ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
ინტერვიუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე (კახა) ლომაიასთან
#3(3), 2004
ალექსანდრე (კახა) ლომაია დაიბადა 1963 წელს თბილისში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-9 საშუალო სკოლა. 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით. 1992 წელს დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა, იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "მასიური ენერგეტიკული ნაგებობების დინამიკური მახასიათებლების კვლევა" და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება.

კორ. - ბატონო კახა, იქნებ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს უფრო დაწვრილებით გააცნოთ თქვენი ბიოგრაფია: სად მოღვაწეობდით განათლების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე; აგრეთვე, გთხოვთ თქვენი ოჯახის წევრებიც გაგვაცნოთ.

კ.ლ.
- 1985-1987 წლებში ვმუშაობდი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "თბილჰიდროპროექტი" მეცნიერ-თანამშრომლად. 1991 წელს ვმუშაობდი მოსკოვში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ _ წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად. 1995-2000 წლებში ვიყავი ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამების კოორდინატორი; 2000-2002 წლებში _ ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი (პირველი არაამერიკელი დირექტორი ფონდის სტრუქტურაში). 2002-2003 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციის "დიმოქრასი ქოალიშნ ფროჯექტ"-ის რეგიონული დირექტორი ვიყავი ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 ქვეყანაში, 2003-2004 წლებში კი _ ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. 2004 წლის მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვარ.

ჩემს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას რაც შეეხება, 1989-1992 წლებში ვიყავი მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი, 1989-1995 წლებში _ რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიის, შემდეგ _ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი.

მყავს მეუღლე, ქეთევან ჭავჭანიძე, არქიტექტორი, და ორი შვილი, 11 წლის რეზიკო და 9 წლის გია.

- ბევრი ქართველი, რომელმაც საზღვარგარეთ რამდენიმე წელი გაატარა, ამ წლებს თავისი ცხოვრების გამორჩეულ პერიოდად მიიჩნევს იქ მიღებული ცოდნისა თუ ცხოვრებისეული გამოცდილების გამო. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ მოსკოვში თქვენს მიერ გატარებულ წლებს - ეს იყო უბრალოდ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი პერიოდი თუ რაღაც უფრო მეტი?

- მოსკოვში სწავლისა და მუშაობის დრო (1987-1992 წლები) ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა _ იწყებოდა იმპერიის რღვევა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება. მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმა, იქ მოსწავლე სტუდენტებმა და ასპირანტებმა შევქმენით მოსკოვის ქართული სათვისტომო, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განმტკიცებას, ამიტომ ეს წლები ჩემთვის დასამახსოვრებელია არა მხოლოდ პროფესიული, არამედ საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც.

- როდესაც განათლების მინისტრობა შემოგთავაზეს, მაშინვე დათანხმდით თუ გარკვეული განსჯის შემდეგ? თუ ყოყმანობდით, რა იყო ამის მიზეზი?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუშაობა საზოგადოებრივ სექტორში, ამიტომ გამიჭირდა ამ საქმის მიტოვება. მაგრამ პრეზიდენტის თხოვნას დავთანხმდი, რადგან ქვეყნის მომავლისთვის განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობის მისეული ხედვა ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა.

- ბატონო კახა, თქვენ დღეს მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელე ბრძანდებით. რას ნიშნავს თქვენთვის დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განსხვავდება თუ არა თქვენი ამჟამინდელი დამოკიდებულება საქმისადმი იმ დამოკიდებულებისაგან, რაც სხვა სამუშაოებზე გქონდათ?

- ჩემი დამოკიდებულება საქმისადმი პრინციპულად არ შეცვლილა _ ესაა უმკაცრესი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ. ამ თანამდებობაზე კი განუზომლად გაიზარდა შესაძლო წარმატებისა თუ წარუმატებლობის ფასი.

- თუ დათანხმდებოდით მინისტრის პოსტზე დანიშვნას შევარდნაძის ხელისუფლებაში, რომ შემოეთავაზებინათ?

- რა თქმა უნდა, არა!

- ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია შევარდნაძის პოლიტიკის თქვენეული შეფასება მისი მმართველობის ბოლო პერიოდში. მაგრამ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძისადმი უფრო ადრე, კერძოდ კი 1992 წელს? მაშინდელი მოსკოვის ქართული სათვისტომო, რომლის აქტიური წევრიც თქვენ ბრძანდებოდით, ორად იყო გახლეჩილი: "ზვიადისტებად" და "შევარდნაძისტებად".

- თავს ყოველთვის თანმიმდევრულ ანტიკომუნისტებს მივაკუთნებდი _ ამდენად, შევარდნაძის გულშემატკივარი ვერ ვიქნებოდი. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იყო პერიოდი, კერძოდ, 1995-1997 წლები, როდესაც მას შეეძლო ქვეყანაში სერიოზული სისტემური ცვლილებების განხორციელება, მაგრამ არ გააკეთა ეს. ქვეყანამ კი საბოლოო ჯამში დაკარგა რეფორმებისათვის ასე საჭირო წლები.

- როგორ შეაფასებდით მინისტრად მუშაობის პირველ თვეებს? თქვენს მიერ გადადგმული რომელი ნაბიჯი გეამაყებათ ან, პირიქით, ხომ არ "მოასწარით" რაიმე შეცდომის დაშვება, რომელსაც ნანობთ?

- შეცდომებზე უმჯობესია ოპონენტებმა ისაუბრონ, დამსახურებად კი მივიჩნევდი იმ დიდ ინტერესს _ მხარდაჭერასაც და კრიტიკასაც, რომელსაც საზოგადოება იჩენს ჩვენი ინიციატივების მიმართ.

- თქვენი შეფასებით, ვის წინაშეა უპირველეს ყოველისა ანგარიშვალდებული განათლების მინისტრი?

- რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს _ ქვეყნის მომავლის წინაშე.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე მიუღებელი საქართველოს განათლების სისტემაში, სანამ მინისტრად მუშაობას დაიწყებდით?

- სრული აპათია, უინიციატივობა, სისტემის კრიზისიდან გამოყვანის ხედვის და გეგმის არარსებობა და პასუხისმგებლობის პანიკური შიში. ვფიქრობ, რომ ყოველივე ამას არსებითად ვცვლით.

- როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტები, რომელთა მიღების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებო და უმაღლეს სკოლებში რეფორმა უნდა განხორციელდეს. რა წარმოადგენს ამ რეფორმის ძირითად მიზანს?

- რეფორმის ძირითადი მიზანია შრომის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება. ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები შეეხება სისტემის ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვას, სასწავლო პროგრამების და გეგმების მომზადებას, სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას, მისაღებ გამოცდებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ამ სფეროში კორუფციისა და პროტექციონიზმის აღმოფხვრას.

- რა როლი ითამაშა საერთაშორისო გამოცდილებამ ამ რეფორმის შემუშავების პროცესში? თქვენი შეფასებით, რამდენად გამოსადეგია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის?

- როდესაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა რომელიმე, თუნდაც ძალიან წარმატებული მოდელის მექანიკურ კალკირებას, არამედ მის რეალობასთან და ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციებთან შეხამებაზე. არსებითად, დასავლეთის ქვეყნების დადებითი გამოცდილებისა და მიღწევების გამოყენება დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ ევროპულ ფასეულობებს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა აღვადგინოთ ეს შეწყვეტილი ტრადიცია.

- თქვენი შეფასებით, რა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ თქვენი სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმა სასურველ შედეგს მოიტანს?

- ამასწინანდელი გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის 80% მოითხოვს განათლების არსებული სისტემის ძირეულ ცვლილებას. ჩემი აზრით, რეფორმის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სწორედ საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა მიმდინარე პროცესებში, მეორე კომპონენტი არის ურყევი პოლიტიკური ნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგჯერ უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღოთ (საამისო გამბედაობა ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს), და მესამე _ ეკონომიკური ზრდა.

- განათლების რეფორმის პროექტიდან გამომდინარე, რა მექანიზმები უზრუნველყოფს საქართველოში არსებული განათლების დონის ამაღლებას? რა რესურსებია ქვეყანაში ამ მიზნის მისაღწევად?

- მექანიზმები არის _ ახალი საკანონმდებლო ბაზა და ყველა დაინტერესებული ჯგუფისა თუ პიროვნების აქტიური მონაწილეობა. არავინ არ მოვა და ჩვენს მაგივრად არაფერს არ გააკეთებს, არც განათლებაში, არც ჯანდაცვაში და არც სხვა რომელიმე სფეროში.

- თქვენს მიერ შემოთავაზებული რეფორმების დიდმა ნაწილმა საზოგადოებაში ძალზე არაერთაზროვანი რეაქცია გამოიწვია. მოელოდით თუ არა ასეთ წინააღმდეგობას? რა იწვევს, თქვენი აზრით, საზოგადოების გარკვეული ფენების უკმაყოფილებას განათლების სისმტემის რეფორმის პროექტით?

- რეფორმებს ყოველთვის თან ახლავს წინააღმდეგობები. საზოგადოების ნაწილის შიში მოსალოდნელი ცვლილებების გამო ბუნებრივია, სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ დღეს საზოგადოებაში არის გარკვეული ჯგუფები, რომელთა ისტერიული წინააღმდეგობა კორუფციონერების, ფუნდამენტალისტებისა და გაკოტრებული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. მათ არ აწყობთ მსგავსი ცვლილებების განხორციელება და განათლების სისტემის გაჯანსაღება, ვინაიდან ისინი კარგავენ ბევრ ფულს, გავლენას და სოციალურ პრესტიჟს. მათთვის სანუგეშო არაფერი გვაქვს სათქმელი.

- რა წარმოადგენს ყველაზე უფრო სერიოზულ სირთულეს, რომელსაც აწყდებით რეფორმის გატარების პროცესში?

- ძველი აზროვნების ინერცია, "შეჩვეული ჭირის" ფორმულა ჯერ კიდევ მუშაობს.

- თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოდელად სხვა უმაღლესი სასწავლებლებისათვის?

- საქართველოში საკმაოდ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, მათგან ბევრი არ აკმაყოფილებს აუცილებელ ინსტიტუციურ და პროგრამულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. ჩემი აზრით, არსებულ ვითარებაში რომელიმე ერთი უმაღლესი სასწავლებლის მოდელად დასახელება არ იქნება მართებული. აქვე დავამატებდი, რომ უმაღლეს განათლებას საქართველოში აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პრესტიჟი. პირველი საფეხური ამის მისაღწევად იქნება სამინისტროს მიერ შემუშავებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. იგი ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენი განათლების სისტემის ინტეგრირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

- რა უფრო მიზანშეწონილი მიგაჩნიათ ჩვენი ქვეყნისათვის: უმაღლესი სასწავლებლების თავმოყრა ცენტრში (თბილისში) თუ მათი დეცენტრალიზაცია და თავისებური საგანმანათლებლო კერების შექმნა და გაძლიერება რეგიონებში?

- ჩემი ღრმა რწმენით, უმაღლესი სასწავლებლების თავმოყრა მხოლოდ თბილისში არ არის სწორი, რეგიონებში აუცილებელია არსებობდეს ძლიერი საგანმანათლებლო კერები, რომლებიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ არსებულ ინსტიტუციურ და პროგრამულ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს.

- თქვენ რამდენიმე წლის მანძილზე ხელმძღვანელობდით საქართველოში სოროსის ფონდის წარმომადგენლობას. თუ იცნობთ პირადად ჯორჯ სოროსს? რა აზრის ბრძანდებით მასზე და როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე?

- მიმაჩნია, რომ ის, რაც ამ გამოჩენილმა ადამიანმა გააკეთა და აკეთებს საქართველოში მეცნიერების, განათლების, ხელოვნებისა და სხვა უამრავი სფეროს დასახმარებლად, ერთად აღებული, საქართველოს ყველა მთავრობას არ გაუკეთებია 1992 წლიდან. ჯორჯ სოროსი არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი, ინტელიგენტური, გონებამახვილი, იუმორის გრძნობის მქონე პიროვნებაა.

- ათასი მითქმა-მოთქმაა რელიგიისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ. იქნებ განმარტოთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც მინისტრმა და როგორც პიროვნებამ? თქვენ თვითონ რომელი რელიგიის აღმსარებელი ბრძანდებით?

- რაც შეეხება მითქმა-მოთქმას რელიგიისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ, რამდენიმე ხნის უკან აკაკი ბაქრაძის არქივში მისმა ვაჟმა ლაშა ბაქრაძემ ერთი ძალიან საინტერესო წერილი იპოვა და მე გადმომცა, სათაურით "ცნობისათვის", სადაც გავეცანი აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, მის მოსაზრებას მთლიანად ვიზიარებ.
სკოლებში ამ საგნის სწავლების შინაარსისა და მეთოდიკის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ეს სპეციალისტებმა, პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა, თეოლოგებმა, ისტორიკოსებმა უნდა მოიფიქრონ. ჩემს აღმსარებლობას რაც შეეხება, მე მაშინ მოვინათლე მართლმადიდებელ ქრისტიანად, როდესაც ზოგიერთი ჩემი ოპონენტი მორწმუნეებს დასდევდა და აღრიცხავდა. ზოგადად კი, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ კონკრეტული ადამიანის რწმენის საკითხი, როგორც ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ინტიმური თემა, არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი; და მეორე _ მათ, ვინც ადამიანებს კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის თუ აღმსარებლობის მიხედვით ახარისხებს "უკეთესებად" და "უარესებად", ნორმალურ საზოგადოებაში ფაშისტებს უწოდებენ.

- ბატონო კახა, რა გეგმები გაქვთ შორეულ მომავალში: დარჩებით დიდ პოლიტიკაში თუ შეიძლება კერძო ბიზნესში გიხილოთ?

- მთავრობაში მუშაობის შემდეგ ვარჩევდი ისევ არასამთავრობო სექტორში დაბრუნებას.

- და ბოლოს, რას იტყოდით ჩვენი ჟურნალის შესახებ? გქონდათ თუ არა შესაძლებლობა მის პირველ ნომრებს გაცნობოდით?

- როგორც მკითხველი, ჯერ არ ვიცნობ თქვენს ჟურნალს. გისურვებთ იყოთ კომპეტენტურნი და საინტერესო თქვენი მკითხველებისათვის. 

ესაუბრნენ ლალი ძამუკაშვილიდა თინათინ ზურაბიშვილი