ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
ამინდის იმედად მიტოვებულ მიწებზე წელს ცუდი მოსავალი მოვიდა
#2(22), 2009

“ალოობა-2009” ივნისში, სიღნაღის რაიონიდან დაიწყო და მარცვლეულის აღება ძირითადად ივლისის ბოლოს დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, წელს შარშანდელთან შედარებით ხორბლის ბევრად ცუდი მოსავალია. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის არკადი მექერიშვილის თქმით, კახეთში წელს ხორბლის ძალიან მცირე მოსავალი მოვიდა. მისი თქმით, ასეთი მოუსავლიანი და მძიმე წელი დიდი ხანია არ ყოფილა. თუმცა, ეს მოსაზრება ძირითადად მცირე მიწის მეპატრონეებს ეხება, სადაც ფერმერებს საკუთარი ტრაქტორები არა აქვთ და დამოკიდებულები არიან სხვაზე. ავტოპარკის სიმწირის გარდა, წელს კახეთში გაცილებით უარესი პრობლემა უამინდობამ მოიტანა.  

საქართველოში ხორბალი კახეთის გარდა ქართლშიც მოჰყავთ, თუმცა, მთლიან რაოდენობაში ქართლის ნათესებს ნაკლები წილი უჭირავს. “ბიზნესი და მენეჯმენტი” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შეეცადა მიმდინარე ინფორმაციის მიღებას, თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა არც მიმდინარე ინფორმაცია მოგვაწოდა და ვერც სამინისტროს რომელიმე თანამშრომელთან დაგვაკავშირა, ვინც საქმის კურსში იქნებოდა ალოობის მიმდინარეობის შესახებ. ამიტომ, სტატიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხოლოდ ის მცირე ინფორმაციები გვაქვს, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ვნახეთ. მაგალითად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აღიარებს, რომ წელს ქვეყანაში ხორბლის მწირი მოსავალია. “გვალვამ ხორბლის მოსავალი კახეთში მნიშვნელოვნად შეამცირა. მართალია ნათესების გარკვეული წილი ქართლშიც გვაქვს და მოსავლის მხრივ იქ უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ შესაძლოა იმპორტირებული ხორბლის წილის გაზრდა მაინც მოგვიწიოს,“ – განაცხადა ბაკურ კვეზერელმა რადიო “კომერსანტის” ეთერში. 

იმავე “კომერსანტის” ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამტკიცებს, რომ წელს ქვეყანაში შარშანდელთან შედარებით ხორბლის უფრო დიდი მოსავალი იქნება. „თუ შარშან ერთ ჰექტარზე აღებული ხორბალი საშუალოდ 2 ტონა იყო, წელს 1,6 ტონა იქნება, თუმცა ნათესების ფართობი როგორც კახეთში, ასევე ქართლში გაიზარდა და შესაბამისად, საერთო ჯამში წლევანდელი ხორბლის მოსავალი შარშანდელთან შედარებით მეტი იქნება“. 

“ბიზნესი და მენეჯმენტი” სიტუაციაში გასარკვევად კახეთს ესტუმრა და ალოობის შესახებ კახეთის რეგიონში ყველაზე მსხვილი ფერმერული გაერთიანების – შპს “ბეგიკომპანის” დირექტორ ოთარ მათნაძეს ესაუბრა. “ბეგიკომპანის” საკუთრებაში აქვს 1600 ჰექტარი მიწა, წელს დამატებით ნაქირავები ჰქონდა 600 ჰექტარი. სულ 2200 ჰექტარიდან ხორბალი იყო დათესილი 1900-ზე. “ბეგიკომპანის” ხორბლის ყანები ძირითადად ალაზნის ველზე ჰქონდა – 1500 ჰექტარზე, დანარჩენი 400 ჰექტარი კი შირაქში. ოთარ მათნაძე ადასტურებს, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო,  თუმცა უამინდობამ გაცილებით ისინი დააზარალა, ვისაც საკუთრებაში მცირე ნაკვეთები აქვს.  

“ჩვენ ვადები დავიცავით, დროულად დავთესეთ, სასუქიც თავის დროზე შევიტანეთ და აქედან გამომდინარე, მოსავალი მივიღეთ. ალაზანზე საშუალოდ 3,5 ტონამდე ავედით. შარშან უკეთესი იყო, მაგრამ, არც ეს არის ცუდი შედეგი. მინიმუმ 3 ტონას რომ მიიღებ, ნორმალურია. სხვა ქვეყნებთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მაგრამ, ეს მაინც ამინდზეა დამოკიდებული. წელს ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. გლეხობამ მიიღო ძალიან დაბალი მოსავალი: 1,4-2 ტონა. თავთავი, მთლიანად რომ უნდა შევსებულიყო, შეივსო ნახევრად. წვიმა როცა საჭირო იყო, მაშინ არ მოვიდა. შირაქში კი წელს საერთოდ არ ვარგა მოსავალი”. 

ოთარ მათნაძე ამბობს, რომ საქართველო წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 750 ათას ტონა ხორბალს. მოწეული მოსავალი კი საშუალოდ 180-200 ათას ტონას არ აღემატება. თუმცა, მისივე თქმით, საუკეთესო წლებში 300-350 ათასი ტონაც კი ყოფილა მოსავალი. “ბეგიკომპანის” დირექტორი ამბობს, რომ თუ უცხოეთის ქვეყნების მაგალითს მივბაძავთ და მოსავლიანობის გაზრდას მოვახერხებთ, მაშინ საქართველოს მთელ სახნავ-სათეს ფართობზე მოწეულმა ხორბალმა შეიძლება 650 ათას ტონასაც კი მიაღწიოს. თუმცა, ამას დიდი შრომა და ამინდის მხრიდან დიდი გამართლებაც სჭირდება.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში სახნავ-სათესი მიწების ფართობი სულ არის 802 ათასი ჰექტარი. ასე იყო კონფლიქტების დაწყებამდე. დღეისთვის დაახლოებით 744 ათასი ჰექტარია სახნავ-სათესი, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. აქედან, დედოფლისწყაროში არის 55,9 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი, სიღნაღში 42 ათასი ჰექტარი. სულ, საქართველოში დაახლოებით არის 560 ათასი, რომელზეც შეიძლება დაითესოს ხორბალი. მთელი ფართობი მთლიანად ვერ ითესება, რადგან ხორბალი ერთსა და იმავე ნაკვეთში შეიძლება დაითესოს ზედიზედ 2 წლის მანძილზე. მესამე წელს უკვე სხვა კულტურით უნდა ჩანაცვლდეს. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად შეიძლება დაითესოს 200 ათას ჰექტარზე.  

ხშირად არის გამოთქმული მოსაზრებები, რომ, საქართველოში ხორბლის მოყვანას სახელწიფო ნორმალურ ყურადღებას არ უთმობს. სამაგიეროდ, დიდია იმპორტი. რეალურად, რა ჯდება ადგილზე ხორბლის მოყვანა და უწევს კი კონკურენციას ფასით და ხარისხით საზღვარგარეთიდან შემოტანილ მარცვლეულს?

ოთარ მათნაძე ამბობს, რომ ხორბალის მოყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება. შარშან კარგი მოსავალი იყო – საშუალოდ 4-5 ტონა ჰექტარზე. ამან მისცა საშუალება გლეხებს, ყველა ხარჯები დაეფარათ და ჰექტარზე დაახლოებით 2-2,5 ტონა ხორბალი მოგება დარჩათ. ანუ, თუ ჰექტარზე 2 ტონაზე ნაკლები მოვიდა, შეიძლება ითქვას, ფერმერი გარანტირებულად ზარალზე მიდის. წელს დაახლოებით 25%-ით მეტი ფართობი იყო დათესილი. “ბეგიკომპანის”, ასევე საკუთარი წისქვილკომბინატი, საკუთარი ავტოპარკი, თესლის მწარმოებელი ქარხანა აქვს სართიჭალაში. სწორედ სართიჭალის ქარხანაში ხდება ხორბლის გაწმენდა, გადამუშავება, შეწამვლა – მოკლედ, დასათესად გამზადება. “ბეგიკომპანიში” ამბობენ, რომ საკუთარ ფართობზე ბევრი ჯიშის ხორბალს თესავენ, თუმცა, ალაზნის მიწაზე ყველაზე საუკეთესოა “უფხო პირველი”, “პობედა 50”, “კრასნოდარი 99”. “წელს შემოტანილი გვქონდა და დაახლოებით 25 ჯიში გვეთესა. თურქეთიდან, გერმანიიდან, ფრანგული ჯიშები იყო...”, - ამბობს ოთარ მათნაძე.  

მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც საუკეთესო მოსავლის მიღებას ხელს უშლის, არის მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული სახნავ-სათესი მიწები. გვერდი-გვერდ მოსაზღვრე მცირე ფერმერები ერთდროულად ვერ ამუშავებენ მიწას, სხვადასხვა ჯიშის ხორბალს თესავენ, რაც ხშირად ორივე ნაკვეთისთვის ცუდია, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებს ხმარობენ, რომელიც თუ ერთი ჯიშის ხორბლისთვის წამალია, ამ დროს სხვა ჯიშის ხორბლისთვის შეიძლება საწამლავი იყოს და ასე შემდეგ. ამიტომაც, მაქსიმალური მოსავლის მისაღებად მსხვილი ფერმერული გაერთიანება გარდაუვალი პროცესი იქნება. მცირე ნაკვეთების მფლობელებს გაცილებით ძვირი უჯდებათ როგორც მიწის დამუშავება, ასევე მოსავლის აღება-ტრანსპორტირება. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა “ბეგიკომპანიში”. 

“ჩვენთვის 1600 ჰექტარის მოვლა, რადგან საკუთარი ტექნიკა გვაქვს, ნამდვილად მომგებიანია და ხარისხიანადაც ვამუშავებთ. ტექნიკის დაქირავების შემთხვევაში გაცილებით ძვირი ჯდება დამუშავება. უკვე სამი წელია, რაც მიწები შევიძინეთ და ყოველ წელს უკეთეს შედეგს ვაღწევთ. გასულ წელს 5,5 ტონაზე ავედით. ძალიან კარგი მოსავალი იყო და დაახლოებით მილიონნახევარი ლარის მოგებით დავამთავრეთ წელი სოფლის მეურნეობაში”.

შირაქში წელს “ბეგიკომპანისთვისაც” ძალიან ცუდი მოსავალი იყო. უკვალოდ ჩაიარა შირაქის ნაკვეთებში გვარჯილის შეტანამ – წვიმა არ მოვიდა და მიწაში ჩასვლის ნაცვლად სასუქი ჰაერში აორთქლდა. საბოლოოდ 1 ჰექტარზე საშუალოდ 800 კილოგრამი ძლივს მოვიდა. მცირე შეღავათი ერთი ის იყო, რომ მოსავლის აღების დროს დიზელის საწვავი იყო გაიაფებული და დაახლოებით 1-1,1 ლარი ღირდა. სამაგიეროდ თესვის დროს საწვავი უკვე 2 ლარი ღირდა. საშუალოდ კი ერთი ჰექტარის დამუშავება და ბოლოს მოსავლის აღება 700-800 ლარი ჯდება. 

რატომ არის ზარალიანი მცირე ფართობზე ხორბლის მოყვანა

გაცილებით რთული მდგომარეობაა მცირე ნაკვეთის მქონე ფერმერებისთვის. “ბიზნესი და მენეჯმენტი” “ახალგაზრდა ფერმერთა სახლის” თავმჯდომარის მოადგილე შოთა ცუკოშვილს ესაუბრა, რომელსაც ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში 4 ჰექტარზე ჰქონდა წელს ხორბალი დათესილი. შოთა ცუკოშვილი ამბობს, რომ წელს ყვარლის რაიონში მოსავლიანობამ 1 ჰექტარზე საშუალოდ 1,5-2 ტონა შეადგინა, როცა შარშან საშუალოდ 4 ტონა იყო მოსავალი. ფერმერი წლევანდელ წელს ძალიან წარუმატებელად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის რამდენიმე მიზეზია.

მთავარი უამინდობაა. გვალვამ ისე გააფუჭა ნათესები, რომ ცუკოშვილის თქმით, დედოფლისწყაროს რაიონის ზოგ ნაკვეთში მოსავლის ასაღებად კომბაინები არც კი შევიდნენ. სადაც ფერმერებმა მაინც აიღეს მოსავალი, ზოგ ნაკვეთზე აღებულმა ხორბალმა 500-700 კილოგრამს ძლივს მიაღწია. არადა, საშუალოდ 2-3 ტონა მოდის ხოლმე. შოთა ცუკოშვილი ხელის შემშლელ პირობად ასევე კომბაინების დეფიციტსაც ასახელებს. როდესაც სასწრაფოდ არის ყანები ასაღები, კომბაინები ვერც აუდიან მთელი ფართობების სწრაფად ათვისებას. ამ დროს კი კომბაინერები ცდილობენ დიდ ნაკვეთებში შევიდნენ, რადგან მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. მცირე ნაკვეთები აუღებელი რჩება. ყოველი დაგვიანებული დღე კი მოსავლის შემცირებას იწვევს, მეტადრე მაშინ, თუ ალოობას წვიმა დაერთო. ისედაც დაგვიანებული მომკის დროს მოსულმა ძლიერმა წვიმამ შეიძლება მთელი მარცვლის მიწაში ჩაბნევა და მოსავლის მთლიანად დაკარგვაც გამოიწვიოს.

“ახალგაზრდა ფერმერთა სახლის” თავმჯდომარის მოადგილე საყურადღებო პრობლემად ასევე ფერმერების განათლების დეფიციტს ასახელებს. შოთა ცუკოშვილი ამბობს, რომ ცუდი მოსავლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, ფერმერები ყანების ხელოვნურ მორწყვას რომ ერიდებიან. “მელიორაციის გარეშე მოსავალი არ გაიზრდება 5-6 ტონამდე. უცნაურია, მაგრამ, არის ნაკვეთები, სადაც მოსარწყავი წყალი არის, მაგრამ არ რწყავენ – ხორბალს აფუჭებსო”.  

ასეთ პირობებში ხორბლის მოყვანა შოთა ცუკოშვილს არამომგებიანად მიაჩნია. “მომგებიანი ეს ბიზნესი მაშინ იქნება, თუ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავალი მოვიდა. 4 ტონაზე ნაკლები თუ იქნება, ეს ნიშნავს რომ არის წამგებიანი. დიდი ხარჯი აქვს ხორბლის მოყვანას. საზღვარგარეთ ჰექტარზე 7-8 ტონა ხორბალი რომ მოჰყავთ, ეს მელიორაციის სისტემის გამართულობით და ფერმერების სწორი მიდგომით მიიღწევა”. 

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანას” ექსპერტი ნუკრი მემარნიშვილი ბიზნესისთვის პერსპექტიულად მიიჩნევს ბიო-მეთოდებით ხორბლის მოყვანას და შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა პურის გამოცხობას. “ბევრს ენატრება რასაც მართლა ქართული პური ჰქვია და რაც მართლაც, ქართული ხორბლიდან არის გამომცხვარი”. თუმცა, ამ შემთხვევაში ხალხში უნდა იყოს მოთხოვნა ასეთ პურზე, რაც დღეს არსებულ პურთან შედარებით მართალია ბევრად გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ამავე დროს ფასითაც უფრო ძვირი ჯდება. ჯერჯერობით კი, ასეთ პროდუქციას არც მეწარმეები სთავაზობენ ბაზარს და არც ბაზრიდან ჩანს მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა პურზე.

ნუკრი მემარნიშვილი ამბობს, რომ ნელ-ნელა იზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, ვინც საკუთარ ნაკვეთში ქართული ხორბლის მოყვანას ირჩევს. მისი თქმით, ქართული ხორბალი მაღალი მოსავლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით გამძლეა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ჯიშები – ახალციხის წითელი დოლი, კორბოულის წითელი დოლი 1 ჰა-ზე შეიძლება 3,5 ტონამდეც კი მოვიდეს, თუმცა, ძირითადად, 1,5-2,5 ტონაა მოსავლიანობა.

რესპონდენტი ერთ საინტერესო შემთხვევაზეც ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთმა ფრანგმა ფერმერმა საქართველოდან წაიღო ქართული ხორბალი და იქ დათესა. მოსული ხორბლისგან პურიც გამოაცხო, რაც თითქმის იგივე იყო, რაც საქართველოში მოყვანილი ხორბლისგან გამომცხვარი პური. საყურადღებოა, რომ, ევროპა სულ უფრო მეტად ირჩევს ბიოპროდუქციას და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით მოყვანილ ქართულ ხორბალს შესაძლოა ბიზნესის მხრივ გარკვეული შანსიც გაუჩნდეს. სხვა შემთხვევაში, შემოტანილ ხორბალს ადგილობრივი წარმოება კონკურენციას თითქმის ვერ უწევს. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა – 4 თვით გაჩერებულია ფქვილის იმპორტი.  

“ბეგიკომპანის” დირექტორი ოთარ მათნაძე ამბობს, რომ მოსახლეობისგან წელს 3 ათას ტონამდე ხორბალი შეისყიდეს. საშუალო ფასი იყო 41 თეთრი კილოგრამზე. “წელს მივიღეთ ხორბალი, რომელიც შარშან, რუსეთიდან შემოტანილ ხორბალს ჯობდა. აბსოლუტურად არაფერს ვურევთ ამ ხორბალში – პირდაპირ ვფქვავთ და ვაგზავნით ფქვილს. ჩვენს გარდა მსგავსი მეურნეობები სხვებსაც აქვთ. თუმცა ყველაზე მეტი ფართობი დღეს ჩვენ გვაქვს 1600 ჰა საკუთრებაში, 600 - იჯარით. გვაქვს 2 წისქვილკომბინატი - წნორში და თბილისში. მოთხოვნა არის, პროდუქცია ახლა 100%-ით გვეყიდება. რეალიზაცია ზამთარში კახეთში ცოტა ჭირს. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ხორბალს მოიხმარს და პურს შინ აცხობს”. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების წახალისებას, “ბეგიკომპანიში” ამბობენ, რომ ფქვილის იმპორტი ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ წარმოებას. ამჟამად კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სექტემბრამდე ფქვილი არ შემოვა. ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ შემოტანილი ფქვილი სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

“ამან აშკარად შეგვიწყო ხელი და ამჟამად თითქმის 100%-ით ვყიდით ფქვილს. თანაც ისეთ ფასში შემოდიოდა, წისქვილკომბინატები თითქმის უმუშევრად იყვნენ დარჩენილები. შარშან, დაახლოებით 2 მილიონი ლარი ვიზარალეთ, რადგან ხორბლის ფასი დაეცა. ასევე ფქვილი შემოიტანეს იაფად და ჩვენ დავზარალდით. ადრე თუ 45 ლარად ვყიდდით ტომარას, იძულებული გავხდით 35 ლარად გაგვეყიდა”. დღეის მდგომარეობით მართალია იმპორტი შეჩერებულია, მაგრამ ხორბალი შემოდის, შესაბამისად მუშაობს ადგილობრივი წისქვილკომბინატები. ოთარ მათნაძე ამბობს, რომ ფქვილის იმპორტის შეჩერებამ მთელი საქართველოს მასშტაბით აამუშავა წისქვილკომბინატები და ამ სფეროში კონკურენციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.  

“დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. ყოველდღიურად 700 ტონით მოიმატა გამოშვებულმა პროდუქციამ. წისქვილკომბინატები დასავლეთ საქართველოში გაჩერებული იყო და ისინიც აამუშავეს. სენაკში გახსნეს ყაზახებმა ქარხანა. ერთადერთი დიდუბის წისქვილკომბინატი გაჩერდა, სამაგიეროდ, სხვა ახალი მოთამაშეები გაჩდნენ ბაზარზე და საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ სფეროში. დავითვალე და იწარმოება 2-ჯერ მეტი ფქვილი, ვიდრე საქართველო მოიხმარს. ამიტომ გამოდის, უნდა იმუშაოს 6 თვე და დანარჩენი 6 თვე გაჩერებული იყოს. საქართველოდან ფქვილის გატანა თითქმის არ ხდება. შეიძლება კონკურენციამ ისიც მოიტანოს, რომ ზოგიერთი წისქვილკომბინატი გაკოტრდეს და დანარჩენებმა განაგრძონ მუშაობა. წისქვილკომბინატებმა ასევე საკუთარი პროდუქციის გასაღების მიზნით, საკუთარი მაღაზიები გახსნეს”.

“ბეგიკომპანიში” ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარზე მათი წილი დაახლოებით 20-25%-ია. წნორში გამოშვებული “დოლაბი” “ქვის პურისთვის” გამოიყენება, ხოლო “ალაზნის ველი” შოთის გამოსაცხობად. თბილისში 2 დასახელების ფქვილს უშვებენ: “ამაგი” და “მადლი”. ოთარ მათნაძე ამბობს, რომ სექტემბერში ყველა წისქვილკომბინატს შორის ყველაზე დიდი წარმოება მათი იქნება. კომპანია თბილისში ხსნის “ბიულერის” წარმოების ქარხანას, რომელიც დღეში 350 ტონა ხორბალს გადაამუშავებს.

“ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთი არის რუსეთში და მეორე ჩვენ გვაქვს გერმანულ-შვეიცარიული დანადგარები. ძალიან ძვირი დაგვიჯდა – 15 მილიონი ლარი, როცა სხვა წისქვილები 2 მილიონი ჯდება, მაგრამ სხვამ თუ 10 წელი უნდა იმუშაოს, ამას 50 წელი აქვს მუშაობის ვადა; სხვას თუ მუშახელი 40 ადამიანი უნდა, ამ წისქვილს 5 ადამიანი ჰყოფნის. ცუდი ხორბალი რომ ჩაყარო – არ ფქვავს, ყველაფერს თვითონ არეგულირებს. ახლა მიდის მონტაჟი – გერმანელები არიან ჩამოსულები”.

“ბეგიკომპანის” მთლიანობაში დასაქმებული ჰყავს 200-მდე ადამიანი. ცალკე ავტოპარკში, ცალკე წისქვილკომბინატებში და ცალკეც საკუთარ საცხობებში. იმის გამო, რომ ერთ ციკლში აქვთ მოყვანილი მთელი წარმოება, სხვებთან შედარებით პროდუქცია ბევრად იაფი უჯდებათ. “გასულ წელს 1 კგ ხორბალი 17-18 თეთრი დაგვიჯდა. ყველა სეგმენტს აქვს საკუთარი მოგება: გვაქვს მიწები, მოგვყავს ხორბალი, ხორბალი შეგვაქვს წისქვილკომბინატში, მერე ფქვილი საცხობში შეგვაქვს და პურს ვყიდით. მთლიანობაში ყველაფერი უფრო იაფი გვიჯდება და ყველას ცალ-ცალკე აქვს მოგება”, - ამბობს ოთარ მათნაძე.  

წლევანდელი ალოობის ზუსტ მონაცემებს ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა, წინასწარი პროგნოზის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ხორბლის მოსავლისთვის წელს საკმაოდ ცუდი წელი იყო. ასევე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ სოფლად ტრაქტორების და კომბაინების დეფიციტია; მოსაგვარებელია მელიორაციის საკითხები და ასევე ფერმერთა განათლების მხრივ საკმაოდ ბევრია სამუშაო. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, სოფლის მეურნეობაში გარკვეულ წინსვლას რომ მიაღწიოს.