ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (საქართველო)
განსახელმწიფოებრიობის დადებითი პრეცედენტი
#3(3), 2004
ზესტაფონის ფერომარგანეცის ქარხანა პირველად 1933 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტის გამო ქარხანას 1938 წლიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ეწოდა, 1996 წელს კი იგი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა.

საქართველოს სახელმწიფო 2003 წლის სექტემბრამდე ინარჩუნებდა "ფეროს" აქციათა საკონტროლო პაკეტს (51%). სწორედ ამ პერიოდში შეიძინა უცხოელმა ინვესტორმა შევარდნაძის ხელისუფლებისაგან ამ მომგებიანი საწარმოს აქციები და დღეს ის 100%-ით კერძო საკუთრებაშია. თანხა, რომელიც ავსტრიულმა ფირმამ DCM DECOMetal GMBH საქართველოს ბიუჯეტში მხოლოდ აქციების საფასურად შეიტანა, 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზესტაფონის "ფეროს" საკმაოდ მსხვილი მევალეები ჰყავდა, ინვესტორის მიერ რეალურად გადახდილი მილიონები ამ რიცხვზე გაცილებით დიდია. ზესტაფონის "ფეროს" პრივატიზაცია მისგან მიღებული შედეგებით, სხვა პრივატიზებული საწარმოების ფონზე, ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.

ფეროშენადნობთა ქარხანა ძირითადი საწარმოო ნედლეულით (მანგანუმის მადანი) ს/ს "ჭიათურმანგანუმიდან" მარაგდება. მაგალითისათვის, 2003 წელს წარმოების შედეგად ზესტაფონში მიღებულ იქნა 22 ტონა მაღალნახშირბადიანი ფერომანგანუმი, 12425 ტონა საშუალონახშირბადიანი ფერომანგანუმი და 50932 ტონა სილიკომანგანუმი.

მაღალნახშირბადიანი პროდუქციის მისაღებად ხშირად მიზანშეწონილად ითვლება მანგანუმის უცხოეთიდან (გაბონი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია) შემოტანა. წარმოებისათვის აუცილებელი კიდევ სხვა დამატებითი კომპონენტები (კოქსი, კვარციტი, კირქვა, ნახშირი) ზესტაფონში შემოდის უკრაინიდან, აჯამეთისა და ტყიბულის კარიერებიდან.

ცოტა რამ ინვესტორის შესახებ

ავსტრიული სამრეწველო ჯგუფი DCM 1846 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად
მსოფლიოში ფოლადის წარმოების ცნობილი ლიდერია. ისინი ქმნიან წარმოების მთლიან ჯაჭვს - ნედლეულის მოპოვება, მარკეტინგი, ფინანსირება, პროდუქციის წარმოება, მიწოდება და შენახვა. ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ისეთ ნედლეულზე მუშაობა, როგორიცაა რკინის მადანი, მანგანუმის მადანი და მასიური რკინაშენადნობები. დღესდღეობით სამრეწველო ჯგუფი (წარმოების მფლობელი ჰერბერტ დეპიში გახლავთ) მსოფლიოს 41 ქვეყანაში წარმოებისა და რეალიზაციის ქსელს აერთიანებს. ცნობისათვის, კანადაში შეტანილი სილიკომანგანუმის 100% ამ ჯგუფზე მოდის. ავსტრიელებს საკუთარი კარიერები გააჩნიათ ავსტრალიაში (პერთი) და ჩინეთში (ჰანჩჟოუ). ფირმის სათაო ოფისი ავსტრიის ქალაქ ფუერსტენფელდში მდებარეობს. DCM-ის 6 რეგიონალური ოფისიდან ერთ-ერთი შარშან თბილისშიც გაიხსნა.

DCM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ზესტაფონური საწარმოთი
დაინტერესება გამოიწვია ქარხნისათვის საჭირო ძირითადი ნედლეულის (მანგანუმის მადანი) ჭიათურაში არსებობამ და იქვე ტყიბულის მაღაროების სიახლოვემ.

წარმოების პრივატიზების შემდეგ DCM-ის ახალმა მენეჯმენტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. აქციათა შეძენიდან დღემდე პროდუქციის თვიური გამომუშავება 2400 ტონიდან 10 ათას ტონამდე გაიზარდა. ქარხანაში დასაქმებული 2600-მდე მუშა-მოსამსახურის შრომითმა ანაზღაურებამ 42%-ით იმატა და საშუალოდ თვეში 240 ლარი შეადგინა.
 
ლითონის მსოფლიო ბირჟების მონაცემებით, ფეროშენადნობთა საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ფეროშენადნობთა წარმოებას 6% უჭირავს. ს/ს "ფეროს" პროდუქციის ექსპორტი უკვე ხორციელდება ამერიკისა (56,6%) და ევროპის (19%) ბაზრებზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია დსთ-ისა და აზიის ბაზრების ათვისება. 

ინვესტორმა შუა და ზემო იმერეთი გამოაცოცხლა

"ფეროს" საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ წარმოებაში ჩადებული პირველი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის (3 მლნ დოლარი) შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ტექნიკური საშუალებების შეძენა და ორი ღუმელის აღდგენა-გაშვება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საქართველოში ანალოგიური სპეციფიკის მქონე ღუმელის გაშვების პირველი შემთხვევაა. განახლდა ავტოპარკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო ხაზებს, დასრულების სტადიაშია წარმოების პროცესის კომპიუტერიზაცია და სხვა. ინვესტორის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ს/ს "ფეროში" დამატებით 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

როგორც ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა ფეროს ირგვლივ წარმოქნილი ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალიზირებული ფილტრები მონტაჟდება წარმოებაში მომუშავე ათივე ღუმელზე. ინტერვიუს ჩაწერის მომენტისათვის ფილტრები გამოსაცვლელი იყო მხოლოდ ორ ღუმელზე, რომელთათვის წარმოებაში მიღებულმა საჭირო ფილტრების ბოლო პარტიამ 3500 ცალი შეადგინა. ასე რომ, როგორც  ფეროელები ამბობენ, კვამლი, რაც ყოველთვის იყო "ფეროს" მუშაობით გარშემო მყოფთა უკმაყოფილების საბაბი, აღარ შეგვაწუხებს.

"ფეროს" დირექტორი

ნიკა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში 1969 წელს. სწავლობდა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის ქალაქ ბერლინში დაამთავრა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების კურსები, შემდეგ ისევ თბილისს დაუბრუნდა, სადაც ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით დაეუფლა საბანკო საქმესაც. 2003 წლის 13 ოქტომბერს ავსტრიული ფირმის წარმომადგენელმა იგი ს/ს "გიორგი ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის" გენერალურ დირექტორად დანიშნა.

"ფეროს" გენდირექტორი არ მალავს, რომ დღესაც მისი ერთ-ერთი საყვარელი გართობა მოტოციკლეტით სეირნობაა. ზესტაფონში მისი ჩამოსვლის პირველ ხანებში საამისოდ საუკეთესო ადგილად ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ითვლებოდა. "აბა, ეხლა გადით იმ ადგილზე და ტრანსპორტით კი არა, ფეხით თუ არ გაგიჭირდეთ გავლა. ადრე ისეთი გაჭირვება იყო, როცა "ფეროში" ხელფასი რიგდებოდა, მაღაზიებსაც მაშინ აღებდნენ. ჭიათურლები ხუმრობით გვეჩხუბებიან _ როცა ადრე ყველაფერი ნისიაზე გადიოდა, ახლა კილო ყველის ფასი 6 ლარი გახდაო", - ამბობს ნიკა ჩიქოვანი.

ჩვენ ვთხოვეთ ბ-ნ ნიკას რამდენიმე შეკითხვაზე ეპასუხა "ფეროს" ახლანდელი საქმიანობის შესახებ, რაზეც ის თავაზიანად დაგვთანხმდა:

კორ. - როგორც ვიცით, თქვენი ნედლეულის ძირითადი მომწოდებელი "ჭიათურმანგანუმია". უცხოეთიდან კიდევ თუ შემოგაქვთ სხვა ნედლეული და ამის საჭიროება რატომ არსებობს?

ნ.ჩ.
- ცოტა რაოდენობით ახლაც ჩამოგვაქვს _ მაგალითად, ავსტრალიიდან ორი გემი ახლახანს ჩამოვიტანეთ. მიზეზი ისაა, რომ მათი ადგილობრივ მანგანუმთან შერევით ძალიან კარგი ნედლეული გამოდის.

მეორეც, "ფეროს" ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჭიათურასთან. მათი სულ ვალი მართებდათ. ჩვენ კი პირიქით, ახლა ძალიან დიდი თანხები ჭიათურაში გვიდევს _ თითქმის ორი მილიონი დოლარი, პლიუს ტექნიკა.

- ეს როგორ?

- თანხა წინსწრებით ჩავურიცხეთ, რომ პროდუქცია მოეწოდებინათ და არ გაჩერებულიყვნენ. იქ ძალიან რთული ვითარება იყო.

- წლეულს იყო პერიოდი, როცა "ჭიათურმანგანუმი" თქვენთან ერთად კიდევ სხვა ქართულ ფირმასთან აფორმებდა მარგანეცის მიწოდების ხელშეკრულებას.

- ახლაც ვერ გამიგია, "ფინტი" იყო ეს თუ კიდევ სხვა რამ. ყოველ შემთხვევაში, იმ ფირმამ ჭიათურაში წინასწარ საკმაოდ დიდი ფული ჩარიცხა და ერთი კილოც ვერ გაიტანა. თანაც მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ ხელშეკრულება გაეფორმებინათ, იმიტომ რომ ზესტაფონის "ფერო" ყიდულობს ჭიათურისაგან ყველაფერს, რასაც კი ის გამოუშვებს _ წარმოებას ვზრდით და გვჭირდება.

- როგორც ვატყობთ, წარმოებაში დასაქმებულთა რიცხვსაც ზრდით.

- დღეისათვის 2600 თანამშრომელი გვყავს და კიდევ ვიმატებთ. რომ მოვედით, პირველი ჭორი ასეთი გაგვივრცელეს _ ესენი ხალხს გაყრიან სამსახურიდანო. ჩემს გარდა აქ ყველა ძველი თანამშრომელია. კი, რამდენიმე მართლაც იყო უღირსი _ იპარავდა, ლოთობდა, წამალს იკეთებდა. ასეთები მოვიცილეთ, გავუშვით. თუ ამას გულისხმობდნენ ჩვენი ოპონენტები "გაყრიანო", ესენი კი არ გავყარეთ, გადავყარეთ.

კონტინგენტის წარმომავლობას რაც შეეხება, რატომ ჩამოვიყვანო ისინი თბილისიდან, როცა აქაც საკმარისი პროტენციალია და ხალხი პირველ რიგში ზესტაფონშია დასასაქმებელი.

- წლეულს "ფეროს" ირგვლივ ერთგვარი აჟიოტაჟი შექმნა ელენერგიის მომხმარებელთა ომბუდსმენის დავით ებრალიძის განცხადებამ. იგი აპროტესტებდა იმას, რომ სახელმწიფომ თქვენს წარმოებას დენის ტარიფში შეღავათი დაუწესა, თქვენ კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" აფინანსებთ.

- ამ ფაქტთან დაკავშირებით შემიძლია სამი ვერსია გამოვთქვა _ ან ეს ებრალიძე ვიღაცის მიერაა დაფინანსებული _ ადექი და ასე ილაპარაკეო, ან კიდევ რაღაც პირადი ინტერესი აქვს, ან საერთოდ უცოდინარია.

იმ ფეხბურთის გუნდს აფინანსებს "ფეროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის დამფუძნებელი მისივე კუთვნილი ფულით თუ უნდა გუნდს იყიდის, თუ უნდა სახლს და თუ უნდა საერთოდ ბანკში დადებს. ეს არავის საქმე არაა. მეორეც, "ფერო" თვიურად საქართველოს ენერგობაზარში შესული ფულის 65%-ს იხდის. ჩვენზე იაფი ტარიფი აქვს ათამდე ორგანიზაციას. ვკითხულობ, რატომ არ გვაძლევენ უფლებას გავაფორმოთ პირდაპირი ხელშეკრულებები ჰესებთან, რითაც კიდევ უფრო გავიიაფებთ ტარიფს? ასე რომ, არავითარ დოტაციაზე ჩვენ არა ვართ. გამიფრთხილდნენ თორემ, თვის ბოლოს ენერგობაზარში ფული რომ არ გადავრიცხო, მთელი საქართველო გაჩერდება. მოგეხსენებათ, ენერგეტიკოსები ხელფასს რომ ვერ იღებენ, მაშინვე იფიცებიან და გაჩერდებიან. ენერგობაზარი ჩვენი ფულით იხდის მთელი საქართველოს ენერგეტიკოსთა ხელფასებს. ეს თვეში ორი მილიონი ლარია.

თანაც, ჩვენი გათიშვა ბევრი ფაქტორის გამო არ აწყობთ. ჯერ ერთი, ვერ გაყიდიან ამდენ დენს; თუ გინდა გაყიდონ, ფულს ვერ მიიღებენ. მეორეც, რომ გავჩერდეთ, ლითონი გაცივდება და ვიზარალებთ დღეში 100 ათას ლარამდე.

- ამ დროს ალბათ ხელშეკრულების ის პუნქტი ამოქმედდება, სადაც ურთიერთსანქციებია ჩადებული.

- ირლანდიელებთან რომ გვინდოდა ხელშეკრულების გაფორმება, იქ ერთი იყო, "იმბესილს" ვეძახდით (ფრანგულად დებილს ნიშნავს), იმიტომ რომ ფრანგული იცოდა. ის კაცი ყოველთვის გამირბოდა. იმდენად უზრდელი იყო, ერთხელ ლაპარაკის დროს წამოხტა და გაიქცა. როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის დასალაგებლად ჩამოვიდა და დახეული ფეხსაცმელები აცვია, ჯერ რას იზამს? იშოვის ფულს. ამას კი გააკეთებს მხოლოდ მაშინ, თუ დენს მოიპარავს.

არავითარ შემთხვევაში ხელშეკრულება არ გამიფორმა. ვეუბნები იმ ირლანდიელს - დავუშვათ, ფული წინასწარ გადახდილი მაქვს, სისტემაში ჭარბი დენი არის და შენ მაინც არ მომაწოდე დენი. აგებ პასუხს-მეთქი? არ ვაგებო, მიპასუხა და წავიდა, იმიტომ, რომ იდიოტია.

- თქვენი ქარხნისაგან ბიუჯეტში შენატანები რამდენია?

- თვეში მილიონ ლარამდე. აქედან 300 ათას ლარზე მეტი სოცფონდებში მიემართება. გარდა ამისა, ქარხნის საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, ყოველ თვეში საქართველოში ხდება 3 მილიონი აშშ დოლარის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში.

ჩვენ პირველ რიგში იმ მუშახელის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, რომელიც ქარხნის დოვლათს ქმნის. ავამოქმედეთ მრავალშვილიანი ოჯახების, ვეტერანების, პენსიონერების და ინვალიდების დახმარების პროგრამები. წლეულს დაფუძნებული "ზესტაფონის განვითარების ფონდიდან" ამ მიმართულებით ყოველთვიურად გაიცემა 10 ათასი ლარის ოდენობის თანხა. თანამშრომლები უზრუნველყოფილი გვყავს სპეცტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, უფასო მაღალკალორიული საკვებითა და სპეცრძით, ასევე ყველა ძირითადი და დამხმარე სამუშაო ინვენტარით.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზესტაფონის "ფეროს" პრივატიზაციამ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, იხეირა ბიუჯეტმაც, პერსონალმაც, ზესტაფონმაც და ჭიათურამაც. ამიტომ პრივატიზაციის დროს, გარდა ტრადიციული შეკითხვებისა "რას ვყიდით" და "რამდენად ვყიდით", ძალიან მნიშვნელოვანია მესამე შეკითხვაც: "ვიზე ვყიდით?" სერიოზული ინვესტორის ხელში გადასული ყოფილი სახელმწიფო საწარმოები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო მოღვაწეობას კვლავაც გააგრძელებენ.

ფრიდონ კერვალიშვილი