ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
მივყიდოთ თუ არა სს "თბილავიამშენი" შპს "თბილავიამშენს"?
#3(3), 2004
ბენდუქიძემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

მას შემდეგ, რაც საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თითქმის ყოველი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისებისას ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას სულ უწევს თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ ამ ობიექტის განსახელმწიფოება ნამდვილად აუცილებელია, მისი გაყიდვის დროცა და ფასიც ძალიან ოპტიმალურად შეირჩა და რომ პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, კანონიერების სრული დაცვით და ყოველგვარი ფარული გარიგებების გარეშე. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ისეთი მსხვილი საწარმო აღმოჩნდა, როგორიც გახლავთ სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი". მთავრობის განზრახვას სს "თბილავიამშენის" შპს "თბილავიამშენისათვის" (არ ავურიოთ ერთმანეთში სს "თბილავიამშენი" და შპს "თბილავიამშენი"!) 67 მილიონ დოლარად მიყიდვის თაობაზე ერთობ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ.

უნდა გაიყიდოს თუ არა "თბილავიამშენი" და გაყიდვის შემთხვევაში ეს სასარგებლოა სახელმწიფოსათვის თუ არა? სავსებით სამართლიანად შენიშნავს ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომ პასუხი ამ კითხვაზე ხელისუფლებაში მოსული ძალების პოლიტიკურ ფილოსოფიაზეა დამოკიდებული. თუ ისინი მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ (რისი ნიშნებიც, გარკვეულწილად, არსებობს), მაშინ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მის სახელმწიფოს ხელში დარჩენაზე და სახელმწიფომ უფრო მეტი ფუნქციები უნდა აიღოს; ხოლო თუ ლაპარაკია კლასიკურ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ ხელისუფლებაზე, მაშინ ყველაფერი საპირისპიროდაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ როდესაც გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში სახელმწიფო საკუთრება არსებობს და პარალელურად ჩნდება კერძო საკუთრების ობიექტები, ყველაზე უპატრონო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ის საწარმოები არიან, რომლებიც სახელმწიფოს ხელში იმყოფებიან და იქიდან, ფარული თუ ნახევრად ფარული გზებით, ყოველთვის ხდება რესურსების გადაქაჩვა კერძო ჯგუფებში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად პრივატიზებისადმი ქვეყანაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ერთნი ირწმუნებიან, რომ სტრატეგიული ობიექტების გასხვისება დაუშვებელია და საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციას იშველიებენ; მეორენი, ისევ კონსტიტუციაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის მიერ ამა თუ იმ ობიექტის მიკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობისადმი სულაც არ ნიშნავს მისი გაყიდვის აკრძალვას. მაგრამ ერთნიც და მეორენიც საგონებელში ჩააგდო ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, რომელმაც საერთოდ უარყო სტრატეგიული ობიექტის ცნება და განაცხადა: წელიწადნახევარში ყველაფერი გაიყიდება და აღარც ეკონომიკის სამინისტრო იარსებებსო!

გიორხელიძე ბენდუქიძის განცხადებებს პარტიზანულს და აბსოლუტურად გაურკვეველს უწოდებს, ვინაიდან მინისტრმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ეს არც ლიბერალური ეკონომიკაა, არც კლასიკური გაგებით საბაზრო ეკონომიკა. სტრატეგიული ობიექტის ცნება მხოლოდ პოსტსაბჭოური სივრცისთვის როდია დამახასიათებელი. ის არსებობს ყველგან, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკაში ერთ-ერთი უმთავრესი ორიენტირია. სტრატეგიული ობიექტები არსებობენ და ობიექტის სტრატეგიულობა გამომდინარეობს სახელმწიფოს უშიშროებისა და უსაფრთხოების კონცეფციიდან.

მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს სტრატეგიული ობიექტის ცნებას და მას არც თუ იშვიათად მიმართავს. ჩვენთვის უცნობია, აპირებს თუ არა ბენდუქიძე ქვეყნის კანონმდებლობის შეცვლას და იქიდან ამ ცნების საერთოდ ამოღებას. თუმცა, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მის მოადგილეს ნათია თურნავას, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ჩვენში ეს ცნება არის უბრალოდ სალაპარაკო ტერმინი, ვინაიდან განმარტებული არაა. თუკი ასეთი ტერმინი იარსებებს, ის უნდა შევიდეს ჩვენს კანონმდებლობაში და უნდა იყოს განმარტებული. შეიძლება სტრატეგიული არ დავარქვათ, მაგრამ იყოს ჩამონათვალი გარკვეული ობიექტებისა, რომელთა პრივატიზებასაც ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, ან არ ვაპირებთ არასოდეს. ასეთი ობიექტი ბევრი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მიზნებიც იცვლება, ამოცანებიც და შეიძლება ეს ბუსხა შეიცვალოს.

სულ გავყიდოთ თუ ნაწილი დავიტოვოთ?

რაც შეეხება კონკრეტულად თბილისის საავიაციო ქარხანას, მისი გასხვისების მოწინააღმდეგენი აშკარად უმცირესობაში არიან. ალბათ, ის უნდა გაიყიდოს, მაგრამ საკითხავია: როდის? მთლიანად თუ ნაწილობრივ? და ვისზე უნდა გაიყიდოს?

სს "თბილავიამშენი" ძალიან სპეციფიკური, მაღალმეცნიერულ მიღწევებთან დაკავშირებული საწარმოა და მისი გაყიდვის უალტერნატივობას გიორხელიძე ორი არგუმენტით ასაბუთებს: ჯერ ერთი, უცხოელი პარტნიორები სახელმწიფო საწარმოსთან ურთიერთობისგან თავს შორს იჭერენ, რადგან ჩინოვნიკებთან ურთიერთობა არავის სურს, მეორეც, სახელმწიფოს ხელში ამ საწარმოს დატოვება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი ჯგუფები ყოველთვის ეცდებიან საწარმოს ფინანსური ნაკადების გაკონტროლებას და შესაბამისად, ირიბი სარგებლობის მიღებას. ამის კლასიკური მაგალითი გახლავთ იტალია, სადაც 70-იან წლებში სახელმწიფოს ხელში ძალიან ბევრი ობიექტი იყო და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების დავის მთავარ საგანს მათ ფინანსურ ნაკადებზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა.

მთავრობა სს "თბილავიამშენის" აქციათა ასივე პროცენტის გასხვისებას აპირებს, რასაც არ ეთანხმება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ სახელისუფლო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელიც და მათ შორის პარლამენტშიც, სადაც პირველმა კოტე გაბაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ აქციათა 25% სახელმწიფომ ისევ თავის საკუთრებაში დაიტოვოს. ქონების მართვის ყოფილი მინისტრი და აწ პარლამენტარი ავთანდილ სილაგაძეც უმჯობესად მიიჩნევს, რომ აქციათა გარკვეული ნაწილი დარჩეს სახელმწიფოს. ფაქტია, რომ დღეს საწარმოს გასაღების ბაზრისა და შემოსავლების პრობლემა არ გააჩნია; მაგრამ სილაგაძე დარწმუნებულია, რომ თუ შემოვა კარგი ინვესტორი, რომელიც იყიდის დიდ ნაწილს, მეორე ნაწილის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სახელმწიფოს შეექმნება საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად გაყიდოს, მანამდე კი სააქციო საზოგადოებაში გარკვეულ წილი ხმის უფლებაც ექნება.

აქციების რაღაც რაოდენობის (ვთქვათ, 25%-ის) სახელმწიფო საკუთრებაში დატოვების მომხრეთა ძირითადი გაცხადებული მოტივაცია არის ის, რომ სიტუაცია მაინც ვაკონტროლოთ, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი დარგია, კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სამხედრო წარმოებასთან. ნათია თურნავა კი მათ პასუხად აცხადებს, რომ ჩვენი სამეწარმეო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს 25% უფრო ნაკლები გარანტიაა ყველაფერი ამის განხორციელებისა, ვიდრე ძალიან მკაცრი მონიტორინგი, რომელიც ჩაიდება ხელშეკრულებაში და რომელსაც ხელისუფლება თვალყურს მიადევნებს. ანუ კონკრეტული პირობებით საწარმო შეიძლება 100-ვე პროცენტით გასხვისდეს, მაგრამ მყიდველი ვალდებული იყოს 2-3 ძირითადი პირობა შეასრულოს, სხვა დანარჩენში კი ის თავისუფალი უნდა იყოს. თურნავა საჭიროდ მიიჩნევს, რომ მართლაც გამოიკვეთოს, რა არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ვალდებულებების სახით ჩაიდოს ხელშეკრულებაში. ეს იქნება ე.წ. პირობადებული საკუთრება.

მინისტრის მოადგილის ეს მოსაზრება, ცხადია, საფუძველსმოკლებული არ არის, მაგრამ ჩვენი აზრით, შეიძლება სახელმწიფომ 25%-იც დაიტოვოს და დანარჩენი 75%-იც მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვის მოთხოვნით გაყიდოს, ვინაიდან ინვესტორისთვის საწარმოს აქციების 75%-ის დაუფლებაც ისედაც საკმარისად დიდი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის.

კაბალური ხელშეკრულება სახელმწიფოსათვის

რაკი სს "თბილავიამშენი" ქვეყნის თავდაცვითი მნიშვნელობის ობიექტია, არავინ დავობს იმაზე, რომ ის უცხოელზე არ უნდა გასხვისდეს და ასეთი ვარიანტი არც განიხილება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, დღეს სს "თბილავიამშენის" ერთადერთ პოტენციურ მყიდველად მთავრობა შპს "თბილავიამშენს" ასახელებს.

თბილისის საავიაციო ქარხანა "თბილავიამშენი" სააქციო საზოგადოებად 2002 წელს დარეგისტრირდა და მის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ბ-ნი პანტიკო თორდია დამტკიცდა, რომელიც მანამდე მრავალი წლის განმავლობაში იყო ამავე ქარხნის დირექტორი (დირექტორად დაინიშნა ბ-ნი ნოდარ ბერიძე). ასე რომ, პანტიკო თორდიას სახელი ბუნებრივად ასოცირდება ხსენებულ საწარმოსთან.

საინტერესოა, რომ 2003 წლის 10 მარტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილავიამშენი", რომლის საქმიანობის საგანი თითქმის იგივეა, რაც სს "თბილავიამშენისა" და რომლის დირექტორიც ასევე პანტიკო თოდრიაა. ამ შპს-ის საწესდებო კაპიტალი 50 ათასი ლარია. მართალია, მისი დამფუძნებელი 27 კაცია, მაგრამ საწესდებო კაპიტალი ძირითადად მოდის 2 პიროვნებაზე: პანტიკო თორდიაზე (45%) და ნოდარ ბერიძეზე (20%). ორივე მათგანი ამავდროულად სს "თბილავიამშენის" ხელმძღვანელი პირები არიან: პირველი მათგანი სს "თბილავიამშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო მეორე კი _ დირექტორი.

შპს "თბილავიამშენის" დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, კერძოდ კი 2003 წლის 7 აპრილს, მას 10 წლით მართვის უფლებით გადაეცა სს "თბილავიამშენი". მართვის ხელშეკრულებას ხელს აწერენ სახელმწიფოს მხრიდან ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი და შპს "თბილავიამშენის" მხრიდან დირექტორი პანტიკო თოდრია. როგორც წესი, მართვაში გადაცემა მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით ხდება ხოლმე და ასეთ დროს მენეჯმენტიც იცვლება. ამ შემთხვევაში კი ქარხანა მართვაში იმ ჯგუფს გადაეცა, რომელიც მას მანამდე ისედაც მართავდა. (?!) რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ უვნაური გადაწყვეტილება მიიღო.

მართვის ხელშეკრულების პირობებს თუ გავეცნობით, გასაგები ხდება ფორმალურად ახალი და რეალურად ძველი მმართველი ჯგუფის კომერციული ინტერესები.  აქვე დავძენთ, რომ დღემდე ეს ჯგუფი პუნქტუალურად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას; მაგრამ რატომ წავიდა ხელისუფლება ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფოსათვის კაბალურია?! აღვნიშნავთ რამდენიმე პირობას, რომელიც სახელმწიფოსათვის აშკარად არახელსაყრელად მიგვაჩნია:

მაგალითად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მესაკუთრეს (ანუ სახელმწიფოს) არა აქვს უფლება გაასხვისოს, ან რაიმე სხვა ფორმით გადასცეს სხვა პირს აქცია, აქციები ან აქციათა პაკეტი, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული აქცია, აქციები ან აქციათა პაკეტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მესაკუთრე და მმართველი კომპანია ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას განახორციელონ ამგვარი ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მძიმე ფინანსური სანქციები ეკისრება.

სხვა უფლებებთან ერთად, რასაც ხელშეკრულება მმართველ ჯგუფს ანიჭებს, არის აგრეთვე "ერთპიროვნული უფლება მართოს აქციები და სააქციო საზოგადოება, მათ შორის მოიწვიოს აქციონერთა საერთო კრებები, საკუთარი შეხედულებებისამებრ უყაროს კენჭი აქციებთან და სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის ექსკლუზიურად გადაწყვიტოს სააქციო საზოგადოების მოგების გადანაწილების საკითხები." მმართველი ჯგუფი თავად განსაზღვრავს დივიდენდის ოდენობას, რომელსაც იგი ყოველწლიურად ჰონორარის სახით მიიღებს სააქციო საზოგადოების მოგებიდან.

10 წლის ვადაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 21 მილიონი აშშ დოლარია. ამასთან, მმართველი ჯგუფი სახელმწიფოს ყოველწლიურად დივიდენდის სახით უხდის ფიქსირებულ თანხას _ 500 ათასი ლარის ოდენობით. თუ რამდენად ცოტაა ან ბევრი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საწარმოს წლიური ფინანსური ანგარიშგებებიდან (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება). სამწუხაროდ, ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ სს "თბილავიამშენის" შესახებ მოგვაწოდა მხოლოდ მისი ბალანსები 2002 წლის 1 იანვრის, 2003 წლის 1 იანვრისა და 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (მოგება-ზარალის ანგარიშგებების შესახებ საწარმოთა მართვის სააგენტომ თავისი 05.10.2004 წ. # 29-1935/6-4 წერილით ოფიციალურად გვაცნობა, რომ მას ასეთი მონაცემები არ გააჩნია). რა თქმა უნდა, მხოლოდ ბალანსი არ იძლევა სრულ სურათს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მათში ზოგიერთმა რიცხვმა, კერძოდ კი მონაცემებმა გაუნაწილებელი მოგების შესახებ, ჩვენი ყურადღება მიიქცია.

როგორც ირკვევა წარმოდგენილი ბალანსებიდან, 2001 წელს საწარმოს გაუნაწილებელი მოგება საერთოდ არ ჰქონია, ხოლო 2002 წლის ბოლოს ის უმნიშვნელო ოდენობით (სულ 120.024 ლარი) ჰქონდა; 2003 წლის ბოლოსათვის კი, როდესაც საწარმო კომერცულ სტრუქტურაზე მართვის უფლებით მხოლოდ რვანახევარი თვის გადაცემული იყო, გაუნაწილებელმა მოგებამ უკვე 9.184.586 ლარი შეადგინა. ეს რიცხვები, ძალაუნებურად, გარკვეული ეჭვების მიზეზს იძლევა. ცხრა თვეში ცხრა მილიონი წმინდა მოგების მიღება მაშინ, როცა წინა წლებში, როდესაც საწარმოს მენეჯმენტი რეალურად იგივე იყო, მხოლოდ უმნიშვნელო მოგება რჩებოდა, მხოლოდ მართვის ფორმის შეცვლით ძნელია აიხსნას. ან 2003 წლის აპრილში საწარმოს არსებული კონტრაქტებიდან უკვე შეიძლებოდა გვევარაუდა 2003 წელს დიდი მოგების მიღება, ან უბრალოდ, საწარმოს წინა წლების ბუღალტერია მთლად "თეთრი" ვერ ყოფილა.

თუნდაც ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ მართვის ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის მართლაც ძალიან წამგებიანია, ვინაიდან მან 10 წლის მანძილზე დივიდენდი სულ 5 მილიონი ლარი, ისიც თანდათანობით (წელიწადში 500.000 ლარი) უნდა მიიღოს, მაშინ, როცა მმართველ კომპანიას პირველივე წლის ბოლოს 8,5 მილიონი ლარი წმინდა მოგება დარჩა (9 მილიონს მინუს სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარი მილიონი)!

დღეს სს "თბილავიამშენი" წარმატებული საწარმოა

სახელმწიფოს მიმართ აღნიშნული ხელშეკრულების კაბალურობაზე დღევანდელი მთავრობაც საუბრობს, მაგრამ ის იმასაც აღნიშნავს, რომ მმართველმა ჯგუფმა საწარმო კი არ გააპარტახა, არამედ წარმატებული გახადა და ამიტომ მისთვის ობიექტის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემა სწორედაც რომ გამართლებული და უპრიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თორდია საწარმოს ხელმძღვანელი საკმაოდ დიდი ხნის წინ გახდა, მაგრამ მას შემდეგ "თბილავიამშენს" ისევე გაუჭირდა, როგორც საქართველოში არსებულ საწარმოთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ძალიან ბევრი საწარმო განადგურდა და დაინგრა იმის გამო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში დაკარგა მანამდე გარანტირებული სახელმწიფო შეკვეთა, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობამ საბაზრო ეკონომიკას ალღო ვერ აუღო. პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულებით "თბილავიამშენს", რომელიც მაშინ ჯერ კიდევ შპს იყო (დღევანდელ შპს "თბილავიამშენში" არ შეგვეშალოს!), თითქმის 7 მილიონი ლარის  მოცულობის საგადასახადო დავალიანების 3-წლიანი რესტრუქტურიზაცია გაუფორმდა და რესტრუქტურიზაციის პერიოდი 2000 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 1 სექტემბრამდე განესაზღვრა. დღეს "თბილავიამშენი" მართლაც რომ წარმატებული საწარმოა, ეს დიდწილად გახლავთ დამსახურება საქართველოს მთავრობისა (პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მტკიცებით, ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელისა), რომელმაც დაიყოლია თურქმენეთის მთავრობა, რომ ჩვენი ქვეყნისგან 400 მილიონი დოლარის ვალში მყარი ვალუტის ნაცვლად ქართული პროდუქცია მიეღო. 1999  წლიდან მოყოლებული, თურქმენეთის ვალის დაფარვა წარმოებს "თბილავიამშენის" მიერ თურქმენეთის თვითმფრინავების გარემონტებით, აგრეთვე თურქმენეთში აგარის შაქრის და სხვა ქართული პროდუქციის გაგზავნით, თუმცა, დაფარული ვალიდან თითქმის 90% "თბილავიამშენზე" მოდის. აღნიშნულ საწარმოებს ამისათვის ფულს სახელმწიფო ბიუჯეტი უხდის (დისკონტის გამოკლებით). ამჟამად თურქმენეთის ვალი 193 მილიონი დოლარია და როგორც ჟვანია აცხადებს, ერთ წელიწადში ის ბოლომდე დაიფარება.

სახელმწიფოს მიერ საკუთარი საწარმოსათვის ხელშეწყობა და რამდენიმეწლიანი გარანტირებული ბაზრის შოვნა ნამდვილად მისასალმებელია, ამაზე სხვა აზრი არც შეიძლება არსებობდეს. ასეთ რამეზე საქართველოში ნებისმიერი საწარმო იოცნებებდა. ძნელი სათქმელია, რამდენად იქნებოდა წარმატებული "თბილავიამშენი", რომ არა ეს შეთანხმება საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს შორის.

რატომ ვყიდით წარმატებულ საწარმოს ახლა და ამ ფასად?

სს "თბილავიამშენის" მეშვეობით სულ თურქმენეთის ვალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარით დაიფარა. როგორც აღმოჩნდა, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტს ამ საწარმოსი 57 მილიონი დოლარი მართებს. გამოდის, რომ თუკი სს "თბილავიამშენს" შპს "თბილავიამშენზე" 67 მილიონ დოლარად გავყიდით, ამ უკანასკნელს რეალურად მხოლოდ 10 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ანუ სახელმწიფო საწარმო, ამავე ობიექტის აქტივების წყალობით, კერძო საკუთრებაში გადადის, რაც ოპოზიციის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს.

იმის პასუხად, თუ საერთოდ რატომ ყიდის მთავრობა წარმატებულ საწარმოს, ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო იმას გაყიდდა, რაც თვითონ არ სჭირდება და წარმატებულ საწარმოებს დაიტოვებდა, _ ეს არ იქნებოდა სწორი სტრატეგია.

საერთოდ, ცნობილია, რომ სახელმწიფოს წინაშე სულ სხვა ამოცანები დგას, ვიდრე კერძო მენეჯმენტის წინაშე. რიგი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ვერ იქნება მოგების მაქსიმიზაცია. სანამ საწარმო წარმატებულია, ესაა საუკეთესო მომენტი, რომ მასში კერძო ინვესტორი მოიზიდო. წარმატებული საწარმოს სარფიანად გაყიდვაა შესაძლებელი. ჩვენ იმიტომ ვართ ქონების მართვის ფუნქციით აღჭურვილი, რომ სწორედ ასეთი განვკარგოთ, თორემ წარუმატებელი საწარმოს კაპიკებში გაყიდვა პრივატიზაცია კი არაა, უბრალოდ, უტილიზაციაა და ჩვენ უტილიზატორები არა ვართ, - დაასკვნის მინისტრის მოადგილე.

სერიოზული დავის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რა ფასადაც უპირებენ საწარმოს გაყიდვას. როგორც ირკვევა, ფასზე ერთმანეთს ბენდუქიძე და თორდია ევაჭრებოდნენ და 67 მილიონ დოლარზე შეთანხმდნენ. სავსებით სამართლიანად აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომ არ შეიძლება ფასის დადგენა ორი (თუნდაც ძალიან ჭკვიანი და ღირსეული) ადამიანის გარიგების საფუძველზე.

მთავრობა თავს იმართლებს: ჯერ ერთი, ჩვენთან საფონდო ბირჟა ნორმალურად არ ფუნქციონირებს, საერთოდ არ არსებობს საფონდო ბირჟის მეშვეობით გასხვისების კარგი პრეცედენტი და მეორეც, "თბილავიამშენს" გასაყიდად აუქციონზე ვერ გავიტანთ, ვინაიდან ის მართვაშია გადაცემულიო.
შეიძლება თუ არა გაუქმდეს ხელშეკრულება საწარმოს მართვაში გადაცემის შესახებ? ექსპერტთა ნაწილი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლზე, რომელსაც ჰქვია "გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო". მასში ვკითხულობთ:

"1. გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).

2. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე."

ნათია თურნავას თქმით, სასამართლო პრაქტიკაში ძალიან რთულია იმის დადასტურება, რომ რომელიმე მხარემ გარიგება ბოროტად გამოიყენა. სამაგიეროდ ხელშეკრულებაში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ თუკი ხელშეკრულება მოიშალა სახელმწიფოს და არა მმართველი კომპანიის მიზეზით, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს ყველა განხორციელებული ინვესტიცია, მიყენებული ზარალი და ასე შემდეგ.

საბოლოო ჯამში, თურმე სახელმწიფო მაინც ვერ მიიღებდა იმაზე მეტს, რასაც ახლა იღებს. სამაგიეროდ, ყოველივე ამას საკმაოდ დიდი დროისა და ასევე დიდი ენერგიის ხარჯვა დასჭირდებოდა, რაშიც თურნავა ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავს. ასე რომ, გარიგება, რომელიც დღეს იდება, თურნავას სავსებით სამართლიანად მიაჩნია და იქვე დასძენს: "ისე, ჯერ ხომ არ მომხდარა! თუკი ვინმეს სურს, რომ მეტი გადაიხადოს, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. მოვიდეს, დაგველაპარაკოს და ჩვენ ავუხსნით ყველა იმ იურიდიულ სირთულეს, რასთანაც ეს იქნება დაკავშირებული".

მართვის ხელშეკრულების გაუქმება ან ცალმხრივად შეწყვეტა, როგორც ჩანს, მართლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს ის ძალაში არსებული პირობებით დარჩენილი 9 წლის მანძილზე თუ მიყიდოს მის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას შპს "თბილავიამშენს". საკითხი მარტივი ნამდვილად არ არის. იმისთვის, რომ პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და სასამართლიანობაში დავრწმუნდეთ, საზოგადოებამ მთავრობისგან დამაჯერებელი პასუხები უნდა მიიღოს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დღემდე დასმულა და იმაზეც, მომავალში რომ გაჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვები იარსებებს და მათ ვერ გააქარწყლებს კახა ბენდუქიძის განცხადება: "თბილავიამშენის" გაყიდვას ის ეწინააღმდეგება, ვისაც ფინანსური ინტერესი გააჩნია, ან ბატონმა პანტიკომ წილში ჩაჯდომაზე უარი უთხრაო.

დალი ჩიკვაიძე