ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ინტერვიუ
ინტერვიუ “რუსთავწყალის” ხელმძღვანელ ნოდარ შეროზიასთან
#2(22), 2009
  
მინი-დოსიე  

ნოდარ შეროზია - დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს სენაკის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა სენაკის რაიონის სოფელ უშაბათის საშუალო სკოლა. 1975-78 წლებში სწავლობდა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მექანიზაციის ფაკულტეტზე. 

1984 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა ამავე ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1984 წელს რუსთავის #2 მექანიზაციის სამმართველოში დაიწყო მუშაობა მექანიკოსად. შემდეგ, 1987 წლიდან, #4 მექანიზაციის სამმართველოში მუშაობდა მთავარ მექანიკოსად. 1989 წელს რუსთავში ტექნიკური კომპლექტაციის ბაზის უფროსად გადაიყვანეს.

1990 წელს #2 მექანიზაციის ბაზის უფროსად დანიშნეს. #2 მექანიზაციის სამმართველოს პრივატიზაციის შემდეგ, 1994 წლიდან ნოდარ შეროზია აღნიშნული ორგანიზაციის აქციების მფლობელი და მეპატრონე გახდა. 2005 წლიდან დღემდე არის “რუსთავწყალის” დირექტორი. ორჯერ, 1998 და 2006 წლებში, ის დაასახელეს წლის საუკეთესო ადამიანად რუსთავში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 - ბატონო ნოდარ, 1994 წელს, როცა თქვენ ბიზნეს-საქმიანობა წამოიწყეთ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო. არანაკლებ რთული იყო “რუსთავწყალის” გაძღოლა. რაიმე ისეთი წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვედრიათ, რაც საქმისთვისთავის დანებებას გაფიქრებინებდათ?

 

- ზოგადად, ბიზნესი ძალიან საინტერესოა, რადგან იქ ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და უნდა საქმე აკეთო. როცა “რუსთავწყალის” ხელმძღვანელად დავინიშნე, ძალიან რთული სიტუაცია იყო, ბევრი სიძნელე იყო გადასალახი, მაგრამ მე მომწონს საქმის კეთება მაშინ, როცა სირთულეებია დასაძლევი. მსიამოვნებს, როცა იმის გაკეთებას შევძლებ, რასაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა.  

- როგორც ვიცი, “რუსთავწყალში” თქვენ ტექნიკური პრობლემებისა და სიძნელეების გადალახვასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სირთულეებიც დაგხვდათ: მათგან გამუდმებით შენიშვნებისა და ბრალდებების მოსმენა გიწევდათ. როგორ შეძელით ამის გადალახვა?

- ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან უცხო იყო. პირველად აღმოვჩნდი ისეთ მდგომარეობაში, როცა ცდილობ ყველაფერი გააკეთო, რაც გევალება და რომ ვერ შეძლო, გადასატანად იქნება ძნელი. უეჭველი გეტყვიან, საქმეს თავი ვერ გაართვიო. ეს იმ ფონზე, როცა გიჩიჩინებენ, შეროზია იქ ვერაფერს გააკეთებს, სამსახურს კი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებსო. უარესი ბრალდებებიც იყო... თუმცაღა, მე მგონი, შევძელი რაღაცის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, შევძელი წყალსადენის სისტემის უკეთესად ამუშავება, ისე რომ დაფინანსება ძალიან მწირი გვქონდა. ეს ყველაფერი შიდა რეზერვებითა და იმ ადამიანთა დახმარებით შევძელი, რომლებიც აქ მუშაობდნენ და იმედიც კი ქონდათ დაკარგული. ზოგს ძალიან გაუკვირდა ჩემი “რუსთავწყალში” მოსვლა - აქ რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო. მე იმიტომ მივედი “რუსთავწყალში”, რომ მინდოდა რაც დღეს არის, ის მაინც გამეკეთებინა. ჩემს შესაძლებლობას წყალსადენში ამოწურულად არ ვთვლი, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ იმ პრობლემებიდან, რაც რუსთავს ქონდა, მე 50-60%-ის მოგვარება მაინც შევძელი. ახლა არის პრობლემები, რომელსაც მხოლოდ გარკვეული ფინანსები ჭირდება და ესეც გადაიჭრება.  

- სანამ თქვენ “რუსთავწყალში” მიხვიდოდით, ცოტა ხნით ადრე რუსთავში სასმელი წყლით მოსახლეობის მოწამვლის მასობრივი შემთხვევები მოხდა. მაშინ პასუხისმგებლობა სწორედ “რუსთავწყალის” ხელმძღვანელობას დაეკისრა. ასეთი წინაპირობა არ გაშინებდათ? 

  - რა თქმა უნდა, შიში გარკვეულწილად მქონდა. ერთადერთი პრობლემა, რაც სერიოზულად იდგა, ეს სასმელი წყლის ხარისხი იყო. პირველი, რაც წყალსადენში გავაკეთეთ, ეს იყო ლაბორატორია, რომელსაც 24 საათის განმავლობაში წყლის ხარისხი უნდა ეკონტროლებინა. უმოკლეს დროში ძალიან კარგი ლაბორატორია გავაკეთეთ, მივეცით ტრანსპორტი და ყველა საშუალება მუშაობისათვის. მიმაჩნია, რომ დღეს ეს პრობლემა რუსთავში უკვე ნაკლებად დგას.

- მიუხედავად ამისა, წლების მანძილზეც და დღესაც, ბევრ რუსთაველს დასალევი წყალი თბილისიდან ბიდონებით ჩააქვს. რას იტყვით, დღეს რუსთავის წყალი სასმელად ვარგისია?

  - ბუნებრივია, თბილისის წყალი ხარისხით განთქმულია. რაც შეეხება ბოლო წლებში რუსთავის წყლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ჭორია და თავის დროზე გარკვეულ ბიზნეს-ინტერესებთან იყო კავშირში. ხმებს სპეციალურად ავრცელებდნენ, თითქოს რუსთავის წყალი დასალევად არ ვარგაო და ამის პარალელურად უნდოდათ სხვა მხრიდან, მაგალითად კახეთიდან - მდინარე იორის წყლის მოწოდება. ჩვენ ამ ჭორებზე პასუხი გავეცით, იყო მოწვეული რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორია. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების პასუხი იყო ის, რომ წყალი, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ვაწვდით, სასმელი წყლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით თუ რაიმე მოხდა, პირველ რიგში, ამის თაობაზე მოსახლეობას ჩვენ თვითონ ვაცნობებთ და გავაფრთხილებთ კიდეც.

ერთადერთი პრობლემა, რაც დღეისთვის “რუსთავწყალს” აქვს, ეს მოსახლეობის დავალიანებაა. მოსახლეობის 70% სასმელი წყლის გადასახადს არ იხდის. ჩვენ ამ კუთხით ზაფხულის ბოლოსთვის გარკვეული ღონისძიებების გატარებას ვგეგმავთ.

- როგორ ფიქრობთ, საკუთარი გუნდის ჩამოყალი-ბებისას ბიზნესმენმა თუ მენეჯერმა რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და თქვენ პირადად, რომელი თვისებების მიხედვით, ან რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

  - პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმია. როცა ადამიანი პროფესიონალია, სიყალბისა და ტყუილის გარდა, შეიძლება ბევრი სხვა შეცდომა აპატიო და თვალი დახუჭო. უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ადამიანი პროფესიონალია და შესაბამისადაც უნდა დააფასო მისი შრომა. მე პირადად ნათესაური პრინციპით საქმიანობაში არ ვხელმძღვანელობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიზნეს-პარტნიორები ძმა და შვილები არიან, ჩემს შემთხვევაში პრობლემები არ ყოფილა. ჩემთან ნათესავიც ყოველთვის იმ თანამდებობაზეა, რასაც იმსახურებს თავისი ცოდნითა და მოწოდებით. ისე ბევრისგან გამიგია, ნათესავს იმიტომ არ ღებულობს სამსახურში, გაშვება რომ მოინდომოს, მერე მისი, როგორც ნათესავის დაკარგვა მოუწევსო. “რუსთავწყალში” თანამშრომელთა 95% ის ადამიანებია, ვინც აქ ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ. სხვათა შორის, ბევრი თავიდან მეც მოვიყვანე, მაგრამ უბრალოდ ვერ აეწყვნენ ამ სიტუაციაში და ვამჯობინე, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქ დამხვდნენ, ისევ მათთან ურთიერთობით მეკეთებინა საქმე. იმიტომ, რომ საქმეში ყველაზე მთავარი პროფესიონალიზმია და მერე სხვა დანარჩენი თვისება. 

- იმის გარდა, რომ დღეისათვის თქვენ ხართ უკვე უცხოური კომპანიის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საკუთრებაში არსებული შპს “რუსთავწყალის” ხელმძღვანელი, თითქმის 15 წელია, რაც გაქვთ კერძო ბიზნესი. როგორც აღნიშნეთ, თქვენი ბიზნეს-პარტნიორები შვილები და ძმა არიან. რა ბიზნესია ეს? 

  - ჩვენ 1994 წლიდან გვაქვს სამშენებლო მექანიზმებით მომსახურე ფირმა. 2004 წლიდან, როცა გზების მშენებლობა დაიწყო, უკვე აქტიურად დავსაქმდით, მანამდე ნაკლებად ვმუშაობდით. რამდენიმე წელი ნორმალურად ვიმუშავეთ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი ჩვენმა აქტივობამ იკლო. ამ ეტაპზე ჩემს პირად ბიზნეს-აქტივობას რაც შეეხება, იქ თვეში ერთხელ თუ ვახერხებ მისვლას. მე მხოლოდ აქციონერი ვარ, აქტიურ საქმიანობას ფირმაში უკვე ჩემი შვილები განაგრძობენ, ახლა თურქებთან ერთობლივი საწარმოც შექმნეს - “ჰიუნდაი სერვის ცენტრი”. ეს ფირმა საქართველოს ტერიტორიაზე კორეის სამშენებლო ტექნიკით სერვის-მომსახურებას აწარმოებს. ახალი ორგანიზაციაა და აგვისტომდე გაყიდვები ნორმალურად მიდიოდა. გაყიდვებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ამას თურქული მხარე უძღვება, რომელსაც კორეასთან ამიერკავკასიაში გაყიდვებზე ექსკლუზივი აქვს. ისინი ყიდიან ტექნიკას, შემდეგ ჩვენ გვიგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას, რის შემდეგ ჩვენ ადგილზე ვახორციელებთ სერვის-მომსახურებასა და საგარანტიო მომსახურებას. ეს არის, ჩემს ბიზნესს რაც შეეხება, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო. 

- ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით რა აუცილებელ თვისებას უნდა ფლობდე, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო? 

  - ძალიან შრომისმოყვარე უნდა იყო და პროფესიონალი, დანარჩენი თვისებები თანდათან მერე შეიძლება შეიძინო. თუ არ ხარ პროფესიონალი და შრომისმოყვარე, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ. საქმეს, რომელსაც აკეთებ, თუ შენი ყოველდღიური დროის დიდ ნაწილს არ დაუთმობ, ძალიან რთულია წარმატების მიღწევა. ყოველდღე უნდა იყო საქმის კურსში, წინა დღით უნდა დაგეგმო, რა უნდა გააკეთო მეორე დღეს და უნდა ეცადო, ეს ყველაფერი მოასწრო. წარმატება მერე უკვე თავისით მოდის. 

- თუ გადაგიდგამთ ბიზნესში ნაბიჯი, რომელზეც შემდეგ გინანიათ და პირად შეცდომაზე თუ გისწავლიათ? 

  - შეცდომა დამიშვია და თვისება, რომელიც ჩემი აზრით საქმეში ხელს მიშლის, არის ის, რომ გადაწყვეტილებას გვიან ვიღებ. დაშვებულ შეცდომაზე კი შემიძლია, ბოდიში მუშასაც და თანამშრომელსაც კი მოვუხადო, ამის პრობლემა არ მაქვს. საკუთარ შეცდომებზეც ბევრი რამ მისწავლია. 

- რისი პატიება არ შეუძლია ნოდარ შეროზიას საქმეში? 

  - მოტყუება არავისთვის მიპატიებია. ვისაც კი დავშორდი, ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც, ყველას მხოლოდ ტყუილის გამო.

- თუ გიფიქრათ იმაზე, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

  - მე ემოციური ვარ და ჩემს მიმართ არასწორი დამოკიდებულებების გამოვლენას ყოველთვის ძალიან განვიცდი ხოლმე. შეიძლება ეს გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციურად განვიცდი. ალბათ ეს არის ჩემი ნაკლი. 

- თქვენ ხართ ბიზნესმენი და მენეჯერიც, საინტერესოა თქვენი მოსაზრება საქართველოში მოქმედ საგადასახადო კოდექსზე, ლიბერალურია ის თუ პირიქით?

 

- მე არ მინახავს ბიზნესმენი, რომელიც რომელიმე ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით კმაყოფილი იყოს. ვთვლი, რომ ჩვენ ისეთი საგადასახადო კოდექსი გვაქვს ამ ეტაპზე, როგორიც უნდა გვქონდეს. წინა წლებთან შედარებით, რაღაცეები საგადასახადო კოდექსში უკეთესობისკენ შეიცვალა.  

- საქართველოში გადასახადების დამალვის გარეშე, დღეს შესაძლებელია თუ არა ბიზნესში მოგების ნახვა? გასულ წლებში ძალიან პოპულარული იყო ე.წ. “შავი ბუღალტერიის” წარმოება... 

  - ჩემი აზრით დღეს “შავი ბუღალტერიით” მუშაობა ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი ამას დღეს ვერ გაბედავს, იმდენად კონტროლირდება ყველაფერი. წინა წლებში კი მართლაც გავრცელებული იყო “შავი ბუღალტერია”, რაც საქართველოს ბიუჯეტზე აისახებოდა კიდეც და ქვეყანაში საგადასახადო შემოსავალი მხოლოდ 700-800 მილიონი იყო. დღეს “შავი ბუღალტერიით” ბიზნესის წარმოება უაზრობაა და მე ვთვლი, რომ ბიზნესმენი, რომელიც ამაში ჩაერევა, თავის ბიზნესს წერტილს დაუსვამს. 

- ბატონო ნოდარ, თქვენ “რუსთავწყალის” ხელმძღვანელად 2005 წელს დაინიშნეთ. მაშინ წყალსადენი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრება იყო, ამჟამად კი ის უცხოელი ინვესტორის საკუთრებაშია გადასული. როდის მოხდა “რუსთავწყალის” გასხვისება და რა შეიცვალა უცხოური მენეჯმენტის შემოსვლის შემდეგ? 

  - 2008 წლის 4 აპრილს “რუსთავწყალი” “ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერის” საკუთრებაში გადავიდა. ამავე კომპანიის საკუთრებაა “თბილისის წყალი”, “მცხეთაწყალი” და “გარდაბანწყალი”. უცხოელმა მესაკუთრემ დაფინანსების მხრივ რუსთავში იანვრიდან დაიწყო აქტივობა, დღემდე დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო იმ გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც წყლის მიწოდების ხანგრძლივობას გააუმჯობესებს ქალაქში, შეამცირებს სასმელი წყლის დანაკარგებს. გარკვეული თანხა გამოიყო წყლის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ორნახევარი მილიონი ლარი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაში ჩაიდო. მთლიანად იცვლება ელექტრომეურნეობა, კვების წყაროები, ასევე იცვლება წყალსადენის ყველაზე რთული მონაკვეთი, სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოს შუა რიცხვებში დამთავრდება. მარტო ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე წყლის დანაკარგი - დაახლოებით 150 ლიტრი წამში, რომელიც სამუშაოების დაწყებამდე იყო, უკვე ქალაქის წყალმომარაგებას დაემატება, რაც წყლის მიწოდებას უფრო გააუმჯობესებს. აქტიურად მიმდინარეობს წყალსადენის მილების შეცვლა იმ ქუჩებზე, სადაც ასფალტის ახალი საფარი იგება და ინფრასტრუქტურა ეწყობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” სერიოზული გეგმები აქვს 2009-2010 წლებისათვის. რუსთავში ცვლილებები სასიკეთოდ მიდის, მეპატრონე სერიოზულად უდგება ყველა საკითხს, განსაკუთრებით ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას. 2010 წლის ბოლოსთვის რუსთავში 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს. ჩემი ვარაუდით, ეს სავსებით განხორციელებადია, ყოველ შემთხვევაში საქმე უკეთესობისაკენ წავა. დანარჩენი დაგეგმილია - სამუშაოები სათავე ნაგებობაზე, მაგისტრალურ მილსადენზე, მოწყობილობების შეცვლაზე. ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილია და 2009-2010 წლის სამუშაო გეგმაში დეტალურადაა გაწერილი. დღეისთვის უცხოელები ძალიან მკაცრად აყენებენ საკითხს სამუშაოების ჩატარების ვადებთანდაკავშირებით.

- თქვენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრეთ. არასდროს არ გქონიათ სურვილი, ამ პროფესიით რომ გემუშავათ?

  - ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მართლაც დავამთავრე. ოთხი წელი ვისწავლე და სხვათაშორის, ინსტიტუტში ძირითად ფაკულტეტზე სწავლა მაშინ იმდენად არ მიტაცებდა, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. კათედრა ძალიან კარგად იყო მოწყობილი და აღჭურვილი, იყო ფოტო-ლაბორატორიაც. ძალიან კარგ ჯგუფში ვიყავი, ექსკურსიებზე დავდიოდით, ვამზადებდით ფოტო ალბომებს, ვწერდით მასალებს. ჩემი რამდენიმე სტატია, მახსოვს გაზეთებში დაიბეჭდა. კახზე (საინგილოზე) დაწერილი ჩემი მასალა საინგილოს ქართულ გაზეთშიც გამოქვეყნდა. მაშინ სტუდენტები საინგილოში რამდენიმეჯერ ჩავედით, ერთ ჩასვლაზე ქართულ სოფელში წყაროც კი გავაკეთეთ. მაშინ ჟურნალისტიკა უცხო პროფესია იყო და ამ მიმართულებით ჩემს პროფესიულ განვითარებაზე არ მიფიქრია, ისე ძალიან კი მიტაცებდა. მერე მაინც რუსთავმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. სტუდენტობის შემდეგ რუსთავში ჩამოვედი და ჩემი ძირითადი პროფესიით დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, თბილისში ინსტიტუტში სწავლამდე სამი წელი სენაკის ტექნიკურ სასწავლებელში ვისწავლე და ვთვლი, რომ იქ სწავლამ ასევე ძალიან ბევრი მომცა. სწავლა და შრომა იქ შერწყმული იყო. 

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დაკავებული ხართ. დასვენებას თუ ახერხებთ ხოლმე და რაიმე ჰობი თუ გაქვთ? 

  - სიმართლე რომ ვთქვა, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის დავისვენე, მაგრამ წელს ნამდვილად ვაპირებ ამის გაკეთებას. თავის დროზე ფეხბურთს ვთამაშობდი და ფეხბურთი მიყვარს. მიყვარს ზღვაში და მდინარეში ცურვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სოფელთან ზღვა ახლოს არის, ბავშვობიდან უფრო ხშირად მდინარეზე დავდიოდი საბანაოდ და სათევზაოდ. ანკესით თევზაობა მაინცდამაინც არ მიყვარს. ისე, ამ ყველაფერს ისევ და ისევ დროის უკმარისობის გამო, ძალიან იშვიათად ვახერხებ ხოლმე. 


ესაუბრა მარინე ვარდოშვილი