ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
საქართველოში ფოლადის წარმოება ბრუნდება
#2(22), 2009
  
გადაყრილი ნარჩენების წყალობით წამოწყებული ბიზნესი  

თითქმის ოცი წელია, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ქართული ფოლადის გამოდნობაზე ძველი მეტალურგები აღარც კი ოცნებობდნენ. სხვადსხვა დროს, ეგრეთ წოდებულმა ინვესტორებმა, მარტენისა და დოლომიტის უზარმაზარი საამქროებისგან, სადაც ქართული თუჯისა და ფოლადის გამოდნობა ხდებოდა, ნანგრევებიც აღარ დატოვეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უნიკალურ ღუმელებზე, რომელიც ჯართად გაიყიდა. დღეს, როგორც სს “ქართულ ფოლადში” აცხადებენ, ფოლადის გამოდნობაზე ოცნება საჭირო აღარ არის, რადგან ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ქართული ფოლადი სულ მალე გამოიწრთობა. ორი პირველი ფოლადსადნობი ღუმელი “ქართულმა ფოლადმა” უკვე შეიძინა, საწარმოს ტერიტორიაზე ახალი ფოლადსადნობი კომპლექსის მშენებლობაც პრაქტიკულად დასრულებულია. ახალ ღუმელებსა და დანადგარებს თურქი და ჩინელი სპეციალისტები დაამონტაჟებენ.  

“ჩვენ ახალ ფოლადსადნობ კომპლექსს ვაშენებთ. დანადგარების 80% უცხოეთიდან უკვე ჩამოვიტანეთ, ეს არის ე.წ. “ციცხვის ღუმელი”, “უწყვეტი ჩამოსხმის ხაზი” და სხვადასხვა სახის დანადგარები. დანარჩენი დანადგარები, მაგალითად “ინდუქციური ღუმელი”, სულ მალე გვექნება ადგილზე. ივლისის მეორე ნახევარში ოცდაათამდე უცხოელი სპეციალისტი ჩამოვა. მოკლედ, ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ პირველ თხევად ქართულ ფოლადს მივიღებთ”, - აცხადებს “ქართული ფოლადის” ფინანსური დირექტორი გივი გიგინეიშვილი. 

რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში ფოლადსადნობი კომპლექსის ამოქმედების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ წელიწადში 80 ათას ტონა თხევად ფოლადს მიიღებენ. 

“წელიწადში ამ ეტაპზე, დაახლოებით 80 ათას ტონა თხევად ფოლადს მივიღებთ. ორი 15-ტონიანი ღუმელი იმუშავებს. ფოლადსადნობი კომპლექსი ე.წ. “არმატურის საამქროს” ანუ წვრილსორტულს მოემსახურება. მანამადე, სანამ ამ ღუმელებზე დავიწყებდით მუშაობას, წვრილსორტული საამქროსათვის არმატურის გამოსაშვებად ნამზადს ცალკე ვყიდულობდით და ვგლინავდით. ახლა ჩვენი თხევადი ფოლადი გვექნება, რომელსაც ჩავასხამთ სპეციალურ ფორმებში ანუ უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარში. მიღებული ნამზადისგან კი მივიღებთ არმატურას. ანუ აქ უკვე მთლიანი ციკლი იკვრება. თხევადი ფოლადიდან დაწყებული, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით - არმატურით, ყველაფერი ჩვენი იქნება”, - ამბობს გივი გიგინეიშვილი.

ბუნებრივია, ფოლადის გამოდნობას ჯართი სჭირდება,  თუმცა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე და ზოგადად, საქართველოში ჯართის მარაგი თითქმის აღარ არსებობს. თუ აქამდე საქართველოდან ჯართი - ფერადი და შავი ლითონები აქტიურად გაედინებოდა, შესაძლოა რამდენიმე წელში ქართველ მეტალურგებს წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის - ჯართის ყიდვა, ქვეყნის გარეთაც კი დასჭირდეთ. რუსთავში “ქართულ ფოლადს” საკმაოდ ძვირადღირებული - ცხრა მილიონ დოლარიანი ფოლადსადნობი კომპლექსის მშენებლობა საწარმოს ტერიტორიაზე შემორჩენილი თუ გადარჩენილი ჯართის იმედად ნამდვილად არ დაუწყია. ქარხნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ადგილზე ჯერ კიდევ არის ბევრი გამოუსადეგარი შენობა, რომლის დაჭრაც შეიძლება, მაგრამ ჯართის ეს მარაგი შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი წელი ეყოთ.  

“ქართულ ფოლადს” ქარხანასთან ერთად საკუთრებაში ე.წ. წიდასაყარიც ერგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა და პრინციპში, კომუნისტების პერიოდში სწორედ ასეც უწოდებდნენ, რუსთავის მეტალურგიული კომბინატიდან გატანილი ნარჩენები - ე.წ. წიდა იყრებოდა და ნელ-ნელა გროვდებოდა, მანამდე, სანამ ბიზნესმენმა ოთარ დოლიძემ გადამუშავების ტექნოლოგიას არ მიაკვლია და საკმაოდ სერიოზული და რენტაბელური ბიზნესიც არ წამოიწყო. წიდის გამოყენება მან სამშენებლო მასალებში ჯერ კიდევ 1989 წლის 21 თებერვლით დათარიღებული საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის - ოთარ ჩერქეზიას განკარგულებაზე დაყრდნობით დაიწყო. 

ოთარ დოლიძეს წიდასაყარს და მასზე დამყარებულ საკმაოდ მომგებიან ბიზნესს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა და შემდგომში უცხოელი ინვესტორებიც ედავებოდნენ. საბოლოოდ ოთარ დოლიძისათვის წიდასაყარის ტერიტორიის წართმევა, რა თქმა უნდა, მასზე დაგროვილი წიდით, მხოლოდ რუსულ-იტალურმა კომპანია “არესმა” შეძლო. მორიგი “ჯართიპარია” ინვესტორის გაძევების შემდეგ კი წიდასაყარი, ისევე როგორც რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, სახელმწიფო საკუთრებად მანამდე დარჩა, სანამ აუქციონის წესით არ გასხვისდა. “ქართული ფოლადის” ფინანსური დირექტორი გივი გიგინეიშვილი წიდას ხორცის ხარშვისას დაგროვილ ქაფს ადარებს. 

“რა არის წიდა? აი ხაშლამას რომ ხარშავ და თავზე ქაფი მოადგება, სწორედ ასეა. როდესაც ქარხანაში ფოლადს ხარშავდნენ ანუ ადნობდნენ, თავზე რაღაც ნალექი გროვდებოდა. ეს არის შლაკი ანუ წიდა. ეს წიდა 41 წლის მანძილზე მეტალურგიული ქარხნიდან გადიოდა და იღვრებოდა. აქ ორი სახეობის წიდა იყო, ერთი - დომენი ანუ თუჯის ღუმელების წიდა, მეორე - მარტენის ანუ ფოლადის. ეს ორივე სახეობის წიდა ვაგონში იღვრებოდდა, აქედან დაახლოებით სამ კილომეტრში მიჰქონდათ და მიწაში იყრებოდა. წლები გავიდა და ეს მასა “გამდიდრდა”.

იქედან გამომდინარე, რომ საბჭოთა პერიოდში ტექნოლოგია განვითარებული არ იყო, წიდას თან ძალიან ბევრი მეტალი მიჰყვებოდა და ძალიან გამდიდრებული იყო. დღეს ასეთი წიდა მსოფლიო მეტალურგიაში აღარ არსებობს, რადგან ფოლადის გამოდნობის ტექნოლოგია ძალიან დაიხვეწა და მეტალს მაქსიმალურად ეკონომიურად ხმარობენ. წლების წინ ეს წიდა არავის არ გადაუმუშავებია, მოგეხსენებათ კომუნისტების პერიოდში ყველაფერი ულევი იყო. წიდასაყარის სპეციალურ ტერიტორიაზე, სადაც ეს ნარჩენები იყრებოდა, ჩვენ “ამკომის” ფირმის წიდის გადამამუშავებელი სპეციალური ხაზი შევიძინეთ. ეს დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაჯდა. ამ ხაზს აქვს სპეციალური მაგნიტური სეპარატორები, რომელსაც კომპიუტერი მართავს. დანადგარში სხვადასხვა ფრაქციის წიდას ყრი, სადაც მინიმალური შემცველობა მეტალის 60%-ია, ჯართს მხოლოდ 30-40% გაურევთ, დანარჩენს წიდას ჩავყრით და ამ გზით თხევად ფოლადს მივიღებთ,” - აცხადებს გიგინეიშვილი.  

როგორც “ქართულ ფოლადში” ამბობენ, ერთი ტონა წიდის ამოღება მხოლოდ 27 ლარი უჯდებათ, ტონა ჯართი კი 200 ამერიკული დოლარი ღირს. არმატურისათვის საჭირო ფოლადის ნამზადი რომ მხოლოდ ჯართით გამოუშვან, ხარჯი დიდი იქნება, წიდის გამოყენებით კი, უზარმაზარი ეკონომია კეთდება. პროდუქციის გასაღების პრობლემა მისი ხარისხის გამო, არ იარსებებს.  

“ამ ღუმელებისა და წიდასაყარის მეშვეობით თხევადი ფოლადის წარმოების თვითღირებულება ძალიან დაბალი იქნება. ჩვენ ISO 9001-2000 ხარისხის მართვის სერთიფიკატი გვაქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არმატურა ძირითადად ექსპორტზე - ბულგარეთში, კვიპროსზე, აზერბაიჯანში, სომხეთში გაგვქონდა. ასევე ყიდულობდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა “სტენკორი” და “გლენკორი”. აქედან გამომდინარე, ბაზარი ჩვენთვის ღიაა და თუ ფასიც მისაღები იქნება, გასაღების პრობლემაც არ იარსებებს”, - აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.  

ფოლადსადნობ კომპლექსში აგვისტოდან 250 მეტალურგი დასაქმდება. როგორც ადგილზე გვითხრეს, ეს მხოლოდ ადგილობრივი კადრები იქნებიან, რომელთა სპეციალურ მომზადებას 30 თურქი და ჩინელი სპეციალისტი მოახდენს. უცხოელი მეტალურგები კადრების მომზადებისა და ფოლადსადნობი საამქროს გაშვების მიზნით, რუსთავში სამი თვე დარჩებიან.

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მეპატრონე, ბიზნესმენი ჯოზეფ კეია. “ქართული ფოლადის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქარხნის მფლობელი კიდევ გეგმავს საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას. ფოლადსადნობი საამქროს გაშვების შემდეგ, 2009 წლის ბოლოს ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება. ახალი პროექტი ნავთობის ჭაბურღილის მილის წარმოებისათვის საჭირო ნამზადის გამოშვებას უკავშირდება.

“ქართულმა ფოლადმა” ეკონომიკური კრიზისის ფონზე მილსაგლინავი საამქროსათვის მილნამზადის შესყიდვისა და მილების წარმოების პროცესი დროებით შეაჩერა. ქარხანაში ვარაუდობენ, რომ 2010 წლისათვის საკუთარი ნამზადი არა მარტო არმატურის, არამედ მილების წარმოებისათვისაც ექნებათ. ფოლადსადნობი კომპლექსი, როგორც “ქართულ ფოლადში” აცხადებენ, ცხრა მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. ჩადებული თანხის ამოღებას საწარმოში ძალიან მალე ვარაუდობენ, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროდუქციის ასეთი დაბალი თვითღირებულება მსოფლიოში არც ერთ მეტალურგიულ საწარმოს არა აქვს. მართალია წიდის მარაგი მუდმივი არ იქნება, თუმცა ადგილობრივი გათვლებით, ის მინიმუმ ოცი წელი მაინც ეყოფათ, ამ პერიოდში კი ბაზარზე ფასით საკმაოდ კონკურენტუნარიანები იქნებიან.  

ქარხნის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საკმაოდ რენტაბელური ინვესტიცია განხორციელდა. “მართალია, რაც კი გიგანტი საწარმოები იყო, თითქმის ყველამ 50%-ზე დაიყვანა წარმოება, ხალხი გაუშვა, ზოგმა წარმოება მთლიანად გააჩერა, მაგრამ ვისაც ახლა ფული აქვს, ის განვითარებას მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ვისაც წარმოება გაჩერებული ჰქონდა, კვლავ გასაშვებად ამზადებს. ვთქვათ, თუ მილსაგლინავი ან სორტული საამქრო ჰქონდა, მისი რემონტი და გათანამედროვეობა დაიწყო”, - დასძენს “ქართული ფოლადის” ფინანსური დირექტორი. 

რუსთავში მეტალურგიული ქარხნის გარდა, კიდევ რამდენიმე წვრილი და საშუალო მეტალურგიული საწარმოა. მათ რიცხვს მიეკუთვნება “რუსმეტალიც”. საწარმოს დღეისათვის მხოლოდ ერთი ფოლადსადნობი ღუმელი აქვს და წელიწადში 12 ათას ტონა ფოლადს უშვებს. “რუსმეტალის” ხელმძღვანელი მინდია მინდელი მიიჩნევს, რომ “ქართული ფოლადის” ინვესტიცია საკმაოდ მომგებიანი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სწორედ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში განხორციელდა. 

“ჩვენ მხოლოდ ერთი ღუმელი გვაქვს და წელიწადში 12 ათას ტონა ფოლადს ვაწარმოებთ. მე რამდენადაც ვიცი, ფოლადსადნობი კომპლექსის მშენებლობა “ქართულმა ფოლადმა” ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე დაგეგმა, დანადგარები და ღუმელებიც უკვე შეკვეთილი ჰქონდათ. მეორე ის, რომ ეს კრიზისი შეიძლება კიდევ ერთი, ან წელიწადნახევარი ან უფრო მეტი ხანიც გაგრძელდეს და ასე 5-10 წელი ხომ არ გავჩერდებით. ჩვენ სექტემბერში კიდევ მეორე ღუმელის გაშვებას ვაპირებთ. კრიზისი რომ არის, უნდა გამეჩერებინა საწარმო და დავლოდებოდი, როდის გაივლიდა?! ასეთი მიდგომა ჩემი აზრით არასწორია. რაც უფრო მეტი ღუმელი გექნება, თვითღირებულებას დაუწევ და უფრო რენტაბელური გახდები. ჩერდებიან დიდი წარმოებები, კომბინატები 30-40% დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაველოდოთ, როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი. უნდა საქმე ვაკეთოთ, ახლაა მეტი საკეთებელი”, - ამბობს მინდია მინდელი. 

“ქართულ ფოლადში” კრიზისის დაძლევას, როგორც ჩანს, რამდენიმე მილიონიანი პროექტების განხორციელებით ცდილობენ. დღეისათვის კი უნდა აღინიშნოს, რომ მეტალურგიულ ქარხანაში პრაქტიკულად ყველა საამქრო, წიდის გადამამუშავებელის გარდა, გაჩერებულია. როგორც ჩანს, საწარმოს ამუშავებასა და “წიწილების დათვლას” იქ შემოდგომაზე აპირებენ.

მარინე ვარდოშვილი