
კომპანია ეწევა ყველა სახის აუდიტორულ მომსახურებას, საგადასახადო კონსალტინგს და ბუღალტრულ მომსახურებას. 2002 წლის აპრილში შპს "ცოდნისა" გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩატარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისათვის აუდიტური კომპანიების შერჩევის მიზნით.
აუდიტური კონცერნი "ცოდნისა" წარმოადგენს ჰოლდინგური ტიპის კომპანიას, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილობილი საწარმო, მათ შორის - აუდიტური კომპანია შპს "ააფ კონსალტინგი", რომლის სპეციალიზაციაა საწარმოთა ბუღალტრული მომსახურება. სხვა შვილობილი საწარმოებია: შპს "ააფ-მენეჯმენტი" (ყოველთვიური ჟურნალის - "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" გამომცემელი); შპს "იბერ-ინფო" (ქართული საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის - "ინფო ბუღალტერის" მწარმოებელი) და შპს "სოფტ-ინფო" (სპეციალიზაცია - პროგრამული შეკვეთების შესრულება).